Posted by: burusi | 05/08/2015

კახაბერ ჯაყელი “ჯაყელთა 1000 წელი” თავი VII

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

თავი VII: 975 წელი – ქართლი
ჯაყელთა 1000 წელი

***

ღრეობდნენ ტბელთა საგვარეულოს წარმომადგენლები. ფართო დედაბოძს მიყრდნობოდა „ფოცხვერად“ წოდებული იოანე „დიდი“ ტბელი, რომელიც ფიალას ფიალაზე სცლიდა და სულ უფრო მეტად იბრუჟებოდა ლიახვის ხეობის ქარვისფერი ღვინით – დედოსავაზოთი.
ფოცხვერის ტყავში გამოწყობილმა ქავთარ ტბელმა, საგვარეულო ერდოზე მიიწვია მოცეკვავენი – წრიულად მოეწყვნენ ტბელთა სხვადასხვა ოჯახის თავები. აიქნიეს ხელები და დატრიალდნენ. დაფდაფები სცეს დამკვრელებმა და აგუგუნდა ლიახვის ხეობის სასახლე ტბელთა.
– ორასამდე ფოცხვერი მყავს კოშკში, თუ ვინმე შევა, ნახავს თავის ბედს, თუ გამოვა გამოიტანს…ოქროს ბუნიან შუბს, რომელიც მამისაგან მერგო, იმას პაპისაგან ერგო, იმის მამას კი იმის პაპისაგან. ამ შუბში ებრაელთა მეფის – სოლომონ ბრძენის ისარია მოქცეული. ამ ისრით განგმირა სოლომონ მეფემ ფილისტიმელების სარდალი გედონი, მაშ გაუმარჯოს იმ კაცს, ვინც ამ ისარს მომგვრის – ამბობდა ღაწვებ აწითლებული დიდი ტბელი და მის წინ მონადიმე ჭაბუკებს შეჰყურებდა.
– ქავთარ ტბელო, ათი-ათასი მოიერიშე ფოცხვერ-მამრი გყავს შემოკრებილი. კახეთის ქორეპისკოპოსი შემომიერთდება ათიოდე დღეში და საბოლოოდ გავარკვევთ ქართლის ბედს. ივანე მარუშისძეს და მის ლაჩართა მოდგამს მტვრად ვაქცევთ და ვანახებთ ყველას თუ ვინ არის „ქართლის უფალი“, მაგრამ დღეს, უნდა ვნახო ვინმე მოყმე ამ ჯარში ვინც ტბელთა კოშკიდან სოლომონის ისრით დამიბრუნდება. დიდება გმირებს – გაჰყვიროდა დიდი ტბელი და გამომწვევი ღიმილით ათვალიერებდა მის წინ დაფიქრებულ ხევისბერებსა და მოყმეებს.
აქვე იყვნენ პაპია ხელანთაიძე, უჩარდი მამისეული, საბლე საგინაშვილი, ფეჰლევენდ ფეჰლევენდიშვილი და სხვა გმირები, რომლებიც თავიანთ მკლავს მინდობილნი, სახელის მოსაპოვებლად ქართლ-კახეთ-ჰერეთში მოგზაურობდნენ და „შარს“ ეძებდნენ.
– დამისხით ერთი, მე შევალ ფოცხვერთ-კოშკში – წარმოთქვა გმირთა შორის ყველაზე ახალგარზდამ, მესხეთიდან მოსულმა აზნაურმა – ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილმა და ზერდაგზე მჯდარ დიდ ტბელს გამომცდელი მზერით შეხედა.
ათასგვარი ბოროტებით იყო ცნობილი ტბელთა ბელადი, მაგრამ მასზე მხოლოდ სასიკეთოს ამბობდნენ ლიახვის ხეობაში. რატომ იყო ასე ყველამ იცოდა კიდევაც და არც იცოდა. უყვარდა ხალხს დიდი ტბელი. უყვარდათ კიდეც და სძულდათ კიდეც. თუმცა სასწორზე რომ აგეწონა ის რაც დიდ ტბელზე გაეგონა ყოველ მათგანს, იფიქრებდით, ან ლიახვის მცხოვრებნი შეშლილან ან დიდი ტბელის სიკეთე, უბედურებს, ბოლომდე ვერ დაუნახავთო.
– დედოსავაზოს ქარვისფერმა ღვინომ არ გავნოს ბრძოლის წინ, შვილო ფეჰლევანდ – მოწყენილი ღიმილით შეხედა ვაჟს, ხეობის დიდმა ბოროტმა და ერთდროულად კეთილმა სულმა.
– არ მავნებს – მიუგო ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილმა და დიდ ტბელს თვალი თვალში გაუყარა. ეს მზერა ნიშნავდა კითხვასაც და სათქმელსაც. ერთის მხრივ მოყმეს აინტერესებდა „იყო გამარჯვების შესაძლებლობა, თუ მართლაც იმდენი ფოცხვერი იყო დამწყვდეული კოშკში რამდენსაც დიდი ტბელი ხალხს უამბობდა – ანუ ორი ბევრი (ორასი ფოცხვერი), და გამარჯვების ბაღნარი დამჭკნარი დახვდებოდა გმირს?“.
– დასტურია, არ გავნებს ფეჰლევენდ! – გაიღიმა და სუროვანდიანი ყვითელი კბილები გამოაჩინა დიდმა ტბელმა, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ მალე მიეწეოდა თავის თავგასულ და შუბლ-ცხელ წინაპრებს „ფოცხვერ-ხარი“.
ამ ღიმილმა დააიმედა უეცრად ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილი, უიმედობა დაიჭირა დიდი ტბელის თვალთა გუგებში და იმასაც მიხვდა, რომ იქნებ მისი თავი გადარჩენილი და ძლიერი უფრო სჭირდებოდა, გარეგნულად დიდსა და ძლიერს, მაგრამ იდუმალად წელ-ათრეულ, სამარის პირას მდგარ, პირსისხიანი ტბელების გვარის მეუფესა და ერთ-დროს „ქართლის უფალს“.
„ივანე მარუშისძე უნდა ცოცხლად შესჭამოს, ძალაც შესწევს ეხლა, ათი ათასი წანარი ჰყავს შემოკრებილი და გმირი სჭირდება, ვინც მას და მის ხროვას, დაგროვილ ცოდვებს გაჰბანს მტრის დანთხეული სისხლით“- გაიფიქრა ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილმა და დიდი ტბელის გაყვითლებულ თითებს ემთხვია.
„სიკვდილის ანგელოზია თავად“- გაიფიქრა მოყმემ, რომელსაც ორლესული მახვილი მიაწოდეს და ფოცხვერთ-კოშკის კარიბჭე სანახევროდ შეუღეს. ნადირის სუნი ეცა ფეჰლევანდს.
– სძინავს ამ დროს ფოცხვერს შვილო. შედი გულით. იარე პირდაპირ, შემდეგ ადი კიბეზე, განახვნე კარნი, დაამსხვრიე მოქლონნი და შეამტვრიე მცირე კარი სენაკისა. იქ დაინახავ ოქროსფრად მოციმციმე შუბს სოლომონისას. შემდეგ შემოტრიალდი, იგივე გზით გამო, და საბოლოოდ კარს დააკაკუნე. უმალ გაგიღებენ და შეგხვდები როგორც მამა, უძღებ შვილს – თქვა გულცივად დიდმა ტბელმა, რომელმაც ფოცხვერთ-კოშკამდე მიაცილა ფეჰლევანდი და მყისვე შემოტრიალდა, კოშკის ხის კიბეებზე აირბინა და კარში გაუჩინარდა.

***
ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილმა პირჯვარი გადაიწერა და კარში შეიჭვრიტა, ეზოში სიმშვიდე სუფევდა, ფილაქვანის ბილიკი მიუთითებდა მიმართულებას, რომელიც დიდმა ტბელმა ჭაბუკს მოუნიშნა.
როდესაც ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილი ფეხაკრეფით შევიდა კოშკში და მის უკან კარი დარაჯებმა სწრაფად მიხურეს.
იყო 975 წელი პირველი დღე ზაფხულისა.

მცხეთის თავს მოფრიალე აბხაზთა სამხედრო შტანდარტი ირყევა
მცხეთის ქალაქს, შუადღის მზე რომ შუბის წვერიდან გადაიხარა, ჩია ტანის „თუალდაფსებული“ ბერი მოადგა. კარის მცველებს პირჯვარი გადაწერა და იქვე მოლოდინში გაირინდა. მცველებმაც იცნეს „მწეხარე “ეპიფანე ბერი, ჭის წყალი მიართვეს მას და თავიანთ კოშკში შეიპატიჟეს. უარი თქვა ეპიფანემ და ერთ კარის მცველს უბრძანა:
– უთხარ ქართლის პატრონს – იოანე ერისთავს, ეპიფანე ბერი მწუხრის ჟამამდე აქ იქნება და შემდეგ თავის საქმეზე თბილისს გასწევსთქო. უთხარ პატრონს ეს ყოველივე, გაიქეცი ეხლა.
კარის მცველი მალემსრბოლივით გაქანდა ქართლის მპყრობელის იოანე მარუშისძის სასახლისაკენ.

***
მცხეთის გოდოლზე შავი დროშით დაბოლოვებული აბზახთა სამხედრო შტანდარტი მბძანებლობდა. შუადღის ხვატი რომ იდგა, ძილად იყო მივარდნილი მთელი ქალაქი. აბრეშუმის ფარდები იფაფრებოდნენ ხანდახან, ხტოდნენ ველური ბედაურებივით. ცხელი ქარი ქროდა მთა ქართლიდან მონაბერი. სარკინეს მთაზეც ბიბინებდნენ ბალახნი. მაგრამ ჩვეული სიჩუმე სუფევდა. შუადღის ეშმაკეულს უფრთხოდნენ მცხეთელნი, კარები ჩაეგმანათ მათ. დიდი მთავარი იოანე მარუშისძე, სასახლის ყველაზე პატარა სენაკში – ბიზანტიურ, სამხედრო საწოლზე იწვა და ფიქრობდა. მგლოვიარედ იყო და აზრებს თავს უკრებდა. გრაგნილი გულზე ედო, ხელით გული ეჭირა და გრაგნილსაც გულის მიდამოში იმაგრებდა.
– „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღერიცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვების და ლოცვა ყოველი აღესრულების“- უკვე მერამდენედ იმეორებდა იგი.
ეს ჰაზრი უკვე რამოდენიმე დღე და ღამე არ ასვენებდა და ხიბლავდა აბხაზთა მეფისაგან ქართლს გამთავრებულ იოანე მარუშისძეს-მარუშიანს, რომელიც ერთგული იყო დემეტრე III აბხაზთა მეფისა, რადგანაც მასთან პირველ რიგში ერთგულების ფიცი და ასევე მხედრული მეგობრობა აკავშირებდა.
დემეტრე აბხაზთა მეფე, კავკასიაში ჰეგემონიის მოპოვებისათვის იბრძოდა მუდამ. მან ჯერ კიდევ 961 წელს უსისხლოდ დაიჭირა მთელი ქართლი, ალყა შემოარტყა თბილისს, უკან დაახევინა ტბელებსა და მათ მიმდგომებს, შეიჭრა მცხეთაში და მოწინავე ჯარის სარდალი, მარუშიანთა გვარის შვილი იოანე – მცხეთელი პიტიახშების ჯერ კიდევ გადარჩენილ, რომაული ტრადიციით, გაწყობილ, სპილოს ძვლით, ვერცხლითა და ანთრაკით შეჭედილ ტახტზე დააჯინა.
მაშინ ძლივს გაუძლო ძველმა ტახტმა იოანე მარუშიანის სიმძიმეს. გადაიხარხარა აბხაზთა მეფემ და როდესაც პიტიახშების საბრძანებლო, მასზე გაოგნებული სახით მჯდომარე ახალბედას, ფეხქვეშ უნდა ჩამტვრეოდა, სასწრაფოდ წამოაყენა იგი.
– ახალ ტახტს გიბოძებ ივანე! მხოლოდ მიერთგულე. შესანიშნავი ქართულით სთქვა აბხაზთა მეფემ და მთავარს თვალი ჩაუკრა.
ფიცის ერთგული იყო იოანე. მან გაყარა ქართლიდან დამნაშავენი. განსაკუთრებით დააწიოკა ტბელნი, რომელნიც თავს ქართლის მეფეებადაც თვლიდნენ და თბილისის ამირასთანაც ზავი შეკრა.
ამგვარად მცირე ხანს მშვიდობა გამეფდა ღმრთის ქალაქ მცხეთას.
მაგრამ სწორედ გუშინ, მალემსრბოლმა მოიტანა სამწუხარო ამბავი და ააფორიაქა იოანე მარუშისძის საიდუმლოებებით მოცული გონება.
***
ამ დროს ჩაახველა ვიღაცამ კარს მიღმა. მესტუმრეთუხუცესი გახლდათ. კიდევ ერთხელ ჩაახველა მესტუმრემ.
– შემოდი- ბრძანა იოანემ და მის წინ შევერცხლილ წვერიანი მესტუმრე აღიმართა.
– „მწეხარე“ ეპიფანე ბერი ზის ქალაქის კარიბჭესთან და გელის პატრონო – თქვა მან.
წამოიმართა იოანე მარუშისძე, ტყავკაბის გადაცმაში მიეშველა მას მესტუმრე, ქამარს აწოდებდა მსახური იოანეს, მაგრამ ქართლის პატრონი, უეცრად, ეზოში გაიჭრა და ეპიფანე ბერისკენ გაქანდა, ხელები გაშალა და მისკენ მტკიცე ნაბიჯით წამოსული ეპიფანე გულში ჩაიკრა. „მწეხარედ“ ანუ თვალებდამწვრად, მაგრამ ძლივს-ძლივს მხედველად უხმობდნენ ეპიფანეს ქართლელნი და მესხნი.
– მადლობა უფალო დიდი სიხარულისათვის. როგორ მიატოვეთ მამაო თქვენი მონასტერი? ამ სიცხეში გაგიჭირდებოდათ მგზავრობა? – ეკითხებოდა იოანე ჩია ტანის ეპიფანეს.
– შვილო იოანევ, მე არ ვინდობ საკუთარ თავს, ეგ არაფერი, მაგრამ, აი მოისმინე ბერების შემონათვალი – „ შენ ხარ უმთავრესი მთავართა შორის, რადგანაც ბატონობ ქართლსა შინა და შენს სამფლობელოს განეკუთვნება, სამოთხის ბაღი, ძელიცხოვლით და მთაი იგი „ქართლად“ წოდებული“ – თქვა ზეაღმართულმა ბერმა.
– სულ ეს არის მიზეზი იმისა რომ მე დამეკისროს უმთავრესი პასუხისმგებლობა მამაო? – გაიღიმა იოანემ.
– ძელიცხოველი და მის გარშემო ქართლი მთლიანად და მთაი ქართლი, არის როგორც ღერძი სამყაროისა შვილო იოანე, ამიტომაც გმართებს გაიგო და შეიგნო ჩვენი შემონათვალი – თქვა ჯიუტად ბერმა.
– გუშინ შევიტყვე მამაო, მომკვდარა ჩემი ხელმწიფე, აბხაზთა მეფე დემეტრე III და ამას ვგლოვობთ ყველანი- თქვა იოანემ და ბერს დააკვირდა.
რაღაც წაიბურტყუნა ეპიფანე ბერმა და ისეთი სახე მიიღო თითქოსდა არც კი იცოდა აბხაზთა მეფის სიკვდილის ამბავი. ცოტა ხანს სდუმდა შემდეგ კი იკითხა:
– რად არ გაემგზავრე აბხაზეთს უკეთუ ხარ მგლოვიარე?
– აბხაზეთს გავეგმზავრებოდი მამაო, მაგრამ მე ვარ ის ცოდვილი ვინც, გუშინ აბხაზეთს გამეფებული თეოდოს მეფე, ათი წლის წინ, აწ გარდაცვლილი დემეტრე მეფის ბრძანების თანახმად შევიპყარი და …
შეყოვნდა ოდნავ სათქმელის დაბოლოებისას იოანე მარუშისძე, ყბა წინ წამოსწია და სახეზე გადაფითრდა, შემდეგ თვალები აემღვრა და ხელი ძოწით მორთული ხანჯლის ტარისკენ ანაზდეულად გაექცა.
გაახსენდა 956 წელი, როდესაც, მან, ბიზანტიაში აღზრდილი უფლისწული თეოდოსი, დემეტრე მეფისა ბრძანებით, სასტიკად სცემა და შემდგომ დასაბრმავებლად ასურელ ჯალათს- ბაჰლას გადასცა:
„ხელები უეცრად გაინთავისუფლა, ტკივილისაგან გაშმაგებულმა თვალებდამწვარმა – მწეხარე უფლისწულმა განსაცვიფრებელი ძალით აქეთ-იქით გადაგვყარა მე და ჯალათი, რომელიც თავისსავე მახვილზე დაეგო, უდიერად“- გაუელვა თავში იოანეს და ბერს დამნაშავე ბავშვივით მიაჩერდა.
– საბრალო, თვალდამწვარი თეოდოსი გამეფდა აბხაზეთს? დაყოვნების უფლება არ გაქვს შვილო იოანე. ისედაც უამრავი ცოდვა მიგიძღვის უფლის წინაშე. ცოდვიანი მარჯვენა საქმეებით უნდა განბანო, თორემ შენი არსებობა, ისევე უდიერად წარმოჩინდება, როგორც იმ ჯალათისა, რომელმაც არასრულად დააბრმავა განსასჯელი და შემდეგ თავის მიერ გახურებულ მაყალზე დალია სული.
გაოგნდა მარუშისძე, გულთამხილავი ბერის დაფსებული თვალების მიღმა მოელვარე გონების შეცნობას შეეცადა იგი, მაგრამ ამაოდ, ბერი თავად გადმოვიდა იერიშზე და საბრძოლო მანქანასავით მიუახლოვდა ქართლის ერისთავის სულის გოდოლს.
– ერთმა გულმოწყალე და ქვრივ-ობოლთა შემწე კაცმა ანაზდათ ქალწული გააუპატიურა. შეკრეს იგი და მიუყვანეს იმ მხარის ეპისკოპოსს. ჩავქოლოთო – მოითხოვა ხალხმა. იცი კი რა უპასუხა ეპისკოპოსმა, რომელიც დიდად წმინდა კაცი იყო?
– არა – განცვიფრებულმა მიუგო ქართლის გამგებელმა.
– გაანთავისუფლეთ ეს კაციო, მიუგო ხალხს, რადგანაც უფალს უყვარსო ქვრივ-ობოლთა შემწენი და მოწყალენი. ამიტომაც თავად მე ხელს მიკრავს ეხლა უჩინარი ანგელოზი, რაიმე განაჩენის გამოტანისაგანო – დაამთავრა ღიმილით ბერმა და უეცრად თვალები გახსნა, იმისათვის რომ მარუშიანს მისი კვერცხის ცილისებრი, ამღრეული, თვალის გუგანი ენახა და შეძრწუნებულიყო.
– დუმდა ერისთავი.
– მოწყალენი უყვარს უფალს, მაგრამ ერთ აკრძალულ სიტყვას გეტყვი და იმედი მაქვს არ გამცემ მარუშიანო – ბერი შეხსნილი წამწამებით შეჰყურებდა მთავარს.
– არ გაგცემ მამაო, უფალმა შეგინდოს, რა საიდუმლო სიტყვას მეტყვი? – გული სწრაფად უცემდა ერისთავს.
– ბრძენი არისტოტელეს წიგნია – „პოლიტიკოს“, ეწოდების, იცი რა არის ამ წიგნის აზრი მთავარო, აზრი – ყოფას ეხება. ვინ ვართ და რანი ვართ ჩვენ. თქვენ მთავარნი მეფეს ემსახურებით მხოლოდ? არამც და არამც! თქვენ ემსახურებით მეფობას, რომელიც მთლიანი და სამყაროსავით სრულქმნილია და რომელსაც თავად ყოველი მეფე ემორჩილება. მეფობა ღმერთის მმართველობის საერო ფორმაა. ღმერთს არ უყვარს ამრევნი ამ ფორმისა. ძლიერი და სრული სახელმწიფო, აი რა არის მთავარი სიკეთე იმ კაცისათვის რომელიც მეფობას ემსახურება.
– ჩემგან რას ითხოვთ წმინდა მამანო, ეპიფანევ მითხარი პირდაპირ, არ ვარ მცნობელი მაგ წიგნისა – გაუმკაცრდა სახე იოანე მარუშიანს და იგი უეცრად კვლავ გადაფითრდა.
– იოანე მარუშიანო – ხომ ხედავ, მცხეთას ზიხარ, იქ სადაც ძელიცხოველმა გაამშვენიერა სამყაროი, ამ ქალაქში ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფოდნენ მუდამ, ლაშქარი შენ გმორჩილებს და უბატონო მოყმე ხარ, ამიტომაც უნდა იღონო რაიმე იმისათვის, რომ იმგვარი სახელმწიფო განამტკიცო, რომელიც არც არაბთა შემოსევას შეუშინდება და არც ბიზანტიის იმპერატორთა ქვენა ზრახვებს.

***
მონანიება
– მცხეთა უნდა იქცეს ქვაკუთხედად სახელმწიფოსი, ხოლო მთა ესე ქართლი – იდუმალ მწვერვალად, სახსოვრად მამისა ჩვენისა ქართლოსისა, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებდა. იოანე ხუცესის ბრძნული სიტყვა, იმის შესახებ, რომ საქართველოა ის მიწა, სადაც ქართულად ჟამი შეიწირვების და ლოცვა აღევლინების – ქრისტეს ნებაა. ჩადექი ამ ნების სამსახურში მარუშიანნო და შენს სახელზე მომავალი ილოცებს – თქვა მზის ჩასვლისას ეპიფანე ბერმა.
– ვდგავარ ქრისტეს ნებაში მამაო, მაგრამ უკვე ხვალ გულში გამიყრის ლიახვურ მახვილს – დიდი ტბელის სარდალი ქავთარი, ზურგიდან კი საკუთარი მეფის თეოდოსის მიერ გამოგზავნილი მკვლელი მომეპარება ხანჯლით, მარჯვენა გვერდიდან ქალაქის ამირა არ დამინდობს და არაბულ ქეიბურს მკრავს, ხოლო მარცხენა ბეჭს, თავისი გრძელი, „ვარანგული“ ხმლით ჩამომათლის რატი – მთავარი კლდეკარისა – ამოიგმინა იოანე მარუშისძემ და ბერს წინაშე თავი ჩაქინდრა.
– მრავალი მტერი გყავს, იოანევ, ცოდვა გადევს გულზე თეოდოსის თვალთა დაწვისა, ეს ერთი, ტბელთა საგვარეულოს გაჯლეტისა ეს მეორე, ქალაქ თბილისის დაწიოკებისა ეს მესამე, მაგრამ რატი კლდეკარელს რა დაუშავე, ეგ ამბავი მიამბე.
– ქართლიდან ჯავახეთს გადასასვლელი გზის მოსაპოვებლად წავიმუშავე ოდნავ, კლდეში გაჭრილი კარის გაფართოვება მინდოდა, მაგრამ უეცრად წამომადგა თავს რატი ბაღვაში, დატყვევება დამიპირა და იქეთ დავატყვევე, შემდეგ რაც დავმართე, სირცხვილით ვერ გეტყვი მამაო – მოულოდნელად გაიცინა მთავარმა.
– ლაზებს აქვთ ერთი ბრძნული სიტყვა „ვაშინერს“, ნიშნავს მძრწუნავს, მაშინებს ამის გაფიქრებაც კიო, მთავარო, არ ეკუთვნის შენნაირ დიდ და გამოჩენილ კაცს, ტყვეთა წამება და მათ მიმართ უდიერება. კაცნი ვართ. სასამართლოს უნდა გადავცეთ ყოველი ძე-ხორციელი, თუნდაც დედ-მამის მკვლელი – ჩაილაპარაკა ეპიფანემ და ზე-წამოდგა.
– დავამთავროთ, მამაო გითხარი ყველაი ჩემი ცოდვა, და მოვისმინე შენი შეგონებანი, ეხლა უნდა გავწიო და ერთი მხრიდან წანარ-ტბელების შემოტევისათვის, ხოლო მეორეს მხრიდან ჩემივე მეფის, თეოდოსის შურისძიებისათვის, უნდა ვემზადო, მაპატიე მეჩქარება …- ამბობდა ივანე და ბერის დასტურს ელოდა, რომ მცხეთის სიმაგრეებისათვის გარშემოევლო.
– მარუშიანო, შეიგნე, ეს მონანიება შენი არ არის მხოლოდ, დღეს რაც შენ მითხარ, ავბედითი შეცოდებები, მხოლოდ მაშინ გეპატიება, თუ ღმრთის მიერ დაწესებული, ერთიანი და ბედნიერი სახელმწიფოს შექმნისაკენ იღწვი. თუ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენისათვის კლავ კაცთა და ანთხევ სისხლს, მაშინ ღმრთისაგან არაფერი შეინანების! – უტეხი იყო ჩია ბერი, რომელიც გრძნობდა მარუშიანის გულის ფეთქვას და მასზე შეტევას აგრძელებდა.
– ეს მონანიება შენი არ არის მხოლოდ მეთქი გეუბნები, შენთან ერთად, შენივე ბრძანებით უამრავი კლავდა და აგინებდათქო გითხარი. ყველას ცოდვა შენზეა საბოლოო ჟამს – ღმრთის სამსჯავროზე. როდესაც მდუღარე კუპრით სავსე ქვაბისაკენ წაათრევენ შენს უბადრუკ სულს, მთავარი აღარ იქნები მაშინ და აღარც იოანე გერქმევა. ერთი წამით კი მოგატარებენ მცხეთის თავს უფლის ანგელოზნი და გკითხავენ – „საცოდავო იოანევ, უფლის ხელმწიფება შეგეძლო შეგექმნა ამ ღმრთის ქალაქში და შენ კი რა შეჰქმენი?“, რას უპასუხებ მაშინ? როდესაც წვერს დაგაგლეჯენ შენ მიერ დაქვრივებულნი, დამახინჯებულნი, შიმშილით მომკვდარნი, დასნეულებულნი, კეთროვანნი, თვალებ-დამწვარნი, მწეხარენი, დაკოდილნი. რისთვის ჩაიდენე ეს საქმენი – გკითხავს საბოლოოდ მთავარანგელოზი. რას ეტყვი მაშინ იოანევ?
– რა უნდა ვთქვა წმინდა კაცო? – ჩაიჩურჩულა იოანე მარუშისძემ.
– უნდა მოასწრო, მარუშისძევ, წამი და ეს ცხოვრება გაფრინდება, სულ ორი წელიწადი დაგრჩა თუ გინდა მართალი, უნდა მოასწრო, მარუშისძევ. უფლის ხელმწიფება უნდა დაარსო და უფლის მიერ დალოცვილი სამეფო უნდა შექმნა, მხოლოდ ეს თუ გადაარჩენს შენს მიერ დატანჯულ სულს ვინმე ივანე მარუშისძისას, რომელსაც ყმაწვილობიდან, ბერად ამზადებდნენ, მაგრამ შემდეგ ჯალათად აქციეს – თქვა ბერმა და ამღვრეული თვალის გუგებით დააკვირდა მის წინ ბავშვივით ჩაცუცქულ მთავარს.
– როგორ უნდა დავაარსო უფლის ხელმწიფება? მე თავად ვერ გავმეფდები, რადგანაც სამეფო გვარის არ ვარ და რომც მეფედ გამოვაცხადო თავი, უმალ ყოველი გამოილაშქრებს ჩემზე და მაშინ მცხეთაც დაინგრევა და მისი შემოგარენიც – თქვა ერისთავმა და სმენად მოემზადა.
– მეფობა ღმრთისაგან მოდის. ჯერ საულს დაადგეს მეფის გვირგვინი, ხოლო შემდეგ ეს გვირგვინი დავითზე და მის მოდგმაზე გადავიდა, ჩემო იოანევ. დავითის შთამომავლები არიან ბაგრატოვანნი. აბხაზთა მეფენი კი თვითმარქვიები არიან. მხოლოდ დავით ბაგრატიონს შესწევს ძალა, იმისა რომ ღმრთის ხელმწიფება, სიმშიდე და გამარჯვება დაამყაროს მცხეთის გარშემო. მაგრამ თავად დავითს III ბაგრატიონს, არ სძალუძს მეფობა. მან უნდა შექმნას სახელმწიფო , მაგრამ მისი სადავეები შვილობილს – ბაგრატ ბაგრატიონს უნდა გადასცეს და იგი მეფედ ჰყოს – იღიმებოდა ეპიფანე, როგორც ჩანს მრავალი ღამის ნაფიქრს აბარებდა ქართლის მთავარს.
– რას მოგვიტანს დავით კუროპალატის შვილობილის, გურგენის ვაჟის, ბაგრატის გამეფება? – იკითხა გაკვირვებულმა იოანემ
– აი რას მოგვიტანს! – თქვა ბერმა და გულის უბეში ჩამალული წიგნი დღის სინათლეზე გამოაჩინა – აი ეს არის გენეალოგია მეფეთა, წაიკითხე ერთი.
იოანემ გადახედა ხანძთის მონასტერში შექმნილ, წიგნს, გადაფურცლა მისი პირველი გვერდი და წაიკითხა „აბხაზ მეფეთა ცხოვრება და დივანი“.

***
ფეჰლევენდ ფეჰლევანდიშვილი კატასავით მოქნილად მიმოდიოდა. საცვეთების წვერებზე შემდგარი უკვე პირველ კართან იდგა, რომლის რკინის მოქლონი ტვიფარით – „ტბელ“ ეხლავე უნდა დელეწა.
მახვილის ბუნით შეეძლო გაეჭრა მოქლონი, მაგრამ მისი სიბასრე ვერ გაიმეტა ფეჰლევანდმა და კარს მახვილის რკინის სახელური დასცხო. მოქლონი გადაიმტვრა და კარიც შეიღო. იგრძნო ფეჰლევანდმა კარს იქითა მხეცის ამოძრავება. „მრავალი ერთდროულად თუ დამესხა უკან დავიხევ და დაუმთავრებელ კედელზე ავიჭრები“-გაუელვა მას უეცრად და მყისეულად მოტრიალდა იგი და კედლისკენ გაიქცა.
მისი აზრი მყისიერად გამართლდა, რადგანაც კოშკიდან მრავალი ფიცხვერი გამოიჭრა და მას გამოეკიდა. მოტრიალდა ფეჰლევანდი და პირველი მტერი დალანდა – დინჯად მომავალი ფოცხვერი გამოირჩეოდა ძლიერი, მოქნილი, გრძელი ფეხებით, ძალზე ფართო თათებით, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე – გრძელი ფუნჯებს უგავდა, ფართო მოწითალო ქილვაშები უთრთოდა, ჩალისფერი სხეული დასჭიმოდა და ჭრელი მოცისფრო თვალებით ფეჰლევანდს მიშტერებოდა. მის უკან ჩამწკრივდნენ დანარჩენნი, ქილვაშები მათაც უთრთოდათ და კბილები ექავებოდათ. „სისხლი სწყურიათ“-გაიფიქრა მოყმემ, უკან დაიხია, ქვითკირის კედელს, რომელიც შესასვლელს ბაღისაგან ჰყოფდა ხელი დაადო და უმალ კედლის წვერს მოახტა, შემდეგ წამოიმართა და თავისი თითქოსდა უხიფათო პოზიციით დაიმედებული უშიშრად მიმოიხედა.
„გამწირა .კი.. დიდმა ტბელმა?“- თავის-თავს ეკითხებოდა ფეჰლევანდი და ფოცხვერებს კედლის სიმაღლიდან დაჰყურებდა. ამ დროს უდიდესმა ჩალისფერმა კატამ კედელზე ასვლა დააპირა, მაგრამ ჯერ დაბლიდან რომ უყურებდა ქვითკირის ყორეს ეხლა მის თავს შეახტა.
„დაიწყო….კატებთან ომი…“- შესძახა ფეჰლევანდმა და გაკვირვებით შენიშნა, როგორი სიმსუბუქით ავარდა კედელზე, ჩალისფერი ფოცხვერი და მისი მიმართულებით გამოემართა.
მოახლოვებულ ფოცხვერს რომ შეჰყურებდა, ფეჰლევანდი უკეთეს დგომს ეძებდა რათა ფოცხვერი ერთი დარტყმით მოეკლა.
„უუუუხლუუუ“- გამძინვარდა ჩალისფერი მხეცი, მბზინავი მახვილის დანახვაზე და თათის ქნევით დააპირა მისკენ მიშვერილი მახვილის მოგერიება, მაგრამ უკვე გვიან იყო. ფეჰლევანდმა, საასპარეზო სიმსუბუქით, ისკუპა და ჩალისფერს მახვილი ზევიდან ქვევით, პირდაპირ გულში ჩასცა.
ფოცხვერი კედლიდან გადავარდა, მისი სისხლით მოირწყო ბანი. გამძვინვარდნენ უცებ დანარჩენი კატანიც და ნახტომისათვის უკანა თათებზე დადგნენ.

***
სწორედ იმ დროს როდესაც, ლიახვის ხეობის, ტბელთა სასახლის „ფოცხვერის კოშკში“ ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილი უკვე მეათე გაავებულ ფოცხვერს, თავისი გრძელი მახვილით კლავდა, მცხეთის ქალაქიდან ტაოსკენ მიმავალ გზას ჯოროსანი მხედარი გაუყვა.
ამხედრებული ეპიფანე ბერი აჩქარებდა თავის ჯორს და უნებურად დავიწყებულ მხედრულ ახალგაზრდობას იხსენებდა, როდესაც ის ყველის ციხეში, გმირი გობრონის მარტვილობას შეესწრო, იომა ამ დიადი კაცის ხელმძღვანელობით, თვალისი ჩინი კი დაკარგა მაგრამ გულის ჩინი გაისათუთა.
როდესაც აბულ-ყასიმ ალ საჯის ჯალათმა, ორთავე თვალი დაუწვა თხუთმეტი წლის დატყვევებულ გელასის, იგი განთავისუფლებისთანავე ბერად შედგა – ეპიფანედ ეკურთხა და ყოფილი მხედართმთავარის- გობრონის წმინდა ნაწილების მოძიებასა შეუდგა.
ნაწამები გობრონის სხეულის ნაწილების შეკრებისას, საკუთარი სული გაიმთლიანა ეპიფანემ. რამოდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ, ერთ დილას, მზის ამოსვლის ხილვის უნარით დააჯილდოვა იგი უფალმა. როდესაც მარჯვენა თვალში მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა ბერს – იგი გულმხურვალედ ჩადგა ქართულ საქმეთა საწნახელში.

***
დავით კუროპალატი და ეპიფანე ბერი
ტაოს სასახლის ლანდები ამოძრავდნენ. მაშხალები აანთეს ეპიფანე ბერის სამასპინძლოდ. თავად დავით მეფე „კუროპალატი“ მიუძღვოდა სახლი-კაცებს სტუმრის დასახვედრად.
ჯორზე ჯდომისაგან დაღლილი ეპიფანე იმედიანი სახით, მკვირცხლად შეეგება ტაო-კლარჯეთის მეფეს. თითქმის ერთი ხნის იყვნენ. გულმხურვალედ მოიკითხეს მათ ერთმანეთი.
– ზაფხულის ხვატმა შეგვაწუხა ღირსო ეპიფანე ბერო, ღამეები აღარ გვძინავს. რული არ მოდის, ჰოდა ადამის-ძეს ვეძებ ჩვენს საქმეებზე სასაუბროდ. დიდება უფალს რომ შენი თავი, თუნდაც მცირე ხნით გვარგუნა და აქ ჩამოგვიბრძანა – ახალგაზრდული მზერა ედგა თვალებში უჩვეულო სილამაზით გამორჩეულ, თეთრწვერა და თეთრთმიან დავით მეფეს.
– დიდება უფალს-იესო ქრისტეს და დედას ჩვენსას ღმრთისმშობელს, რომლის სამკვიდრო ქვეყანაზე სასაუბროდ გეახელით დიდო ქართველო ხელმწიფევ – დარწმუნებით თქვა ეპიფანე ბერმა და სამეფო დარბაზში დასვენებული ჯვარცმის წინაშე დაიჩოქს.
დავით „კუროპალატმაც“ დაიჩოქა ჯვარცმის წინაშე, შემდეგ ბერი და მეფე წამოდგნენ და სამეფო მაგიდას მიუსხდნენ.
წყალვარდნილში ჩაციებული წითელი და თეთრი ღვინოები შემოიტანეს მესტუმრე აზნაურებმა. ტაოს ხორბლისაგან დამზადებული გემრიელი მესხური პური და კამეჩის ყველ-ჩახარშული ხაჭაპურები, ჩამოალაგეს მეფის სახლეულის სეფე ქალებმა. ვერცხლის ხონჩით, ჯერ კიდევ ცოცხალი, მოსხლმარტალე ციმორი და კალმახი, შემოატარეს მაგიდას მენადიმეთა, მაგრამ ეპიფანე ბერი არაფრით ისე არ დაინტერესებულა, როგორც მის წინ ხელადით მდგარი „კლარჯული ღვინით“. თავად მეფემ არავინ მიიკარა მეჩაფედ და მერიქიფედ. ტაოში დამზადებულ მინის ჭიქაში, თავად უსხამდა ბერს ღვინოს და მათ ღირსებაზე ესაუბრებოდა.

– ეს არის შუმი კლარჯული ღვინისა. წმინდა და პირველი წვენი დაწურვისას. სთუელი აგვისტოში იცის ამან. მე თავად უვლი, არვის ვანებებ – ამბობდა დავით მეფე.
– სთუელი, თუ აგვისტოს თუერანგში (ანუ თვეში), იცის მაშინ მეც ცოტა ხანს დავრჩები და მოგეხმარები, რადგანაც თავადაც კლარჯი გახლავარ მეფეო – მიირთმევდა კამკამა კლარჯულს ეპიფანე და საღი თვალით დავით კუროპალატს შეჰყურებდა, ფიქრობდა მთავარი სათქმელი რომელი მხრიდან დაეწყო.
– ვაზი – შვილად გადმოგვცა უფალმა ღმერთმა, ამას წინათ ესაია წინასწარმეტყველის წიგნს რომ ვკითხულობდი, მაშინ, კიდევ ერთხელ ჩავწვდი ეპიფანე ბერო თუ ვინ ვართ და რანი ვართ ჩვენ, ამ ქვეყანაზე, რისთვის მოგვავლინა უფალმა და რისთვის გვამზადებს იგი- მბრწყინვალე გაუხდა თვალები დავით კურაპალატს.
– მოწყალეო ხელმწიფევ, ჩვენ ყველანი უფალმა სამოთხეში დაგვასახლა, მაგრამ ბედისა თუ ჩვენი უკუღმართობის გამო, სამოთხის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ დავინარჩუნეთ – მიეგება სიტყვით ეპიფანე, რომლის გონებაში მეფეთა და ეპისკოპოსთა სხვადასხვა სახეები გაცოცხლდა. ეპიფანე მიხვდა, წინასწარმეტყველებს, გაეტაცებინა დიდი მეფე, რომელმაც თავის საუკუნეში ყველა სხვა მოღვაწე დაჩრდილა, მაგრამ რომელსაც უშვილოდ უხდებოდა საკუთარი მეფობის დასრულება და ამის გამო მზად იყო მთელი ქვეყანა – ქართველთა , ძედ მიეღო.
– ჩემო ეპიფანევ, ჯერ კიდევ დიდმა წინასწარმეტყველმა ესაიამ, რომელსაც ძველი აღთქმის მახარებელსაც უწოდებენ, ქრისტეს დაბადებამდე 759 წელს იწინასწარმეტყველა მესიის დაბადება „აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ“, ისიც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა რომ ამ ყრმაშია განივთებული უფალი. „აჰა, ღმერთი ჩვენი. თვით მოვიდეს და მაცხოვნეს ჩვენ“- სრული ზედმიწევნით და საუკეთესო მახსოვრობით თქვა დავით კუროპალატმა, ესაიას სიტყვები, შემდეგ ორივე დაკუნთული მკლავი მაგიდაზე ჩამოსდო, თავი ოდნავ დაბლა დასწია, ბერს ქვევიდან ზევით შეჰხედა და როდესაც ეპიფანემაც მას დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, უმალ გააგრძელა:
– როგორც ცნობილია ესაია წინასწარმეტყველი, მკაცრად განსჯიდა თავის ხალხს და ამბობდა: „მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ“- მეფე ბერს საღმრთო სჯულის მასწავლებელივით შეჰყურებდა.
– ალბათ ისე იყო დაცემული ხალხი იმ ხანაში, რომ ესაია წინასწარმეტყველი მათ თავისი იგავებითაც ამხელდა და ამბობდა, რა ქნას კაცმა, რომელმაც დიდი რუდუნებით გააშენა ვაზი, მაგრამ ვაზმა პასუხად ველური ნაყოფი მოისხა? ესაიას სიტყვებით ვენახის უფალი გაბრაზდება და ამგვარად მოიქცევა – „რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე”. ესაა უფლის განაჩენი – გულმხურვალედ მიუგო ეპიფანემ, რომელსაც ესაიას სიტყვებმა ჟრუანტელი მოჰგვარეს.
გაუხარდა დავით მეფეს, ბერის მიერ მისი აზრის წინასწარმეტველ ესაიადან – ერემიამდე გადაპატიჟება. ერემიას სიტყვებიც უეცრად მოიგონა და სთქვა:
– ვენახი წმინდა წერილის თანახმად, რჩეულ ერს განასახიერებს, ჩემო ღირსო ეპიფანე ბერო. იერემია წინასწარმეტყველიც ამბობს: „მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე?”- მეფის ანთებული სახე ეპიფანეს გამარჯვების მაცნედ ეჩვენა და თქვა.
– მეფეო, უფალი იესო ქრისტე ამბობს „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს“. ამგვარად იგი გვიმჟღავნებს საიდუმლოს ვაზისას. რჩეული ვაზის თემა უმნიშვნელოვანესია წმინდა წერილის გასაგებად -„დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა რჩეული ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა, მაგრამ ხენეში ნაყოფი მოისხა”.
– სწორედ აქ არის მთავარი საიდუმლო ეპიფანევ, აქაა გული და სული ცხოვრების შეცნობისა – ამ რჩეული ვენახს, ებრაულ ბიბლიაში, იბერიულ-ლაზურ-მეგრულ-კოლხური სიტყვა „სორექ“, უწოდა უფალმა და მისმა წინასწარმეტყველმა. რა არის ეს „სორექ“? კლარჯი ხარ და იცი – ნიშნავს „სად ხარ?“, ესეიგი, მუდამ ეძებს თავის ხალხს ანუ თავის ვაზს უფალი – მთვარის შუქი ამ სტყვებთან ერთად შუბლზე დაადგა დავით კუროპალატს და ეპიფანემ იგრძნო ამ კაცის საოცარი გონების, ნებისა და სულის სიმთელე.

***
ხახმატი

„დედოსავაზოთი“, რომ ვერ დათვრა დიდი ივანე ტბელი, მსახურები იხმო და ალანთა მიერ ნაბოძვარი ლუდით სავსე ქვევრის გახსნა ბრძანა. სწრაფად გაიქცნენ მსახურები მარანში, რადგანაც თვითოეულს ჰქონდა გამოცდილი დიდი ტბელის ქვასავით მჯიღი, ნახტომში დატაკებული წიხლი და მწველი მათრახი. ზოგ მათგანს ტბელის ხანჯლით მიღებული იარებიც აუტკივდებოდა ხოლმე, როდესაც „ქართლის უფალი“ იტყოდა „დაგხოცავთო“.
ქვევრში მძინარე მაგრამ უეცრად ვერცხლის სასმისებში გამოღვიძებული და უდიერი მოპყრობით აფორიაქებული ალანური მძიმე ლუდი, სუფრაზე შემოიტანეს ტბელთა.
მთიელებს ლუდი წმინდა სასმელად მიჩნდათ და მისი სუფრაზე უეცრად გამოჩენა გაუკვირდათ.
– ამირანობაა, კოპალობა, იახსარობა თუ ლაშარობა ტბელთა ბატონო? – იკურთხა ღვინისაგან შებრუებულმა ხახმატ ხევისბერმა და ჩასისხლიანებული თვალებით დიდი ივანე ტბელი შეათვალიერა.
– მარუშისძის სიკვდილია და ქართლის უკან დაბრუნებაა…რა საზეიმოა მეტი… – სიკვდილ ჩამდგარი თვალებით გამოხედა გათამამებულ ხახმატს ივანე ტბელმა და ჩხუბისთავი ხახმატი, მიუხედავად მისი დაუმორჩილებელი ზნისა უმალ დათრგუნა.
– „შუბზე არ წამოგაგო“- ჩაიჩურჩულა ხახმატმა და ტბელის უჩვეულოდ ცივ თვალებს, მზერა მოარიდა, თავი ჩაღუნა და ამ დროს მას ჩაციებული ლუდი მიაწოდა აზნაურმა სიბხალმა, რომელიც ტბელს სახლიკაცად ემსახურებოდა.
ხახმატი წამოდგა, გველის ტვიფრით გამორჩეული ვერცხლის სასმისი გამოართვა სიბხალს, ჩახედა მასში აფორიაქებულ ლუდს და უეცრად საოცრად მოწყურდა, მიიდგა მხურვალე ტუჩებთან ვერცხლის ტუჩიანი სასმისი და ლუდის საამური გემოსაგან მიღებული სიამოვნების მოლოდინით ტუჩები გაილოკა.
– გაგიმარჯვდეს ქართლის უფალო დიდო ივანევ, ხვალ ვიქნებით მცხეთას. დიდება ტბელთა – შეჰყვირა ტბელთა დარბაზის ერისათვის ჩვეული სიტყვები ხახმატმა და როდესაც ვერცხლის სასმისი ტუჩზე მიიდგა , მის უკან დაფდაებისა და გამაყრუებელი ჭიანურის ხმა გაისმა. ვერცხლის გემო დაჰკრავდა ლუდს. ხახმატმა გაიფიქრა ნეტავ თავიდანვე ლუდი მესვაო და მეორე ვერცხლის სირჩაც მოითხოვა.
დიდმა ივანე ტბელმა ხახმატთან ერთად ლუდით სავსე მეორე ვერცხლის სირჩაც შესვა და დარბაზს საკმაოდ მთვრალმა გადახედა. სმისაგან თავები გადიდებოდათ, ერედვის, ლიახვის, ხინჩისა და ქურთის აზნაურებს.
გულით კეთილი, მაგრამ საქმით ბოროტი იყო დიდი ივანე ტბელი, ამიტომაც მან უეცრად ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილი მოიკითხა:
– სიმშიდეა „ფოცხვერთ-კოშკში“ თუ არა, ვინ პირველობს, გამჭრიახე ადამის-ძე თუ კბილ-ბასრი ცხოველი? – იკითხა მან და მისი აზნაურები ეხლა ფოცხვერთ-კოშკისაკენ გაქანდნენ.
დიდ ივანე ტბელს პასუხი დაუგვიანეს, რაც მას არა მარტო გაუკვირდა არამედ ეწყინა კიდეც. წამები გადიოდა და უეცრად დიდ ტბელს ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილის ქოჩორა თავისა და გადაბმული წარბების გახსენებისას, გულში რაღაც ჩაეწვა. „მოჰკლეს ალბათ ჭაბუკი“- უეცარი სინანულით გაიფიქრა მან და დარბაზს რომ გახედა, ორი თუ სამი კურცხალი ცრემლი შეუმჩნიეს ივანე ტბელს სახლი-კაცებმა.
„უმსგავსო წუთი სოფელი, ლიახვის ხევის ბატონი“- გაიფიქრა ტბელმა და ხახმატ ხევისბერს შეხედა.
უეცრად მოირბინა ლიახვის ხევის სარდალმა და გვარში მეორე კაცმა – ქავთარ ტბელმა, რომელმაც ყურში ამგვარი ამბავი უჩურჩულა დიდ ივანეს:
„თუ არ ვიხსნით, უეჭველ სიკვდილითანაა შეყრილი, თხუთმეტი ფოცხვარი დაუხოცავს, მაგრამ თავადაც დაჭრილა, მახვილი გასტეხვია, დაქანცულია და დაძინებას ლამობს, მის გარშემო ოცი ფოცხვარი დაბორიალობს, როგორც კი ჩასთვლემს მაშინათვე ჩამოვარდება კედლიდან და ერთ წამში მოუღებენ მას ბოლოს ფოცხვერნი…“
წამოიმართა დიდი ივანე ტბელი, კიდევ ერთი სირჩა ლუდი მოითხოვა და ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილის სადღეგრძელო შესვა – უეჭველი გმირიაო მასზე თქვა და ფეჰლევანდის წარსულ სამხდრო საქმეებიც მოიგონა. ისიც გაახსენდა თუ როგორ შეება ფეჰლევანდი ივანე მარუშისძეს სარდალს. დაამარცხა იგი და ტბელთა სამთავროს ნაალაფარი დროშა შეჰმატა. „ეხლა დიდ გაჭირვებაშია ფეჰლევანდი-ო“- დაამატა ივანემ და დარბაზს გადახედა.
– მკვდარია? – იკითხა უეცრად ხახმატმა.
– ცოცხალია ფეჰლევენდი თუ მკვდარი ეხლავ გაიგებ ხახმატ, რადგანაც მისი გადარჩენა და ფოცხვერთ-კოშკიდან გამოყვანა შენთვის მომინდვია – ბრძანა ივანე ტბელმა კიდევ ერთი სირჩა ალანური ლუდი გაუგზავნა გაოცებულ ხახმატს
ხახმატმა ლუდით სავსე ვერცხლის სასმისი უსიტყვოდ შესვა, დარბაზს დასაკლავი ბოჩოლასავით გადახედა და „ფოცხვერის კოშკის კარები გამიღეთო“ მშვიდად უთხრა ქავთარ ტბელს.

***
ტაოდან – საქართველომდე
ტკბილად მოუბარ მეფესა და ბერს, სიმშვიდე – შვილობილმა ბაგრატ ბაგრატიონმა დაურღვია. უფლისწული მემაშხალეების თანხლებით შემოიჭრა დარბაზში, მამობილს – მეფე დავით კოროპალატს ხელზე ემთხვია და ბერისკენ შემოტრიალდა.
ბერმა აკანკალებული ხელი შავ ქოჩორზე გადაუსვა მის მკერდთან დახრილ უფლისწულს და უეცრად კუროპალატის გაბრაზებულ სახეს მოჰკრა თვალი.
„შვილობილზე ნაწყენია მეფეთ-მეფე“ – გაიფიქრა ეპიფანე ბერმა და ბაგრატის არაბულ აბჯარს გაკვირვებით შეხედა.
– თბილისის სანახებში დაზვერვას ვაწარმოებდი, იოანე „ხაზარის“ ათასეული მახლდა, ამიტომაც მაცვია არაბული სამოსი და ჯაჭვი – იცრუა უფლისწულმა და გაწითლდა.
– ჩვენი საგვარეულოს სიძეა იოანე კალმახელ „ხაზარი“, მისი მეუღლე ნესტან ფანასკერტელი ბიძასშვილის-შვილია ჩემი – თქვა გახარებულმა ბერმა და თვალწინ წარმოუდგა ჩანაფიქრის აღსრულების მთავარი მიმართულება.
– მეფეთ-მეფეს დავით კუროპალატს არაფერი უთქვამს, იგი ჩაფიქრებული იჯდა და საკუთარ მაჯებს დაჰყურებდა – მისი მდუმარება, სიტყვის ტოლფასად მიიჩნია ეპიფანემ და მეფეთ-მეფეს გულში დაეთანხმა.
ბაგრატმა (მომავალი ბაგრატ III), ბოდიში მოუხადა მამობილსა და ეპიფანეს, იგი ხმაურით გავიდა. როდესაც კარი დაიგმანა მეფთ-მეფემ ამოიოხრა და ეპიფანეს უთხრა:
– სულსწრაფია, ჩქარობს, მარტო მახვილის იმედითაა, მამამისი გურგენი უფრო მეტად მიჯერებს ვიდრე თავად ჩემი შვილობილი და მემკვიდრე ბაგრატი.
თითქოს ასპარეზი გაეხსნაო, ამ სიტყვების მოსმენისას ეპიფანე ბერს ისღა დარჩენოდა, მისი სტუმრობის მთავარ მიზეზზე და შესაძლო შედეგზე გადასულიყო. ამიტომაც ბერმა აკანკალებული ხელით ამოიღო უბეში საგულდაგულოდ დამალული გრაგნილი, გახსნა იგი და მისი ჩალიჩისაგან გაკვირვებულ დავით კურაპალატს მიართვა.
– ივანე მარუშისძის გერბი? რას წარმოადგენს ეს წერილი ეპიფანევ – გველნაკბენივით შეკრთა მეფეთ-მეფე და ის-ის იყო წერილი უნდა შორს მოესროლა რომ ეპიფანე დავითს მუხლებში ღაღადით ჩაუვარდა:
– იხსენ საქართველო მეფეო, დიდო მბრძანებელო და ბრძენო დიდო. დაეპატრონე ქართლის გულს, შეჰყარე ჯარები და აიღე მცხეთა, დაეპატრონე სამოთხეს, სიდონიას საფლავს და მთას ქართლისას, რომელიც მუდამ იყო და იქნება გული იბერიელთა, კოლხთა, აბხაზთა, კლარჯთა და ლაზთა, მესხთა ყოველთა, სვანთა და კახთა, ჰერთა და სომეხთა, ალბანელთა და გუგარექის ქვეყანათა, ეგრთა და აჭარელთა, ტაოელთა და შავშ-სპერთა, კავკასის იქით იჩქერთა, ჯიქთა, ხუნანთა და კავკასის აქეთ ძურძუკთა. ნიშანია უფლისა ჩვენისა – რათა ილაშქრო დაუყოვნებლივ ქართლს და გამეფდე იქ, აწ და მარადის და უკუნეთი უკუნისამდე! ამინ! – მუხლებს უკოცნიდა ეპიფანე დავით მეფეს, რომელიც მას გაფართოვებული, ჭკვიანი თვალებით დაჰყურებდა და ბერის წამოყენებას ლამობდა.
– რა ნიშანია ასეთი? – იკითხა ბოლოს დავით კურაპალატმა.
– სამი დღის წინ, მოულოდნელად მიიცვალა მეფე აბხაზთა დემეტრე III და მის ტახტზე დაჯდა ჩემსავით თვალებ-დამწვარი თეოდოსი, რომელსაც ჯარი უდგას ქართლში, კერძოდ ღვთის ქალაქ მცხეთაში. ეხლა არ იკითხავ ვინ არის ამ ჯარის მხედართუფროსი? თეოდოსის თვალებ-დამწველი, ივანე მარუშის -ძე, რომელსაც თუ არ უშველეთ სიკვდილით დასჯის საკუთარი მეფე – თქვა ბერმა
– დავით მეფეთ-მეფე დუმდა და ბერს ათვალიერებდა.
– ივანე მარუშის-ძე განწირულია, არა მარტო იმიტომ რომ მას საკუთარი ხელმწიფე, მეფე აბხაზთა დაუწყებს დევნას, არამედ იმიტომაც რომ, ქართლის ყველაზე დიდი საგვარეულო, მცხეთაზე გავლენის დაბრუნებას იწყებს. ივანე „დიდი ტბელი“, მომავალ კვირას წანართა ჯარით ცდილობს, ივანე მარუშისძის-ხმალზე აგებას და მცხეთის დაპყრობას. ტბელები თავს, რატომღაც „ქართლის უფალს“ უწოდებენ. ამიტომაც მათი სისხლიანი განზრახვანი, უნდა შევიცნოთ და გამოვიყენოთ იმისათვის რომ სიდონიას წმინდა საფლავი – მცხეთა მშვიდობამ მოიცვას და იქ ტბელთა მხეცურმა ზრახვებმა არ გაიჭაჭანოს. ქალაქი უფლისა – მთა ქართლისა – საფლავი – სიდონიასი – ყოველი ეს შენ გელოდება მეფეთ-მეფევ – აღტკინებული ამბობდა ბერი და მეფეთ-მეფეს თვალებში უცქერდა.
– ტბელებს არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია სიმხეცე მათი – ჩაილაპარაკა დავით კურაპალატმა და დადუმდა.
– მცხეთას მდგარი მთავარი ქართლისა – სუსტი და განწირული ივანე მარუშისძე, დღეს გასაღებია კავკასიისათვის. წადი და აიღე მცხეთა მეფეთ-მეფეო – ლამის ტიროდა ეპიფანე ბერი.
– ბიზანტიის კეისარი გავანაწყენო? – უეცრად მკაცრად იკითხა დავით III.
– მეფეთ-მეფეო, ყველაფერი გათვლილი მაქვს. ნიშანია უფლიდან, რომ გაამეფო შვილობილი ბაგრატი და მამა მისი თან გაატანო, ხოლო თავად საკუთარი ჯარით მეურვედ დაუდგე მათ.
ადრეც უფიქრია დავით მეფეს, შვილობილისა და მისი მამის საქმეში გამოცდა. ბაგრატისა და გურგენის ასპარეზზე გაყვანისათვის ეპიფანეს იდეა მეტად მომხიბლავად ეჩვენა ბრძენ ხელმწიფეს. უეცრად კვლავ მიწვდა ივანე მარუშის-ძის წერილს დავით კურაპალატი, გასტეხა გრაგნილის ბეჭედი და წერილის კითხვა დაიწყო.
ეპიფანე ბერი კი ჯვარცმას მიეჭრა, მის წინაშე ჩაიმუხლა და მამლის დაყივლებამდე ლოცვას მიანდო მცხეთის, ქართლის და სიდოანიას საფლავის ბედი.

***
ეპიფანე ბერი მარტო არ იყო იმ იდეის განმახორციელებელი, რასაც მისი სულიერი ძმანი ერთიანი იბერიის აღდგენით მოიხსენიებდნენ. არსებობდა იდეის მცირე განშტოებაც, მას საიდუმლოდ „არიან- ქართლს“ უწოდენდნენ ბერნი. უძველესი „ჰარურუ -ჰარალე-ჰარი-ჰარ-რალ-ე“, ქართველთა იდუმალ ღვთაების სახელს რომ შეიცავდა, ერთიანი ქვეყნის – საგალობლად მიაჩნდათ ეპიფანეს და მის საძმოს. „ვიგონებთ რა ჰარი ქვეყანას, ვიხსენიებთ იბერიასა და კოლხეთს, ურარტუს, მითანს, ტიგრისა და ევფრატის დაბლობს, კაპპადოკიას, აქადისა და შუმერის ქვეყანას, რომელსაც ქი-ენგს, უწოდებდნენ ძველნი, ქი-ენგი იგივე ქიანა, ლერწმის ყანას რომ ნიშნავს, ტიგროსისა და ევფრატის ჩამონაშალზე აგებული ყანა იყო იმგვარად, როგორც მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმოცენებული უხმოსავლიანი მტკაველი მიწისა, რასაც ასევე ლერწმის ყანას უწოდენდნენ შავთავიანნი ანუ შუმერნი.
სწორედ შუმერებმა, ანუ უძველესი ჰარი ქვეყნის შვილებმა იგივე ქართლის დამაარსებლებმა გამოიგონეს დამწერლობა, წამოიწყეს მორწყვა მიწისა და გამოგონებები დაამთავრეს იმით, რომ შექმნეს ბორ-ბალი, ანუ ბორიალა ბალი. წარღვნის შემდეგ პირველი მეფენი ჰარის ქვეყნიდან იყვნენ. მათ ველებს „გუუდენა “ დაარქვეს და მას ორიათასი წელი იცავდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაეცა, გამოჩდნდნენ სემის ჩამომავლები, რომლებიც შემოესივნენ ჩვენს ხალხს, დაანგრიეს ჩვენი ქალაქები და შესაბამისად დაიქცა ჰარის ქვეყანა. მხოლოდ მესხები უძლებდნენ დამპყრობლებს. მუსხები იგივე მესხები, მცხეთის ქალაქის დამაარსებლები, ბრძოლით გამოერიდნენ შუამდინარეთს და დადგნენ იქ სადაც ეხლა ვდგავართ.“- უყვებოდა ბერებს ეპიფანე.
სანთელივით იწვოდნენ ეპიფანეს მოძმე ბერებიც. უძველეს წიგნებს ჩაჰკირკიტებდნენ და დროს ელოდნენ.
***
„ჰარურუ – დედამიწის დედა–ღვთაება, სიტყვა დედა-მიწა, არიან – ქართლის უძველესი ქვეყანა, არის ჭიპი სამყაროსი, მაგრამ მიმქრალი, თითქოს დაგლახებული, ენა უძველესი და შეგინებული, დამწერლობა თავად ღმერთისაგან ბოძებული და ესეც ჩვენს თვალთაგან დაუნახავი – რას ვიღონებთ ხვალ?“ – ხშირად ფიქრობდა თვალდამწვარი, სანახევროდ დაბრმავებული ეპიფანე ბერი, რომელსაც სინას მთიდან , თავიანთი ძიების შესახებ, სწერდნენ ხანძთელი ბერები.
***
ეპიფანემ ერთი ღირსი მამის წერილი მიიღო და როდესაც „ან-ჯამ-ური“ შიფრი მიუყენა მას, მხოლოდ ერთი სიტყვა ამოიკითხა – „წელი – ქართლისა“.
„ესეიგი ქართლის წელი მოდის, უკვალოდ ეს წელი არ ჩაივლის, უნდა მოვემზადოთ“-უთხრა ღირსმა ეპიფანემ ბერებს და მათაც ხილულ და უხილავ მოვლენებზე მიზეზ-შედეგობრივი დაკვირვება იწყეს.

***
კვლავ ფოცხვერთ-კოშკი

ხევსურული დაშნითა და პატარა ფარით შეიარაღებული ხევსური ხახმატი, ყვირილით შეიჭრა ფოცხვერთ-კოშკში. ყოველმა მხეცმა მას მიაშურა ბრდღვივნითა და გაავებით. სწორედ ამ დროს გადმოხტა ფეჰლევანდ ფეჰლევანდიშვილი კედლიდან, მოქლონ დალეწილი ოთახისაკენ გაიქცა და მასში შევარდა.
შუბი ლუსკუმაში იდო. მის წვერში მართლაც მოსჩანდა მცირე ნიშა, რომელშიც ოქროსფერი ნატეხი იდო სამშვილდე ისრისა.
„უეჭველი ესაა ნაშთი სოლომონის ისრის“-გაუელვა თავში ფეჰლევანდს და უეცრად იგრძნო რომ უკნიდან ფოცხვერი მოახტა.
„კარი ღია არ უნდა დამეტოვებინა“-ელვისსისწრაფით ტრიალებდა ფეჰლევანდი რათა ფოცხვერი ზურგიდან ჩამოეგდო და გაეგმირა, მაგრამ მხეცი მის ჯაჭვის პერანგში გახლართულიყო, კლანჭებს უკვე ხორცში უყრიდა და კისერში კბენას უპირებდა.
ფოცხვრის კლანჭების სიმწარემ გაამხეცა ფეჰლევანდი, მან საბოლოოდ, კედელზე მიასრისა ფოცხვერი ზურგით. შემდეგ შემოტრიალდა და კარებთან მომდგარი ათიოდე ჩალისფერი, ქილვაშებ ათრთოლებული, გამხეცებული ხახა იხილა.
ხახმატი შემოსასვლელთან განწურული ხმით იგინებოდა. ფოცხვერების ლაშქარი კოშკში აქეთ იქით დაშლიგინობდა. ფეჰლევანდის გადატეხილი მახვილი უკვე აღარ ჭრიდა, სარიტუალო შუბი ჩამოხსნა კედლიდან მოყმემ და მხეცებს დაუშინა. სოლომონისეული ოქროს ისარი ერთ-ერთ ჩალისებრ მხეცს შეესო.
უამრავი ფოცხვერი უეცრად ზურგიდან მოეპარა ფეჰლევენდს. მაღალ კედელში დატანიებული სარკმელიდანაც გამოძვრა ერთი, ქარვისფერ ბეწვიანი მხეცი და ზევიდან დაახტა მას.
„…უჰჰჰჰჰჰჰ…..ამიტომაც არ უნდა ემსახურო იმას ვინც არ წერია კაცთა შორის….“-სინანულით ფიქრობდა ფეჰლევანდი და გრძნობდა როგორ კბენდნენ, თავზე, კისერზე, მკერდზე, მუხლის თავებზე, მაჯებზე, წვივებზე, გარშემოხვეული ჩალისფერ-ქარვისფერი ხახები, დამშეული ფოცხვერთ ჯოგისა.
ხახმატის ყვირილი უეცრად გაწყდა. ფეჰლევანდმა, მუშტზე შემოსალტული კბილების მქონე კიდევ ერთი მხეცი კედელს შემოარტყა და თვალთ დაუბნელდა.
„….აჰა სიკვდილი…მოვიდა“- გაიფიქრა მან, აცახცახებული ხელით პირჯვარის გადაწერა სცადა და მოწყვეტით დავარდა.
***
დავით ტაოელის გამოლაშქრება
უეცრად და იდუმალად მოამზადა სალაშქროდ ტაო-კლარჯეთის სამხედრო ძალა დავით კურაპალატმა. ბანას მიდამოებში აღარ შეკრიბა მეფეთ-მეფემ თავისი ლაშქარი, არამედ პირდაპირ ხელში ჩასაგდებ მიზანზე მიუთითა მეფე-სარდალმა თავის სპასპეტებს. ეპიფანე ბერის გეგმის მიხედვით: ჯოჯიკს უნდა აეღო მცხეთა და ივანე მარუშისძეს კეთილგანწყობის შემთხვევაში, მასთან ერთად აბხაზეთს უნდა ელაშქრა. ბაგრატ უფლისწულს – ქართლში გამეფებისათვის ამზადებდა ეპიფანე ბერი. სწორედ ამ მიზნისათვის ბაგრატის დაცვა – კალმახის ციხის მეპატრონეს, ჩორჩანელთა და ბაჰლაუნდთა მემკვიდრეს იოანე „ხაზარს“ მიანდეს. კალმახის ცხენოსან ჯარს, ტბელთა შემოტევისაგან უნდა დაეცვა მცხეთა და შემდგომ ლიახვის ხეობა დაეკავებინა.
ამ ორივე ლაშქარს, მძიმე ცხენოსანი ჯარით მიჰყვებოდა დავით კურაპალატი, რომლის სამხედრო გეგმაში, იოანე კალმახელს მარჯვენა ფრთა ებარა, ხოლო ჯოჯიკსა და ივანე მარუშისძეს მარცხენა. ცენტრში მდგარი ბატონიშვილი – მამამის გურგენს და ყველის ციხის ქვეითებს მიანდვეს, რომელთაც ნიჭიერი ახალგაზრდა სარდალი – გაბრიელ ოჩოპინტრეს-ძე მეთაურობდა.

***
უბრძოლველად აიღო ქართლი დავით კურაპალატის მხედრობამ. ჭაღარა თმიანი იოანე კალმახელ ხაზარის ცხენოსნებმა უფლის-ციხესთან დაიბანაკეს. ბაგრატ უფლისწულის შესახვედრად უეცრად მოჯარდა ქართლის მოსახლეობა. კლდეზე გადმოდგა ბაგრატი და ხალხს დაენახა. გუგუნი აღმოხდათ ქართლელთ. რამოდენიმე წუთს უღიმოდა ბაგრატი სათაყვანებელ ერს და შემდეგ მის გვერდით მეფეთ-მეფე დავით კურაპალატი რომ დადგა და ხალხს ხელის აწევით მიესალმა მაშინ გაორმაგდა ყვირილი და ძალა მოიცა ერმა.
უეცრად დავითმა ერი ხელის ერთი მოძრაობით გააჩუმა და მტკიცე ხმით დაიძახა – „ესე ,ბაგრატ არს მკჳდრი ტაოსა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი“
ბაგრატი რომ ტაოელი იყო, ყველამ კარგად იცოდა, ქართლი რომ ივანე მარუშისძემ მას ნებაყოფლობით გადასცა ესეც ირმუნა ერმა მაგრამ აბხაზეთი რა შუაში იყო, ვერავინ გაიგო.

***
როდესაც აბხაზთა მეფეს თეოდოსს ამბავი მიუტანეს – „გიღალატაო ივანე მარუშისძემ“, მუშტზე იმდენად მწარედ იკბინა თვალებდათხრილმა, რომ სისხლის შეჩერებისათვის, ბიზანტიელი დასტაქარი იხმეს პიტიუნტიდან.
– ჩვენს მტერს, მცხეთაში უთქვამს რომ ქართლში შვილობილს- ბაგრატ ბაგრატიონს გაამეფებს, რადგანაც იგია მემკვიდრე ტაოსი, ქართლისა და … აბხაზეთისა!
შუბლზე ხელი შემოიჭირა უბედურმა თეოდოს მეფემ. უეცრად დაიღმუვლა, კედელს მიეჭრა და თავი მიარტყა იმ ფრესკას სადაც ქტიტორად მამამისი, აბხაზთა მეფე – გიორგი იყო გამოსახული.
***
– ნუთუ მართლაც მამის ფრესკას მიარტყა თავი აბხაზთა უბედურმა მეფემ? – იკითხა ანაკოფიის ციხის მეციხოვნემ ანქვაბმა და თავის ყოვლისმცოდნე ამხანაგს მიაჩერდა.
– სწორედ ასე მოხდაო, ბრძანებს მეფის მეანდერძე, რომელიც სასწრაფოდ იქნა გამოძახებული სასახლეში, ამ ამბის მერე.- თქვა დემეტრიუსმა
– რატომ? – გულგრილად იკითხა იგივე ხმამ.
– ვაჟების უკითხავად, მიათხოვა ბაგრატიონებს თავის ასული აბხაზთა მეფე გიორგიმ. ამ ქორწინებიდან იშვა ბაგრატ ბაგრატიონი, რომელიც ჩვენი თეოდოსის დისწულია. ეგ იმას ნიშნავს რომ ხვალ შემოგვიტევს ბაგრატ ბაგრატიონი, ივანე მარუშისძესთან ერთად, ამოწყვეტს აბხაზ მეფეთა ოჯახებს, წიწილას არ გაუშვებს ხელიდან ცოცხალს გულმხეცი და ბრძენი ბაგრატიონი. როდესაც მორჩებიან ჟლეტვას, მაშინ აბხაზთა სამეფოს მემკვიდრე იქნება ბაგრატ ბაგრატიონი, რადგანაც იგი დედის მხრივ ერთადერთი სისხლისმიერი ნათესავი იქნება თეოდოსისა-ჩაილაპარაკა დემეტრიუსმა.
– ანუ გადაწყვეტილია ბედი უბედური თეოდოსისა? – გაიცინა ანქვაბმა და კოშკიდან გადააპურჭყა.
– თეოდოსის სვებედი გადაწყვეტილია, ეხლა საკუთარ ბედზე ვიფიქროთ მიუგო დემეტრიუსმა დინჯად.

***

ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ ივანე მარუშისძის მოთავეობით, აბხაზეთს ილაშქრა ქართველთა სამეფოს ლაშქარმა. ქუთაისის მეფეთა სასახლეში შეიპყრეს აბხაზთა სამეფოს ბოლო მეფე – ყველასაგან მიტოვებული, თეოდოს თვალდამწვარი. წაიყვანეს ტაოსკენ, მაგრამ გზაში ციებამ შეიპყრო იგი და დავით კურაპალატთან შეხვედრამდე მიიცვალა.
დავით კურაპალატმა ბაგრატს მოსწერა წერილი, რომელიც მას აბხაზეთის მეფის ტიტულის მიღების უფლებას სძენდა. ამრიგად ბაგრატიონმა პირველად მიიღო აბხაზეთის სკიპტრა და გვირგვინი. „ქართლისათვის ბრძოლამ აბხაზეთს გამამეფა“-ფიქრობდა ბაგრატი და თავის მომავალ შეტევას ამზადებდა.
ამ დროს მოიტანეს ამბავი ქართლელ მთავართა ამბოხის შესახებ. ტბელები გაერთიანდნენ ძამელებთან, მათ კი მოიპატიჟეს ფხვნელები, ფავნელები და კორინთლები. სალაშქროდ შეიჭურვნენ და მცხეთისაკენ გამოემართნენ.
ტაოს ლაშქარმა იოანე კალმახელის სარდლობით ეხლა უკვე ლიახვისაკენ გაილაშქრა. სასტიკად დამარცხდნენ და სისხლისაგან დაიცალნენ ტბელ-ძამელ-ფხვნელ-ფავნელ-კორინთელები. ივანე დიდი ტბელი კლდიდან გადააგდეს მისივე აზნავურებმა, სხვა ტბელები კი სომხეთს გადაიწვეწნენ და გასომხდნენ.
მომდევნო წლებში ბაგრატ უფლისწულს, რომელსაც ეხლა ბაგრატ III დაერქვა კლდეკარელი ბაღვაშები არ მოუვიდა თვალში და იგი 989 წელს, უზარმაზარი ლაშქრით თრიალეთის ქედებს მიადგა. რატი-რატის ძე ბაღვაში მოურიგდა მეფეს, მისცა მას წინაპრების მიერ ნაგები – პირველი საბაჟო კორპორაცია – კლდეკარი და თავად არგვეთს, ბაღუაშების ძველ მამულში დაბრუნდა.
ბაგრატი მიხვდა რომ ვერავის სძალუძდა წინ აღდგომოდა ქართლითა და აბხაზეთით, მესხეთით განმტკიცებულ ქართველთა სამეფოს და იგი ეხლა უკვე კახეთისა და ჰერეთის წინააღმდეგ დაიძრა.

***
„ვინც ქართლს წააგებს , იგი კავკასიას დასთმობს, ვინც ქართლს მოიგებს გააერთიანებს საქართველოს და იმეფებს კავკასიაზე“- მისწერა საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს ეპიფანე ბერმა, დალოცა ბაგრატ III და თავად ფანასკერტის ციხეში, წინაპართა საფლავების გვერდით, სამუდამოდ მიიძინა.

კახაბერ ჯაყელი (ჯაყელთა 1000 წელი)


Responses

  1. Magaria!!!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: