Posted by: burusi | 16/08/2015

ხორხე ლუის ბორხესი: წრიული ნანგრევები

Jorge Luis Borges

Jorge Luis Borges

ხორხე ლუის ბორხესი: წრიული ნანგრევები

ვერავინ დაინახა, როგორ გაიპარა გემიდან იმ ერთსულოვან ღამეს, ვერავინ დაინახა ბამბუკის კანოე, როცა ის წმინდა ტალახში ჩაეშვა. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც უკლებლივ ყველამ იცოდა, რომ ეს ჩუმი კაცი სამხრეთიდან მოვიდა და რომ მისი სამშობლო იყო იმ უსასრულო სოფლებიდან ერთ-ერთი, მთის ძალუმ ფერდობს რომ შეჰფენოდა მდინარის ზედა ნაწილში, სადაც ზენდავესტური ენა ჯერაც არ მოწამლულიყო ბერძნულით და სადაც კეთრს არ იცნობდნენ.

მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერმა კაცმა ტალახს აკოცა, ნაპირზე აცოცდა (ალბათ არც კი უგრძვნია ბასრღეროიანი ლერწმები, სხეულს რომ უსერავდნენ) და, გასისხლულ-დასუსტებული, მილასლასდა წრიულ გალავნამდე, რომელსაც აგვირგვინებდა ქვის ცხენისა თუ ვეფხვის ფიგურა, ოდესღაც ცეცხლისფერი, ახლა კი ფერფლივით რუხი. ეს გალავანი იყო დიდი ხნის წინ დაქცეული ტაძარი, რომელიც მალარიულმა ჯუნგლებმა წაბილწეს და რომლის ღვთაებამაც – კაცთა მოდგმისგან პატივაყრილმა – იქაურობა დატოვა. უცხოელი კაცი კვარცხლბეკის ძირში მიწვა. ცაში მაღლა ასულმა მზემ გამოაღვიძა.

ჭრილობები დაითვალიერა და გაუოგნებლად შენიშნა, რომ ყველა შეხორცებოდა. მქრქალი თვალები დახუჭა და ძილი განაგრძო, – არა სხეულში ჩამდგარი სისუსტისგან, არამედ მტკიცე გადაწყვეტილების კარნახით, რომ უნდა დაეძინა. იცოდა: სწორედ ეს ტაძარი იყო ადგილი, რომლისკენაც მისი დაუმარცხებელი გეგმა უხმობდა; იცოდა: უმოწყალო ხეებს მაინც ვერ შთაენთქათ მდინარის უფრო ქვედა ნაწილში მდგარი მეორე იმედისმომცემი ტაძარი, ისიც – ასეთივე მკვდარი, ჩაფერფლილი ღმერთების სამკვიდრო; იცოდა: მის უშუალო ვალდებულებას ამჯერად ძილი შეადგენდა. შუაღამისას ფრინველის უნუგეშო ძახილმა გამოაღვიძა. შიშველი ფეხების ნაკვალევმა, რამდენიმე ლეღვმა და წყლიანმა დოქმა მიახვედრა, რომ ადგილობრივი ხალხი პატივისცემით უთვალთვალებდა მის ძილს, ელოდა მის წყალობას ან მის მაგიას უფრთხოდა. სხეულში შიშის სიცივემ დაუარა, კედლის ნანგრევში საფლავივით ნიშა მოძებნა, შიგ შეწვა და სხეულზე უცნობი ფოთლები გადაიფარა. მიზანი, რომელიც ამოძრავებდა, მიუწვდომელი კი არ იყო, არამედ სრულებით ზებუნებრივი.

მას სურდა დასიზმრებოდა კაცი, დასიზმრებოდა მთლიანად, ყოველი დეტალითა და ნიუანსით, და რეალობაში გადმოეტანა ის. სული ამ ჯადოსნურმა მიზანმა აუვსო და ვინმეს რომ მისთვის სახელი ეკითხა, ან დაინტერესებულიყო მისი აქამომდელი ცხოვრების რომელიმე მომენტით, ვერაფერს ეტყოდა. უკაცრიელი და ჩამონგრეული ტაძარი დიახაც შეეფერებოდა მის დღევანდელობას, რადგან ეს ხილული სამყაროს მინიმუმი იყო. ასევე შეეფერებოდა სიახლოვე ტყისმჭრელებთან, რომლებიც მის მწირ საჭიროებებზე ზრუნავდნენ. მათ მიერ შემოწირული ბრინჯი და ხილი საკმარისი საკვები იყო მისთვის, ვისაც თავი ძილისა და სიზმრისთვის ჰქონდა გადადებული. თავიდან ქაოსური სიზმრები ესიზმრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ – უკვე დიალექტიკური. უცხოელს ესიზმრებოდა, რომ იმყოფებოდა წრიული ამფითეატრის ცენტრში, რომელიც რაღაცნაირად დანგრეული ტაძარი იყო, მდუმარე სტუდენტები კი ღრუბლის ფთილებივით ავსებდნენ ტერასებად განლაგებულ ქვის სკამებს.

ყველაზე დაშორებული სახეები მრავალი საუკუნის განმავლობაში და კოსმიურ სიმაღლეზე მოჩანდა, თუმცა – აბსოლუტურად მკაფიოდ. კაცი კითხულობდა ლექციებს ანატომიის, კოსმოგრაფიის, მაგიის სფეროებში. სახეები სერიოზულად, ყურადღებით უსმენდნენ და ცდილობდნენ, გაგებით გამოხმაურებოდნენ. თითქოს გრძნობდნენ მნიშვნელობას ამ საგანმანათლებლო პროცესისა, რომელსაც უნდა გამოეხსნა ერთ-ერთი მათგანი ცარიელი და მოჩვენებითი არსებობიდან და რეალურ სამყაროში გადმოეყვანა. მძინარეცა და მღვიძარეც, კაცი აჩრდილთა პასუხებზე ფიქრობდა. ვერ დაუშვებდა, რომ თაღლითურად მოეტყუებინათ, და ზოგიერთ დაბნეულში მზარდ გონიერებას გრძნობდა. ეძებდა სულს, რომელიც ღირსი იქნებოდა, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა სამყაროში.

მეცხრე თუ მეათე ღამეს კაცი მიხვდა (ერთგვარი სიმწარით), რომ არაფრის ლოდინი არ შეიძლებოდა იმ სტუდენტებისგან, რომლებიც პასიურად იღებდნენ მის სწავლებას, არამედ მხოლოდ ისეთებისგან, დროდადრო და კეთილგონივრულად რომ შეესიტყვებოდნენ ხოლმე. პირველები – უსიტყვოდ მიმღებნი, მაინც რომ იმსახურებდნენ სიყვარულსა და რაღაც თანაგრძნობას, არასოდეს იქცეოდნენ პიროვნებებად; მეორეებს – მათ, ვინც ზოგჯერ კითხვებს იძლეოდა – რამდენადმე უფრო ღრმა არსებობა ჰქონდათ. ერთ ნაშუადღევს (ამჯერად ნაშუადღევებიც ძილში გადიოდა: ამ დროს კაცს სულ ორი-სამი საათი ეღვიძა, ისევე, როგორც გათენებისას) მან ერთხელ და სამუდამოდ დაითხოვა თავისი დიდი, ილუზორული აუდიტორია და სულ რამდენიმე მოწაფე დაიტოვა: ჩუმი ჭაბუკი, ზოგჯერ ურჩი და მოუხელთებელი, მოყვითალო კანით და მკვეთრი ნაკვთებით, რომლებიც სიზმრად ნანახი იმ კაცის ნაკვთებს ეხმიანებოდა.

ეს მოწაფე დიდხანს არ დაუბნევია დანარჩენების დათხოვნას. რამდენიმე ინდივიდუალური გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი განაცვიფრა მისმა პროგრესმა. მაგრამ მომავალი უბედურება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. ერთ დღესაც კაცს ისე გამოეღვიძა, თითქოს, ბოლოს და ბოლოს, წებოვან უდაბნოს დაუსხლტაო, საღამოს დაცარიელებულ სინათლეს გახედა (რომელიც ერთი წუთით თენების სინათლეში აერია) და მიხვდა, რომ არ დასიზმრებია. მთელ იმ ღამეს და მომდევნო დღეს უძილობის აუტანელი სიცხადე ქორივით დასდევდა უკან. ჯუნგლების დასათვალიერებლად წავიდა იმ იმედით, რომ დაიღლებოდა. მათოთებს შორის სულ მოკლე ინტერვალებით ჩაძინება მოახერხა და ეს ძილიც მისთვის უსარგებლო რამდენიმე წამიერმა ხილვამ თუ გასერა. ისევ შეკრიბა თავისი კლასი, მაგრამ რამდენიმე შემგონებლური სიტყვის თქმის შემდეგ სახეები გაინთხა, დაიბრიცა და გაუჩინარდა. თითქმის მუდმივად მღვიძარ მდგომარეობაში მყოფ ამ თვალებს რისხვის ცრემლები შანთავდა. მიხვდა, რომ სიზმრების არათანმიმდევრული და გამაბრუებელი მასალისგან რაიმეს გამოძერწვა უძნელესი სამუშაოა, რომელიც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს, თუნდაც ზედა და ქვედა სფეროების ყველა გამოცანას ზომავდეს, – გაცილებით ძნელი, ვიდრე თოკის დაწვნა ქვიშისგან ან მონეტების გამოჭედვა უსახური ქარისგან. მიხვდა, რომ თავდაპირველი მარცხი გარდაუვალი იყო. დაიფიცა, რომ უკან ჩამოიტოვებდა დიდ ჰალუცინაციას, გზიდან რომ გადააცდინა, და თავის მიზანთან მიახლოების სხვა გზის ძებნას შეუდგა. მანამდე კი მთელი თვე მიუძღვნა იმ ძალის აღდგენას, ბოდვაში ყოფნამ რომ გამოაცალა. მიატოვა ყოველგვარი წინასწარი მედიტაცია სიზმარზე, თითქმის მაშინვე ჩაიძინა და დღის გვარიანი ნაწილი ძილში გაატარა.

ამასობაში რამდენიმე სიზმარი ნახა, თუმცა ფოკუსირება არც ერთზე არ მოუხდენია, – მერე განაგრძობდა თავის საქმეს, როცა მთვარე შეივსებოდა. იმ საღამოსვე განიბანა სხეული მდინარის წყლებში, ქედი მოუდრიკა პლანეტის ღმერთებს, წარმოთქვა იმ ძალუმი სახელის მარცვლები, კანონიერად რომ უნდა წარმოითქვას, და დასაძინებლად დაწვა. თითქმის ჩაძინებისთანავე ესიზმრა მფეთქავი გული: თბილი, აქტიური, ფარული, დაახლოებით შეკუმშული მუშტის ზომის, გრანიტის ფერი გუნდა ადამიანის უსახო და უსქესო სხეულის შიდა ბინდბუნდში. ეს ესიზმრებოდა მტკივნეული სიყვარულით თოთხმეტი ღამის განმავლობაში, ღამიდან ღამემდე – უფრო და უფრო ცხადად, უფრო და უფრო გარკვეულად. არ ეხებოდა, მხოლოდ ხედავდა, უკვირდებოდა, იქნებ თვალებით ასწორებდა კიდეც.

მრავალი კუთხიდან, მრავალი მანძილიდან აღიქვამდა და განიცდიდა მას. მეთოთხმეტე ღამეს ფილტვების არტერიას საჩვენებელი თითი გადაუსვა, მერე მთელ გულს შეეხო, შიგნიდან და გარედან. და ამ დათვალიერებამ სიამაყე აგრძნობინა. მომდევნო ღამეს განზრახ არ დაიძინა. მერე ისევ მიუბრუნდა გულს, პლანეტის სახელი წარმოთქვა და ამჯერად სხვა დიდი ორგანოს დასიზმრებას შეუდგა. სანამ ერთი წელი გავიდოდა, უკვე ჩონჩხამდე და ქუთუთოებამდე მივიდა. სხეულზე ამოსული უთვალავი თმა ალბათ ყველაზე ძნელი დასასიზმრებელი იყო. დაესიზმრა ახალგაზრდა მამაკაცი მთელი მისი სხეულით: არ ამდგარა და ხმა არ ამოუღია, თვალიც კი არ გაუხელია. ღამიდან ღამემდე კაცს მძინარე ჭაბუკი ესიზმრებოდა. გნოსტიკოსების კოსმოგონიაში დემიურგები ზელენ წითელ ადამს, რომელიც ფეხზე ვერ დგება.

ასეთივე ნედლი, უმწიფარი და პირველადი იყო ჯადოქრის ღამეებში გამოძერწილი სიზმრის ადამი. ერთ ნაშუადღევს კაცმა ლამის დაამსხვრია თავისი ქმნილება. მაგრამ ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც აღთქმა დაუდო მიწისა და მდინარის ყველა ღვთაებას, პირქვე დაემხო ვეფხვის თუ კვიცის კერპის წინაშე და დახმარება სთხოვა, ჯერაც გამოუყენებელი დახმარება. იმ საღამოს, დაისზე, ქანდაკებამ სიზმრებით აავსო. სიზმარში ის ცოცხალი იყო და ცახცახებდა, თუმცა არ ზაფრავდა კაცს ცხენის და ვეფხვის ჰიბრიდული სახით. ეს, მართლაცდა, ორი ძალუმი არსება იყო და, მათთან ერთად, ხარიც, ვარდიც, ქარიშხალიც, – ეს ყველაფერი ერთად. მრავალსახიანმა ღმერთმა კაცს გაუმხილა, რომ მისი მიწიერი სახელი იყო ცეცხლი; რომ ამ წრიულ ტაძარში (და ყველა მის მსგავსში) ადამიანები მსხვერპლს წირავდნენ და თაყვანს სცემდნენ მას და რომ ის მაგიურად შთაბერავდა სულს ფანტომს, რომელზეც კაცი ოცნებოდა; იმდენად სრულად შეასხამდა ხორცს, რომ ყოველი არსება, თვით ცეცხლისა და მეოცნებე კაცის გარდა, მას სისხლით და ხორცით სავსე არსებად მიიღებდა. მერე უბრძანა მეოცნებეს, ჭაბუკი რიტუალებში გაარკვიე და იმ მეორე დანგრეულ ტაძარში გაგზავნეო, რომლის პირამიდები ჯერ კიდევ იდგა ქვემოთ, მდინარესთან, რათა შესძლებოდა ღვთის განდიდება უკაცრიელ ადგილას. მძინარე კაცის სიზმარში მძინარემ გაიღვიძა. ჯადოქარმა შეასრულა ცეცხლის მითითებები. გარკვეული დრო დაუთმო (ამ დრომ, საბოლოოდ, მთელ ორ წელიწადს გასტანა) ჭაბუკისთვის სამყაროსა და ცეცხლის კულტის საიდუმლოებების განდობას. გულის სიღრმეში კაცი იტანჯებოდა, რომ უნდა დაშორებოდა თავის ქმნილებას. პედაგოგიური აუცილებლობის საბაბით, ყოველდღე უფრო დიდხანს წელავდა ძილის საათებს. გარდა ამისა, მარჯვენა მკლავიც შეუსწორა (როგორც ჩანს, დეფექტური). შიგადაშიგ, ეუფლებოდა შემაწუხებელი განცდა, რომ ეს ყველაფერი უწინაც მომხდარიყო… მთლიანობაში, ბედნიერი დღეები ჰქონდა. თვალების დახუჭვისას ფიქრობდა: „ახლა მე ჩემს ვაჟთან ვიქნები“.

უფრო იშვიათად: „ჩემ მიერ ჩასახული ჩემი ვაჟი ახლა მელოდება. ის არ იარსებებს, თუ არ მივაკითხავ“. ნელ-ნელა კაცმა ჭაბუკი რეალობას მიაჩვია. ერთხელ უბრძანა, იმ შორეული მთის თავზე დროშა აღმართეო. მეორე დღეს მწვერვალზე დროშა ფრიალებდა. მან სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც სცადა, ყოველი მომდევნო – წინაზე უფრო გაბედული. ერთგვარი სიმწარე იგრძნო იმის შემხედვარემ, რომ მისი ვაჟი უკვე მზად იყო დასაბადებლად (იქნებ ვეღარც კი ითმენდა). იმ ღამეს პირველად აკოცა, მერე კი გაგზავნა მრავალი ლიეს გასავლელად გაუვალ ჯუნგლში და ჭანჭრობში, იმ მეორე ტაძრისკენ, რომლის ნანგრევები თეთრად ელავდნენ მზეზე, მდინარესთან.

მაგრამ მანამდე (რათა ბიჭს არასოდეს სცოდნოდა, რომ ფანტომი იყო, და დაეჯერებინა, რომ ისიც ადამიანია ყველა სხვასავით) კაცმა მას განსწავლის წლების სრული დავიწყება ჩაუღვარა. კაცის გამარჯვება და შინაგანი მშვიდობა დააბლაგვა მისი დღეების დამღლელმა ერთნაირობამ. მწუხრისა და განთიადის ბინდბუნდში პირქვე ირთხმეოდა ქვის კერპის წინაშე და, შესაძლოა, წარმოიდგენდა, რომ მისი ვაჟიც ასეთივე რიტუალებს ატარებდა მეორე წრიულ ნანგრევებში, მდინარესთან. ღამღამობით არაფერი ესიზმრებოდა, ან – ისეთი სიზმრები, რასაც ყველა ადამიანი ხედავს. სამყაროს ხმებისა და ფორმების მისეული აღქმა რამდენადმე გაუფერულდა: წასული შვილი მისი სულის ამ დაპატარავებით იკვებებოდა. მისი სიცოცხლის მიზანი განხორციელდა, ამჟამად კაცი ერთგვარ ექსტაზში განაგრძობდა ყოფნას. გარკვეული ხნის შემდეგ (რომელსაც ამ ამბის ზოგიერთი მთხრობელი წლებით განსაზღვრავს, ზოგიც – ათწლეულებით), ორმა მენიჩბემ კაცი გააღვიძა შუაღამისას. სიბნელეში სახეები არ უჩანდათ, მაგრამ კაცს უამბეს ჩრდილოეთის ტაძარში მცხოვრებ მაგიურ ადამიანზე, რომელიც ცეცხლზე დადიოდა და არ იწვებოდა.

ჯადოქარს იმწამსვე გაახსენდა ღმერთის სიტყვები. გაახსენდა, რომ დედამიწის ყველა მკვიდრს შორის მხოლოდ ცეცხლმა იცოდა, რომ მისი ვაჟი აჩრდილი იყო. ამ გახსენებამ ჯერ ანუგეშა, მერე კი ტანჯვა მოჰგვარა. შეეშინდა: ჩემი შვილი თავის არაბუნებრივ პრივილეგიას ჩაუფიქრდება და რაღაცნაირად აღმოაჩენს, რომ თვითონ მხოლოდ ფანტომია და მეტი არაფერიო. იყო არა ადამიანი, არამედ მხოლოდ სხვა ადამიანის სიზმრის პროექცია: რა გაუგონარი დამცირებაა, რა თავბრუსხვევა! ნებისმიერი მშობელი ზრუნავს შვილებზე, რომლებიც მან შექმნა (ან შეაქმნევინა) ბედნიერმა ან თუნდაც თავგზააბნეულმა. სრულიად ბუნებრივია, რომ ჯადოქარს აღელვებდა იმ შვილის ხვედრი, ორგანოდან ორგანომდე, ნაკვთიდან ნაკვთამდე რომ შეექმნა ათას ერთი საიდუმლო ღამის განმავლობაში.

მისი ნააზრევები უეცრად შეწყდა. თუმცა მანამდე წინამაუწყებელი ნიშნებიც დაინახა: ჯერ – დიდი ხნის გვალვის შემდეგ – შორეული, ჩიტივით მსუბუქი ღრუბელი მთის წვერზე; შემდეგ, სამხრეთისკენ, ლეოპარდის მოვარდისფრო ღრძილების ფერის ცა; შემდეგ – კვამლის ფთილები, რომლებმაც დაჟანგა ღამეთა რკინა; ბოლოს კი – დამფრთხალი ცხოველების გაქცევა… რადგან ახლა მეორდებოდა ის, რაც ასობით წლის წინ მოხდა.

ცეცხლის ღმერთის სამლოცველოს ნანგრევები ცეცხლმა შემუსრა. განთიადზე, რომელსაც ჩიტების ხმები არ ახლდა, ჯადოქარი უყურებდა ცეცხლის კონცენტრულ რგოლებს კედლების თავზე. ერთი წამით იფიქრა, წყალს შევეფარებიო. თუმცა მეორე წამს მიხვდა, რომ სწორედ სიკვდილი დააგვირგვინებდა მის ასაკს და გაათავისუფლებდა ყოველგვარი გარჯისგან. ცეცხლის ფლასებში შეაბიჯა… მაგრამ მათ არ უკბინეს, მხოლოდ მიეალერსნენ, ზედ გადაევლნენ სიცხისა და წვის გარეშე. შვებამოგვრილი, დამცირებული, შეძრწუნებული კაცი მიხვდა, რომ თვითონაც მხოლოდ ფანტომი იყო და ახლა ვიღაცას ესიზმრებოდა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: