Posted by: burusi | 22/08/2015

ხორხე ლუის ბორხესი: “რაგნაროკი”

Jorge Luis Borges in Mallorca, 1983

Jorge Luis Borges in Mallorca, 1983

ხორხე ლუის ბორხესი: “რაგნაროკი”

სიზმრების ჩვენება კი არ იწვევს შეგრძნებებს,როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ ხოლმე, შეგრძნებებს ისინი მხოლოდ ასახავენ. ჩვენ იმიტომ კი არ განვიცდით საშინელებას, რომ სფინქსი გვახრჩობს, – სფინქსი იმიტომ წარმოგვესახება, რომ გასაგები გახდეს საშინელების ეს განცდა. თუ ასეა, განა შევძლებ უბრალო მოთხრობით იმ შეშფოთების, ჟრუანტელის, შიშისა თუ აღტაცების გადმოცემას, რისგანაც შეიძერწა ჩემი ამღამინდელი სიზმარი? და მაინც ვეცდები მოგითხროთ. შესაძლოა, ჩემს შემთხვევაში მთავარი შეფერხება გაუქმებულიც კი იყოს, ან გამარტივებული მაინც, ვინაიდან სიზმარი ერთადერთი სცენისაგან შედგება.

მოქმედების ადგილი – ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტი,

დრო – საღამო ხანი. ყველაფერს (როგორც ჩვეულებრივ სიზმარში ხდება ხოლმე) ოდნავ სხვანაირი ელფერი დაჰკრავდა, თითქოს ცოტათი გაზვიადებული იყო და ამიტომ უცნაური. მიდიოდა ხელმძღვანელობის არჩევნები. მე ვესაუბრებოდი პედრო ენრიკეს ურენიას – სინამდვილეში კარგახნის წინათ გარდაცვლილს. უეცრად დემონსტრაციისა თუ ხალხმრავალი ზეიმის ღრიანცელმა გაგვაყრუა. ბახოს მხრიდან ჩვენსკენ მოგორავდა ხალხის ღრიალი და მხეცური ღმუილი. ვიღაცამ ამოიგმინა: მოდიან! ამას მოჰყვა ძახილი: ღმერთები, ღმერთები მოდიან!

ოთხი თუ ხუთი კაცი ამოძვრა ამ ჭაპანწყვეტიდან და დიდი დარბაზის სცენაზე ავიდა. ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ცრემლებით გვევსებოდა თვალები: ღმერთები ბრუნდებოდნენ საუკუნოვანი დევნილობიდან!

ბრბოზე ამაღლებული, მხრებში გამართული და ყელმოღერებული ღმერთები ქედმაღლურად გადმოსცქეროდნენ ჩვენს თაყვანისცემას. ერთს ხელთ ეპყრა სიზმრის უბრალო მცენარეულის მსგავსი რტო. მეორეს წინ ლაღად ჰქონდა გაშვერილი ბრჭყალიანი ხელი. იანუსის სახე შიშნარევ მზერას ესროდა თოთის მოკაუჭებულ ნისკარტს. მათგან ერთ-ერთს, ახლა უკვე აღარ მახსოვს რომელს, ალბათ ჩვენი ოვაციისაგან გულმოცემულს, უცებ გამარჯვების ყიჟინა აღმოხდა – აუტანლად მკვეთრი ყაშყაშის, სტვენისა თუ ყელში წყლისგამოვლების მსგავსი ხრიალი. და იმ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა.

დაიწყო იმ ეჭვით (როგორც ჩანს გაზვიადებული), რომ ღმერთებმა არ იციან ლაპარაკი. მთასა და ბარში საუკუნოვანმა ხეტიალმა და ველურმა ცხოვრებამ მათში ამოძირკვა ყველაფერი ადამიანური. ისლამურ ნახევარმთვარეს და რომაულ ჯვარს გულმოწყალება არ გამოუჩენიათ დევნილებისადმი. წაქანებული შუბლი, ყვითელი კბილები, მეჩხერი ულვაშები – მულატებს და ჩინელებს რომ მოგაგონებდა და პირუტყვის მსგავსად გადმობრუნებული ლაშები ოლიმპიელთა მოდგმის გადაგვარებაზე მეტყველებდა. მათი ტანისამოსი არ იწვევდა სათნო და პატიოსან სიღარიბეზე წარმოდგენას და უფრო ბახოს ბორდელებისა და სამორინე სახლების პირქუში ბრწყინვალების მოგონებას აღძრავდა. უბის კილოში სისხლივით წვეთავდა მიხაკი, ტანზე შემოტმასნილი პიჯაკის ქვეშ თვალნათლივ იბურცებოდა ბებუთის ტარი. და უცებ ჩვენ მივხვდით, რომ მათ ისროლეს უკანასკნელი კარტი, რომ ისინი საჩიხეში მომწყვდეული გააფთრებული მხეცებივით ვერაგნი, სასტიკნი და ბრმანი არიან, – და თუ ჩვენ შიშს დავნებდით ან თანაგრძნობას გამოვიჩენთ – იმწამსვე გაგვანადგურებენ.

და მაშინ ჩვენ ამოვიღეთ დამბაჩები (სიზმარში სადღაც ისინიც მოიძებნა) და სიამოვნებით დავცხრილეთ ისინი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: