Posted by: burusi | 05/07/2015

კახაბერ ჯაყელი “914 წელი – ლაზარობა – ოქროსფერი მიმინოს გამოჩენა”

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

914 წელი – ლაზარობა – ოქროსფერი მიმინოს გამოჩენა

ჯაყელთა 1000 წელი გაგრძელება

ნაწილი მეხუთე

ობოლი იყო ნესტან ფანასკერტელი, მხოლოდშობილი ასული ქველი ფანასკერტელისა. დედა, სახელგანთქმული ქალი სამძივრისა დარდმა მოჰკლა სამი წლის წინ, მამა კი ათი წლის წინ გაემგზავრა სალაშქროდ ჯიქეთს. იმ ლაშქრობიდან არავინ დაბრუნებულა, ხუთი ათეული შუბოსანი რომ მიჯირითობდა ფანასკერტის ციხის ზეგანზე, ეს დაამახსოვრდა ნესტანს. მამის მუზარადი ლაპლაპებდა აგვისტოს მზეზე. შემდეგ როდესაც ზეგანი თავდებოდა, მამამ წამით შეაყენა ცხენი, მუზარადის თასმა შეიხსნა და ჭაღარა თმები მესხეთის ნიავს შეუშვირა. მაშინ დაიყვირა ნესტანმა:
– მამა, ოქროსფერი მიმინო მომიყვანე ჯიქეთიდან, მამააააა….
– ჰეჰჰეეეეჰჰეეეეეიიიიი – გამოსცეს მთებმა ხმები
მუდამ მომღიმარმა ფანასკერტელმა პასუხად მთებს შესძახა, თუ თავის ნესტანს არავის იცის, ერისთავის ხმა ქარს დაეხშო და გაეფანტა, მაგრამ ნესტანმა მაინც გაიგონა ქველის სიტყვები:
– ელოდეეე … ოქროოოსფერი მიმინოოოოო… მოვა…შვილო…ნესტან…
ეს იყო და ეს, მამა სამუდამოდ გაუჩინარდა. ღრუბლები მას შემდეგ საავდროდ მოიჯარნენ ფანასკერტის ციხის ქონგურებთან. შეჰყურებდა მათ ნესტანი და გრძნობდა რომ შავი ღრუბლები, ჭორიკანა დედაბრებივით დაჰყურებდნენ, ნესტისაგან დაშლის პირას მიმდგარ ციხის ქონგურებს.
– დედა, ჩურჩულებენ ჩვენზე შეხე – მიანიშნა ერთხელ ღრუბლებზე ნესტანმა დედამისს და როდესაც სამძივრის ქალმა მათასიმ ზევით აიხედა, ნესტანმა იგრძნო რომ დედამისს ცხოვრების ილაჯი წართმეული ქონდა.
ციხე-კოშკი აშინებდა ნესტანს, ის და დედა, გაზაფხულის დადგომიდან მზის გულზე იჯდნენ და იმ ზეგანს გაჰყურებდნენ, სადაც მამა და მისი შუბოსანთა რაზმი გაუჩინარდა.
– არ დაბრუნდებიან, არასდროს…- ჩაიჩურჩულა მათასიმ ერთხელ და ცრემლის მარცვალი დააგორა მიმჭკნარ ღაწვებზე.
ეს იყო პირველი ცრემლი, რომელიც შეუმჩნია ნესტანმა დედას. სამძივართა ამაყი ქალი ზეზეულად დადნა, უგრძნეულად დაპატარავდა და თავისსავე თავს მიუსაჯა მდუმარება. ასევე აღესრულა იგი. მდუმარედ. სანამ ჩაწვებოდა იჯდა და უყურებდა იმ წერტილს საიდანაც ქველი ფანასკერტელის ღიმილს მის გულამდე მოეღწია.
ერთხელაც დედა აღარ წამოდგა დილიდანვე. ნესტანს გადაედო მდუმარება. შეხედა მათასის და შემდგომ ციხის სახლიდან, მზის გულზე გავიდა. ყვაოდა არემარე. ბუზები უბზუოდნენ, დაძველებულ კოშკებს. ერთადერთი მცველი, „ცალფეხგამხმარი“ იდგა, ერთ დროს ვებერთელა ციხის ქონგურზე. ხუთი ათეული წარჩინებული შუბოსნის გაუჩინარებამ ციხის ახლოს მდებარე სოფელიც გადააშენა, ასე რომ ციხე მარტოდ-მარტო იდგა. დედა, ორშაბათს ჩაწვა და ხუთშაბათს აღესრულა. ნესტანი სამი დღე ეხუტებოდა დედის ცივ სხეულს. შემდეგ იგი მღვდელმა წამოაყენა და გულში ჩაიკრა. როდესაც დედას მიასვენებდნენ, ნესტანმა ზეგანს გახედა და თითქოს კიდევ ერთხელ მოჰკრა თვალი გაღიმებულ მამას. ესეც ალბათ, თითქოს.
ასე დაობლდა ნესტან ფანასკერტელი. რადგანაც ფანასკერტის ციხის კედლებში გოგონას ცხოვრება სამარეში ცოცხლად ყოფნას ჰგავდა, იგი იქვე სოფელში დაბინავდა. უციხო აზნაურის ქვრივმა ბერძენმა ქალმა ლასკარემ ნესტანი შვილად მიიღო. ბერძნის ქალს ორი შვილი ჰყავდა, სებასიანე და იუსტინიანე. მაღალი, ხუჭუჭთმიანი ჭაბუკები იყვნენ. დღე და ღამ ერთ ბერძნულ წიგნს უკირკიტებდნენ, ქართული ესმოდათ, მაგრამ ნაკლებად საუბრობდნენ. ნესტანს რომ შეხედავდნენ, ორივეს, ღაწვებზე ვარდისფერი გადაეკვრებოდათ და თავს ჩაჰღუნავდნენ.
ამასობაში ნესტან ფანასკერტელი თხუთმეტი წლის შეიქნა. ვარდის კოკორი ამ დროს იხსნება ხოლმე მესხეთის მთებში. გოგონაც, ვარდის კოკობს ემსგავსა. მასში მდუმარება, უეცარმა ჟინმა შესცვალა. ნაკადულივით მოვარდა, რაღაც მსხლტომიარე, ურჩი ჭინკა, გოგონას მკერდში ჩაუსახლდა და მისი ხასიათის შეცვლა მოინდომა.
დილას სებასტიანეს მიუტანა ნესტანმა ადუღებული რძე. თვალი შეავლო მის ხუჭუჭა შავ თმებს და საკინძე შეუკვრელი მიუახლოვდა მას. სებასტიანე თაფლს, ხის კოვზით სჭამდა და წიგნის ერთ ნაწილს ჩაჰყურებდა. რძეს ვერც მოჰკრა თვალი ბერძენმა ჭაბუკმა, მაგრამ როდესაც ნესტანმა მას ჭიქა ახლოს მიუჩოჩა და გაუღიმა, მაშინ შეხედა მას სებასტიანემ. ეს მზერა იყო არა ჭაბუკის არამედ ბრძენ-კაცის. თვალებში შუქის ალი ბრიალებდა თითქოს, მაღალ თეთრ შუბლზე სებასიანეს ღრმა ნაოჭები დატყობოდა, მაგრამ მისი სწორი და ლამაზი ცხვირი, ღაწვები, ნიკაპი, რომელიღაც წმინდანის ფრესკას მოგაგონებდა.
– მიირთვი სებასტოს – თავანკარა წყაროსავით უმანკო ღიმილით უთხრა ნესტანმა ეს სიტყვები ჩაფიქრებულ სებასტიანეს, რომელიც იმავე წამს ადგა, მადლობის ნიშნად თავი მდაბლად დაუკრა ფანასკერტელის ქალს და უეცრად სასწრაფოდ მოშორდა მაგიდას. რძე დაულეველი დარჩა. ნესტანმა თვალი გააყოლა სებასტიანეს და მიხვდა რომ იგი ტაძრისაკენ მიიჩქაროდა.
– ბერად უნდა რომ აღიკვეცოს, ამიტომაც არ გესაუბრება, ეჩვევა მდუმარებას ჩემი სებასტიანე – ჩაილაპარაკა ლასკარემ და ნესტანს გვერდით მიუჯდა.
– მართლა? – იკითხა გაოცებულმა ნესტანმა და საჩქაროდ შეიკრა საკინძე.
– დიახ შვილო, იცოდე, იუსტინიანეც იგივეს ფიქრობს, მასაც ბერობა სურს – ყრუდ ჩაილაპარაკა ბერძენმა ქალმა.
– საოცარია – ჩაილაპარაკა ნესტანმა და საკუთარი თავის შერცხვა.
– ვარდს ჰგავხარ ნესტან, მეცოდები აქ, ამ სოფელში, შენ მეფის კარს უნდა სცხოვრობდე. იცი რა არის მეფის კარი?
– არა ლასკარე, არაფერი ვიცი მსგავსი – თქვა ნესტანმა.
– მე ადრე ვიყავი, ბიზანტიელი დუკას, და მისი მეუღლის ბენექტიონის სეფე ქალი, მაშინ მეც ვყვაოდი და ჩემს სილამაზეზე ლეგენდებს სთხზავდნენ, პოეტნი, დიდ და სახელგანთქმულ ქალაქ ტრაპიზონტში. მაგრამ ერთხელ ჩემი სატრფო გამომიჩნდა, აი ამ ვაჟკაცების მამა. მომიახლოვდა ლასკარისი, მომართვა შავი ტიტა, შემდეგ ჩემის ხათრითა და დაფასებით, დიდი ტურნირი მოიგო ტრაპეზინუს დუკას ამფითიატრზე და საჯაროდ განაცხადა – ეს ქალი მიყვარს და მასზე დამაქორწინეთო.
– რა ლამაზია, თქვენთვის ტურნირი, მოიგო, ესეიგი როგორ გეტრფოდათ? – გახალისდა ნესტანი და კვლავაც ქარაფშუტა ჯინები ჩაუსახლდნენ მას მკერდში.
– დიახ, ლამაზი დღე იყო. თავად ბიზანტიის დუკამ შეაერთა ჩვენი საჩვენებელი თითები და ტრაპიზონის ეკლესიაში ჯვარი დაგვწერა, შემდეგ მეგონა რომ იქ ვიცხოვრებდით, მაგრამ, თურმე იბერიელი ყოფილა ლასკაროსი და მეორე დილას აქეთ წამომიყვანა. მას შემდეგ ვცხოვრობდით ბედნიერად. გავზარდეთ ორი ვაჟი და წამართვა უფალმა ლასკაროსი. აი ასე დავრჩი მარტო, ეხლა სებასტიანე და იუსტინიანე აპირებენ ტაძრად მისვლას. სულ მარტოდ მარტო ვიქნები შემდეგ და დამრჩება მხოლოდ მოგონება, რომელიც ისევე განქარდება და გაქრება როგორც კვამლი ჩამქრალი ბუხრისა, მაშ რა არის მარადიული ამ ქვეყნად ნესტან?
– არ ვიცი ჩემო ქალბატონო!
– მარადიული არის სიყვარული ნესტან, მე არ ვიზიარებ ჩემი ვაჟების ლტოლვას სიწმინდისაკენ, მათ ადგილას რომ ვიყო ათასჯერ კიდევ მეტად გავეხვეოდი სიყვარულში, მაგრამ აბა მე რაღა ვქნა, მხოლოდ ყვითელი ფოთოლი ვარ ქარიშხლის მოლოდინში. შენთვის მითქვამს მხოლოდ ეს მე…
– მე არც არაფერი ვიცი ქალბატონო – გაწითლდა ნესტანი.
– არ გინდა გაგათხოვო? – ჭინკები აუკიაფდნენ თვალებში ქალბატონ ლასკარეს.
– არა, მე მამას ველი და მის ოქროსფერ მიმინოს – მკაცრად და მტკიცედ თქვა უეცრად ფანასკერტელის ქალმა ნესტანმა და მაგიდიდან წამოდგა.
– ხვალ ლაზარობაა – ჩაილაპარაკა უეცრად დამწუხრებულმა ქალბატონმა ლასკარემ და ისიც წამოდგა.
– რძე ჭიქაში კი მაგიდაზე იდგა და ცივდებოდა.

***
ნესტან ფანასკერტელს გოგო ბიჭები შემოეხვივნენ და უძველესი წესის თანახმად მისი მორთვა დაიწყეს. ნესტანსაც უხაროდა და ღიმილით უშვერდა ხელს მაჯაზე სახვევ ყვავილების გვირგვინებს, კისერზე შესამკობელ მინდვრისაგან დაწნულ ავგაროზებს, წელზე შესარტყმელ – ვერცხლის ქამარს, შუბლზე მოსარგებ, ყვავილნარის ბოწკოებისაგან ერთმანეთში ჩაწნულ იისფერ, მწვანე და ოქროსფერ სადედოფლო გვირგვინს.
ახალგაზრდები ცეკვავდნენ ნესტანის გარშემო. ბიჭები როკავდნენ, გოგონები შვლებივით ხტოდნენ, მზის სხივებს წააგავდნენ ზეციდან და მზის საცეკვაოს ასრულებდნენ მესხნი.
„გვალვიანობას ქალწულები შეიკრიბებიან, ობოლსა და მშვენიერს ამოარჩევენ და დედოფლად მორთავენ, მას აქეთ იქით თანაბარი ოდენობით მოუდგებიან გვერდით, ხელებს ხის რტოებივით მაღლა აღაპყრობენ და დედოფლის ირგვლივ ტრიალებენ და თანაც მღერიან- ლაზარ მოადგა კარსა…“ – გაახსენდა დედოფალს, დიდი ხნის წინ ნათქვამი დედის სიტყვები და გული თავის თავის მიმართ სიბრალულით ჩაეწვა.
– ნუთუ მანუგეშებენ ამგვარად, უფალო! – ჩურჩულებდა ნესტანი და თვალებდახუჭული ტრიალებდა.
– „ლაზარ მოადგა კარსა
– აბრიალებს თვალსა
– აღარ გვინდა გოროხი
– ცხრილი აგორებულა
– წვიმა გაჩქარებულა“- მღეროდნენ ქალწულები და ზეცას შეჰყურებდნენ.
– დედოფალო სთხოვეთ მანანა, სთხოვეთ ჟუჟუნა..გაჰყვიროდნენ ბიჭები და ნესტანი მათი თხოვნით მიწაზე დაეცა, ზეცისაკენ ხელები აღაპყრო და წაიმღერა:
– „ლაზარ მოადგა კარსა…აბრიალებს თვალსა…აღარ გვინდა გოროხი, ცხრილი აგორებულა….წვიმა…..წვიმა გაჩქარებულა …“
ამ დროს ოჯახიდან გამოტანილი წყალი შეასხეს დედოფალს, მას კი თვალები ჰქონდა დახუჭული, ისე თითქოს ფარულ კოცნას ელოდა, უეცრად ჭის ყინულივით ცივი წყალი მოხვდა და თვითონაც ფეხზე წამოიჭრა…
– მაშ ვწუწავთ ერთმანეთს არა…? იყვირა ერთმა ბიჭმა და წყლით სავსე ტიკით გაეკიდა გოგონებს, რომლებიც ატკვარცალდნენ და აქეთ იქით გაიქცნენ.
– მოიცათ ჯერ, მეც მაქვს საწუწარა – დაიძახა ნესტან ფანასკერტელმა და წყლით სავსე ვერცხლის სურა გამოაძვრინა მოსხმული მანტიიდან.
ბავშვები ხტოდნენ და დარბოდნენ, წვიმის დედოფალი, მიუხედავად თექვსტმეტი წლისა, ანცად დაფარფატებდა მათ შორის, ზოგს ის სწუწავდა და ზოგი კი მისკენ აშხეფებდა , წყლის გამაგრილებელ წვეთებს…..ეჰეჰჰეიიჰჰჰჰჰ…გაჰკიოდნენ ბიჭები, სად იყო დანდობა?
– ჰეჰჰეჰეი…დაიძახა ვიღაცამ ფანასკერტის ციხის გოდლიდან. ყველამ მისკენ გაიხედა, და ერთადერთ მცველს ციხისას თვალნი ჰკიდა….
– ჰეჰეჰჰეიიიიი – გაჰყვიროდა ციხის მცველი და ხელს ზეგნისაკენ იშვერდა, მაწუწარათი მოხტუნავე ბავშვებს რაღაცას ანიშნებდა და მათ მშობლებსაც ალბათ რაღაცით აბრთხილებდა.
„დიდი ხანია მტერი აქეთ აღარ ენახათ….მაშ ვინ ჯანდაბა იყო“- გაიფიქრა მკერდში ჭინკებ დაბუდებულმა დედოფალმა რომ ზეგნიდან მომავალი ცხენოსანი გამოჩნდა.
ყველა უეცრად შეჩერდა, ბავშვები გაშეშდნენ, მოხუცები წამოდგნენ, ქალებმა თავშლები მოიხსნეს….სიცხე იყო…თაკარა მზე შუბისტარიდან გადახრილიყო….
– ჰეჰეჰჰეიიიი-შესძახა ციხის მცველმა შუბოსანმა თავისი ჩვეული შეძახილი მაგრამ მას მგზავრი არ გამოეხმაურა, ესეიგი ჩვენი არ იყო, იქნებ მომხვდური გახლდათ. მარტო კი მოდიოდა მაგრამ იქნებ, ტყეში გადაემალა რაზმელები. სოფელი შეჩოჩქოლდა. მაგრამ კაცი ნასახად აღარ ყავდათ, უმეტეს წილად ქალები იყვნენ, მოხუცი პაპა სარდიონი უკვე ვეღარ სდგებოდა, ბიჭებს შორის უმრწესი ნესტანს რამოდენიმე წლით ჩამორჩებოდა, იყო მხოლოდ ერთი შუბოსანი კედლის მცველი, რომელიც თავად ძლივს დაიარებოდა და ამიტომაც სოფელი თითქმის შეუიარაღებელი იყო. ხო მართლა სებასიანი და იუსტინიანე მოსწრებული ყმაწვილები იყვნენ, მაგრამ ისინი ამ ჟამს, მონასტრეში იყვნენ წასულნი.
– მამა-პაპის ჭაჭვი უნდა ავისხა, შუბი ავიღო და მომხვდურს წინ გადაუდგე – შესძახა უეცრად ნესტან ფანასკერტელმა და ლასკარეს სახლში, თავისივე ოთახში შევარდა , უკან გოგო-ბიჭები გამუდგნენ, მაგრამ ნესტანმა სუყველა ოთახიდან გარეკა, მუხის მძიმე კიდობანს პირი გაუღო და შიგ ჩადებული, ჯაჭვ-კურტაკი ამოიღო, მამისეული ხმალიც ამოაძვრინა, დედისეული მუზარადიც მონახა და თავს მოირგო, აიღო შუბი, კურტაკის საიღლიებში ხელი გაჰყო, საკისრეში თავი გაუყარა და კურტაკი მოირგო. „მამისაა“ გაუელვა თავში გოგოს და რადგან მას „დედისეული სამძივართა ჯაჭვ-კურტაკი“ ეგულვოდა სადღაც, თვალი კიდევ მიმოავლო კოდობანს. მაგრამ ამაოდ. დრო არ ითმენდა, მხედარი ზეგანს ჩამოათავებდა და ციხის კედლის შემდეგ კიბეებს ჩაჰყვებოდა სოფლისაკენ, ამიტომაც სადმე ზევით უნდა დახვედროდა და ისეთი მრისხანე სახე მიეღო, რომ მომხვდურს სათემო რაზმის მეთაური ჰგონებოდა. რამოდენიმე ჩქამში ნესტანი კატაფრაქტს ჰგავდა და ფანასკერტის ციხის კედელზე არბოდა. მისი დანახვისას, კოჭლმა მეციხოვნემაც მოუჩქარა ფეხს და მაღალი კოშკიდან დაბა ჩამოსვლა დააპირა.
– „ეჰ სანამ ფეხგამხმარი მეციხოვნე დაბლა ჩამოვა სოფელს მტერი გადაბუგავს „-გაიფიქრა ფანასკერტელის ქალმა და ციხის წინ მოსწორებულ მოედანზე მოლოდინით დადგა.
– ვინ ჯანდაბაა ან რა უნდა, ღმერთო დამეხმარე – გაიფიქრა მან და მამის შუბი აღმართა.
***
არდებილის სულთანის გამოლაშქრება
აბილ-საჯ დევდედის ვაჟი, დიდი აზერბაიჯანის ამირა, აბულ ყასიმი გახლდათ გვარად -საჯიდ. 901 წელს მოვარდა ის მმართველობაში და უმალვე დედაქალაქი არდებილში გადაიტანა.
ამგვარად დაუპირისპირდა აბულ-ყასიმი სომეხი ბაგრატიდების ინტერესებს ქალაქ არდებილის გავლენის ველზე.
– „ართავილა“ ჩაიგდეს ხელში აზერებმა – ყურში ჩაუჩურჩულეს სომეხთა მეფე ს,მბატ ბაგრატუნს.
– „ართავილა“ ჩაიდგეს აზერებმა? – მრისხანედ იკითხა ს,მბატ ბაგრატუნმა და წელის ტკივილის მიუხედავად ფეხზე წამოდგა.
არდებილი, იგივე „ართავილა“, საუკეთესო ხალიჩების სამშობლო, აბრეშუმის გზის ცნობილი ველი, ვნებას ჰმატებდა სომეხ ბაგრატუნებს. რამოდენიმეჯერ მიუახლოვდნენ ისინი ამ ქალაქს. მაგრამ რადგანაც ართავილაში , სახელგანთქმული შეიხის, საიფ-ადინის აკლდამა ეგულებოდათ, ვერ გაბედეს შეტევა სომხებმა ამ ქალაქზე მაშინ.
კასპიის ზღვასთან სიახლოვე პოლიტიკურ მომხიბვლაობას მმატებდა არდებილს. მეორეს მხრივ თავრიზიც ახლოს იყო და ქალაქი მძვინვარებდა. ზორაოსტრაიზმის მიმდევრებმა მას წმინდა ალაგი უწოდეს ერთ დროს, ეხლა კი ის ჭრელი ქალაქი იყო.
საბალანის მთის სწორედ იმ კალთაზე, რომელიც ავესტას წმინდა წიგნში არის მოხსენიებული, სპარსულად ზარდოშტმა, ავესტას ენაზე – ზარათუშთრამ, ბერძნულად ზორაოსტრაომ, ანუ მან ვინც მწყემსია კეთილშობილი აქლემებისა თავის დიადი მოძღვრება შექმნა. სწორედ საბალანის მთებიდან მოედო მსოფლიოს ზარათუშთრას სიბრძნე.
მაგრამ სომხები საბალანს , უწოდებდნენ – შაჰვარზანს. მაშინ როცა უდაბნოს ქურთი მწყემსები მორჩილად მისჩერებოდნენ იდუმალ მთას, რადგანაც ერთმა თავის დროზე ამგვარად სთქვა – „როდესაც საბალანის მთაზე თოვლი დადნება, მაშინ დროც დამთავრდება“.
არდებილის სულთანმა, ზარათუშრას მედიტაციების ალაგს შეკრიბა „ოქროსფერი სარანჩა“ – მცირე აზიის ერთ-ერთი უძლეველი ცხენოსანი ჯარი. ოქროსფერი ძაფის გორგლები გადასცა ახალთექურ ულაყებზე ამხედრებულ ბაჰადირებს და შემდეგ აფაფრული დროშების წინ გაიჭენ-გამოიჭენა:
„მარზბანის (პროვინცია იყო ირანის აზერბაიჯანში) ლომებო, აჰა თქვენ გზა გამარჯვებისა. მივალთ რა სომხეთს, მთავარ დამნაშავეს ს,მბატს დავამხობთ, შემდეგ იბერიას ავლაგმავთ, ქართველთა სამეფოს დავაქცევთ, პონტოს ზღაში გავიბანთ ხელებს, შევმუსრავთ ეგრისს, თფილისის ამირას დავაჩოქებთ და მთელს კავკასიას ვიპყრობთ…“
– რაო რას ამბობს დიდი ამირა? გადაულაპარაკა ხაზართა მხედართმთავარმა არგონქ ბაბა-ყარამ მის გვერდით მდგარ ნორჩ, იოანე „ხაზარს“, რომელიც უკვე 17 წლის გამხდარიყო და გაუჩინარებული მამისაგან მემკვიდრეობით დატოვებულ – ყარაფჩაის ლაშქარს ედგა სათავეში.
– თუ სწორად გავიგე დიდი ამირას არაბული, სალაშქროდ გვამზადებს იგი ჩვენ – მიუგო იოანე ხაზარმა თავის სარდალს და აბულ ყასიმის მიერ მათი მიმართულებით გადმოგდებულ ოქროსფერი ძაფის გორგალს ჰკიდა თვალი. უმალ გაჰქანდნენ მხედრები ძაფის გორგლისაკენ, მაგრამ თავად გორგალი იოანესკენ მოჰგორავდა და ცხენი ასკუპა სულა კალმახელის პირმშომ მის შესახვედრად.
– ყველამ ცხენის მოსართავები და ქუდები ამ ოქროს გორგლით უნდა მოვრთოთ, რათა აბულ-ყასიმის ლაშქარს ზღაპრული ფერი და ჟრუანტელის მომგვრელი ელვარება მიეცეს – ბრძანა არგონქ ბაბა-ყარამ და იოანეს მიერ მირთმეული ოქროსფერი გორგალი ხელში შეათამაშა.

***
ს,მბათ ბაგრატუნი რჩევებს მდუმარედ ისმენდა
– გაგიკ არწრუნი გღალატობს, აბულ ყასიმის ლაშქარს შეხვდა და აქეთ მოიწევს, „სრულიად სომეხთა მეფედ“ აცხადებს თავს და სპეციალური მახვილიც გააჭედვინა, როგორც ამბობენ… შეფიქრიანებული ამბობდა სომეხთა სარდალი აშოტი
– რისთვის გააჭედინა მახვილიო რას ამბობდი? – იკითხა სომეხთა ნაჰარარმა არზამასამ.
მცირე ხანს დუმდა აშოტ სარდალი მაგრამ როდესაც მის მზერას ს,მბათ მეფის ჩასისხლიანებული თვალები მისწვდნენ, მაშინ იგიც დაეჭვდა, თუ რატომ უნდა დაემალა სიმართლე რომელსაც უკვე ყველა ამბობდა, ამიტომაც აშოტმაც აღარ შეიკავა თავი და თქვა:
– სომეხთა – ს,მბათ მეფის მძლავრი კისრისათვის, ფართო მახვილი შევქმენიო – ამბობს აბულ ყასიმი- თქვა აშოტამ და უმალ მიხვდა რომ იყბედა. სიტყვები მახრჩობელა გველივით დატრიალდა მოთათბირე სომეხთა შორის და ს,მბათს შემოეხვია. სომხები დუმდნენ, მეფეს თვალები კიდევ უფრო ჩაუსისხლიანდა. იგი საგონებელში ჩავარდნილ კაცს არ გავდა, გამოცდილი მმართველი იყო. რადგანაც ისლამის მძვინვარების საზღვარზე მოუწია ცხოვრება, ზურგს მუდამ რამოდენიმე სხვადასხვა რწმენის მბრძანებლით იმაგრებდა. ადრე „ვრაცებს“ (ქართველებს) ზევიდან უყურებდა, რადგანაც მას თავად ისლამის მბრძანებელი, ბაღდადის ხალიფა ემეგობრებოდა. „ეჰ ვრაცებო ვრაცებო, ჩემს იმედად იყავით, ხომ იცით ბაღდადის ხალიფას ვსტუმრობ“, ამბობდა ხშირად მეფე ს,მბათ, ქართველთა მეფე-მთავრებთან საუბრის დროს. მაგრამ ეხლა ყველაფერი მოიშალა, პოლიტიკის „ორთაღი“, აზრის შექმნის ჯებირი მოინგრა. მოხდა ის საოცრება რასაც ს,მბათ მეფე არასდროს ელოდა. აბულ ყასიმმა არდებილში რეზიდენციის გადმოტანის შემდგომ, უკმეხად განუცხადა სომეხთა ელჩს – „მე ხალიფას არ ვერმორჩილებიო“. ეს რას ნიშავდა, არავინ იცის.
– იქნებ ხალიფას მივწეროთ სასწრაფოდ წერილი, რათა შეაჩეროს უგუნური აბულ-ყასიმი, თორემ „ართავილასაც“ წავართმევთ და ტიგრან დიდის სომეხთა იმპერიას მისის სასახლის ნანგრევებზე ავაგებთ, როდესაც იქნება მაშინ… – კვლავ უგუნურად გამოუვიდა ეს სიტყვები აშოტ სპასპეტს და როდესაც კვლავ შეამჩნია მეფე სისხლიანი თვალებით მიყურებსო, უმალ გაჩუმდა.
დუმდნენ სომეხნი, „ტიგრან დიდი სომხეთის“ აღდგენა კი არა, პატარა სომხეთიც ეცლებოდათ თითქოს ხელიდან. არ გაამართლა ს,მბათ მეფის დიპლომატიურმა თამაშებმა ბაღდადის ხალიფასთან. ხმალამოწვდილ, გიჟ-მაჟ საამიროებად დაიშალა მშვიდობიანი ისლამის სივრცე.
– ქართველთა მეფე დაგვეხმარება – იჭვნეულად ამბობდა ნაჰარარი არზამასა და თავის მეფეს შეჰყურებდა, თითქოს თავის ბედსაც და მეფის ბედსაც ერთად გლოვობდნენ მისი თვალები, რადგანაც მოულოდნელად ცრემლები წამოუვიდა ნაჰარარს.
– ცოცხალს მტირი არზამას? – გაეცინა უეცრად ს,მბათ სომეხთა მეფეს, რომელსაც ქართველები თავიდანვე მოძულებული ჰყავდა, მაგრამ ეხლა რა უნდა ექნა? სომეხთან წმინდა მიწაზე „ართავილას სულთნის“ შემოტევას ვერც „ხალიფათან მეგობრობით“ შეაფერხებდა და ვერც ხმლით.
– „რა სახე ჩამოგტირით სომეხნო, განა ასე ნირ-წამხდარნი ელიან სიკვდილს თუნდაც ქართველნი, ერთი მითხარით რაიმე ხაფი ხმითა და სამხედრო შეძახილით, რომ მართლაც ისე მოვკვდე როგორც მეფეს ეგების“ – გაიფიქრია მხოლოდ ს,მბათ სომეხმა, მაგრამ ასე თქვა ბოლოს:
– ჩემს ვაჟს, აშოტს გადაეცით ჩემი სპა, სახლი ჩემი და სახელმწიფო ხაზინა, მონასტერს მივალ, იქ სადაც ჩემი ვაჟი, პრინცი მუშეილი მარხია- სომეხთა მეფემ მოიხსნა სამეფო მანტია, არც კი დაელოდა მსახურს, ნელი მოძრაობით შუბლიდან ჩამოიღო, მძიმე გვირგვინი, დასდო თაჯი. ყველაფერი ეს გადასცა ნარჩევ მსახურს ლაზარეს და ტახტიდან ნელა წამოდგა.
ცხენზე ჯდომა უჭირდა სომეხთა მეფეს, წელის ტკივილი ყოველ წამს ახსენებდა თავს, ამიტომაც ს,მბათმა ტახტრევანი ამჯობინა და დვინისაკენ გაემართა.
როდესაც მისი უბედური შვილები 4 წლის წინ, 910 წელს ერებუნთან, სომეხთა სპით დახვდნენ, შემოჭრილ აბულ-ყასიმს, მაშინაც მონასტერს იყო ს,მბათ მეფე. აბულ ყასიმმა მაშინაც სასტიკად დაამარცხა სომხები, აშოტი ბრძოლას დაჭრილი გამოარიდეს, მუშეილი კი ტყვედ ჩავარდა და ციხეში გარდაიცვალა. „მოწამლეს მუშეილი“-ფიქრობდა ს,მბათ მეფე და აბულ ყასიმის მოგერიებაზე გეგმებს უკვე აღარ ადგენდა, ჰაზრად ეძებდა იმ ადგილს თუ სად გახიზნულიყო, როდესაც აშოტის დამარცხების ამბავს აცნობებდნენ.
„ეგრისს წავალ, ან ტაოს“- ფიქრობდა იგი, როდესაც დვინის მონასტრის წინ, მონავნავე ყაყაჩოები შენიშნა.

***
მოხდა ისე როგორც სომეხთა მეფე ფიქრობდა, აბულ ყასიმის, „ოქროსფერმა სარანჩამ“ უბრწყინვალესი იერიშით არივ-დარია სომეხთა ჯარი. შავ და შვინდისფერ სამოსში გამოწყობილი სომეხი „ნაჰარარები“ თავგაჩეხილი ციოდნენ, მათივე ბრძანებით ამოჭრილ თავდასაცავ თხრილში, რომელიც იმაზე უფრო მოკლე აღმოჩნდა, რასაც ახალთექური ულაყი ნახტომით ფარავს.
სომეხთა სპასპეტი აშოთანი და თავად ბატონიშვილი, ტახტის მემკვიდრე აშოტ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. მარზბანის კავალერიამ ალყა რამოდენიმე წამში შემოარტყა, აკანკალებულ სომხებს. როდესაც რკალი დაიკეტა, აბულ-ყასიმის ბრძანებით, ბაჰადირებმა ისრები დაუშინეს სომხებს. ზოგიერთმა ბაჰადირმა იუკადრისა ისრებით ბრძოლა და სომეხი მეომრები დაპირისპირებაში გამოიწვია.
ხაზართა ჯარის უფროსმა, ოქროს ძაფებით მორთულმა, არგონქ ბაბა-ყარამ, ერთი სომეხი ნახარარი, მუზარდაზე ამოტვიფრული მიმინოს თავითა და ნისკარტით შემკული, ცისფერ მოსასხამიანი შუბ-ნაჯახოსანი მეომარი ხაზარული ხმლის-კილიჯის, რამოდენიმე მოქნევით მიწაზე დასცა და თავადაც ცხენიდან ჩამოქვეითდა. სამხედრო ნადავლს ელტვოდა ხაზართა სარდალი როგორც ჩანს. როდესაც იგი მიუახლოვდა, ბარძაყში, მხარში და ზურგში დაჭრილს, უეცრად სომეხი წამოიმართა და შუბ-ნაჯახი აძგერა ბაბა-ყარას, რომელმაც უსწრაფესად იფარა მოკლე მახვილი, მაგრამ შუბ-ნაჯახის სიმძიმემ მაინც თავისი გაიტანა და ხმალი უკუაგდო. მეორე მოქნევით სომეხმა მხარში დასჭრა ბაბა-ყარა, რომელმაც ტკივილისაგან ჩაიჩოქა და ყმუილის მსგავსი ხმით მიწაზე დაწვა, მესამე მოქნევას აპირებდა გამძვინვარებული სომეხი, მაგრამ ბაბა ყარას იოანე „ხაზარი “კალმახელი, გადაეფარა და შუბნაჯახით შემართულ სომეხ ნაჰარარს, კისერში ხრმალი უსწრაფესად ჩასცა. სისხლმა იფეთქა, დაეშვა მიწაზე სომეხი. ცალ მუხლზე ჩაიჩოქა მან და ხელით ჭრილობის არეს დაუწყო დაფარვა. მოძებნა ძარღვი სისხლისა და შეაჩერა მისი ნთხევა.
იოანე ხაზარ-კალმახელი გაკვირვებული შეჰყურებდა სომეხს, „მოჰკალ, მოჰკალ“, ესმოდა მას ხაზარების შეძახილი ზურგს უკნიდან, როგორჩ ჩანს სომეხთა თავდაცვითი თხრილის, ეხლა კი სომეხთა საძმო სასაფლაოს, პირას იდგნენ ხაზარნი და იცინოდნენ, სომხის სიკვდილს ელოდნენ.
რაღაც გაუელვა გულში იოანეს, ვერ გაიმეტა ჩაჩოქილი სომეხი, მივიდა მასთან და ხმლის წვერით შუბნაჯახი დაბლა დააწევინა დაჭრილს, შემდეგ შუბის პირს ჩაეჭიდა და იარაღი აართვა სომეხს.
– დამნებდი, იოანე ვარ, ყარაფჩაის ათასეულის ლუგალი-იმ – უთხრა მან სომეხს

***
– დამარცხდნენ ჩემი სომხები? მანამდე თხრილი გათხარეს თუ არა? ესეიგი თავიანთი საძმო სასაფლაო თვითონ გაუჭრიათ ჯერ კიდევ ცოცხლებს, ჩემს მეომრებს, ჩემს გმირებს, აღმოსავლეთში ქრისტიანობის ერთადერთ დამცველებს. ბაგრატუნთა ერთგულ მეომრებს. ჰაოსის შვილებს, ჰოი, ჰოი, ჰოი…მე მეფეს სომეხთა უბედურ მეფეს – ხმამაღლა სტიროდა ს,მბათ მეფე.
– კიდევ კარგი, ტახტის მემკვიდრე გადარჩა, აშოტი ეხლა დვინისაკენ მოჰყავთ, დაჭრილია, გამხნევება უნდა, მეფევ ეხლა უნდა მეფობა. უბედურებას უნდა მეფე, თორემ ბედნიერებას მეფე არ სჭირდება – ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის სომეხთა კათალიკოსმა და ს,მბათის წინ დაემხო.

***
– საჯიდ-თა დინასტიას მრავალი გამარჯვება გამოუჭედია, მაგრამ ასეთი, ჯერ არა, სომხები განადგურდნენ, სოღდეადან წამოსული საჯიდის გვარის პრინცები, უშრუშანას პროვინციიდან ეხლა უკვე იბერიასთან დგანან. ის რაც არაბთა ვერ შესძლეს, ჩვენ, საჯიდთა გვარმა და მარზბანის კოალიციამ უნდა შევძლოთ. დავიპყრობთ იბერიას. გავაძლიერებთ მუსლიმთა ბანაკს თბილისში, იქედან გავეშურებით და დავანგრევთ ქართველთა მთავარ ქალაქს უფლისციხეს, შემდეგ გადავალთ კახეთში, შემოვიერთებთ კახეთსა და კუხეთს. ამის შემდეგ დავეშვებით ახლად აღმოცენებულ „ქართველთა სამეფოს“ დასამარცხებლად. იარაღს ავყრით ეგრისს. ტაოს შემოვიერთებთ. ყველას დავინდობ ვინც კი სუნიტი გახდება, მაგრამ ვინც წინააღმდეგობას გამიწევს სასტიკად დავსჯი. ბაგრატიონებს ისევე ავლაგმავ როგორც მათი ნათესავი სომეხი ბაგრატუნები ავღაგავე პირისაგან მიწისა. დამთავრდა ქრისტეს რჯული კავკასიაში. დროა ისლამისა“ – გაჰყვიროდა აბულ-ყასიმი სამხედრო თათბირზე და ხელთ სომეხთა მეფის გვირგვინი ეჭირა.

***
დესპანებისა და მეფეების ისტორია
ჯაფარიდების გვარის ქალაქ თბილისის ამირა ჯაფარ-ალი 914 წელს მოულოდნელად მიიცვალა და ტახტი მისმა შვილიშვილმა, მანსურ-ჯაფარმა მიიღო. მასაც ისევე სურდა თბილისის საამიროს დამოუკიდებლობა, როგორც, მის არასისხლისმიერ წინაპარს – ისაყ იბნ ისმაილს, რომელმაც სამოცდახუთი წლის წინ, ბაღდადის სახალიფოსაგან – თბილისის საამირო, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
მანსურ ჯაფარმა, ბავშვობიდანვე დაიწყო, ასტრონომიული კვლევები, თბილისის უძველესი ობსერვატორიიდან ზეცის დაკვირვებით. მაგრამ წიგნების კითხვით რაც ვერ მოახერხა, სულის დაკვირვებით შეავსო. განსაკუთრებით გაიტაცა იგი ქალაქის ამირების ისტორიამ. მისი წინამორბედის ისაქ-იბნ-ისმაილის, საჰაკად ცნობილი – თბილისის ამირას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეცნობით.
– „თბილისის ამირა საჰაკმა სახელმწიფო შექმნა, არც ხალიფას ემორჩილებოდა და არც სხვას ვინმეს, გარდა ალაჰისა. ქართველი მთავრები მას ხარკს აძლევდნენ, მაგრამ როდესაც საჰაკმა ქართველებს ხარკი გაუუქმა და ერთიანი სახელმწიფოს შექმნაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, მაშინ კი განრისხდა ბაღდადის ხალიფა ალ – მუთავაქილი, იბრძნა მან საჰაკის საშიშროება მთელი არაბეთისათვის და თავისი უდიდესი სარდალი ბუღა – თურქი, საჰაკის დასასჯელად გამოაგზავნა.როდესაც ბუღა-თურქი საქართველოს მოუახლოვდა, ტაოელ ბაგრატიონთა დინასტია მისი მორჩილი გახდა, რადგანაც ტაოელებს სურდათ თბილისის აღება, ამ საქმეში ისინი ნებისმიერ დამპყრობელს გამოიყენებდნენ. გამოიყენე თვით მხეცი – სწორედ ამგვარად განსაჯეს ბაგრატ I კუროპალატის სამხედრო ბანაკში, როდესაც ისინი ისანში დაბანაკდნენ ბუღა-თურქთან ერთად. მეორე დილას ზირაქი შეუსია ბუღამ თბილისს, სულ მალე ბაგრატ ბაგრატიონი და არაბნი მოედვნენ დიდი ქალაქის უმდიდრეს სანახებს. კუპრიან ისრებს ესროდა ზირაქი ქალაქს, ისმოდა მისი მოსახლეების საწყალობელი კვნესა და ტირილი. აიღო ბუღამ თბილისი და გმირი ამირა საჰაკი იმწამსვე სიკვდილს მისცა. მარტო თბილისში არაბი ისტორიკოსის ალ ტაბარის თქმით ორმოცდაათი ათასი კაცი დაიღუპა. შემდგომ ბუღა თურქმა და ბაგრატ კუროპალატმა მთელი საქართველო დაიპყრეს, აბხაზეთამდე“ – წაიკითხა ხმამაღლა მანსურმა თბილისელმა აბულ ყასიმის წერილი და დაფიქრდა. საჯიდთა გვარის მეომარი ამირა, მას თბილისის ამირას, ქართლსა და კახეთში სუნიტური ისლამის გავრცელების გარდა ტაოელ ბაგრატიონთა გვარის ამოწყვეტას სთავაზობდა.
– საჰაკის სისხლი ბარგატიონებზეა, ეს მართალია. ხალიფას რომ არ ემორჩილება საჯიდთა გვარის ამირა, ამით თქვენ მბრწყინვალებას წააგავს იგი ცოტაოდენ, მაგრამ ტაოელ ბაგრატიონებთან ბრძოლა ბიზანტიასთან დაპირისპირებასაც უდრის – თქვა თბილელ ბერებს შორის მჯდომმა გაბრიელ ალ ქურდმა, რომელსაც ქალაქში ბრძენი კაცისა და აზრთა გამკითავის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
– რასაც გვწერს საჯიდ-ი, იმასვე აკეთებს უკვე, მისი ლაშქარი დაძრულია და ღირსეულად დახვედრა გვმართებს. თავად მობრძანდება. ტაოელ ბაგრატიონებს შიშის ზარს დავცემთ – ბრძანა მანსურ ჯაფარიდმა და დარბაზიდან ყველა დაითხოვა გაბრიელის გარდა.
***

საჯიდთა გვარის ამირამ, აბულ ყასიმმა ქართულ მიწებს 914 წელს შემოუტია. თბილისის არაბმა ამირამ სიხარულით მიიღო მარზბანის „ოქროსფერი სარანჩა“, ქალაქის მდიდარი თავლები გაუღო მათ ცხენოსან ჯარს. შვრიითა და ცვარნარევი თივის ბულულებით ნაგემი ახალთექური ცხენები გვარიანად გამოკვება და თბილისის მეჩეთში ხუტბა აღავლინა აბულ-ყასიმის სახელზე მან.
სამხედრო თათბირზე აბულ ყასიმმა კახეთში ლაშქრობის გეგმა დაამტკიცა, რადგანაც არვინ ელოდა ეხლა კვირიკე მეფეზე შეტევას.
მარზბანის „ოქროსფერი სარანჩა“ საგარეჯოსაკენ, უჯარმის ციხისკენ დაიძრა. გახურებული სამხედრო მარშის შემდეგ, აბულ ყასიმმა ივრის მარჯვენა სანაპიროზე აღმართული შესანიშნავი ციხე იხილა და ჯარი შეტევაზე შესვენების გარეშე გადაიყვანა.
– ამ ციხეში განუტევა სული იღლიაში დაჭრილმა, იბერთა გოლიათმა მეფემ გორგასლანმა, რომელსაც კავკასიონის მწვერვალის დაპყრობასაც მიაწრენ- გადაულაპარაკა მომცრო ტანის თეთრ არაბულ ფაშატზე ამხედრებულმა თბილისის ამირამ, სულ მუდამ მომღიმარ აბულ ყასიმს, რომელმაც შავი ულვაში აიპრიხა და აქლემოსანი ცეცხლის მფრქვევლებიც ჩააბა ბრძოლაში.
„ურრაჰჰჰჰჰჰჰ“- შესძახეს აქლემოსანმა მხედრებმა და ცეცხლი შემდეგ კი კუპრიანი ისრების მერეხი დაუშინეს გოდლებიდან მომზირალ კახელ მეციხოვნეებს. ამგვარი ტაქტიკა, უპრიანი იყო და მრავლისმთქმელი. ციხეში შიგნიდან ცეცხლი აგიზგიზდებოდა. საწყალ მეციხოვნეებს ცეცხლთან და მტერთან ბრძოლა ერთდროულად უხდებოდათ. ამგვარად ისინი გვარიანად იღლებოდნენ და სულიერედ ტყდებოდნენ. მტერი ციხეში ერთდროულად რამოდენიმე მხრიდან აღწევდა. საქმეს აგვირგვინებდა ციხისთავის მოჭრილი თავი და აბულ-ყასიმის გაბმული ლოცვა რომელიც უფრო ღრიანცელს წააგავდა.
უჯარმა დაეცა!
შიშმა თავისი გაიტანა, უჯარმის აღების შემდეგ, კახმა მეომრებმა ბოჭორმის ციხე უბრძოლველად დასთმეთ და მტერს გაეცალნენ. კვირიკემ ზავი ითხოვა და ხარკის გადახდა იკისრა.

***
– შენ ხაზარს არ გავხარ ჩემო მკვლელო, რა გქვია? – ბოდავდა ძილ-ღვიძილში სომეხი მეომარი, რომელიც იოანეს კარავში, თხის ტყავებში გახვეული იწვა და ციებას ებრძოდა.
ხაზართა ბელადი არგონქ ბაბა-ყარა თავის დიდ კარავში იწვა ამ დროს და მასაც ჭრილობასთან ერთად ციება შეჰყროდა. სომხის შუბ-ნაჯახს ხაზართა „მამისათვის“, ღრმა ჭრილობის გარდა მეშვიდე და მეცხრე მალა გადაემტვრია. იწვა ბაბა-ყარა და როგორც ჩანს მეუღლე, სიმშვენიერით განთქმული „ყარა-ხანუმი“ ენატრებოდა, რადგანაც, გათეთრებული ტუჩებით დღეში რამოდენიმეჯერ წარმოთქვამდა ცოლის სახელს და ამ დროს თვალებს დიდი ხნით ხუჭავდა.
– ხანუმს ნატრულობს, მაგრამ ეხლა მას ვინ გადმოიყვანს კავკასიონზე, თორემ, ისე კი მადლია – ტირილნარევი ხმით ჩურჩულებდა ხაზართა ბელადის შინა-ყმა აღა-ბაქარუკი და პატრონის ტუჩებთან სპილენძის სარკე ხშირ-ხშირად მიჰქონდა.
ჯერ-ჯერობით იორთქლდებოდა სპილენძის სარკე, ბაბა-ყარას ფართო, ულაყივით ღრმა ნესტოებიდან მომავალი სასიცოცხლო სითბოთი. ბაქარუკი დაიჭერდა სპილენძის სარკეს და საათობით ლოცულობდა ბელადის სასიცოცხლო ძალების აღსადგენად.
მაგრამ შუა ღამეს შეშფოთდა ბაქარუკი. ბაბა-ყარას ცხვირის წვერი თითქოსდა უჩვეულო ნათელს დაეფარა და ბელადის სახისათვის მოცისფრო ელფერი მისცემოდა. გაშეშდა ბაქარუკი და მიაშტერდა ხაზართა მამის გაყინულ სახეს. „იქნებ შეირხეს და ამოისუნთქოს“ – ოცნებობდა შინა-ყმა, ერთგული ბაქარუკი, უეცრად ბაბა-ყარამ მართლაც ღრმად ჩაუსუნთქა და ამოისუნთქა. შეშინდა შინა-ყმა. გაიქცა სარკის მოსატანად, მაგრამ როდესაც ოთახში თაგვივით შემოიპარა იგი, ხაზართა ბელადი თვალებ გახელილი მიშტერებოდა მას.
– რა მოგაქვს ბაქარუკ? მოკვლას ხომ არ მიპირებ – ამოიჩურჩულა ბაბა-ყარამ უეცრად და მსახურს მომწვანო თვალები მახვილივით მიაბჯინა.
– სარკეა დიდო მამაო – თქვა ბაქარუკმა და მოწიწებით დაუკრა თავი, ხაზართა მეთაურს.
– გეგონა ვკვდებოდი ბაქარუკ? ეჰეეჰეი, შენ მინდვრის თაგვო – გაიცინა ბაბა-ყარამ და უეცრად დაიკვნესა ტკივილისაგან.
– სად გეტკინა დიდო მამავ? იკითხა ბაქარუკმა და ბელადის აკანკალებულ ნიკაბს დააკვირდა, ცივი ოფლი სდიოდა ბაბა-ყარას.
– ცოდვილთათვის სიკვდილი უფრო ძნელია ვიდრე სიცოცხლე ბაქარუკ, მაგრამ, უცოდველთათვის, სიკვდილი არ არსებობს, სიცოცხლე კი ძნელია – კარვის ჭერს უკვე ხშირ-ხშირად აჰხედავდა ბაბა-ყარა.
– სიკვდილი რა არის ნეტა? – არც ვიცი და არც მიფიქრია, მაგრამ გვარიდოს იგი დიდმა თენგრმა (ხაზართა ღვთაებამ) დიდო მამაო- თავი ჩაქინდრა ბაქარუკმა.
– ჩემი მკვლელის ენა მომიტანე – ჩაილაპარაკა უეცრად ბაბა-ყარამ და ამოიგმინა, სისხლი ამოაყოლა და თვალები გადმოკარკლა.
– რაო დიდო მამაო? – ბაქარუკი განცვიფრებული შედგა და დიდი მამის წინ დაიხარა, მის ტუჩებს დაუწყო თვალიერება და ჩამქრალ თვალებს, მზერა მოარიდა. მსხვერპს ითხოვდა ხაზართა მეთაური. რად უნდოდა „ენა“, ვერ მიმხვდარიყო ბაქარუკი მაგრამ, საკუთარ თავს აღარც ეკოთხებოდა რა ვქნაო. ყურს უგდებდა მხოლოდ ამ შეყინული ტუჩებიდან ამომავალ დაორთქლილ სიტყვიერებას.
– აიღე სამსხვერპლო დანა ჩემი გვარისა და სომხის სისხლი და მისი ენა მომიტანე – უჩვეულო სიმტკიცით და მჭექარე ხმით წამოიძახა არგონქმა, თავიცი კი ასწია და ტუჩები ააცმაცურა, ულვაში მოიკვნიტა, ცალი ხელი აუქნია ვიღაცას, თავს ზემოთ მყოფს და დაჭრილ ძერას დაემსგავსა მისი აფოფრილი თმებით.
***
ბაქარუკი გველივით შესრიალდა იოანე კალმახელის კარავში და შედგა. სიბნელეში ორი საწოლი იხილა. „კარვის მარჯვენა მხარეს იოანე ხაზარი წევს, ხოლო მარცხენა კუთხეში გმინავს ის საზიზღარი ერმენი, რომელსაც ეხლა , გული უნდა გაუპო და ენა უნდა ამოვართვა, რომ ჩემმა ბატონმა იცოცხლოს, ასეა…ასე, მიდი ბაქარუკ, ეს ფართო თავიანი დანა ენის ამოსაგლეჯად მოგცეს ხელთ და გაამართლე პატრონის ნდობა …მიდი ბაქარუკ, ვინ იცის რა გზები გაიხსნება შენს წინ, სომეხის დასჯის შემდეგ….იოანეს სძინავს და ეძინოს, მას არც შევაწუხებ, მხოლოდ შენ იყავ სომეხო და სუს….არ გავიგონო შენი ხმა…განუტევე…“-უახლოვდებოდა ბაქარუკი დაჭრილს.
მოლურჯო ალი შეტოკდა თითქოს დანის პირზე, ეს მთვარე ათამაშდა ფოლადის ზედაპირზე, ბაქარუკმა მოიმარჯვა სამსხვერპლო დანა და სომხის ფართო მხრებს შორის, ყრონტის ადგილის მოძიებას შეუდგა. „ყრონტიდან უნდა ამოვჭრა ენა….აი აქ უნდა იყოს ..უეცრად ჩავცემ, ელვა ვარ შავი ცის…“- გაიფიქრა ბაქარუკმა და სწრაფი მოძრაობით, უეცრად ავაზაკურად ჩაარტყა დანა მის მსხვერპლს…
– ჭახანის ხმა იყო, პასუხად ხელში შემტყდარი დანა შერჩა ბაქარუკს, რომელსაც ქვევიდან ზევით, მუცელსა და ყბაში ისეთი უთავაზეს რომ თვალთ დაუბნელდა მოძალადეს, რომელიც მიწაზე ზღართანით დავარდა.
იმ წამსვე წამოვარდა სომხის საწოლიდან შავი ლანდი და წაქცეულ ბაქარუკს გადააბიჯა.
– უფალმა შენი თავი გამომიგზავნა ქართველო, თორემ ეხლა ჩემი მოჭრილი თავი, თქვენი არგონქის კარავში, ხელიდან ხელში გადავიდოდა – კარვის მარჯვენა კუთხიდან ქართულად დაილაპარაკა სომეხმა.
– თავი არა მაგრამ ენა კი – ჩაიცინა იოანე კალმახელმა.
– მაგრამ ხვალ ხომ მაინც იგივე მოხდება, ჩემს მოჭრილ თავს ხაზარი ბავშვები ფერდობზე დააგორებენ და სიცილით გაეკიდებიან. რად გადამარჩინე ქართველო მაშინ?-გაეღიმა სომეხს.
– ეხლავე ფერხთ დაგაყენებ ნაჰარარო, ორივე ცხენებზე ავმხედრდებით და სამშობლოსაკენ გავსწევთ, შენ სომხეთს მე კი ჩორჩანს მივალ, იქნებ აბულ – ყასიმის ჯარს ჩავასწროთ და დავხვდეთ!
– გიჟ ელი ? – თქვა სომეხმა და ტკივილისაგან ნაძალადევი სიცილით წამოიმართა.
***
მთვარიანი ღამე უნათებდათ საცალფეხო ბილიკს. ორი ცხენოსანი მდუმარედ მიჰქროდა გამთენიამდე. იოანე „ხაზარ“ კალმახელს ნაბდის „საჩოჩები“ გულმოდგიმედ ამოეკრა ბედაურთა ფლოქვებისათვის და მანამ სანამ ნაბადი არ დაიხა, არვის უგრძვნია მათი გაქცევის ამბავი.
დილას როცა მზე ამოიწვერა, პირველი ფლოქვის ხმა გამოსცა ცხენმა. მოხსნა იოანემ ცხენებს დაძენძილი „საჩოჩები“, ნახევები შარაზე დაყარა და სომეხს შეხედა, ჭრილობისაგან დასუსტებულ ნაჰარარს მუზარადი შუბლზე ჩამოფხატვოდა და წარბებიდან ოფლი ეწურებოდა.
– თმოგვს მივალ, იქ დავხვდები აბულ ყასიმის ლაშქარს, წამო ჩემთან, ნათესავებიც უნდა მოვძებნო ჩორჩანს- ცხენი შეაყენა სომხის წინ იოანემ და მის დახუჭილ ქუთუთოებს შეხედა.
– შენ რა იცი ხაზარო თმოგვის გზა?- უჩვეულო ეჭვით ამოხედა სომეხმა იოანეს.
– ხაზარო აღარ მითხრა ჰაოსის შვილო, მე იოანე ვარ კალმახელი, ბაჰლაუნდთა და დიდ ჩორჩანელთა პირდაპირი შთამომავალი – ცხენი ყალყზე შეაყენა ყარაფჩაის ბატონმა და მიდამოებს თვალი მიმოავლო.
– განცვიფრდა სომეხი, დიდხანს უყურა მის მხსნელს, შემდეგ ცხენიდან ჩამოხტა და ქვეითად მდგომმა დაუკრა თავი იოანეს.
– შენ რა გქვია ჰაოსის მოდგმავ? – იკითხა იოანე ხაზარმა.
– ტიგრან არწრუნი ვარ, სომეხთა მთავრის -გაგიკ არწრუნის უმცროსი შვილი – თქვა სომეხმა.
***
მოაჭენებდნენ ცხენებს თმოგვისაკენ, საფიქრალს კი ფიქრობდნენ ორთავე.
-„მამამისი გაგიკ არწრუნი აბულ ყასიმის ჯარს შემოუძღვა სომხეთში, ეს თუ გაგიკის შვილია აქ რა უნდა ნეტავ? ს,მბათ ბაგრატუნს როგორ ემსახურებოდა გაგიკის უმცროსი შვილი, როგორ ამოვხსნა ეს გამოცანა, ეჰეი, თენგრის ვარსკვლავო…“- თავში ჭიანჭველებივით დაუდიოდა ჰაზრები ჯერ კიდევ წარმართ იოანე „ხაზარს“, სისხლით კალმახელსა, ბაჰლაუნდსა და ჩორჩანელს.
– „ ჩემი გადამრჩენელი, გიჟ-ელი კია, ჩორჩანელი ვარ-ელი-ო ამბობს, საქმე საკვირველია ამ გიჟ-„ვრაცების“ სამთავროებში. რას შლეგობს ელ-ი? მაგრამ ძმაა ჩემი და უნდა მივყვე სანამ სომხეთის გზა გამოჩნდება-ელი!“ – ჭრილობისაგან დასუსტებული, ულაყის ნახტომებზე, გმინავდა ტიგრან არწრუნი.
ბოლოს იოანემ ვერ მოითმინა და ხაზარული პირდაპირობით მიაძახა სომეხს:
– ტიგრან, მამაშენი გაგიკი, სომეხთა მეფედ დაჯდომას აპირებს თუ იცი ეს? აბულ ყასიმის მახვილს მინდობილი აქეთ მოიწევს. მარზბანის მხედრობას, სომეხთა ჯარით უმაგრებს მარჯვენა ფრთას და ივერიის ამოგდებას ლამობს. რა იტყვი ამის გამგონე?
– ბავშვობიდან ვიზრდები ს,მბათ მეფის ოჯახში იოანევ, ჩემ მამად ყოველთა სომეხთა მეფეს – ს,მბათ ბაგრატუნს მივიჩნევდი მუდამ და არა არწრუნს, რომელმაც ჯერ კიდევ ბალღი, მძევლად მიმცა ბაგრატუნებს. ძმობილო მენდე, სადაც შენ იომებ, იქვე შენი გულისთვის მეც მოვკვდე მინდა – ამოიგმინა სომეხმა და თვალთაგან ცრემლი წარსკდა მას.
– გავცვალოთ იარაღი და ძმად გავეფიცოთ ერთურთს ჰაოსის მთავართა მემკვიდრევ – თქვა უეცრად იოანემ და ცხენი ქარაფზე გააშეშა, სომეხმა გადახედა იოანეს თვალწინ ხახა დაბჩენილ უბსკრულს, იგრძნო, კალმახელის ცხენ-კეთილობის საოცარი სიღრმე და უეცრად შეძრწნდა-„თუ ამგვარად აშეშებენ ცხენებს კლდის ქარაფზე ხაზარები, მაშინ როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ კავალერიას“ გაუელვა თავში, იოანე თავიდან-ბოლომდე შეათვალიერა და მის სიახლოვეს ცხენი მანაც შეაყენა.
– მინდა შენ გისახსოვრო ჯაჭვი ჩემი პაპისა – ბოზორქ ხაზარისა, რომელიც მამას ჩემსას სულა კალმახელს ახლდა სლავებთან ლაშქრობისას – სიამაყით განაცხადა კალმახელმა და ჯაჭვის შემოხსნას შეუდგა.
– მე მსურს მოგიძღვნა მუზარადი არწრუნთა გვარისა, რომელიც ასევე პაპიდან მერგო და რომელზეც ოქროსფერი მიმინო არის ამოტვიფრული- ამოიგმინა სომეხმა და მძიმე მუზარადის თასმების შეხსნას შეუდგა.
– მბრწყინვალე მიმინოა- ნეტავ რას გამოხატავს იგი? იკითხა გახარებულმა იოანე „ხაზარმა“ და მუზარდაზე ნაქანდაკევი მოოქროვილი მიმინოს მჭრელ ნისკარტს თითები შეავლო.
– მამაჩემს, გაგიკს უსახსოვრია ეს მუზარადი სომეხთა მეფისათვის, უბედურ ს,მბათისათვის, რომლისთვისაც უთქვამს „მიმინო მხოლოდ გმირებს ემორჩილებაო“ და აი შენ ხარ ჩემი გმირი ჩორჩანელთა შთამომავალო – გახარებული შესცქეროდა მაღალ და მხარბეჭიან იოანეს, დაბალი და თმახუჭუჭა ტიგრანი.
– შენ თავად მეფემ გაჩუქა ეს მუზარადი? მაშინ არ მინდა დაიბრუნე – გამჭოლი მზერით შეხედა იოანემ ტიგრანს და მუზარადი მიაჩეჩა.
– არა ჩორჩანელო, არ უჩუქნია მეფეს ჩემთვის ეს მუზარადი. მე თავად მოვძებნე იარაღთ საცავში იგი და როგორც მამის ჩემის ერთადერთი ნივთი, შვილმა იმის იმედით რომ გაგიკ არწრუნს ბრძოლაში გადავეყრებოდი და მის ყურადღებას მივიპყრობდი მიმინოს ელვარებით – ხელიდან გამოვტაცე იგი სომეხთა ამირახორს და თავს ძალით დავირქვი.
– რად გინდოდა მამასთან შეხვედრა ტიგრან? – იკითხა უმალ იოანემ.
– ს,მბათ მეფისა და ყოველთა სომეხთა მტერი, ერის მოღალატე გაგიკ არწრუნი მსურდა მომეკლა ჩორჩანელო – სახე დაღრეჯით თქვა ტიგრანმა.
– ეხლა რა გსურს რომ მე მოვკლა მამაშენი? – იკითხა იოანე „ხაზარმა“.
– გამიგია მეფე ს,მბათისაგან – ბრძოლის ველზე იარაღი იზიდავსო პატრონს- ყრუდ წარმოსთქვა ტიგრანმა.
***

მემატიანე მოგვითხრობს – „მოვიდა ამირა, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბულ საჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა (ე.ი. ხალიფა) სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქვეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ვასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგინა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მეოტი და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და იქ იყოფოდა. და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი, მოვიდა და შემდეგ მოადგა უჯარმას. შიგ იდგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, ადგეს ღამე და გადაიხვეწნენ: რომელნიც წარვიდნენ იმათგან ვისაც დაეწივნეს დახოცეს. ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მვვიდეს საჯნი, იპოვეს იგი უკაცური და თქვეს: „რომელი ბაკი იყო, იქ შინა ფიცხლად შეგუებნეს; და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ“. აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღვიეს.
ხოლო კვირიკე ქორეპისკოპოსმან (893-918) ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: „ვინ გაწვია აქა მოსლვა?” და უთხრა: „მაწვია დედამან ჩემმან”. და თქუა აბულ ყასიმმა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა”. და შეუყუარდა სიკეთისა მისისათვის და განუტევა, უჯარმა დაუბრუნა ხოლო ბოჭორმა თვით დაიჭირა.
შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, აფხაზეთის მეფის ბრძანებით მოარღვიეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არ დაიმჭირო მტერმა. შემდეგ შევიდა აბულ ყასიმი შევიდა სამცხეს, და მოაოხრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგვისასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა…“

***
თმოგვი
თმოგვის ციხე-ქალაქს, მდუმარედ იდგნენ მესხნი, შესასვლელ გვირაბს მტიცედ იცავდნენ და მტკვარში სათევზაო ბადეები ჰქონდათ გადმოსროლილი. როგორც ჩანს ალყისათვის ემზადებოდნენ და თევზს იმარაგებდნენ.
– შემომიშვით, თქვენებური ვარ მეცა – უჩვეულო ქართულით შესძახა იოანემ მეციხოვნე მესხებს.
ერთმანეთს გადახედეს მესხებმა და შემდეგ ერთი გადმოდგა ქონგურზე იოანესთან სასაუბროდ, მოიჩრდილა თვალნი და დაიძახა.
– ვინა ხარ კაცო?
– იოანე ვარ კალმახელი
– ვისი ყმა ხარ ან ვისი პატრონი?
– ძე ვარ სულასი, პატრონი კალმახისა
გაჩუმდნენ მესხნი და შემდეგ რამოდენიმე ისარი ტყორცნეს იოანე კალმახელის სიახლოვეს მდგომ ჭადარს.
– გვეუბნენიან წადითო, არ სჯერათ შენი იოანობა – წარმოთქვა ტიგრანმა და ცხენი იქვე მყოფ ფერდობზე ააჭენა.
– თუ მოძმე ვერ მიცნობს ისარსაც დაუკოდივარ-ამოიოხრა იოანემ და რამოდენიმე ნაბიჯი წინ წარსდგა.
კვლავ გაიზუზუნა თმოგველთა მშვილდმა და იოანეს წინ სამი ისარი დაესო. ისრებმა ოხვრით შეხვრიტეს მიწა და საზღვრად აღიმართენ იოანესა და თმოგველთ შორის.
***
ფანასკერტის გზას დაადგნენ, არ შეუშვეს თმოგვში უცხოდ გამოწყობილი მხედრები მესხმა მეციხოვნეებმა. მაზრბანის კავალერია თმოგვს რომ მოადგა მაშინ გამოსწიეს ფანასკერტისაკენ, გზა და გზა დაცლილი და აოხრებული სოფლები შემოხვდათ, კაცის ჭაჭანება აღარ იყო. მამულისათვის ომი უნდოდათ და არ აომეს – ამით იყო გამწარებული კალმახელთა შთამომავალი.
– აი აქედან გამოჩნდა სომხეთისაკენ მიმავალი ბილიკი ჩორჩანის პატრონო, თუ გამიშვებ, ერთ თვეში მოგნახავ და შენთან გავჩნდები გამოსასყიდით რომელიც შენ გეკუთვნის – წარმოთქვა ტიგრან ბაგრატუნმა და იოანეს მთაში მიმავალ გადალექილ ბილიკზე მიუთითა.
– სომხეთი აოხრებულია, აბულ ყასიმი, ს,მბათ მეფის ხელთ ჩაგდებას ლამობს, ამიტომაც გაბრთხილდი ტიგრან. წადი, ნება შენია. ძმად მიგიღებ როცა კი მოხვალ.თქვენს წმინდა ტაძრებში ილოცე ჩემთვის.
ტიგრან არწრუნი ცხენიდან ჩამოხტა და ქვეითად თაყვანი სცა იოანე კალმახელს რომელიც ხაზარული ჩვეულების თანახმად ჩამოუქვეითებლად, გულზე მუშტის ბრაგუნით და თავის მოდრეკით, ღიმილით დაემშვიდობა მოძმეს.
გაიყარნენ ბილიკის დასაწყისში. არწრუნი წვიმისა და ქარაშოტებისაგან თითქმის წაშლილ ბილიკს მიუყვა. იოანე კალმახელი კი მარჯვენა მხარეს მიმავალ ძველ საქარავნე გზას დაადგა იმის იმდით რომ ვინმე მოენე ჩაეგდო ხელთ და ახალი ამბები შეეცნო მასაც.

***
სამი დღის შემდეგ, იარა გახსნილი, სისხლში და მტვერში ამოთხვრილი ტიგრან არწრუნი დვინს გამოცხადდა. ქალაქი ნახანძრალი და გადამწვარი დახვდა, დვინის ეკლესიები, ნაქანდაკევი კედლებით ცნობილი მონასტრები ცეცხლის ალში გახვეულიყო. მოტრიალდა ტიგრანი და ქვაბიანის მონასტრისაკენ აიღო გეზი. როდესაც მიადგა კლდეს, იქვე დამალულ ლოდს მოჰკრა თვალი და როგორც შესწავლილი ჰქონდა ლოდი სომხური მელოდიის რიტმების თანახმად კლდეზე დააბრაგუნა.
უკვე საღამო ახლოვდებოდა, ტიგრანს ძალა ეცლებოდა და მალე გრძნობასაც დაკარგავდა, როდესაც, კლდის ქიმიდან უსწრაფესად ჩამოვარდა, ბაგირზე დაკიდებული დიდი მოწნული კალათა.
ერთი კაცი რომ მოთავსდებოდა იმგვარი კალათა იყო. ტიგრანმა შეხსნა ხაზარულ ცხენს უნაგირი, გაუშვა ულაყი და თავად მძიმე სამხედრო უნაგირიანად კალათაში შეფოფხდა. აქაჩეს კალათა ზევით და წრიაპებითა და კლდის ღარებით წაათრიეს იგი კლდის ქიმისაკენ.

***
აბულ ყასიმი მიადგა შემდეგ ყველის ციხეს,. რომელიც ერისთავთ-ერისთავს აშოტ კუხს ეკუთვნოდა. ასოცდაცამეტი რჩეული მეომარი იცავდა ყველს. თავად აშოტ კუხი საზაფხულო რეზიდენციაში-ზემო ყველში გამაგრებულიყო.
ქვაში ნაქანდაკევ მაგიდასთან იჯდა ციხისთავი გობრონი, რომელზედაც გამორჩეულ ამბებს ჰყვებოდნენ მესხნი. ერთმა უკუაგდოო თურქნი არტანუჯიდან, მარტო მაგის გამოჩენამ დაზაფრა ბიზანტიელი მხედრები სპერიდან, მისმა ნასროლმა ისარმა გაუხვრიტა მუზარადიო ბუნ-თურქთა მეფეს ალაფს, სათქმელი მრავალი იყო.
მდუმარედ იყვნენ და ციხისთავს მყუდროებას არ ურღვევდნენ ყველის ციხეში გამაგრებული მესხი მეომრები, რადგანაც ყველას ესმოდა რომ – სახარებას კითხულობდა თვალზე ცრემლმორეული გობრონი.

***
ოქროსფერი ზეგანი რომ უკან მოიტოვა, მაშინ დაინახა ფანასკერტის ვებერთელა ციხის ძირას აღმართული მეომარი იოანე კალმახელმა. შედგა უეცრად იოანე, ხელშუბიანი ციხის კარებთან ელოდა მას, ხოლო ქონგურიდან კიდევ ერთი მეციხოვნე მოსჩანდა.
„მომზადებული ყოფილან ფანასკერტელნიც, რაზმეულიც ჩასაფრებული იქნება, ეხლა დამახლიან ისრებს, უნდა სიტყვით მოვიგო მათი გული“ გაიფიქრა იოანემ, ჩამოხტა ცხენიდან, სადავე ხელთ იპყრა, ტიგრანის ნაჩუქარი – ოქროსფერ მიმინოიანი ჩაფხუტი მოიხსნა და შორს გადააგდო, შემდეგ მკერდზე დაკიდებული კალმახელთა ჯვარი ხელთ იპყრა და ციხისაკენ ფეხით დაეშვა.
ასე გაიარა ორმოცდაათიოდე ნაბიჯი, უკვირდა რომ ისრებს არ ესროდნენ, მიხვდა რომ ხმალიც უნდა შემოეხსნა და ამიტომაც უეცრად შეყოვნდა. ხაზარული „კილიჯ“ ქამრიანად შემოიხსნა და მის წინ აღმართულ ჩაფხუტიან შუბოსანს იმგარად გადაუგდო, რომ ხრმალი მიწაში თითქმის ვადამდე ჩაერჭო.
ჩაფხუტიანმა მოატრიალა თავი შეხედა მიწაში ვადამდე გაუჩინარებულ ხმალს და უეცრად ბობოქრად მოჰყვა შუბით მუქარას, იოანეს მიმართ.
-ოთურ – თურქულად ამბობდა და მბრძანებლობდა შუბოსანი და ამიტომაც იოანე კალმახელი მიწაზე დაჯდა და ჯვრიანი ხელი მაღლა აღმართა.
ჩაფხუტიანი შუბოსანმა რაღაც დაჭყივლა და უმალ გოგო ბიჭები შემოეხვივნენ იოანე კალმახელს, მძიმე ბაწრით გადაუკრეს მას მკერდი, ჯაჭვით შეუკრეს ხელები და ფეხები, შემდგომ სწრაფად განაიარაღეს, უბეში საგულდაგულოდ ჩამალული ტყავის აბგაც უპოვეს, სადაც იოანე ხაზარი მამასთან დაკავშირებულ მოგონებეს მალავდა და მიწაზე დააგდეს.
გოგო ბიჭები გაუჩინარდნენ, ხოლო ჩაფხუტიანი შუბოსნის, რკინის ნიღაბს მიღმა დამალული თვალები, საგულდაგულოდ ათვალიერებდნენ მიწაზე დაგდებულ ტყვეს და შუბის წვერს უღერებდნენ მის გულ-მკერდს.
ბოლოს როგორც იქნა „ფეხგამხმარმა“ მეციხოვნემ მიაღწია იმ ალაგისაკენ სადაც იოანე იყო მიწაზე გართხმული. „ფანასკერტის ციხის დილეგში ჩაამწღვდიეთო“-მრისხანე ხმით ბრძანა მეციხოვნემ და უეცრად ისევ გამოჩენილმა გოგო ბიჭებმა დაბორკილი ტყვე უძველესი ციხის დილეგში ჩააპირქვავეს.

***
ყველის ციხის წმინდა მეომართა გზა
– ეს გზაა წმინდა მეომართა ! ასოცდაცამეტივე დაველოდებით აქ უფლის განაჩენს. არ დავთმობთ ამ ციხეს. ეს არის ბოლო სამყოფელი ჩემი, ამას იქით სახლი არ მეგულვის, არწივები დილეგიდან გაანთავისფლეთ, დაე გაფრინდნენ. ჩვენ ვართ ეხლა არწივები, ცისა და მიწის მეფენი. თქვენია თქვენი ნება, სხვა ყოველი გაგეძარცვებათ და მხოლოდ ნება დარჩება. ჩვენ ხალხი დაგვიმახსოვრებს, როგორც ასოცდაცამეტ მოყმეს, ასოცდაცამეტ არწივს – თავდადებულს ქრისტესათვის – ისმოდა ყველის ციხეს ქონგურებზე გობრონის ხმა.
მდუმარედ იდგნენ მეციხოვნენი, ნილსი ჩამოდიოდა ფერდობებიდან. ოქროსფერი სარანჩა იკავებდა ციხის ქვევით არსებულ დაცლილ სოფელს
ყველის გარემოცვით იწერებოდა ქრისტეს რჯულის ისტორიაში ყველაზე სახეგანთქმული, უხილავი, სულებს შორის მოლივლივე, წმინდა პერგამენტი.
***
ნესტან ფანასკერტელი „ფეხგამხმარ“ მეციხოვნეს გვერდით იჯდა და გულიანად კისკისებდა, მის გარშემო გოგო-ბიჭები, ციხის ქონგურებზე ჩამომჯდარიყვნენ და მოწიწებით შეჰყურებდნენ სოფლის „მხსნელს“, ჩვიდმეტი წლის ქალს ფანასკერტელთა.
– მაინც ისე როგორ დააფრთხე ხაზარი რომ ჩაფხუტიცა და ხმალიც მოიხსნა, ჩამოქვეითდა და ჩაგბარდა ჰა – იცინოდა „ფეხმაგხმარი“.
– არვიცი ბაბუ, თითქოს დაგვნებდა თავისით, სიტყვა არ წარმოუთქვამს, მაგრამ რა ვუყოთ? – შეჰყურებდა მეციხოვნეს ნესტანი
– ქართველთა მეფეს უნდა გავუგზავნოთ, მაგრამ ძალები არ გვეყოფა მაგისათვის, ვინ მიაცილებს ოლთისამდე ამხელა ტყვეს? არავინ. ქალებისა და ბალღების ამარა ვართ დარჩენილი. უნდა გავგმიროთ, რადგანაც დიდხანს დილეგში ვერ გაძლებს და არც ვარ დარწმუნებული დილეგის ვარგისიანობაში შვილებო.
– დილეგს რა სჭირს? იჯდეს და იყოს – დანანებით თქვა უეცრად ნესტანმა.
– დილეგს უძველესი გასასვლელები აქვს დატანიებული, დიდ ლოდებით არის დაგმანული მანდ ერთი ჭა, როგორც მახსოვს. თუ მაგ დოლაბის ქვას ამოიღებს ტყვე, მაშინ კიბეს დაინახავს და აქედან ორი დღის სავალზე უგრძნობლად გავა-იხსენებდა ფეხგამხმარი.
– დაბმულია და ქვას როგორ გადააგორებს? – კვლავ შეწუხდა ნესტანი
– მანდ ნესტია შვილი, ბაწარი მოირყევა ნესტისაგან და გაიჭიმება, თუ ხელები გაინთავისუფლა მაშინ, რასა იქმს, დაფიქრდით თავად – ამბობდა უტეხი მეციხოვნე.
– იქნებ ქრისტიანია? – ხელთ ჯვარი ეპყრა, თქვა ნესტანმა.
– ეგ სამხედრო ხრიკია ბალღო, უნდა გავგმიროთ და მაგით გავათავოთ – ჯიუტად იმეორებდა ფეხმგამხმარი.
– ტყავის აბგაში რა ედო? გაახსენდა ტყვის აღჭურვილობა ნესტანს
– წერილია ერთი, სპარსულია თუ არაბული არავინ ვიცით, არც მაინტერესებს, ამ შუბით ღამე ჩავალ და უმტკივნეულოდ გავგმირავ სამხედრო ტყვეს – გამოსცრა კბილებში მეციხოვნემ.
– მანახე წერილი ბაბუუ – ხელი გაიწოდა მისკენ ნესტან ფანასკერტელმა.
– აი პერგამენტი – აიქნია ხელი მეცოხოვნემ და უბეში ჩადებული დახვეული გრაგნილი მიწაზე დააგდო.
– წავიკითხავ, არაბულიც ვიცი, სპარსულიც და ბერძნულიცა- თქვა ნესტანმა და გრაგნილით ხელში ფანასკერტელთა ციხის დიდ ქონგურზე განმარტოვდა.
გოგო-ბიჭები გაიკრიფნენ. მზე ჩადიოდა და ფეხგამხმარი მეციხოვნე ძალებს იკრებდა. უკანასკნელად უნდა განეგმირა სამტროდ მოსული მხედარი. ფეხს რომ ვეღარ ხმარობდა, ეს ძალიან სტკენდა მეციხოვნეს გულს. კიბეზე ჩასვლა უმძიმდა. დილეგს კი გააღებდა, თუ იქამდე ჩავიდოდა. ჩაძინებულს ტყვეს წაადგებოდა თავზე და სამმეტრიან შუბს შორიდანაც კარგად ჩაცემდა გულში მას. შემდეგ დაელოდებოდა სანამ გულგანგმირული უკანასკნელად დაიკრუნჩხებოდა და სოფლის ბიჭებს დაუძახებდა. ფანასკერტელთა განაწესის თანახმად, ტყვე ციხის გალავნის დასავლეთ მხარეს უნდა დაეკრძალათ. იქვე „მწარე მინდვრად“ წოდებული მტრად მოსულთა სასაფლაო ეგულებოდა ფეხგამხმარს. უკანასკნელად მანდ დახოცა და დამარხა ქველმა ფანასკერტელმა სამი არაბი მოისარი და ათიოდე ჯიქი მეომარი, რომლებიც საძარცვად დასცემოდნენ სოფელს. „არაბები კარგი მოისარები იყვნენ, დიდხანს ახლოს არ მიგვიშვეს, შემდეგ ისრები გამოელიათ და ჯიქების შურდულის იმედად დარჩნენ, შეუტიეთ მაშინ მწყობრად, ქველი ფანასკერტელის სარდლობით, ოცდაათი ვიყავით, ფარებზე რაკრაკებდა ჯიქების გამოსროლილი ქვები. მივუხტით კორომში. შუბებით მოვკალით ყველანი და დავმარხეთ მანდვე, ამიტომაც დავთქვით ამ მინდვრისათვის „მწარე“ გვეწოდებინა“-იხსენებდა სიყმაწვილეს ფეხგამხმარი. შემდეგ იგი შუბზე დაბჯენილი, წვალებითა და კვნესით წამოდგა და ციხის დახურულ ბლისკინებს შორის დატანიებულ ციცაბო კიბეებზე დაშვებას შეუდგა. ციხის მიწისქვეშა დილეგს რომ მიაღწევდა მაშინ უკვე ღამე იქნებოდა. ამიტომაც მიბობღავდა ფეხგამხმარი დილეგისაკენ. კიდევ ერთხელ უნდოდა რომ კაცის სისხლი ენახა.
– შესდექ ფეხგამხმარო მეციხოვნევ- უმაღლესი ქონგურიდან გამყინავი ხმით გადმოსძახა ციხეს და მასში დაბუდებულ ღამურათა ჯარს, მკერდგამთბარმა ქალმა ფანასკერტელთა.
– ჰაი, რაი? – თვალები გამოკარკლა ქვევით ჩამავალმა ფეხგამხმარმა, შუბის ტარი ხელთ ჩაბღუჯა, წონასწორობის შენარჩუნებას შეეცადა, მაღალ ქონგურს ახედა, მაგრამ კისერი ტკივილისაგან დაეკრუნჩხა, მუხლი მოეკვეთა, საღი ფეხი წინ წარსდგა, რათა კიბეზე ასულიყო და ნესტანისათვის ეკითხა, თუ რა მოხდა, მაგრამ ამ დროს ეს ჯანმრთელი ფეხი მოუცურდა, გამხმარმა ფეხმა მეციხოვნის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, შუბლი საისრეს მიასხა, მხოლოდ შუბს არ გაუშვა ხელი მეციხოვნემ და ამ ჭიდილში, დაფეთებულმა საიდანღაც გამოვარდნილმა ღამურათა ჯარმა იერიში მიიტანა ფეხგამხმარზე, რომელიც ეხლა უკვე პირაღმა ჩაცურდა, კბილებით შეეცადა ქონგურს ჩაჭიდებოდა, მაგრამ თავყბა ქვითკირის კედელს კიდევ ერთხელ მიახალა და უმაღლესი კოშკიდან, ციხის ეზოში, გულაღმა გადავარდა.
– გვიშველეეეეთ დაიკივლა ნესტან ფანასკერტელმა, უმალ დაეშვა ქონგურებიდან მომავალ კიბეზე, მიიჭრა დედო-ციხის ეზოს და იქ გაშოტილი, გასისხლიანებული ფეხგამხმარი იხილა.
– მოჰკალი ამ შუბით – ამოიჩურჩულა მეციხოვნემ და თვალები დახუჭა.
– არა ბაბუ, არა, ის სულა კალმახელის შვილია, ეს არაბული წერილი წავიკითხე, ის იოანე კალმახელია … – ცხარე ცრემლით ქვითინებდა ნესტან ფანასკერტელი, მაგრამ მეციხოვნის სული აქ აღარ იყო

***
იოანეს ტყავის აბგაში შენახული წერილი შურტა კუტალმიშისა
„ხაკანს ხაზარეთისას და კეისარს ბიზანტიისას, ამირას ტფილისისას, მეფეს ქართუელთა, მეფეს აბხაზთა, ცარაზონს ოვსეთისას, შაჰს და შაჰინშაჰს ყოვლისა აღმოსავლეთისას – მდაბლად გწერთ ესე:
პატრონი ყოველთა, არსთა გამრიგე დამიდგება მოწმედ, რომ მე ვარ შურტა კუტალმიში მეჭურჭლე და მეანდერძე სამ ღვიძლ ძმათა, რომელთა დაბადების მოწმეც ვარ და მხილველიც, მათი საქმეებიც მინახავს და უქმეებიც. სახელები ამ ძმათა არს: სულა კალმახელი, ბეშქენ ჯაყელი, ლაკლაკ უმიწაწყლო სამივენი ძენი არიან მირიან ბაჰლაუნდისა და დიოფალ ლატავრა ჩორჩანელისა. ამ სულამ და მისმა თანამეცხედრემ შუეს ძე ერთი სულა სულას ძე კალმახელი, მთავარი ჩორჩანისა და ერისთავი კალმახისა. სულა სულას ძემ ცოლად შეირთო ყარაფჩაის ათასისთავის – ბოზორქ ხაზარის ღვიძლი ასული – ჩიჩეკ – ჰანიმი და შუა ძე ერთი – იოანე.
მე შურტა კუტალმიში, თქვენი მბრძანებლობის ფეხის მტუერი, დაჩოქილი გვედრებთ – გამოუშვათ შთამომავალი ჩორჩანელთა და ბაჰლაუნდთა – მემკვიდრე მესხეთისა, ერისთავი კალმახისა – იოანე , მამულსა და დედულსა თვისსა.
მუდმივ თქვენი მლოცველი –
მეჭურჭლე და მეანდრეძე
შურტა კუტალმიშ…ჩყ წელსა“

***
საჩქაროდ ჩარბოდა ნესტან ფანასკერტელი დილეგის ციცაბო საფეხურებზე. თავად უნდოდა გაეხსნა დიდი ბორკილი საკუთარი ტყვისათვის, რომელიც ჩორჩანის მთვარის მემკვიდრე აღმოჩნდა.
ზევით, დედო ციხის ეზოში ფეხგამხმარი მეციხოვნე იწვა და სულს ღაფავდა
ჟანგისაგან შეჭმულ რკინა კარს მიადგა ასული ფანასკერტელთა, გაუყარა მოქლონს გასაღები, ცოტა ხანს იწვალა და გააღო კარი დილეგისა.
„აქ როგორ ვამყოფებთ კაცს?“ ფიქრობდა ფანასკერტელი და კიდევ უფრო ციცაბო კიბეზე ცდილობდა ჩასვლას. ჩაიარა ათი საფეხური და გაიხედ გამოიხედა.
მოსისინე ქვეწარმავალი შეამჩნია ტალანის კუთხეში და ელდა ეცა, გამოქცევა სურდა, მაგრამ თავი დააოკა.
– გამეც ხმა, ცოცხალი ხარ? – იყვირა ნესტანმა გვირაბთა კორიანტელში
პასუხი არავინ გასცა.
რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ნესტანმა და გაოცებისაგან პირი დააღო. ლოდზე სადაც ხაზარი ტყვე იყო მიჯაჭვული თოკები და ჯაჭვები უწესრიგოდ ეყარა.
„მოყმეს თავი დაუღწევია ჩვენი დილეგისაგან, მაგრამ სად არის ის ეხლა?“- გაუელვა გონებაში ნესტან ფანასკერტელს

***
აბულ ყასიმი გააოცა ყველის ციხის დამცველთა ქცევამ. მათ მოლაპარაკებას თავი აარიდეს და დუმილით მიანიშნეს ბრძოლისაკენ.
შეუსია აბულ ყასიმმა არდებილიდან წამოყვანილი მთამსვლელები და მოისარები ციხეს. პირველი გოდოლი რომ აიღეს საჯის მეომრებმა, უეცრად გამოიჭრა კაცი ხელოვანი ბრძოლასა შინა. გადმოყარა არდებილის სულთნის მოწინავენი კოშკიდან და თავად ავიდა უმაღლეს ქონგურზე.
მეორე დღეს, სპარსები გაგზავნა აბულ ყასიმ საჯიდმა იერიშზე. ყველის ციხელებს ავიწროვებდნენ სპარსნი, ამ დროსაც ქარიშხალივით მოიჭრა კაცი იგივე. ფოცხვერივით დახტოდა იგი მიუვალ კლდეზე და სათითაოდ გმირავდა სპარსელებს. წინ რომ საშუელი აღარ იყო, უკან უფსკრულისაკენ შეჯგუფდნენ დაზაფრული სპარსელები და რიგ რიგობით გამოერიდნენ ამ კაცთან პირისპირ ბრძოლას.
– ვინ არის კაცი იგი? იკითხა საჯიდმა
– გობრონი აზნაური ქართველთა სამეფოსი – იყო პასუხი

***
ფანასკერტის ციხის წინ უამრავი ხალხი ირეოდა. კრძლავადნენ მოხუც მეციხოვნეს, რომელსაც „ფეხგამხმარს“ უწოდებდნენ ყოველთვის. იდგა ნესტან ფანასკერტელი და ტიროდა. „აღარც მამა და დედა, აღარც „ფეხგამხმარი“ მეციხოვნე“- ჩურჩულებდა იგი.
უეცრად იუსტინიანე მოიჭრა მასთან და ასე უთხრა ნესტანს:
– აი ეს ჩაფხუტი ვიპოვე აქეთ რომ მოვდიოდი ნესტან, თქვენს მიერ დატყვევებულ ხაზარს მოუხსნია და ტყისაკენ გადაუსვრია თურმე. რატომ მოიქცა ის ამგვარად არავინ იცის.
მუზარადი ხელთ იპყრა ნესტან ფანასკერტელმა, შეატრიალა და გაოგნდა:
– რკინის ჩაფხუტს ფრთა გაშლილი, ოქროსფერი მიმინო ამშვენებდა

კახაბერ ჯაყელი 5 ივლისი, 2015 წელი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: