Posted by: burusi | 27/12/2015

კახაბერ ჯაყელი “ნეპოტიზმი უფრო ურწმუნეობაა ვიდრე შეცდომა”

 

კახაბერ ჯაყელი

კახაბერ ჯაყელი – Kakhaber Jakeli

ნეპოტიზმი  უფრო  ურწმუნეობაა  ვიდრე  შეცდომა – იგი საზოგადოების  სისტემურ უღმერთოებას ასახავს,

ამიტომაც მასთან ბრძოლით უნდა დავიწყოთ საზოგადოების მშენებლობა

 

კახაბერ ჯაყელი

ერთ მეტად საინტერესო ადამიანს გადავეყარე აშშ-ში რომელიც იელის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას წარჩინებით ამთავრებდა. იგი მართლაც თავისი უნივერსიტეტის ლიდერი იყო, სხვები მასთან რჩევის საკითხავადაც მიდიოდნენ და ხშირად ის საკუთარ პროფესორებზე უფრო დიდ ბრძენსაც წააგავდა. იელის უნივერსიტეტის პროფესორები თუ გინახავთ, მაშინ მიხვდებით რისი თქმა მინდა.

ჩემს კითხვაზე თუ რას აპირებდა იგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ამ ადამიანმა მიპასუხა:

  • რამოდენიმე წელს კომპანიის იურისტად მინდა ვიმუშავო, მერე კი სადოქტორო პროგრამაზე ჩავაბარებ ალბათ.
  • საკუთარ შტატში ბრუნდები? – ვკითხე მე
  • არა, უცხო შტატში ვცდი ბედს, ჩემს შტატში მამაჩემია მოსამართლე და ნეპოტიზმი იქნებოდა იქ თუნდაც დროებით სამუშაოდ დაბრუნება-მიპასუხა თავდაჯერებული ტონით.
  • შემდეგ ისევ იელს მოაშურებ? – კვლავ ვეკითხები მე.
  • არა, იქ სადაც გიცნობენ, უკვე რაღაც, თითქოს ნეპოტიზმია სადოქტოროს დაცვა, მირჩევნია ჰარვარდს წავიდე და უცხო გარემოში ვცადო სადოქტოროს დაცვა.

გაოცებული დავემშვიდობე ამ ღირსეულ ადამიანს, რომელიც გარდა მეცნიერული ძიებებისა, როგორც ვიცი, ღრმა მორწმუნეობით გამოირჩეოდა იელის  უნივერსიტეტში.

***

დავუბრუნდეთ საქართველოს. სულ მალე 2016 – მაიმუნის წელი გვეწვევა, ჩვენ კი ჯერ, არათუ სახელმწიფო, არამედ საზოგადოების მშენებლობაც არ გაგვინხორციელებია. სულ უფრო მტკივნეულად იგრძნობა ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითება. საქართველოში ვერ იქმნება ისეთი საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ქვეყნის სამეურნეო და სახელმწიფოებრივი მთლიანობა – რადგანაც ქვეყანა ნეპოტიზმსა და პლუტოკრატიას აქვს გარყვნილი.

ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ცენტრიდანული ძალების გააქტიურებას, მონური ტენდენციების გაძლიერებას და ქვეყნის მოშლას.

საქართველოში ნეპოტიზმი ჰყვავის ყველგან. სამთავრობო სტრუქტურებში, პარლამენტში, ქალაქის მერიასა თუ ადგილობრივ გამგეობებში.  კი მაგრამ რა არის ეს ფენომენი?

ტერმინი „ნეპოტიზმი“ მოდის კათოლიკური ეკლესიის იმ ხელმძღვანელებისაგან, რომლებიც კარდინალებად და ეპისკოპოსებად ნიშნავდნენ თავიანთ ბიძაშვილებს და მამიდაშვილებს ჯერ კიდევ ბნელ საუკუნეებში.

ნეპოტიზმი – ინგლისურად -cardinal-nephews – ხოლო ლათინურად cardinalis nepos“,  ნიშნავს – „კარდინალად ნათესავის დანიშვნას გარკვეულ წამყვან თანამდებობაზე“.

მაგრამ პაპმა ინოკენტ XII გამოსცა მე-17 საუკუნეში – ანტი ნეპოტისტური კანონი, რითაც აკრძალა ნათესავების გაბატონება კათოლიკურ ეკლესიაში.

***

დღეს საკითხი ასე უნდა დაისვას: რატომ არის ნეპოტიზმი გამანადგურებელი ადამიანთა საზოგადოებისათვის?

დიდი ხანია ადამიანმა ისწავლა ადამიანის დამსახურებების დაფასების მნიშვნელობა საერთო საქმის წარმატებისათვის.

ადამიანი ღმრთის ხატად არის შექმნილი და მისი დამსახურებები, უნარები თუ ნიჭები თუ არ გამოვიყენეთ, ფაქტიურად უფლის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ! რა ასე არ არის?

თუ ღმრთის ხატად შექმნილ ადამიანს ნიჭი და მონდომება არ დაუფასეთ – მაშინ როგორ გვინდა რომ უფლის ჭეშმერიტება შევიცნოთ?

გამოდის რომ თუ ადამიანს, რომელიც თავისი შრომით, ნიჭითა და მონდომებით მოქმედებს, იმარჯვებს და ლიდერობას იმსახურებს – ეს ყოველივე არ დავუფასეთ, ჩვენც ღმრთის სამსახურში კი არ ვყოფილვართ, არამედ სატანისათვის გავრჯილვართ მხოლოდ.

 

ტყუილია აქ ლოცვითა და სხვა ქმედებებით ღმრთის გულის მოლბობა.  ღმერთმა უკვე ერთხელ გაგაგებინა თუ რა არის  სიმართლე. მიჰყვები სიმართლეს? მიჰყვები ღმერთის არჩეულ გზას.

 

***

თითქოს ყველაფერი მარტივია. მაგრამ არა. საქართველოში ღმრთის მიერ დამკვიდრებული კანონი, ადამიანის, მისი დამსახურებების, ნიჭისა და ღვაწლის დაფასების შესახებ 21-ე საუკუნეშიც ვერ გაიგეს.

ღმრთის კანონის გაგებას ცვლის ხელოვნური ბუნდოვანება. ხელისუფლების ორგანოები ხშირად უდიერად უყურებენ თავიანთ როლსა და დანიშნულებას. ყოველივეს იპყრობს გულისამარევი გარყვნილება.

 

***

ცოტა რამ კონკურის ჩატარების ხელოვნებაზეც ვთქვათ. ჩემის აზრით კონკურსი ღმერთის ჭეშმარიტებისა და არჩევანის შეცნობის უმთავრესი ფორმაა. ერთხელ, რამოდენიმე წლის წინათ, გერმანულმა ორგანიზაციამ, კონკურსის ჟიურიში მონაწილეობა შემომთავაზა. საქმე ეხებოდა ქართველი ახალგაზრდებისათვის სტიპენდიების გაცემას. ჟიურის წევრები ოთხნი ვიყავით, აქედან სამი გერმანელი პროფესიონალი იყო. დაიწყო კონკურსი. პირველი ქართველი სტუდენტი უნდა შემობრძანებულიყო საკონკურსოდ არჩეულ ოთახში, ჩვენ კი მის საბუთებს ჩავკირკიტებდით:

  • თითქოს მართლაც ყველაფერი წესრიგშია, რომ არა ერთი პრობლემა – თქვა ცნობილმა პროფესორმა მიულერმა და ცბიერად გაიღიმა.
  • რა პრობლემა? – ვკითხეთ ჩვენ.
  • ახალგაზრდა სულ 22 წლისაა და გერმანიის სახელმწიფოს სთხოვს სტიპენდიას, გერმანულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად – ხომ ასეა? – იკითხა ჰერრ მიულერმა და მარცხენა თვალი მოჭუტა.
  • დიახ დიახ ჰერრ პროფესორ, იყო ჩვენი პასუხი.
  • თუ ასეა, მაშინ მას მეტად უცნაური ცნობა აქვს თავის დოკუმენტებში, რომელიც მე იმის განცდას მიქმნის რომ ამ ახალგაზრდას ნაკლებად სჭირდება ჩვენი დახმარება, რადგანაც იგი უკვე შეიძლება ითქვას რომ „დიდი პროფესიონალია“ – მიულერი იცინოდა.
  • რას ნიშნავს ჰერრ მიულერ ახალგაზრდა „დიდი პროფესიონალია“? იკითხა საკმაოდ მკაცრმა გერმანელმა ქალბატონმა რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და მიულერს გაკვირვებით უყურებდა.
  • აი რას ნიშნავს, ფრაუ ენგელბარტ , ეს ახალგაზრდა მის საქაღალდეში ჩადებული, ამ ცნობით ადასტურებს, რომ იგი პრეზიდენტ შევარდნაძეს მრჩეველია. – ჰერრ მუულერი საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის გაცემულ ცნობას ცხვირწინ გვიფრიალებდა.
  • მართლა? მომაწოდეთ, საოცარია – ჩავილაპარაკეთ ჩვენ და მართლაც ვნახეთ რომ ცნობას ხელს აწერდა თავად პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
  • გვაქვს ორი გარემოება ამ ახალგაზრდას შეფასებისას ქალბატონებო და ბატონებო, თუ ეს მართლაც ასეა და ახალგაზრდას უკვე იმხელა კვალიფიკაცია გააჩნია, რომ ის პრეზიდენტის მრჩეველი გახლავთ, მაშინ მას ჩვენი სტიპენდია უკვე აღარ სჭირდება, ხოლო თუ ეს ასე არ გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობა უბრალოდ ნეპოტიზმის შედეგია, მაშინ მისი მეპატრონე ჩვენს სტიპენდიას აღარ იმსახურებს! – ჩამოაყალიბა ჰერრ მიულერმა თავისი აზრი და დადუმდა.

რა უნდა გვეთქვა? ცნობილი სწავლული, პროფესორი მულერი მართალი გახლდათ. ნეპოტიზმით გაჯერებულმა დოკუმენტმა, იმ ახალგაზრდას შანსები ნულამდე დაიყვანა.

ერთი კვირა გახლდით  გერმანული კომისიის წევრი. ყოველი ახალგაზრდას ბედი, რომ იტყვიან „ოქროს სასწორით“ იწონებოდა, საბოლოოდ ღირსეულმა ადამიანებმა გაიმარჯვეს. ნეპოტიზმი დამარცხდა და უფლის ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა.

 

***

დღეს საქართველოში თუ რაიმე ყვავის ეს -ნეპოტიზმია. მისით დაშინებული გენიოსი ახალგაზრდები, უნდობლად შემოგვყურებენ. ყოველი ადამიანი საქართველოდან გაქცევაზე ოცნებობს.

მე მახსენდება, რომ ნეპოტიზმმა გააქცია საქართველოდან მრავალი გენიოსი, რომელიც ღმერთმა საქართველოში იმიტომ დაჰბადა,  რომ, ამ გენიოსების ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ გამარჯვება მოგვეპოვებინა.

მაგრამ ჩვენში უწმუნოებამ იმარჯვა. გენიოსებს არ მოვუსმინეთ, რადგანაც მავანთ და მავანთ საკუთარი ნათესავების დასაქმებით ჰქონდა ტვინი დახშული. არა მარტო ტვინი, არამედ გული და რაც მთავარია სული გამოცარიელებული.

ამიტომაც ამგვარად დავამთავრებ – ნეპოტიზმი  უფრო  ურწმუნეობაა  ვიდრე  შეცდომა – იგი ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის  სისტემურ უღმერთოებას ასახავს.

 

 

 

კახაბერ ჯაყელი

27.12. 2015

 

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: