Posted by: burusi | 25/08/2015

რევაზ მიშველაძე: “დავით კლდიაშვილი”

დავით კლდიაშვილი - David Kldiashvili

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili

რევაზ მიშველაძე: “დავით კლდიაშვილი”

დავით კლდიაშვილი ქართული პროზის ბრწყინვალე წარმომადგენელთა პლეადას ამშვენებს. “სამანიშვილის დედინაცვლის” და “სოლომან მორბელაძის” გარდა რომ არაფერი დაეწერა, დავით კლდიაშვილი მაინც ჩაითვლებოდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მსოფლიო ნოველისტიკის ერთ-ერთ თვალსაჩინო მეტრად.

“სამანიშვილის დედინაცვალს” და “სოლომან მორბელაძეს” სიუჟეტით და შესრულების უზადო ოსტატობით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მცირე ჟანრის ნაწარმოებთა შორის ოქროს ფონდში აქვთ დამკვიდრებული ადგილი. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ლიტერატურაში, ჩვენ ვერ ვხედავთ მოთხრობას, რომელშიც შუა ხანს მიღწეული შვილი საკუთარ მამას მაჭანკლად უდგება. დადის იგი იმერეთის მტვრიან გზებზე, კარიდან კარად, რომ მოძებნოს ორნაქმარევი, უშვილო დედაბერი და არც მეტი, არც ნაკლები, მამამისს შერთოს ცოლად. რატომ ორნაქმარევი და რატომ უშვილო? თურმე, აზნაურ _ პლატონ სამანიშვილს ასეთი “ცუღლუტი” გაზრახვა აქვს. ემანდ ბეკინამ, მამამისმა, შვილი არ გააჩინოს და პლატონს თავისი ნახევარძმა მამულის მოცილედ არ მოევლინოს, მსოფლიოში არაერთი მძაფრი სიუჟეტი არსებობს (“მატეო ფალკონე”, “პალატა #6”), მათ შორისა “სამანიშვილის დედინაცვლის” სიუჟეტი, რომელიც თავის შთამბეჭდაობით და სარკასტულობით სამუდამოდ ამახსოვრდება მკითხველს.

დავით კლდიაშვილმა საოცარი ფერწერულობით და რეალისტის კეთილსინდისიერებით ასახა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველო თავის პროზაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან ლიტერატურაში სრულიად ახალი სამყარო შექმნა. დაასახლა იგი განუმეორებელი ხასიათებით, სევდანარევი იუმორით აღწერა მათი ცხოვრება და სამუდამოდ შემოუნახა ლიტერატურის ისტორიას პლატონ სამანიშვილის, ბეკინა სამანიშვილის, სოლომან მორბელაძის, კირილე მიმინოშვილის, ოტია ქამუშაძის, პორფირი ბიაშვილის და სხვათა სახეები.

ცხოვრება, რომელსაც დავით კლდიაშვილი აღწერს, დრამატიზმითა და ტრაგიზმით არის აღსავსე, ხოლო სტილი მწერლისა უხვად შეიცავს ირონიას, იუმორს, ზოგჯერ _ გროტესკსაც კი. მწერალი ერთგან ამბობს _ ეს ამბავი, ჩემო მკითხველო, ფრიად სასაცილო იქნებოდა, რომ სატირალი არ ყოფილიყოო. კომიკური დავით კლდიაშვილის სტილის თვისებაა. სინამდვილეში იგი არასოდეს არ დასცინის თავის პერსონაჟებს. როდესაც მხცოვან დავით
კლდიაშვილს თბილისში იუბილეს უხდიდნენ და ერთ-ერთმა მომხსენებელმა ბრძანა _ რა კარგად დასცინა დავით კლდიაშვილმა შემოდგომის აზნაურებსო. დავით კლდიაშვილმა, იუბილარმა, თავის სიტყვაში იქვე გასცა პასუხი: _ ეს სიცრუეა, მე არასოდეს არავისთვის დამიცინიაო.

რაკი დავით კლდიაშვილის სტილზე ჩამოვარდა საუბარი, ორიოდე სიტყვა ვთქვათ სიცილზე. ფილოსოფოსები დღემდე დაობენ იმაზე, თუ რა არის კომიკური, რატომ იცინიან ადამიანები. ერთნი ამბობენ, რომ სიცილს იწვევს ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობა. მეორენი კი ხაზს უსვამენ, რომ სასაცილო იბადება მოვლენებზე საკუთარის უპირატესობის შეგნების გამო. ქართულ ლიტერატურაში კომიკურის ჟანრად აღიარების პირველი ნიშანი ჩანს “ვეფხისტყაოსანში”, “მესამე ლექსი კარგია სალაღობოდ, სამღერელად”. ასევე რუსთაველმა ჰაგიოგრაფიული მწერლობისაგან განსხვავებით, პირველმა შემოგვთავაზა სატირული იგავი: “ორნი კაცნი მიდიოდეს სადაურნი სადმე გზასა”.

დავით კლდიაშვილის იუმორი ყოველთვის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობით, განწყობილებით, გარემო პირობებზე და სიტუაციაზე ღრმა დაკვირვების შედეგად არის შექმნილი და არასოდეს არ არის თვითმიზნური, პომპეზური. სიცილი სიცილისთვის
არასოდეს არ ჩანს მის შემოქმედებაში.

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წელს სოფელ სიმონეთში, აზნაურ სამსონ კლდიაშვილის ოჯახში. იგი ხან მამისეულ სახლში იზრდებოდა, ხან _ დედულეთში (წყალტუბოს რაიონი). ცხრა წლის იყო, როცა ორმოც ქართველ ბავშვთან ერთად კიევში წაიყვანეს, ყოველწლიურად რუსეთის თვითმპყრობელობა საქართველოში აგროვებდა თავადაზნაურთა შვილებს და მიჰყავდა ისინი რუსეთში თითქოსდა განათლების მისაღებად, სინამდვილეში კი გასარუსებლად, რათა იქიდან რუსეთის საიმედო ჩინოვნიკები დაბრუნებულიყვნენ.
დავითი კიევიდან მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს. მხოლოდ ოცდახუთი წლისა დაბრუნდა საქართველოში (მანამ სულ ორჯერ იყო საქართველოში). იგი თითქმის
გარუსებული იყო და როდესაც “პოდპორუჩიკად” გაამწესეს ბათუმში, მეფის მთავრობას დავით კლდიაშვილთან მიმართებაში თავისი ამოცანა შესრულებული ჰქონდა. ბათუმში გაიცნო მან იმერელი აზნაური, პავლე მაჭავარიანი, ენაწყლიანი ქართველი კაცი და, როგორც მწერალი იგონებს, თუ ვინმემ სცა ყველაზე დიდი პატივი დავით კლდიაშვილს, იყო სწორედ პავლე მაჭავარიანი. მან მიათხოვა ქალი დავითს და აჩუქა “სამანიშვილის დედინაცვლის” და “სოლომან მორბელაძის” სიუჟეტები.

კლდიაშვილმა პოლკოვნიკობას მიაღწია რუსეთის სამხედრო სამსახურში. მისი ბათუმში ოფიცრობის დროს იყო მუშათა გამოსვლები. ერთ-ერთს ახალგაზრდა სტალინიც მიუძღოდა წინ და რამდენჯერაც უბრძანეს ოფიცერ დავით კლდიაშვილს ცეცხლის გამოყენებით შეეჩერებინა გამოსვლები, მას ერთხელაც არ უსვრია ამბოხებულთათვის. ამის გამო იგი სამსახურიდან დაითხოვეს. ცოტა ხანს ქუთაისში იყო, მოხუცებულობა კი სოფელში გაატარა
და იქვე გარდაიცვალა 1931 წლის 24 აპრილს. დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში.

დავით კლდიაშვილმა დაგვიტოვა არაერთი მოთხრობა და მათგან სწორუპოვარია შემოდგომის აზნაურთა შესახებ დაწერილი მოთხრობები, პიესები: “დარისპანის გასაჭირი”, “ირინეს ბედნიერება”, “უბედურება”. ასევე “მნათობის” რედაქციის შეკვეთით დაწერილი
მემუარების წიგნი _ “ჩემი ცხოვრების გზაზე”, რომელიც არა მარტო მისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებზე გვიამბობს, არამედ ძვირფას მასალას შეიცავს 1900-1910 წლების საქართველოს და, კერძოდ, აჭარა-იმერეთის საზოგადოებრივი ცხოვრების შესასწავლად.
განსაკუთრებული ყურადღებით მემუარებში მწერალი გადმოგვცემს ცარიზმის მოხელეების თვითნებობას საქართველოში და ჩინოვნიკთა თავგასულ, ბატონკაცურ დამოკიდებულებას
ქართველი ერის სრულიად სამართლიანი პრეტენზიების მიმართ. ადრეული მოთხრობები: “შერისხვა” და “მსხვერპლი” თავისი შინაარსით და მიმართულებით ხალხოსნურ მოთხრობათა რიცხვს მიეკუთვნება. რელიგიური ფანატიზმი და ცრურწმენათა გაფეტიშება
გამოსჭვივის ამ ორ მოთხრობაში.

მართალია, დავით კლდიაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდში ხალხოსნური მოტივები შეინიშნება, მაგრამ იქვე იგრძნობა, რომ მწერალი შემოქმედებით ძიებაშია. ხალხოსნური ტიპის მოთხრობებშივე შეინიშნება იუმორის ელემენტები და აშკარად ჩანს, რომ მომავალი დიდი მწერალი ტეტიათა მოტრფიალეების იდეოლოგიის ჩარჩოებში ვერ ჩაეტევა. ასეც მოხდა. გავიდა ცოტა ხანი და ქართულ ლიტერატურას ერთიმეორის მიყოლებით შეეძინა დავით კლდიაშვილის სამი მოთხრობა: “სამანიშვილის დედინაცვალი”, “სოლომან მორბელაძე”, “ქამუშაძის გაჭირვება”. ეს ის მოთხრობებია, რომელთაც განსაზღვრეს დავით კლდიაშვილის ადგილი, როგორც კლასიკოსისა, ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

“სამანიშვილის დედინაცვალი” პრივილეგიადაკარგული თავადაზნაურული
კლასის იმ პერიოდის ცხოვრებას ეხება, როდესაც ამ კლასის წარმომადგენელთა შეგნებაში ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი წოდებრივი უპირატესობის კუდაბზიკური შეგნება,
ხოლო სინამდვილე იმდენად მკაცრი გახლდათ, რომ მათ გლეხური პრაქტიციზმისაკენ უბიძგებდა. ეს გლეხური პრაქტიციზმი საკმაოდ მარტივი რამ იყო. თუ თავის რჩენა გსურდა, თოხი უნდა აგეღო ხელში და ოფლითა შენითა უნდა მოგეპოვებინა სარჩოსაბადებელი. მკაცრი სინამდვილე და აზნაურული ამპარტავნობა, სრულიად ბუნებრივად დრამატულ წინააღმდეგობრივ ეფექტს ქმნის და ეს დრამატიზმი ხშირად კომიკურ ელფერს იძენს.

ბეკინა სამანიშვილი, “ერთობ გადაპრანჭული” და საკმაოდ ხანდაზმული იმერელი აზნაური, მისი წოდების სხვა წარმომადგენელთა მსგავსად ჯერ კიდევ ილუზიებით იკვებება გარდასულ დროზე და წარსულ დიდებაზე, ხოლო მის შვილს _ პლატონ სამანიშვილს,
უკვე შეხებია ეპოქის მსახვრალი ხელი და შეგუებია თავის მდგომარეობას. ოყიანი თოხი უჭირავს ხელში და მიწას უჩახუნებს. სამანიშვილთა ოჯახის ერთფეროვნება ერთ დღეს სამოცდაათი წლის ბეკინას ახირებულმა სურვილმა დაარღვია. ბეკინამ თავის შვილს გაანდო განზრახვა ცოლის შერთვის შესახებ. პლატონს თავზარი დაეცა. ჯერ მოხუცი მამის სურვილს ისედაც უცნაურად მიიჩნევდა, ძველებური ყოფა-ვითარებაც რომ ყოფილიყო. ახლა კი პლატონს თავისი პრობლემა აწუხებს. ბეკინას ახალ ცოლთან შვილი არ გაუჩნდეს, რომელიც პლატონს მამულს გაუყოფს და ისედაც მშიერ ოჯახს დაღუპვის კარამდე მიიყვანს. დიდი ფიქრისა და ცოლთან მოთათბირების მერე პლატონმა თვითონ იკისრა იმერეთში ლამის გაუგონარი საქმე _ საკუთარი მამის მაჭანკლობა. ბეკინას ეჭვზე, შენ რაღაცას ცუღლუტობ, ყმაწვილო, შენ რა დაგიშავდება, მე ერთი ბებრუცუნა მოვიყვანო, შენს ცოლსაც ხელს წაუკრავს და მოხუცებულობაში მომივლისო, პლატონმა სასოწარკვეთით ამოიგმინა და უთხრა: “შვილი გეყოლება, ბატონო, შვილი”. ოჯახის ახალი წევრი, სხვა ვითარებაში ასე რომ გაახარებდა სამანიშვილთა საგვარეულოს, ახლა ტრაგედიად ქცეულა.

პლატონი თვითონ შეარჩევს ორნაქმარევ, უშვილო ქალს და გული საგულეს ექნება. პლატონ სამანიშვილს ერთი გარემოებაც უძნელებს საქმეს. ბეკინას თავისი ეშმაკურ-მერკანტელური
სურვილიც აქვს. მთლად გადაღრძუებულ, შეუხედავ დედაბერზე თანახმა არ არის. და დაიწყო პლატონ სამანიშვილის ეპოპეა კარდაკარ. უნდა მიდგეს-მოდგეს, გაიარ-გამოიაროს, მიიკითხ-გამოიკითხოს და აღმოაჩინოს მისთვის სასურველი დედინაცვალი. ამ ერთობ ძნელი და ცოტა არ იყო უხერხული საქმის აღსულებისას პლატონ სამანიშვილს მისი დარდიმანდი სიძე, კირილე მიმინოშვილი, აეტორღიალა, თითქოსდა დახმარების მიზნით, მაგრამ
სინამდვილეში, კირილეს სადედინაცვლო დედაბრები ფეხებზე ჰკიდია და მით უმეტეს, ორნაქმარევი და უშვილონი. მას თავისი მიზნები აქვს: იქეიფოს, დრო გაატაროს და სადაც მაღალი კვამლი ამოდის, იქ შევიდეს, თუნდაც დაუპატიჟებლად. ოღონდ ლხინით და კაი ხასიათზე ყოფნით გაატაროს ეს ცხოვრება.

ისევ კომიკური სიტუაცია. ერთად მოდიან ლამის ანტიპოდები. ერთი მხრივ, პლატონი თავისი კონკრეტული და პრაქტიკული საქმით, მწუხარე სახის აზნაური, და მეორე მხრივ, ნიადაგ პურის ჭამისთვის აწყვეტილი და არცთუ საიდუმლოს დელიკატურად შემნახველი კირილე.

მკითხველი დაძაბული ადევნებს თვალყურს მოთხრობის პერიპეტიებს. ღარიბი, მაგრამ ენაკვიმატი, ირონიული, სულისშემძვრელი კომიკური სცენები ერთმანეთს ცვლის და ბოლოს სადედინაცვლო გამოჩნდა. პლატონ სამანიშვილის ხეტიალმა, დამცირებამ და ჭაპანწყვეტამ შედეგი გამოიღო. შვილმა მამას შერთო ორნაქმარევი, უშვილო ქალი და დაიმედებული, რომ მამულის გაყოფაში არავინ შეეცილება, ისევ თოხს დაუბრუნდა. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ბეკინა სამანიშვილი, სადაცაა მამა უნდა გახდეს. ეს ადგილი მოთხრობაში ზარის მსგავსად დარხეული აპოთეოზია სამანიშვილის ოჯახის ტრაგედიისა. შვილის გაჩენა ბეკინას პირად უბედურებადაც იქცა და მალე თვალწინ გადაგვეშლება
მოთხრობის ლოგიკური ფინალი. სოფელში დადის პატარა ბიჭთან ერთად სამანიშვილის დედინაცვალი. ფრიად შევიწროებული თავისი გერის, პლატონის მიერ.

მოთხრობის ბრწყინვალე სიუჟეტი, უზადოდ დაწერილი ცალკეული პასაჟები, შთამბეჭდავი, ურთიერთგანსხვავებული კადრები ნაწარმოების მტკიცედ შეკრული კომპოზიცია იძლევა უტყუარი დასკვნის გაკეთების საშუალება, რომ “სამანიშვილის დედინაცვალი” ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობაა არამარტო ქართულ ლიტერატურაში.

ისევ იმერეთი, ისევ “შემოდგომის აზნაურები”. ამჟამად გამაჭანკლებული იმერელი აზნაურის, სოლომან მორბელაძის, “გაძაღლებული” ცხოვრება. მოთხრობა “სოლომონ მორბელაძის” მთავარი პერსონაჟი, ბლატონის მსგავსად, ცხოვრებას ლამის შეგუებული,
რეალისტი კაცია. მან იცის, რომ ცოტა თუ არ გაინძრა, თავისი გარდასული წოდებისათვის ხონჩით არავინ მიართმევს სარჩო-საბადებელს. მაგრამ პლატონისგანვე განსხვავებით, სოლომანს ჯერ კიდევ შერჩენია აზნაურული კუდაბზიკობა და “მთლად სასაცილოდ” ვერ გაუმეტებია თავი. იგი აზნაურისთვის, რასაკვირველია, შეუფერებელ, მაგრამ ღამის მეხრეობისაგან ცოტა განსხვავებულ მსუბუქ საქმეს შეჭიდებია _ მაშვლობას, მაჭანკლობას.

მოთხრობა იმით იწყება, რომ სოლომან მორბელაძემ, როგორც იქნა, გადაადებინა თავის მორიგ მოვალეს ვალის დაბრუნების ვადა და მეორე დღესვე შეუდგა ახალი საქმის “გაიმასქნებას”, რათა მაშვლობით აღებული ფულით ვალიც გაისტუმროს და ორი კაპიკიც დარჩეს ოჯახის დასაპურებლად, ოჯახისა, რომლის კიდობანში თაგვიც კი შიმშილით კვდება. საქარაძეებისა თუ ქათამაძეების კარზე თავისი მშიერი, გაძვალტყავებული ჯორით მავალი სოლომან მორბელაძე იძულებულია, ხანდახან ტყუილსაც მიმართოს. სიძე-სიმამრისაგან გაკეთებას მოელის, სიმამრს კი ერთობ შეჭირებული ეკონომიური საშუალება გააჩნია. აბა დაპირება, აბა თამასუქი, აბა უბოროტო ტყუილი, სოლომანი მოხერხებული კაცია და როგორც იქნა ქორწილამდე მიიყვანს საქმეს, თუმცა ქორწილზე გამჟღავნდება, რომ სიძის წინაშე არც პატარძლის მამა და არც სოლომანი იყვნენ პირნათელი. მაგრამ სოლომანი ამას აღარ დაეძებს. საქმე გაიმასქნებულია, ქორწილი გაჩაღებული და სოლომანის მიერ მოკვარახჭინებული საქმე აწი აღარ ჩაიშლება. და მაინც ხდება ის, რისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა _ მაჭანკალი მოატყუეს. დაპირებული თუმნიანების ნაცვლად ორიოდე გროშს დააჯერეს. მიაჩიქჩიქებს შინისაკენ გულამღვრეული მაჭანკალი ჯორს და ფიქრობს: “დასწყევლოს ღმერთმა იმერელი აზნაურის გაძაღლებული ცხოვრება; მოვატყუე, მომატყუეს და ხვალ
ერთი მოტყუებული კარზე მომადგება~.
`ქამუშაძის გაჭირვება~ შედარებით ფართოპლანიანი, მასშტაბური
ხასიათის მოთხრობაა. იგი არ გახლავთ კომპოზიციურად ისე
მტკიცედ შეკრული, ერთიანი, კონკრეტული ნოველური სიუჟეტის
მქონე, მაგრამ ხასიათდება დიდი შინაგანი დრამატიზმით და მოვლენათა
მწერლისეული შეფასების შეუვალი ობიექტურობით.
ოტია ქამუშაძეც ღარიბი აზნაურის შვილია. ოღონდ სამანიშვილების
და მორბელაძეების ეპოქასთან მას გარკვეული დროითი
დისტანცია აშორებს. სამანიშვილები და მორბელაძეები გარდასულან
და ქამუშაძეობა, ერთ დროს რომ ასე პრესტიჟული და
სანატრელი იყო სოფელში, უკვე აღარ არის პრივილეგიური, ქამუშაძეებს
აღარავინ შენატრის, გლეხმა დაინახა ქამუშაძეთა კლასის
უნიათობა და სიღარიბე. მოწიფულ მშრომელ, პატიოსან ოტია
ქამუშაძეს ქალიშვილის ცოლად მიცემაზე უარს ეუბნება მისივე
თანასოფლელი. იმის მაგივრად, რომ იქვე სოფელში სხვა ქალი ეძებონ,
დედა-შვილი გადაწყვეტენ ქალაქიდან მოიყვანონ სარძლო და
ამით კიდევ ერთხელ გააოცონ თანასოფლელები. ოტია ქამუშაძე
აფერისტ პორფირ ბიაშვილის მსხვერპლი ხდება. ხელმომართული
კაცის ქალიშვილის მაგიერად მას ასევე გუდამშიერ ოჯახში გაზრდილი
გოგონა შერთეს, ქორწილი აზნაურთა ერთ-ერთი მხარის
დაკარგულ შესაძლებლობად იქცა. ისევ სოფელი, ისევ ტალახიანი
შუკა და სულისგამაწვრილებელი სიღარიბე. და სრულიად ახალი
მოტივი გაკრთა დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში. ეს მოტივი
აქამდე არ შეგვხვედრია. ქამუშაძეები ტოვებენ სოფელს და ქალაქში
მიეშურებიან. იქნებ ქალაქში მაინც გამოჩნდეს თავის რჩენის
წყარო. და იზრდება ქალაქი სოფლიდან გამოქცეული გლეხების
ხარჯზე. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
სანამ შემოდგომის აზნაურთა პრობლემამდე მივიდოდა, დავით
კლდიაშვილმა, როგორც აღვნიშნეთ, ძიებისა და შემოქმედებითი
ევოლუციის რთული გზა განვლო. ადრეულ მოთხრობებს აშკარად
ეტყობოდა ხალხოსნური იდეების კვალი. რელიგიური ფანატიზმი,
სოფლად გამეფებული სიბნელე. ბუნების მოვლენათა აუხსნელობა,
გაუნათლებლობით გამოწვეული ეს ტიპიური ხალხოსნური მოტივები
შეინიშნება ადრეულ მოთხრობებში, რომელთაგან განსაკუთრებით
შეიძლება გამოვყოთ `შერისხვა~ და `მსხვერპლი~.
კაცია საგუნაშვილმა ერთი `მოღალული~ საყანე ადგილი `შესასვენებლად
გაუშვა~ (`შერისხვა~). დროთა განმავლობაში იმ ადგილზე
სოფელმა გზა დაიდო და როცა კაციამ თავისი ნაკვეთის
დაბრუნება გადაწყვიტა, მეზობლებმა ნება არ მისცეს, აქაოდა
ძველი გზა უკვე აღარ ვარგა, ხოლო კაციას საყანეზე სიარული
ჩვენთვის `ერთობ მოსახერხებელიაო~. კაციამ არაერთგან იჩივლა,
მაგრამ ვერა გააწყო რა. დღისით, მზისით, სოფელმა მარჩენალი
მიწა ჩამოაჭრა. `ამ საქმეში~ განსაკუთრებით აქტიურობდა
სოფლის მოსამართლეთაგანი ანდრია ჭურაშვილი. რაკი კაციამ
კაცთა შორის სამართალი ვერ იპოვა, ადგა და ანდრია ჭურაშვილი
ხატზე გადასცა, აქაოდა წმინდა გიორგი უკეთ განსჯის მართალსა
და მტყუანსო.
`შენ გგონია, წმინდა გიორგი, მარტო შენს ჭკუაზე გეიარს?!
_ იქვე უპასუხა კაციას საქციელით შეფიქრიანებულმა ანდრიამ,
მაგრამ კაციას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ღვთის სამართლი მართლის
მხარეს დაიჭერდა და დამნაშავე ანდრიას სასტიკად დასჯიდა~.
დრო და ხანი გადიოდა, მაგრამ წმინდანის რისხვის ნიშნები კი
არსად ჩანდა. კაციას მოუთმენლობა დაეტყო. ნეტა რად ატარებს
წმინდა გიორგი ამდენს ხანს ანდრიას და არაფრით არ იჩენს იმაზე
თავის სასწაულს?! ამ მოუთმენლობას ის უფრო უმატებდა, რომ ამ ბოლო დროს ანდრიასაც მეტი რაღაც მხიარულება ემჩნეოდა,
იგი უფრო გათამამდა, და როგორც სხვები ეუბნებოდნენ კაციას,
ვითომ არაფრად აგდებდა კაციასაგან ხატზე გადაცემას.
ბოლოს კაციას მოთმინების ძაფი გაუწყდა და აღდგომის მეორე
დღეს, როცა ხატების წინ დაჩოქილ ხალხს სოფლის მღვდელი
ღმერთს ავედრებდა, კაცია საგუნაშვილი ზეწამოიჭრა.
`ესმის ახალი ვითომ მაგას რამე?.. ძაღლი ვიყავი მე, ჩემი რომ
არაფერი შეისმინა მაგან?! _ საშინელი ხმით წამოიძახა აცახცახებულმა
ბებერმა კაცმა, ეს ისე სწრაფად, ერთი თვალის დახამხამებაში
მოხდა, რომ ვერავინ მოასწრო მოხუცებულის შეჩერება,
მღვდელი გაფითრებული, გონებადაკარგულივით მისჩერებოდა
განრისხებულ მოხუცს~.
იმდენად დიდი იყო ღვთის გმობის ელდა თვით მგმობელისთვის,
რომ კაციას ფსიქიკამ ვერ გაუძლო იმის ფიქრს, რომ გამოუსწორებელი
დანაშაული ჩაიდინა, `მოტყდა, უცნაურად მალე მოტყდა.
სრულად დაბერდა და მოიკუმშა წარმოსადეგი კაცია. ზედვე
ეტყობოდა, რომ იგი წუხდა. წუხდა გადამეტებით, მაგრამ ხმას არ
იღებდა.~
ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ კაცია ლოგინად
ჩავარდა. ერთადერთ ნუგეშად ისღა გაჰყვა საფლავში, რომ
მღვდელმა
მისი ზიარება მოასწრო.
_ `ვერ ვიტირებთ~, ამბობდნენ მეზობლები _ ღმერთს ვაწყენინებთ,
რომ მგმობელი ვიტიროთ! _ და ამიტომაც მიცვალებულ
კაციას სასაფლაოზე მხოლოდ ცოლშვილი გაჰყვა და ესენიც მხოლოდ
იმის უბედურ დღეზე გაჩენას დასტიროდნენ.
არანაკლებ ტრაგიკული მოთხრობა `მსხვერპლი~. შემზარავია
ცრურწმენაზე და ავადმყოფურ ეჭვიანობაზე აგებული მისი სიუჟეტი.
ფეფენამ თავისი რძალი, მარინე, აითვალწუნა. დედამთილს არ
მოსწონს, რომ მარინემ `დოურიდებლად ყბედობა~, `ლაქლაკი და
კასკასი~ იცის, და არც ის, რომ `გაქუცული აზნაურიშვილი~ დავით
კარუგდელიძე ხშირად დაწანწალებს `ამ ბარობაზე~. რძალდედამთილის
ურთიერთობა იქამდე გამწვავდა, რომ მარინემ ფეფენა
ერთ დღეს თმით დაითრია და სახლიდან გაიქცა. უნიათო
და უგერგილო ნიკამ ფეფენას დახმარებით დაიბრუნა ცოლი, მაგრამ
ოჯახის მყუდროება სამუდამოდ დაირღვა. მარინე ძალით
`დაიმორჩილა~ მკაცრმა დედამთილმა, მაგრამ ამ დამორჩილებას
შედეგად მარინეს ავადმყოფობა მოჰყვა. როცა შვილის ავადმყოფობით
შეწუხებულმა მარკოზამ მარინეს ავადმყოფობის მიზეზი
ჰკითხა, ქალმა საბოლოოდ გასწირა ავი დედამთილი და კუდიანობა
დასწამა. მარკოზამ ლამის სოფლის თვალწინ ბაწრით შეჰკრა
`კუდიანი~, `დაავლო ხელი საკეცეს, აიღო მხურვალე ნაწილი
და… თეძოზე მიადო ფეფენას~. დადაღვის ცერემონიალმა დედამთილი
ხომ სიკვდილის პირას მიიყვანა, მარინემაც ვერ გაუძლო ამ
შემზარავ სურათს და სული განუტევა.
აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა დამოუკიდებელი
საქართველოს (1918-21) და საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში
კარგახანს იცხოვრა, მაგრამ მის მხატვრულ პროზაში არ ასახულა
რევოლუციების, სამოქალაქო ომის და `კომუნისტური აღმშენებლობების~
ეპოქა. შეიძლება ითქვას, რომ დავით კლდიაშვილმა
არ მიიღო `ძალით გაწითლებული საქართველო~, მისი მწერლურარისტოკრატიული
სული სამანიშვილების, დარისპანის და სოლომან
მორბელაძის სანახებში დარჩა. ეს იყო დავით კლდიაშვილის
იმერეთი. ოციანი წლების ბოლოს მხცოვანმა მწერალმა კვლავ
სცადა თავისი მაგიური კალმის გაცოცხლება, მაგრამ, სამწუხაროდ,
ღირებული ვერაფერი შექმნა. ამ პერიოდის თხზულებათაგან
აღნიშვნის ღირსია მოთხრობები `შუაცეცხლის პირას~ და `კიმოთე
მეშველიძე~.
მოთხრობაში `შუაცეცხლის პირას~ დავით კლდიაშვილი მკითხველისთვის
მოულოდნელად კვლავ მიუბრუნდა ადრე `მსხვერპლმა~
დასმულ, თვით მწერლის მიერვე მივიწყებულ კუდიანობის
პრობლემას.
დიდთოვლობაა. ანდრია დვანაძის ბუხართან მიმჯდარი იმერლები
ჰყვებიან მთისას და ბარისას, გარეთ ისეთი წუნკალი ამინდია,
ძაღლი რომ არ გაიგდება. ექვთიმეს სთხოვენ, მოგვიყევი,
როგორ გაისტუმრე საიქიოს ერთი კუდიანიო.
_ ახალგაზრდობაში _ ჰყვება ექვთიმე _ სამოჯამაგირეოდ ვიყავი
წასული… ერთ ზამთარს რაღაც უცნაური კატა შემომეჩვია.
ყოველ ღამე დავწვებოდი თუ არა _ ისიც უსათუოდ გაჩნდებოდა,
შეშინებულს ძილი არ მეკარებოდა. მივედი მოძღვართან და
მოვუყვები ყველაფერი. _ კუდიანი იქნება _ მითხრა მან, დადაღე
და მოგეშვებაო… ვეცი კატას, დავიჭირე, მივათრიე ბუხართან,
გამოვიღე ცეცხლიდან გახურებული რკინა და სახეზე მივუსემოვუსვი…
მეორე დღეს მეზობელმა მითხრა, დედაჩემს უცნაური საქმე დამართნიაო… შევყევი სახლში ავადმყოფის სანახავად…
ლოგინში წევს დედაკაცი თავპირშეფუთვნილი. ლოყაზედ სწორედ
ისეთი ჯვარი აქვს, მე რომ კატას დავადაღე… რამდენიმე დღის
შემდეგ დედაკაცი მოკვდა. გლეხები არაჩვეულებრივი ყურადღებით
ისმენენ ექვთიმეს მიერ კუდიანის დადაღვის და მოსიას საიქიოდან
დაბრუნების ამბავს და ეს იწერება მაშინ, როცა რელიგიის
წინააღმდეგ დიდი კომუნისტური ლაშქრობაა გაჩაღებული, ხოლო
საქართველოს თავზე ეს ესაა გადაიარა 1924 წლის საშინელმა
რეპრესიებმა. ერთი `პარტიული~ ანდრია დვანაძის ბუხართანაც
ზის, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ენდობიან მეზობლები `ამ ჩვენი
კოლიასი ნუ შეგეშინდება _ შინაური პარტიულია~, _ ეუბნება
ერთი ახალგაზრდა გლეხი მოსიას. მოთხრობაში ერთი გროტესკული
პასაჟიც გამოკრთა ხატების ლეწვის და უღმერთობის წინააღმდეგ
მიმართული: `სოფლელებმა მახლობელი ეკლესიიდან გადმოასვენეს
ცხრა წმინდა გიორგის ხატი. რვა დადგა და მეცხრე
ვერ გააჩერეს, ძველ ადგილას იპარებოდა. ერთმა ყმაწვილმა
სახლში ილაპარაკა, რომ ის ხატი თავად კი არ იპარება, აქ ეშმაკობენო,
ხატებს არაფერი შეუძლიათო. ერთ დღეს მოვიდა და
ცხრავე ხატი ნაჯახით ლუკმა-ლუკმა აქცია. თავდაპირველში ბიჭი
არხეინად ყოფილა, მერე კი ავად გამხდარა. მორჩენილა, მარა
თავის ჭკუაზედ აღარ არის, თურმე ლაპარაკს უკლო და ითვლის
სულ, მარა ცხრას ვერ გადასცილდება თურმე, ერთი, ორი, სამი…
მივა ცხრამდი, გაჩერდება და ისევ ხელახლა: ერთი, ორი, სამი და
ასე ცხრამდი…~
ოციანი წლების შემდგომი განწყობილების გამოხატვის ცდაა
პატარა ნოველა `კიმოთე მეშველიძე~, იგი მწერლის უკანასკნელი
ნოველათაგანია. ნოველაში შეფარვით იგრძნობა მწერლის უკმაყოფილება
რევოლუციის შედეგებით და ტოტალური უღმერთობის
გამეფებით.
ნოველის ლირიკულ გმირს იმერელი აზნაური კიმოთე მეშველიძე
ემასლაათება: `სულ დევიბენით, ჩემო ბატონო, აღარაფერი
გვესმის რა ხდება ამ ქვეყნიერობაზე… ახლა რომ აქ დაგიხვდათ,
ვარდენ მშვენიერაძეა… ამასწინათ ქაქანობდა, ნიკოლოზი უნდა
ჩამოვაგდოთო… კინაღამ თავის მახეში გაება… ერთობაში შემოდითო.
ვინც ერთობაში არ შედიოდა, ბოიკოტს უცხადებდა. აქეთ ამ
ერთობის ხალხის შიში გვქონდა, იქეთ მთავრობა გვემუქრებოდა
ამ ერთობისთვის… მერე იყო და, ატყდა ეს შეჩვენებული ჩხუბი,
ქვეყანა რომ დაანგრია! აი, როდის გათავდება, როდის გვეშველება,
ქვეყანა რომ დამშვიდდეს-თქვა. დამშვიდდა კი არა, უარესი
შეიქნა. იმ საცოდავმა ნიკოლოზმა ტახტიც დაკარგა და თავიც,
ჩამოაგდეს, ოუსრულდა ბევრს ნატვრა, მარა ჩვენ მაინც არაფერი
გვეშველა… გადაღმა სოფელში ერთი პლენი ბიჭი ჩამოსულიყო _
საოცარი ამბავი ჩამოეტანა… პლენიდან რომ ვბრუნდებოდი, წამიყვანეს,
ტყეში დგას დიდი სახლი… დამაჯინეს ოთახში… შემოვიდა
კაცი გენერლის ჩინებით, ჯვრებით, ლენტებით _ სამი კაცი
ახლდაო… მიცანი თუ ვერაო. იმ პლენ ბიჭს მაშინვე უცვნია _
ნიკოლოზი ბრძანდებიო… მე ყოველთვის მიყვარდაო, უთქვამს,
კავკასია და კავკასიის ხალხიო და როცა ჩახვალო, გადაეციო, რომ
მე ცოცხალი ვარო და მადაც მალე ჩამოვალო…~
კიმოთე მეშველიძე პრაქტიკულად მოაზროვნე, მკვირცხლი
გონების იმერელია, მან ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ მოსაუბრის
გამოწვევა უნდა და დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს.
კიმოთე არ ჰგავს მისი წოდების გულუბრყვილო წინაპრებს. იგი
აშკარად დასცინის `ნიკოლოზის ჩამომგდებ~ და ხატისთვის რევოლვერის
მიმშვერ ვარდენია მშვენიერაძეს, რომლისთვისაც რევოლუციას
ის სიკეთე მოუტანია, რომ `ახლა გამწარებული ფულზე
დარბის სასესხებლად~.
ფრთხილი და ეშმაკი კიმოთე თანამოსაუბრეს ბოლომდე არ
ენდობა და თავს დაბნეულ, მოვლენებში გაურკვეველ კაცად
აჩვენებს.
`ახალგაზრდაც და მოხუციც რაღაც სხვა ჭკუაზედ შეიქნენ…
რა მოგველის აღარ ვიცი… სულ ვერ გავართვი თავი… სულ დავიბენით…
რომ ვინმე შეისხამდეს ჩვენ მადლს და დალაგებით,
გულდასმით აგვიხსნიდეს _ რა არის, რა ამბავია, _ ეგებ ჩვენც
გამოვსულიყავით ჩვენი სიბნელიდან და ჩვენს გაუგებრობას და
დაბნევას ბოლო მოღებოდა…~
დავით კლდიაშვილი სამი პიესის ავტორია. ესენი გახლავთ:
`დარისპანის გასაჭირი~, `ირინეს ბედნიერება~ და `უბედურება~.
ამათგან `დარისპანის გასაჭირი~ მწერლის უმთავრეს თემას _
შემოდგომის აზნაურთა კუდაბზიკობას ეხება, _ `ირინეს ბედნიერებაშიც~
ნაწილობრივ ეს საკითხია წამოწეული, თუმცა ავტორი
უიღბლო სიყვარულისა და ფატალიზმის პრობლემასაც წამოსწევს,
`უბედურება~ კი კვლავ ცრურწმენის და გაუნათლებლობის
ხალხოსანთათვის საყვარელ თემას უბრუნდება.
უნდა ითქვას, რომ დავით კლდიაშვილის პიესები ქართული
თეატრისადმი თანადგომის კეთილშობილური სურვილითაა შექმნილი,
მაგრამ `დარისპანის გასაჭირის~ გარდა მწერლისთვის
დამახასიათებელი გამოკვეთილი ტიპაჟით და მაღალი იუმორით
არც `უბედურება~ ბრწყინავს და არც `ირინეს ბედნიერება~. ეს
უკანასკნელი პირველად თბილისში დაიდგა და არცთუ წარმატებით.
დავით კლდიაშვილი ამის შესახებ იგონებს: `პისა, რომ იტყვიან,,
ჩაფლავდა, ჩაფლავდა უცნაურად; თბილისელები სრულიად
ვერ მიუდგნენ პიესას; ვყურობ და ვკვირობ _ ჩემი სახეები სად
გაქრნენ, სად გადასხვაფერდნენ?! გათავდა წარმოდგენა ულაზათოდ,
უშნოდ, ვწუხვარ…
მეორე დღეს `ტფილისსკი ლისტოკში~ რეცენზენტმა პირდაპირ
`ბდღვირი ამადინა~.
რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისის თეატრში გენიალურმა
ლადო
მესხიშვილმა მიანიჭა `ირინეს ბედნიერებას~ ღირსეული
სცენური ხორცშესხმა. ისევ დავით კლდიაშვილს მოვუსმინოთ:
`დაიწყო რეპეტიცია. ყველა ხალისიანადაა, ხალისიანად იწყება.
აბესალომს თამაშობს შალვა დადიანი _ ჩინებულია. აგერ შემოფაფხურდა
ფილიპე, ნამდვილი ფილიპე. ჩემს სიხარულს საზღვარი
აღარ აქვს. როდამიშვილი _ გიორგი თუთბერიძე, ირინე _
გვეტაძის ქალი. სიხარულისგან გაბრუებული ვარ~.
`ირინეს ბედნიერება~ ასეთ სიუჟეტურ ქარგაზეა აგებული:
ფილიპე ბარბაქაძის ოჯახში დღეობაა. ლხინის დროს ფილიპეს
ქალიშვილს _ ირინეს თვალი დაადგა შეძლებული მემამულის, სამსონ
სალამთაძის, ვაჟმა აბესალომ. აბესალო გამომწვევად იქცევა,
არ მალავს გრძნობებს და მასპინძლის ქალიშვილს ზოგჯერ
აშკარად უხერხულ სიტუაციაში აგდებს. ბოლოს შეზარხოშებული
აბესალო ფილიპეს ირინეს ხელს სთხოვს. არ გაჭრა ქალიშვილის
ხვეწა-მუდარამ, არც აბესალოს მეგობრის _ ვიქტორის შუამდგომლობამ.
ვიქტორმა აუწყა ფილიპეს, რომ ირინეს ხელმოკლე პავლე
როდამიშვილი უყვარს და თავის მხრივ დასძინა, რომ ფილიპეს
არა აქვს უფლება ჭეშმარიტ სიყვარულს ხელი შეუშალოს, მით
უმეტეს, რომ აბესალო ცუდად აღზრდილი, გათამამებული, ცოტა
არ იყოს უტიფარი ყმაწვილია და ირინესთვის შესაფერისი სრულიადაც
არ არის. ვიქტორის წინადადებაზე ფილიპემ ქვა ააგდო
და თავი შეუშვირა. მან არჩევანი აბესალო სალამთაძეზე შეაჩერა
და თავისი ქალიშვილის გრძნობები არად ჩააგდო.
ირინემ და აბესალომ იქორწინეს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი
იყო, აბესალო ვერ იქცა მოსიყვარულე მეუღლედ და ოჯახის
თავად. იგი სმას და ქალებს გადაყოლილი დარდიმანდია. ამას როგორმე
გაუძლებდა ირინე, მაგრამ აბესალოს კიდევ ერთი ცუდი
ზნეს სჭირს _ უსაფუძვლოდ ეჭვიანობს პავლე როდამიშვილზე,
საქმე იქამდე მივიდა, რომ ილაჯგაწყვეტილი ირინე თავის მამას
უხმობს. იქვეა როდამიშვილი, რომელიც სახალხოდ დაიფიცებს,
რომ უბრალოა და აბესალოს ოჯახის სიწმინდის შებღალვა არც
უფიქრია, მაგრამ შარზე მდგარ აბესალოს როდამიშვილის ფიცი-
მტკიცისა არა სჯერა. ირინეს ისღა დარჩენია, რომ ამხილოს
ქმარი აღვირახსნილობასა და გაღმა შედავებაში. აბესალო ხანჯალს
ამოიღებს და ირინეს დაჭრის. `აი, ჩემი ბედნიერება, მამა!
ხომ ბედნიერი ვარ!~ _ ტირილით ჩაეკრება გულში უბედური ქალი
მამას.
სოფლად უბედურებამ დაისადგურა _ ტუფიას ქმარი, ანტონა,
ყანაში მუშაობდა და უეცრად გული წაუვიდა (`უბედურება~).
ცოცხალმკვდარი შინ საკაცით მოიყვანეს. გლეხებმა ჯერ თებროლეს
სთხოვეს, შეულოცე ავადმყოფსო, მაგრამ მერე გაირკვა, რომ
ანტონას მეზობლები `გადალოცვას~ აპირებენ. ეს იმას ნიშნავს,
რომ ავადმყოფობა გამოვა ანტონას ტანიდან და `ზევით ხომ არ
შეუდგება იმ შეღმართს? ქვეითკენ წავა. აბა, საით უნდა წავიდეს?!~
ამ გადაწყვეტილებამ `ქვევით მხცოვრებთა~ სასტიკი პროტესტი
გამოიწვია: `რაღა ჩვენკენ დენიან კიდევ თავიანთ უბედურებას,
რაღა ჩვენკენ გზას ულოცავენ? ჩვენი მწუხარება არ გვეყოფა
თუ? ქვეითკენ არ გოუშვებ გადასალოცავად! არა, არა, ტყუილი
იმედია!~ ამ ნიადაგზე გლეხები ერთმანეთს დაერივნენ და კეტებით
დაუხეთქეს ერთმანეთს ცხვირ-პირი.
თუ `სამანიშვნილის დედინაცვალში~ ოჯახის ახალი წევრის
მოვლინება იყო სამწუხარო მოვლენა, `დარისპანის გასაჭირში~
შემოდგომის აზნაურის მთავარ პრობლემად ქალიშვილის
გათხოვება ქცეულა. ოჯახს ვერ ნახავ, რომ სამი და ოთხი ქალიშვილი
არ ჰყავდეს გასათხოვარი და მთხოვნელი კი არსადააა…
რაღაც უბედურებამ გული შეუცვალა ახლანდელ ყმაწვილებს…
აღარ ეკიდებიან ოჯახებს. ე გოგოები კი გვიყრიან სახლში და
გვაბერდებიან საცოდავად ხელში! (დარისპანი).
პიესა იწყება მართასა და მის ნათლიდედის, პელაგიას, დიალოგით.
თავის ნათლულზე _ ნატალიაზე მზრუნველი მართა პელაგიას
ავალებს: `ახლავე აქ მომიყვანე… ამ საღამოს მესტუმრება
ონისიმე მათარაძის ბიძაშვილის ედუკიას _ ხარებაძეს რომ ჰყავს
_ შვილი. ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და ჩემი ნატალიას ბედმა გასჭრას~.
ნატალიას `გადანახულების~ მოწყობილი შეხვედრა ერთმა
მოულოდნელმა შემთხვევამ დაარღვია. ჭიშკარს გუდამშიერი
აზნაური
_ დარისპან ქარსიძე მოადგა. დარისპანის სტუმრობა სასიამოვნოდ
როდი დაურჩა მართას, მაგრამ უსიამოვნო გრძნობას
უფრო ის ფაქტი ამძაფრებს, რომ დარისპანი მარტო არ არის. მას
ქალიშვილი კაროჟნა ახლავს. როცა ონისიმე და ოსიკო მოვიდნენ,
დარისპანმა უეცრად მოთოკა თავისი ოჯახის ხელმომართულობაზე
დაწყებული `გადაპრანჭული~ საუბარი და მართას ეცა:
`დარისპან _ მართა ჩემო, ეს ყმაწვილი ცოლსათხოვი უნდა
იყვეს, ვატყობ, ისე გამოიყურება.
მართა _ არ ვიცოდე, შენ არ მომიკვდე.
დარისპან _ კი, ასე უნდა იყვეს, უნდა მომეხმარო, შენ
გნაცვალე!
მართა _ რაში?
დარისპან _ კაროჟნა უნდა შევაძლიო!~
…და გაიმართა ოსიკო ხარებაძის თვალწინ ნატალიას და კაროჟნას
(უფრო მათი მშობლების) საპატარძლო მასკარადი. სამ-სამი
ქალიშვილით შეწუხებული მართა და დარისპანი ყოველ ღონეს
ხმარობენ, რომ ოსიკოს ქალიშვილი მოაწონონ. ზის ოსიკო თავისი
უპირატესობის სრული შეგნებით. დარისპანი კი ნემსის ყუნწში
ძვრება. გული კინაღამ გაუსკდა, როცა მის მარჯვე და ხელსაქმიან
კაროჟნას ჭიქა გაუტყდა (`არა… თავის დღეში არაფერი გატეხია
ხელში… რაღა ახლა აქ მოუვიდა მარცხი. თელათ ოჯახი მაგის
კისერზედაა. მაგაა ჩემი ამშენებელი. თავის დღეში ოჯახისთვის
არაფერი უზარალებია~). დარისპანი შეიტყობს თუ არა, რომ სასწორი
ნატალიასკენ იხრება, კაპუეტივით მივარდება თავის ნათესავს:
`მაკვირვებ, მართა ჩემო. ჩემი სისხლხორცი ხარ… უნდა
მეწეოდე, შენ კი პირში გეტყვი, უკან მიყენებ შვილს~. ოსიკოსაც
შეპარვია პრაქტიციზმის საშინელი სენი. იგი არად დაგიდევთ
გოგონათა ტანკენარობას და ლამაზ თვალებს, როგორც კი `საპატარძლო~
თვალს მიეფარება, ონისიმეს ერთსა და იმავე კითხვას
აძლევს: `აქვს რამე?~, ბოლოს, რაკი სასიძოს არც ერთი ამ გოგონათაგან
`თვალში არ მოუვიდა~ (ძირითადად მათი სიღარიბის გამო),
ოსიკომ ტყუილს მიმართა და გამოუცხადა მართას, რომ დანიშნულია,
თორემ მის `რჩევას~ უსათუოდ მიიღებდა.
1925 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა წიგნი `ჩემი
ცხოვრების გზაზე!~ ნაშრომს ვუძღვნი მათ ხსოვნას, ვინც გული
სიყვარულით გამითბო, მასწავლა ადამიანის პატივისცემა და
ნდობა. მოკლე მონაგონებში არაფერი შეფერადებული არ იქნება.
იქნება მხოლოდ სინამდვილე. სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად
ვემსახურებოდი მთელი ჩემი მწერლობის განმავლობაში~ _
წერს ავტორი წინათქმაში.
მართლაც, მემუარები დავით კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი
რეალისტური კეთილსინდისიერებით არის დაწერილი. დასაწყისში
მწერალი შთმბეჭდავად გვიხატავს დედულეთში (სოფ.
ხომული) და მამისეულ სოფელში (სოფ. სიმონეთი) გატარებულ
წლებს. მერე ქუთაისში ჩამოსვლას და გიმნაზიის მოსამზადებელ
სასწავლებელში მიბარებას. ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის
გაგრძელება მომავალ მწერალს არ დასცალდა: `ერთ დღეს მამამ
გამომიცხადა, რომ რუსეთში უნდა წავყოლოდი. ყოველ წლობით
მთავრობას მიჰყავდა თბილისის და ქუთაისის გუბერნიებიდან
თავად-აზნაურთა ორმოც-ორმოცი ბავშვი სამხედრო სასწავლებელში.
მიჰყავდა იმ მიზნით, რომ გაერუსებინა და კიდევაც მიზანს
აღწევდა ხოლმე, რადგან რუსეთში სამშობლოს მოწყვეტილი ბავშვი
ივიწყებდა ქართულ ენას, ზნეს და ბრუნდებოდა ქართული
გვარით, მაგრამ ერთიანად თავიდან ფეხებამდე გარუსებული~.
მერე მემუარებში მოთხრობილია `გარუსებული~ დავით კლდიაშვილის
ჩამოსვლა ბათუმში. აღწერილია პორტო-ფრანკოს პერიოდის
ბათუმი და იქაური ინტელიგენციის საქმიანობა. ამ თავში,
მაშინ უკვე ჯანმრთელობაშერყეული, ბათუმში საგასტროლოდ ჩასული
ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტიც გაკრთება. საერთოდ,
ამ წიგნში არაერთგზის მოიხსენიებიან დიმიტრი ყიფიანი, გიორგი
წერეთელი, გრიგოლ ვოლსკი, ეგნატე ნინოშვილი, აკაკი წერეთელი,
ლადო მესხიშვილი და ქართული კულტურისთვის სხვა ძვირფასი
სახელები. მწერალი ოსტატურად აღწერს ცარისტულ არმიაში
გაბატონებულ სულისშემძვრელ ატმოსფეროს, რუს ჩინოვნიკთა
თვითნებობას, რევოლუციის აზვირთებას საქართველოში, სამედრო
სამსახურიდან მის დათხოვნას ეროვნული პოზიციის გამო,
თებერვლის რევოლუციას, თავის სამწერლო ბიოგრაფიას და სხვა მომენტებს, რომელთაც დღეს მწერლის შემოქმედების შესწავლისათვის
ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.
სამწუხაროდ, დავით კლდიაშვილის მემუარები ზედ 1918
წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პარმაღზე წყდება. მწერალი
არც 1921 წლის 15 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს
ანექსიაზე ამბობს რაიმეს და არც 1924 წლის ეროვნულ აჯანყებაზე.
გასაგებია, ამ საკითხებს ხომ ათეული წლების განმავლობაში
წითელ საქართველოში ტაბუ ჰქონდა დადებული.
დავით კლდიაშვილი ქართული პროზის სიამაყეა. მის მიერ
დახატული
შემოდგომის აზნაურთა იმერეთი განსაცვიფრებელი
ფერწერულობით ხასიათდება და მწერლის მარადცოცხალ პერსონაჟთა
გალერეა მუდამ იქნება მკითხველის ინტერესის საგანი,
რაც შეეხება `სამანიშვილის დედინაცვალს~, `სოლომან მორბელაძეს~
და `დარისპანის გასაჭირს~ _ უბრალოდ ლიტერატურულ
შედევრთა შორის ნათობენ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: