Posted by: burusi | 08/01/2016

კახაბერ ჯაყელი “ბაგრატიონთა გადარჩენა – სულა კალმახელის მიერ ლიპარიტ დიდი ბაღვაშის შეპყრობა”

ჯაყელები, საფარა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ბაგრატიონთა გადარჩენა – სულა კალმახელის მიერ ლიპარიტ დიდი ბაღვაშის შეპყრობა

წიგნი 10

(ჯაყელთა 1000 წელი)

08.01.16

დიდი მთავრის ლატავრა ჩორჩანელისა და მისი გმირი მეუღლის მირიან ბაჰლაუნდის შვილთაშვილს, კალმახის ციხე და ქვაბულების დაბლობი ერგო. ციხე კალმახი, პაპის დროს გზაგასაყარზე იყო აღმართული. ასი წლის წინ ამ ადგილს ვაჭართა ქარავანები უფრო დიდი მონდომებით ეტანებოდნენ ვიდრე ეხლა. მეტად ქვიანი იყო არემარე კალმახისა. დიდ სარჩოს ვერ იძლეოდა. განსაკუთრებით სამხედრო ცხენებს ვერ ჰკვებავდა.

სულა “შავი” კალმახელი, ისევე როგორც მისი მამა იოანე „ხაზარი“, ქართველთა სამეფოს კავალერიას სარდლობდა. მამამ მისმა მესხეთის ცხენოსანი ჯარი, ხაზართა კავალერიას მიამსგავსა და უფრო მოქნილი გახადა. ხაზარების მსგავსად გავწრთნილი მესხები, გამოქანებულ ცხენს უბსკრულის პირას გააშეშებდნენ ხოლმე, რაც იმის მაჩვენებელი იყო რომ ამგვარი ცხენოსანი ჯარი, შემოჭრილ მტერს დაქსაქსავდა, დაღლიდა, ტყეებში და ხევებში გაიტყუებდა და საბოლოოდ ჰოროლზე წამოაგებდა.

მაგრამ კალმახის საერისთავო უკვე ვეღარ კვებავდა მეფის ცხენოსნებს.

სელჯუკთა გამოჩენის შემდეგ სულა კალმახელი სწრაფად ჩაწვდა ომის ახალ ხერხს, რომელსაც სირდარიის სანაპიროდან გადმოხვეწილი თურქმენები იყენებდნენ. ისინი მთავარ ცხენოსან ძალას მთებში გადამალავდნენ და შემდგომ უეცრად დაძრავდნენ, მტრისათის, მთავრი დარტყმის მისაყენებლად.

„კავალერიის გამოსაკვებად – ზეგანი, მთებით შემორტყმული ველი მჭირდება“- უჩურჩულა ერთხელ სულა IV  კალმახელმა ოშკის ტაძარში, ჯვარცმის წინ დამხობილ ბაგრატ IV კუროპალატს. ბაგრატმა თანაგრძნობით გადახედა თავის ერთგულ სპასალარს, მხრები აიჩეჩა და პასუხის ნაცვლად ტუჩები გამობუშტა.

სელჯუკთა საბრთხე კარს იყო მომდგარი როდესაც, ლიპარიტ ბაღვაში ტყვეობიდან დაიხსნა ბიზანტიის იმპერატორმა და წითელწვერა ვარანგებთან ერთად საქართველოში გამოისტუმრა. სელჯუკებს ელოდა სულა. მათთან საბრძოლველად ემზადებოდა და ამიტომაც მცირე ამალით დაძრწოდა იგი მესხეთისა და ქართლის მთებში, კლდეკარსაც ხშირად ეწვეოდა, რადგანაც კავალერიის გამოსაკვებად – ნოყიერი ბალახით სავსე ზეგანს ეძებდა.

მანგლისი მიათვალიერ-მათვალიერა კალმახის ბატონმა, თითქოსდა მოეწონა ეს ადგილი, ჯარის დასამალავად. მაგრამ მაინც სხვა, უფრო დიდი მინდორის ძებნაში ქარღის გორაკზე ავიდა და ზევიდან დაუწყო ცქერა კლდეკარის სამფლობელოს მიწებს.

საღამოს ხანს იქვე მიიძინა კალმახელმა. როდესაც გამოიღვიძა მთისაკენ მომავალი უჩვეულო რაზმი შენიშნა. გამთენიისას ნისლი დაბლა იწევს, ამიტომაც რძისფერ საბურველში გახვეულმა გადაწყვიტა სტუმრების ახლოდან შეთვალიერება სულამ და თავისი რაზმით ერთ-ერთ „ღრუბელში“  შევიდა.

როდესაც ის და აბუსერი დაბლა ეშვებოდნენ, ოციოდე კაცი უმაგრებდათ მათ ზურგს. ჩავიდნენ დაბლა და გაოცებული შედგნენ, როდესაც უჩვეულო ენაზე მოლაპარაკე, წითელ წვერიანი, ბუმბერაზები შეამჩნიეს. მაშინვე ამოტრიალდნენ მთის თხემისაკენ. იქვე გადამალულ ცხენებზე შეჯდნენ და ტაოსკენ გაჭედნენ. ბაგრატ მეფეს, ტაოს ნასასახლარში დაედო ბინა. როდესაც მეფეს მოახსენეს კალმახელი გეწვიაო, ბაგრატ კუროპალატი სადილად იჯდა. მაშინვე წამოდგა მეფე, სატრაპეზოდან გამოვიდა და მეხრმლესთან ერთად დარბაზში შევიდა.

–           წითელ წვერა, უცხო მეომები დგანან მანგლისს მეფეო, დიდი ჯარია, ხელთ ნაჯახები უპყრიათ, წელზე გრძელი ხმლები შეურტყამთ, შუბები მანდიკურად გადაუკიდიათ, იცინიან და მღერიან, ისე იქცევიან თითქოს სახლში იყვნენ, გამთენიისას ვნახეთ – თქვა სულა კალმახელმა

–           ლიპარიტ დიდი ბაღვაში გახლავთ! ვარანგთა რაზმი მას ახლავს, ეხლავე უნდა შეტევა. რამდენი კაცის შეკრებას შესძლებთ შენ და აბუსერი? – დაღლილი მზერა მიაპყრო ბაგრატ მეფემ თავის სარდლებს.

–           კალმახის კავალერიას სრულად გამოვიყვან, ხვალვე დავეცეთ. გამთენიისას ბაშს ვიქნები. აბუსერიც მოგვერთვება. ვიქნებით ორი ათასი – მტკიცედ თქვა კალმახის ერისთავმა.

–           დავეცეთ! ბაშს ვიქნები მეც გამთენიისას. სწრაფად იმოქმედეთ ჩემო სარდლებო – ბრძანა ბაგრატ კუროპალატმა და საუბრის დასრულების ნიშნად მარჯვენა ხელი ზე ასწია.

„და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამას-ვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანი-ცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.“

1047 წელს პირველად სასირეთის ჭალას გამოცადეს ქართველთა სიმხნე და სიმტკიცე სკანდინავიელმა მეომრებმა. ინგვარი ჰუბერდი სარდლობდა ვიკინგებს. უჩვეულო სისწრაფით წამოვიდნენ სკანდინავიელი მგლები. შემჭიდროვდნენ და ხმლის ფორმა მიიღეს. ფარები იფარეს და ბაგრატ მეფის ჯარს ზათქით შეეტაკნენ.

ორად გაანგრიეს ბაგრატის ჯარი ინგვარის ვარანგებმა. გატყდნენ ქართველნი და ბაგრატმა ლიხს იქეთ გადასვლა გადაწყვიტა. მაშინ მარტო დარჩა სულა კალმახელი საკუთარ მამულში. კლდეკაროსანთა მიერ გარშემორტყმული.

იმ წელს თოვლმა და სულა კალმახელის დიდმა შრომამ იხსნა ის და მისი ოჯახი განადგურებისაგან. სულამ ცხენოსნები იმერეთში გადამალა, თავად პირადი დაცვის ამარა დარჩა. კალმახის ციხე გაამაგრა და ჩაიკეტა.

***

ვეება ოთხკუთხა ლოდზე შემდგარი ვარანგთა ათასისთავი – ინგვარ (ინგმარ) მოგზაური კლდეს დაბლიდან შეჰყურებდა და იდუმალი მოძრაობებით, მთებისა და მწვერვალების უკვდავი სულის გამოძახებას ცდილობდა. ინგვარს თხისა და ჭაბუკის სისხლით ჰქონდა შემკული შუბლი, თხემი, მკერდი და სასქესო ორგანო. იდგა შიშველი და ტუჩებს ილოკავდა.

მეორე ლოდზე იდგა კალიმაქოსი – ჟღალთმიანი ბუმბერაზი, მასაც სისხლით შეემკო მკლავები, თითები და სასქესო ორგანო. უცხო ბგერებს გამოსცემდნენ სკანდინავიელები. მათი ზმუილი, თითქოსდა შეერწყა კიდევაც ბაკურიანის მთების კლდოვან თხემს, ჩამოშლილ ლოდებს და სპეციალურად მოჭრილ კვადრატული ფორმის სამსხვერპლო ქვებს.

თითქოს სისხლი სდიოდათ ქვებს. მოშავო ფორმის ცხელი სისხლი მოედინებოდა ქვაზე ამოჭრილი უძველესი ღარებით და ჩაედინებოდა ვარანგთა მიერ თხის ტყავისაგან შეკერილ ჩანთაში.

დაბალტანიანი ქართველი ათისთავი, უგრძნობლად იდგა ლოდების გვერდით და მისი გული ძრწოლას მოეცვა. უძველეს სამსხვერპლო ქვაზე, რომელიც უცხოელებმა ბაკურიანის მთებში აღმოაჩინეს ვარანგებმა მათთვის ნაცნობი სიმბოლოები – რუნები იხილეს და გაოცდნენ.

  • რა სწერია ამ ქვაზე ათისთავო? კითხა ინგვარმა კლდეკაროსნების მეთაურს და როდესაც გაიგო რომ იგი ამ წარწერებს არათუ არ იცნობდა არამედ პირველად ხედავდა, მის მიმართ ზიზღით განიმსჭვალა.
  • წმინდა წარწერაა, ქვა წმინდაა – ჩაილაპარაკა კალიმაქოსმა და ათრთოლებულ ათისთავს გაეცალა.

შიშის ზარი დასცეს ვარანგებმა თორის მცხოვრებლებს, როდესაც სამსხვერპლოდ რამოდენიმე ჭაბუკი შეიპყრეს და მყესები გადაუჭრეს რომ არ გაქცეულიყვნენ.

ჩურჩულით ლოცულობდა ათისთავი კლდეკაროსანთა და კანკალებდა. ინგვარი და კალიმაქოსი სიცილით კვდებოდნენ, მათ გარშემო ორმოცი ვარანგი იდგა და სისხლით იპოხებოდა.

  • მოვძებნით სულას და აბუსერს და მივგვრით მათ კეთილ მამას, ლიპარიტ დუკას – საზარელი ხმით გაჰყვიროდა კალიმაქოსი და ტყავის ჩანთიდან სისხლს, ყლუპ-ყლუპით სვამდა.
  • სულას და აბუსერს კლდის სულს შევწირავთ – ამბობდა ინგვარ მოგზაური და ისიც ტყავის ჩანთიდან სისხლის შესმას მიელტვოდა.

ლოდების გარშემო შუბებითა და ნაჯახებით ხელში როკავდნენ წრეში მდგარი ვარანგები და სკანდინავიურ სამსხვერპლო სიმღერას მღეროდნენ.

მართკუთხა, თითქოსდა კაცის მიერ გათლილ ვეება ლოდზე, ძარღვებ გადაჭრილი ოცი წლის ქართველი ჭაბუკი იწვა და სისხლისაგან იცლებოდა. მისი უბედობის შემცნობელი, სოფლები ფეხზე დამდგარიყო თორის ხეობაში, ქალები გაჰკიოდნენ, კაცები დრტვინავდნენ, მაგრამ ვარანგებს ვერ უახლოვდებოდნენ შეშინებულნი.

***

კალმახის ქვაბულებს უახლოვდებოდნენ ვარანგნი. სულა კალმახელის ვაჟი იოანე შემოეგება მათ. ინგვარ ჰუბერდმა ცხენიდან ჩამოსვლა სთხოვა სულას ვაჟს. იოანე არ დაემორჩილა სკანდინავიელს, მაგრამ უეცრად ალყა შემოარტყეს მას გამოცდილმა ვარანგებმა. იოანე ტყვედ იქნა აყვანილი. ვარანგმა ბორკილები დაადო იოანეს, ჩამოჰკიდა ძელს და ამგვარად გაიძღოლა იგი წინ.

გამაგრებულ კალმახის ციხეს შეუთვალა ჰუბერდმა „თქვენი ბატონიშვილი ძელს მყავს დაკიდებული, არცერთი ისარი არ გვტორცნოთ, გამოვიდეს ბატონიშვილის მამა და იმ წამსვე გამოუშვებ მის ვაჟს, მხოლოდ სულა მჭირდება დღეს“.

მზის ჩასვლისას ვეღარ გაუძლეს ქართველთა. ამოქმედდა საჭე კალმახის ციხის კარიბჭისა. კარი გაიღო და თეთრწვერა სულა კალმახელი, უიარაღო გამოვიდა.

იმ წამსვე ჩამოხსნეს იოანე სულას ძე ძელიდან და დაემშვიდობენ მას სკანდინავიელნი.

  • ან კალმახის ციხე უნდა გადმომცე ან ტყვე ხარ ჩემი პატრიციების შთამომავალო – უთხრა ინგვარ ჰუბერდმა სულა კალმახელს.
  • ამ მხარის მფლობელ წინაპრებისაგან მაქვს დარჩენილი ეს ციხე, ისევე როგორც მამის ხმალი, ვერ გავცემ – ყრუდ ჩაილაპარაკა კალმახელმა.
  • გაუგონრად გაწამებ პატრიციების შთამომავალო, ციხესაც დასთმობ და ხმალსაც – მტკიცედ თქვა გოლიათმა ინგვარ ჰუბერდმა და თეთრწვერა ტყვეს მოულოდნელად გაუღიმა.

 

***

  • მე და ჩემს სიძეს ინგვარმა ხორცი აგვაჭრა წმინდა ბერო – კვნესოდა აბუსერი და უკიდურესად დასუსტებელი მიწაზე დამჯდარიყო.

მედიცინაში განსწავლული ეფრემ ბერი, აბუსერის ჭრილობებს ათვალიერებდა, თავს აქნევდა და იქვე კოცონზე მიფიცხებულ სპილენძის ჩაფხუტზე ეჭირა თვალი, სადაც ოსპის შეჭამადს ადუღებდა.

  • ტყვეობაში ნამყოფი თქვენი ჩოხა ძონძებად ქცეულა ერისთავო, გამოიცვალე და ჭრილობა კარგად დამანახე, მალამო მინდა გაცხო – ფუსფუსებდა ეფრემი.
  • პატრონო, მაინც საიდან მოვიდნენ ეს წარმართნი? ვინ მოიწვია ეშმაკეულნი საქართველოში – იკითხა უეცრად ციხისჯვარის მკვიდრმა მწყემსმა ვარამმა, რომელთანაც სტუმრობდნენ ლიპარიტის ტყვეობიდან გამოქცეულნი.
  • სახელი ვარანგი მოდის მგლიდან, „ვარგ“ მაგათ ენაზე მგელს ნიშნავს – ჩაახველა აბუსერ ტბელმა და კოცონში შეაგდო ძონძებად ქცეული თავისი ჩოხა.
  • კარგად კი ომობენ „მგლები“, 979 წელს მაგათი მეშვეობით თავადმა ვლადიმირმა ხელში ჩაიგდო დიდი და სახელგანთქმული ქალაქი კიევი – თქვა ეფრემ ბერმა, შეჭამადი შეამზადა ოასპის და სულა კამლახელს მიაწოდა, რომელმაც იუარა წვნიანი, მაშინ ეფრემმა აბუსერს შესთავაზა წვნიანი მაგრამ აქაც წინააღმდეგობას წააწყდა და თავად შეუდგა საკუთარი ხელით გამზადებული ოსპის შეჭამადს.
  • ზუსტად ოცი წლის წინ, არაბებთან საბრძოლველად, მოიწვია კეისარმა „მგლები“, სიცილიაში გადასხა ისინი. ოტრანტო – ქალაქი ძლიერად დაიცვეს მაგათმა- ჩაიბუტბუტა გათოშილმა აბუსერ ტბელმა და ხარის ტყავში გაეხვია.
  • კარგად მახსოვს, მაშინ ქალაქ ტრაპეზუნტში ვიყავი კაპადოკიელი მეუფის მიერ მიწვეული, როდესაც პირველად მომესმა ნაპირთან ახლოს მცურავი დიდი ნავის მენავეთა სიმღერა, ყური მიუგდე და მომეწონა, ვიკითხე მეთევზეებს ვინ არიან მეთქი ეს უცხოელები და ერთმა მიპასუხა ასე – არც ჩვენ ვიცით მამაო, წითელ წვერათა ენა – გაიხსენა ეფრემ ბერმა.
  • რომელი წელი იყო? – დაინტერესდა გაციებული აბუსერი და კოცონთან უფრო ახლოს მიჩოჩდა.
  • შემოდგომა იყო მახსოვს, კლარჯული ყურძნის კამეჩის ხელა მტევნები მახსოვს ტრაპეზუნტის მისადგომებთან, მაგრამ წელი არ მახსოვს – თავი გაიქნია ეფრემ ბერმა.
  • ჩემს სიძეს ვკითხოთ, მაგას ემახსოვრება, როდის ჩამოვიდნენ ეშმაკეული ვარანგნი საქართველოში სულავ? – პირდაპირ ჰკითხა მხცოვანმა აბუსერ ტბელმა თავის სიძეს სულა კალმახელს და დაიკვნესა, როდესაც ეფრემმა, ოსპის წვენი, ძმარში აურია და დაფნის ფოთლებზე წაცხებულ მალამოსთან ერთად დასახიჩრებულ მხრებზე შეაწება, აჭარის ერისთავს.
  • ლიპარიტის გასამეფებლად 1047 წელს საქართველოში გამოაგზავნა წითელ წვერა მეომრები დიდმა კეისარმა,  – ჩაერია საუბარში სულა V კალმახელი და ისიც კოცონის გარშემო დაფენილი ფიჩხის გროვაზე მიწვა.

სამივენი დადუმდნენ, აბუსერი შიმშილს ებრძოდა, ეფრემ ბერი ძილს, ხოლო სულა კალმახელი სულიერსა და ხორციელ ტკივილს, რომელიც მას გულსა და ღვიძლს, შუბლსა და ყვირამალებს უწვავდა. სულა დუმდა, კალმახის ერისთავთა დინასტიის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, წინაპრის, სულა I მსგავსად, უსიტყვო კაცი იყო. სხვა ნაკლებ მოუბარი კაცნიც უნახავს ეფრემ ბერს, მეგრამ ეს სულ სხვა გახლდათ. ამბობდნენ სულა მე-5 კალმახელი არავის ენდობაო.

 

***

მართლაც ასე იყო. სულა იოანეს ძე, არვის ენდობოდა, არცა მეფესა და არც ეპისკოპოსს, არც ბრძენსა და არც ბერს. როგორც დაუნდობელი მგელი, ისე იცავდა იგი მამისაგან და პაპისაგან დანატოვარ მიწასა და წყალს. მაგრამ ვარანგების მიერ დატყვევებულს, კალმახის ციხის დაკარგვის შიში რომ ჰქონდა, იმიტომაც ურევდა იგი ტვინს ლიპარიტ ბაღვაშს, რომელმაც საბოლოოდ ვარანგებს გადასცა იგი და აბუსერი სატანჯველად.

 

***

კაცის სიცოცხლეს არაფრად სთვლიდნენ ვარანგნი, მათთან შედარებით სელჯუკებიც კი კაცთმოყვარედ მოსჩანდნენ. ამიტომაც, როდესაც ნანადირევი ტახივით, ხელ-ფეხ დაბორკილი და ძელზე გასმული, საკუთარ ბარაკში  წაიღეს იგი და მისი სიმამრი ვარანგებმა, მაშინ კი უხმოდ იტირა კალმახელმა და სიკვდილისათვის გაემზადა.

ჩორჩანელთა ნიშასთან, ქვაბულში შეამწყვდიეს ერისთავები სკანდინავიელებმა. ულმობლად აწამეს, ხანჯლით ხორცი ააჭრეს და საგვარეულო ციხე-სიმაგრეების დათმობა მოთხოვეს.

  • რას მაძლევთ კალმახის სანაცვლოდ? – იკითხა ცხელი შანთით დამწვარმა ერისთავმა.
  • სიცოცხლეს – უპასუხა ვარანგი ჯალათის კლდეკაროსანმა თარჯიმანმა და სულა კამლახელს მიაფურთხა.

ამოიგმინა ერისთავმა, ფეხზე წამოიჭრა და კლდეკაროსანს კისერში წვდა. შემოვარდნენ ვარანგები და მოცელეს კალმახელი. თვალებგახელილი სულა მის თავზე დატრიალებულ ცას ხედავდა და კისერზე ყულფს გრძნობდა.

შემდგომ, როდესაც ორმოში ჩააგდეს, იწვა კალმახელი და უკვირდა რომ კიდევ ცოცხალი იყო. მის გვერდით სიმამრის გვამი რომ ეგდო გრძნობდა, მაგრამ უეცრად ეს გვამი მოულოდნელად გაცოცხლდა და სულად ზემოდან დახედა:

  • ხომ ცოცხალი ხარ კალმახელო? ეკითხებოდა დასისხლიანებული აბუსერი საკუთარი ქალიშვილის მეუღლეს
  • კალმახის ციხე ჯერაც ჩემია – ამოიჩურჩულა სულამ და ორმოს პირთან მოსეირნე ვიკინგს ახედა.
  • ვარანგნი თავად წავიდნენ, დაცვად დაგვინიშნეს, ერთი ბუმბერაზი კაცი, ალბათ საღამოს დაბრუნდებიან. – დაიჩურჩულა აბუსერმა.
  • ეს ვარანგი უნდა მოვკლათ აბუსერო!!! – აღმოხდა დაიმედებულ კალმახელს და ტბელს ხელზე ხელი გაცეცხლებულმა და დაიმედებულმა, ათმაგი ძალით მოუჭირა.
  • როგორ? – გაოცდა აბუსერი და ტკივილისაგან თვალები გაუფართოვდა.
  • ღმერთი დიდია, ამ ეშმაკეულთ დაგვამარცხებინებს აბუსერო – თავის ტკივილისაგან გაბრუებული წამოიწია სულა მაგრამ შემდეგ უეცრად მოწყდა და თხრილის ფსკერზე დაწვა.

***

გაწვიმდა, ორმოში ჩაგდებულთა ტალახში ჩაფლულ სხეულებს სკანდინავიელმა მეომარმა გადმოხედა, გაიცინა და დააფურთხა:

–              „სკალიარო სკალდ“ ანუ სასიკვდილოდ განწირულებო მალე მოკვდითო დასძახა სულასა და აბუსერს ვარანგმა;

–              ტალახში ჩაფლული მოვკვდებით ჩემო სულავ – ჩაუჩურჩულა აბუსერმა და თვალები დახუჭა;

–              „სკალდიკ“- ამოიკვნესა სულა კალმახელმა და საპასუხოდ სკანდინავიელის მიმართულებით გააფურთხა.

ვარანგი იცინოდა, იბერიელის მიერ მიყენებული შეურაცხოფის საპასუხოდ ქამრის გახსნას და შარვლის ჩახდას შეუდგა.

–              რას სჩადის ეს წითელი ეშმაკი – იჩურჩულა აბუსერმა და სახეზე მიკრული ტალახის მოწმენდას შეუდგა.

–              იცის რასაც ჩადის, უნდა რომ ჩვენს თავზე მოშარდოს, ეს ითვლება მტრის დამარცხებად მაგათ ტომში.

–              ლიპარიტ კაცი მეგონე და მძღნერი ყოფილხარ – შეუკურთხა აბუსერმა სკანდინავიელების საქართველოში ჩამომყვანს, მაგრამ ამ დროს ვარანგი ორმოს პირას იდგა და სიცივის მიუხედავად, თავის სარცხვენელს მოსაშარდად აგულიანებდა.

–              შარდი შეეკრა მგონი, მოფსმა უჭირს – „სკალდიკ“ – კიდევ მიაძახა კალმახელმა სკანდინავიელს და კვლავ სასულის დასტვენით, კიდევ ერთხელ სისხლნარევი ნერწყვი გააფურთხა მისკენ დამიზნებით.

–              „ახხხხხს სკალიარო სკალდ…..სკალიარო სკალდ “- გაცოფებული აყვირდა სკანდინავიელი, რომელსაც როგორც ჩანს ყინვისაგან შარდი მართლაც შეუკავდა და საიბრაზისაგან, თუ სხვა რამ ავადობისაგან აცახცახდა.

–              შემოიგლიჯა ყვინჯი წითელმა ეშმაკმა, ვინძლო სულ მთლად გადავრიოთ , მართლა უჭირს რაღაც – ჩაუჩურჩულა აბუსერმა, მაგრამ სულა უკვე ფეხზე იყო წამომდგარი და ვარანგის საწინააღმდეგოდ უჩუმრად დაგორგლილ ტალახის ჭურვს დაკუნთული მარჯვენით ზილავდა და სკანდინავიელს უყვიროდა.

–              „სკალდიკ, შენი ….უჰჰჰჰჰ   მოხკვდი ეშმავ“- ელვასავით სტყორცნა სულა მე-5 კალმახელმა ტალახის ბირთვი ყვერებში ვარანგს, რომელსაც ეტყობა უეცრად ნასროლი ბირთვი მეტად მწარედ მოხვდა, რადგანაც იგი  ტკივილისაგან შებარბაცდა, ორმოს პირას მდგარს, უეცრად ფეხები დაუცურდა და მის ფეხებს შორის მიწა დაიძრა.

–              ვარდება წყეული, სულავ, სულავ, მიდი, მოჰკალ ეგ ეშმაკი – ყვიროდა აბუსერი, მაგრამ ამ დროს, ტალახში ამოსვრილი, ზეწამოჭრილი და კუნთებდაბერილი სულა უკვე მომზადებული ელოდა ორმოში დასრიალებულ ვარანგთან შებმას და იგი ავაზას მოქნილობითა და ხარის ძალით კისერში უნდა სცემოდა სკანდინავიელ გიგანტს, რომელიც გაფართოვებული გუგებით ელოდა მასზე დაბალ იბერიელს. როგორც ყოველ ვარანგს მასაც ალბათ ეგონა, წიხლის ერთი დარტყმით დავაგდებ ამ გამხმარ კაცსო და ამიტომაც სკანდინავიელი შეშინებული არც ჩანდა. როდესაც სრიალ-სრიალით ორმოს ფსკერს მიაღწია ვარანგს სახეზე გაუგონარმა სიმამაცემ გადაჰკრა და იგი უეცრად დამშვიდდა. ასეთთან შებმა რომ რთული გახლდათ, ეს იცოდა სულამაც და აბუსერმაც. სკანდინავიელი ორმოს ბსკერში გასწორდა „სკალდებს“, მუშტით გაუსწორდებიო იფიქრა და მისკენ დაძრულ სულა კალმახელს ვეება მჯიღი გულმკერდში დაატაკა.

ადრე მრავალ ორთაბრძოლაში გამოცდილი იყო სულა, ბაგრატ მე-4 ის ცხენოსანი ჯარის მთავარსარდალი და კალმახის ერისთავი, რომელიც , როგორც ყველა ცხენოსანი, მსუბუქწონიანი გახლდათ და ამიტომაც მისი ვარანგთან შებმა დავითისა და გოლიათის ორთაბრძოლას უნდა დამსგავსებოდა, რომ არა ერთი გარემოება, ორმოში ჩაგდებული აბუსერი, რომელიც ცდილობდა სიძეს მიხმარებოდა, მაგრამ ჭრილობისაგან ფეხზე ვერ დგებოდა და დაჩოქილი ცდილობდა ვარანგთან მიახლოვებას.

მოატრიალა თავი ვარანგმა აბუსერის მიმართ, შემდეგ ერთი ძალუმი წიხლი ამოსცხო მას მუცელში და აბუსერი უმალ მიწაზე მოსცელა, შემდეგ თავსაც გაუჩეჩქვავდა აბუსერს, რომ არა კალმახელი, რომელიც ვარანგს მიეჭრა და მკლავებზე ჩამოეკიდა.

–              „სკალდიკ“, ამოიხვნეშა ვარანგმა და კალმახელი ორმოს კედელს მიანარცხა. სულას მჯიღით ბრძოლა ნაკლებად ეხერხებოდა, მაგრამ მან სწორედ მუშტის მუშტზე გარდაჭდობით შექმნილი „ძალაყინი“ დაატრიალა და ყბებში ამოჰკრა სკანდინავიელ გოლიათს, რომელიც სულას ზევიდან ურტყამდა.

ამ დროს კვლავ წამოიმართა აბუსერი, მოხოხდა ბრძოლის ასპარეზთან და ხელებით ჩააფრინდა, სკანდინავიელის ტერფს, მთლიანად ჩამოეკიდა მის მუხლს და საბოლოოდ, მოყმისათვის სამარცხვინო ილეთიც იხმარა, კბილებით ჩააფრინდა ვარანგის წვივს და ისე მაგრად უკბინა მას რომ ამ უკანასკნელმა სასტიკად იღრიალა, ხოლო გრიგოლ აბუსერმა კაცის სისხლი პირველად გასინჯა.

აღრიალებულ სკანდინავიელს ტუჩებში წიხლი ჩაჰკრა ორმის კედელზე მიყრდნობილმა სულა კალმახელმა და ეს გოლიათი უეცრად დაგორდა, მას მიჰყვნენ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმული ქართველნი.

იწურებოდა 1054 წელი.

***

 

 

***

1055 წელი

თოვლი როდესაც დადნა და ბილიკი გამოჩნდა, ეფრემ ბერი ეწვია ტყვეობიდან განთავისუფლებულ კალმახის ერისთავს და  ეშმაკურად გაუღიმა, კოჭებამდე წვერის მქონე კალმახელს:

  • ამბავი მომაქვს ერისთავო, რომელსაც საწყენიც ახლავს და სასიხარულოც-ბრძანა ეფრემმა, როდესაც ცხელი ღვინო „თაფლუჭი“ მოსვა და გაყინულ მკერდში თბილი სითხე შეიგრძნო.
  • სიკვდილს ველოდი მთელი წელი მამაო, ვერსად გავხიზნე ოჯახი და ამიტომაც დავემსგავსე გამომწყვდეულ ცხოველს, რომელზედაც მონადირე ამახვილებს მზერას მისსას – ამოიოხრა სულამ.
  • ვერ ვხედავ გაუტეხელ სულს ჩორჩანელთა – ჩაილაპარაკა ეფრემ ბერმა და ბუხართა მიმდგარი, ცხელი ღვინით სავსე თასი მოიმარჯვა.
  • კალმახისა და უღელტეხილების გამაგრება სისხლის ფასი დამიჯდა ეფრემ ბატონო, შვიდასი კაციდან ნახევარი სუროვანდისაგან მომიკვდა და ნახევარი კი ზვავში მოჰყვა. მხოლოდ ოცნი გადავრჩით – ცრმელი მოადგა კამლახელს და თავი ჩაქინდრა.
  • ოჯახი ხომ კარგად გყავს ერისთავო? – იკითხა ბერმა
  • უმრწესი ვაჟი ზვავში მოჰყვა, გადავარჩინეთ, მაგრამ ვერ დადგა ფეხზე ჯერ, ქალიშვილს ლატავრას ციება შეეყარა, თანამეცხედრე ჩემი და მე ჯერაც ვართ ჯანსაღნი მამაო – ამოიგმინა კალმახელმა.
  • ამბავს გეტყვი ერთს და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, საწყენიც ახლავს მას და სასიხარულოც, საიდან დავიწყოთ კალმახელო? – ჩაიცინა ბერმა.
  • საწყენიდან მამაო!
  • ქართველთა-სომეხთა-ბერძენთა ჯარი დამარცხდა კაპუტრუს ბრძოლაში. სელჯუკებმა გაგვანადგურეს ერისთავო. მოწყდა უამრავი მოყმე და ვაჟკაცი.
  • სამწუხაროა – თავი ჩაქინდრა კალმახელმა, და ბერს შეხედა, ეხლა რას მეტყვისო?
  • სასიხარულო კი ის გახლავს რომ მტერი შენი ლიპარიტ დიდი ბაღუაში ტყვედ ჩაიგდეს სელჯუკებმა. მათთან ტყვეობა კი იცი რასაც ნიშნავს კალმახელო!
  • სამწუხაროა ესეც მამაო – ჩაილაპარაკა სულა ერისთავმა და ბერს თვალის გუგებში ჩააცქერდა.
  • კალმახის ციხის კარიბჭეზე წითელთმიანი ვარანგი მეომრის მოჭრილი თავი მიგიჭედავთ ერისთავთ-ერისთავო, რაც ქრისტიანისათვის მომაკვინებელი ცოდვა გახლავთ, უბრძანეთ მიწას მიაბარონ უცხოელი – მტკიცედ თქვა ეფრემ ბერმა.
  • ოხხხხ ბერო…რას მთხოვ… – პასუხად ამოიგმინდა სულა კალმახელმა და მგლური მზერით თავიდან ფეხებამდის შეათვალიერა ეფრემ ბერი.

 

 

***

ლიპარიტ ბაღვაში ტყეობიდან განთავისუფლდა და საქართველოსკენ გამოემგზავრა. ბაგრატ კურაპალატის ქართულმა იმპერიამ უსწრაფესი რღვევა დაიწყო. რაც უფრო უახლოვდებოდა საბერძნეთში „გმირად“ შერაცხული ლიპარიტ დიდი ბაღვაში კლდეკარს, მით უფრო მცირდებოდა საბრალო მეფის სამბრძანებლო.

  • ბოლოს ამ კარავსაც აღარ დაგიტოვებს კლდეკარის მხეცი, წადი ბიზანტიაში, დაუჩოქე იმპერატორს და გადაირჩინე თავი – ჩასჩურჩულა მეფეს ყურში მისმა მეუღლემ, ბორენა დედოფალმა.
  • გამომეშვიდობე, შესაძლოა უკანასკნელად ხედავ შენს მეფეს – თქვა ცრემლმორეულმა, გადაფითრებულმა ბაგრატმა და თეთნულდივით თეთრ ბორენა დედოფალს ლოყაზე აკოცა.

***

ლიპარიტ ქართლს შემოდგა და ბაგრატი ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც ბიზანტიის იმპერატორის საპატიო ტყვეობაში ცხოვრობდა. ბაგრატის მცირეწლოვანი შვილი გიორგი მეფედ აკურთხეს და „მზრდელად“ ლიპარიტი დაუნიშნეს, ხოლო „პატრონად“ ბაგრატის და გურანდუხტ. ქვეყანა იღუპებოდა.

რომ არა სულა კალმახელი, ქართველთა გაერთიანებული სამეფო, კლდეკარის საერისთავოდ გადაიქცეოდა და ბაგრატიონებს სულ მალე ბაღვაშები შეცვლიდნენ.

 

***

  • ჯავახეთს, დლივს დგას „კლდეკარის მხეცი“, ციხეშია ჩაკეტილი და ნადიმობს, კლდეკაროსნები 500 კაცი ახლავს, აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ კურთხევისათვის ემზადება, მაგრამ ბიზანტიის იმპერატორის თანხმობას ელის. საიდუმლო კაცსაც ელოდება ალფ-არსლანისაგან. რას ჩხიბავს ვინ იცის. უფლისწული ალასტანს ყავს დატოვებული, იქვე ინგმარის ნაჯახოსნები დაუბანაკებია. თუ მათ გამოიძახებს შემდეგ გასჭირდება საქმე – მოახსენა იოანემ მამას.
  • დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ალასტანი – ჩაიჩურჩულა სულა კალმახელმა და ცას ახედა. ცას ფოლადისფერი გადაკვროდა და ალაგ-ალაგ იისფერი ღრუბლები შავ ფერს იძენდა.
  • ითოვებს მამი – თქვა იოანემ.
  • ითოვებს და მერე როგორ – დაიჩოქა და მიწა ამოჩიჩქნა სულა კალმახელმა, შემდეგ მიწას გემო გაუსინჯა, მიწის კარგა გვარიანი კვიწი რომ ჩაკბიჩა და გადმოაფურთხა, მაშინ კი გაიკვირვა იოანემ და განცვიფრებული თვალებით შეხედა მამას.
  • დღეს მიწა ყინულივით მაგარი და მინასავით მსხვრევადია შვილო, დაიმახსოვრე, სარდალმა მიწას უნდა გაუსინჯოს გემო, სანამ ბრძოლას გადაწყვეტს – შვილს თვალი-თვალში გაუყარა ჩორჩანელ-ბაჰლაუნდთა მემკვიდრემ და გააგრძელა
  • ამ შეტევზე დგას ჩვენი გვარის ბედი ჩემო მემკვიდრევ, ხვალ თუ არ ვიმარჯვეთ, ლიპარიტი ჩვენს გვარს შესჭამს, ისე როგორც ლომი კანჯარს.
  • ვიცი მამი – თქვა იოანემ.
  • გაამზადე „რჩეულიანნი“. დავეცეთ დლივს.

 

 

***

საბერძნეთში თუ სელჯუკთა იმპერიაში „გმირად“ შერაცხულ ლიპარიტ ბაღვაშს, იმ ღამეს,  ვერც „დამეგობრებულმა“ ბიზანტიის კეისარმა და ვერც „ძმადნაფიცმა“ სულთანმა თოღრულ-ბეგმა უშველა.

სულა კალმახელმა მისებრ ერთგულ მესხ აზნაურებთან ერთად მოახერხა დლივის ციხის გოდლების უსწრაფესი აღება.

რადგანაც შეუწყვეტლივ თოვდა, მეციხოვნეები გოდლებზე არც კი იდგნენ. რადგანაც ბაგრატ მეოთხე კუროპალატი ჯერ კიდევ ბიზანტიაში ეგულებოდათ, ტახტის მოცილე არავინ ეგონათ ბაღვაშებს.

ალბათ ამიტომაც, ლიპარიტის ერთგული გოლიათი ვარანგები ალასტანში ღრეობდნენ, მაშინ როცა ბაღვაშთა ბუმბერაზები, რიგ-რიგობით ეცემოდნენ, სულა კალმახელის რჩეულ მოიერეშეთა ხელით.

ბოლოს თავად სულა კალმახელმა ხმლით განგმირა, მის წინააღმდეგ მებრძოლი კლდეკარელი მეომარი- ქველი უტიელი, რომელიც ჯერ კიდევ ოქროს ბარძიმით ხელში მპყრობელ,  ღვინით გადამთვრალ, განცვიფრებულ ბაღვაშს მკერდით იცავდა.

  • რომელი ხარ რომ ჰბედავ ლიპარიტ ბაღვაშთან შებრძოლებას – შეჰყვირა საქართველოს უგვირგვინო მეფემ ამ დროს და თავადაც გააშიშვლა ხმალი.
  • სულა ვარ კალმახის ერისთავი ბაღვაშო, არ გირჩევ ჩემთან შებრძოლებას – ბრძანა კალმახელმა და წინ გამოსული კლდეკარის ერისთავი შეათვალიერა.
  • შემებრძოლე თავხედო, გაბედე, დამკარ ხმალი – საასპაერზოდ გამოსულ რაინდს ჰგავდა გაოგნებული ლიპარიტი.

სულამ წინ გადადგა ფეხი, თავისი მოკლე ხმალი გაჰკრა ლიპარიტის ორლესულ მახვილს და როდესაც ბაღვაშმა მას უმძლავრესად მოუქნია თავისი სახელგანთქმული იარაღი, სულას ნიშანზე მესხებმა დიდ და სახელგანთქმულ ერისთავს, ლოქოს დასაჭერად განკუთვნილი, სამფა ბადე გადააფარეს.

  • ამას ვინ ჰბედავს, ტყვეობა?….ცოცხლად გინდათ ჩამიგდოთ ხელთ? კი მაგრამ ვისთვის? თუ მოკვლა გინდათ მომკალით….მაგრამ შემებრძოლეთ, მომერიეთ…ჯერ დამიმტკიცეთ რომ გამარჯვების ღირსები ხართ – ყვიროდა ლიპარიტ დიდი, რომელსაც მესხი აზნაურები ბადეში ხლართავდნენ და ხელიდან ვეება მახვილის წართმევას უპირებდნენ.
  • დატყვევებული ხართ კლდეკარის ერისთავო ლიპარიტ. დამთავრდა ბაღვაშთა მოდგმის ბოგინი. დღესვე მიგგვრით მეფესთან და იმან გადაწყვიტოს შენი ბედი – მკაცრად თქვა სულა კალმახელმა და მესხებს უბრძანა გაცოფებული კლდეკარელის დარბაზიდან გატანა.
  • შემებრძოლეთ…შემ…- ყვიროდა გაუგონარი დამარცხებისაგან განცვიფრებული ლიპარიტ დიდი ბაღვაში, რომელსაც იქვე მდგარ ჯორზე აკრავდნენ, რადგანაც მესხებს ელვისებური სამხედრო ქმედების შემდეგ უსწრაფესი უკან დახევა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

 

 

***

 

  • გავიმარჯვეთ ჩემო დედოფალო, სულა კალმახელმა მბრწყინვალე სამხედრო ჩანაფიქრი ზუსტად განახორციელა, თავს დაეცა დლივში მყოფ ლიპარიტსა და მის ვაჟს ივანეს. ორივე შეიპყრო და კალმახში ჩაიკეტა – სიხარულს ვერ ფარავდა, ბიზანტიიდან ფარულად დაბრუნებული ბაგრატ მეოთხე ბაგრატიონი და თეთნულდივით თეთრსა და მომხიბლავ ბორენას შუბლზე კოცნიდა.
  • ლიპარიტის მესამე ვაჟი რა იქნა – იკითხა, ოვსთა მეფის ტანმაღალმა ასულმა.
  • მესამე ვაჟი ნიანია ბაღვაში კლდეკარს გაიქცეულა, მაგრამ იქაც არ არ შეუშვიათ მესხებს და ეხლა ანისის მიმართულებით მირბოდეს იქნება.
  • გილოცავ გამარჯვებას გვირგვინ-კურთხეულო ჩემო მეუღლევ, დიდება ბაგრატიონებს! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბორენა ოვსი და ბაგრატ მეფეს თმის დალალებს უკოცნიდა.
  • ეხლა უნდა ვიჩქაროთ, ჯავახეთს მივიდეთ და ლიპარიტი გავასამართლოთ – ბრძანა მეფემ.

უმალ შეიკრიბა ბაგრატიონთა სახლი. ტაძრეული, პატრიარქითურთ ჯავახეთს დაიძრა.

 

***

 

1057 წელს სულა კალმახელმა ბორკილგაყრილი ლიპარიტი და მისი უფროსი ვაჟი ივანე ახალქალაქის ციხე-დარბაზში დაბრძანებულ მეფე ბაგრატს წინ დაუგდო.  ტყვე ლიპარიტმა ტახტთან მიფორთხება შესძლო და ბაგრატს წითელი წუღები დაუკოცნა.

დარბაზის ერი კიდევ ერთხელ განცვიფრდა, როდესაც სულა კალმახელმა განაცხადა:

  • ქართველთა მეფეო გადმოგცემ ლიპარიტისაგან ჩამორთმეულ კლიტეებს არტანუჯისა, ყველის-ციხისა, უფლისციხისა და ბირთვისისა.

მეფის ფერხთით, ქვეყნის მთავარი ციხეების კლიტეთა შემყურე ბაგრატ IV ბაგრატიონი ტახტიდან წამოდგა, სულა კალმახელთან მივიდა და მოწიწებით მდგარ ერისთავ-ერისთავს გადაეხვია.

ბორენა დედოფალი და მისი სეფე ქალები ატირდნენ. დარბაზის ერმა მეფისა და სულა კალმახელის წინაშე დაიჩოქა. სამეფო მომღერლებმა მრავალჟამიერი დააგუგუნეს. საქართველო კვლავაც აღსდგა.

***

მადლიერმა მეფემ უხვად დააჯილდოვა სულა კალმახელ-ჩორჩანელ-ბაჰლაუნდი.

„უბოძა სულას მამულობით ციხისჯუარი და ოძრხე ბოდო-კლდითა და სხუაცა მრავალი საქონელი და სამღვდელთ-მოძღურონი, და რაიცა უნდოდა.“

ყველა ამ საჩუქართაგან სულამ ციხისჯვარი გამოარჩია. გამოცდილი სარდალი ხვდებოდა, რომ მომავლის ომებში, მაღალ მთაზე არსებული დიდი საძოვრები, მრავალრიცხოვანი ცხენოსანი ჯარის შენახვის საფუძველი იყო.  ბაკურიანისა და ციხისჯვარის ველები – ხუთიათასი ცხენის მთაში გადამალვასა და გამოკვებას უდრიდა. მოდიოდა ის ეპოქა, როდესაც ერთი ცხენოსანი ბრძოლის ველზე ათ ქვეითს უტოლდებოდა. შესაბამისად ხუთიათასი ცხენოსნის საშუალებით, სულა მომავალში ორმოცდაათიათასი ფეხოსნის განადგურებას შესძლებდა. სულას გამჭრიახობით მისი შვილთაშვილებიც ისარგებლებდნენ და ისარგებლეს კიდევაც. ისტორია გვაუწყებს რომ ამ მოვლენებიდან ორასი წლის შემდეგ შემოსეულ მონღოლებს აუღებელი დარჩათ მხოლოდ ციხისჯვარი, საიდანაც მათ სულას პირდაპირი შთამომავალი სამცხის მთავარი – სარგის ჯაყელი ებრძოდა.

ამიერიდან ლიპარიტ დიდი ბაღვაშის დამტყვევებელი – სულა კალმახელი – უკვე ციხისჯვარელია. ასევე იწოდებოდნენ ციხისჯვარელებად მისი შვილები, მანამ სანამ სულას შვილთაშვილს, დიდ მეომარსა და სარდალს ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს, წმინდა თამარ მეფემ პირადად არ უბოძა ჯაყის ციხე, რომლის ფლობითაც, სულა კალმახელის ნაშიერი ივანე-ყვარყვარე ჯაყელი-ციხისჯვარელი გახდა.

 

 

 

 

 

 


Responses

  1. ძალიან კარგი იყო


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: