Posted by: burusi | 20/11/2015

მიხეილ ჯავახიშვილი “პაპა დიმო”

მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი “პაპა დიმო”

– შვილო რეჯან, როგორა ხარ, გენაცვალოს პაპილო?
– ისევ ისე… მცხელა, სიცხე მაქვს.
– იქნება გინდა რამე?
– არაფერი.
-მაინც? იქნება ნაღები გინდა… ან მსხალი, ან ხიზილალა, ან კიდევ ფორთოხალი?

– ჰო, პაპილო, ხიზილალა და ფორთოხალი.

– აგრე გენაცვალოს პაპილო!.. ეხლავე მოგიტან. ნუ მოიწყენ უჩემოდ. სანამ დავბრუნდები, აი ეს სურათები გასინჯე. სასაცილო რაღაც არის… კარგია განა!

მწკრივად ჩაწყობილმა ოქროს კბილებმა გაუელვა, ფალას-ქუდი დაიდო თავზე და ლასლასით გავიდა.

ათი წლის დარეჯანი, რომელსაც პაპა დიმიტრიმ რეჯანი დაარქვა, გაწითლებულ ქუთუთოებს ჰბლიტავს და ღიმილით ათვალიერებს „კურდღლების ცხოვრებას“.

მართლაც სასაცილოა: კურდღლები გულმოდგინედ მღერიან, საჭმელს დანა-ჩანგლით მიირთმევენ, ცეკვავენ, შენობებს აშენებენ, ავტოთი დასეირნობენ და… ომობენ კიდევაც!

აი კიდევ ერთი სურათიც: მონადირემ არწივს თოფი ესროლა, კურდღლები კი ყირამალა გადაცვივდნენ. ზოგი გარბის, ზოგი სოროში მიმალულა, ზოგს კი შიშისგან გული წასვლია. ჰა-ჰა-ჰა!

სამან რეჯანი იღიმება, მისი პაპა დიმიტრი, რომელსაც შვილის-შვილმა პაპა დიმო დაარქვა, საგზალს ჰყიდულობს და ისევ მობარბაცებს. მოაქვს შაქარი, კარაქი, პური, ხიზილალა, ფორთოხალი და … ათიოდე ირისი! დიაღ ირისი! მართალია, რეჯანს არ უთხოვნია, მაგრამ უყვარს, ძალიან უყვარს, მაშასადამე…

მაშ რა დასაშურია ზედმეტი ორიოდე შაური!.. სხვა დროს ესეც სათვალავში ჩადიოდა, დღეს კი საანგარიშოდაც არ ღირს, რადგან მდიდარია დღეს პაპა დიმიტრი, მდიდარი! თხუთმეტი მანეთი აქვს ჯიბეში, თხუთმეტი! სამაგიეროდ, აღარა აქვს არც პაპიროსის მარაგი, არც პატარა სკამი, არც დიდი წითელი ყუთი, რომელსაც რეჯანმა „პაპას დუქანი“ დაარქვა.

დღეიდან დიმო აღარც დღე-ღამეს გასტეხავს ორიოდე აბაზის გულისთვის. სიცხე, წვიმა, თოვლჭყაპი, ყინვა, ქარი და მტვერი, ცის ყოველგვარი რისხვა პაპა დიმოს თავზე ტრიალებდა დღევანდლამდე. ამასაც აიტანდა მოხუცი – რატომ არა, ნაცადია, ნაწრთობია! – მაგრამ ვერ იქნა, ვერ შეათავსა მუდამ გარეთ დგომაც და რეჯანის მოვლაც.

აგერ, ორი თვე გახდება, რაც შვილის-შვილი დარეჯანი, ერთადერთი რაჯანი ავად გაუხდა. ყოველ საღამოს სიცხეს აძლევს. იმ დღიდან დღეში ათჯერ მაინც ჰკეტავს პაპა დიმო თავის „დუქანს“ და რეჯანის სანახავად მორბის.

მუშტარი შეჩვეულ ალაგზე რომ აღარ ხედავს პაპიროსის ყუთს, სხვასთან მიდის. ორ თვეში ვაჭრობა დაელია და სამ თუმნიდან სამ მანეთამდე დავიდა.

საბრუნავი თანხა გამოეცალა ვაჭარს, აღარც „შოთა“ აქვს, არც „ოცნება“, აღარც „პროლეტარი“ – ექიმმა, აფთიაქარმა და სანოვაგის დუქანმა წაიღეს პაპას კაპიტალი. მოხუცმაც ასწია დუქნის ნაშთი და გაჰყიდა.

არა უშავს-რა! ოღონდ რეჯანი მოჯობინდეს, თორემ პაპა დიმო კიდევ იშოვის ლუკმა პურს! ერთხელ და ორჯერ ხომ არ გასჭირვებია! ქვეყანა დიდია, საქმეც ბევრია! ოღონდ…

ოღონდ ის არის, რომ პაპა დიმო დაბერდა, ძალიან დაბერდა! ხუთი წელიწადიც არ იქნება, რაც თავის თმასა და წვრში ეძებდა და თითო ოროლად ჰპოულობდა თეთრ თმას. ეხლა კი შავს ეძებს და ვეღარ ჰპოულობს. დაითოვლა, დაივერცხლა პაპა დიმო!

ესეც არაფერი! თვალთ დააკლდა, სმენა დაუჩლუნგდა, მუხლი ედრიკება, ხელი უცახცახებს და თვითონაც ლასლასებს, თორემ სხვაფრივ… სხვაფრივ არა უშავს პაპა დიმოს!

– ეეეჰ, დასწყევლოს ღმერთმა ბედის ჩარხი, თორემ რა გვიშავდა უწინ, შვილო რეჯან!

და დარეჯანს მეოცე თუ მეორმოცეჯერ უამბობდა თავის ამბავს – უბრალოს, შორეულსა და სანატრელს.

პაპა დიმომ ორმოცი წელიწადი იცხოვრა და ივაჭრა არმავირსა და როსტოვში. ღვინო ვაგონობით მისდიოდა. დონურ წითელს კახურ-საფერავს შეურევდა, ცოტა შაქარსა და სპირტსაც მიუმატებდა და პურივით ჰყიდდა.

ფული ბლომად მოიგო, მაგრამ ჭკუა ვერ მოიხმარა: ერთი დიდი სახლი აიკიდა და მონაგარი იმ შენობაში ჩაჰყარა.

მერე, ქვეყანა რომ აირია და ის სახლიც ჩამოართვეს, ხელცარიელი ამბოკარი სამშობლოსკენ წამოვიდა. ცოლი როსტოვში დამარხა, შვილი კავკავში, ხოლო სძალი – ტფილისში.

მოხუცი პაპა და ოთხი წლის შვილის-შვილი ობლებივით შერჩნენ ერთმანეთს – უნათესავონი, მიუსაფარნი და ბნელ სოროში მიყრილნი.

ერთ ხანს პაპა ქალაქში დაბორიალობდა, რაღაცას ცოდვილობდა და დღიურ ლუკმას შოულობდა. ბოლოს, ქუჩის ერთი კუთხე დაიჩემა, მეპაპიროსედ გადაიქცა და დამშვიდდა.

თვითონ დამშვიდდა, მაგრამ ბედმა არ მოასვენა.

ძალიან სუსტი ბავშვია, – უთხრა ექიმმა, – ჯერ-ჯერობით სკოლას თავი უნდა დაანებოს. ბინაც გამოუცვალეთ და ძალიან კარგად აჭამეთ. თუ სოფელში გაჰგზავნით, უკეთესი იქნება.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება! მაგრამ პაპამ „ჯერჯერობით“ მხოლოდ სწავლაზე ააღებინა ხელი და კვებასაც მოუმატა.

ექიმი ისევ დადის, პაპა ისევ დაბორიალებს, სენი კი ჟინიანობს: სიცხეს უმატებს და პატარა რეჯანს აყვითლებს, თოვლივით ადნობს და წყალივით ჰლევს.

აი, ეხლაც: პაპამ მრავალი რამ მოუტანა, რეჯანი კი აღარაფერს იკარებს. გაწითლებულა, ალეწილა და თვალის ქუთუთოებს ძლივსღა ახამხამებს.

მოკაკული პაპა გვერდით უზის, ნაღვლიანად ჩასცქერის და გამხმარ ხელს ცხელ შუბლზე უცაცუნებს.

საცაა ექიმიც უნდა მოვიდეს და…

– მართლა, – მხოლოდ ეხლა გაახსენდა მოხუცს, – ექიმს ხუთი მანეთი უნდა მივცე! – მთრთოლვარე ხელებით ითვლის ფულს და შეშდება. – ერთი მანეთი წყლისა, რვა აბაზი მერძევეს, თოთხმეტი შაური მენავთეს, ორი მანეთი ბინის ქირა. ერთი მანეთიც მეპურეს. დამრჩება…

არაფერიც არ დარჩება. არც კი ჰყოფნის. წეღან კი თავისი თავი მდიდარი ეგონა.

ექიმმა კარი დააკაკუნა.

იმ დღიდან პაპა დიმო თითო აგურს აცლის თავის ქოხს: ჯერ ‘ზედმეტი“ ჭურჭელი გაიტანა ბაზარში, მერე ორი სკამი გაათრია, შემდეგ რეჯანის პაწაწა მაგიდა აიკიდა, ბოლოს ხის ტახტიც მიაყოლა.

– არა მიშავს-რა, – ინუგეშა, – ტახტიც და იატაკიც ერთი მასალისაა, ესეც და ისიც ხისგან არის ნაკეთები.

და კედლის ძირში დაიგო გაცვეთილი ლოგინი.

შემოდგომა თავდება, ღამღამობით სუსხი წვება პაპასთან ერთად.

შემოდგომას ფეხდაფეხ ზამთარი მოსდევს. ზედაზენის ხერხემალი დიმოს თავივით აჭაღრავდა, მაგრამ…

– ზამთარი ჯერ შორს არის. – თავს იტყუებს პაპა დიმო და ზამთრის საბანსაც ბაზარში მიათრევს.

რაც ზღაპრები იცოდა ან ოდესმე რასმეს მოჰკრა ყური, ათჯერ მაინც უამბო მოწყენილ შვილიშვილს. ეხლა თვითონვე იგონებს და ჰქმნის – ბორძიკით და ნაძალადევად.

– იყო და არა იყო-რა. იყო ერთი ქალი…

– რა ერქვა? -აწყვეტინებს სნეული.

– რეჯანი ერქვა, ნესტან დარეჯანი.

– ვიცი, არ მინდა.

რიგ-რიგობით გავიდნენ ოთახიდან პაპას ქურქი, ძველი ჩექმები, დახეული ლექსიკონი და დაკონკილი საცვალი.

ტიოკოლი ძვირი წამალია. ბალიში თუ იყიდის – ბუმბულის ბალიში! არა უშავს-რა! პაპა დიმო რეჯანის წიგნებს ამოიდებს თავქვეშ.

და გაცრეცილი მოხუცი ამერიკულ ბაზარზე ხრიალებს:

– ბალიში!.. ბუმბულის ბალიში!..

იმ ღამეს თეთრი ზამთარი ზედაზენიდან ქალაქში ჩამოცოცდა და იმ პაწაწა ოთახშიაც ჩასახლდა. პაპა დიმო ციებიან ქათამივით მოიბუზა, რაც რამ იყო დასაფენი, რეჯანს დაახურა, მაინც ვერ უშველა.

– პაპილო, ცივა.

– ეხლავე, შვილო, ეხლავე… მოითმინე, შეშას ვიყიდი.

და ბაზრისკენ ღელვით მიდის მატყლის ლეიბი. ხოლო მის ქვეშ ჩანჩალით მოაბიჯებს ორი გამხდარი ფეხი.

ცივ იატაკზე ცივი ძვალი ვერ გათბება. პაპა დიმო ოხრავს. კვნესის სიბნელეში, ჩუმი ცრემლით სტირის.

– პაპილო, მოდი ჩემთან, დავეტევით, – ეპატიჟება რეჯანი.

პაპა დიმო კბილებს აწკარუნებს და ბავშვის ლოგინში მიცოცავს, თან გაუგებარს ბუტბუტებს და კიდევ დიდხანს ცახცახებს.

– უ-უ-უჰ, რა ცივი ხარ! გამყინე, – ჩურჩულებს რეჯანი.

შეშა დაიწვა, ტიოკოლიც გამოილია. წყლის ფულს მეათეჯერ თხოულობენ. მენავთე იბღვირება. მედუქნე იღრინება. მერძევე წრიპინებს. ხაბაზი ცივ უარზეა. ექიმი ამრეზილია. თითქოს პირი შეჰკრესო, აღარავინ იძლევა ნისიად.

ბავშვი ქათმის ფრთას თხოულობს – უყვარს ფრინველის ხრამუნი, ზოგჯერ ხიზილალას გაიხსენებს, ხან ფორთოხლის წვენით მოისურვებს სიცხის განელებას. მაგრამ პაპა დიმოს აღარაფერი აქვს. არც საბანი, აღარც ბალიში, არც ქურქი -არაფერი, აღარაფერი!

მთვრალივით დაბორიალობს დაცარიელებულ ოთახში და თვალით ეძებს გასაყიდს. არაფერი! აღარაფერი!

ამას წინათ ექიმმა თავის ფულით მოუტანა წამალი. ესეც გამოილია. დღესაც უნდა შემოიხედოს. ან ეგებ აღარც მოვიდეს!

– ვაი მე!.. ვაი მე, შვილო!

– რა იყო, პაპა დიმო? – ეკითხება მილეული ხმა.

მოხუცს თავისივე კვნესის შეეშინდა:

– არაფერი, გენაცვალოს პაპილო… არაფერი, კბილები ამტკივდა, მეტი არაფერი.

და ბოძივით დაერჭო ოთახის შუაგულში. ნისლი თუ ჩაუსახლდა თავში. გამხმარი ტვინი აღარ მუშაობს. საფეთქლებში ჩაქუჩებს უკაკუნებენ. გაქვავებული ძვლები უკვნესიან, დაღლილი ტანი უბჟუის, ემტვრევა და უცახცახებს. ალბათ გაცივდა პაპა დიმო.

ჰსურს რაღაც მოიგონოს, რაღაც მოისაზროს, იწურება, მაგრამ ამაოდ, არ იცის, ვის მიადგეს, ვის შეეხვეწოს, ვის გაუშვიროს ხელი. არ იცის ქვას ახალოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში. აქამდე ფართხალებდა მაინს, ეხლა კი იძირება, ლოდივით იძირება!

– ვინა ხართ ქრისტიანი, – აგონდება შეჩვეული შეძახილი, – ვინა ხართ ქრისტიანი, უშველეთ დარეჯანს, პატარა რეჯანს! – ჰკვნესის გულში და გაცრეცილ კედლებს ათვალიერებს.

მაგრამ ნესტიანი კედლებიდან და ბინდიანი სარკმელიდან ორივე თვალით სიკვდილი იჭყიტება.

უცებ რაღაც მოაგონდა პაპა დიმოს:

მორკალული წელი გაისწორა, გაიღიმა და დაფაცურდა. ჩქარა ქუდი! მალე, ქამარი! მაზარა, მაზარა რა იქნა? ჰო, მართლა: მაზარაც ბაზარში წაიღო. არა უშავს-რა! უმაზაროდაც აირბენს. აქვეა, მეხუთე სახლია აქედან.

გარეთ ცივი ქარი ზმუის, ჰკვნესის, ღრიალებს. პაპა მგონი ავად არის, მაგრამ… რა დროს ეგ არის! აბა, ჩქარა, სირბილით!

ექიმი კბილებს უსინჯავს და ითვლის:

– ოთხი კბილი გაკლიათ… ეს კბილიც ამოსაღებია. ესეც. დანაჩენი შეიძლება დროებით შევაკეთოთ. ერთი, ორი… სამი… ესეც, აი ესეც…

– არა, ექიმო, არა, – ეუბნება პაპა დიმო, – თქვენ ოქროს კბილები გამისინჯეთ, ოქროსი.

– რად სცახცახებთ, ავად ხომ არ ხართ?

არა! არა! დიმო ავად არ არის. იმიტომ აწკაპუნებს კბილებს, რომ ცივა, საშინლად ცივა. თუმცა, რა დროს ეგ არის! გასათბობად ან ახალი კბილების ჩასასმელად კი არ მოვიდა მოხუცი პაპა, არამედ…

– როგორ გგონიათ, ექიმო, რა ეღირება ჩემი ოქროს კბილები?

ექიმი შესდგა. ხელი ჰაერში გაეყინა.

– არ მესმის… რად მეკითხებით მაგას?

– იმიტომ, რომ.. ეს კბილები უნდა დამაძროთ.

რად უნდა ოქროს კბილები? ეეეჰ, აბა რა საკითხავია! რად უნდა პაპა დიმოს ოქრო? ჰა-ჰა! თქვენ თვითონვე გამოიცანით, ექიმო, რისთვის დასჭირდა ოქრო პაპა დიმოს, უსაქმო და უპატრონო მოხუცს, რომელსაც სახლში ელოდება ავადმყოფი, მშიერი ბავშვი – ათი წლის რეჯანი, ექიმი, ცივი ოთახი – ცარიელი ოთახი! და სიკვდილი, მშიერი სიკვდილი!

ექიმი მუშაობს. პაპა დიმო ჰკვნესის, ზოგჯერ შეკრთება და სისხლიან პირს თბილი წყლით ივლებს.

– ეხლავე, ეხლავე გავათავებ, – ამშვიდებს ექიმი. – ხუთი ამოვიღე. ერთიღა დამრჩა… აჰა, გავათავე… გამოირეცხეთ პირი.

პაპა დიმომ გარკინული თვალები ძლივს გაახილა და ექვსი კბილი დასთვალა – ექვსი წყვილი ოქროს კბილი!

სანამ ექიმი კბილებს რეცხავს და სასწორზე სწონავს, თვალდახუჭული პაპა დიმო კედელს მიჰყუდებია და ენით ეძებს ამოძრობილ კბილებს, მაგრამ ყველგან – მარცხნივ და მარჯვნივაც, ზევით და ქვევითაც ენა გაშიშვლებულ ღრძილებს აწყდება. გადარჩენილმა კბილებმაც გამოიღვიძეს: აისალნენ, აფუსფუსდნენ და აკვნესდნენ. ელვა უვლის ყბებში. რამდენიმე კბილი აქვს ამოსაძრობი. მაგრამ პაპა დიმოს არც საამისო დრო აქვს, არც ფული. ძუნწია მოხუცი, ფული ჯიბეში უწყვია, მაგრამ… ეს ფული რეჯანისაა. კბილები მერე იყოს, როცა დიმო სამსახურს იშოვნის და რეჯანიც მოკეთდება.

ბარბაცით მოდის პაპა დიმო, თითქმის მორბის… მორბის და მოაქვს რამდენიმე თუმანი, ხუთიოდე ფორთოხალი, მოხარშული ვარია, უებარი ტიოკოლი და… დაცარიელებული პირი.

მართლა, კინაღამ ბურღული და მანანა დაავიწყდა!

ეს იქნება ამიერიდან პაპა დიმოს საკვები – მისი ერთადერთი საჭმელი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: