Posted by: burusi | 23/10/2015

კახაბერ ჯაყელი – ჯაყელთა 1000 წელი – წიგნი სელჯუკთა გამოჩენისა (1048-1049)

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

კახაბერ ჯაყელი – ჯაყელთა 1000 წელი – წიგნი სელჯუკთა გამოჩენისა (1048-1049)
ისტორიული ფაქტებზე აგებული რომანი
მე-8 ნაწილი
„კინიკის გვარის ოღუზებს ჰყავდათ ბელადი სახელად სელჯუკი. სელჯუკებმა თავიანთი სახელი სწორედ მისგან მიიღეს. ეს ხალხი სირ-დარიის ნაპირზე ცხოვრობდა. ისინი თავიანთ წინამძღოლს იაბღუთი უხმობენ, ბაიგუ იაბგუს შემდეგ ყველაზე დიდი წინამძღოლია. სელჯუკებმა მაჰმადის სჯული მას შემდეგ მიიღეს რაც ჯენდში დასახლდნენ. ბრძოლებისა და სისხლისღვრის შემდეგ სელჯუკს ოთხი შვილი დარჩა: ისრაილი უფროსი ვაჟი, მიქაილი, იუნუსი და მუსა-იაბგუ. სელჯუკი არავის ემორჩილებოდა, მაგრამ მისი შვილები ყარა ხანის ძეებს დაემორჩილნენ. ისრაილმა მიიღო ტიტული იაბღუ. მაგრამ ჯენდი დათმო და ბუხარაში დაიდო ბინა. როდესაც მათ მაჰმუდ ღაზნევის ჯარმა შემოუტია, იაბღუ ისრაელ სელჯუკიდი ყარახანიდ ალტეგინთან კავშირის გამო დაზარალდა და ნური- ბუხარაში დაბინავდა.
მაჰმუდ ღაზნევმა სელჯუკიდი იაბღუ ისრაელი შეიპყრო, მას სახელი დაუწუნა და არსლანად მონათლა, შემდგომ ამისა, ისრაელ-არსლანი ინდოეთს გააგზავნა და ყალინჯარის ციხე-სიმაგრეში ჩასვა, სადაც იაბღუ გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის წინ ტიტული იაბღუ თავის ძმას გადასცა. მაგრამ მუსას იაბღუობა არავის სჯეროდა, ამიტომაც მიქაილის შვილები ტუღრილ-ბეგი და ჩაღრი ბეგი წინამძღოლებად ექცნენ სელჯუკიდებს და მათ თავიანთ ხალხი ხორასანისაკენ და შემდგომ აზერბაიჯანისაკენ გადმოასახლეს.
სელჯუკების თვისება იყო, როცა იმარჯვებდნენ, მაშინაც გაამაყების ნაცვლად, ძველებურად, თხოვნის კილოთი მიმართავდნენ დამარცხებულ მტერს. სიამაყე უპირატესობად არ მიაჩნდათ სელჯუკებს. როდესაც მაჰმუდ ღაზნევიდის სიძლიერის წინაშე ქედს იდრეკდნენ, სელჯუკები მომავალი ომისათვის ემზადებოდნენ, საბოლოოდ მათ ღაზნევიდების სახელმწიფოს ირანში საბოლოოდ შეუტიეს და დაანგრიეს კიდეც.
მასუდმა, ირანის გამგებელმა, რომელიც აბასიდების შავი დროშით მოდიოდა თავის მტრებზე, ნიშაპურში შეკრიბა ლაშქარი და ერთი ბებერი ბეგტუგდი დაუნიშნა მას მთავარსარდლად, 1035 წელს სალარ ბეგტუგდი მეთაურობით ირანის არმია ნესეს პირას დაეწყო და მოელვარე ყალინჯარების თვალისმომჭრელი სანახაობით მტერს გაავებული მიეჭრა. ამ დროს სელჯუკებმა უკან დაიხიეს და მდიდარი აღალი, ბანაკი და დამცავი ნაგებობები მიუგდეს სალარ ბეგტუგდის საჯიჯგნად. აბა თუ წამოეგებოდა ბებერი სალარი სელჯუკთა ხრიკს? მართლაც უკან დახეული სელჯუკები შორეულ ზეგანზე აჭენდნენ და იქ სასწრაფოდ იწყეს გადაჯგუფება. მზირებმა მოიტანეს ამბავი რომ ბებეი სარდალი მთლიანად იყო წამოგებული სელჯუკთა სათხრილე ჰოროლს რომელიც მას მალე გამოფატრავდა. სწორედ იმ დროს როცა მასუდის ირანელები სელჯუკთა ბანაკს ძარცვავდნენ, ამ დროს ისინი ქარისა და ქვიშის ნარევივით აეხვეტნენ ზეგანიდან და ყოველი მხრიდან შემოეყარნენ მასუდის ლაშქარს. ცხვირ-პირში დასცხეს სელჯუკებმა ისრები მასუდის მეომრებს და როგორც უდაბნოს სილა თვალს უფსებს ყველაზე მამაც მექარავნეს, მასუდის თვალებდაფსებულებმა გაგლიჯეს ზეცა კივილით, მათი ტყვიისფერი სხეულები მიწაში ჩაეფლნენ და მიწა გაპოხიერდა მათი სხეულთა ცხიმებით.
სულთანი მასუდი დამარცხებული დაბორიალობდა ნესეს სანაპიროზე, იგი სიკვდილს ელოდა და ამ დროს მასთან სელჯუკთა ელჩი გამოცხადდა, რომელმაც მასუდს იგივე თხოვნით მიმართა, რასაც ადრე სელჯუკნი დაჩოქილნი თხოვდნენ ოდესღაც ძლევამოსილ სულთანს.
გაოცდა მასუდი. იგი დაფიქრდა, ჩამოჯდა თავის სალაშქრო ტახტზე და ელჩს გახედა, „კვლავ მხოლოდ დიხისტანს ითხოვენ, ან დიდი გაიძვერები არიან ან მართლაც ჩვენს დასასჯელად მოვლენილი არწივები“ თქვა დიდმა მასუდმა.
ნესეს ბრძოლიდან რამოდენიმე დღეში სელჯუკების ძალა მთელმა ირანმა აღიარა, ტუღრილ ბეგმა მიიღო ტიტული „დიხკანი“, რომელიც მან ჩაღრი ბეგს და მუსა ბაიღუს გაუყო და ყველა დამშვიდდა. შურმა არ გახეთქა სელჯუკთა საბრძოლო ქვაბი.
სულთანი მასუდი 1035 წლის შემდეგაც იგივე პატივს იღებდა სელჯუკებისაგან, როგორსაც იგი მანამდე დამარცხებამდე ითხოვდა. სულთანი ამგვარი დიპლომატიური მოპყრობით დაბნეული და დამთვრალი სელჯუკებზე არაფერს ფიქრობდა და იგი მოდუნებას მოეცვა.
1038 წელს ნიშაპურში იბრაჰიმ იინალის მეთარურობით შეიჭრნენ სელჯუკნი. მეწინავეთა სარდალს თავად ტოღრილ ბეგი მოსდევდა მთავარი ძალებით.
ორ წელიწადში ამ ამბიდან, მასუდი ბოლოს და ბოლოს გამოერკვა სიზმრებიდან, სულთანი მიხვდა რომ სამკვდრო სასიცოცხლოდ უნდა შებმოდა მტერს და ხორასანისა და მთელი ირანის ბედის გადასაწყვეტად დანდანაკანის ველზე სპილოებითა და დიდი ლაშქრით განეწყო. სელჯუკებმა სპილოების შეტევა მოიგერიეს, სულთნის სპილოებს ხორთუმებში მიაყარეს ცეცხლიანი ისრები და ისინი უკან გააბრუნეს. სპილოთა მიერ გადათქერილმა ირანის არმიამ ბრძოლის ველი სასწრაფოს დატოვა. დანდანაკანის შემდეგ ტუღრილ ბეგი სულთანი გახდა, მაგრამ იმავე წელს მოკლული იქნა. შემდეგ წელს სელჯუკებმა ღაზნევიდებთან დაზავება არჩიეს.
ხულვანის გასასვლელის დაკავების შემდეგ იბრაჰიმ იინალი ბაღდადზე სალაშქროდ ემზადებოდა, მაგრამ მას გეგმების ცვლილება მოუწია. დაზვერვამ როგორც ჩანს სომხეთისაკენ ლაშქრობა ურჩია სელჯუკთა სარდალს და მანაც 1049 წელს სომხეთისაკენ გამოილაშქრა. სომხეთის ზეგანზე იინალს ქართველები, სომხები და ბიზანტიელები დახვდნენ. ქართველთ ლიპარიტ ბაღვაში სარდლობდა, სომეხთ არწრუნი ხოლო ბიზანტიელებს კევკამენ კატაკლონი.
მათ წინააღმდეგ განლაგდა სელჯუკთა გამოცდილი არმია. თავად იბრაჰიმ იინალი, რომელსაც უწოდეს „საიფ ად-დოულა“ ანუ „სახელმწიფოს მახვილი“ აკვირდებოდა ამ უცნაურ ლაშქარს. მისთვის ცნობილი იყო რომ რომეები, ანუ ბიზანტიელნი, ქართველების გარეშე ვერ ბედავდნენ სელჯუკებთან პირისპირ შებმას და ბოლო 3 კვირის განმავლობაში აჩქარებდნენ კლდეკარის ერისთავს ჩქარა მოსულიყო მათ გადასარჩენად. ისიც იცოდა იბრაჰიმ იინალმა რომ დიდი მეომარი და გამოცდილი სარდალი იყო ლიპარიტი.
არჯოვიტის ალაგს, ციხე სიმაგრე კაპუტრუს მახლობლად იდგნენ სელჯუკნი და მათი მოწინააღმდეგები. იბრაჰიმ იინალს აფიქრებდა იბერიელთა ძლიერი წყობა და უქმად იდგა. ამ დროს მასთან სომეხი ვაჭარი მივიდა და შეხვედრა სთხოვა. „სელჯუკთა სახელმწიფოს მახვილი“, მახვილი ტვინით გამოირჩეოდა და მისი კარვის კალთა ვაჭრისთვის გაიღო. სომეხმა, კარგა გვარიანი მისალმებების შემდეგ, სელჯუკთა სარდალს უთხრა, ის რასაც იინალი არ მოელოდა.
„სამმა გამწარებულმა მეფემ გამომგზავნა შენთან დიდო იბრაჰიმ იინალ, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს, შენ შეუტიე ცენტრს და გამოიწვიე ბრძოლაში ლიპარიტი, იგიც შემოგებმევა, სწორედ მაგ დროს ბიზანტიელნი და სომეხნი მიატოვებენ ბრძოლის ველს, თავად ქართველნი კი არ დაინდო, ლიპარიტი მოჰკალ და ჩვენ შენი სურვილები გვაცნობე, აი ეს არის ის რაც უნდა მეთქვა შენთვის“-უთხრა სომეხმა ვაჭარმა იბრაჰიმ იინალს და შავი ღვარძლიანი თვალებით ჩახედა მის კეთილშობილ ჭრელ თვალებს. გააოცა სელჯუკი ვაჭრის სიტყვებმა და მას მკაცრად მიუგო:
„დამისახელე სახელები გამწარებული მეფეების ვისაც უნდა ვენდო, თუ არა და მაშინ მე არ გენდობი არმენიელო“.
ისეთი კუშტი იყო იბრაჰიმ იინალი ამ სიტყვების წარმოთქმისას რომ ვაჭარი მიხვდა, რასაც სთხოვდნენ და სელჯუკთა სარდალს მომუშტული ხელი გაუწოდა, შემდეგ მუშტი გახსნა და გახურებულ ხელისგულზე მოთავსებული სამი ოქროს ბეჭდი, მის ფერხთით დააგდო. თანაც იმეორებდა:
„ესეც ბეჭედი აბხაზთა და ქართველთა მეფეთ-მეფე ბაგრატისა რომელიც ცნობილია ბიზანტიელთა კუროპალატობით, ეს კი ბეჭედი ვანანდის სომეხთა მეფე გაგიკ ყარსელისა, ესეც ბეჭედი ტაშირ ძორაკერტის მეფისა დავით უმიწაწყლოისა“.
იბრაჰიმ იინალი, მიხდვა რასაც ითხოვდნენ მისგან მეფენი და მან მდუმარედ მიუთითა ვაჭარს გასასვლელისაკენ და თვითონ კუტალმიში, მარცხენა ფრთის სარდალი იხმო. ბრინჯაოს დაფდაფებს ჩამოჰკრეს სელჯუკთა ბანაკში, რაც გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზადებას აუწყებდა ყველას, მიუხედავად ჩინისა თუ ჰასაკისა. იბრაჰიმ იინალი ბრძოლის ნახაზს უდგენდა კუტალმიშს.

წიგნი ლიპარიტ ბაღუაშისა
1048 წელს კვლავ მიმუხთლა ბაგრატმა, თვითმარქვია მეფემ და მაცდურმა. წიგნი მომწერეს ბიზანტიელებმა, არ მიენდოო აბხაზთა და ქართველთა წინამძღოლს, მაგრამ შემდეგ მას თვითონ მიუწერია წიგნი კონსტანტინე IX მონომახისათვის, როგორც ეხლა ტყვეობაში ვხედავ და ვფიქრობ, გაუბრიყვებია იგიც, მოუხერხებია მისი გაცურება და სარჩულად ამ ყოველივესი გამოუყენებია წყეული სელჯუკების შემოსევა სომეხთა მიწაზე, რასაც ადგილი მართლაც ჰქონდა, რადგანაც სელჯუკებმა დაამარცხეს ყოველი თავიანთი მტერი და 16 წელიწადში უზარმაზარ სახელმწიფოს ჩაუყარეს საფუძველი, პირველ ყოვლისა ირანში და შემდგომ ირანის გარშემო მყოფ დიდ და ძლიერ თემებში. მაგრამ ყოველივე ეს ზღაპარია იმასთან შედარებით, თუ რა მდგომარეობა დამყარდა ჩემს ნეტარ მამულში, ჩემს მხარეში სადაც, მსტოვრებმა და მზირებმა მოყმეებს უწყეს დათრგუნვა და მამულის წართმევა. მოყმე, რაინდი რომ მსტოვარს დაემორჩილება, ის მართლაც რა მოყმეა, მაგრამ ასეა თუ ისე, ბაგრატმა რა კუროპალატის ტიტული მიითვალა, მსტოვრებისაგან ბილწი სახელმწიფო მანქანა შექმნა სადაც, კაცს არაკაცი ჩაგრავს, ხოლო მოყმეს ყმა.
მე აღვუდექი ამ სიმახინჯეს მეფისას და ყოველ ბრძოლაში დავამარცხე აბხაზთა და ქართველთა თვითმარქვია წინამძღოლი, ზოგიერთების მიერ მეფედ წოდებული ლაჩარი ბაგრატი. რატომ არ მოვაშთვე ის მკითხა ჩემმა კეთილის მყოფელმა იბრაჰიმ იინალმა. ვერ ვუპასუხე ვერაფერი. არც კი ვიცი.
უკვე მესამე წელია შემარიგა მეფესთან კათალიკოსმა. მკათათვეს სელჯუკების გამოჩენა მაცნობეს ჩემმა კლდეკაროსნებმა. ვანანდის მეფე გაგიკ ყარსელი, ეგეც ცნობილი თავისი სილაჩრით გამოქვაბულებში შეიმალა თავისი სახლობით და ჩემთან წიგნი გამოაგზავნა, რომელიც დავდე და არც წამიკიტხავს სანამ ძორაკერტის სომეხთა მეფემ დავით უმიწომ არ მაახლა კიდევ ერთი წიგნი და თხოვნა, შევბმოდი სელჯუკებს კევკამონ კატაკლონთან ერთად.
მესამე წიგნი ღამე მომიტანეს, ბაგრატისაგან. მამად მიხმობდა მეფის წარმოგზავნილი ბერი ივერი. სიტყვაკაზუმოლობითა და გრძნობებით მიყვებოდა ის იმ სატყვნეველსა და სატირალს რაც სელჯუკთა დაუტრიალებიათ სომეხთა მხარეში. ბაგრატი როგორც ნატესავი გაგიკისა და დავით უმიწაწყლოისა, მთხოვდა წავსულიყავი სალაშქროდ, რადგანაც არაავინ ჩემს გარდა არ უწყოდა, თუ როგორ უნდა შევბრძოლებოდით სელჯუკებს რომლებმაც მანამდე დანდანაკანის ბრძოლაში თავად მასუდ სულთანი და მისი უძლეველი კავალერია დაჯაბნეს და სპილოებიც კი გამოუკლეს.
მე დავფიქრდი. კი მაგრამ რამდენჯერ ვეუბნებოდი ბაგრატს, ერთად შეგვექმნა ძლიერი მონა სპა, გავეწვრთნა ჯარი და ალექსანდრე მაკედონელის საქმენი გაგვემეორებინა. განა ეს ძნელი იყო თუ კაცი და თანაც მეფეთ-მეფობას მოწყურებული მოისურვებდა?
გავხსენი სამივე მეფის ეტრატი და გადაკითხვის შემდეგ ლომად ვიგრძენი თავი. აბა მკლავები და გული რისთვის მქონდა, აბა რად დავდექი მოყმედ თუ არა ბრძოლაში გამოჩენილი სიქველის მიმართ ლტოლვა? ეხლა ვგრძობ რომ სამივე წერილი ერთი კაცის დაწერილი იყო, მაგრამ მაშინ ამაზე არც მიფიქრია. კლდეკაროსნები შემოვიკრიბე. შვიდასი ვარანგი, სკანდინავიიდან ჩემთა შამოსული ტაძრელნი დავაწყვე, მას ტექვსმეტი ათასი საკუტარი მონა სპა შევუერთე, სამი თვის სარჩო საბადებელით აღჭურვილი ეს ლაშქარი კლდეკარიდან დავძარი და არწნისაკენ სამი სხვადასხვა გზით გავემართე.
ბანაკში მისვლისთანავე, ჩემთან გამოცხადნენ გველნი, სარდალნი ბიზანტიისა, კევკამონ კატაკლონი და აარონ ბულღარი, ეს ბოლო ურიულად ხმლის ტარს მიკოცნიდა და დამავალეო მთხოვდა.
ჩანდნენ ბიზანტიელნი ჩაფახულნი, არავის უნდოდა ბრძოლაში გადაშვება და ყველა იბერიელებს გველოდნენ. სომეხნი, მათ მიწა-წყალზე იდგნენ, სელჯუკებს შეჰყურებდნენ და გაპარვას ლამობდნენ. ესეც შენი ლაშქარი. კლდეკაროსნების დანახვისას ბიზანტიელნი შეკრთნენ, არ ვიცი რამ უკბინა მათ, იქნებ შეშურდათ ჩვენი წყობისა და ახოვანების დანახვა. ვინ იცის. ეს ლაშქარი საბრძოლველად არ ვარგა თქო გადაულაპარაკე გიორგი ჩორჩანელს, შვილს იბერიის მთავრისას, რომელიც შვილივით მიყვარდა და მანაც დამეთანხმა უსიტყვოდ.~
კევკამონ კატაკლონს ვუბრძანე დაეზვერა მტერი, მაგრამ მისმა ქედმაღლობამ ამ არამზადის გაჯოხვა მომანდომა, რაზეც გიორგი ჩორჩანელის მეცადინეობით ხელი ავიღე და ცენტრში დავაყენე კლდეკაროსნები. გალაღდნენ ბიზანტიელნი, შემოგვიტია კუტალმიშმა, რომელსაც სომხები კიდევ ერთი სახელით – ასპან სალიაროსით უხმობდნენ. დაიწყეს სტვენა და ყიჟინა სელჯუკებმა და ველურად იწყეს რბოლა ჩვენს გამოსაწვევად. დინჯად მეთქი ვუბრძანე ბიზანტიელ სარდლებს. არ უნდა აჰყოლოდნენ ისინი სელჯუკთა როკვას. მე თავად კარავში დავჯექი და ყოველ წუთს ვიღებდი ამბებს მალემსრბოლელებისგან.
– აარონ ბულგარი აოტნეს სლეჯუკებმა, მას კუტალმიშ გამოეკიდა, იყვირა ზურგს უკან მალემსრბოლმა ჩიტიძემ. მე ავიქნიე ხელი და არაფერი მითქვამს. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმილი მქონდა. ჩაებნენ თავად სელჯუკნი და მერე ჩვენც ჩავებმევით, გავიფიქრე.
– კევკამონ კატაკლონი დაჭრეს სელჯუკებმა და ბრძოლის ველი ჩაიგდეს ხელთ, უკან ვიხევთ. ხრინწიანი ხმით დაიბღავლა ჩემს უკან ასევე მალსემსრბოლმა ფანჯაკიძემ. ავიქნიე კვლავაც ხელი, ხმა არ გამიცია მისთვის.
– ცენტრს დაარტყა თავად იბრაჰიმ იინალმა, ჩვენი ფაროსნები ძლივს იკავებენ თავს რომ არ გადავიდნენ საპირისპირო შეტევაზე, აყვირდა გახარებული ხარფუხა ქურთიშვილი. უკვე მზადდებოდა გამარჯვება, მაგრამ თუ მახე დაგიგეს გამარჯვებაც ჯეირანივით გაგექცევა.
– გიორგი ჩორჩანელი, ისრით დაკოდეს წყეულებმა დიდო მთავარო, შემომბღავლა ბიძინა ტბელმა და მაშინ წამოვარდი გააფთრებული. გიორგი ჩორჩანელი, ჩემი ძმა და ძმის გული, ჩემი აღზრდილი, ერთადერთი კეთილშობილი მთელს დიდ ქართლში, მართლაც მეფედ რომ მოუხდებოდა ღვთიშობლის წილხვედრ ქვეყანას დამიჭრეს სელჯუკებმა და მე აქ კარავში დიაცივით ვზივართქო გავიფიქრე და უმალ ბრძოლის ველს მივაშურე, ავღმართე ბაღუაშთა დაუმარცხებელი შტანდარტი, და კლდეკაროსნებმა მუშტის სიმსხო სპილენძის გახურებული ბურთულაკები და ბიზანტიური ცეცხლი დაუშინეს სელჯუკებს.
გატყდნენ სელჯუკნი იმ წამსვე, როდესაც შვიდასი სკანდინავიელი ვარანგი ჩავაბი ბრძოლის ცენტრში. ფარები ვიფარეთ და თავად იბრაჰიმ იინალის კარვისკენ ავიღეთ გეზი. სწრაფად მივდიოდით წინ. უხმოდ უტევდნენ კლდეკაროსნები სელჯუკებს და გარბოდნენ წყეულნი, დაკოდილნი და გალაჩრებულნი.
სწორედ ამ დროს, ხარფუხა ქურთიშილი მეუბნება -კევკამონ კატაკლონი გაიქცა ბრძოლის ველიდან დიდო მთავარო. გაიქცა და ქალის ლეჩაქიც დაუხურია უთხარი ხარფუხს და „იბრაჰიმის კარავი ცეცხლში გაახვიეთ“, ვუბრძანე შემტევ წყობას კლდეკაროსნებისას. მართლაც შიშხინით დაიწვა სარდლის კარავი და ჩვენ უკვე ბანაკში დავსეირნობდით იმგვარად, როგორც ბუკოლინის სასახლის ბაღში დასეირნობენ ქართველი მთავრები.
აარონ ბულღარიც და მისი მთელი ჯარი გაშპა ბრძლის ველიდან ლიპარიტ ბატონო, დაიყვირა ასკანიო გურმა, რომელიც ჩემს მეჯინიბედ მყავდა იმ ხანებში და მაშინ კი შევფიქრიანდი, ეს რა ჰგავსთქო ვკითხე ჩემს თავს, მე ბრძოლას ვიგებ და ამ დროს ორივე ფრთა ბრძოლის ველიდან გარბის. ვერაფერი გავიგე თავიდან და გურს ვუთხარი:
– ძერები გაფრინდებიან რადგანაც ყველას კლდეკარის არწივის იმედი აქვს ასკანიო.
ამ დროს „ხორასანიტად“ წოდებული სელჯუკის კავალერია დაგვესხა თავს მარცხენა მხრიდან და ისრები დაგვიშინა, რასაც ჩემმა მეომრებმა ყვირილითა და სიცილით გასცეს პასუხი და ჩვენც დავუშინეთ ისარი მათ. საბრთხე ჯერ არც არსებობდა. ჯარი კლდეკაროსნებისა გამარჯვებას ზეიმობდა როცა, მარჯვენა მხრიდან კუტალმიშმა დაგვარტყა და მისი მძიმედ შეიარაღებულმა სელჯუკთა ცხენოსანმა ლაშქარმა რამოდენიმე ნაბიჯით თუ დაგვახვევინა, მაგრამ ჩვენ უმალ გავიმართეთ და კლდეკარის შტანდარტით შეტევა წამოვიწყეთ წუნკლების წინააღმდეს. ზურგიდან დაგვიარა ეხლა ხორასანიტმა და ჩვენც ბორჯღალის ფორმა მივიღეთ და დავტრიალდით. ბორჯღალის საცეცებში მრავალი სელჯუკი იღუპებოდა. არც ეხლა ჩანდა რაიმე საშიში ჩვენი წყობისათის, ვიდექით და გულიანად ვიბრძოდით, რაც მეტი მოდიოდა მით მეტს ვკლავდით.
უეცრად ჩემმა ცხენმა წაიფორხილა. ჩემს ბედაურს, ბეგთარში ჩასმულს რა უნდა მოსვლოდა? თურმე ხარფუხს გადაუჭრია მყესები ცხენისათვის და სწორედ ამიტომაც მომიწია დაქვეითება, მოღალატე ხარფუხი ერთი მოქნევით ორად გავაპე და მტერს მივეტევე, და იყო კლდეკაროსნების შეტევა ყოველი მიმართულებით. უაღრესად ვასახელეთ იმ დღეს სახელი იბერიელთა. მაგრამ ალყაშემორტყმული ვიყავით, ერთი მეორეს მიყოლებით მიკლავდნენ საუკეთესო ბიჭებს, შვიდასი ვარანგიდან, ნახევარი დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდათ მათ. სელჯუკები ჩემი ხმლის დანახვისას გარბოდნენ და შორიდან მიშენდნენ ისარს, რომელსაც არც ვიგერიებდი, გამწარებული მივსდევდი მათ და ისინი კიდევ უფრო შორიდან მაყრიდნენ ისრის მერეხს და იცინოდნენ.
„ეჰჰ ლიპარიტო გაგაბრიყვეს, დაგამცირეს, არ აქვს აზრი ამ ბრძოლას, დანებდი, გადაარჩინე შენი ერთ დროს სახელოვანი ლაშქრის თუნდაც ნახევარი, დანებდი, გაბრიყვებულ ხარ და როგორც დათვი ჩავარდნილხარ ორმოში“-ვიყვირე ხმამაღლა და კიდევ უფრო ხმამაღლა თურქულად დავძახე:
„აქეთ წყეულნო, აქეთ, მე ვარ ლიპარიტი, მე მტყორცნეთ ისარი, მე შემომებით, მე დამიჭირეთ, მოდით თქვენი, მოდით…“.
გარსშემომეხვიენ სელჯუკნი და ღიმილით წითელი ხალათი გამომიწოდეს და თეთრი მიტკალის ნაჭერი გადმომიგდეს, სისხლიანი ხელები გაიწმინდეო. ჩემს წინ ხალიჩა დააგეს უმალ, მოკლულთა ცხედრებისაგან ალაგი გაწმინდეს და თავად იბრაჰიმ იინალი თეთრი ცხენით მომიახლოვდა.
„დიდი მებრძოლი ხარ და საუკეთესო სტუმარი ჩემი, შენ ვერ გაგიმეტებთ, ძმად მიგიღებ“-მითხრა სელჯუკთა კეთილშობილმა სარდალმა და თვალებში ჩამხედა. მე ვიგრძენი ამ სიტყვების ჭეშმარიტება და იბრაჰიმის წინაშე მახვილი მიწაში ჩავასვე.
დაიწყო საპატიო ტყვეობა. 1048 წელი იდგა.“

მე-11 საუკუნის შუახანები – ჯაყელთა ოჯახები და ბაღუაშთა საგვარეულო
1068 წელი

რადგანაც ჯაყელთა ისტორიას მხატვრულად გიყვებით, რა თქმა უნდა ისტორიკოსების ნაშრომებს ვიყენებ თარგად. მაგრამ ისტორიული წყაროები ხშირად მშრალი და არაფრის მთქმელია, მათ უკან კი მოვლენების იმგვარი ჯაჭვი ჩანს, რომელიც არ დაწერილა, თუმც სიმართლე მოითხოვს დღეს მაინც დაიწეროს.
ჯაყელების ისტორიას თავად ჯაყელები ძველადაც იკვლევდნენ, სინას მთაზე დაცულია მრავალი ხელნაწერი შექმნილი სამცხის ათაბაგების ოჯახის წევრების მიერ.
შემდგომ პერიოდში მათი პოლიტიკური თუ გენეალოგიური მოვლენების მკვლევართა შორის გამოირჩეოდნენ ისეთი დიდ ისტორიკოსები როგორებიც იყვნენ ივანე ჯავახიშილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კირილე თუმანიშვილი, დარეჯან კლდიაშილი, ქრისტინე შარაშიძე, მიხეილ თამარაშვილი, ენვერ გოგუაძე, შოშიაშვილი, სიხარულიძე, რეხვიაშილი და სხვანი.
ჯაყელთა ისტორიას დღეს განსაკუთრებით ღრმად შეისწავლის პროფესორი მიშა ბახტაძე. მის მიერ გამოცემული ისტორიული ნაშრომი „ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია XI-XV საუკუნეებში“ დაწვრილებით ასახავს ჯაყელთა გენეალოგიას და მათ სამოხელეო-საგამგეო ძალაუფლებას ამ პერიოდის საქართველოში.
ჯაყელთა ნაწილი, დღეს ისტორიულ მესხეთში, ოსმალთაგან მიტაცებულ ართვინსა და სპერში ცხოვრობს. ამას წინათ თურქეთის მცხოვრებმა, ართვინელმა აშკინ ათაბეიმ გამომიგავნა ჯაყელთა გენეალოგიის ჩემთვის მეტად საინტერესო და მანამდე უცნობი ნიმუში, ართვინელი ჯაყელებისა რომელიც თავის სათავეს, რა თქმა უნდა ბექა მანდატურთუხუცესის პიროვნებიდან იღებს. განსაკუთრებით საინტერესოა ისაყ-ფაშა ჯაყელის მემკვიდრეთა გენეალოგია.
ათაბაგთა შთამომავალმა აიჰან სურმელიმ და გურსოუ სურმელიმ ასევე მომაწოდეს მათ წინაპართა შესახებ ინფორმაცია. როგორც ცნობილია ისინი დღესაც წინაპრის სასახლის მესაკუთრეები არიან და „სარაი ოღულარის“ ან „ფაშა-ზადეს“ საპატიო ტერმინით მოიხსენებიან 21 საუკუნის თურქეთში.
მეტად დამაფიქრებელია და შესასწავლი თურქი პროფესორის ემირ ონგუნერის საგვარეულოს გენეალოგია რომელიც ჯაყელთა ერთ-ერთი განშტოებაა.
საინტერესოა ასევე მურად კასაბის ნაშრომი „ქართველები ოსმალეთის ისტორიაში“, რომელიც მესხეთის ათაბაგთა გამაჰმადიანბულ წარმომადგენლების მიღწევებს მოიცავს.
შესაბამისად მე ჩემს მხატვრულ-ისტორიულ თხრობაში ზემოხსენებულ წყაროებს ვეყრდნობი, მაგრამ ახალი წყაროების აღმოჩენასაც ვცდილობ, რათა უკეთ შევავსო და სრულყოფილად მოგიყვეთ ჯაყელთა სამხედრო – პოლიტიკური თავგადასავალი რომლის პოლიტიკური სცენა იყო საქართველო, ბიზანტია, ხაზარეთი, ყიფჩაღეთი, სელჯუკთა იმპერია, არაბეთი, მონღოლთა იმპერია, ოსმალეთი, სპარსეთი, სირია, ეგვიპტე, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები.

***
ჯაყელთა ოჯახები მეთერთმეტე საუკუნეში
მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებში, მესხეთში, ჩორჩანელ-ჯაყელთა ოთხი ოჯახი გამოიკვეთა, რომელთა დედაბოძის როლი უნდა ეთამაშათ ერთიანი საქართველოს შექმნასა და მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში:
– კალმახის საერისთაოს განაგებდა კალმახის ერისთავი, სულა მეოთხე კალმახელი, ყარაფჩაიდან დაბრუნებული იოანეს კალმახელის უფროსი ვაჟი, კალმახელთა შტოს გამგრძელებელი;
– სამცხის ერისთავად აღზევებულიყო – მარზაპანი ქართველთა – ბოცო I ჯაყელი;
– თუხარისის ერისთავად ჯდა – ბეშქენ I ჯაყელი,
– ყველის ერისთავად ვიხილავდით მურვან I ჯაყელ-ჩორჩანელს
ბეშქენი და მურვანი ძმები, ხოლი ბოცო მათი ბიძაშვილი იყო, სულა კალმახელი კი მათი დიდ-პაპის ძმის შვილიშვილი. ეს ოჯახები რკინისებური ფიცით იყვნენ შეკრულნი. ისინი ერთმანეთზე არასოდეს გაილაშქრებდნენ. მათში ჩორჩანელთა წმინდა სისხლის კუთვნილება ყოველ წამს იგრძნობოდა. ისინი აგებდნენ ტაძრებს, ქმნიდნენ საძვალეებს, იბრძოდნენ გულმოდგინებით, მაგრამ ბაგრატიონთა და ბაღუაშთა საგვარეულოებს შორის ატეხილ პოლიტიკურ ბრძოლას მეტად ფრთხილად აკვირდებოდნენ.
მე-11 საუკნის შუა ხანებში ორი დიდი მპყრობელი დაეტაკა ერთმანეთს, ორთავე თავიანთი სახელით, მეოთხე იყო საკუთარ საგვარეულოში, ერთი გახლდათ საქართველოს მეფე ბაგრატ IV ბაგრატიონი, ხოლო მეორე, მისივე დიდი მეტოქე ლიპარიტ IV მეოთხე ბაღვაში.
ჯაყელ-ჩორჩანელებს ახსოვდათ ის ამბავი, რომ ბაღვაშებმა სულ რაღაც ასი წლის წინ, გაღარიბებული ჩორთვანელნი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდეს მათ პაპებს, სულას, ბეშქენს და ლაკლაკს. რომ არა შურტა კუტალმიში, რომელმაც სამხედრო ცბიერებით „დასწუა ჩორთვანელნი“, კალმახის ციხის გარშემო, შესაძლოა მეთერთმეტე საუკუნის ჯაყელები ისევე აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა, როგორც მრავალი სხვა საგვარეულო.
ამიტომაც ფრთხილად იყვნენ ჯაყელ-ჩორჩანელნი, მაგრამ როდესაც თუხარისის ციხის გარშემო, ბიზანტიურად შეჭურვილი კლდეკაროსანი ვარანგები გამოჩნდნენ, მაშინ ამ ციხის მფლობელი ბეშქენი დიდ საგონებელში ჩავარდა.
არვის ენახა მანამდის, სკანდინავიელი მეომრები საქართველოში. ვეება, ოქროსფერთმიანი, ჟღალ-წვერიანი დაუნდობელი, მეომრები, ნაჯახითა და შუბით ხელში, გიგანტებად მოსჩანდნენ ქართველ მეომართა შორის.
ბეშქენი ცხენს მოაჯდა, თუხარისის კარიბჭე განიხვნა და იგი ჭენებით მიეჭრა მისი ციხის წინ, დაბლობზე დაბანაკებულ ოქროსფერ-თმიან და წითელწვერა გიგანტებს, რომლებიც წრიულად განლაგებულიყვნენ და ამავე ფორმის სანგარს თხრიდნენ.
– ვინ ხართ და რა გესაქმებათ ჩემს მიწაზე? – ბრძანებლურად ჰკითხა წამოწითლებულმა ბეშქენმა, ახმახ უცხოელებს შორის გამორჩეულ, ტანდაბალ ქართველ ათისთავს.
– თრიალეთის მთავრის, დიდი ლიპარიტის ყმანი ვართ, ესენი კი მოწვეული ვარიაგები არიან, ლიპარიტის ლაშქრის თავზეხელაღებული მეომრები, ჩრდილოეთიდან მოცურდნენ, დაგვტოვეთ მთავარო, თორემ ამ ხალხს ვერ შევაჩერებ, უმიზეზო სისხლს დაღვრიან – თქვა იქვე მდგომმა კლდეკარელმა ათისთავმა, რომელიც უმალ წითელთმიანთა და ბეშქენის შუა ჩადგა და ერისთავს დაღლილი მზერით მიაჩერდა.
– ჩემს მიწაზე ხართ, იცოდეთ! უტიფრობას არავის ვპატიობ. თუ სტუმარი ხარ, აღიარე სტუმრობა და ჩემს ციხე-ქალაქში შეგიპატიჯებთ, ხოლო თუ „მტერ“ ხარ, მაშინ ასეც განაცხადეთ – ბრდღვინავდა ბეშქენი და ყალყზე შემდგარ საომარ კვიცს იმორჩილებდა.
სკანდინავიელები თმებს და გაფოფრილ წვერებს დროშებივით აფრიალებდნენ და ათისთავს უსმენდნენ რომელიც მათ ვიკინგურ ენაზე ბეშქენის ნათქვამს უთარგმნიდა.
– „მტერ“ ნა, ნე, მო, ბენე, „სტუმარ“, მონა ბენე „სტუ“ – ახარხარდა ჟღალთმიანი, ორმეტრიანი ვარანგი, რომელიც უეცრად წინ გამოვიდა და ბეშქენს ხელი გაუწოდა.
– მტერი არ ვართ, სტუმრები ვართო ბეშქენ ბატონო – ცალყბად ჩაიცინა კლდეკარელთა ათისთავმა და ცივად შეათვალიერა თუხარისის ციხე.
– ჩავწვდი ამ წითელი კაცის ნათქვამს, სტუმრები კი ხართ, მაგრამ რამდენი ბრძანდებით? – იკითხა ბეშქენმა და გამოწვდილი ხელი ჩამოართვა ახმახ სკანდინავიელს, რომელმაც თავისი სახელიც- „კალიმაქოს“ უთხრა ბეშქენს.
– ხუთასი ვარანგი დგას აქ და თუ ციხეში არ შეგვიპატიჟე ბეშქენ ბატონო, მაშინ კიდევ ორიათასი წითელ-თმიანი მოუახლოვდება ციხე-ქალაქს თუხარისისას – ცივად თქვა ათისთავმა და ბეშქენმა იგრძნო რომ მის სიტყვებს ლიპარიტ დიდი ბაღვაშის ჩანაფიქრი ედო საფუძვლად.
– ჭარხლისფერი დაედო სახეზე, მოემზადეთ, რაიმე და გვიფათერაკოს – ვარანგულად გადაულაპარაკა , ქართველმა ათისთავმა მის სიახლოვეს მდგომ წითელ თმიან და ჟღალ წვერიან მეომრებს, რომლებმაც პასუხად მხოლოდ გაიცინეს და მსხვილი თეთრი კბილები გამოაჩინეს.
– მომყევით „სტუმარნო“! – უეცრად, თითქოს ხალისით, შესძახა ბეშქენმა და გახარებულ სკანდინავიელ მეომრებს თუხარისის ციხისაკენ გაუძღვა.
– კარგა გვარიანად გვიმასპინძლებს, აი ნახავთ, წამოდით, თანაც წერილიც მაქვს-უყვიროდა ათისთავი თავისზე ორჯერ მაღალ და ბრგე „ზღვის მგლებს“ და მათ ციხე ქალაქისაკენ მიუძღვოდა.
– მიუვალი ქალაქიც უსისხლოდ ავიღეთ!!!- გაჰყვიროდნენ სკანდინავიელნი და ციხისაკენ სამხედრო მწყობრით მიაბიჯებდნენ.

***
– ხუთას „ვარანგზე“ მეტი ნაღდად არ ყავს ლიპარიტ კლდეკარელს – ჩაილაპარაკა თუხარისის ციხის საშუელად მისულმა ტანდაბალმა სარდალმა მურვან ჯაყელმა, რომელმაც თავის ათას კაციანი რაზმი ციხის ზევით – საჩინო ქვაბულში ჩაასაფრა და ამბის შეკრება დაიწყო.
– პატრონი ბეშქენი, ციხე-ქალაქში გვიწვევს მურვან ბატონო, ბაღვაშებსა და ჯაყელებს შორის სამადჟამიერო ზავის ჩამოსაგდებად – ბრძანა მის წინ აღმართულმა თუხარისის ციხისთავმა კირითხურომ და არქიტექტორმა ეფრემმა და ყველის ერისთავს ძმის წერილი გადასცა.
***
„ერისთავთ – ერისთავო ბეშქენ, ღმრთის სწორო, მიწამან შენმან იოვანე დავწერე“- მიაწერა კორიდეთის სახარებას იოანე ბერმა და ფეხზე წამოდგა. ბინდი სუფევდა. ყველაზე ჩინებული გადამწერი, ელოდა თვალის ჩინის წართმევას. ასეთი ხვედრი ელოდა ყველა გადამწერს სახარებისას. რამოდენიმე წელი გატარებული ფოლიანტებთან. მესხეთის ქარი, რომელიც ქვაბულებში აღწევდა და სიცივე, რომელიც ბერის სახსრებს ებრძოდა.
მაინც თავისი გაიტანა იოანემ, ოცდაშვიდი წლის გადამწერმა და უკვე წიგნი, უხვად შემკული, სახარება კორიდეთისა – მის წინ იდო.
უფლის მიერ მინიჭიებულ სიცოცხლეს და თვალის ჩინს აბარებდა უფალს იოანე ბერი.
***
ლიპარიტ ბაღვაში, გველივით უხმოდ ეპარებოდა მესხურ ციხეებს, უბრძოლველად იგდებდა ხელთ მათ და შემდგომ ურთიერთ-მოკიდების ხელშეკრულებას სთავაზობდა ციხის პატრონს. სკანდინავიური კოჰორტა ვიკინგებისა რომ დაუმარცხებელი გახლდათ, ამას ყოველი კაცი გეტყოდათ უკვე მესხეთში.
თუ ადრე ყველაზე ძლიერ მებრძოლებს ქართველნი თავიანთ დიდ მეფეს – ტფილისის დამაარსებელ ვახტანგს გორგასლანს შეადარებდნენ, ეხლა სკანდინავიელთა რაზმის უფროსს, ბერძნულად მონათლულ ვარიაგს – „კალიმაქოსს“, უხმობდნენ გმირად და მარჯვე კაცად. კალიმაქეოსი – ბუმბერაზი სკანდინავიელი თავის მეომრებთან ერთად მოუყვებოდა ქართლისა და მესხეთის მინდვრებს და მუდამ გამოცდილი თვალით ათვალიერებდა ციხე ქალაქებსა თუ სოფლებს.
– ყოველ ციხესა თუ სოფელს სწავლობს და მისი იერიშისათვის უჩუმრად ემზადება კალიმაქეოსი, რომელიც თავად ლიპარიტ ბაღვაშის თვალი, ხმალი და გონია – უთხრა სულა IV კალმახელმა სამხედრო თათბირზე ბაგრატ კურაპალატს და მისი პასუხის მოლოდინში გაირინდა.
– რა უნდა ვიღონოთ სულავ? ვარანგებს როგორ ვძლიოთ? – იკითხა ბაგრატმა და ცხენოსანთა სარდალს მიაპყრო თავისი შავი თვალები.
– ორთაბრძოლაში არ არს საჭირო, ვარანგებთან შესვლა. მათი ღონე, ძალა და იერი ბრძოლისა სულ სხვაა ჩვენი კი სხვა. მთებში, კლდეებში, ქვაბულებში უნდა გამოვიჭიროთ კალიმაქეოსი და მისი რაზმი, უკვე დაღალული მთებზე ცოცვითა და კლდეზე სვლით – ბრძანა სულა კალმახელმა.
ბაგრატ კუროპალატს კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა ერთგული სარდლისათვის რომ, ნატახტარის სასახლეში ხმაური ატყდა. როგორც ჩანს რაიმე ახალი ამბავი ჩამოიტანეს საზღვრებიდან.
– რა მოხდა მომახსენეთ! – ბრძანა ერთიანი საქართველოს მეფემ და სიახლის შესაცნობად გაირინდა.
კარებში შემოვარდნილმა მალემსრბოლმა მეფის წინაშე დაიჩოქა და წამოიძახა:
– განძის ამირა ფადლონი დაგვესხა მეფეო, დიდი ლაშქრით, შეჯავშნული ცხენოსნებით შემოიჭრა აზერბაიჯანის ამირა, ქართლისა და მესხეთის ციხეების უმეტესი ერთი მისვლით გასტეხა და ეხლა აქეთ მოიწევს.
– ვისი ხარ მოყმევ? – იკითხა მეფემ, როდესაც მალემსრბოლის მოწითალო მოსასხამზე ოქროსფერი ძაფები შეამჩნია.
– პატრონი მურვან ჯაყელის ყმა ვარ, ესართიოს. პატრონი მურვან – ყველის ციხის ლაშქრით უახლოვდება თქვენს სასახლეს დიდო მეფევ – ბრძანა მალემსრბოლმა რომელსაც ყანწით ღვინო, სპილენძის ფულით გამოტენილი ქისა და მეფისაგან ნაჩუქარი ხანჯალი უბოძა ბაგრატიონთა სახლთუხუცესმა ნიანია ქვაბულისძემ.
– მურვან ჯაყელის მოსვლა გამხარებია – დიდება უფალს – სთქვა ბაგრატ მეოთხემ და დაფიქრებით გადახედა მის წინ გადაშლილ საქართველოს რუქას, შეათვალიერა კლდეკარის საერისთავოს სულ უფრო და უფრო მზარდი სხეული, მიათვალიერ მოათვალიერა ხევები და უღელტეხილები რომელიც მას არაფერ კარგს უქადდა და ბიზანტიური საკმეველი უკმია მის წინ დაბრძანებულ ძელიცხოველს, დაიჩოქა მის წინ და იწყო ლოცვა.

***
„ცნა თფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან, ქართლისა ვნება, წარმოსვლა ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად, ივანე, ძე ლიპარიტისი, და ნიანია, ძე ქვაბულისა და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა…და სდევნა ლაშქარმან ბაგრატისმან, მოსრეს და ტყვე ყვეს ლაშქარი ფადლონისი“.
ბრძნული იყო გადაწყვეტილება მეფისა. მას დიდი ლაშქარი სჭირდებოდა ფადლონის მოსაგერიებლად ამოტომაც ბაღვაშნი და ჯაყელნი ერთად დარაზმა ბაგრატმა გათავხედებული ამირას დასამარცხებლად.
ფადლონთან ბრძოლისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბაღუაშნი და ჯაყელნი. ივანე ბაღვაში თავისი მძიმე მხედრობით პირდაპირ შეასკდა ფადლონის მძიმე კავალერიას. მურვან ჯაყელმა მარჯვენა მხრიდან მიიტანა იერიში არანის ჯარზე. საბოლოოდ სულა კალმახელმა გადაუჭრა გზა უკან დახეულ მტერს და ალყა შეიკრა.
ფადლონი გარბოდა.
***
ურაველის ხეობაში, მდინარის მარჯვენა ნაპირას, სადაც ყაყაჩოები ნანაობდნენ, ერთხელ ცხენი შეაყენა ბრძოლისაგან დაღლილმა მურვანმა და ბალღობის გახსენება მოუნდა. ჩამოხტა ცხენიდან და ყაყაჩოების ყანაში სირბილით შეიჭრა. როცა ყანა განვლო, მთა შეამჩნია და მთის თხემზე ასვლა მოუნდა.
აირბინა რა ყველის ერისთავმა ურაველის მთის ფერდი, იგი თხემზე შედგა, მის წინ გადაშლილი სიმშვენიერის მხედველმა, უნებურად ლოცვა იწყო.
მთას უეცრად თეთრი ღრუბელი მოევლო და მასზედ დაჩოქილ მურვან ყველისციხელს მოეჩვენა, რომ უცხო საბურველში გაახვია იგი უფალმა. თბილი წვეთებით დაალტო წვიმამ, მურვანის გამელოტებული შუბლი. უნებურად წვიმის წვეტებს ხელი შეაგება ერისთავმა და გაოგნდა – „გასისხლფერდა წვიმა“, ჩაილაპარაკა მან და ამ დროს შეამჩნია თუ როგორი სისწრაფით მიუჯდა მას ჟანგისფერი მესხური არწივი.
არწივს ჭანგებიცა და ნისკარტიც სისხლისფერი ჰქონდა და როგორც ჩანს ნადირობისაგან დაღლილი ისვენებდა.
უნებურად გაეცინა მურვან ჯაყელს, არწივს მიუახლოვდა და მის სიახლოვეს ჩაიმუხლა. არწივი მშვიდად შეხვდა კაცის მიახლოვებას. მურვანმა ხელიც კი გადაუსვა თავზე, ნაომარ არწივს. ფრინველთა მეფე მოფერებასაც სიამით შეხვდა და გაიტრუნა.
ურაველის მთის თხემზე, ისხდნენ ასე ერთად კარგა ხანს დაღლილი სარდალი მურვან ჯაყელი და მესხური არწივი. ერთმანეთს მშვიდად შეჰყურებდნენ. კაცი გრძნობდა მხეცის ძალას, ხოლო მხეცი დრო და დრო გამოხედავდა კაცს და მასთან სიახლოვე მოსწონდა.
ბოლოს კი გაფრინდა ჟანგისფერი არწივი. მაგრამ უმალ მოტრიალდა და კვლავ ჩამოჯდა ყველისციხის ბატონის გვერდით.
– ჰე,ჰე,ჰე, არწივო, მთისაო, ჰე,ჰე,ჰე – ამბობდა მურვანი და ფრინველთა მეფეს კვლავ და კვლავ თავზე და ფრთებზე ეფერებოდა.

***
ფადლონ იბნ შავურზე მბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, ბაგრატ კურაპალატმა უხვად გასცა შესაბოძველი. 1068 წელს ივლისში, განძის ამირას დატყვევების შემდეგ, მისი ხაზინა ქართველთ დარჩათ. ბაგრატმა უხმო სარდალთ. ჯერ ივანე ბაღვაში დაასაჩუქრა, ხოლო შემდეგ მისი ერთგული ნიანია ქვაბულისძე აღავსო ოქროთი.
– სად არის ჩემი ერთგული მურვან ყველის-ციხელი? – მკაცრად იკითხა მეფემ.
– ურავლის ხეობაში, მთაზე, აგარად წოდებულ ადგილას, ტაძარს აგებს ყველის ციხის პატრონი – გასცა პასუხი ნიანიამ.
– ჯაყელებს უყვართ ტაძრების შენება – ბაღვაშებს კი ციხეების აგება – სიცილით თქვა ბაგრატ მეფემ და მისი სიტყვები ყველას დაამახსოვრდა.
მეორე დღესვე კლდეკარის სასახლეში განიხილავდნენ ბაღვაშები ბაგრატის ამ ამოძახილს. რას ნიშნავდა ბაგრატიონის ამგვარი გახუმრება, ჯერ არავინ იცოდა. ბაღვაშები ერთს კი ხვდებოდნენ – ფადლონ იბნ შავურ შედადიანზე გამარჯვებული ბაგრატ ბაგრატიონი ეხლა ახალ გამარჯვებას ელტვოდა. ვინ იქნებოდა მისი ხვალინდელი სამიზნე?

***
მართლაც ტაძარს აგებდნენ ჯაყელნი. ფადლონზე გამარჯვებული სახელგანთქმული სარდალი და მისი ნათესავნი, სწორედ ურავლის იმ მთაზე იდგნენ სადაც ერთი წლის წინ, მურვან ჯაყელი გააოცა არწივთან შეხვედრამ.
– აქ დავძმობილდით მე და არწივი მთებისა – სიცილით ამბობდა მურვან ჯაყელი და მოძმეებს შეჰყურებდა.
ჯაჭვი და ჯავშანი იქვე ეყარა, ტაძრის საძირკველს თავად აფუძნებდნენ ერისთავები, მურვანი, ბეშქენი, ბოცო, ივანე და მათი სახლიკაცები.
არქოტექტორად ბიზანტიაში აღზრდილი კირითხურო და მეომარი – ეფრემ მგელისციხელი შეარჩიეს
ადგილს აგარა ერქვა, ეკლესიასაც აგარის ეკლესია უწოდეს და მაცხოვარს მიუძღვნეს. თლილი ქვით ნაშენ ერთნავიან შენობას გარედან ფაქიზი სამკაულები დაუტანიეს. უხვად მორთეს. სამრეკლო აღაშენეს. ცალკე შენობად დადგეს ბერთა სატრაპეზო და მასზედ შემდეგი წარწერა აღმოკვეთეს:
„სახელითა ღმრთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემლისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამას”.

***
გრგვინავდა ბაგრატ ბაგრატიონი:
– კლდეკარელებს ყოველი უღელტეხილის ჩაგდება სძალუძთ და არაფერზე იხევენ უკან. მათი ვარანგები, ციხეებს უბრძოლველად იღებენ. სულ მთლად გავლაჩრდით და დავიმცერით. ვარანგების გამოჩენისას ჩვენს მომხრეებს შიშით სული სძვრებათ. თუ არ აღვუდექით წინ, მალე სამხედრო გზები ვარანგების ხელთ გადავა და შემდეგ სამეფოსაც მიიტაცებენ.
– რამოდენიმე ციხე კვლავაც ხელთ გვიპყრია მტკიცედ, მაგრამ იქაც მეციხოვნეებს ვეღარ ვამარაგებთ. ციხიონი დამშეული ან ალყაშემორტყმულია ვარანგების მიერ – ამბობდა ნიანია ქვაბულისძე.
– სამცხე – შავშეთის დამაკავშირებელ გზას და აჭარა-ერუშეთის უღელტეხილს ყველისციხიდან განაგებს მურვან ჯაყელი ხოლო ფოცხოვისა და ქართლის გზას სულა კალმახელი – აი ეგაა რაც დღეს ხელთ დაგვრჩა. ხვალ ლიპარიტ ბაღვაშის ვარანგები ამ ციხეებს მიადგებიან. ყველისა და კალმახის ციხეები დარჩათ აუღებელი. ამ სიმაგრეებშია ჩვენი ხერხემალი ნიანია. ამ ზამთარს ყველისა და კალმახის გარეშე თუ დავრჩით, მაშინ ბაღვაშებს გადავცეთ ქვეყანა – ჩურჩულებდა დედოფალთ-დედოფალი ბორენა, ოვსთა მეფის ასული და შიშით შეჰყურებდა ბურუსით მოცულ მომავალს ბაგრატიონთა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: