Posted by: burusi | 21/12/2015

კახაბერ ჯაყელი – ჰოლდერლინი „თეთრ ირემში“

Friedrich_hoelderlin

ჰოლდერლინი „თეთრ ირემში“
შეშლილი გენიოსი რგორც ანტი-სარკე რომელიც არასოდეს აირეკლავს
კახაბერ ჯაყელი

(გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ჰაინრიხ ბიოლმა ერთხელ განაცხადა, ჰოლდერლინი თავად გოეთეს აღემატებოდაო. გერმანელებმა გოეთე თითქმის გააღმერთეს. იქნებ ბიოლისა არ იყოს, ჰოლდერლინი უფრო კაშკაშა გენიოსიც იყო, მაგრამ სამწუხაროდ იგი დროებით დავიწყებას მიეცა – მას ეძღვნება ეს ჩემი ნოველა, რომლის პანოც გერმანიაში ჩავიფიქრე და პერგამენტზე, თბილისში 2015 წელს, ჰოლდერლინის პოეზიასავით ცხელ ივლისში გადმოვიტანე)

***
იგი ფრანკფურტის ცენტრში, ბანკირ გონტარის სასახლის – „თეთრი ირმის“ წინ იდგა და ერთადერთ წერტილს შეჰყურებდა, ამ დროს საშინლად წვიმდა და 27 წლის კაცს ლაბადა ისე დაუმძიმა წვიმამ, რომ პოეტი მას ზურგზე მოდგებულ „სიბრძნის ქვად“ თვლიდა. მოხრილი კი იდგა მაგრამ მკერდში ცეცხლი უდუღდა. „ვულკანია ჩემს გულში“ – ფიქრობდა ჰოლდერლინი, და იმ ქალზე ფიქრობდა, გუშინწინ რომ ნახა. რა საოცარი იყო ეს შეხვედრა… ყველაფერი ცხენებით დაიწყო და აი როგორ…
ჰოლდერლინი ცხენებზე საერთოდ არ გიჟდებოდა, მაგრამ საზოგადოებაში თავისი კუთვნილი ადგილის დაკავების სურვილი აიძულებდა ახალგაზრდა პოეტს თავშეყრის ადგილებში ყოფნას. იქნებ ვინმე იმგვარი გაეცნო, რომელიც მის ცეცხლოვან გზას თვალს მიაყოლებდა და სიგიჟესთან თუ ბგერათა სიმფონიასთან თანაზიარ ლირიკოსს მფარველობას გაუწევდა.
მისი მეგობარი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეც მოვიდა ჰიპოდრომზე და გრაფინია საბატინის ლოჟაში მოთავსდა, ისე რომ ერთი მზერაც კი არ უჩუქებია ჰოლდერლინისათვის, რომელიც დოღის დაწყების წინ მოჯარულ ხალხს, იმ იმედით შეჰყურებდა, ვინმე ლოჟაში დამპატიჟებს და ჩემს სათქმელსაც იქ ვიტყვიო.
„გოეთემაც, არ მიიპატიჟა ლოჟაში, გასაგებია რატომაც, იოჰან ვოლფგანგი, პრაგმატიული კაცია, ვთვლი რომ პოეტი მისგან ალბათ დადგება, თუ ამ ძრომიალს მოეშვება და ქანდაკებასავით აღიმართება, ისე როგორც ამას ჰოლდერლინი აფასებს კაცში და განსაკუთრებით პოეტში“ – უთხრა იქვე მდგომმა გამომცემელმა რაინიკემ თავის ცოლს და დაუმატა – „დრო უნდა ვიხელთო, ამაყი და თითქოს გაუტეხელი ჰოლდერლინი მიტოვებულია, ეხლა დავაწერინებ ჩემთვის, გოეთე კი მოიცდის…“
მართლაც ჰერრ რაინიკემ, რომელსაც მელას ამსგავსებდნენ, მეუღლე კლარა ცოტა ხნით მიატოვა და ამაყად, ქანდაკებასავით მდგარ, ცისფერ მაკინტოჟში გამოწყობი ჰონდერლინს მიაშურა. პოეტმა ის არც კი შეამჩნია, იდგა და ქერის მარცვლებს ღრნიდა და ჩუმად თავისთვის უსტვენდა.
– Zwar in diesem Duft und Garten toenet Bulbul ganze Naechte (სურნელოვან ბაღში გალობს აქ ბულბული ყოველ ღამე) – მიმართა ჰოლდერლინს ჰერრ რაინიკემ გასაღიზიანებლად, რადგანაც ეს სტრიქონი გოეთეს უახლესს ლექსს ეკუთვნოდა, რომელიც საზოგადოებამ აღფრთოვანებით მიიღო.
– გამარჯობათ ჰერრ რაინიკე, როგორ არის თქვენი ცოლი კლარა? – იკითხა დამცინავი ღიმილით ჰოლდერლინმა და გრძელი წაბლისფერი თმები უკან გადაივარცხნა.
საზოგადოებაში ეხლახანს გამოჩენილ კაცს უკვე ქალთა სქესის მიმართ უზომოდ ლტოლვაში ადანაშაულებდნენ და ჰოლდერლინი არ გაურბოდა ამგვარ ცნობიერებას, პირიქით მისი ალტერ-ეგო როგორც ჩანს ამართლებდა კიდევაც გონებაში წარმოშობილ ვნების სიმახინჯეებს.
– კლარა კარგად არის, მობრძანდით ჩვენს ლოჟაში, მომავალზე მინდა დავილაპარაკოთ – თქვა ცივად რაინიკემ და მაღალ ჰოლდერლინს ქვევიდან მიაშტერდა.
– მოვდივარ, ჩვენ უნდა შევქმნათ „ველტლიტერატურ“ (მსოფიო ლიტერატურა), ვაჯობოთ სპარსელებსაც – თქვა ჰოლდერლინმა და ისე მოხდენილად გადაახტა მოაჯირს, რომ მისი ფაფარივით გაშლილი თმების დანახვისას ზემოთა ლოჟებში მსხდომმა ქალბატონებმა ჩაიღიმეს და ლამაზ ტუჩებზე მარაოები აიფარეს, თვალები აამოძრავეს და ახალგაზრდა, გიჟად მონათლულ ლირიკოსს გააყოლეს თუ საით მიდიოდა იგი.
ჰოლდერლინი მოხდენილად შევიდა რაინიკეების ლოჟაში, ხელზე ემაბორა შევარდისფრებულ ფრაუ კლარა რაინიკეს და მის სიახლოვეს იმგვარად ჩამოჯდა რომ კლარას მუხლის თავი, საკუთარ მუხლის თავებს შორის მოიქცია და კლარას ხელი ხელში ჩაიჭირა. ჰერრ რაინიკე გვერდით მიუჯდა ჰონდერლინს და ამ სცენის დანახვისას ფილოსოფიურად გაიღიმა.
– გაძლევთ 44 გვერდს ჩემს ალმანახში, დამიწერთ გენიალურ ქმნილებას? გაასწრებთ შილერსაც და ამ პიჟონსაც, აგერ იმ ლოჟაში რომ ზის! – მიუთითა ჰოლდერლინს რაინიკემ იმ ლოჟისაკენ რომელშიც ვოლფგანგ ფონ გოეთე გრაფინია საბატინს ართობდა.
– პიჟონი თავად ხარ! – დაიღრიალა უეცრად ლირიკოსმა და გაშლილი ხელი კინაღამ შემოარტყა რაინიკეს მოყვითალო ყბაში. -ეს პიჟონი ჩემი მეგობარია, წადით და ბოდიში მოუხადეთ, თორემ გამოგიწვევთ, საღამომდე – ამაყად წამოდგა ჰოლდერლინი, გაოცებულ კლარას თითებზე ეამბორა და ლოჟა საჩქაროდ დატოვა.
გამოსულს ჰერ რაინიკე მოსდევდა და რაღაცას უხსნიდა, მაგრამ პოეტი მას აღარ უსმენდა, მაკინტოჟის ჯიბეში აღმოჩენილ ქერის მარცვლებს ღეჭდა და კვლავაც უსტევნდა დაბალ ხმაზე.
– არა, ნამდვილი გიჟია. უსტვენს, რაო გამოგიწვევო? დონ კიხოტი. რა დროს ჩემი გამოწვევაა 65 წელს უახლოვდები, ეგ კი 27 წლისაა. თანაც თუ დაშნებით გამომიწვევს, სასამართლოში უჩივლებ და მერე ნახოს, ხოლო თუ პისტოლეტებით შემომთავაზებს დუელს, მაშინ კატორღაში წავა და იქ იბრძოლოს რამდენიც უნდა, ეგ ჭკუა გამოფხეკილი, ჯიბე გახვრეტილი, ვის უბედავს გამოგიწვევო და სად? ჩვენ ვიღაც ველურები ვგონივართ. ეხლა ამ საუკუნეში, მხოლოდ რუსეთში კლავენ კაცს დუელში და შესაძლოა სადღაც ბრიტანულ კოლონიებში, მაგრამ გერმანიაში – არა. – ქაქანებდა ჰერრ რაინიკე და მომიჯნავე ლოჟებიდან თავ გადმოყოფილ კაცებს უყვებოდა თუ რისთვის აყვირდა მისი სტუმარი ასე. კაცები იცინოდნენ და ერთმანეთს თვალს უკრავდნენ, ხოლო რაინიკე კიდევ უფრო ბრაზდებოდა, მანამ სანამ კლარას თხოვნით მომიჯნავე ლოჟიდან ერთი წარმოსადეგი ბატონი არ წამოდგა და მათთან არ მივიდა ეს იყო კლარას ძმა ცნობილი ბანკირი გონტარი.
***
კლარამ სწრაფად განუმარტა ძმას სიტუაციის დედააზრი, ისიც უთხრა რომ ახალგაზრდა პოეტი სიტყვამ „პიჟონი“ გააცოფა. ბანკირი განცვიფრდა, დას ლოყაზე ემაბორა, გაფითრებულ სიძეს მხარზე ხელი მოუთათუნა და დარბაისლური ნაბიჯით ჰიპოდრომის შლაგბაუმთან აყუდებულ პოეტისკენ წავიდა. როგორც ჩანს ლირიკოსი კვლავ ქერის მარცვლებს მიირთმევდა და ჩუმად სტვენდა, თვალებით ლოჟებს უმზერდა, გულით ლექსებს თხზავდა, ხოლო გონებით – რომელიღაც ეპოსში ლივლივებდა. ახალგაზრდობაში ბაკირი გონტარი სტუდენტური დუელების მოყვარული გახლდათ და მან ამ ტიპის შეხლა-შემოხლის ამბები კარგად იცოდა, ამიტომაც სწრაფად იახლა ორი ვაჟკაცი და ჰოლდერლინს მიუახლოვდა და იმგვარ მანძილზე შედგა რომ პოეტის ჩრდილისათვის ფეხი არ დაედგა.
– გამარჯობათ, მე ბანკირი გონტარი გახლავართ, ვისთან მაქვს პატივი საუბრის? იკითხა მან და უმალ გაიფიქრა ეს სიმპათიური ახალგარზდა, იქნებ სჯობდა ვახშამზე მოეხმო სახლში.
– გამარჯობათ, მე ლექსების ბანკირი გახლავართ, ჩემთან ყოველი ლექსი თავის, დეპოზიტს ხსნის და პროცენტებს აგროვებს. თუ ხანგრძლივად გავაჩერე სტროფები დეპოზიტზე, მაშინ ისინი პოემებად იქცევიან, შემდეგ ვერგილიუსის მსგავსად მე თითქმის რვა წელს არავის ვაკითხებ ამ პოემებს, სანამ საბოლოოდ არ გადავავლებ თვალს მათ, რთული პროცენტის დარიცხვას შეუწყვიტავ და პოეტურ ბრუნვაში გაუშვებ – სიცილით თქვა ჰონდერლინმა, ძლიერი ხელის მტევანი, გრძელი თითები სალტესავით შემოაჭდო ბანკირ გონტარის მაჯას და მას თვალებში ჩახედა.
– ძალიან სასიამოვნოა, კარგად დამიხასიათა თქვენი თავი ჩემმა დამ კლარამ, რომელიც თქვენი ლექსებით აღფრთოვანებულია – თქვა ბანკირმა და გაიფიქრა „ხარივით ძლიერია, ესპანელს წააგავს მძვინვარებით, ეჰჰ რაინიკე რაინიკე, რატომ მიგირბის ენა ?“
– მართლაც ქალბატონი კლარა უზენაესია იმ ქმნილებათა შორის, რომელსაც ჩემს ლექსებს ვუძღვნი ბატონო – თქვა პოეტმა და ეხლა უკვე ბანკირის მეგობრებს გაუსწორა თვალები და ხელი ხელზე ისე მოუჭირა, რომ ერთ-ერთმა, ცნობილმა ადვოკატმა ჰერრ ფრანკმა მოულოდნელად შეჰყვირა. ბანკირი მიხვდა რომ სიტუაცია რთულდებოდა, საჭირო იყო რაიმე ფრთიანი ფრაზა, თორემ ეს „ესპანელი ბუღასავით“ პოეტი, კიდევ უფრო დიდ შარში გაეხვეოდა და ამით საზოგადოებაში მათი ოჯახების სახელსაც გასვრიდა.
– ჩემო ძვირფასო ჰერრ ჰოლდერლინ, მეც, მიუხედავად იმისა რომ სულ მთლად ბანკში ვარ ჩაძირული, ლექსებს ვეთაყვანები, იქნებ დღეს 7 საათზე საღამოს თქვენი ლექსები წაგვიკითხოთ, ბატონი და ქალბატონი რაინიკეებიც იქნებიან, მე და ჩემი მეუღლეც ვიქნებით. თანაც თქვენ თქვენს გამომცემელთან შეგარიგებთ. რა გვაქვს საჩხუბარი? რუსები ან სპარსელები ხომ არ ვართ, რომ დუელებში ვხოცოთ ერთმანეთი? ხომ მობრძანდებით? – ბანკირი ულვაშებს აწვალებდა პასუხის მოლოდინში.
– სპარსელებს ყავდათ ჰაფიზი, რუსებს კი არ ვიცი, მაგრამ დაშნა და ცხელი ტყვია პოეზიას აკეთილშობილებს. კარგით ჩემო ბატონო, მოვალ თქვენთან სახლში 7 საათზე და ჩემს ლექსებს მოგართმევთ – ჩაილაპარაკა პოეტმა და ბანკირს თავი დაუკრა.

***
„ყოველი ერი თავის უდიდეს შვილზეც კი დიდია, და ეს სიდიადე ხალხის სულიერებაში ვლინდება, მეც ამ სიდიადის ნაწილი ვარ და ეს სავსებით ეთანხმება ჩემს პოეტურ თეორიას იმის შესახებ რომ ნაწილი ჰარმონიულად არის დაკავშირებული მთელთან, წარსული კი ამ წამთან, ეს წამი კი მზის სხივთან რომელიც დილას მოაღწევს ჩემს სარკმელამდე და ბევრი რამ რაც ჩემს ქმნილებაში მოკვდა ჩემი დროის ტვირთია ხოლო რაც გაცოცხლდა, მუდამ იგიზგიზებს გერმანიასთან ერთად“ – ფიქრობდა ჰოლდერლინი და ბულვარზე მისეირნობდა.
გონტარების სახლი, სასახლეს წააგავდა, მაგრამ პოეტს ამ „ქვათა გროვისათვის“ დიდი ყურადღება არ დაუთმია, იმგვარად მსუბუქად შევიდა იგი საპარადე შესასვლელში რომ კარლოს დიდი გეგონებოდათ. შეაჩეჩა გაკვირვებულ პორტიეს თავისი ქუდი და მოსასხამი ისე რომ არც კი აუხედია საპარადე კიბის თავში ნეტავ ვინ დგას და მიცდისო.
თეთრი მარმარილოს კიბეს ანტიკური ქანდაკებები თუ მათი შესანიშნავად შესრულებული ასლები ამშვენებდნენ – არც ამაზე დაფიქრებულა ღრმად, მხოლოდ ერთ ქანდაკებას მიაჩერდა: თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი უნაკლო სხეულის მქონე ქალი, ხელით ყურძნის მტევანს ჭყლეტდა და წვენს ვიღაცას ისეთს ასმევდა, ვინც უკვე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი მხოლოდ…
***
– გაიცანით ჩემი სტუმარი – პოეტი ჰოლდერლინი – თქვა ბანკირმა და მშვენიერი ჭაღებითა და სარკეებით გაბრწყინებულ დარბაზში ეგვიპტური მუმიებივით წამიერად შეჩერებულ სტუმრებს თვალი მოავლო, ხელში ჰოლდერლინის ხელი ეჭირა და არ უშვებდა, ალბათ სურდა ყველასთვის სწორად მიწოდებინა თავის სათქმელი.
– მშვენიერი პოეტი, მაგრამ ჩემთვის უცნობი- ჩაილაპარაკა ვიღაც მამაკაცმა, მას ინგლისურად შეუსწორა თხელმა და გრძელმა ბანოვანმა, ალბათ მისმა მეუღლემ და ეს ფრაზა უეცრად ფრანგულადაც ითარგმნა დარბაზის მეორე ბოლოში და ერთ-ერთი ხმელი სახის, კოჭლი მამაკაცი წამოდგა და ყასიდი ღიმილით, ბანკირ გონტარისკენ გამოემართა.
– მეც ვიტვირთავ ამ ახალგაზრდის მძიმე ხელს-თქვა ხმელმა მამაკაცმა და ჰოლდერლინს თავისი თეთრი და უსუსხლო თითები გაუწოდა, პოეტმა ყველას თავი დაუკრა, ხმელ მამაკაცს ხელი ჩამოართვა და თვალით საინტერესო სახეების ძებნა დაიწყო, უეცრად სახე დაემანჭა რადგანაც ჰერრ რაინიკეს მოჰკრა თვალი, მაგრამ შემდეგ გაებადრა რადგანაც მისი ცოლიც შეამჩნია და კლარას გაუღიმა ნეკერის მკვიდრთა ჩვეულ, ფართო ღიმილით და მისკენ გაემართა.
– არა, არა ჯერ ჩემი მეუღლე უნდა გაგაცნოთ-შეაჩერა ლირიკოსი ბანკირმა და იგიც უჩვეულოდ აღელდა ამ დროს, „ვინ უნდა იყოს ამგვარი მეუღლე ამ ფულის კასრისა?“ გაიფიქრა ჰოლდერლინმა და შეყოვნდა მასპინძლის გვერდით მდგარი, უეცრად გრძელი ჰოლის მბრწყინვალებით მოთამაშე კარი გაიღო და ქალის ფიგურა გამოჩნდა.
– სუსეტა აი ჩვენი სტუმარი! -გასძახა მას ბანკირმა და ჰოლდერლინს, რომელიც ქალთა სქესთან მუდამ თავდამსხმელად გრძნობდა თავს, ამჯერად რაღაც უნებური სიცივე შეეპარა. „შიში?“ გაიფიქრა მან, „კი მაგრამ რისი?“, „ფუჰ შენი!“ გაესაბურა გონებაში ლირიკოსი თავის თავს და შეეცადა ციხე-კოშკივით აუღელვებლად მდგარიყო, მაგრამ ქალი, უფრო სწორედ კი ნათელი შუქი, რომელიც სულ უფრო მეტად კაშკაშა ხდებოდა მას უახლოვდებოდა.
არქეტიპულად, მოახლოვებული ბანოვანის მაღალი შუბლი იპყრობდა მნახველის ყურადღებას, ამგვარ შუბლს ყოველი ლირიკოსი შეამჩნევდა და მას არაჩვეულებრივი გონების საკრალურ ჭურჭლად ჩათვლიდა. მართლაც ბრძნული შუბლი, და ზევით აპყრობილი ნატიფი წარბები, უჩვეულოდ ჰარმონიული პატარა, ოდნავ კეხიანი ცხვირი და კამკამა ლურჯი თვალები, რომაული ვესტას ქურუმ ქალს მოგაგონებდათ, რომ არ გენახათ მოცინარი, თითქოსდა ბოტიჩელისეული, გრძნობითა და ვნებით შეზავებული ტუჩები. ჰოლდერლინი ამ ქალის სხეულსაც შეიგრძნობდა, მწიფე ატმისფერი მკერდის ხილული მშვენიერებები, უხილავ და ატლასის მატერიით შემოსილ, სხეულის სხვა ნაწილებსაც მიმზიდველად ერწყმოდა. ბანოვანი ბრძნული მზერითაც იცქირებოდა და სადღაც გულის სიღრმეში ჩაჰყურებდა ჰოლდერლინს, რომელიც გაკვირვებული და დაბნეული იყო.
– მოხარული ვარ ჩვენს ოჯახში რომ გხედავთ ჰერრ ჰოლდერლინ, რამოდენიმე ლექსი მაქვს წაკითხული თქვენი, მაგრამ ერთ რამეში მინდა გამოგიტყდეთ – სუსეტას ხმა მაღალ მუსიკალურ ტონალობას განეკუთვნებოდა, მისი ღიმილი დამადნობელი იყო დამსწრეთათვის, ხოლო თვალებმა ჰოლდერლინისათვის მომწვანო ფირუზისფერი მიიღო და პოეტმა სულის სირღმიდან ამოთქვა სათქმელი ამ დროს.
– რა? რაში გამომიტყდეთ უნდა? უკაცრავად … ფრაუ გონტარ, დიდი მადლობა მოწვევისათვის , ეხლავე აგიხსნით რისი თქმა მინდა…- ჰოლდერლინმა მის სიახლოვეს მდგარ შამპანიურიან ჭიქას ხელი შეახო და უეცრად შიგთავსი ერთი ყლუპით გამოცალა.
– თუ გნებავთ ჯერ სტუმრები გაიცანით ბატონო და შემდეგ ვისაუბროთ – თქვა სახლის დიასახლისმა და როგორი უჩვეულო სიმსუბუქითაც გამოეცხადა პოეტს, იმგვარი სისადავით დატოვა იგი გარსშემოხვეულ „მუმიებს“ შორის და თითქოსდა მთელი სითბო თან გაიყოლა.
– ჰერრ ჰოლდერლინ თქვენი „პიპერიონი“ ჰომეროსის გმირს მაგონებს….გააბა მასთან საუბარი ხმელმა და კოჭლმა ბატონმა, შემდეგ მეორემაც ჩააგდო ფრაზა – „ვერგილუსმა თქვა რვა წელი გააჩერეთ პოემა და შემდეგ გადაიკიტხეთ“… „ჰერრ რაინიკე თქვენთან შერიგებას ითხოვს“, „ეს ბატონი და გოეთე მეგობრები ყოფილან“, „გოეთე მართლაც იპყრობს ჩემს ყურადღებას“ – ამბოდნენ შემოხვეული ბიურგერები თუ არისტოკრატები და ჰოლდერლინის გაცვეთილ ფეხსაცმელს დაჰყურებდნენ.
ჰოლდერლინი ყველა ბატონს პასუხობდა, მაგრამ იგი ამ დარბაზში მხოლოდ ყველაზე უმცირესი ნაწილი დარჩენილიყო, ხოლო უმთავრესი ნაწილი ქალბატონ გონტარს გაჰყოლოდა…
***
მეორე დილას ჰოლდერლინმა წერილი მიიღო, იგი გონტარის მსახურმა მოუტანა ლირიკოსს. ალბათ გუშინდელი ლექსებისთვის მადლობას უხდიდა მასპინძელი პოეტს. „მაგრამ ქალბატონს არც-ერთი ჩემი ლექსი რომ არ მოუსმენია, ეს ნეტა რას უნდა ნიშნავდეს“-გაიფიქრა შამპანის ღვინისაგან ნაბახუსევმა პოეტმა და კონვერტი გაგლიჯა. აშკარად ქალის ხელი იყო. გული აუჩქარდა პოეტს. გონტარების ღერბის ქვეშ ნატიფი ხელით ნაწერი გადაიკითხა და მთელ სხეულში მინავლებული ნაკვერცხალი აუგიზგიზდა თითქოს:
„თქვენი ლექსები და მათში ჩამალული ფილოსოფიური სული მუდამ მიტაცებდა ჰერრ ჰოლდერლინ. გუშინაც გისმენდით ფარულად, კარს იქით და მუხლებში ჩემ შვილი ჰენრი მეჯდა. შევამჩნიე რომ ჩემი ბავშვი გაღმერთებთ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მასთან მუშაობა, მხედველობაში მაქვს მასწავლებლობა. თქვენს ბაგეთაგან გერმანული ენა გმირულად ჟღერს, მეც და ჩემს მეუღლეს ბანკირ გონტარს გვსურს მოგიწვიოთ ჩვენი ჰენრის მასწავლებლად გერმანულ პოეზიასა და მითოლოგიაში. ჰენრი ნიჭიერი ბიჭია. მას ეხლახანს შეუსრულდა 7 წელი. თქვენს გვერდით იგი ისეთივე გმირი დადგება, როგორც თქვენი ლექსების გმირი არიანე. ანაზღაურების შესახებ ჩემი ქმარი გაგესაუბრებათ. მთავარია თქვენ დაგვთანხმდეთ. მე და ჩემი ბავშვები ყველაფერში მოგყვებით…“
ამ სტრიქონების კითხვისას, პოეტი მუხლებზე დაეშვა, სული მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა, მზესავით ვარვარებდა გული, თვალწინ სუსეტას ზღვისფერი თვალები და ატმისფერი ღაწვები ედგა, მისთვის პოემა უნდა მიეწერა პასუხად… ვნებათა ღელვა გულმა, როგორც გავარვარებულმა ურომ, სულ სტროფებად გამოარღვია მკრედიდან…

***
მშვენიერი სუსეტა ჩვიდმეტი წლის მისთხოვდა, საფრანგეთიდან გამოქცეულ ჰუგენოტთა შთამომავალს, მარკიზ იაკობ გონტარს, რომელსაც ბანკი ჰქონდა ფრანკფურტში. გონტარები წარმოშობით საფრანგეთის გრენობლიდან იყვნენ. თუ ფრანკების ქვეყანაში ისინი სამხედრო კარიერით ირჩენდნენ თავს, გერმანიის თავისუფალ და გონიერ ხალხში, მათ დიდი საქმე წამოიწყეს და „ფულის ანტრეპრენიორებად“ იქცნენ, სწრაფად გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ.
სუსეტა ქალაქ ალტონაში, ცხელ და მწველ 1786 წლის 9 ივლისს მისთხოვდა იაკობს, ოთხი შვილი გაუჩინა მას და ცხოვრებამაც ლოგიკურად, მდორედ იწყო განვითარება.
დღეს კი 7 წლის ჰენრი, რომელიც ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ სიტყვებსკვლავ ბავშვურად გამოსთქვამდა, ჰენრიეტა, ამალია და ჰელენ თეთრი ვარდის კოკრებს ჰგავდნენ და მათთან ერთად დიდებული ოჯახის ვერცხისფერი პუდელი მატილდა – თეთრი სასახლის ვერანდაზე დახტოდა და ბავშვების გულის მოსაგებად უფრო მაღალ და სასაცილო მალაყებს აკეთებდა, უეცრად შეჩერდა, რადგანაც სოფაზე მისვენებული პატრონის კვნესა მოესმა და მისკენ გაქანდა.
დივანზე გადაწოლილ სუსეტას მარცხენა ხელი უგრძნობლად ჩამოეშვა და გრძელი თითებიდან ფურცელი გავარდნოდა, ხოლო მარჯვენა ხელით ლურჯი თვალებიდან გადმოგორებულ ცრემლებს იწმენდდა თუ თითებით იფარავდა მათ არსებობას.
პუდელი მატილდა აშკარად დაიბნა, მას მშვენიერი ქალბატონი ამგვარ დღეში არ ენახა, კუდი ააქიცინა საწყალმა ძაღლმა, დივანს შეახტა და ქალბატონის თეთრი მტევნებიდან ცრემლების ალოკვა დააპირა. სუსეტამ ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა და ნაღვლიანი თვალებით ბავშვებს გახედა, ჰენრი სიცილით უახლოვდებოდა და რაღაცას ამბობდა, ჰელენი, ამალია და ჰენრიეტა მას უკან მოსდევდნენ. საოცარი სურათი იყო. ბავშვები მის ხელიდან განავარდნ წერილს უახლოვდებოდნენ. ღრმად მორწმუნე სუსეტას, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არავისთვის დაუმალავს, უეცრად წერილის გადამლვა მოუნდა. „რა სირცხვილია, ეს როგორ გავიფიქრე“- იფიქრა მან და უეცრად სოფადან წამოხტა, ჰენრის ხელში უკვე ჩაბღუჯულ პერგამენტს ინსტიქტურად ეცა და საოცრად მუსიკალური ხმით უთხრა:
– მე მომწერეს ჰენრი, მომეცი შვილი – და შვილს თვალებში ჩააცქერდა
– ვინ მოგწერა? მამიკომ? – იკითხა ჰენრიმ და დედას გაუღიმა
– ჩემო ოქროსფერთმიანო, რა თქმა უნდა მამიკომ! – თქვა სუსეტამ და ალბათ პირველად იცრუა თავის ცხოვრებაში…

***
გონტარები მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უბანში ცხოვრობდნენ, რომელსაც „თეთრი ირემი“ ერქვა. ამ უბნის ისტორია მიმზიდველი და დამაფიქრებელია თითქმის ყველა ქალაქისათვის. 1333 წელს სწრაფად განვითარებადი ფრანკფურტის მშენებლები ირმების საჩიხეს მიადგნენ. თეთრი ირმები კუნტრუშებდნენ და შეშინებული შეცქეროდნენ წვერმოშვებულ ქვის-მტეხელთ, რომლებიც რაღაცას იხაზავდნენ თავიანთ წიგნებში და მათ წინ გადაშლილ ტყავის რუქაზე, ფარგლითა და გრაფიტით მუშაობდნენ.
დანგრეული საირმეს ადგილას ქალაქის გამოჩენილმა გვამებმა სახლების აშენება დაიწყეს. მეთვრამეტე საუკუნეებში, სახლების ადგილას სრა-სასახლეები გაჩნდა. კერძოდ 1753 წელს, გრენობლიდან გამოქცეულმა გონტარებმა, „თეთრი ირემი“ ხელთ იგდეს და იქ ათასი რამ ააშენეს. 1790 წელს კი იაკობ გონტარმა გადაწყვიტა საყვარელი მეუღლისათვის პალაციო ეჩუქებინა და ბრძანა – ახალი სასახლე, ოდინდელ პერიოდში აქ მობინადრე, განთქმულ თეთრი ირმებისთვის მიემსგავსებინათ. სამი წლის დიდი სამუშაოების შემდეგ მიმზიდველი თეთრი სასახლის კლასიკურმა სტილმა და ნათელმა ფერმა თავისი ადგილი თითქოსდა სამუდამოდ დაივანა ოდინდელ საჩიხეში ირემთა.
ფრანგმა ახალი სტილი და თეთრი ფერი შემოიტანაო ჩვენს მუქი ბაზალტით გაწყობილ ქალაქში-ამბობდნენ გერმანელნი და ასეც გახლდათ.
1795 წელს კი ამ სიმშვიდის თეთრ კერას ჰოლდერლინი მოევლინა თავისი უცნობი პოემით, რომელიც დიასახლისის გულისაკენ თანდათანობით იკაფავდა ბილიკს.

***
ჰოლდერლინი, მონადირესავით შემოიჭრა ამ ყოფილ ირმის საჩიხეში. „თეთრი ირემი“ სიბრძნისაგან განათდა. ბავშვებმა პირველი გაკვეთილი მოისმინეს, წინ ჰენრი იჯდა და რვეულში მასწავლებლის მიერ დაფაზე დახატულ სიმბოლოებს იხატავდა. ჰოდერლინი საბავშვო ენით, სიყვარულით გამთბარი ფრაზებით საუბრობდა ბერძნულ მითოლოგიაზე – „…და როდესაც პერსევსი შეეხო მშვენიერ ანდრომედას, მის წინ იდგა არა მხოლოდ ნადავლი არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელიც მან გაანთავისუფლა, მაგრამ შებოჭა, სამუდამოდ…“
– რითი შებოჭა პერსევსმა ანდრომედა? ბორკილებით? – კითხულობდა ჰენრი, თან იქვე სავარძელზე ჩამომჯდარ დედას უყურებდა რომელიც ჰოლდერლინს შესცქეროდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
– პერსევსმა ანდრომედა სიყვარულით შებოჭა პატარა პრინცო…ჯერ თქვენთვის ადრეა სიყვარულის ნაირსახეობების შესახებ განსჯა მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ პერსევსისა და ანდრომედას სცენა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ბერძნულ მითოლოგიურ ლიტერატურაში – დასამახსოვრებელია სიყვარულითა და გმირობით-ამბობდა ჰოლდერლინი და სუსეტას ლურჯ თვალებს, მასში გაჩენილ ნაპერწკლებს უკვირდებოდა…
როდესაც ჰოლდერლინი გაკვეთილს ამთავრებდა და აღფრთოვანებულ ბავშვებს ემშვიდობებოდა, სუსეტაც იქვე იდგა და მასავლებელი მას თავის დაკვრით ემშვიდობებოდა. სუსეტას ჰოლდერლინის წასვლის შემდგომ ეჩვენებოდა რომ „თეთრი ირემი“ სამუდამოდ დაცარიელდა და იგი მომავალ დღეს ელოდა რათა პოეტი კვლავ ეხილა.
***
ერთ საღამოს ჰენრიმ და ჰენრიეტამ, რომლებიც ჰოლდერლინის კლასის ყველაზე აქტიურ წევრებს შეადგენდნენ, გაკვეთილის ბაღში ჩატარება მოინდომეს და მასწავლებელიც დაითანხმეს. ისინი პლატონის მოსწავლეების მსგავსად მწვანე კორომზე ჩამოჯდნენ, ჰოლდერლინი კი ჰერაკლეს გმირობების მოყოლას ისე მხატვრულად შეუდგა, რომ ბავშვები ფეხზე წამოხტნენ და მასწავლებლის მოძრაობებს აყვნენ.
საოცარი სანახაობა იყო, შორიდან რომ შეგენიშნათ, იფიქრებდით მივიწყებულ ცეკვას სწავლობენო.
ამ დროს თითქმის უძინარი სუსეტა შევიდა „თეთრი ირმის სასახლის“ გაკვეთილების დარბაზში და ძალიან გაოცდა რომ იქ არავინ დახვდა.
– პოეტმა ბავშვები ბაღში გაიყვანა ქალბატონო – ჩაილაპარაკა მოსამსახურე გოგონამ და სუსეტას წინ ნაზი რევერანსით ჩაიმუხლა.
ქალბატონი ფანჯარას მიუახლოვდა და ბაღში მხტომიარე ჰოლდერლინი და საკუთარი ბავშვები რომ დაინახა უეცრად გადაიკისკისა.
ეტყობა სიცილის ხმა მისწვდა მწვანე კორომებს და ჰოლდერლინი შემოტრიალდა, ფანჯრიდან მომზირალი სუსეტა რომ დაინახა, ხელი დაუქნია. სუსეტას გული აუფართხალდა, თვალები ცრემლით აევსო და ასევე ხელი დაუქნია პასუხად პოეტს, შემდეგ შემოტრიალდა და სკამზე ჩამოჯდა.
მაგიდაზე მის წინ ჰოლდერლინის მწვანე რვეული იდო. „თეთრი ირმის“ ქალბატონს ამ რვეულის გადაფურცვლა მოუნდა. „რას სჩადი, როგორ შეიძლება?“-უთხრა საკუთრმა გონებამ. „ალბათ ბავშვების ნიშნები აქვს ჩანიშნული და რა მოხდა რომ ვნახო“-უპასუხა გულმა და რვეული გადაიფურცლა.
პირველ გვერდზე შავი ტუშით დახატული ქალის ტორსი შენიშნა და იმან გააოცა რომ ეს ტორსი რატომღაც საკუთარ სხეულად მიიჩნია. „დამხატა? როგორ გაბედა…“-გაიფიქრა მყისვე და წარწერას წააწყდა. „დიოტიმა“ („DIOTIMA“)- ამოიკითხა და ეჭვებმაც კი შეიპყრო. გადაფურცლა მეორე ფურცელი და მის მარჯვენა ზედა ბოლოში ქალის ტუშით შესრულებულ სახეს მოჰკრა თვალი, საოცრად მიიმსგავსა სუსეტამ ეს პორტრეტი და ტანში უცნაურმა შეკრთომამ დაუარა – „ეს მე ვარ დიოტიმა?“ გაიფიქრა მან და მწვანე რვეულში ჩამალულ კალამს ნატიფი თითებით წააწყდა. კალამმა თითი სისხლისფერი მელნით გაუსვარა, სუსეტამ იგრძნო რომ თუ რაიმეს არ ჩაწერდა ამ მწვანე რვეულში შემდეგ დაიტანჯებოდა და მშვენიერო ასოების გამოყვანით რამოდენიმე წინადადებისაგან შემდგარი მთელი აბზაცი შექმნა.

***
ჰოლდერლინი შინ გამძაფრებული გულისცემით დაბრუნდა, ღვინო დაისხა, შეწუხებული სახით, რადგანაც იმას ისხენებდა რომ გონტარების სახლიდან მხოლოდ ბავშვებმა გამოაცილეს და თავად ქალბატონი არსად სჩანდა. ნუთუ მისმა პირველმა წერილმა ითამაშა ყორნის როლი მათ ურთიერთობაში და სუსეტა დააფრთხო? არაფერი იცოდა. იგი უგულოდ იჯდა და ცდილობდა აზრებისათვის თავი მოეყარა, რათა მწვანე რვეული გადაეშალა და დაწყებული ნაწარმოები გაეგრძელებინა. მას აქამდე მრავალი ნაწარმოები ჰქონდა დაუმთავრებელი, მუზა ყოველთვის თუ არა ხშირად შუა გზიდან უსხლტებოდა. იქნებ ასეც მოხდა დღესაც? იქნებ სჯობს რომ დაფლითოს მწვანე რვეული ან ბუხარში შეაგდოს იგი?
აი ბუხარიც აანთო, ცეცხლი ააგიზგიზა, მწვანე რვეული ხელში აიღო და ბუხრის წინ ჩამოჯდა. „აი ეხლა შევაგდებ და დაინთქას ეს რვეული ყველაზე მაგიურ სტიქიაში – ცეცხლში, რათა მხოლოდ ცეცხლის სულებმა წაიკითხონ იგი“ – გაიფიქრა ჰოლდერლინმა და ცეცხლმოდებულ არყის ხის მსხვილ ჯირკს მიაშტერდა, და რატომღაც სუსეტას თვალები წარმოუდგა წინ. „თეთრი ირმის“ მბრძანებელი ქალბატონი, ძველბერძნულ კამეაზე გამოსახულ ქალს რომ წააგავდა თავისი სპილოსძვლისფერი სხეულითა და ატმისფერი ღაწვებით, მუქი ლურჯი თვალებით შეჰყურებდა მას და მშვენიერ ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა.
ჰოლდერლინმა რვეული ბუხარში შესაგდებად მოიმარჯვა და სუსეტას სახეც გაქრა იმწამსვე. „შევადგებ, დავწვავ, შემდეგ წავალ და მეჯინიბედ ვიმუშავებ, ერთხელაც აღარ გავეკარები კალამს და მეცნიერებას, ეჰ მეგობრებო, სად თქვენ და სად მე, თქვენ დიდ სიმაღლეებზე ახვალთ, მე კი გავქრები ამ ცეცხლში…ან კი რა მინდა ამ უგულო სიმაღლეებზე…“ გაიფიქრა მან და მწვანე რვეული უხეშად დაგორგლა რომ ცეცხლის ყველაზე მოგიზგიზე ნაღვერდალში შეესროლა.

***
ეჰ, მეგობრებოო, რომ ამბობდა ჰოლდერლინი მარტო გოეთეს არ გულისხმობდა, რომლის გულისთვისაც მან გამომცემელ ჰერ რაინიკეს თავი კინაღამ გაუჭეჭყა, ამ რამოდენიმე დღის წინათ. მას გოეთეზე უფრო გულითადი მეგობრებიც ყავდა და მათ შორის, თანაკლასელი გეორგ ჰეგელი გამოირჩეოდა, რომელთანაც გაცხოველებული მიმოწერაც ქონდა ბოლო პერიოდში, რადგანაც ამ უკანასკნელმა თავისი თავის ფილოსოფიისათვის მიძღვნა გადაწყვიტა და ჰოლდერლინის თვალში ამის გამო დიდად ამაღლდა.
ჰეგელის გვერდით ჰოლდერლინი ერთხანს ფილოსოფიით თავადაც დაავადდა და ჰერაკლიტე ეფესელის შრომებში გადავარდა. „ყველა ელემენტი ერთთდება ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის გამო“ – ეუბნებოდა იგი ჰეგელს და ისინი დიდხანს კამათობდნენ, ანაქსიმანდრეს, ჰერაკლიტეს და დიოგენეს სიბრძნის მეტყველებაზე.
მაგრამ ჰოლდერლინმა მიატოვა ფილოსოფია. ჰერაკლიტეს შრომებში მან უფრო მეტი ტირილი და კვნესა დაინახა ვიდრე ღიმილი და სიხარული, ამიტომაც მზესთან თანაზიარს, გერმანული ლექსისაკენ გაუწია გულმა.

***
აი ეხლა ზის ჰოლდერლინი ბუხართან, ხელში დახვეული მწვანე რვეული უჭირავს, უნდოდა შეეგდო იგი ბუხარში როგორც ჩანს, მაგრამ ხელი ჩამოვარდნია დაბლა და უმწეოდ დაკიდებულა. ვერ მიიყვანა გადაწყვეტილება ბოლომდე? მოეჩვენა რომ სუსეტა შემოვიდა მის პატარა ოთახში, გამოქანდაკებულ აფროდიტას ჰგავდა და თვალებით უღიმოდა პოეტს.
„ეს სუსეტა კი არა მოჩვენებაა, ხომ არ ვგიჟდები? დიოტიმა აქ არ მოვა…“- გაიფიქრა ჰოლდერლინმა, სუსეტა უმალ გაქრა და პოეტმა აღმოაჩინა რომ მწვანე რვეული უკვე ბუხარში ეგდო და ალი მოკიდებოდა.
„როდის შევაგდე, ჰა, დამივარდა ალბათ, უნდა გადავიკითხო ერთხელ კიდევ“-გაიფიქრა ჰოლდერლინმა და ბუხარში შევარდა, მწვანე რვეულის ყდა იწვოდა – „აი აასე დაიფერფლება ჰოლდერლინის გული“-გაიფიქრა მყისვე და ჰერაკლიტე ეფესელს შეადარა თავი – „არ მინდა მტირალი ფილოსოფოსი მერქვას…“ კვლავ მოაწვა აზრები პოეტს და ცოტა ხანში იგი თავის სავარძელში იჯდა, ყდამომწვარი მწვანე რვეული მუხლებზე ედო და დაჰყურებდა.
„გადავიკითხავ და შემდეგ დავწვავ“- გაიფიქრა მან, შემდეგ ფრთხილად გადაშალა მწვანე ადგილ-ადგილ დამწვარი ყდა და გაოცდა – მისივე რვეულში უცხო, მშვენიერი ხელით შესრულებულ ნაწერს მოჰკრა თვალი.
– ეს რა ჯადოქრობაა, საიდან მოვიდა იგი ჩემს რვეულში? -იკითხა ხმამაღლა ჰონდერლინმა და ამ დროს ზურგზე, ელფი რომ შემოჯდომოდა ან პაწაწინა მწვანე კაცუნა გამოსულიყო ბუხრიდან და რაიმე ეთქვა არ გაუკვირდებოდა.
დუმილი იყო ოთახში, შემდეგ ტრაქტირის მესაკუთრე ბატონის ხვრინვის ხმა გაისმა მეორე სართულიდან, რასაც მისი ცოლის წყევლა მოჰყვა, უეცრად ჰოლდერლინი გამოერკვა და უცხო ჩანაწერის წაკითხვა მოინდომა, მაგრამ უეცრად იგრძნო რომ თვალისჩინი დაჰკლებოდა. ასე ადრეც მოსდიოდა პოეტს დიდი მღელვარების ჟამს. როდესაც ბოლო დუელის დროს ჩახმახის გამოჰკვრა დააპირა, სწორედ მაშინაც უეცრად დააკლდა მხედველობა პოეტს, რის გამოც ინგლისური დამბაჩა ზევით ასწია და დემონსტრატიულად ცაში გაისროლა. ეხლაც ვერაფერს არჩევდა, საჭირო იყო დღის შუქი, მაგრამ გათენებამდე ვერ მოითმენდა, ამიტომაც ჰონდერლინი ჭრაჭუნა კიბეებზე სწრაფად დაეშვა და „ღამის გუშაგთა ტრაქტირისკენ“ გაქანდა, რადგანაც იქ დილამდე ქეიფობდნენ ბიურგერები და იქაურობა სინათლესა და მხირულებას მოეცვა.
– ფრიდრიხ ჰოლდერლინი მოვიდა, დილამდე გავერთობით გოგოებო – შეჰყვირა ერთ-ერთმა ფროილაინმა და პოეტს ახლოს მიეჭრა.
– გამარჯობა ძვირფასო, მოდი უეცრად წამიკითხე რა წერია აქ – თქვა ჰოლდერლინმა და სიტყვებში იმგვარი ენერგია ჩააქსოვა რომ გოგონამ რვეული გადაშალა და ჰონდერლინს სხაპა-სხუპით წაუკითხა:
– „ბატონო ჰოლდერლინ, უჩინარი ბრძოლა მიდის ეხლა თქვენში, მე ვგრძნობ რომ ამ ბრძოლის უნებური დამნაშავე და იქნებ მსხვერპლიც მე ვარ. თქვენ აღძარით სიხარულის თუ გნებავთ ახალი განცდა ჩემში, მაგრამ სად მიგვიყვანს იგი? თქვენ უნდა შეიარაღდეთ იმ ქრისტიანული იარაღით, რომელსაც ქვია დათმობა. დასთმეთ და გაიმარჯვეთ ამ უხილავ ბრძოლაში რომელსაც უხორცო და უხილავი მტრები, ხორციელი გულისთქმები, ბოროტი და კაცთმოძულე დემონები ეწევიან ჩვენს წინააღმდეგ. უფალს ვთხოვ რომ მოგანიჭოთ დიდი რწმენა და სიყვარული, რომელიც კეთილი საქმეებით გამოიხატება. თქვენი უდიდესი ნიჭისა და ინტელექტის თაყვანისმცემელი – სუსეტა დე გონტარი“

***
ჰოლდერლინი დილამდე ფრანკფურტის ქუჩებში დაეხეტებოდა და ცის კაბადონზე ამოსულ ვარსკვლავს მიჰყვებოდა. მას საშინლად სძულდა საკუთარი თავი და ის ვნებები, რომელიც ამ პატიოსანი ქალის მიმართ აღეძრა. გამთენიისას გადაწყვიტა რომ გონტარებთან აღარ მისულიყო და ქალაქი დაეტოვებინა…
დილასვე აიბარგა, 10 საათის დილიჟანსში მოთავსდა ფანჯარასთან და მშობლიური ნეკერისაკენ აიღო გეზი, მაგრამ როდესაც დილიჟანსი ქალაქის ფართო გალავანს ვერცხლის კარიბჭით ტოვებდა, ჰოლდერლინი მიხვდა რომ სუსეტასათვის ერთხელ კიდევ უნდა შეეხედა და დილიჟანსიც გაჩერდა.
ჰოლდერლინი ფეხით დაბრუნდა სახლში, დამტვერილი ტანისამოსი გამოიცვალა და „თეთრი ირმისაკენ“ გაემართა.

***
პატარა ჰენრიმ ფეხი იღრძო და ექიმმა მიულერმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერა. ბავშვი წოლით რეჟიმს რომ არ დასჯერდა დედამ -სუსეტა გონტარმა მას იადონი აუჩუქა ოქროს გალიით, ამ დროს ჰოლდერლინიც მოუახლოვდა „თეთრი ირმის“ სასახლეს და მას საბავშვო ოთახში უხმეს.
პოეტი წუთი-წუთზე გამოჩნდებოდა ჰენრისთან და ამიტომაც სუსეტა უეცრად აფორიაქდა, საქმიანობა მოიმიზეზა და კამერდინერების ფარული კიბით გადაწყვიტა თავის სართულზე ჩასვლა.
– დედიკო რატომ არ გინდა ჰერრ ჰოლდერლინის ნახვა,- იკითხა გაოცებულმა ჰენრიმ და აფორიაქებულ სუსეტას თითებზე ეამბორა.
– პირიქით, მინდა კიდევაც შენი მასწავლებლის ნახვა, მაგრამ ეხლა დრო არ მაქვს ჰენრი, შემდეგ დაველაპარაკები – თქვა სუსეტამს და ბავშის ხელი რომ მოიშორა, უეცრად აფროდიტასავით მშვენიერმა და ქალღმერთ დიანასავით მსუბუქმა თითქმის ნახტომებით გაიარა შემოსასვლელი, გაკვირვებულ და საწოლზე ჩამომჯდარ ჰენრის თვალი ჩაუკრა და უკანა კარში , კაბის შრიალით, გაუჩინარდა.
მაგრამ როგორც ამბობენ, თუ ბედია, საბედოს საკვამურ მილში შეგახვედრებსო, ისე მოხდა. როდესაც ჰონდერლინი შემოვიდა სასახლის შესასვლელში, მას გზა რამოდენიმე მსახურმა გადაუღობა. საპარადე შესასვლელის თეთრ მარმარილოს, ჩვეულებრისამებრ, ფლამანდიაში მოქსოვილი, წითელი ხალიჩა ამკობდა, თურმე თავად ქალბატონმა გონტარმა გასცა წუხელ ბრძანება, ხალიჩის გამზეურების შესახებ. მსახურებს უხაროდათ რომ სუსეტას ბრძანებას სწრაფად აღასრულებდნენ, რადგანაც ფრანკფურტის თავზე ოქროსფერი მზე გამეფდა. მზე შემოიჭრა ყველგან, საკუჭნაოებშიც, სათავსოებშიც და სისუფთავის მოყვარულ ფრანკფურტელებს, მათი ნივთების გამზეურების სურვილი გაუღვიძა.
– კი მაგრამ როგორ ავიდე ჩემს მოსწავლესთან? – იკითხა ჰოლდერლინმა, რომელსაც ხელში დიდი რვეული და ორიოდე სქელტანიანი, მდიდრულად ილუსტრირებული წიგნი ეჭირა.
– ბატონო ჰოლდერლინ, სანამ ყველა საბჯენს არ ავაძრობთ იქნებ დაგველოდოთ და ეხლავე ათ წუთში გაგანთავისუფლებთ, ანუ კიბეზე აგიშვებთ, ან თუ გნებავთ, კამერდინერების მცირე კარით აბრძანდით, პირდაპირ ბატონ ჰენრისთან მიემართება ეს კიბე, მხოლოდ ერთი დაბრკოლებაა – მოახსენა პოეტს ერთმა მსახურმა და სიცილი ძლივს შეიკავა.
– რა დაბრკოლებაა, ბრძანეთ …- ნიკაბი აუთთრთოლდა და ლოყები აუწითლდა ჰოლდერლინს, კიბე მოათვალიერა იმ იმედით რომ ქალღმერთის რაიმე კვალს შენიშნავდა.
– მომიტევეთ, მაგრამ თუ გაეტევით, რადგანაც თქვენ ექვი ფუტის სიმაღლე გაქვთ, ხოლო კამერდინერები ჩვეულებრივ ხუთ ფუტსაც ვერ აღწევენ- მსახურმა პირი დააღო და პასუხის მოლოდინში პოეტი აათვალიერ ჩაათვალიერა.
– რა გაეწყობა – შესძახა ჰოლდერლინმა და პირდაპირ იქით გაიქცა, საითაც კამერდინერების კიბის კარი ეგულებოდა.

***
კიბეს ოცდაცამეტი საფეხური და სპირალის ფორმა ჰქონდაო ამბობენ „თეთრი ირმის“ სასახლის მოტრფიალენი. კიბის საწყისი ნიშა მართლაც ვიწრო გამოდგა ჰოლდერლინისათვის და იგი მიხვდა რომ კამერდინერი, ვისთვისაც დააპროექტეს აღნიშნული გასასვლელი, აუცილებლად ხუთ ფუტზე დაბალი უნდა ყოფილიყო და გაბრაზდა. ფრანგული რევოლუციითა და ადამიანების თანასწორუფლებიანობის იდეით გულავსებული პოეტი უეცრად ჩაფიქრდა იმ ადამიანთა ბედზე, რომელთა სიმაღლე და სიგანე ამ კიბის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. „ეჰჰ, ცოცხალი მკვდრები“ – გაიფიქრა ჰოლდერლინმა და სუსტად განათებულ კიბეს ნელა აუყვა. მისი ახლომხედველი თვალები არც თუ კარგად არჩევდნენ გზას ამ გამოქვაბულის მსგავს ტუნელში. „თხუნელას ბუდეა“-გაიაზრა პოეტმა.
უეცრად ზევიდანაც მოისმა კარის გაღების ხმა და სინათლის სხივი შემოიჭრა. ვიღაცის ჩრდილი გამოჩნდა კიბის თეთრად შეღებილ კედელზე. „მსახურია, კი მაგრამ როგორ ჩამივლის?“ – გაიკვირვა პოეტმა და კვლავ გააგრძელა აღმასვლა. ესმოდა პოეტს, თუ როგორი სიმსუბუქით ჩამორბოდა ეს „ვიღაც“ კიბეზე და მაშინ დაასკვნა რომ რამოდენიმე წამში ალბათ რომელიმე ბავშვს შეეყრებოდა…
უეცრად, ზემო სართულიდან ხტუნვა-ხტუნვით დაშვებული „ბავშვი“ თავჩაღუნული ჰოლდერლინის წინ შეჩერდა, ეხლა პოეტს, მხოლოდ მისი სუნთქვა და გაკვირვების ამოძახილი ჩაესმა ყურს და პოეტმაც თავის ასწია, მაგრამ მის წინ მხოლოდ მუქი სილუეტი დაინახა და მობერილი საოცარი არომატი ჩაისუნთქა
– თქვენ? თქვენ აქ რა გინდათ? – მაღალ მხატვრული ამოძახილით ჩაილაპარაკა სილუეტმაც და ჰოლდერლინი ისე შეხტა, თითქოს აპოკალიპთური დარტყმა მიაყენესო. პოეტის სულმა შეიგრძნო, ნაოცნებარი ახლობელი სულის მოახლოვება, ხოლო მისმა უნაკლო სმენამ, ეს მუსიკალური ხმა, ყველა სხვა ხმისაგან გამოარჩია.
– ეს თქვენ ხართ ფრაუ გონტარ? – თვალები აენთო ჰოლდერლინს და სუსეტამ გაიფიქრა „ცეცხლოვანი მზერა, აი ვის ჰქონია“.
– დიას მე გახლავართ….გამატარებთ? – აუთრთოლდა ხმა „თეთრი ირმის“ ქალბატონს და ჰოლდერლინს კიდევ ერთი საფეხურით მიუახლოვდა, ეხლა სუსეტა გონტარი სამი საფეხურით უფრო მაღლა იდგა ვიდრე ჰოლდერლინი, ხოლო მათი სახეები ერთმანეთს ამის გამო დაუახლოვდნენ. პოეტი, ქალის გახშირებულ სუნთქვასა და საგულედან ამოვარდნილი გულის ბაგ-ბუგს გძნობდა, ქალბატონ გონტარსაც უბრწყინავდა თვალები და მისი ტუჩები საოცარ სურნელებას აფრქვევდნენ.
– როგორ გაგატაროთ, როცა….ასეთი სივიწროვეა … ჩაილაპარაკა ჰოლდერლინმა და იგრძნო რომ სუსეტა დე გონტარი კიდევ ერთი საფეხუროთ მიუახლოვდა მას და საკუთარი ვნებათა მოზღვავებისაგან შეშინებულმა პოეტმა მის წინაშე ჩაიმუხლა, უფრო სწორად დაიჩოქა და მუხლებზე ხელი შემოჰხვია სუსეტას….ცოტა ხანს ასე იდგნენ, ორივე თვალდახუჭული…არც ერთს განძრევა და არსებული მდგომარეობის დარღვევა არ სურდა, მაგრამ როდემდე?
– თქვენ ჩემი ქალღმერთი ხართ, მე თქვენ გეკუთვნით – ჩაილაპარაკა ჰოლდერლინმა და დე გონტარის კაბის კალთებს ეამბორა, მისი ცხელი კოცნა სუსეტას მუხლის თავებს მისწვდა, ქალი დაბარბაცდა და გონებაში გაუარა აზრმა „არ ვიმსახურებ მის დაჩოქებას…უნდა წამოვაყენო…“ და გაშლილი ხელისგულები ხშირ, წაბლისფერ თმებში შეუცურა ჰოლდერლინს, ეხლა პოეტმაც მიიღო თრობის დიდი დოზა და რაც უფრო მეტად ეფერებოდა სუსეტა მის თმებს ჰოლდერლინი ნელ ნელა შებოჭილობისაგან თავისუფლდებოდა…
– ნუთუ ეს სიყვარულის კიბეა – ჩაილაპარაკა უეცრად სუსეტამ და თითქოს ვულკანმა ამოხეთქაო, ჰოლდერლინი, ქალის ჩურჩულით აღტკინებული ფეხზე წამოდგა და სუსეტას მაღალ, გრაციოზულ ყელს მისწვდა. ქალი ჩურჩულებდა ხოლო პოეტი მგზნებარეთ კოცნიდა მის მკერდსა და მაღალ ყელს, სითეთრით რომ ანათებდა და მნახველის თვალსა და გონებას იმწამსვე იპყრობდა.
– ჩემო ქალღმერთო, თქვენ სწორად ბრძანეთ, ეს სიყვარულის კიბეა – ამბობდა ჰოლდერლინი და ქალის ტუჩებისკენ გულმხურვალედ მიიკვლევდა, ვნებიანი კოცნით უხვად შემზადებულ გზას.
– მე ეს პატივი რისთვის მერგო, ასეთი რამ მიუწვდომელი მოსჩანდა… – კითხულობდა ათრთოლებული და გაოცებული სუსეტა დე გონტარი, და ამ ფრაზით კიდევ უფრო გამხნევებულ ფრიდრიხ ჰოლდერლინს ისღა შეეძლო მოეხერხებინა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნებით დაეკოცნა ქალბატონის თვალები, წარბები, შუბლი და საბოლოოდ მისი სურნელოვანი, სიყვარულს მოწყურებული, მწიფე ატამივით ტუჩები მრავალრიცხოვანი ამბორით მოეთენთა…
– ჩემო ანგელოზო, ჩემო ქალღმეთო, ჩემო დიოტიმავ, მე თქვენი ვარ სამარადისოდ-მთვრალივით ჩურჩულებდა ჰოლდერლინი და გათანგულ ქალბატონ გონტარს იხუტებდა…
– მე ვარ დიოტიმა… მე..? – გაღიმებული, ოცნებიდან გამორკვეული თუ ზღაპრულ სამყაროში გასამგზავრებლად მომზადებული ამბობდა, თვალდახუჭული სუსეტა დე გონტარი და არც კი უწყოდა, ის რაც ახლა ხდებოდა მის თავს, სიზმარი იყო თუ ცხადი…

***
ის რაც თავიდან მიუწვდომელი მოსჩანდა, ეხლა დაუოკებელ ვნებად იქცა, ვნებად ერთიმეორეს ნახვისა და ერთარსებად ქცევიას. სიყვარული განვითარდა წერილებით, რომელთა რაოდენობამ უეცრად იმატა, რადგანაც გაათმაგდა ერთიმოერესთვის სათქმელი და მოსაყოლი.
სუსეტა გონტარისათვის სიყვარული, თვითდამკვიდრებისა და განვითარების მეთოდია. ამ ფენომენს, მხოლოდ მან მიაგნო, მისი ბრძნული წერილები, სამყაროს მისეული გასაღებია, რადგანაც თავად სიყვარულია სამყარო, რომელმაც მოიცვა ყოველი, ამ ქალის ირგვლივ. სიყვარულმა როგორც ხედვის გარკვეულმა ფენომენმა „თეთრი ირემი“, მისი გარე ქუჩები, ქალაქი და შემდეგ ქვეყანა, დაიპყრო და დაიგულა.
ჰოლდერლინისათვის სიყვარული, არის მუზა, რომელიც არა თავს ზემოთ დაფარფატებს არამედ მკერდში ჩაეხვევა და ჩაეკონება, მუხლებზე ჩამოუჯდება, თვალებში უყურებს, ტუჩებს უკოცნის და კალამს, მასთან ერთად კიდებს ხელს, რათა სწრაფად დაწეროს მოვარდნილი აზრი და შემდეგ კვლავაც სიყვარულს მიეცეს.
***
პატარა ჰენრის, ორი კვირა ამყოფებდნენ წოლით რეჟიმში, რათა გაკვეთილები ისევ მის საძინებელში ჩაეტარებინა ჰოლდერლინს. ათასგვარ რამეს იგონებდა სუსეტა დე გონტარი, იმისათვის რომ საპარადე კიბიდან არ ამოსულიყო პოეტი. სასახლის შემოსასვლელში შემოსული ჰოლდერლინი პირდაპირ კამერდინერის კიბით სარგებლობდა და ჰენრისთან ადიოდა, შემდეგ ჩამოდიოდა და სიყვარულით დამთვრალი მიუყვებოდა სასახლის ბაღს.
პოეტის კიბეზე ასვლისას ხომ ხვდებოდნენ ერთმანეთს? მაგრამ ყოველი წამს უბრთხილდებოდნენ და სათქმელს წერილებით აწვდიდნენ ერთურთს. ტუჩებს ერთმანეთს რომ შეაწებებდნენ, სულ რაღაც ხუთი წუთი ჰქონდათ იცოდნენ და ამიტომაც, სპირალურ კიბეზე სიყვარულს დიდი დინამიურობა და ფართო გასაქანი არ ქონია, რასაც ორივე განიცდიდნენ.
როდესაც ჰოლდერლინი ჰენრის დაემშვიდობებოდა, მას საპარადე კიბით უწევდა დაბლა ჩამოსვლა, ამ დროს სუსეტაც იქვე იდგა და, თვალებში გამოხატული სიყვარულის ცეცხლით სწვავდა პოეტის გულსა და მის გონებას. ჰოლდერლინი თვალს-თვალში გაუყრიდა სუსეტას და ისე ჩადიოდა, მარმარილოს კიბეზე, მაგრამ სიტყვას არცერთი სძრავდა, რადგანაც სასახლეს ქონდა განსაკუთრებული და უცნაური ექო, ასევე ოპერისათვის დამახასიათებელი აკუსტიკა – იტალიელი არქიტექტორის დაგეგმილი და განხორციელებული.
სასახლე იყო მართლაც საპარადე, საკარნავალო, სააღლუმო და სამეჯლისო. გათვალისწინებული ოფიციალური შეხვედრებისათვის თუ პრინცებისა და კრონ-პრინცების საპატივცემულო ვახშმებისათვის. მისი თეთრი და ვერცხილსფერი დარბაზები არ ითვალისწინებდა, ამგვარ მოპარულ სიყვარულს.
სუსეტაც გრძნობდა ამას, მაგრამ რადგანაც სიყვარულმა გააღვიძა იგი ერთ ღამეს და აღარ დააძინა, მთვარიან ღამეში გასეირნებამაც ვეღარ უშველა, იგი იმ დასკვნამდე მივიდა რომ ჰოლდერლინთან ერთად ამერიკაში უნდა გაქცეულიყო.
დილას როდესაც ჰოლდერლინის მშვენიერ ბაგეებს დაეწაფა და ხელში პოეტს თავისი წერილი ჩაუდო – სუსეტამ ხუთი წუთის ნაცვლად მთელი ათი წუთი მოითხოვა სიყვარულის ქალღმერთისაგან. შემდეგ მთელი ღამე კვლავ არ ეძინა და მომავალ დილას, მისმა ეროსმა, უკვე თორმეტი წუთი შეაფერხა გახარებული ჰოლდერლინი კამერდინერის მცირე და ამავე დროს სპირალურ კიბეზე.
სიტუაცია მოითხოვდა გარკვეულ სიახლეს, რომელიც შეყვარებულებს ერთმანეთისაკენ გზას გაუხსნიდა.

***
ჰენრი და მისი დაიკოები ისე მიეჩვივნენ ამ კაცს რომ, ჰოლდერლინის დანახვისას, სიხარულით და ბავშვური ჟღურტულით ეხვეოდნენ მას. გოგონები ყვავილებისაგან გვირგვინებს უბწნავდნენ და თმებს ურთავდნენ პოეტს, ხოლო ჰენრი და იქვე მდგარი ვბენისაგან ფერმიხდილი ბავშვების დედა საუკეთესო პარიზულ შოკოლადებსა და ინგლისურ კაკაოს, ამსტერდამულ ნაყინს, სტამბულის ფახლავებს, ესპანურ ქადებს, სურნელოვან შოტლანდიურ კექსებს, არაბულ მურაბებს და გერმანული ყველის ასორტს თავისი ხელით ალაგებდნენ მწვანე მოლზე, „თეთრი ირმის“ სასახლის აღმოსავლეთ ფლიგელის უკან და „საუკეთესო პიკნიკისათვის“ ემზადებოდნენ, სადაც ჰენრის თავისი პირველი ლექსი უნდა გამოემზაურებინა.
– საუკეთესო პიკნიკი გვექნება დღეს, საუკეთესო – დახტოდა ამალია, მოლზე წამოწოლილ ჰონდერლინისა და მის წინააღმდეგ, ბალახზე მჯდარი სუსეტას გარშემო. დედიკო კაკაოს უსხამდა ჰოლდერლინს მოცინარი სახით, პოეტი კი მის მირთმეულ მადრიდულ ნამცხვარს მიირთმევდა და ქაღალდზე რაღაცას გამალებული წერდა.
– ჩვენი ჰენრი ლექსებს წაიკითხავს? – კითხულობდა ჰენრიეტა და მას ამალია პასუხობდა:
– ჰენრი ლექსს მე მიძღვნის, რატომ არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ მე ….-ბავშვი გახარებული ტიკ-ტიკებდა და დახტოდა
– ჰენრი, ჯერ კაკაო მიირთვი, ხმა დაგეწმინდება და შემდეგ მოგვახსენე შენი ლექსი – ამბობდა სუსეტა და თავჩაღუნული გახედავდა ჰოლდერლინს, რომელმაც რაღაც ნაწარმოები შექმნა თითქოს.
– ჩუმად წაიკითხეთ თუ შეიძლება ჩემო ქალბატონო, მიმართა ჰოლდერლინმა და სუსეტას სწრაფად ახალი დაწერილი ლექსი გადასცა, სუსეტას სახეზე ვარდისფერმა გადაურბინა, მან სევდიანი სახით ჩაიკითხა ჰოლდერლინის ლექსი, კინაღამ ცრემლები ჩამოსცვივდა და თვალები ზეაღაპყრო, ზეცას ახედა და ცოტა ხანს იჯდა ასე გარინდებული.
– ელინურ ქალღმერთს გადარებთ ჩემო ქალბატონო – თქვა ჰოლდერლინმა
– დედა წაგვიკითხე რა დაწერა მასწავლებელმა – თქვა ჰენრიმ და მასწავლებელს სიყვარულით სავსე თვალები შეანათა.
– წაუკითხო, ნებას მრთავთ? – იკიტხა სუსეტა დე გონტარმა თავის აუდიტორიას, ყველამ, მათ შორის ამალიამაც თავი დააქნია და სუსეტამ ვნებიანი ხმით დაიწყო:
– „მდინარესთან გალობს ქალი,
სიყვარულით გული უკრთის,
მის მშვენიერ ცისფერ თვალებს,
თვალჭრელა პეპელა უმზერს…
სიყვარულზე გალობს ქალი,
და მას მწყემსი ერთი ეტრფის….
გაუშალა ქარმა თმები,
საიდუმლოს უმხელს ვერვისს…“
„ცისფერი თვალების“ ხსენებაზე აუთრთოლდა ხმა სუსეტა გონტარს, ჰოლდერლინს სევდიანად გახედა. როდესაც „საიდუმლო“ ახსენა, მაშინ ლექსის თქმაც შეწყვიტა და ყველანი მოლზე გაშლილ სუფრასთან მიიწვია. ამ დროს ფლიგელის კარები გაიღო და ბანკირის ჩაფსკვნილი სხეული გამოჩნდა, მუქ-ლურჯ ფრაკში გამოწყობილი იაკობ გონტარი მათკენ მოდიოდა და ბავშვებს სახელებით უძახოდა. ბავშვებიც მამისკენ გაიქცნენ, მხოლოდ ჰენრი დარჩა დედასთან და მასწავლებელთან. ბანკირი კი დიდებული ნაბიჯებით მოდიოდა მათკენ და, ჰოდერლინი მის შესახვედრად ფეხზე წამოდგა.
– როგორ ხართ ჰერ ჰოლდერლინ, ხომ კარგად ბრძანდებით? – იკითხა ბანკირმა და მაგრად ჩამოართვა ხელი პოეტს
– დიახ, ბატონო გონტარ, მადლობელი ვარ. ბავშვები არაჩვეულებრივები გყავთ, მეუღლე თქვენი ყველანაირად გვეხმარება, რომ სულიერი მხარე გავინვითაროთ და ძველი ელინების მსგავსად ჰარმონიულად გავანვითაროთ სული და გონება. – თქვა ჰოლდერლინმა.
– დიახ , სუსეტა არაჩვეულებრივი მასწავლებელია თავად, დიდი მადლობა ბატონო ჰოლდერლინ. თქვენი დამსახურება დიდია ჩემი ბავშვების ჰარმონიულ განვითარებაში მართლაც – თქვა ბაკირმა და ცოლს შეხედა, რომელსაც რაღაც სათქმელი ჰქონდა და თავს იკავებდა თითქოს.
– ბატონი ჰოლდერლინი, შორიდან მობრძანდება ჩვენთან და მინდოდა მეთქვა იაკობ თქვენთვის – „თეთრ ირემში“, ხომ არ დავასახლოთ პოეტი, რათა გზაში და ბინაში დრო აღარ დახარჯოს – თქვა სუსეტამ და ქმარს თავისი ლურჯი კამკამა თვალები, მკაცრი მზერით შეანათა.
– რა თქმა უნდა ჩემო ძვირფასო, ეს აზრი როგორ არ მოგვივიდა თავიდანვე, საკვირველია. თუ არ იქნებით წინააღმდეგი ჰერ ჰოლდერლინ, იქნებ მართლაც ჩვენთან გადმოხვიდეთ, „პალაციო -თეთრი ირემი“ დიდად გაიხარებს თქვენი აქ დასახლებით – კმაყოფილი და ძლიერი ბანკირი სიტყვა „პალაციოს“ მეტისმეტად ამაყად გამოთქვამდა მუდამ, რადგანაც მან, გერმანელ ბიურგერებს და არისტორკატებს შორის, ყველაზე საარაკო სილამაზის სასახლე მიუძღვნა თავის სიყვარულს, მეუღლესა და მეგობარს, -სუსეტას გონტარს.
– დიახ ჩემო ბატონო იაკობ, მადლობთ, შემოთავაზებისათვის, ერთ კვირაში შევძლებ თქვენს სასახლეში გადმოსვლას. – თქვა ჰოლდერლინმა და ბანკირს თავი დაუკრა.

***
„პალაციო – თეთრი ირმის“ შინაგანი გარემო, ოდნავ მკაცრი და სუსხიანი ეჩვენა პოეტს. მას დასავლეთის ფლიგელში შეუქმნეს პოეტური ბუდე, მისცეს სამი ოთახი: საძინებელი, სასტუმრო და კაბინეტი თავისი აივნით. კაბინეტში უამრავი ნივთი შეზიდეს და მრავალი სუვენირი კედლებზე დაჰკიდეს. „დანაწილებული და დასერილი გერმანია – რუქა კი არა პოემაა“-გაიფიქრა პოეტმა როდესაც კაბინეტში, გერმანული სამთავროების და მათ შორის ვაიმარის რესპუბლიკის პოლიტიკურ და ფიზიკურ რუქებს მოჰკრა თვალი. აქ იყო გონტარების საგვერეულო ჰერალდიკა – ფრანგული ღერბები და შემდეგ მათი გერმანული სახესხვაობა, იმ მოვლენის ხაზგასასმელად, რომ გონტარები ალემანებთან, სწორედ გრენობლიდან მოვიდნენ. „ამაყობენ თავიანთი ფრანგული წარმოშობით, მე კი ჟრუანტელს მგვრის ჩემი გერმანია“- გაუელვა გონებაში ფრიდრიხ ჰოლდერლინს, ვიოლინო ხელთ იპყრა და დაკვრა დაიყწო.
გონტარები სასახლის აღმოსავლეთ ფლიგელში ცხოვრობდნენ, ამისთვის იყენებდნენ ხუთ დიდ ოთახს, მათ შორის ერთ-ერთი ბანკირის კაბინეტი გახლდათ. ბანკირი -იაკობ გონტარი სწორედ ამ კაბინეტიდან, გეგმავდა ევროპისა და აზიის, ლათინური ამერიკისა და განსაკუთრებით კანადის დაპყრობას.

***
ჰოლდერლინს ბევრი უფიქრია იმის შესახებ, რომ გადაკარგულიყო ამ „თეთრი ირმიდან“, რადგანაც სუსეტასთან შეხვედრა არა და არ გამოდის. ბოლო ორი თვეა, სუსეტამ ღთისმოსაობის საბურველით შეეცადა იმ ვნების დამსხვრევა, რაც მართლაც რომ ავადმყოფობად მიაჩნია, მაშინ როდესაც განმარტოებით ზის და სასახლის ულამაზეს ბაღში მოთამაშე თავის შვილებს გაჰყურებს. მაგრამ როდესაც ჰოლდერლინი გამოჩნდება ბავშვებთან, სუსეტას ნებისყოფა სანთელივით ქრება და იგი ამ კაცის გაშლილ თმებსა და მის მუდამ მოცინარ სახეს სიხარულით შეჰყურებს, მაგრამ შემდეგ გადის ოთახიდან და ჯვარცმის წინ დაეცემა, მუხლების ტკივილამდე დგას ის ქრისტეს წინაშე და ცდილობს განდევნოს ის „ელინური სიყვარულის კულტი“, რასაც მას ჰოლდერლინი უქადაგებს.
აქამდე ეტრფოდა ყველაფერს ელინურს, მაგრამ, ანტიკური ბერძნული განცდა მის ოჯახს დაუპირისპირდა. ჰოლდერლინი რაღაც ახალს თხოვს სუსეტას, ეს არის „კაშკაშა სიყვარული“, „სიყვარულში დანთქმა“, „დაფერფვლა“, „სიყვარულის სიბუექტად ქცევა“, რაც შესაძლოა რომ ის არის რასაც სუსეტა მუდამ მიელტვოდა, მაგრამ, ეხლა, უკვე ამ გრძნობას დიდი თავგანწირვა და საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა სჭირდება.
ოთხი შვილის დედაა და შეყვარებულია არა თავის ქმარზე, არამედ სახელგანთქმულ პოეტზე. ამით უკვე ყველაფერი ითქვა, თითქოს, მაგრამ განმარტებებისათვის უამრავი სივრცეა. რატომ? საიდან? როგორ? ნუ ჩავეძევით.
ამავე დროს საოცარია თავად მათი სიყვარული. მხოლოდ რამოდენიმე დღე გრძელდებოდა ის უცნაური შეხვედრები სპირალურ კიბეზე, როდესაც ჰოლდერლინს შეეძლო სუსეტას სითბო შეეგრძნო. შემდეგ ქალი ჩაიკეტა. კავშირზე გამოდის მხოლოდ თვალებით, მზერით, ლოყების ალმურით, გაფერმკრთალებით, მოწყენილობით. ფაქტია რომ სუსეტა მას გაურბის. ჰოლდერლინი გააფთრდა, მას მოეჩვენა რომ იგი შემოიტყუეს ამ სასახლეში, რომელიც იმ ცნობილი „ირმის საჩიხეს“ ადგილას იდგა, სადაც მოქალაქეები ტყის კეთილშობილ არსებებს ამწყვდევდნენ.
„ირმისა საჩიხეში ფრანგმა გონტარებმა ჩემი დიოტიმა მოიმწყვდიეს და ეხლა მისი ხორცი უნდათ იგემონ“-გაიფიქრა ჰოლდერლინმა და სასწრაფოდ წერილის შექმნას შეუდგა…

***
ბანკირმა მის მიერ დაქირავებულ დეტექტივს, დაბრძანდითო შესთავაზა, მაგრამ შავებში გამოწყობილმა უსიამვნო სახის კაცმა დაჯდომა არ ინება ისე გადასცა იაკობ გონტარს, მტრედის ფორმის მქონე, თეთრი ბარათი. ბანკირს ტანში გააჟრჟოლა, მან დეტექტივის მზერას თავი მოარიდა, იმით რომ ადგა და აივანზე გავიდა ანთებული სანთლით ხელში. შემდგე ცოლის აივანს გახედა, სანთელი სასანთლეში ჩაამაგრა და წერილის გახსნა დაიწყო. ხმამაღლა წაიკითხა პირველი წინადადება:
„ჰოლდერლინის წერილი სუსეტა-დიოტიმას
ყოველდღე უნდა ვუხმობდე ჩემს გაუჩინარებულ ქალღერთს. როდესაც ვფიქრობ დიდ ადამიანებზე და დიად დროზე, როდესაც ისინი წმინდა ცეცხლივით გავრცელდებოდნენ, და მსოფლიოს არაცოცხალს, თივასავით გამომშრალს, უსიცოცხლოს, გახევებულს, ცეცხლის ალში ბუგავდნენ, მაშინ მე, როგორც მოსიარულე სანთელი, მოვითხოვდი კიდევ ერთ წვეთ ზეთს, რათა კარგა ხანს მენათებინა დიდი ღამე – შეხედე! იქ სადღაც, შესანიშნავი თავსხმა მოდის ჩემს თავს მთელი სახსრების გავლით და ხმადაბლა ვყვირივარ ჩემთვის საშინელ სიტყვას – ც ო ც ხ ა ლ ი მ კ ვ დ რ ე ბ ი!
იცი, საიდან მოდის ის რომ, ადამიანებს ეშინიათ ერთურთის პირისპირ იმისი რომ ერთის გენია, მეორეს გამოიყენებს და ამიტომაც ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ მიიღონ საჭმელი და სასმელი და არა ის რითაც ს უ ლ ი იკვებება, და ვერ ურიგდებიან იმას რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, სხვასთან უკვე სულიერებაში გააზრებული, ცეცხლად გადაიქცევა…
…იხსენებ კი ჩვენს უზრუნველ საათებს, როდესაც ჩვენ მხოლოდ ერთმანეთისათვის ვიყავით (აქ ჰოლდერლინი ხმარობს ფრაზას unainander waren ანუ ერთურთის გარშემო)? ეს იყო ტრიუმფი! ორივე ასე თავისუფალი და ამაყი, აყვავებულნი და ფხიზელნი, გაბრწყინებულნი სულში, გულში და მზერაში, და ამგვარად ცათა სასუფეველში ერთად მყოფი. მე ეს ყოფა მაშინ დავსაჯე როცა ვთქვი რომ- კაცმა შესაძლოა დედამიწა შემოაროს და მსგავსი ვეღარ ნახოსო (ან ძალიან რთულად ნახოს). და ყოველდღე შევიგრძნობ ამას გულწრფელად…
… დიახ ასეა, ეს ჩემს ერთგულებას მარადიულობას სძენს. მასში მრავლადაა უპირატესობები. მაგრამ ბუნებაში , სადაც ყველაფერი მჭიდრო სასიცოცხლო კავშირშია ჩართული, შენი ბუნება , დროის მარგალიტია, და ვინც შეიცნო იგი,მას ციდან ერგო ბედნიერება და ასევე დიდი უბედურება…და ის ბედნიერია და უბედურიც ერთდაიგივე დროს… “
იაკობ გონტარი გაირინდა, მან წარმოიდგინა ის დიდი და შემზარავი ზიზღი, რასაც ამ წერილის ავტორი გრძნობდა პირადად მის მიმართ. ბანკირი იმასაც მიხვდა, რომ არსებულ ურთიერთობებში მისი მეუღლე სუსეტა ფაქტიურად უცოდველი იყო. ეს ესიამოვნა ბანკირს, მაგრამ მან კვლავაც რამოდენიმეჯერე გადაიკითხა წერილი და მიიჩნია რომ ქარიშხლის მომასწავებელი სიოც კი უნდა აეცილებინა მას თავისი საამაყო ოჯახისათვის. „ეს წერილი ბოლო იქნება და სუსეტაც დამშიდდება“-გაიფიქრა მან და კაბინეტში შებრუნდა. დეტექტივი იდგა და მქირდავი ღიმილით ელოდა გადაწყვეტილებას.
– ყველაფერი გასაგებია. მოიქეცით გეგმის თანახმად, ეს კაცი ხვალვე უნდა გავაგდოთ აქედან, მაგრამ ისე რომ მიზეზს თავადაც ვერ მიხვდეს – ბრძანა გაგერმანებულმა ფრანგმა ჰუგენოტმა და დეტექტივს თვალები დაუბრიალა.
– დიახ – თქვა დაბალ ხმაზე შავებში ჩაცმულმა კაცმა და გავიდა.
***
მეორე დილას დამლაგებელმა ქალმა, ჰოლდერლინის ოთახში აკრძალული ფრანგული ლიტერატურა აღმოაჩინა და ყველაფერი ბატონს უამბო. „ფრანგული რევოლუციის ბროშურები“- ჰოლდერლინის კაბინეტიდან, უმალ ფრანკფურტის პოლიციის შეფის კაბინეტში იქნა გაგზავნილი. უკვე შემდეგ დღეს, როდესაც ჰოლდერლინი აივანზე დილის საუზმეს მიირთმევდა, შავებში გამოწყობილი ათი კაცი შემოიჭრა მის საძინებელში.
– რა ხდება ბატონებო, ვინ ბრძანდებით? -იკითხა გაოცებულმა პოეტმა
შავებში გამოწყობილი პოლიციელები, ჰოლდერლინს მივარდნენ და ცემა დაუწყეს. ჰოლდერლინი თავს იცავდა. მისმა მსხვილმა მუშტმა, არაერთ შავკამზოლიან პოლიციელს მომატვრია თავ-ყბა, მაგრამ საბოლოოდ იგი წამოაქციეს და გაროზგეს, შემდეგ ბორკილი დაადეს და ის-ის იყო უნდა წაეყვანათ, რომ ჰოლდერლინის საძინებელში გაოცებული ბანკირი გონტარი შემოვარდა.
– ეს რა ხდება ჩემს სახლში, ვინ ბრძანდებით? ჩემი შვილების მასწავლებელს ხელი უშვით ეხლავე – თქვა მან დაბალი ხმით.
– ბანკირო, მართლაც, მეც არაფერი ვიცი, ეს ვირები, შემოვარდნენ და დამაპატიმრეს, ვინ არიან და რა ჯურის ეს ხალხი, გამარკვიეთ ერთი – თქვა გამწარებულმა და ჯაჭვით, ძაღლივით დაბმულმა ჰოლდერლინმა, მაგრამ მას სწრაფად აახვიეს პირზე შარფი და ამის შემდეგ პოეტის ღმუილი თუ ისმოდა.
– თქვენი ოჯახის მასწავლებელი საშიში დამნაშავეა ბატონო გონტარ, იგი საფრენგეთის რევოლუციური კომიტეტის დავალებით მოქმედებს და ცდილობს ღვთის გმობელობა გაავრცელოს ჩვენში. იგი ეხლავე უნდა იქნეს გადაყვანილი ციხეში. ფრიდრიხ ჰოლდერლინი ყველაფერში გამოტყდება, აი ნახავთ – თქვა შავკამზოლიანების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და მისი სიტყვების პასუხად ჰოლდერლინი კვლავაც აღმუვლდა, მაგრამ ამაოდ.
– იცით რა ბატონებო, მე გახლავართ ქალაქის პოლიციის მთავარი საფინანსო მხარდამჭერი დღეს და ამიტომაც მინდა გთხოვოთ თუ რაიმე შეღავათია, იქნებ შეუმსობუქოთ ხვედრი ამ კაცს რომელიც ჩემს შვილებს ზრდის და ჩემს ოჯახს, მისი დისკრედიტაციით შესაძლოა სახელიც გაუტყდეს.
პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს და ბაკირს მორჩილად დაუკრეს თავი.
***
საქმე როგორც იტყვიან ჩაფარცხეს, ამისათვის ბანკირმა მთელი თავისი ავტორიტეტი გამოიყენა და პოეტი „გადაარჩინა“. მაგრამ პოლიციის უფროსმა ბრძანა „დამნაშავეს თუ ფრანკფურტში ან მის სიახლოვეს გადაეყრებოდნენ მისი ხელქვეითები, მაშინ აუცილებლად სასტიკად დასჯიდნენ“. ჰოლდერლინი მუდამ აღიარებდა რომ პატივს სცემდა საფრანგეთის რევოლუციას, მაგრამ რომელ „ბროშურებზე“ ესაუბრებოდნენ პოლიციელები, ბოლომდე ვერ გაიგო და უმანკო ღიმილით დააპირა „თეთრი ირმის“ საბოლოოდ მონახულება.
– კიდევ თუ გნახეს ამ ქალაქში, მოგკლავენ, ამიტომაც სასახლეში ვერ შეგიშვებთ! თქვენ საწრაფოდ უნდა გაემგზავროთ, -უთხრა ჰოლდერლინს „თეთრი ირმის“ დაცვის უფროსმა და დაუმატა – წადი ძმობილო, გაეცალე ამ ალაგს.
ჰოლდერლინი წავიდა, მაგრამ საღამო-ხანს, უეცრად, სუსეტასთვის წერილის გადაცემა მოისურვა და დევნით შეურაცყოფილი, ქალაქში გამოვიდა და მის მთავარ ბულვარს გაუყვა, რომლის ბოლოს, „თეთრი ირმის“ სასახლე იწონებდა თავს.
***
– კვლავ სასახლეს უახლოვდება – მოახსენა შავსამოსიანმა დეტექტივმა ბანკირს.
– ეხლა უნდა ანახოთ თუ რას ნიშნავს პირობის აღსრულება – თქვა იაკობ დე გონტარმა და ცხვირის ნესტოებში ბურნუთი იკმია
სანამ ბანკირი აცემინებდა, დეტექტივი და მისი ხელქვეითი პოლიციელები გეგმას ადგენდნენ, ჰოლდერლინი კი სუსეტას აივნის ქვეშ იდგა და თვალცრემლიანი ელოდა დიოტიმას გამოჩენას.
***
საოცრად ნაგვემი და შეურაცყოფილი ჰოლდერლინი სპეციალური დილიჟანსით გააგზავნეს ქალაქ ნეკერს. ის თავიდან სიცოცხლის ნიშანწყალს არც იძლეოდა, მხოლოდ ორი საათის შემდეგ მან გაახილა თვალები და დილიჟანის სარკმელს მიაშტერდა. პოეტი ეხლა უკვე კარგად გრძნობდა თუ რისთვის დაისაჯა.

***
ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ, 1802 წელს დიოტიმა გარდაიცვალა, მისმა სასოწარკვეთილმა ქმარმა „თეთრი ირმის სასახლე“ ბანკირ ჰაუკს მიაქირავა. 1834 წელს ამ დიდებულ ადგილას „ქალწულთა პანსიონმა“ დაიდო ბინა.
მოვიდა ინდუსტრიალური გარდაქმნების ხანა, გერმანელმა ბიურგერებმა ვეღარ მოითმინეს და თეთრი ირემი მისი მშვენიერი ბაღით დასანგრევად გაიმეტეს. ჰოლდერლინისა და დიოტიმას ანარეკლები აქედანაც სამუდამოდ გაიფანტნენ და დღეს იმ ადგილას სადაც ჰონდერლინი მთელი ღამე ვნებით ელოდა სუსეტა-დიოტიმას გამოჩენას დგას უსახო „კომერცბანკის“ კოშკი, როგორც სიმბოლო სიყვარულის აღსასრულისა.

***
1811 წლის იანვრის ცივ ზამთარში, ჰოლდერლინმა თავის დღიურში შემდეგი ლექსი ჩაწერა:
„მე საამური სამყარო ესე, სრულად შევირგე,
დრო სიყმაწვილის, რაოდენი! რაოდენი! აღარ დავინდე,
აპრილ-მაისი და ივლისი მოსჩანან შორით,
აღარ ვარსებობ…
აღარ ვცხოვრობ მე უკვე გრძობით!“
(Das Angenehme dieser Welt hab ich genossen,
Die Jugendstunden sind, wie lang! wie lang! verflossen,
April und Mai und Julius sind ferne
Ich bin nichts mehr; ich lebe nicht mehr gerne)

კახაბერ ჯაყელი 2015 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: