Posted by: burusi | 28/12/2015

გალაკტიონი “ახალ წელს ვხვდები”

გალაკტიონ ტაბიძე - Galaktion Tabidze

გალაკტიონ ტაბიძე – Galaktion Tabidze

,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…


რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..


მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…


სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…


დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.


აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.

ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.


ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს”…

გალაკტიონის დღიურიდან:

1932 წელი. 31 დეკემბერი


Responses

  1. ღირს კი რამეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?…..

  2. ამ ჩანაწერის სრული ვარიანტი ასეთია:

    1932 წლის უკანასკნელი დღეა. საათი დავაყენე სწორედ თორმეტზე, და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ოთახი შეძლებისადაგვარად დავასუფთავე. ოთახშიაც და აივანზეც ანთია ელექტრონები. მე მინდა მხიარულად შევხვდე ახალ წელს. არ მინდა მახსოვდეს უკანასკნელი დღეების კოშმარები (საღამო რომ გადაიდო ქართულ კლუბში, ვინაიდან არავინ არ დამეხმარა. შემდეგ მწერალთა პლენუმზე რომ გამოვედი სასტიკად გაბოროტებული, ყველა მწერლები რომ დავიმდურე, საშინელი კრიზისი რომ იყო და ხელი არავინ გამომიწოდა, რომ ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი, რომ „არც ერთი პიასტრი“ არ გამაჩნია, რომ ყველა მისაყვედურებს რაღაცას, დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე. სხვა უკანასკნელ დღეებში არავითარი [იმედის] კარგი რამ არა ყოფილა ჩემთვის. რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე).

    საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბავებიდან? ძალიან ცოტა რამ იყო კარგი. ჩემის მხრით შეცდომები იყო უამრავი. კარგია, რომ გამოვიდა „რევოლიუციონური საქართველო“, ვიმოგზაურეთ [ჩრდ.] და სხვ. მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება.

    ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად). სოფელში რომ ვიყავი, ვიქცეოდი ისე, როგორც აქ, საზიზღრად ვთვრებოდი. მივეჩვიე არაყს, შევიქენი გესლიანი კაცი. ჩამოვიშორე ბევრი კარგი მეგობარი, და დავიახლოვე ისეთები, რომლებიც ყოველდღე მძარცვავენ. სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი. „საქართველოს ჩა“-მ ხუთასი მანეთი მომცა შემოქმედებითი მივლინებისთვის. ის ფული ხუთ დღეში გავაქრე და ვერსადაც წავედი. პენსიის ფულს ყოველთვის წინდაწინ ვიღებდი, მარა ორ დღეს იქით არ გამყოლია. „ეპოქა“ უნდა გამოსულიყო, ფული ნაწილნაწილად ავიღე და არაფერი კი არ დამჩენია. რადიომ სამასი მანეთი მომცა ავანსად და ისიც უცებ გაჰქრა. ასი მანეთი აჭარისტანის ცაკს გამოვართვი და დღემდე ვერ დავუბრუნე, ასი ბარონს საღამოსათვის, ასი კიდევ სხვა ორგანიზაციას (სახელიც კი არ მახსოვს).

    დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა, აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა, ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში [მშიერი] და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი. ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურობა? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: