Posted by: burusi | 19/07/2015

კახაბერ ჯაყელი “ჯაყელთა 1000 წელი” VI თავი

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

კახაბერ ჯაყელი “ჯაყელთა 1000 წელი” VI თავი

989 წელი -თბილისისათვის აღმართული სამსხვერპლო

სთუელისთვეს ბეშქენ ჯაყელი დიდი ამალით ესტუმრა გარდაბანს. ბიზანტიური აბჯარი -“გლივარიუმი” ემოსა ქალაქ ოძრხეს, ჯაყისა და თუხარისის ციხეების პატრონს. მის წინ დაიჩოქა გარდაბნის ციხისთავმა, ტაძარში შეუძღვა ბეშქენ ჯაყელს და ერისთავის ჯალაბს.
– ამ ალაგს მოჰკლეს დიდი მეფე აშოტ კუროპალატი ერისთავო და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწცა იხილვების ვითარცა ახალი- ბრძანა ციხისთავმა ჩურჩულით.
აშოტ მეფის შედედებული სისხლის დანახვაზე აფორიაქდა ბეშქენ, ფერხი წინ წარსდგა, ჩაიმუხლა და ჩუმად ილოცა.
სთუელზე ჩამოსულიყვნენ და ბეშქენ ჯაყელის მოსვლას ელოდნენ მისი ბიძაშვილებიც, რომელთა საუცხოო ცხენები მონასტრის მიმდებარე მწვანეზე დასეირნობდნენ, მესაჭურვლეებთან ერთად, თავად ბატონები კი, როგორც ჩანს უკვე გოდოლში ისვენებდნენ.
მხოლოდ ერთი სტუმარი ვერ დააოკეს გოდოლში და ისიც უნაგირმოხდილ ცხენებთან ერთად დახტოდა, უამრავ კითხვას უსვამდა მკაცრ მესაჭურვლეს და მამის სანადიმო ცხენს დიდ ნესტოში ცვრიანი ბალახს უღიტინებდა.
– ციხის გოდლის ჩრდილში იყავი, მზე დაგკრავს და ვაი ჩემი ბრალი შემდეგ – ეუბნებოდა მესაჭურვლე შვიდი წლის არსენს, რომელმაც მოჯარული ცხენების დანახვისას აღარ დაუცადა ბრძნულ სიტყვას და ბიძის შესახვედრად პირდაპირ ტაძრისკენ გამოიქცა
– ბეშქენ ძია…..შემსვი რა შენს ცხენზე, სანამ უნაგირს მოხსნით და დასასვენებლად გაუშვებთ – შეჰყვირა არსენმა და მის შესახვედრად მკლავებ გაშლილ ბერძნულ ტალავარში აღჭურვილ თუხარისის ერისთავს შეახტა.
– რამხელა გაზრდილხარ არსენ, მკლავებიც დაგკუნთვია, უკვე შეიძლება შენი გაგზავნა საასპარეზოდ. თუხარისის ქვაბულში ჭაბუკ მეომრებს რომ ვზრდით, იმ ლაბირინთში შეგიშვებ ხმლით და ვაი თუ არ მოგიკლავს შვიდ-თავა დრაკონი- ქშინავდა ბეშქენი და უკვე დამძიმებულ არსენს ჰაერში აგდებდა.
– მირიან ბაჰლაუნდის ხრმალი ხელთ მომე და დრაკონის შვიდივე კუდს მუშტზე დავიხვევ ბიძაჩემო- ხან მიწიდან და ხანაც ჰაერიდან მოისმოდა არსენის ხმა.
– აი ვაჟი შენ ყოფილხარ და აჰა შენ ჩემი ცხენი-ბრძანა გადარეული ბიჭის გაბრწყინებული თვალების მომზირალმა ბეშქენმა და არსენი თავისი მუხლმაგარი სანადიმო ცხენის, ფართო უნაგირზე შემოაჯინა..
– არ გააჭენო, იყუჩე ცხენო – გაისმა მესაჭურვლის მკაცრი ხმა…

***
თითქოს სთუელისათვის, სინამდვილეში კი ფარული თათბირისათვის სამცხეს გამოერიდნენ და გარდაბანს მიაშურეს ერისთავებმა. ფართო რკინის ფარებით შეჭედილი კარს მიღმა, მონასტრის წინამძღვრის სახლში, მაგიდას გარშემო უჯდნენ, ბოცო I ჯაყელი -მარზაპანი და სამცხის ერისთავი, რომელსაც მუხლზე ეჯდა მოუსვენარი მაგრამ ამ წუთას საოცრად ჩაფიქრებული უმცროსი შვილი -არსენი. ბოცოს წინ იჯდა მისვე ბიძაშვილი – ბეშქენ I ჯაყელი- თუხარისელი, ხოლო ბიძაშვილებს შორის, წერილს წითელი მელნით წერდა, მურვან ჯაყელი – ყველის ციხის პატრონი და ყველის მიდამოთა ერისთავი.
ბოცო ჯაყელი მაგიდაზე გადაშლილ დიდ რუქას დასცქეროდა. შემდეგ მან მოიხმო არსენის აღმზრდელი, მისივე მესაჭურვლე – გაგი და ბიჭი სათათბირო ოთახს გარეთ გაისტუმრა.
– საიდუმლოა? -გასვლის წინ მოწყენილი სახით იკითხა არსენმა და ბიძებს თვალი მოავლო, ბეშქენმა და მურვანმა მას პასუხად თვალი ჩაუპაჭუნეს.
– საიდუმლოა მამი აბა რა! – უპასუხა შვილის თავგამოდებით გაკვირვებულმა სამცხის ერისთავმა, ბიძაშვილებს საყვედურით შეხედა და კარები საგულდაგულოდ ჩარაზა.
როგორც კი კარი დაიხურა, მხრებგანიერმა ბოცომ, სარკმლიდან გადახედა რთველისაგან დაღლილ მეზვრეებსა და მესთულეებს. გარემოს ყურძნის ტკბილი და თბილი სურნელი ავსებდა.
– აქ მე შეგკრიბეთ, იმისათვის რომ გაცნობოთ ბაღუაშთა საიდუმლო შემონათვალი, ყოველივე რაც ითქმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემს სიტყვას არ დაემორჩილებით, ამ ოთახის ზღურბლს არ უნდა გასცდეს. ეს არ არის პირველი თათბირი ჩვენი, მაგრამ ეს გახლავთ მირიანის და ლატავრას ჩამომავალთა პირველი სამხედრო შეკრება-ბრძანა მან და მაგიდას მიუჯდა.
– თუ ჩვენი დიდი პაპის მირიან ბაჰლაუნდისა და დიდი ბებიის ლატავრა ჩორჩანელის ჩამომავალთა შეკრებაა, მაშ სად არის ჩვენი უხუცესი გმირი, „ხაზარად“ წოდებული “იოანე სულას-ძე კალმახის ერისთავი, რომელსაც მართებს პირველობა, პირმშოობის წესით და ჰასაკითაც, ბოცო ბატონო? – მისთვის დამახასიათებელი ჩუმი ხმით იკითხა მურვან ჯაყელმა.
– გარდაბანში, მე თქვენ მხოლოდ ჯაყელნი შეგკრიბეთ, ჩვენ აქ არა მარტო სულმნათი მირიანისა და ჩვენი დიდი ბებიის ლატავრას შთამომავლები ვზივართ, არამედ, ისინი ვინც ჯაყის ციხეს სახლად მივიჩნევთ და ჯაყელის გვარს სახელოვნად ვატარებთ. პაპა იოანე „ხაზარს“, აქ რა ესაქმება?
– არ ხარ მართალი ვფიქრობ, თუ ვინმე თათბირზე უნდა მოგვეწვია, მაშინ პირველ რიგში ჩვენი ძმები- კალმახელები, რომელთა შთამომავალი, ისეთივე პატრონია ჯაყისა და ჩორჩანისა როგორც ჩვენ, შენი მონა-მორჩილნი ერისთავო – გაიღიმა მურვანმა.
ბოცო ერისთავი სახეზე უეცრად წამოწითლდა, ასე ჩვეოდათ ჯაყელებს, მუდამ ცეცხლი მოაწვებოდა მათ ყვირიმალებს, ლოყებს, ნიკაპსა და ნესტოებს. ეს რომ იხილა ბეშქენმა, უმალ ბოცოს ვებერთელა მჯიღს, თავისი ხელი დაადო და თქვა:
– ვთქვათ სათქმელი, მგლები ოჯახს არ უბრაზდებიან, გამიგია თქვენგან – გისმენთ ბოცო ბატონო.
ბოცო ოდნავ დამშვიდდა, ოთახში შეკრებილთ თვალი თვალში რიგრიგობით გაუყარა, ერთი ამოიოხრა და ბრძანა:
– სათქმელი ასეთია – ჩვენ ჯაყელებმა ლიპარიტ ბაღუაშთან ერთად თბილისი უნდა ავიღოთ.

***
რუქა და ფიქრი
იბერიაში რუქა, ხმარებაში, არაბებმა შემოიტანეს და მას ქართველნი ისე დაეწაფნენ, რომ, გინდა მეფე და გინა ერისთავი, გინდა ციხისთავი და ათმეთაური რუქის გარეშე, საჭმელადაც არ სჯდებოდა. ამოქარგულ თუ ვიღაც სარდლის ხელით მიწერილ უამრავ წარწერას უმალ აუღეს ალღო, ადგილობრივი ტაძარში განსწავლულმა თუ უვიცმა სპასალარებმა, რომლებმაც თავიანთი ხმალი გვერდით ჩააჩოჩეს და რომელიმე გაქრისტიანებული არაბის მეშვეობით, რუქების გადმოქართულება დაიწყეს.
როდესაც აბულ ყასიმ ალ საჯიდი შემოესია უბედურ ქვეყანას, მაშინაც სწორედ არაბული რუქით შეიმეცნეს ქართველებმა „ოქროს სარანჩას“ დარტყმის მთავარი მიმართულება და სახელგანთქმული ქალაქი – ციხე უფლისა , უფლისციხედ წოდებული თავისსავე ხელით დაშალეს. საჯიდი გაოცდა. ალაფი ვერ აკრიბა, გამწარებულმა ყველის ციხეს შეუტია და იქაც გობრონ ციხისთავი დაუხვდა. თავად ეწამა და აწამა დამპყრობელი. საჯიდმა უკან დაიხია, ხალიფას წინააღმდეგ ილაშქრა, თავადვე ტყვედ ჩავარდა და წითელთავა მორიელებით გარშემორტყმული, არაბებს დანებდა.
სანადირო მაგიდაზე გადააფარებდნენ ქართველთა სამეფოს მოყმენი, წარწერებით აჭრელებულ, რომელიმე არაბულ რუქას, ,იქ სადაც თბილისის საამირო ეგულებოდათ, დასდებდნენ ნანადირევს, შემწვარ ტახს, ირემს, დათვის თათს და როდესაც ამას მიირთევდნენ, თვალებ მოცინარი შესცქეროდნენ თავიანთ საბოლოო მიზანს – ნანადირევის ცხიმისაგან დალაქავებულ სიმბოლოს – იბერიულ-არაბულ „თობელისს“.
ქართველთა სამეფო ძლიერდებოდა. არაბეთი კავკასიაში სუსტდებოდა. აფთარივით ჩაფრენოდნენ ქართველნი საამიროს და სანატრელ დედაქალაქს, რომელიც ოდესღაც მათ ეკუთვნოდათ და ეხლა კვლავ უნდა დაეპყროთ.
კამეჩის წითელ ტყავზე დახატული რუქა ეფარა კაკლის ხის მაგიდას. ერთი ხელადა ცივი ღვინო – „ხარის სისხლა“, იდგა თბილისის თავზე. სხვადასხვა ზომის ვერცხლის სასმისები გაებნიათ თრიალეთის საერისთავოზე, ქართველთა სამეფოზე, ყველის, ჯაყის, თუხარისის ციხეებზე, არტანუჯზე. ცოტაოდენი ყველი თასით, იდო სომეხთა სამეფოზეც.
– თბილისზე შეტევა სისხლის მეტს არაფერს მოგვიტანს. რა სურს ლიპარიტს და რა სურს მეფეს ქართველთა? ვის მხარეს დაიჭერს მეფე აბხაზთა? – იკითხა დაბალი ტანის, მაგრამ ბრგე, უჩვეულოდ ძლიერმა მურვანმა, რომელსაც ბიზანტიურ სამხედრო წესებით აღზრდილ, ჭკვიან სარდლად იცნობდნენ ქართველთა სამეფოში.
– რატომ მივყვებით ლიპარიტს და არა თავად კეისარს? ხომ გახსოვთ ძმებო, მამანი ჩვენნი არ ენდობოდნენ, ბაღუაშთა მოდგმას. ჩორთვანელები ხომ ბაღვაშებმა შემოუსიეს ჩვენს დიდ პაპებს. წაიკთხეთ „საოჯახო ქორონიკონი“.
– სწორედაც, ტყვედ ვიგდეთ რა ერთადერთი გადარჩენილი – არდონხ ჩორთვანელი, რომლის ოჯახმა ჩორჩანს და კალმახს შემოუტია, მაშინ დავადგინეთ, უფრო სწორედ მაშინ დაადგინეს ჩვენმა დიდმა პაპებმა სულამ, ბეშქენმა და ლაკლაკმა და მათმა ერთგულმა შურტამ, რომ პირველი ბაღუაში, უკვე იმთავითვე გვემტრო და სასიკვდილოდ გაგვიმეტა. რად ვენდობით ბაღვაშებს?
პასუხად, ბოცო იგივე ბოწო (რაც იჩქერების, იბერიულ-კავკასიურ ენაზე ნიშნავდა მგელს) I ჯაყელი წამოდგა და თბილისის თავზე დადგმული ღვინით სავსე ხელადა აიღო, ქარვისფერი სითხე ჩამოასხა და თქვა.
– ხვალ თბილისია გადარჩენა ჩვენი მამულის! წავიდეთ დავზვეროთ საამიროს საზღვრები და დავადგინოთ სიძლიერე თუ სისუსტე ამირასი.
ბეშქენმა და მურვანმა გადახედეს ერთმანეთს და რადგანაც ბოწოს სიტყვა კანონი იყო საგვარეულოსათვის, დასტურის ნიშნად თავები მოიდრიკეს.

***
ბჭობა მცხეთის გარეუბანში
უთენიას, ცისკრის ვარსკვლავი რომ ამოიწვერა, ათიოდე კაცით სარკინეთის მთაზე, ქვეითად იდგნენ ერისთავები. მცხეთის ქალაქს გადაჰყურებდნენ. უეცრად ანტიოქიის გუმბათზე თოვლივით თეთრი სხივი აელვარდა. მირიანის მიერ ხით ნაშენი ძელიცხოვლის ტაძარი, დროს კიდევ უფრო გაეშავებინა და როგორც ჩანს ვიღაც, ქვის სამოსით უპირებდა მას, შემოძარცვული ხის მაგივრად შემოსვას. მთის მწვერვალზე, ერისთავებთან ერთად, მირიან ბერიც და მის გვერდით მერვე წელში გადამდგარი არსენიც ჩამუხლულიყო.
– ქართლოს მოვიდა ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგვი მტკვარსა და განვიდა მთასა მასზე, რომელსა ეწოდების არმაზი, შექმნა ზედა სიმაგრე, დაერქვა მთასა ამას ქართლი და ყოველსა ქვეყანასა ეწოდების საქართველოი – თქვა უეცრად მირიან ბერმა.
– რა ადგილას იყო მოგვთა უბანი მცხეთაში ღირსო მირიან? – ადრეც უკითხავს ბეშქენს ბოცოს კარის მემატიანე ბერისათვის და როგორც ჩანს მაშინ არ იყო პასუხის გასაცემად მომზადებული ეს უკანასკნელი. დღეს კი იგივე კითხვაზე ხელჯოხიანმა მირიანმა, ერისთავისაკენ იბრუნა პირი და თქვა:
– მოგუთა უბანი, მცხეთაში ქალაქის დასავლეთის გარეთუბანი, უნდა ყოფილიყო, რადგანაც სახლი ელიოზისი, დასავლის მიმართულებით იყო, კარსა მოგვეთისასა. მტკვარსა ზედა, და იყო მცირე სამარხოი მათი, სადაც აღმართა წმინდა ნინომ ჯვარი ქრისტესი, და ნათელს სცემდა ქალაქის მცხოვრებთ წმინდანი ამ ადგილიდან. სწორედ ამიტომაც მცხეთის ამ უბანს ეწოდა მთავართა სანათლოი – აქ მოინათლა ყოველი მთავარი.
– ხოლო სად იყო სამ-ოთხე მირიან? – იკითხა ქარისაგან თმაგაწეწილმა ბოცომ.
– მირიან მეფემ, პირველი ეკლესია ძელისაგან ააგო, თავისივე ტევრში, რომელსაც სამოთხეს უწოდებდნენ ქართველნი მაშინ, აქაც სწერია ერისთავო, შატბერდისეულ წიგნში, რომ „მიყუარან მაყვალნი იგი შენნი და მუნ მინებს გონებითა, არამედ არა ვჰრიდო სამოთხესა მას სამეუფოსა და ნაძუთა სიმაღლესა და ბაბილოთა მათ ნაყოფიერებასა და ყვავილთა მათ სულნელებასა, არამედ მას შინა აღვაშენო ტაძარი სალოცავად“ – დაკეცა დიდი შატბერდისეული წიგნი მირიან მემატიანემ.
– გაგრძელება მეც ვიცი – „იწყო მეფემან აღშენებად სამოთხესა მას შინა ეკლესიასა“- ბრძანა ბეშქენმა.
– სწორედ ბრძანებთ ერისთავთ-ერისთავო, რა სასწაული მოხდა შემდეგ ვიცით ყველამ – შუაღამეს, წარმოიქცა ორნი მთანი, არმაზ და ზადენ, მოხდა ის რასაც კლდის ჩამოშლა და მეწყერი ჰქვია. კლდის უზარმაზარმა ლოდებმა ერთდროულად გადაკეტეს ორთავე მდინარე, არაგვი და მტკვარი, წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ქალაქს მცხეთას, რომ არ ყოფილიყო მადლი ღმრთისა.
– წყალი ციხის ქონგურებს გადავლებია – ჩაილაპარაკა მურვან ერისთავმა და ფეხზე, „საკლდეური პაჭიჭები“ ჩამოიცვა.
კლდის პირას ბილიკს მიუყვებოდნენ. თბილისს მიუახლოვდნენ დასავლეთიდან და უეცრად წააწყდნენ არაბულ კოშკს, რომელიც მუხათგვერდის გორაკზე აღემართა ქალაქ თბილისის ამირას.
– აქედან თავდასხმას ნაკლებად ელიან, უჩუმრად რომ მივადგეთ, ამ კოშკს უგრძნობლად ხელთ ჩავიგდებთ, დაიტანეთ ეს კოშკი რუქაზედ. ავუქციოთ ეხლა მას გეზი და დიღმის გამოქვაბულში შევიდეთ, იქიდან გვირაბი ვიცი ერთი – ცბიერად გაიღიმა მურვან ერისთავმა და ძუნძულით ჩაიარა მთის წვერიდან ჩამოსასვლელი მოსწორებული ბილიკი.
– აფერუმ შენს სიმხნევეს და სიმსუბუქეს – თქვა ბოცომ და ეს მთაკაცი, როგორც ქვითკირის კედელი ისე დაქანდა ფერდობიდან.
– „მაშ სამ-ოთხე მცხეთაშია?“- ფიქრობდა პატარა არსენი რომელიც მამას პირველ ლაშქრობაში წამოეყვანა.

***
მოუარეს, დიღმის ველს, ავიდნენ საკეჭნაოდ წოდებულ ზეგანზე და პიტიახშ ასპარუგის დროინდელ ხიდს დაუწყეს ჭვრეტა, შემდეგ მიხვდნენ, ამირას შუბოსნები იცდიდნენ დანგრეული საყარაულო კოშკის გადარჩენილ საკანში. ჩაიქნიეს ხელი და კვლავ გრძელი გზით შეუდგნენ ნაბერალას ფერდობს და კოჯრის მთის ერთ-ერთ ხევში დაიბანაკეს.
– დააკვირდით ამ რუქას -ბაღვაშების ხმალი ებჯინება პირდაპირ თბილისის საამიროს, ამიტომაც თუ აიღებს ვინმე ამ უკვე გადაგვარებულ ქალაქს, ეს უნდა იყოს ბაღვაში. უნდა შევეკრათ ლიპარიტს – მიმიხვდით? – ამოიქშინა გზისაგან დაღლილმა ბუბმერაზმა ბოცომ.
– თუ ლიპარიტი აიღებს თბილისს, მაშინ ის მეფეებზე მეტად გაძლიერდება – ჩაილაპარაკა მურვანმა.
– ბაღუაში აიღებს თბილისს, დამერწმუნე მურვან, ჩვენ კი მას ამაში დავეხმარებით – გაიმეორა ბოცომ, ბეშქენი კი სდუმდა.
– მამა სამ-ოთხე მცხეთაშია? – იკითხა უეცრად არსენმა, ბიჭს თვალები გაკრიალებოდა, ბოცომ შეხედა თავის პირმშოს და თავი დაუქნია.
– სამ-ოთხე, რომელსაც ეძებს ადამის მოდგმა მცხეთაშია არსენ შვილი, ქრისტეს კვართიც მცხეთაში, ძელიცხოვლის ქვეშაა დაფლული, შენი ქვეყანა სამოთხეა არსენ. მაგრამ ამ სამ-ოთხისათვის უამრავი სისხლი დაიღვრება მომავალში – თქვა მირიან ბერმა.
– რატომ იღვრება სისხლი? – დაინტერესდა არსენი.
– მცხეთა, გაიცისა და ზადენის კერპებს ეჭირათ, შემდეგ მოგვნი მოვიდენ და ზარათუშტრას რწმენა შემოიტანეს ამ ქალაქში და მთლიანად ქართლში, მანამდე ქართლოსი მამა ჩვენი, ერთ ღმერთს ცნობდა მხოლოდ, ეხლა კი მაჰმადიანნი გვართმევენ ჩვენსას, არა მარტო ეგენი, ბერძენნიცა და სომეხნიც, ყოველ წუთს მზად არიან თავისად გამოაცხადონ სამოთხე ამ მიწისა. მაგრამ დაიმახსოვრე – მიწას, სადაც ამდენი რწმენა ებრძვის ერთურთს- თავად უფალი, ღმერთი ერთი, იმ საჯილდაო ქვად აქცევს, რითაც ჩვენ კაცნი გამოვიცდებით – თქვა ბოცომ და შვილის საკვირველ თვალებს მიაჩერდა.
***
დაღამებას არაფერი უკლდა, ერთმანეთის გვერდით მიწვნენ ერისთავნი, არსენი ვარსკვლავებით მოფენილ ცას შეჰყურებდა და ხელით ხანჯლის ტარს აწვალებდა. გუშინ მიანდეს მას დამასკური ფოლადისაგან ნახელავი პირბასრა საგვარეულო ხანჯალი. მთვარის სხივის ალიცლიცება მოუნდა არსენს. წამოდგა, ფეხაკრეფით გაიპარა ქვაბულიდან და გორაკზე ავიდა. ცივი ქარი ქროდა. პირბადრი მთვარე, მწიფე გარგარივით დაჰყურებდა არსენს. იშიშვლა არსენმა ხანჯალი და მთვარეს მიუშვირა. გაბრწყინდა ფოლადი, მრავალფერად აელვარდა მისი ტანი. მიმოიხედა არსენმა, მთიებს გახედა, ველები, ბინდისაგან გაშავებული გორაკები მიმოათვალიერა და უეცრად, ერთი, როგორც ჩანს ტყით დაფარული მაღლობიდან, ამომავალი ნათება შენიშნა.
– დევის სახლია?- ამოიჩურჩულა ბავშმა, უმალ შიშმა შეიპყრო, მაგრამ რადგანაც, პაპისა და დიდი პაპის, ასევე მამისა და ბიძების შესახებ უამრავი საგმირო საქმენი გაგებული ჰქონდა, თავისსავე შიშის შერცხვა და ახლად ფეახადგმული მგლის ლეკვივით გასწია უცხო ნათებისაკენ.

***
უთენიას გამოეღვიძა ბოცოს, უმალ არსენი მოისაკლისა და რომ ვერ იხილა თავისი საყვარელი ძე, მთელი ბანაკი ფეხზე დააყენა. თავში წამოირტყეს ხელი მურვანმა და ბეშქენმა. დაღონდა მესაჭურვლე და მირიან ბერის შეგონება რომ არა იყვირებდა – „არსენ შვილო სად ხარ-ო“.
– ჩუმად ვიყოთ, ამ გორაკზე საამიროს მესაზღვრეები დღეში სამჯერ ჩამოივლიან, ფეხოსანნი და ცხენოსანნი, ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ თუ ვიყვირებთ ბავშვის სახელს, მაშინ ჩვენც შეგვიპყრობენ და მასაც გადამრჩენელი არ ეყოლება, ამიტომაც რაგინდ ძნელი არ უნდა იყოს, სამ რაზმად გავიყოთ და ჩუმად ვეძებოთ ჩემი აღსაზრდელი – ჩურჩულებდა მიწაზე დაჩოქილი მირიან ბერი.
***
როს დაღამდა, კოჯრის ფერდობს ჩამოუყვა ლანდი ერთი კაცისა, მირიან ბერმა მასში ბოცო ჯაყელი შეიცნო და უმალ სიახლის გააზრებისაკენ მოემზადა.
– წააწყდით ბავშვის კვალს ბოცო პატრონო? – ჩურჩულით თქვა მირიანმა.
– აქიდან სამიოდე ვერსზე, მზის ჩასვლისას ეს ვიხილე – თქვა ბოცომ და არსენის ხანჯლის ტყავის ქარქაში გაუწოდა ბერს.
ხანჯალზე მოსჩანდა ასოები „არ-ს-ნ“ და მგლის ტვიფარი, რომელსაც ხელთ ჯვრიანი დროშა ეპყრა, ეს იყო ნიშანი ჯაყელთა.
ცოტა ხანში მეორე ლანდი და მისი მიმყოლი გამოჩნდა, ეს იყო ბეშქენ ჯაყელი. მას არავითარი კვალისათვის არ მიუგნია და ძალიან გამწარებული იყო. ბეშქენი დუმდა.
მალე მურვან ჯაყელიც მოვიდა, ხელთ არაბული, წითელი ისარი ეპყრა, სხვა კვალი არაფერი ენახა.
– ისარი სუფთაა და არა ჩამიწული, დაუვარდა ალბათ, მესაზღვრე არაბს – ჩაილაპარაკა მურვანმა და ჭირის მოლოდინში გაისუდრა.
– ნუ გავიტეხავთ იმედს არსენის აღმოჩენისა, ვაცალოთ ეს ღამე, უფალი მოგვივლენს სასწაულს – მკაცრად ჩაილაპარაკა მირიან ბერმა და ლოცვად დადგა.
– წავიდეთ იქით სადაც სატევარის ქარქაში ეგდო, უეჭველი, მანდ იკარგება არსენის კვალი- ამოიჩურჩულა დარდისაგან გულგანგმირულმა ბოცომ და თავში ხელი წაიშინა.
– ვაცალოთ, კიდევ დაღამდეს – ბრძანა მირიან ბერმა.

***
ტაძარი მთვარის

სამალავიდან გამოვიდნენ სამივენი, მიჰყვნენ გულმკვდარ მამას – ბოცო მარზაპანს, რომელიც იქვე აპირებდა ხმალზე დაგებას, მაგრამ მას მირიან ბერის მკაცრი სიტყვა უმაგრებდა ნებას და მართავდა კიდევაც.
– იქით მივალთ, დაიხარეთ და დათვივით ძუნძულით მომყევით, რათა არავინ ჩაგვთვალოს ადამიანად – ბრძანა მურვანმა და რაზმეული „დათვისებრი“ სვლით დაიძრა.
ბნელოდა, მიაღწიეს იმ ალაგს სადაც ბოცომ ქარქაში შენიშნა, ჩაიმუხლნენ და გორაკზე დაჯდნენ.
ბოცო უკვე გოდებას იწყებდა, მას მირიან ბერის მტკიცე მარჯვენა ხელთ ეპყრა და აქეთ იქით იყურებოდა.
– ეს რა ნათებაა, იმ გორაკიდან ამომავალი? – იკითხა უეცრად მურვან ჯაყელმა და ბიძაშვილები ფერდობიდან ამომავალი მიმქრალი შუქის სვეტისაკენ მიახედა.
– არაფერი ვიცით რა, ნეტავ მართლა კაცი იყოს – ჩაილაპარაკა გაგი მესაჭურვლემ რომელსაც აქამდე, მესხთა ჩვეულების თანახმად, სიტყვა არ დაუძრავს, შინაგანად კი დუღდა დარდისაგან.
– თუ გინდ დევი იყოს, ვერ წამივა ხელიდან – ამოთქვა სათქმელი ბეშქენ ჯაყელმაც და მირიან ბერს მიაპყრო მზერა.
ბერი იჯდა და რაღაცას იხსენებდა, უეცრად იგი წამოდგა ბოცოსთან მივიდა და ყურში რაღაც უჩურჩულა მას. ბოცოი აენთო, უმალ ფერხთ დადგა, ბეშქენი და მურვანი, მათი მხლებელთათურთ მოიხმო და მარზაპანის ხმით თქვა:
– მძიმე ომი გველის, ეს ისაა რაც ადრე არც გვინახავს და არც მოგვისმენია, წარმართთა მთვარის ტაძარი ყოფილა ჩვენს წინ, თუ ოდესმე გსმენიათ ამ ალაგს ტაძარი მსგავსი?
– არასოდეს – თქვა მურვანმა
– უძველეს დროში კაცნი, ღმერთებივით სცემენ თაყვანს მზესა, ზევსს და მთვარეს, იბერიელნიც ეტრფოდნენ მთვარეს უმეტესად. რომ იცოდეთ მეფის შემდეგ ყველაზე პატივცემულ კაცად ითვლება ის რომელიც მთვარის ტაძარს ემსახურება. აქედან წარმოსდგება იბერიული-ქართული სიტყვა მთავარი, ანუ მთვარე!-თითქოს თავის თავთან ბჭობსო, ჩაილაპარაკა მირიან ბერმა.
– რა კავშირი აქვს ყოველივე ამას არსენთან? – იკითხა ბეშქენ ჯაყელმა.
– მომისმინეთ, იმას ვინც მეტად ატაცებული მარტოკა ტყეში დახეტიალობს, მთვარის ტაძრის ქურუმი დაიჭერს, კისერზე ჯაჭვს დაადებს, ერთი კვირის გამავლობაში ზვარაკად ამზადებს – უკვე ყველას გასაგონად ამოთქვა საგონებელში ჩავარდნილმა სწავლულმა.
– ზვარაკად ამზადებენ იქნებ ეხლა ჩემს არსენს, ვიჩქაროთ ძმებო- აღმოხდა ბოცო ჯაყელს და სინათლის შუქისაკენ ძუნძულით გაიქცა.
ყველანი მიჰყვნენ ბოცო მარზაპანს, მოკლე „სამთო“ მახვილები მოიმარჯვეს და ქარქაშნი გზად დაჰყარეს.

***
ბაწრით დაბორკილი იწვა არსენი, სხვა მონებს შორის, რომელთა სისქე და პირმრგვალობა აოცებდა პატარა ბიჭს. გატყავებულ დათვებს ჰგავდნენ ზოგნი, სიდიდისა და სისქელის გამო. სხვები კი ასევე დაბორკილნი, ღორებივით ლაფში ეყარნენ, მათთვის პურის ნაჭრები მიეყარად ჯალათებს. პურს და სალაფავს დაბორკილებიც კი უხვად ეტანებოდნენ. ზოგს თავი ჩაეყო სალაფავით სავსე ქოთანში, შიშველი უკანალი ზემოთ აებზიკა და ღრუტუნებდა.
– მსხვერპლად შეწირვა ამნაირად იციან, ბიჭო, მსხვერპლად შენ არ შეგწირავენ, მიტომ რომ გამხდარი ხარ, ჯერ გაგასუქებენ, გაგასივებენ, შემდეგ კი, ვინ იცის, როდის, ალბათ იმ წელს შეგწვავენ გოჭივით, მაშინ უკვე კარგი გვარიანი მუტრუკი იქნები – თავი მიადო არსენს ერთმა, სალაფავით გამძღარმა, თითქმის შიშველმა, ლოყა წითელმა და ფაშვიანმა კაცმა, რომლის სიმყრალემ გააოცა არსენი.
– შენი ბიჭი აქ არავინ მეგულება, კაცო! – უდიერად შეესიტყვა ვაჟი, ქონებში მობანავე გვამს და ზიზღით შეხედა მის, სალაფავში ამოსვრილ ტუჩებს, ცხვირსა და ნესტოებს.
– ვინ ხარ? – შიშისაგან თუ რაღაც სხვა უცნობი გრძნობისაგან გაფითრდა კიდეც ეს უკანასკნელი და ჭაბუკს დააკვირდა.
– მე ვარ ის ვინც შენნაირებზე მუდამ ამხედრდებიან – სიცილით ჩაილაპარაკა არსენმა და კაცს წიხლი მიარტყა გაიწიეო.
– ნუ მირტყამ, ხმას აღარ გაგცემ, მაგრამ მესხეთიდან რომ ხარ გეტყობა, მაინც რა გქვია? – აბლუკუნდა შეშინებული.
– არსენი ვარ გუარს არ გეტყვი, თავად ვინ ხარ, რა გიწოდო მითხარი, სად ვართ ესეც მომიყევი – მამისეული სიმტკიცით თქვა ბიჭმა და დაბუჟებული ფეხის ამოძრავება დაიწყო.
– ქართლოსი ვარ..რა…, დიღმელი უსაქმური.., ვერაფერი ვისწავლე ამ ცხოვრებაში.., შემდეგ გავიგე რომ უფასოდ ჰკვებავენ ამ ტაძარში და მოველ ჩემი ფეხით აქ…რა… – მორჩილი სახე მიიღო ქართლოსმა და ბიჭი გაკვირვებით შეათვალიერა.
– როგორ, ზვარაკად თავად მოხველ, თანაც წარმართთა ტაძარში? – გაოცდა არსენი
– სიღატაკემ იცის…ასე..რა.., უფალი ჩვენი-იესო, თვითონაც ზვარაკად არ შეეწირა კაცობრიობას? იმავ წარმართებს, იმავ რომეებს…მე კი ამათ მოვაშურე…რა…
– ვის ამათ? – გაგულისდა ბავშვი
– მთვარის ტაძარი, ქალაქის ამირამ შექმნა..რა. ზოგს ის არაბული წარმოშობის მაჰმადიანი ჰგონია…რა, სინამდვილეში კი, იბერიელი წარმართია…რა, ჩვენი ქალაქის ქურდის – გაბრიელის ნაბუშარია…რა, თავად სძულს მაჰმადიანნი..რრა, რა ქნას, რა გზას ეგოს, ჰოდა უჩუმრად, აქ ამ მთებში, კოჯრის ციხის მიდამოებში, ამოდის ხშირად, მთვარის საძმოსთან ერთად, ღამ-ღამე დახეტიალობს, მსხვერპლად, ამორჩეულ კაცს სწირავს ამ ალაგს…რა, …ამბობენ..წმინდა სისხლით განბანს მთვარის ქვას…რა, რომელიც სულ თან დააქვს და თეთრი გიორგის ძალმოსილებით აღვსილი მიდის უკან..რა, თავისსავე თბილისს….რა – სლოკინითა და ენის ბორძიკით სთქვა ქართლოსმა.
– შენ რამდენი წელია აქ ხარ? – ჰკითხა მას გაკვირვებულმა არსენმა.
– ხუთი წელია მისრულდება რაც ამ ტაძარს მოვაშურე…რა – იყო პასუხი.
– მერე რატომ არ გწირავენ? – გაკვირდა ბავშვი
– მსხვერპლად საუკეთესოს სწირავენ…რა, მე კი მსხვერპლად შეწვირვის ღამეს ფაღარათი ამიტყდება ხოლმე…რა და როგორც უწმინდურს, სამსვერპლო ქვასთან, არ მიშვებენ…რა – უეცრად გადაიხარხარა ქართლოსმა და ბავშვს უწმინდურად გაუღიმა.
– ქართლოს, ძმა იქნები ჩემი, თუ აქედან გამაქცევ, გადამიკვნიტე შენი ბასრი კბილებით ეს თოკი და მომეხმარე რომ გავძვრე – მტკიცე თქვა ბიჭმა.
– ქართლოსმა ზმუილის ხმა ამოუშვა მხოლოდ და დადუმდა
– შენც გამოიქეცი ჩემთან ერთად, მამაჩემი კაცად გაქცევს – გაამხნევა მოსაუბრე არსენმა.
– რაო? გამოიქეციო? მერე უფასოდ ვინ მაჭმევს და მასმევს? – მოულოდნელად სწორად ამეტყველდა ქართლოსი.
– ჩვენ გასმევთ და გაჭმევთ – ბრძანა ბიჭმა.
– არაფერი ვიცი თქვენი…რა და არაფრეი მსმენია შენგან…რა, რად უნდა გამოვიქცე? აქ არა მარტო მაჭმევენ არამედ იმგვარ სანახაობებს ვნახულობ ხოლმე…რა… რომ მენატრება ხელმეორედ მათი ნახვა..რა…
– მაინც რა სანახაობებს ნახულობ შე უბედურო, ღორი ხომ არ ხარ, მომეხმარე გაქცევაში და შენც დააღწიე ამ უბედურ ადგილს თავი – თითქმის ატირდა ბავშვი.
– აი შენნაირ ქართველს…რა, თანაც მთავრის შვილს რომ დაიჭერენ არაბნი და ზვარაკად შესწირავენ მთვარეს, იმას ხომ ვნახავ? იმასაც ვნახავ, რომ ფეხები აგიკანკალდება შუბზე დასობილს და დედაო დაიკვნესებ…რა! დიდ ლახვარს რომ მოამზადებენ, იმასაც ვნახავ….რა, გაწმენდნენ, შემდეგ მღერიან, დაგაწვენენ, ბოლოს გამოვა მთვარის ქურუმი…რა, ლახვარს მარცხენა გვერდიდან შიგ გულში გკრავს…რა. როცა მსხვერპლი დაეცემა მიწაზე, მაშინ ჩვენც მივესევით მას და მის სისხლს ვსვამთ….რა…გამიგე?-ათქლოფინდა ქართლოსი და ბიჭი დარწმუნდა რომ იგი უკვე ღორად გადაქცეული შეშლილი იყო.
– დავიღუპე – ჩაიჩურჩულა არსენმა.

***
სავსე მთვარიან ღამეში, განათებულ ველზე ბოცო მარზაპანი ყველაზე წინ მიჰქროდა, უკან მისდევდნენ ბეშქენი და მურვანი, მირიან ბერი, მესაჭურვლე და ხუთიოდე რაზმელი. როდესაც ფერდობი ჩაათავეს, უეცრად ფერხი მოუცურდა ბოცოს და შეჩერდა, თითქოს რაღაცისაგან თავს ინთავისუფლებსო, დაიკლაკნა. მახვილით შეუდგა რაღაც უცხოს კვეთას, უეცრად ბუჩქებიდან გამოვარდნილი ლანდები შეამჩნია ბეშქენმა. ლანდები ყოველი მხრიდან უახლოვდებოდნენ მათ. უმალ წრიულად დასდგნენ მესხნი, სატევრები მოიმარჯვეს, მაგრამ უკვე ბოცოს ებრძოდნენ ლანდნი და ბოცოც უმასპინძლდებოდა მათ კარგა გვარიანი მუშტით, წიხლითა და მახვილით. მოჩვენებებს ვბრძვითო, გაიფიქრა მჯიღებ შეკრულმა მირიან ბერმა, მაგრამ უეცრად ერთი ლანდი აკვნესდა. როგორც მიხვდნენ, ის ბოცოს მჯიღმა და წიხლმა შეიწირა. კაცნი ყოფილანო და გათამამდნენ, შეტევაზე გადავიდნენ, მანამ სანამ ერთი ლანდი არ ალაპარაკდა:
– ბოცოვ „სამცხის მარზაპანო“ აქ რამ მოგიყვანა? – გაისმა ტევრიდან კაცის მტკიცე ხმა და ბრძოლა შეწყდა.
– დიდო ლიპარიტ ბატონო? ყური თუ არ მატყუებს თქვენ უნდა იყოთ – ბოცო გაოგნებული შეუჰურებდა ლანდების გროვიდან გამოსულ მაღალ, მოხდენილ მოყმეს.
– ამ ფერდობს მოვეფაროთ, რამ მოგიყვანათ აქა – იკითხა ლიპარიტ ბაღუაშმა და მის უკან აღმართულ „ლანდებს“, ხელით ბრძანება მისცა გაშეშდითო.
– თქვენ რამ მოგიყვანათ ამ სასტიკ ალაგს? – კითხვაზე კითხვით მიუგო გაოგნებულმა ბოცომ.
– საკუთარ მიწაზე ვდგავარ, ესაა კლდეკარის საერისთავო, ბოცო ბატონო და აქ კითხვების დასმა მე მეგების.
– ვაჟია ჩემი იქ, იმ ქვაბულში, უნდა ვიხსნა თორემ მოკლავენ მას – გამწარებული თქვა ბოცომ და ლიპარიტისაკენ წაიწია.
ათრთოლებული ხელით შეაჩერა ლიპარიტმა გაგულისებული მამა. „ხელი უთრთის, თავადაც ხომ არ არის წარმართთა ტაძრის მრევლი“- გაუელვა, გონებაში ბოცოს. ლიპარიტი მასთან განმარტოებით საუბარს ითხოვდა. „დაგვტოვეთ ყველამ და დაიმალეთ, სანამ არ მოგიხმობთ“-ბრძანა ბაღუაშმა და ლანდები მას შემოეცალნენ.
„დაგვტოვეთ მცირე ხნით“- იბრძნა ბოცომ.
– კი მაგრამ ბავშვი? – აღმოხდა მესაჭურვლეს, რომელსაც ორივე ხელთ ორლესული მახვილები ეპყრა და გამოქვაბულში შევარდნას ოცნებობდა.
– „მცირე ხნით გაუჩინარდით თქვენცა“-ბრძანა ბოცომ და ბეშქენმა და მურვანმა უკან დაიხიეს. მესაჭურვლემ კი ათიოდე ნაბიჯით უკანდახევის შემდეგ მიწაზე გაწოლვა და დამალვა არჩია.

***
ათრთოლებული ხელით მოძებნა არსენმა იღლიაში გადამალული ხანჯალი და დაბორკილ მუშტში შემალა. მის ყოველ მოძრაობას იქვე მიწოლილი ქართლოსი ადევნებდა თვალს. „ხანჯალი ვერ შეამჩნია ამ მონამ, თორემ პირველი ეს ატეხდა ყვირილს“-გაიფიქრა ბავშმა და ხანჯლიან მჯიღს მუცლით დააწვა.
გარეთ ჩოჩქოლისა და ხვეწნის ხმა გაისმა. „სამსხვერპლოზე მიიტანეთ ესა…“, გაისმა ტალანთა სიღრმიდან. გამოქვაბულის ქვედა სართულებმა თითქოს დაიქუხესო, იმგვარი ხმა ამოვიდა უეცრად ჯურღმულებიდან. დაფდაფების ხმაც მოისმა და შემდეგ განწურულმა ყვირილმა დაადუმა ყოველი.
– მსხვერპლად შეწირეს არქიფოი…რა, ისიც ხუთი წელი იყო აქ და როგორც ჩანს დღეს მოუთავეს ბოლო – მხიარული ხმით თქვა ქართლოსმა.
– მეც დღეს შემწირავენ? – იკითხა არსენმა.
– უთუოდ, დილამდე გულს გამოგიღებენ…რა, ვინც არ უნდა იყო, ხოსროიანნი, რევიანი, ბაგრატოვანი თუ ბაღუაში…რა – ათქლოფინდა ქართლოსი, სალაფავში თავი ჩარგო და არსენს ზურგი აქცია.
– გვამს რას უშვებიან? – იკითხა არსენმა
– ღორ-ძაღლებს მიუგდებენ…რა… – იყო პასუხი.
„მუცელს გამოვიღადრავ, დავწვები მამის ნაჩუქარ ხანჯალზე“-გაიფიქრა არსენმა და მის გარშემო დაბინდდა, შემდეგ უეცრად განათდა, როგორც ჩანს მაშხალები გამოცვალეს მემაშხალეთა.
***
საუბარი
მთვარის შუქზე ერთმანეთის თვალებს აკვირდებოდნენ. მაღალ და ბრგე ლიპარიტს, მშვიდი და ოდნავ ცბიერი მზერა შეუმჩნია ბოცომ. თავად ბაღუაში ბოცოს პირდაპირსა და გულმართალ თვალთა მიღმა დარჩენილ გონებას სწონიდა, ისე როგორც ეს საკეისროში ჰქონდა ნასწავლი. „წარბებს მაღლა ესაუბრე კაცთა, მაგრამ როცა თვალებში ჩახედავ, იმგვარი გამჭოლავი რამ მიუგე, რომ დაგემორჩილოს მისი გონება“-გაახსენდა კეისრის ნათქვამი ლიპარიტს და გაეღიმა. სიმშვიდე იყო მისი ხმალი, და გონება ფარი. ბოცოსა და სხვა ჯაყელებს კარგად იცნობდა ბაღუაში. მუდამ ცეცხლი ეკიდებოდათ მათ. მხოლოდ კალმახელებს უბრთხოდა ლიპარიტი, რადგანაც ეს უკანასკნელნი – დიდხანს უსმენდნენ და სწავლობდნენ ყოველივეს.
– ბოცო ბატონო, როგორც ვიბჭვეთ, თბილისის თავად მინდიხარ შენ და შენი გვარი, მაგრამ ამ ღამეს, შენი აქ ყოფნა არ ეგების. დასტოვე ეს ალაგი და მე შეგატყობინებ გამოლაშქრების დღეს-დაიწყო ლიპარიტმა საუბარი.
– მაგრამ ბალღი ჩემი….არსენი, აქ დაკარგული, აი ამ ალაგს, თუ არ მოვძებნე….როგორ წავიდე უკან მესხეთს – თქვა ლიპარიტის თვალთაგან მონუსხულმა ბოცო მარზაპანმა.
– შენი არსენი, მე ვიცი, შეიპყრეს იმათ – ლიპარიტი გამოქვაბულისაკენ შემოტრიალდა და თითი ჯურღმულიდან ამომავალ ნათებას გააყოლა.
– ვინ იმათ კლდეკარის ბატონო, ვინ იმათ – ამოიგმინა ბოცომ
– თეთრი გიორგი, ხვთაებაა ამ ადგილისა…ბოცო, ეს ტაძარია მთვარის, მანდ შესვლა შენი ხმლითა და მახვილით არ ეგების, შეუძლებელია, გესმის-უეცრად განრისხდა ლიპარიტი.
– როგორ, დიდო ლიპარიტ, ჩემი ვაჟი, მთვარის ტაძარს მსხვერპლად შევწირო…? – განწირული ხმით იკითხა ბოცო მარზაპანმა.
– განა მთელი ჩვენი ცხოვრება, საუკეთესო სულის მსხვერპლად მიტანა არ არის ბოცო ბატონო? ომში ხომ ჯერ უწვერ-ულვაშო ვაჟებით შედიხართ შენ და შენი ოჯახის წევრები, აი იქ ხომ სწირავ შვილთა? წარმოიდგინე, აქაც ომია. ამირა და საამირო ხელთ უნდა ვიგდო. მრავალწლიანი საქმე მაქვს ჩაფიქრებული. თბილისი უნდა გავანთავისუფლო არაბთაგან. ამისათვის რა არ მოვიმოქმედე. ამირა ქალაქისა, რომ ეტრფის მთვარეს ეს დიდი ხანია შევიტყვე და რამოდენიმე წლის წინ, კამბეჩიანზე, საიდუმლოდ შემალული, მთვარის ტაძარი აღმოვაჩინე. ერთადერთი იყო გადარჩენილი. მისი ქურუმი ზებულონი, კაცი ბრძენი, მცოდნე თეთრი გიორგისა მოვიძიე და აქ ჩამოვიყვანე. გამოქვაბულები ამოვკაფეთ, სამი სართული. სამსხვერპლო დავდგით და უმცროსნი ქურუმნი განვსწავლეთ. ასე შეიქმნა ტაძარი მთვარისა კოჯორში ჩემო ბოწო. გეტყვი პირდაპირ ამირა მოდის აქ, ხშირად. არაფერს უბრთხის, რადგანაც, ერთის მხრივ მე ვიცავ ალაგს ამას, ხოლო მეორეს მხრივ ადგილია უჩინარი, უცნობი, მიწისქვეშეთში ჩათხრილი და დამალული. ვერც არაბნი იცნობენ ამ ალაგს და ვერც ქრისტეანენი. მხოლოდ მე, შენ და ამირამ ვიცით სად ვსტუმრობთ და რა მიზეზით – ღიმილით ამბობდა ლიპარიტი და ბოცოს წარბებს მიღმა შეჰყურებდა.
– და შვილი ჩემი უნდა შეეწიროს? – ყრუდ იკითხა ბოცომ
– ჩემმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გუშინ მაცნობა რომ იმათ შეიპყრეს ბიჭი, ამ გორაკებზე მომავალი, ჩვენ კლდეკარელნი არ ვერევით მათ საქმიანობაში, გესმის ალბათ. არც კი ვიცი, თუ როდის სწირავენ ისინი საერთოდ, მაგრამ, ეხლა შენ რომ ამ ქვაბულში ხმლით შევარდე, ჩვენი საქმე დაიღუპება უთუოდ. ჯერაც ერთი ამირა დაბრთხება და პირს იბრუნებს ჩვენი მტრებისაკენ, მეორეც-მის მაგივრად ხალიფა ახალ ამირას გამოგზავნის, რომელიც შესაძლოა გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდეს და მთელი კავკასია, მათ შორის შენი მამულებიც, ჯაყი, თუხარისი, ყველა და ჩორჩანი გააპარტახოს და დაიპყრას. უნდა კარგად გამიგო ბოცო მარზაპანო – შენი ხმლით შესვლამ ამ ქვაბულში, იქნებ მთელი საქართველოს დაღუპვა გამოიწვიოს, საქართველოს…, ჩვენი გვარებიც მიჰყვება, რაც მთავარია დედაქალაქს- თბილისს ვეღარ დავიხსნით და ერთიან იბერიას ვეღარ აღვადგენთ. თუ დავრჩით დაქსაქსულნი, მაშინ მუდამ მონები ვიქნებით, მე კი ვიცი რომ შენ მონობა არ გინდა…რადგანაც მგელი გიწოდეს დაბადებისას – მტკიცედ თქვა ლიპარიტმა და ბოცოს თვალი-თვალში გაუყარა.
– სწორს ბრძანებ დიდო ლიპარიტ – ენის ბორძიკით თქვა ბოცომ და ბარბაცით შემოტრიალდა.
– საიდუმლოდ შეინახე ის რაც ეხლა გითხარი – მოისმა პასუხად.
დადუმებული ბოცო ფერდობზე ადიოდა…
ლიპარიტმა მწიფე გარგარივით შევარდისფრებულ, ალაგ შეწითლებულ მთვარეს ახედა და გაუღიმა

***
ათრთოლებული მისდევდა მირიან ბერი ბოცო მარზაპანს, ხელის ჩაჭიდვა და მხოლოდ ერთი კითხვის დასმა უნდოდა მისთვის, მაგრამ ბოცო პასუხად შუბლზე შემოიჭდობდა ორთავე ხელს და მდუმარედ მიაბიჯებდა.
ბეშქენი და მურვანი, მომდგარ ცრემლს ვერ იკავებდნენ.
დილა თენდებოდა და ნისლი რომელიც მთებიდან ბარისაკენ მიჰქროდა სუდარასავით გადაეფარა მათ.

კახაბერ ჯაყელი
2015 წელი 19 ივლისი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: