Posted by: burusi | 15/08/2015

რიუნოსკე აკუტაგავა “უსიერ ტყეში”

აკუტაგავა რიუნოსკე - Akutagawa Ryunosuke

აკუტაგავა რიუნოსკე – Akutagawa Ryunosuke

რიუნოსკე აკუტაგავა “უსიერ ტყეში”

დაკითხვაზე რა უთხრა ტყისმჭრელმა სასამართლოს მოხელეს

დიახ, ასე იყო. გვამი მე ვიპოვე. ამ დილით, ჩვეულებისამებრ, ტყეში ხეების საჭრელად რომ გახლდით, სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს. სახელდობრ სადა? იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით ოთხი-ხუთი ტიოს მოშორებით. ესაა უკაცრიელი ადგილი, სადაც ბამბუკი ხარობს, შიგადაშიგ ნორჩ კრიპტომერიებსაც შეხვდებით.

მოკლულს ღია ცისფერი სუიკანი ეცვა, გაცვეთილი ებოსი ეხურა, ქალაქელები რომ ატარებენ, ისეთი. გულაღმა იწვა. სხეულზე მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ შიგ გულში. გვამის გარშემო ბამბუკის ხმელი ფოთლები კინოვარით გაჟღენთილს ჰგავდა. არა, სისხლი უკვე აღარ სდიოდა, ეტყობოდა, ჭრილობა შედედებოდა. ჰო, აი კიდევ რა: ჭრილობაზე დასცხრომოდა კრაზანა, რომელიც სულაც არ დამფრთხალა ჩემს მიახლოებაზე.

ახლომახლო იყო თუ არა ხმალი, ან რამე ამისი მსგავსი? არა, იქ არაფერი მინახავს, მხოლოდ კრიპტომერიის ძირას, გვამთან ახლოს, თოკი ეგდო. და კიდევ… დიახ, დიახ, თოკს გარდა, იქვე სავარცხელსაც მოვკარი თვალი. ეს იყო და ეს, ეს ორად ორი ნივთი. გარშემო კი ბალახი და მოფენილი ფოთლები გვარიანად იყო მოჯეგილი. ჩანს, მოკლულს იოლად არ დაუთმია სიცოცხლე… რაო, იყო თუ არა ცხენი? აბა, რომელი ცხენი შეაღწევს იქ? ცხენის სავალი გზა ცოტა მოშორებითაა, იმ უსიერი ტყის გადაღმა.

დაკითხვაზე რა უთხრა მოხეტიალე ბერმა სასამართლოს მოხელეს
მოკლულს შევხვდი გუშინ. გუშინ… ასე, შუადღისას. სადა? სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე. ცხენზე ამხედრებული, ქალთან ერთად მიეშურებოდა სეკიამასაკენ. ქალს რიდეჩამოფარებული ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ასე რომ, სახე არ უჩანდა. თვალი მოვკარი მხოლოდ ჰაგას ყვავილით მოჩითულ მის აბრეშუმის კაბას. თაფლა ცხენს ფაფარი შეკრეჭილი ჰქონდა. რა სიმაღლის იყო? რაღაც ერთი ციდით თუ იქნებოდა ჩვეულებრივზე მაღალი… მე ბერი ვარ და, ასეთ რამეებში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. მამაკაცს… ჰო, ხმალი ერტყა, ზურგზე კი მშვილდ-ისარი მოეგო. ახლაც თვალწინ მიდგას, შავად გალაქული კაპარჭიდან ოცამდე თავამოყოფილი ისარი. რას წარმოვიდგენდი, ასეთი ბედი თუ ეწეოდა. მართლაც რომ თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს, ან გაელვება. ოო, ენა ვერ იტყვის, რა სავალალოა ყოველივე ეს.

დაკითხვაზე რა უთხრა ჩაფარმა სასამართლოს მოხელეს

მე რომ კაცი შევიპყარი? ის ხომ სახელგანთქმული ავაზაკი ტაძემარუა. ხელი მაშინ ვტაცე, ცხენიდან გადმოვარდნილი, ავადაგუტისთან ქვის ხიდზე რომ ეგდო და კვნესოდა. როდის? გუშინ, საღამოს რვა საათზე. ამას წინათ კინაღამ შევიპყარი, მაშინ ისევ ის ლურჯი სუიკანი ეცვა და უკან, ქამარში ხმალი გაერჭო. ახლა კი, როგორც ხედავთ, მშვილდ-ისარიც აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ იმ მოკლულის მშვიდისარია! თქმა არ უნდა, მკვლელობა ტაძემარუს ჩადენილია. ტყავგადაკრული მშვილდი, შავად გალაქული კაპარჭი ქორისფრთიანი ჩვიდმეტი ისრით. მაშასადამე, ეს ყველაფერი მოკლულის საკუთრება იყო. ჰო, ცხენი როგორც თქვენ ბრძანეთ, თაფლა იყო, ფაფარშეჭრილი, ეტყობა, ასეთი ყოფილა ტაძემარუს ბედი _ ცხენს გადმოუდგია. ცხენი ხიდის ახლოს წიწკნიდა ბალახს, გრძელი სადავე მისთრევდა.

ეს ტაძემარუ, სხვა ავაზაკებისაგან განსხვავებით, რომლებიც დედაქალაქში დაეხეტებიან, ქალების ნამდვილი მუსუსია. გახსოვთ, შარშან მტაზე, ბინძურუს სადიდებელი აკიტორიბეს ტაძრის უკან მლოცველი ქალი რომ მოკლეს გოგონასთან ერთად? ჰო და, ლაპარაკობდნენ, ამაში ტაძემუას ხელი ურევიაო. ან ის ქალი სადაა, თაფლა ცხენით რომ მოდიოდა? ვთქვათ, მამაკაცი ტაძემუამ მოკლა, ქალი რა იქნა? არავინ იცის. ბოდიში, რომ საქმეში ვერევი, მაგრამ ესეც გამოსაძიებელია.

დაკითხვაზე რა უთხრა სასამართლოს მოხელეს მოხუცმა ქალმა

ეს სწორედ იმკაცის გვამია, ვისზედაც გათხოვილი იყო ჩემი ქალიშვილი. მაგრამ ის დედაქალაქიდან არ გახლავთ, სამურაია კოკუფუ და ვაკასადან. მისი სახელია კანაძავა ტაკეჰირო, ოცდაექვსი წლისაა. არა, მას არ შეეძლო ვინმეს წყენინება, მეტად თვინიერი იყო.

ჩემს ქალიშვილს მასაგო ჰქვია, ცხრამეტი წლისაა, თამამია, მამაკაცს არ ჩაუვარდება, ტაკეჰიროსთან შეხვედრამდე არავინ ჰყვარებია. შავგვრემანია, მოგრძო სახიანი, მარცხენა თვალის კუთხეში ხალი აქვს.

გუშინ ტაკეჰირო ჩემი ქლიშვილითურთ ვაკასასი გაემგზავრა. ნეტავი რა შევცოდეთ ღმერთს, რომ ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს! რა დაემართა ჩემს ქალიშვილს? სიძის ხვედრს, მართალია, შევურიგდი, მაგრამ ქალიშვილზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს. დედაშვილობას, გევედრებით, ღვთის გულისათვის, დაძებნეთ ტყეებსა და ველებზე, იქნებ როგორმე მიაკვლიოთ ჩემს ქალიშვილს. რა ღვთის რისხვაა ეგ ავაზაკი ტაძემარუ, თუ რას ეძახიან! განა მარტო სიძე, ჩემი ქალიშვილიც ხომ… (ტირის, სიტყვა ვეღარ დაუძრავს).

ტაძემარუ აღიარებს

ეს კაცი მე მოვკალი. ქალი კი არ მომიკლავს. არც ის ვიცი, სად გაქრა. მომეშვით! რამდენიც უნდა მაწამოთ, რაც არ ვიცი, როგორ გითხრათ. ესეც არ იყოს, რაკი ჩავვარდი, გულახდილად ვაღიარებ ყველაფერს.

ამ კაცსა და მის ცოლს სამხრობისას შევხვდი. ქარმა ის იყო, აბრეშუმის საბურველი აუფრიალა და ერთი წამით გამოჩნდა იმ ქალის სახე. ერთი წამით გაიელვა და ისევ დაიმალა. და იქნებ სწორედ ამის გამოც მისი სახე ბოდისატვას ხატებად მომეჩვენა. მაშინვე გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ეს ქალი, თუნდაც ამისთვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? დიდი საქმე! კაცის მოკვლას რა უნდა! როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მხოლოდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ, თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის მეშვეობით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვებით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი რჩება, მაგრამ ის თქვენი მოკლულია! და კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაულია უფრო მძიმე, თქვენი თუ ჩემი, _ ვინ იცის?! (ირონიული ღიმილი).

მაგრამ ისე არ გამიგოთ, თითქოს კაცის მოკვლა მიხაროდეს. სისხლის დაუღვრელად თუ დავიმორჩილე ქალი, ამას რა ჯობია? ამჯერად გადავწყვიტე, ქალს ისე დავუფლებოდი, მკვლელობა არ ჩამედინა. მაგრამ გზაზე, სადაც ხალხი მიდი-მოდის, ამას როგორ მოახერხებ! ამიტომაც მოვიფიქრე, როგორ შემეტყუებინა ისინი ტყის სიღრმეში.

ეს ადვილად შევძელი, თანამგზავრივით ავედევნე მათ და ვუამბე, მოპირდაპირე მხარეს მთაში ყორღანი გავთხარე, შიგ უამრავი სარკე და ხმალი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ტყეში დავფალი, რომ არავის ენახა, და თუკი მსურველს ვიპოვნი, იაფად მივყიდი ნებისმიერ ნივთს-მეთქი. ვატყობდი, მამაკაცი დავაინტერესე. აბა, რა გეგონათ! საშინელი რამაა სიხარბე. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ცხენი მოაბრუნეს და ჩემთან ერთად დაადგნენ მთის ბილიკს.

ტყეს რომ მივადექით, ვუთხარი, ის ნივთები უსიერი ტყის სიღრმეში მაქვს ჩაფლული-მეთქი, და შევთავაზე, წამომყოლოდნენ სანახავად. მამაკაცს სიხარბემ სძლია და, რასაკვირველია, უარი არ უთქვამს. ქალმა კი არც ცხენიდან ჩამოსვლა მოისურვა, არც წამოყოლა. თქვა, მე აქ მოგიცდითო. მისი ასეთი გადაწყვეტილება უთუოდ წინდახედულებით იყო ნაკარნახევი. ხედავდა, რომ ტყე გაუვალი იყო. მაინც ყველაფერი ისე მოეწყო, უკეთესად რომ არ შეიძლებოდა. მე შევუძეხი მამაკაცს ტყის სიღრმეში, ქალი კი მარტო დავტოვეთ.

ტყის განაპირას მხოლოდ ბამბუკი ხარობდა. შემდეგ კრიპტომერიებიც გვხვდებოდა. ჩემი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვნიდი. გზადაგზა ტოტებს აქეთ-იქით ვწევდი, გზას ვიკაფავდი, და თან კაცს ვარწმუნებდი, განძი კრიპტომერიების ძირასა მაქვს ჩაფლული-მეთქი. მამაკაცი მისმენდა და იქით მიიჩქაროდა, სადაც კრიპტომერიათა წერწეტა ზროები ჩანდა. ბამბუკი იშვიათად გვხვდებოდა. ჩვენს გარშემო კრიპტომერიები შემოჯარულიყვნენ. და აი, აქ მოულოდნელად დავესხი თავს ჩემს მსხვერპლს და მიწას დავენარცხე. თვალის დახამხამებაში ის უკვე ხეზე მიკრული აღმოჩნდა. თოკი? სად გინახავთ ყაჩაღი უთოკოდ. თოკი წელზე მერტყა. ყოველ წუთს შეიძლებოდა დამჭირვებოდა მესერზე გადასასვლელად. ცხადია, კაცს დაყვირება არ შეეძლო. პირი ბამბუკის ჩამოცვენილი ფოთლებით გამოვუტენე. რაღას დააწყობდა?

მერე დავბრუნდი ქალთან და ვუთხარი, შენი თანამგზავრი თავს შეუძლოდ გრძნობს, წამოდი, გაიგე, რა დაემართა-მეთქი. რაღა თქმა უნდა, ამჯერადაც ჩემსას მივაღწიე, ქალმა მოიხადა თავისი ფართოფარფლებიანი ქუდი, ჩამჭიდა ხელი და ტყის სიღრმეში შემყვა. მივედით იქ, სადაც მისი ქმარი ხეზე თოკით იყო მიბმული. ქმარი ამ დღეში დაინახა თუ არა, უბიდან პატარა ხანჯალი დააძრო. არასოდეს შემხვედრია ასეთი თავზეხელაღებული, მამაცი ქალი. რომ არ მემარჯვა, უეჭველად გამომფაშავდა. პირველი შემოტევა ავიცილე, მაგრამ ქალი გააფთრებით იქნევდა ხანჯალს. მაგრამ ტყუილადა ვარ ტაძემარუ? ხმლისათვის ხელი არ მიხლია, ისე გავაგდებინე ხანჯალი. უიარაღოდ კი, უმამაცესი ქალიც ვერაფერს გააწყობს. და ბოლოს წადილი ავისრულე _ ქალი ისე დავიმორჩილე, რომ ქმარი არ მომიკლავს.

დიახ, ცოცხალი დავტოვე. მე ამის შემდეგაც არ განმიზრახავს მისი მოკვლა. მაგრამ წასვლა რომ დავაპირე, აქამდე მიწას გართხმული, თვალცრემლიანი ქალი უცებ გიჟივით ზეზე წამოიჭრა, სახელოში ჩამაფრინდა და გულამომჯდარმა იყვირა: “ან შენ უნდა მოკვდე, ამ ჩემი ქმარი!.. თქვენ შორის ერთ-ერთი უნდა მოკვდეს… ორი მამაკაცის წინაშე ასეთ შერცხვენას სიკვდილი მიჯობს. ერთ-ერთი თქვენთაგანი უნდა მოკვდეს… მე კი მას გავყვები, ვინც ცოცხალი დარცება”, და აი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე იმ კაცის მოკვლა. (ნაღვლიანი აღელვებით).

როცა ყოველივე გიამბეთ, ალბათ მუხანათ ადამიანად მიმიჩნიეთ. კი, ასე გეჩვენებათ, რადგან თქვენ არ გინახავთ იმ ქალის სახე, არ გინახავთ მისი ანთებული მზერა. როდესაც თვალი თვალში გავუყარე, ერთბაშად ამიტანა სურვილმა, ჩემი ცოლი გამხდარიყო, თუნდაც ამისათვის ცის რისხვა დამტყდომოდა თავს და იქვე სული გამეცხო. ცოლად უნდა შემერთო ქალი, _ მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. არა, ეს არ იყო ავხორცობით ნაკარნახევი, როგორც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ. მარტო ავხორცობის ჟინით რომ ყოფილიყო ეს აღძრული, გეფიცებით, ჭიტლაყს ამოვკრავდი და გავეცლებოდი. მაშინ არც იმ მამაკაცს მოუწევდა თავისი სისხლით ჩემი ხმლის შეღებვა. მაგრამ იმ წამს, როცა ტყის ბინდბუნდში ქალის სახეს კარგად დავაკვირდი, უმალ გადავწყვიტე, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი, სანამ კაცს არ მოვკლავდი.

მაგრამ არ მინდოდა ვერაგულად მომეკლა. თუკი შევხსენი და ვუთხარი, ერთმანეთს ხმალდახმალ შევებრძოლოთ-მეთქი. ხის ფესვებთან რომ თოკი იპოვეს, ჩემი დაგდებული იყო. სახეშეშლილმა კაცმა ელვის უსწრაფესად იშიშვლა თავისი მძიმე ხმალი და მეძგერა. რა საჭიროა იმის მოყოლა, თუ რით გათავდა ის ბრძოლა. ოცდამესამე მოქნევაზე გავუპე მკერდი. დაიმახსოვრეთ _ ოცდამესამე მოქნევაზე გავუპე მკერდი. დაიმახსოვრეთ _ ოცდამესამე მოქნევაზე! აქამდე მიკვირს: მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მან გამიძლო ამდენ ხანს _ ოცჯერ გადამიჯვარედინდა ხმალი (მხიარული ღიმილი).

როგორც კი დაეცა, ხმაგასისხლიანებული მივბრუნდი ქალისაკენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის აღარსად ჩანდა. დავიწყე ძებნა ტყეში, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი. ტყის მყუდროებას მხოლოდ სულთმობრძვავის ხროტინი არღვევდა.

ალბათ, როცა ჩვენ ხმალდახმალ ვებრძოდით ერთმანეთს, ქალმა დრო იხელთა და ტყიდან გაიქცა, იქნებ უნდოდა საშველად ვინმესთვის ეხმო. როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, მივხვდი, საფრთხეში ვიყავი. ავართვი მოკლულს ხმალი, მშვილდი, ისრები და გავედი ბილიკზე. იქ წინანდებურად წიწკნიდა ბალახს იმ ქალის ცხენი. იმაზე ლაპარაკი, თუ რა მოხდა შემდეგ, ლაყბობა იქნება და მეტი არაფერი. მხოლოდ, აი, რა: დედაქალაქში შესვლის წინ ის ხმალი უკვე თან აღარ მქონდა. ესაა მთელი ჩემი აღსარება. ახლა რაც გინდათ, ის მიყავით, როგორც გინდათ, ისე დამსაჯეთ. აკი ვიცოდი, როდისმე ამ ჩემს გოგრას სარზე წამოაგებდნენ. (გამომწვევი მზერა).

რა თქვა ქალმა აღსარებაზე კიემიძუს ტაძარში

მე რომ დამიმორჩილა, ის ლურჯსამოსიანი კაცი გაბაწრულ ჩემს ქმარს მიუბრუნდა და ერთი დამცინავად გადაიხარხარა. რა ძნელი ასატანი იყო ალბათ ეს ჩემი ქმრისათვის! მაგრამ, რაც მეტად ცდილობდა თავის დახსნას, მით უფრო ღრმად ეჭდობოდა ხორცში ისედაც მჭიდროდ შემოჭერილი თოკი. მე უნებლიეთ გავიწიე მისკენ, არა, დავაპირე, მაგრამ, იმ კაცმა პანღურით უმალ მიწას დამანარცხა და, სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი. სწორედ ამ დროს ქმრის თვალებში მე შევნიშნე რაღაც უცნაური ელვარება, აუწერელი… ახლაც კი მზარავს იმ გამოხედვის გახსენება, სიტყვის წარმოთქმის უნარი მეცლება. ქმრის იმ ერთ გამოხედვაში მთელი მისი სული გადმოიღვა. თუმცა მის თვალებში ვერ ამოკითხავდით გულისწყრომას ან ტანჯვას, ისინი ჩემდამი უსაზღვრო სიძულვილით ელავდნენ. აი, რას გამოხატავდნენ მისი თვალები. ამ საშინელი გამოხედვით შეძრწუნებულს კივილი აღმოხდა და ცნობაც დავკარგე.

გონს რომ მოვედი, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი იქ აღარ იყო. ჩემი ქმარი ისევ ხეზე იყო მიბმული. ძლივს ავითრიე წელი და სახეზე ჩავაშტერდი. გამომეტყველება ოდნავაც არ შეცვლოდა. თვალთაგან წინანდებუარდ აფრქვევდა იდუმალ ზიზღსა და სიძულვილს. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, რა ვიგრძენი მაშინ… სირცხვილიც, სევდაც, გულისწყრომაც… ძლივს წამოვდექი და ქმართან მივედი.

“მისმენეთ! იმის შემდეგ, რაც მოხდა, არ შემიძლია თქვენთან დარჩენა. გადავწყვიტე, თავი მოვიკლა, მაგრამ… მაგრამ თქვენც უნდა მოკვდეთ. თქვენ ჩემი შერცხვენის მოწმე გახდით. ამის შემდეგ არ შემიძლია ცოცხალი დაგტოვოთ”. აი, რა ვუთხარი, გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვუთხარი. ქმარი კი ისევ ზიზღით მიცქერდა. გული გასკდომაზე მქონდა და ამაოდ ვლამობდი მღელვარება დამეოკებინა. მის ხმალს დავუწყე ძებნა, მაგრამ იმ ყაჩაღს ყველაფერი გაეტაცა, არათუ ხმალი, მშვილდი და ისრებიც აღარსად იყო. საბედნიეროდ, ხანჯალი ეგდო ჩემს ფერხთით. მაღლა შევმართე ის ხანჯალი და ქმარი გავაფრთხილე: ახლა მოგკლავთ, და მეც უმალ თან გამოგყვებით-მეთქი.

ქმარმა ჩემი ნათქვამი რომ გაიგონა, თავს ძალა დაატანა და მხოლოდ ტუჩები შეანძრია. რა თქმა უნდა, ხმის ამოღება არ შეეძლო, პირი ბამბუკის ფოთლებით ჰქონდა გამოტენილი. მაგრამ როდესაც მისი ტუჩების მოძრაობას დავაკვირდი, მივუხვდი ზიზღით ნათქვამს _ “მომკალი”. გონებადაკარგულმა ღრმად ვაძგერე ხანჯალი ღია ცისფერი სამოსით დაფაულ მკერდში. ალბათ იმ წუთას ისევ დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვედი, მივიხედ-მოვიხედე. ქმარი ისევ იმ მდგომარეობაში იყო უძრავად, უკვე აღარ სუნთქვადა. გაფითრებულ სახეზე ბამბუკის ღეროებში ჩახლართული კრიპტომერიის ტოტებიდან და ფოთლებიდან გამოღწეული, ჩამავალი მზის შუქი დაჰფენოდა. ქვითინს ძლივს ვიკავებდი. შევხსენი გვამს თოკი და, შემდეგ რა დამემართა, ამის თქმის ძალა არ შემწევს. რა არ ვიღონე, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი. ჯერ ხანჯალი მივიბჯინე ყელზე, მერე მთის ძირას, ტბაში თავის დახრჩობა ვცადე… მაგრამ ხომ ხედავთ, ცოცხალი ვარ და ამით ვერ ვიამაყებ. (სევდიანი ღიმილი). ეტყობა, მოწყალების ქალღმერთი არარაობად მთვლის და აკი ზურგიც შემაქცია. ახლა რაღა ვქნა ჩემი ქმრის მკვლელმა, ყაჩაღისაგან ნამუსახდილმა. რა ვიღონო, რა? მე… მე… (მოულოდნელი, სასოწარკვეთილი ქვითინი).

რა თქვა მოკლულის სულმა წინასწარმეტყველი ქალის პირით

ჩემი ცოლის დამორჩილების შემდეგ ყაჩაღი გვერდით მიუჯდა მას და დაუწყო ნუგეშისცემა. მე, რა თქმა უნდა, პირი ბამბუკის ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ხეზე მაგრად ვიყავი თოკით მიბმული, მაგრამ წამდაუწუმ ვანიშნებდი თვალით ცოლს, არ დაუჯერო, რასაც გეუბნება, სულ სყუილია-მეთქი. მაგრამ ცოლი დამწუხრებული იჯდა ძირს მოფენილ ფოთლებზე და თავს მაღლა არ სწევდა, ერთთავად თავის საკუთარ მუხლებს დასცქეროდა. ღმერთმანი, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ის ყურადღებით უსმენდა ავაზაკს. ეჭვი მტანჯავდა და უმწეოდ ვიკლაკნებოდი. ყაჩაღი კი მაცდური სიტყვებით ლამობდა ჩემი ცოლის დაყოლიებას. ნამუსახდილია, სულ ერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები, ქმართან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არა სჯობია, ყაჩაღს გამომყვე ცოლადო? ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ დანახვისთანავე შემიყვარდიო… აი სადამდე მივიდა მისი უნამოსუბა!

ბოლოს ცოლმა ასწია თავი. სახეზე ნაღველი ეხატა. იგი ასეთი ლამაზი არასოდეს მენახა! მაგრამ იცით, რა უთხრა იმ ავაზაკს ჩემმა ტურფა ცოლმა, როცა მის გვერდით გახლდით შებოჭილი? მე ახლა, მართალია, არყოფნაში ვარ გადასახლებული, მაგრამ ყოველთვის, როცა კი მისი პასუხი გამახსენდება, ბრაზი მახრჩობს. აი, რა თქვა ჩემმა ცოლმა: _ “ჰოდა, წამიყვანეთ, სადაც გენებოთ”. (ხანგრძლივი დუმილი).

მაგრამ ცოლის დანაშაული განა მხოლოდ ეს არის. მარტო ამის გულისათვის მე, ალბათ, წყვდიადში მოხეტიალე, აგრეგირად არ გავიტანჯებოდი. აი რა მოხდა: ცოლი ისე გაჰყვა ავაზაკს ხელჩაკიდებული, თითქოს სიზმარშიაო; და ის იყო ტყიდან უნდა გასულიყო, რომ ერთბაშად მკვდრის ფერმა გადაუარა სახეზე, ყაჩაღს მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა: “მოკალი! არ შემიძლია თქვენთან ყოფნა, სანამ ის ცოცხალია!..” მერე შეშლილივით, რამდენჯერმე საზარლად ამოიკივლა: “მოკალი!” ეს სიტყვები ახლაც ქარიშხალივით მიმაქროლებს წყვდიადის ჯურღმულებისაკენ. განა ოდესმე ადამიანის ბაგეს დასდენია ამაზე უფრო შემზარავი სიტყვები? განა ოდესმე ადამიანის ყურს სმენია ასეთი სიბილწე? განა ოდესმე… (უეცარი, გესლიანი ხარხარი). მისი სიტყვების გაგონებაზე ავაზაკიც კი გაფითრდა. “მოკალი!” _ გაჰკიოდა ცოლი და თან მკლავებზე ებღაუჭებოდა. ავაზაკმა თვალი გაუშტერა ქალს, მაგრამ არც “ჰო” უთქვამს, არც “არა”, და უცებ წიხლის კვრით მიაგდო ჩამოცვენილ ფოთლებზე. (კვლავ გესლიანი ხარხარი). გულხელდაკრეფილი ავაზაკი ახლა ჩემკენ მბრუნდა: “რა ვუყოთ ამ ქალს? მოვკლათ, თუ ვაპატიოთ? პასუხად თავი დამიქნიეთ. მოვკლათ?” მარტო ამ სიტყვებისათვის მზადა ვარ იმ ავაზაკს ყველაფერი შევუნდო. (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).

სანამ პასუხს ვაყოვნებდი, ცოლმა ერთი შეჰკივლა და ტყის სიღრმეში მიიმალა. ავაზაკი უმალ დაედევნა, მაგრამ ეტყობა, ვერ მოასწრო ხელი ეტაცა მისთვის, თუნდაც სახელოში. თავი სიზმარში მეგონა.

როცა ცოლი გაიქცა, ყაჩაღმა აიღო ჩემი ხმალი, მშვილდი, ისრები, მერე ერთგან გადამიჭრა თოკი. მახსოვს, სანამ ტყეში გაუჩინარდებოდა, როგორ ჩაილაპარაკა თავისთვის: “ახლა კი დროა, ჩემს თავზედაც ვიფიქრო”.

როცა ის წავიდა, ირგვლივ სიჩუმე გამეფდა. არა, ყოველგან არა, სადღაც ახლოს კვლავ ისმოდა ვიღაცის ქვითინი. თოკს რომ ვიხსნიდი, დავაყურადე და მივხვდი, ეს მე ვქვითინებდი. (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).

ბოლოს ძლივს მოვაცილე ხეს ჩემი გატანჯული სხეული. უცებ თვალი მომჭრა ხანჯლის ელვარებამ, რომელიც ცოლს დაკარგოდა და ახლა ჩემ წინ ეგდო. ავიღე ხანჯალი და ერთი მოქნევით დავიკარ გულში. სისხლი ყელში მომაწვა, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია. როცა მკერდში სიცივე ჩამიდგა, ირგვლივ კიდევ უფრო მეტი მყუდროება ჩამოწვა. ო, რა მყუდროება იყო! აქ, ამ ტყეში ახლა ერთი ჩიტიც კი არ გალობდა. მხოლოდ კრიპტომერიისა და ბამბუკის ზროებს ავარაყებდა ჩამავალი მზის სევდისმომგვრელი შუქი. ჩამავალი მზისა… მაგრამ ისიც სულ უფრო და უფრო მიილია. მალე გაუჩინარდა ყველაფერი _ ხეებიც, ბამბუკიც და მეც, მიწაზე გართხმული, გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში.

სწორედ ამ დროს, ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ ირგვლივ ბინდი ჩამომდგარიყო. და ვიღაც… ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაჩრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმწამსვე პირი კვლავ ამივსო თქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყვდიადმა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: