Posted by: burusi | 28/02/2016

კახაბერ ჯაყელი – გრაფ ფონ დერ შულენბურგების ოჯახის დაბრუნება საქართველოში

გრაფ ფონ დერ შულენბურგის ოჯახის ვიზიტი საქართველოში

 

 კახაბერ ჯაყელი – გრაფ ფონ დერ შულენბურგების ოჯახის დაბრუნება საქართველოში

 

საქართველოს არა მარტო მეგობარი სახელმწიფოები უნდა ყავდეს, არამედ მეგობარი ოჯახებიც. დასავლეთური ფასეულობები დღესაც დიდ პატივს მიაგებს ოჯახებს, მათ შორის, უძველეს არისტოკრატიულ კერებს, რომელთა აზრი, ტრადიციული და მნიშვნელოვანია.

უფლის განგება იყო ის, რომ წილად მხვდა საქართველოში კვლავ დამებრუნებინა, გერმანიის პირველი კონსულის, საქართველოს მეგობრის, გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგის ოჯახი, მისი შთამომავლები და მათში უდიდესი სიყვარული გამეღვივებინა ჩვენი სამშობლოს მიმართ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ლაიბნიცის სახელობის ჰანოვერის უნივერსიტეტში 1995 წელს ყველაზე ცნობილ პროფესორთან გასაუბრებაზე ჩავეწერე. მისი სახელი იყო იოან მათიას გრაფი ფონ დერ შულენბურგი.

პროფესორის ასისტენტმა ქალბატონმა კარინ შრიმმა შეხვედრაზე 2 თვის შემდეგ ჩამწერა, მაგრამ მე მას ვთხოვე რომ დაეჩქარებინა  პროფესორთან ჩემი ვიზიტი, რადგანაც ერთ კვირაში გერმანიას ვტოვებდი.

  • მიბრძანდით სხვა პროფესორთან – მითხრა გაღიმებულმა კარინმა და თქვენ მისი გაოცებული თვალები უნდა გნახათ როდესაც ჩემი პასუხი მოისმინა:
  • ფრაუ შრიმ, გთხოვთ შემიშვათ გრაფთან, მისმა წინაპარმა ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობაში დიდი როლი შეასრულა და დარწმუნებული ვარ, რომ მას გაუხარდება ჩემი დანახვა, ქართველები დავალებულები ვართ შულენბურგებისაგან.

მართლაც, პროფესორის პაპა – გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი პირველი გერმანელი დიპლომატი იყო, რომელიც დაუფარავად მხარს უმაგრებდა ქართულ ინტელიგენციას 1915-1920 წლებში. მრავალი ქართველი მოღვაწე იმ ხანებში წერდა, რომ სწორედ შულენბურგმა ჩაუნერგა ქართველებს ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის იდეა.  შექმენით ეროვნული სახელმწიფო და გერმანია დაგეხმარებათ – დაახლოვებით ასე ჟღერდა გრაფ შულენბურგის დაპირება იმდროინდელ ქართველებს. შემდეგ, როდესაც საქართველო განთავისულფდა რუსეთის იმპერიისაგან, სწორედ შულენბურგმა გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის შემოსევისაგან. თქვენ წარმოიდგინეთ რომ კარინ შრიმთან საუბარში საქართველოს უახლესმა ისტორიამ თითქოს სწრაფი კადრივით გაიარა ჩემს ტვინში.

პუნქტუალური კარინ შრიმი ჩაფიქრდა, შემდეგ თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და პროფესორის კაბინეტში შემიძღვა.

  • თქვენი ნახვა სურს, ამბობს გეორგიიდან ვარო – ჩურჩულით უთხრა გაოცებულმა კარინმა, სავარძელზე მჯდომ, ახალგაზრდა, მაღალ მამაკაცს, რომელიც უმალ წამოდგა და ჩემი მისამართით დაიძრა.
  • გეორგიიდან ბრძანდებით? ტიფლისიდან? – იკითხა მომღიმარმა მათიას გრაფ ფონ დერ შულენბურგმა და ხელი ჩამომართვა, ამის შემდეგ მან თაროებს ახედა და წინაპრის სურათს შეხედა, ეს სწორედ ის ფოტოგრაფია იყო, რომელიც ჩემთვის ნაცნობი გახლდათ, გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი ამ სურათში აივანზე დგას და მკერდს წმინდა თამარის ორდენი უმშვენებს.
  • დიახ, თქვენთან საუბარი მსურდა, დოქტორანტურაში ვაპირებ ჩაბარებას, ეკონომისტი გახლავართ, მაგრამ ამჯერად ისტორიის შესახებ მინდა გკითხოთ, თუ არის თქვენთვის ცნობილი ის ფაქტი, თუ როგორ გადაარჩინა თქვენმა წინაპარმა საქართველო, როდესაც, გერმანული სამხედრო ფორმა ჩააცვა ქართველ გლეხებს და ამგვარად ოსმალური არმია რამოდენიმე დღით შეაჩერა? – ვიკითხე მე.
  • არა, არა, გაიცინა გრაფმა და უფრო ხანგრძლივი საუბრსათვის იმავე საღამოს ოჯახში მიმიპატიჟა. ამგვარად გავიცანი გრაფინია ინეს ფონდერ შულენბურგი და მათი სამი ვაჟი: დანიელი, ფრიდრიხი და გუსტავი.

***

გრაფი მათიას ფონ დერ შულენბურგის წინაპრები – სახელგანთქმული რაინდები სამხედრო მოღვაწეები, დიპლომატები, ფელდმარშლები, ეპისკოპოსები იყვნენ, რაც მთავარია ყველას ჰქონდა თავგადასავლების მიმართ დიდი ლტოლვა და გარისკვის უნარი. მე-17 საუკუნეში ფელდმარშალმა მათიას ფონ შულენბურგმა კუნძულ კორფუდან გარეკა ოსმალთა ჯარი და ხმელთაშუაზღვის განთავისუფლება დაიწყო. ბაბუა ვერნერ ფონ დერ შულენბურგი დიდი ხნის განმავლობაში შუა აზიაში მოგზაურობდა, ომობდა, შემდეგ საქართველოში გერმანიის იმპერიის დიპლომატი იყო. შეჰხაროდა ქართველთა დამოუკიდებლობას. ეხმარებოდა ჩვენს სამშობლოს ჯარისა და ეკონომიკის სტაბილიზაციაში, იგერიებდა ოსმალთა თავდასხმებს საქართველოზე.

როდესაც გერმანელმა დიპლომატმა ოსმალთა არმიის საქართველოზე დაძვრა გაიგო, 200 გერმანული მხედრული უნიფორმა 200 ქართველ გლეხს ჩააცვა და ისინი საქართველოს საზღვარზე განალაგა.

  • ტფუ დაგვასწრეს გერმანელებმა – უთქვამს მაშინ თურქეთის ჯარის სარდალს, როდესაც ჭოგრიტში კაიზერის სამხედრო შტანდარტი და გერმანელთა საკმაოდ დიდი რაზმი დაუნახავს აჭარის მიდამოებში.
  • საქართველო ქართველებს ეკუთვნის – ამ სიტყვებით მიულოცია ვერნერს გამარჯვება ნოე რამიშვილისათვის.

ქართველებმა ბევრჯერ გამოიყენეს დიდი დიპლომატის სიბრძნე და მისი რჩევები. მაგრამ საბოლოოდ როცა საქართველო მე-11 არმიამ დაიპყრო და  სსრკ-ს შემადგენლობაში აღმოჩნდა შულენბურგი მოსკოვში გადმოიყვანეს. 1941 წელს ვერნერ ფონ დერ შულენბურგმა ვერ მოახერხა ჰიტლერისა და მისი მომხრეების შეჩერება. სწორედ მას მოუწია ომის გამოცხადების შესახებ ნაცისტური გერმანიის პაქტის გადაცემა სსრკ-ს წარმომადგნლებისათვის.

როდესაც სისხლისმღვრელი ომი დაიწყო ვერნერ ფონ დერ შულენბურგი ჰიტლერის მოწინააღმდეგეთა შორის აღმოჩნდა. ეს იმ დროს უმაგალითო სიმამაცეს მოითხოვდა. შულენბურგი სხვა გერმანელ გრაფებთან ერთად ჰიტლერზე თავდასხმას გეგმავდა. შეთქმულების მოთავეები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ასე დაიღუპა საქართველოს მეგობარი გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი.

ფაშისტური გერმანიაც დაიმსხრვა.

***

  • როდესაც წითელმა არმიამ ჩვენი საგრაფო სახლი დაიკავა, გრაფების პორტრეტები ხიშტებით იქნა დახვრეტილი, სახლი გადაგვიწვეს, დარჩა მხოლოდ სამონადირეო მეურნეობა, ჩვენს მამულში საავიაციო პოლკი იდგა, აი მათი აბრა – მეუბნება მათიასი 2008 წლის ივლისში, როდესაც შულენბურგთა საგრაფოს გროს-ვისმარს სანადიროდ ვეწვიე.
  • ქართული ოჯახების ისტორია წააგავს თქვენი ოჯახის ბედს – ვპასუხობ მე და დახიშტულ პორტრეტებს ვათვალიერებ.
  • ერთ-ერთი პორტრეტი რომელიც სავარაუდოდ ლუკას კრანახისეულია ჯარისკაცებმა მაგიდაზე გადააფარეს და ზედ სადილობდნენ – ამგვარად გადარჩა ჩვენი მთავარი განძი – ამბობდა დღევანდელი მესაკუთრე ამ მიდამოებისა.
  • ბატონო პროფესორო როგორც შემპირდით საქართვლოში უნდა მეწვიოთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი და ქვეყანა ისევე შეგიყვარდებათ როგორც თქვენს ბაბუას.
  • აუცილებლად ჩამოვალ, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხალხის კულტურითა და სიმამაცით – თქვა მათიასმა და გროს-ვისმარში ნადირობა განახლდა

***

 2010 წელს ჩემი და ჯაყელთა სახლის მოწვევით საქართველოში ჩამობრძანდნენ მათიას და ინეს ფონ დერ შულენბურგები. რა თქმა უნდა მესხეთისკენ გავწიეთ გეზი, სადაც ჩვენ ჯაყელთა სახლის თავკაცი ომარ ჯაყელი და მისი მეუღლე ზოია გველოდნენ. აქვე იყო ართვინელი ჯაყელი – აშკინ ათაბაგი (ათაბეი), რომელიც აჰმედ ოზკან მელაშვილის ნამოწაფარი გახლდათ და ქართველობა სწყუროდა.

ჯერ ვარძიას მივაშურეთ , შულენბურგებს მთელი მსოფლიო აქვთ მოვლილი მაგრამ ვარძიის ხილვამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც დაღამდა ახალციხეს ვეწვიეთ. ბნელოდა, მაგრამ რესტორან იმერეთში, ბატონ ხიდაშელთან, – ამ დროს, შულენბურგების შესახვედრად სანთლებს ანთებდნენ. როდესაც მათიასმა და ინესმა რესტორან იმერეთში შეაბიჯეს – მათ თვალწინ უმშვენიერესი სანახაობა გადაიშალა, უამრავი ანთებული სანთელი და მაშხალა, რომელიც უეცრად მესხურმა მრავალჟამიერმა აამოძრავა სტუმრების შესახვედრად დაიძრნენ.

  • ეს რა ხდება ? რა მშვენიერებაა გავიკვირვეთ ყველამ და ამ დროს ქალაქის ვიცე მერმა ბატონმა ზაზა თამარაშვილმა, ომარ ჯაყელმა და სხვა მესხმა ვაჟკაცებმა შულენბურგების საპატიოდ უძველესი ქართული სიმღერა მუმლი მუხასაო წამოიწყეს.

ახალციხეში გატარებულ ყოველ დღეს დიდი სიხარული მოჰქონდა მათიასისა და ინესისათვის, მესხეთში ქეიფი, თამადა – ომარ ჯაყელი, მესხური სიმღერები და ლექსები, შოთას სამშობლოში გატარებული დღეები დაუვიწყარი დარჩა ჩვენი სტუმებისათვის.

მეორე დღეს მესხეთის მეუფეს რეზიდენციაში ვეწვიეთ, დიდებული მასპინძლობა გაგვიწია მეუფე თევდორემ (ჭუაძე). შემდეგ მოსალოცად საფარის ლავრაში ავედით. საფარელმა ბერებმა განახვნეს კარნი საფარისანი და შეგვიძღვნენ ჯაყელთა უძველეს კერაში. საბა-სარგის ათაბაგის, ბექა ჯაყელისა და სარგის მეორის ფრესკებით მოხიბლულები სტუმრები სარგის ჯაყელის ციხე-კოშკში ავიდნენ, ლასურისძეთა ფრესკებიც ნახეს სამრეკლოს პირველ სართულზე. ქალაქისაკენ დავიძარით. ახალციხიდან წამოსვლის წინ შულენბურგებმა პატივი მიაგეს 19 წლის ვალიკო ჯაყელის საფლავს და ჩვენი სევდა  მთლიანად გაითავისეს.

გრაფ ფონ დერ შულენბურგი

გრაფ ფონ დერ შულენბურგი

***

მეორე დღეს აჭარას ვეწვიეთ ჩემი მანქანით. მახინჯაურში სახლობს დიდებული კაცი,  ცნობილი ქართველი მწერალი, ავტორი რომანებისა „მუჰაჯირი“, „ტრაპიზონის იმპერიის ქართული დიადემა“ – ჯემალ ჯაყელი. მასთან სტუმრობა ძალიან საინტერესო იყო შულენბურგისათვის, რადგან ისიც მწერალია. ქართული წიგნი – და ამ უძველეს ანბანით მომუშავე მწერლის კერაზე ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სტუმრისათვის.

  • ყველაზე ლამაზი ანბანი თქვენ გაქვთ – უნდა ბევრი წეროთ, მე რომ ქართველი ვიყო მხოლოდ ამ ანბანს გამოვიყენებდი – უთხრა შულენბურგმა ბატონ ჯემალს.
  • ქართულად რომ ვწერ იმიტომაც ვარ მხნედ – უპასუხა შვილებით და შვილიშვილებით გარს შემორტყმუმლა მწერალმა სტუმარს.
  • მე-18 საუკუნის გერმანელმა მწერალმა და დრამატურგმა გრიფიუსმა აღწერა ქართველი წმინდანის ქეთევან დედოფლის ცხოვრება, ეს წიგნი გოეთეს გამოჩენამდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანელებისათვის, განსაკუთრებით რწმენის გაღვივევისათვის, მე მამა მღვდელი მყავდა და ის მუდამ ამ წიგნს კითხულობდა – თქვა მათიას გრაფ ფონ დერ შულენბურგმა დამშვიდობებისას და ბატონ ჯემალ ჯაყელს გადაეხვია.

თბილისში დაბრუნებული შულენბურგები, საქართველოს დიდმა პედიატრმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ ყაზბეგში მიიპატიჟა. როდესაც მათიას და ინეს შულენბურგების გაცილების სუფრა გადავიხადეთ, კარი გაიღო და ბატონი ყარამან ფაღავა მეუღლითურთ გვესტუმრა.

  • საჩუქარი მაქვს გრაფისათვის – თქვა ბატონმა ფაღავამ

ფაღავამ საჩუქარს შალითა ჩამოხსნა და ჩვენს თვალიწინ წარმოდგა ქართველი ხელოვანის მიერ გამოჭედილი გრაფი ფონ დერ შულენბურგების სასახელი გერბი – სამხედრო მუზარადი, თავზე მამლის ფეხებით.

  • საოცარი ხალხი ხართ ქართველები – თქვა მათიასმა და ბატონ ფაღავას არჩევა მოითხოვა თამადად იმ დღეს.

***

სუფრა გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროფესორი ყარამან ფაღავა ბრწყინვალე გერმანულით, შესანიშნავ სადღეგრძელოებს ამბობდა. ჩემს სახლში გამართული ამ სუფრის აღწერა შეუძლებელია, როგორც ამბობენ უნდა გენახათ დიდი ყარამან ფაღავა, მსგავსად წინაპრებისა, როგორ მიუძღოდა ქართულ სუფრას. როგორც მახსოვს მისმა ერთმა სადღეგრძელომ განსაკუთრებით მოხიბლა სუფრის წევრები და განსაკუთრებით გრაფის მშვენიერი მეუღლე ინესი:

  • იჰ ვუნშე იჰრე ლებენ ისთ სამლუნგ ფონ ფესტენ თაგენ – ანუ გისურვეთ რომ თქვენი ცხოვრება სადღესასწაულო დღეების კოლექცია იყოსო – ბრძანა სამეგრელოს თავადების შთამომავალმა პროფესორმა.

***

 2016 წელს თებერვალში, მათიასის უმცროსი ვაჟი – გუსტავ ფონ დერ შულენბურგი, საცოლესთან ერთად მეწვია. ოთხი დღის განმავლობაში საქართველო კვლავ მოვიარეთ. როდესაც დავით გარეჯის მთაზე ვიდექით და აზერბაიჯანის მიმართულებით ვიყურებოდით, იქ სადაც 6000 ქართველი ბერი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა მეც და ჩემი სტუმარიც ვგრძნობდით რომ ეს არ იყო უბრალოდ სივრცე, ვგრძნობდით რომ ეს იყო ველი, სადაც ადამიანს, თითო კაცს, თითო ქალს, მათ რწმენას, მათ სიტყვას, მათ აზრს და განსაკუთრებით მათ ქმედებას რეზონანსული მნიშნველობა აქვს საუკუნეთა განმავლობაში.

დავით-გარეჯის მთაზე უნდა შედგე რომ მიხვდე რას კარგავ და რა არ უნდა დაკარგო.

კახაბერ ჯაყელი

28/02/2016

 

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: