Posted by: burusi | 04/01/2016

კახაბერ ჯაყელი “გასაუბრება ილიასთან”

კახაბერ ჯაყელი

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

გასაუბრება ილიასთან

კახაბერ ჯაყელი

04.01.16

ოცდამეერთე საუკუნის მეთექვსმეტე წლის დასაწყისს, იანვრის ოთხში, რამოდენიმე ოჯახში მომიწია საუბარი წმინდა ილია მართლის შესახებ. არა მარტო ილიას, არამედ იოანე მოსხსაც გადავწვდით – ცივი ქარი იყო, ვიდექით ერთ გრძელ, ღია აივანზე. ჩვენს შეკრებას პანაშვიდი ერქვა. ღირსეული ქალბატონი გარდაცვლილიყო. ჭირისუფალს ვესაუბრებოდით. ამ დროს, როგორც იციან, ღირსეულმა კაცმა თავის სახლში შეგვიპატიჟა – „ბევრი სასაუბრო გვაქვსო“ ბრძანა და დაკიდებულ ფერდობზე ავიჭერით.

  • სვანი ვაჟკაცი, თბილისშიც მთის ფერდობზე დასახლებულხარ – უთხარი მე ჩვენს მასპინძელს.
  • სვანი არ ვარ, ლეჩხუმელი ვარ ბატონო, ყველაფერი ღვთის ნებაა – თქვა სვანური ქუდით თავშემკობილმა კაცმა და მის მარანში შეგვიძღვა.

მარანში ქუდის მოხდა უნდა რომ შედიხარ. წმინდა ადგილია. დაუმთავრებელი იყო ეს მარანი, მაგრამ სიწმინდე ეტყობოდა. თასით საფერავი შევსვით, დავილოცეთ და შიდა კიბით ოჯახში აღმოვჩნდით.

  • კოშკ-მარანს წააგავს შენი მარანი – ვუთხარი მასპინძელს.

გამოიტანეს პური, მწნილი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ღვინო. შობის მარხვა იყო ჯერაც. ბუხარი ააგიზგიზეს. მრგვალი მაგიდის ირგვლივ განვთავსდით. წიგნებს მოვავლე თვალი. კედელზე რომ რამოდენიმე წიგნის თარო იყო, იქედან ქართული წიგნების ძველი, დაგლეჯილი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად აღმართული სხეულები იმზირებოდნენ.

  • ძველი წიგნები ბევრი მაქვს, ვერ განვაახლე, მაგრამ რაც მაქვს ხშირად ვკითხულობ – თქვა მასპინძელმა.
  • წიგნები ძვირი ღირს, რას განაახლებ – ბრძანა ჩვენს შორის ერთ-ერთმა.
  • ეს ვერ გამიგია კაცო, ამ ქვეყანაში სადაც წიგნის ფასი არ იციან, წიგნი ოცდათექვსმეტი ლარი რატომ უნდა ღირდეს – იკითხა მასპინძელმა და თეთრი ღვინო „სტალინის ჭიქებში“ ჩამოასხა.
  • აი რომ არ იციან ფასი, სწორედ მაგიტომ უნდა ღირდეს ძვირი – ჩაილაპარაკა სტუმართა შორის ყველაზე წიგნიერმა.

სუფრა შედგა. მასპინძელი აბხაზეთში ნაომარი კაცი იყო, ძმა ყავდა დაკარგული იმ ბრძოლებში, რომელსაც სამოქალაქო ომს ვუწოდებთ და ჯერაც ვერ განგვისაზღვრია ვინ და რატომ მოგვახვია თავს ეს ომი. ბოლოს პარტიზნად ომობდა თურმე ეს კაცი. საბოლოოდ გადმოსვლა მოუწია. თბილისში მთიან ფერდობზე, ციხესიმაგრის მსგავსი სახლი ააგო და დასახლდა.

  • ბევრი ცუდი მინახავს და ცოტა კარგი – ბრძანა მან საბოლოოდ.

წამოვედით.

 

***

ხანდახან ვესაუბრები ხოლმე ილიას. ამ ღამეს კი არ დამეძინა. საუბარი გაგრძელდა. ეს რა თქმა უნდა წარმოსახვითი შეხვედრა და კითხვა-პასუხის გაცვლაა. ეხლა არ გამაკრიტიკოთ – „ილიასთან საუბარს როგორ ბედავო?“. ჩემის აზრით, ილიასთან საუბარს არც სახელმწიფოსაგან და არც მწერალთა კავშირიდან უნდა რაიმე ლიცენზია. ადამიანი სულდგმულებს იმით რომ მისთვის საინტერესო ადამიანთან საუბრობს.

 

***

  • თავადო შემოგბედავთ და გეტყვით, რომ თქვენი ნაწარმოები „ქართულად ღვინის დაყენება“ 1877 წელს გამოცემული, მართლაც განჭვრეტა იყო არა მარტო ქართული ღვინის მომავლისა არამედ, იმ დარგებისა, რომელიც თქვენს დროს შესაძლოა ცნობილი არც იყვნენ – ვამბობ მე.
  • ეგ რა დარგებია ყმაწვილო?  – მეკითხება დიდი ილია.
  • პირველი ეს გახლავთ ორგანული სოფლის მეურნეობა, მეორე – ეკოლოგია, მესამე ნიშა-მარკეტინგი, ანუ ნიშური ბაზრობა, მეოთხე კი ქვეყნის მარკეტინგი (country marketing), რომელიც გვავალდებულებს დიფერენცირებულად წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე, რათა დავაინტერესოთ დასავლური ცივილიზაცია, ეგრეთ წოდებული ატლანტები და გადავრჩეთ რუსეთის ბოლო შემოტევებისაგან.
  • ჩემს „ქართულად ღვინის დაყენებაში“, მე კვლავაც რუსეთის ბაზრისაკენ ვიწევდი, ალბათ გემახსოვრებათ, მაგრამ ადამიანია და დრო. დროა მთავარი, რაც ჟამს სურს ის უნდა აკეთოს ერმა. მოდააო იტყვიან, ამ სიტყვას ვერც ვიტან და ვერც დამივიწყებია. მოდაა ჩვენში ზოგი რამ, მაგრამ რა გაეწყობა.
  • ჰოდა მეც მანდ ვარ. მეცნიერებმა ეხლა-ხანს აღმოაჩინეს რომ დრო საერთოდ არ არსებობს როგორც მყარი სიდიდე. იგი სხვადასხვა მოვლენის ურთიერთმოქმედებაში გვეხმარება მხოლოდ, თორემ სადაა დრო? – ვიკითხე მე.
  • მართალი ხარ ყმაწვილო. მე თავადაც მუდამ ვეჭვობდი, რომ დრო ადამიანის მიერ გამოგონილი სიდიდე იყო. მთავარი გახლდათ ცვეთა. გაცვთა ადამიანი და დროს დააბრალა. თორემ ყველაფერი მისი გონებიდან მოდის. მისი გონება გაცვთა. მას დაავიწყდა რომ აზროვნება მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. ადამიანი აზროვნებს და განაგებს საკუთარ ბედს, როდესაც აზროვნების მანქანა ცვთება, ადამიანიც იწყებს დაბერებას და საბოლოოდ გვრჩება ცვეთა.
  • თქვენ შეებრძოლეთ ერის აზროვნების ცვეთას დიდო მგოსანო – ხელოვნურად გამომივიდა, შესაძლოა ამგვარად ამ კითხვის დასმა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი იყო ჩემი აღფრთოვანების გამოხატვა თავად ილია ჭავჭავაძის მიმართ, სიტყვა მგოსანიც ხელოვნურად ჟღერდა ვფიქრობ, მაგრამ სხვანაირად კითხვის დაწყობა მე ვერ შევძელი.
  • ქართველი ერი, ჰმ, … – მგოსანი ცოტა ხანს დუმდა, ალბათ თავისთვის რაღაცას ფიქრობდა – ქართველი ერი, აზროვნებდა კი ის როდესმე? ძნელი სათქმელია – ჩაიბუბუნა მან.
  • ერის აღმავლობა აზროვნების გარეშე შეუძლებელია – არ მოვეშვი მეც.
  • შესაძლოა ეს ადგილმდებარეობის ბრალია, შესაძლოა კიდევ სხვა რამის მაგრამ, ქართველ ერს, უხსოვარი დროიდან ახასიათებდა ჩაძინებისაკენ ლტოლვა. ძილისკენ ორი მიზეზით მიილტვი. თუ შრომაში დაღლილხარ, დიახ უნდა დაგეძინოს ტკბილი ძილით, რომ დილაადრიან ფეხზე წამოიჭრა და მზის პირველ სხივებს შეეგებო. მაგრამ თუ არც გიშრომია, მაშინ რა გაძინებს? რა გაძინებს და ის რომ არაფერი გაქვს სათქმელი, ამიტომაც სირცხვილი გექაჩება სასთუმალისაკენ – თავად უპასუხა თავადმა ილიამ საკუთარ კითხვას.
  • მართლა ამგვარად ფიქრობთ დიდო მგოსანო? ნუთუ სათქმელი არ ქონდათ ჩვენს წინაპრებს – ვიკითხე მე.
  • აზროვნებას, სილოგიზმს, ლოღიკას ასწავლიდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ბრძანებით, მაგრამ შემდეგ, ეს მონღოლთა შემოსევასაც უნდა დავაბრალოთ, აკადემია ჩვენში გარდაიცვალა. სწორედ ამიტომაცაა, რომ იმ საუკუნეების ამბებში, აღარ იგრძნობა საზოგადოებრივი მშენებლობა. არ არის კაცი განათლებული, ლოღიკით განსწავლული, ფილოსოფიით აღჭურვილი და რწმენით გამტკიცებული – ბრძანა ილიამ.
  • ისე ეგ მაინტერესებდა მუდამ დიდო თავადო – ალბათ მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნეებში მოიშალა ჩვენში აკადემია, მაგრამ წმინდა წერილით განთლება ხომ დარჩა.
  • არის ჭეშმარიტება რასაც მხოლოდ სულით ჩაწვდები და არის საგანი რომელსაც მხოლოდ გონებით თუ შევიგნებთ, აბა რად მოგვეცა გონება, თუ ყოველივეს ჩაწვდომა სულითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მონღოლთა შემოსევამ, მოსპო განათლება, გაუნათლებლობამ ვეღარ აღზარდა სახელმწიფო კაცი, სახელმწიფო მოხელემ უცოდინრობის გამო ვერ შექმნა სახელმწიფო მანქანა. რომ იტყვიან ერის აზროვნება გაიცვითა.
  • ეხლა რა მდგომარეობაა საქართველოში დიდო თავადო? – შევბედე მას დიდი მოწიწებით.
  • დიდ ცოდვას: სიამაყესა და ამპარტავნებას ყავხართ ყველანი შეპყრობილი. შესაძლოა იმას რაც თქვენ გჭირთ კოლექტიური ნარცისიზმი ეწოდოს. პირფერობა და პირში ქება ცამდე აგიყვანიათ. თუ კაცის დაგდება გსურთ მაშინ მას პირში აქებთ და ზურგში აგინებთ, ხოლო თუ კაცის აღზევება გადაგიწყვეტიათ მაშინ მის უნარებს კი არ განიხილავთ, არამედ მასზე ლეგენდების შეთხზვითა და მათი გავრცელებით ხართ დაკავებული. საბოლოო ჯამში იმასაც აზარალებთ. საერთოდ მუცლით-მეზღაპრეებს ყავხართ ხელთ ჩაგდებული. არა ახალზე, არამედ გაცვეთილ ზღაპრებზე ეგებით. აზროვნება დავიწყებას მისცემია თქვენში. ერთად რომ შეიკრიბებით დიდი ხნის უნახავნი, ერთმანეთის წუნის აღმოჩენით ხართ დაკავებულნი. ამიტომაც გეშინიათ ერთად შეკრების. დაგვიწყებიათ ის, რომ ადამის ძეს სხვანაირად, სხვამხრივ უნდა მზერა. აი ეხლა რასაც გასწავლით, ამ სიტყვას თუ არ დაივიწყებთ და შეითვისებთ აუცილებლად გადარჩებით და გაძლიერდებით.
  • მასწავლეთ დიდო მგოსანო- ვთქვი მე.
  • ადამი თავად ღვთის სასწაული იყო, ხოლო მისი ძეები და ასულები, ჩვენ ადამიანები, უფლის სასწაულის მთავარი ნაწილი გახლავართ. სწორედ ამას მოგვითხრობს წმინდა წერილი. არა მარტო ბიბლია და სახარება, არამედ ყველა დიდი რელიგია იმასვე ეუბნება კაცს, რომ სწორედ სასწაული თავად შენ ხარო. ამიტომაც ადამიანის ყველაზე დიდი იარაღი არის სიკეთე. მაგრამ როგორ სიკეთეზე მაქვს ეხლა საუბარი? „გონით საწვდომი საგნების წვდომაც მხოლოდ სიკეთის მეშვეობით თუ შეიძლება“ – ამბობს პლატონი. ესეიგი მე ვსაუბრობ საქმეთა სფეროსათვის საჭირო სიკეთეზე. სულიერებას რომ სიკეთე უნდა, ეს თავად იცით, მაგრამ გონიერებას რომ მხოლოდ სიკეთე სჭირდება ეს კი დაგვიწყნიათ. ამიტომაც ტაძრიდან გამოსულები ხშირად მგლურად უყურებთ ერთმანეთს. გონებრივი, მატერიალისტური სფერო რომ სიკეთეზე დგას ეს მინდა შეგახსენოთ.

მაგრამ შეხსენება მხოლოდ არაფერს გარგებთ, თუ სიკეთის მეთოდოლოგია არ დავამკვიდრეთ.

  • სიკეთეს მეთოდოლოგიაც აქვს? რაშია მეთოდოლოგია სიკეთისა? – გავოცდი მე
  • სიკეთის მეთოდოლოგია არც მარტივია და არც რთული, მონდომებაა საჭირო. სიკეთის საწყისი იარაღი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მზერაშია ჩასაიდუმლებული – ბრძანა დიდმა ილიამ.
  • მზერაში, ანუ ხედვაში, დაკვირვებაში, ყურებაში, თვალიერებაში? – ვიკითხე მე.
  • თვალი თავად საიდუმლოა, მხედველობითი ნება უძლიერესი ნებაა – ეს იცით, თუ არ იცით ნებისმიერ ოკულისტს კითხეთ და გაიგებთ, მაგრამ მე მზერაზე გესაუბრებით, ანუ იმის უნარზე როგორ უნდა უცქიროთ ადამიანს.
  • დიახ გისმენთ.
  • ადამიანს, იმ განწყობით და მოლოდინით უნდა შეხედოთ, რომ ის უფლის სასწაულია. უნდა შეხედოთ მას ფართოდ გახელილი თვალებით, აღფრთოვანებით. უნდა გამოიმუშავოთ პორტრეტული მზერის კანონი, რომელიც ითვალისწინებს პირველ რიგში სიდარბაისლეს. უნდა დააკვიდრეთ ადამიანის შუბლს, მის თავს, არ ჩააშტერდეთ მაინცდამაინც თვალებში, არამედ შეხედოთ მის თავს მთლიანობაში და უფალს გულში გადაუხადოთ მადლობა რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნად მოავლინა.
  • ამით რას მივაღწევთ თავადო?
  • ამით მიაღწევთ ადამიანის მიმართ სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას. გაანთავისუფლებთ საკუთარ თავს ქვემხედვარობისაგან. ადამიანს როდესაც ქვემხედველობით, ანუ წუნის აღმოჩენის სურვილით უმზერენ, ის ამას გრძნობს და განიცდის. არა მარტო განიცდის, არამედ საწინააღმდეგო აქციისათვის ემზადება და „ფარული შეტევის“, მოგერიებას იწყებს, შემდეგ კი შესაძლოა „ფარულ შეტევაზე“ გადადის. ნუ გგონიათ ადამიანი გულუბრყვილო. ყოველი ძე და ასული კაცისა გარკვეულ წილად გულთმისანია. მას ახარებს მის მიმართ თქვენი ფარული სიკეთე და აბოროტებს მის მიმართ თქვენი ქვემხედვარობა. ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემა სწორედ ეს ქვემხედვარობაა – ამიტომაც ვერ მივდივართ წინ, რადგანაც სიკეთეს ვკლავთ ჩვენში და სხვაშიც.
  • დამაფიქრებელი და გულთან მისატანი სიტყვებია, კი მაგრამ შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ?
  • შევხედოთ ყველაზე პატარა, თქვენთვის თუნდაც უმნიშვნელო ადამიანს სიყვარულით, ვუმზიროთ მის თავს ეგრეთწოდებული „პორტრეტული მზერით“ და აღმოვაჩინოთ ადამიანის სიკეთეები. ერთ სიკეთეს როგორ ვერ აღმოვაჩენთ ადამის ძეში? ვისწავლოთ სიკეთეების ფარულად აღმოჩენა და მისი საიდუმლოდ შენახვა. ასეთ დროს ჩვენი თვალები კეთილშობილი შუქით აივსება. ეს კეთილშობილი შუქი, კეთილშობილი ენერგიის ნაყოფია. როდესაც ადამიანის სიკეთეს აღმოვაჩენთ ჩვენ ამ ენერგიით ვივსებით. ჩვენთან მოსაუბრე, თუნდაც ბოროტი კაციც რომ იყოს, ამ ენერგიის გავლენით უმჯობესდება. მისი სული გრძნობს იმას რომ მას კურნავენ. ადამიანის მკურნალი თავად ადამიანია. რამდენნი ვართ დღეს ქართველნი?
  • ოთხ მილიონამდე ვართ ვგონებ დიდო მგოსანო – ვპასუხობ მე.
  • როდესაც მსოფლიო ორასი მილიონი იყო, მაშინ ჩვენ ქართველნი 12 მილიონი გახლდით, მაგრამ იმის იქით კი არ გავმრავლდით არამედ შევმცირდით. ეს ძირითადათ ჩვენი ქვემხედვარობით მოგვივიდა. ქვემხედვარობა ბოროტების საწყისი გზაა. ქართველნი ეხლა ოცდაათ მილიონს უნდა ვაჭარბებდეთ, მაგრამ ერს სიკეთე ამრავლებს და არა ბოროტება. დღეისამას კი გირჩევთ უცქირეთ ერთმანეთს იმგვარად, როგორც მე გასწავლეთ. ბოროტება ხშირად თავდაცვითია, ხანდახან კი შემტევი. წარმოიდგინეთ ბოროტება, რომელიც ანგრევს ჩვენს საქართველოს, თუნდაც ორმოცდაათი პროცენტით რომ შემცირდეს, რა მოხდება მაშინ?
  • წარმომიდგენია, ქართველი ხალხი ერთმანეთის სიკეთეებით აღფრთოვანებული, მაგრამ თავდაჭერილი, უთქმელად განმახორციელებელი ერთობლივი საქმეებისა, მართლაც დიდი გამარჯვების მომპოვებელი.
  • დიახ, მართლაც, თანაც გახსოვდეთ, თქვენს 21 საუკუნეში, უკვე შეიძლება მშვიდობიანი პაექრობა ერთა შორის და ამ პაექრობაში გამარჯვებაც ხელეწიფება იმ ერს, რომელიც – ადამიანს, ღმერთის მიერ შექმნილ მთავარ სასწაულს, მართლა დააფასებს – ბრძანა ილიამ

 

***

ამ აზრებში მყოფს შემომათენდა.

 

კახაბერ ჯაყელი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: