Posted by: burusi | 19/08/2015

ნოდარ დუმბაძე: “კორიდა”

თეთრი ძროხა შავ ფონზე

თეთრი ძროხა შავ ფონზე

ნოდარ დუმბაძე: “კორიდა”

დათომ თავისი მოთრობა კროსვორდივით დაიწყო:
-გარიჟრაჟისას ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში შევედით…
-მადრიდში!-ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ნანამ.
-როდის ამისრულდება?!- მტაცა ნანამ თმაში ხელი.
-არასდროს!- ვუთხარი მე და თავი გავითავისუფლე.
-დებილი!- თქვა ნანამ და ხელი გამიშვა.
-ნუ ჩხუბობთ, მადრიდი არ ყოფილა,- გაგვაშველა დათომ.
-სარაგოსა!- თქვა ლილიმ.
-არა!
-ბარსელონა!
-არა!
-ბიბლაო!
-არა!
-სევილია?!
-არა!
-იქნებ ესპანეთში არ შესულხართ?- ჰკითხა ნანამ.
-ზღვით შედით თუ ხმელეთით?- ვკითხე მე.
-ზღვით!- თქვა დათომ.
-ვალენსია!- ვცადე ბედი.
-ვალენსია!- თქვა დათომ და მუხლზე დამკრა ხელი,- ნაშუადღევს ქალაქში გაგვიშვეს,- გააგრძელა ამბავი,- სანაპიროს მივყვები, თან მალიმალ უკან ვიხედები, მეშინია, ჩვენი გემის ანძა თვალთახედვიდან არ დავკარგო.
-ო, ომბრე სიმპატიკო!- მესმის უცებ, ვხედავ ჩემ წინ ღვთისმშობელი დგას და განცვიფრებული მიყურებს…
-ისე შენ რა გითხრა,- თქვა ლილიმ.
-საკუთარი თვალებისა და ყურების არ მჯერა,- განაგრძპ დათომ.
-მიდი, მიდი,- წააქეზა ნანამ.
-ერეს ხეორხიანო?- მეკითხება, ესე იგი, ქართველი ხარო?- გვითარგმნა კიდეც უსინდისოდ.
-სი, სენიორა, სიო ხეორხიანო! -ესე იგი, ქართველი ვარ-მეთქი, ვეუბნები.
-ვივა ხეორხიანოო!- იკივლა მადონამ და ყელზე ჩამომეკიდა.
-ო, პალომა ბლანკა, ეს ესპანიოლა უსტედ?- ესე იგი, თქვენ ესპანელი ბრძანდებით-მეთქი?- ვეკითხები.
-კლარო კესი, კლარო კესი! – მეუბნება.
-ვივა ისპანია!- ვიკივლე და ახლა მე ჩამოვეკიდე ყელზე ცრემლმომდგარ ღვთისმშობელს,- თქვა დათომ და თვალები დახუჭა.
-болван!* – თქვა ლიამ და სამზარეულოში გავიდა.
დათო ასე თვალდახუჭული იჯდა, ვიდრე ლია სამზარეულოდან არ დაბრუნდა და ცხელი თურქული ყავა არ შემოიტანა, მერე თავისი ფინჯანი აიღო, ვნებიანად დაყნოსა, მოსვა და განაგრძო:
-რაღა ბევრი გავაგრძელო, მე და ის ქალი კორიდაზე აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, იმისი ფულით, -ჩაურთო ყოველი შემთხვევისათვის,- მართალია, კი ვიყავით გაფრთხილებული, რაიმე პროვოკაციულ მახეში არ გაებათო, ესპანეთი მაინც ესპანეთიაო, მაგრამ მე მაშინ რა ქართველი ვიქნებოდი, ქალის სურვილს რომ…- დათომ სათქმელი და დაამთავრა და გონებას გადახედა.
-მოწმე!- თქვა ნანამ.
-ასეთ სამქეზე მოწმეები არ დაჰყავთ!-თქვა დათომ და ისევ მოსვა ყავა.
-მერე?- ჰკითხა ლილიმ.
-ბრძოლა დაიწყო, იმ დღე დომინგინი მუშაობდა- ესპანელების სალოცავი ხატი,- თქვა დათომ და წამოდგა.-არენაზე უსპეტაკესი თეთრი ხარი შემოვარდა, მარტო სიზმარში მინახავს ასეთი ხარი, რქები დანისლული ქარვისფერი ჰქონდა, ძირს დახრილი და ოდნავ გამჭვირვალე. ვრბოს კმაყოფილებისაგან ბღავილი აღმოხდა.
-ტორრრროოოო!- ასეთი ხარი თურმე წელიწადში ერთხელ გამოჰყავთ, ისიც მხოლოდ დომინგისნაირი მატადორებისათვის. ხარი ჯერ ციბრუტივით დატრიალდა, მერე თითქოს რაღაც განსაცვიფრებელი დაენახოს, გაჩერდა და თვალი გაუშტერდა. არენის ცენტრში დომინგინი იდგა და სისხლისფერი მულეტის ოდნავ შესამჩნევი რხევითა და ჩურჩულით ხარს თავისკენ უხმობდა.- ტორო, ტორო, ტორო,- თან ხარის მოლოდინში ფეხებს სამბას რიტმში აბაკუნებდა.
-მაგარია დომინგინი!- თქვა ლილიმ.
-სანჩეს მეხია მაგასთან ლაწირაკი იყო!- ისე უპასუხა დათომ, ლილისკენ არც კი გაუხედავს და იმ პოზაში დადგა, რომელშიც დომინგინი უნდა მდგარიყო.- უცებ ხარი ადგილს მოსწყდა და მეტეორივით დომინგინისაკენ გაქანდა. დომინგინი ოდნავ შეტოკდა, წელში მოხდენილად გაიზნიქა და მულეტი ხარს თვალებზე ააფარა. გაწბილებულმა ხარმა წაიფორთხლა, თავი ვეღარ შეიკავა დადრუნჩითა და რქებით კვალი გაიტანა სილაში.
-ოლეე, ოლეე! – იკივლა კორიდამ.
ხარი სწრაფად წამოდგა, წამოდგა, თავი გაიბღერტა სილისაგან და დარცხვენილი ისე გაქანდა დომინგისაკენ. ერთი და ორი, ერთი და ორი… ხარს იერიში იერიშზე მიჰქონდა, მაგრამ დომინგინი განსაცვიფრებელი ოსტატობით იგერიებდა შემოტევებს, ისე ჩაუქროლებდა ხოლმე ხარი, როგორც გრიგალი ტანკენარ ალვას, ის კი იდგა ერთ ადგილას, ირწეოდა და ირხეოდა ქარდაქარ, მაგრამ არც კი ტყდებოდა.
-ოლეე, ოლეე, ტორროო! -გაბმულად ზმუოდა კორიდა.
ხარი კი ბრდღვინავდა და ბორგავდა ამ საგიჟედ ქცეულ მოჯადოებულ წრეში. რომ დაიღალა და შედგა, საქმეში პიკადორი ჩაერია,შუბი გავაზე დაჰკრა და ცხენიანად განზე გადგა. სისხლმა იფეთქა და ხარის მანამდე სპეტაკი ბალანი წითლად შეღება. გაოგნებული ხარი მიტრიალდა, რაკი მის წინ ადამიანის ნაცვლად უზარმაზარი ლეიბებით ახუნძული ცხენი დაინახა, დაურიდებლად ეძგერა გვერდში, მაგრამ ვერაფერი დააკლო და ჯიქურ მიაწვა. ცხენმა ჯერ წაიფორთხილა, მერე მხედრიანად აიპლაკა და ფლოქვები უმწეოდ გაასავსავა ჰაერში. ხარმა, თითქოს ამას ელოდაო, უკან დაიხია და ვიდრე წინა ფეხებზე წამომდგარი ცხენი უკანაზეც შედგებოდა, მუცელზე სულ პაწია გაშიშვლებული ადგილი უპოვა, დაეძგერა და თვალის დახამხამებაში ზეწარივით გახია ფაშვზე. ხმაც კი გავიგონე, – თქვა აღგზნებულმა დათომ და გვაჩვენა, თუ როგორ მოხდა ყოველივე ეს.- ცხენის სისხლით რქებ და დრნუჩმოთხვრილი ჭკუაზე გადასული ხარი დამხმარე მატადორებმა არენის ცენტრში გაიტყუეს, ნაწლავებგადმოყრილი და სულთამბრძოლი ცხენი კი ლამაზად მორთულმა ვირიკელებმა ზანზალაკებისა და ეჟვნების ჟღარუნით ჩოჩიალ-ჩოჩიალით გაათრიეს არენიდან,- დათომ ეს პროცესი გვაჩვენა. ახლა ბანდელიეროები შეესივნენ ხარს და ქედზე ჭრელ-ჭრელი ბაფთიანი ბანდერილიები დააყარეს. ხარი სულ გადაირია. სხეულზე ერთი ადგილი აღარ დარჩა. მხოლოდ ხერხემლის გასწვრივ გასდევდა სასწაულით გადარჩენილი თეთრი ზოლი. იგი სისხლისგან იცლებოდა, რეტიანივით იქნევდა თავს და მთვრალივით დაბორიალობდა. ბოლოს ენაგადმოგდებული შედგა. არ იკადრა დომინგინიმ დაღლილთან მისვლა. აცალა სულის მოთქმა. ხარი კი ადგილიდან არ იძვროდა, თითქოს გაქვავდაო. მაშინ დომინგინიმ ზურგი შეაქცია ხარს, ჩვენკენ შემობრუნდა, ხელები აღმართა მაღლა და გამარჯვებულის სალამი გამოგვიგზავნა ერთ უზარმაზარ ბღავილად შეკრულ კორიდას, მაგრამ ეს მანევრი აღმოჩნდა: ვიდრე დომინგინი თავს გვაწონებდა, ხარი ისარივით მოსწყდა ადგილს…
-უააა! – ამოიგმინა უცებ კორიდამ. ახლა სამარისებურ სიჩუმედ ქცეული კორიდა, როგორც ერთი, ისე წამოიჭრა ფეხზე და არ ვიცი რამ, ტორვადორის უტყუარმა ალღომ თუ ხალხის იმ უეცარმა ამოგმინვამ, ბეწვზე გადაარჩინა დომინგინი. სულ ერთი წამი, სულ ერთი მილიმეტრი დამის ბეჭებში წყვილად გაივლიდა სიკვდილით ალესილი ორი საშინელი რქა…
ისევ გაგიჟდა ხარი, ისევ დაიყწო მულეტის ფრიალი სიკვდილის სისხლიან ფრთასავით, ისევ დაიწყო გაუთავებელი კასკადი იერიშებისა, დემონსტრირება თვალის სისწრაფისა, მუხლის სიძლიერისა, სიმამაცისა, პლასტიკისა და სიილამაზისა. ეს იყო მაღალი ხელოვნების ფეიერვერკი…
…დაბოლოს, გამოელია ილაჯიც, ხერხიც, რონეც ხარს, დაიშრიტა. დადგა, თავი ჩაღუნა და მიწას დააშტერდა. ერთხანს ასე უყურა, მერ სიმწრით ჩაჰბღავლა გაოგნებულმა:
-რა იქნა ერთი საათის წინ სისხლით, ჯანით, ღონითა და სიცოცხლით სავსე ჩემი სხეული, რა უყავიო?
მაშინ ამოიღო დაშნა დომინგინიმ და ხარის წინ დადგა.
ახლა მის პირისპირ, თითქოს შეუცვალესო, თეთრის ნაცვლად, წითელი ხარი იდგა…

მის წინ ჩემი წითელი ხარი იდგა, ჩვენი მარჩენალი, ჩვენი დამპურებელი, ჩვენი დამსახლებელი, ქედ და მუხლდალოცვილი შვინდა. შვინდა იდგა დომინგინის წინ ფერდებჩაცვენილი, მუხლებზე და ქედზე ტყავგადამძვრალი,იდგა საბრალო. გამხმარ ჩალას უგემურად ღეჭავდა კუდის ქნევით და ყურების პარტყუნით იარებიდან აბეზარ მწერებს იგერიებდა, დრუნჩზე ლორწო ჩამოსდიოდა, დინჯად აფახელებდა უზარმაზარ ჭკვიან თვალებს და მოთმინებით ელოდა, ნასამხრალზე როგორ შეაბამდა მამაჩემი ისევ უღელში და როგორ ჩააყენებდა ალაზნის ველზე სიცოცხლის გასავით გაწყვეტილ კვალში.
… და ახლა ეს ჩემი მარჩენალი, მშრომელი, შვილივით გაზრდილი და ერთგული შვინდა უნდა მოეკლა წამებით, ღალატით, მიპარვითა და უნამუსოდ. უნდა მოეკლა ესპანეთის ამ ამაყ შვილს… ყელში მუშტისოდენა ბურთი მომაწვა და სახეზე ხელები ავიფარე. მერე ის ყელში მომდგარი ბურთი ცრემლიანად გადავყლაპე და ავდექი. აღარ მახსოვს, როგორ დავტოვე ის ქალი, კორიდა და როგორ გამოვედი გარეთ. ერთი კი მახსოვს: გაოგნებულს, ვულკანიდან ამოფრქვეულ გავარვარებულ ლავასავით უკან მომდევდა კორიდას ბღავილი და ცხელი სუნთქვა. გემზე დავბრუნდი. ვიდრე ჩვენი გემი ესპანეთა გარშემო უვლიდა, ნაპირზე არც ერთხელ გადავსულვარ და ესპანეთის მიწაზე ფეხი აღარ დამიდგამს. – დაამთავრა დათომ მოთხრობა და დაჯდა.
ოთახში ჩემთვის მოულოდნელი სიწყნარე და დუმილი ჩამოვარდა. სახტად დარჩენილი გოგოენი განცვიფრებული თოჯინებივით ისხდნენ და ხმას ვერ იღებდნენ. დათომ ამბავი ნახევრად ხუმრობითა და ლაზღანდარული კილოთი დაიწყო და, მართალი გითხრათ, ასეთ დასასრულს არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა. ახლა მე ვიჯექი თვალდახუჭული და ვგრძნობდი, როგორ ინთქმებოდა თანდათან ვარდისფერ ნისლში ჩემი ბავშვობის ტკბილი ზმანებანი ესპანეთი თავისი ბასკებით, ანდალუზიის ღამეებით, კარმენსიტებისა და დონ ხოსეებით, კასტანეტებითა და ალეგროებით, მცხუნვარე მზით, რესპუბლიკანელებით, ,,ბანდერა როსათი“, გარსია ლორკათი და ქვეყნიერები მამით, სერვანტესით. სადღაც მეკარგებოდა ჩემი ბავშვობის ერთი ყველაზე ლამაზი და აუხდენელი სიზმარი. ყველაფერი ეს ისე ცხადად ვიგრძენი, რომ ბრაზი მომივიდა საკუთარ თავზედა ფეხზე წამოვდექი.
-ბითურობაა თავიდან ბოლომდე, რაც შენ ვერ მოყევი!- მივუბრუნდი დათოს. იმწამსვე მივვდი, რომ ცოტა არ იყოს, უხეშად მომივიდა ნათქვამი,მაგრამ რატომღაც არ მინანია.
-რატომ?- მკითხა დათომ, რაც შეიძლებოდა მშვიდად, მაგრამ მაინც შევამჩნიე, როგორ დაქაჩა ორჯერ ნერვმა გაფითრებული ყვრიმალი.
-იმიტომ, რომ ესპანეთის სასაფლაოები სავსეა კორიდაზე მკერდშელეწილი და ბეჭებგალურსმნული ტოროებით,- ვუპასუხე.
-მე კერ არ მსმენია ისეთი ტორერო, რომელი ხარს გამოეწვიოს საჩხუბრად,- ღიმილით თქვა დათომ.
-და მაინც ბითურობაა!
-შენგან მიკვირს!-მომიბრუნდა ნანა.
-თუ ღმერთი გწამს, ნუ გიკვირს!- ვუპასუე მე და დავჯექი.
-ძირს ჰუმანიზმი, გაუმარჯოს კანიბალიზმს! – ტაში დამიკრა ლილიმ.
-ვის უნდა, გოგო, შენი წირპლიანი ფსევდოჰუმანიზმი?!- ვკითხე მე.
-ხარი?- მკითხა თავის მხრივ გაკვირვებულმა ლილიმ.
-რა ხარი?
-თეთრი ხარი, ბატონო, თეთრი, არ შეგეცოდა?
-თქვენ რომელ ცხოველს გაიმეტებდით, ბატონო, ტორეროსათვის?- ვკითხე დაცინცვით.
-არც ერთს, ბატონო! – გამომაჯავრა ლილიმ.
-მაშ, რა ჰქნას საწყალმა ტორერომ, როგორ მოიქცეს?
-ისე მოიქცეს, ბატონო, როგორც ჩვენ, ქართველები ვიქცევით!- მასწავლა ლილიმ.
-მაინც?
-ყოველ შემთხვევაში, ასე წამებით ხარის მოკვლა ბარბაროსობაა.
-აბა, ის არის კარგი, ერთი წლისას რომ დაგკოდავენ, ორი წლისას რომ გაგხედნიან, სამი წლისას რომ უღელში შეგაბამენ, ათი წლის მანძილზე მუხლს და ქედს არ გაგამართვინებენ, მიწას გახვნევინებენ, გათესვინებენ, გალეწვინებენ, ქვასა და ღორღს გაზიდვინებენ, სახრის რტყმევით ზურგზე ტყავს აგაძრობენ, მერე დაბერებულს, დაჩაჩანაკებულს, ვენებდაბერილს, გაძვალტყავებულს ყელში დანას გამოგისვამენ, გაგატყავებენ, დახლზე თავუკუღმა დაგკიდებენ, ასო-ასო აგქნიან და ოთუსბირად გაგყიდიან, ეს არის კარგი?!- ვთქვი და, აღელვება რომ დამეფარა, ავდექი, ფანჯარასთან მივედი. ქუჩაში ვეებერთელა ხორთუმის ქნევით ექსკავადორი მიხრიგინებდა. დაბალ მაგიდაზე დაწყობილი ყავის ფინჯნები უსიამოვნოდ წკრიალებდნენ.ბოლოს, როგორც იქნა, ექსკავატორმა ჩაიარა და ოთახში დუმილი ჩამოწვა.
-да… чем больше любим мыживотных, тем они вкуснее.* -თქვა ლილიმ ძალიან დიდი ხნის შემდეგ და უგემურად გაიღიმა.
დათო ჩიბუხს აწვალებდა. ნანას სახეზე ხელები აეფარებინა და ისე იჯდა.
ქორწილი იყო… ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
გამოაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგიღადრეთ…
დაიწყო უცებ ნანამ საოცარი ლექსი და სხეულზე ბუსუსები დამაყარა.
ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით…
დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები…
დაამთავრა მან, მერე სახიდან ხელები ჩამოიღო და დამნაშავესავით გაიღიმა. უზარმაზარი ქვა მომეშვა გულზე. ქუდი ავიღე და კარისკენ წავედი.
-მოიცა, სად მიდიხარ, არ უნდა გამაცილო? – მკითხა ლილიმ და თვითონაც წამოდგა.
-დღეს დათო გაგაცილებს! -ვუთხარი და ქუჩაში გავედი. ვერის ბაზართან, ხორცის მაღაზიის წინ, მატარებელივით გრძელი მანქანა-მაცივარი იდგა. კუკლუსკლანელებივით ზურგზე კაპიშონიან ტომარათმოსხმული ქურთი მუშები ყაყანით ეზიდებოდნენ პირუტყვის ხორცს მაღაზიაში. ქუჩაში ერთმანეთსი არეული შედედებული სისხლისა და სინესტის ამაზრზენი სუნი იდგა.
რა სასეირო სანახაობა ეგ იყო, მაინ გავჩერდი და ცქერა დავუწყე. ძარაზე ზურგით მომდგარ მუშას ძარაში მყოფი სხვა ორი მუშა გინებით აწვდიდა გატყავებულ პირუტყვს და იმათაც გინებით მიჰქონდათ შეშად ქცეული წიქარები, შვინდები, ღვინიები, ნიკორები და საყადელივით ახვავებდნენ მაღაზიის დახლზე.
-სიგარეტი გაქვს?- მკითხა მაღაზიიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მუშამ და შეციებულ ხელებზე დაიორთქლა.
-გაყინულია?-ვკითხე მე და სიიგარეტი მივაწოდე.
-თბილი მინდორში ბალახობს!- მიპასუხა მან და ახლა ცეცხლი მთხოვა.
ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით…
დავჯექ და ჩემმს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები…
გამახსენდა ნანას თქმული ლექსი და ტირილი მომინდა. მუშას ხმა არ გავეცი, გამოვბრუნდი და წამოვდექი. ფილარმონიის გაჩირაღდნებულ სასახლესთან ისევ შევჩერდი და მკლავებგაშლილ მუზას ავხედე. ისე მიღიმოდა დალოცვილი უსაშველოდ დიდი, მწვანე და ლამაზი თვალებით, თითქოს მეუბნებოდა- რას იზამ, ჩემო ბატონო, ასეა ქვეყანა მოწყობილი.

* * *

ძილი დიდხანს არ მინდოდა. მერე სიბნელე ვარდისფერ ნისლად იქცა და ვიგრძენი, როგორ მიბრუნდებოდა კვლავ შორიდან სადღაც დაკარგული ჩემი ბავშვობის ტკბილი ზმანება, ჩემი ესპანეთი, თავისი ბასკებით, ანდალუზიის ღამეებით, თავისი კარმენსიტებითა და დონ ხოსეებით, კასტანეტებითა და ალეგროებით, მცხუნვარე მზით, დონ კიხოტითა და სანჩო პანსათი, რესპუბლიკანელებით, ,,ბანდერა როსათი“, გარსია ლორკათი და ქვეყნიერების მამით, სერვანტესით. მე ვიძინებდი ვარდისფერ ნისლში უზომოდ ბედნიერი, რომ კვლავ ვხედავდი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სიზმარს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: