Posted by: burusi | 28/12/2015

გალაკტიონ ტაბიძე “ახალ წლის ღამეს”

გალაკტიონ ტაბიძე - Galaktion Tabidze

გალაკტიონ ტაბიძე – Galaktion Tabidze

ახალ წლის ღამეს

ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა…
იუნონავ,შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა.
დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი,
და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.

გეძახოდა ჩემი სული,გეძახოდა ჩემი ვნება…
მე მომწყურდა ახალი წლის შენთან ერთად მიგებება,
ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე ,და ავანთე ჩემი ბინა,
და მომწყინდა მარტოობა ,და უშენოდ მომეწყინა.

კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა,როგორც გველი.
სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი,
ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს,
და ვეძებდი განახლებას,და ვეძებდი აღდგომის კვალს.

ხომლი მოკვდა,დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი,
ცის ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი,
შენ არ სჩანდი…დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი,
და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.

დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს,
ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს…
დიდი ხნიდან ბედს მივენდე ,და იმისი მსხვერპლი ვხდები,
და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.

მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე,
ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე.
სახსნელი გზა კი არსად სჩანს,და ამაოდ ველი მშველელს…
და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.

/1912 დეკემბერი/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: