Posted by: burusi | 16/08/2015

ხორხე ლუის ბორხესი: ამბავი ორი კაცისა, რომელთაც სიზმარი იხილეს

Jorge Luis Borges

Jorge Luis Borges

ხორხე ლუის ბორხესი: ამბავი ორი კაცისა, რომელთაც სიზმარი იხილეს

თარგმანი ესპანურიდან – ნინო ფიფია

არაბი ისტორიკოსი, იქსაკი, მოგვითხრობს ამ ამბავს:

კაცნი ღირსეულნი ნდობის ამბავს ყვებიან (თუმცა მხოლოდ ალაჰია ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე და გულმოწყალე და ფხიზლობს იგი), რომ ყოფილა ქაიროში კაცი ერთი, ყოველგვარ სიმდიდრეთა მფლობელი, მაგრამ ისეთი დიდსულოვანი და შემწყნარებელი, რომ დაუკარგავს ყველაფერი და იძულებული გამხდარა, ეშრომა ლუკმა-პურის საშოვნელად. ერთხელაც იმდენი იმუშავა თავის ლეღვის ბაღში, რომ ძილმა დაჯაბნა და იხილა სიზმრად კაცი, რომელმაც პირიდან გამოიღო ოქროს მონეტა და უთხრა:

– სიმდიდრე შენი სპარსეთში არს, ისპაჰანში, წადი მის მოსაძებნად.

მომდევნო ალიონზე გაიღვიძა კაცმა და გაუდგა გრძელ გზას. დაუპირისპირდა ხიფათებს, მოვლენილს უდაბნოთა, ხომალდთა, მეკობრეთა, კერპთაყვანისმცემელთა, მდინარეთა, მხეცთა და კაცთაგან. ბოლოს და ბოლოს, მიაღწია ისპაჰანამდე, მაგრამ გააოცა იგი ქალაქის ღამემ და მიიძინა მეჩეთის ეზოში. მეჩეთთან ახლოს სახლი იდგა დ ყოვლისშემძლე უფლის ნებით ქურდბაცაცების ჯგუფმა გადაჭრა მეჩეთი და სახლში შეიპარა. სახლში მყოფებს ხმაურზე გაეღვიძათ და შველა ითხოვეს. მეზობლებმაც გაიღვიძეს. მალე იმ უბნის გუშაგთა კაპიტანი თავის კაცებთან ერთად გამოჩნდა, ყაჩაღები კი სახლის სახურავიდან გაიპარნენ. უფროსმა მეჩეთის გაჩხრეკა ბრძანა და სწორედ მასში წააწყდნენ კაცს ქაიროდან და ისე გაროზგეს, რომ ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. ორი დღის შემდეგ კაცი გონს საპყრობილეში მოეგო. კაპიტანმა მოიხმო იგი და და ჰკითხა მას:

– ვინა ხარ და საიდან მოსულხარ?. სხვამ განაცხადა:

– მე ცნობილი ქალაქიდან – ისპაჰანიდან ვარ და მოჰამედ ელ მაღრებია სახელი ჩემი. კაპიტანმა ჰკითხა:

– აქ რამ მოგიყვანა მერე? მეორემ სიმართლის თქმა ამჯობინა და უთხრა მას:

– სიზმრად ნანახმა კაცმა მიბრძანა ისპაჰანს მოვსულიყავი, რადგან აქ იყო სიმდიდრე ჩემი, აწ უკვე ვხედავ, რომ ეს სიმდიდრე ალბათ ის როზგებია, რომელიც ასე დიდსულოვნად მივიღე შენგან.

ამ სიტყვების გაგონებაზე კაპიტანმა გულიანად გადაიხარხარა და უპასუხა:

– უაზრო და მიამიტო კაცო, სამჯერ მეზმანა ქალაქ ქაიროს სიღრმეში ბაღი, ბაღში მზის საათი და მზის საათის შემდგომ ლეღვის ხილნარი, ლეღვის ბაღს იქეთ წყარო, წყაროს ქვეშ კი განძი. ამ ტყუილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, შენ კი, რა თქმა უნდა, წყეულ ჯორზე ამხედრებულმა იხეტიალე ქალაქიდან ქალაქში მარტოოდენ შენი სიზმრის რწმენის ამარა. ისპაჰანში აღარ დაგინახო, აიღე ეს მონეტები და წადი.

“კაცმა აიღო მონეტები და სამშობლოში დაბრუნდა. თავისი ბაღის წყაროს ქვეშ (ეს ის ბაღია, კაპიტანმა სიზმრად რომ ნახა) განძი ამოთხარა. ასე დალოცა უფალმა, აუნაზღაურა ზარალი და შთააგონა იგი. უფალი დიდსულოვანია, იდუმალი».

წიგნიდან “ათას ერთი ღამე”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: