Posted by: burusi | 14/05/2015

თენგიზ ვერულავა, მაკა გაბულდანი “გადაუდებელი დაავადებების ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში”

Tengiz Verulava

Tengiz Verulava

გადაუდებელი დაავადებების ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში

თენგიზ ვერულავა მედიცინის აკადემიური დოქტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მაკა გაბულდანი
ჯანმრთელობის ზარალების მართვის კონსულტანტი სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”

გამოქვეყნდა ჟურნალში “ეკონომიკა და ბიზნესი”. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტომი VIII, ნომერი 1, იანვარი-მარტი. 2015 წ.

https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/Binder1.pdf

იხილეთ PDF ვერსია გადაუდებელი დაავადებების ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში

სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. გადახდისუუნარობის გამო ხშირად ადამიანები საჭიროების შემთხვევაში ვერ ღებულობენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ბარიერების არსებობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ბარიერების მინიმუმამდე დაყვანა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

კვლევის მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოცული ბენეფიციარების გადაუდებელი მდგომარეობების, კერძოდ, ნეიროქირურგიული დაავადებების მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის შესწავლა.

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია სამეცნიერო ნაშრომები, საკანონმდებლო აქტები, სამედიცინო სტატისტიკისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მასალები. კვლევა მოიცავდა თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტებს. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების მოცვის საკითხის გამოსაკვლევად შეირჩა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“, ვინაიდან მიჩნეულია, რომ აღნიშნულ კლინიკას ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროქირურგიული განყოფილება აქვს ქვეყანაში.

თვისებრივი კვლევა გულისხმობს ცენტრის მენეჯერების და სამედიცინო პერსონალის მოსაზრებების იდენტიფიცირებას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ნეირიქირურგიულ კომპონენტთან დაკავშირებით. თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუ ცენტრის მენეჯერების და სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით. თვისებრივი კომპონენტი განხორციელდა 2014 წლის მაისს, თბილისში.

რაოდენობრივი კვლევა მოიცავდა ინფორმაციის შეგროვებას სამ მიზნობრივ ჯგუფში – ნეიროქირურგიული ცენტრის ექიმებს, მენეჯერებს და ბენეფიციარებს შორის. ამისათვის, ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, შედგენილ იქნა კითხვარი. გამოიკითხა სტაციონარში ჰოსპიტალიზებული 200 ნეიროქირურგიული პაციენტი ან პაციენტთან ურთიერთობის შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები. კვლევაში გამოყენებულ იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი. ინტერვიუ ჩატარდა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით, რომლებიც ცალ-ცალკე შემუშავდა თითოეული მიზნობრივი ჯგუფისათვის. სულ პროექტის ფარგლებში შემუშავდა 3 განსხვავებული კითხვარი – ნეიროქირურგიული ცენტრის ექიმებისათვის, მენეჯერებისა და ბენეფიციარებისათვის.

შერჩეული 220 პირიდან 200 ბენეფიციარმა (90.9%) განაცხადა თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე. 20 პირმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე, მათ შორის 12 იყო მამაკაცი და 8 ქალი. გამოკითხული რესპოდენტებიდან 123 იყო კაცი (61.5%) და 77 – ქალი (38.5%). 45 წლამდე ასაკის რესპოდენტი შეადგენდა 16%-ს, 45-დან 65 წლამდე 46%-ს, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის – დაახლოებით 37.5%-ს (იხ. ცხრილი 1).

რესპოდენტთა ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობა ცხრილი 1. Picture1

კვლევის მეთოდოლოგიურ შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს ნაკლები დანახარჯების და მოკლე დროში გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობის გამო, საკვლევად მხოლოდ თბილისის ნეიროქირურგიული პროფილის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღება. 2013 წლამდე სახელმწიფო აფინანსებდა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების სამედიცინო მომსახურებას, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2007 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებით მოსახლეობის მხოლოდ 4.1 % იყო მოცული, ხოლო 2012 წლისთვის იგი 37.9 %-მდე გაიზარდა. თუ ამას დავუმატებთ ინდივიდუალური და კორპორატიული სამედიცინო დაზღვევით მოცულ პირებს, მთლიანად ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევით მოცული იყო 1981123 ადამიანი (50,8 %). შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, დაახლოებით 2 მილიონზე მეტ ადამიანს არ გააჩნდა სამედიცინო დაზღვევა. მათ საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარათ მკურნალობის სრული ღირებულება, რაც არაიშვიათად იწვევდა კატასტროფულ დანახარჯებს.

ამასთან, 2013 წლის 28 თებერვლამდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამდე, გადაუდებელი (ურგენტული) მდგომარეობების დროს პროგრამული დახმარება მიეწოდებოდა მხოლოდ 0-დან 5 წლამდე და 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას. ამ პირობებში 5-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ითვლებოდა მოქმედი სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით მოსარგებლედ, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ საშუალებას მიეღოთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული ზრდიდა დაავადებათა გართულებული შემთხვევების რაოდენობას და შესაბამისად, ლეტალობის რისკს.

2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მეშვეობით სამედიცინო დაზღვევის არმქონე 2 მილიონზე მეტ მოქალაქეს მიეცა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება. დღეისათვის საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით საყოველთაო ჯანდაცვისა თუ სახელმწიფო და ნებაყოფლობითი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებით, მათ შორის დაახლოებით 3.4 მლნ ადამიანი მოცულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, 560 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, ხოლო 546 ათასამდე პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა; ამასთან, ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 365 მლნ ლარიდან 634 მლნ ლარამდე გაიზარდა [1] (იხ. ნახ 1).

ნახ. 1. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა და სულ სამედიცინო სადაზღვევო პოლისის მფლობელთა პროცენტული წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობასთან (2007-2012 წწ.). [2]

Picture2

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სერვისები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის/უბნის ექიმის მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა [1].

გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით გათვალისწინებულია: ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე (ანაზღაურდება 100%-ით); ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები; ექიმ-სპეციალისტების (ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი) მომსახურება), ოჯახის ან უბნის ექიმის დანიშნულებით (ანაზღაურდება 70%-ით); ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები, კერძოდ: ელექტროკარდიოგრაფია (ანაზღაურდება 100%-ით), მუცლის ღრუს ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია (ანაზღაურდება 70%-ით); ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო), რომლებიც ანაზღაურდება 100%-ით, ხოლო ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი ანაზღაურდება 70%-ით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ანაზღაურდება აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა; სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა [3].

გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება მოიცავს ისეთი გადაუდებელი მდგომარეობების მართვასა და სტაბილიზაციას, რომელიც არ საჭიროებს სტაციონარში 24 საათიან დაყოვნებას. ასეთია: ტრავმები, მოტეხილობები, ჭრილობები, თერმულ დაზიანებები (დამწვრობა/მოყინვა), მოწამვლა/ინტოქსიკაცია, ცხვირიდან სისხლდენა, ალერგიის მართვა ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის დროს, შარდის შეკავება, მწვავე ლარინგიტი (კრუპი), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტონული კრიზი, გულის რითმის დარღვევები) და სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილი. აღნიშნული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, 100%-ით [3].

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს (მ. შ. დღის სტაციონარი) და მასთან დაკავშირებულ ყველა გამოკვლევას. გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების წლიური ლიმიტი შეადგენს 15000 ლარს, რომელიც ანაზღაურდება 70%-ით, ხოლო სრულად ანაზღაურდება 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები [3].

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს აგრეთვე ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობას, კერძოდ – ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას და სხივურ თერაპიას. წლიური ლიმიტი შეაადგენს 12 000 ლარს, ანაზღაურდება 80%-ით, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის მომსახურება ანაზღაურდება სრულად. პროგრამით გათვალისწინებულია მშობიარობის ანაზღაურება (ფიზიოლოგიური მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი; საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი) [3].

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ითვალისწინებს ისეთი მდგომარებების დაფინანსებას, როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, მოსალოდნელია ორგანოს ან/და კიდურის დაკარგვა ან პაციენტის გარდაცვალება რამდენიმე საათში. გათვალისწინებულია გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევა. პროგრამა ასევე მოიცავს ინტენსიურ თერაპიასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე შეადგენს 15 000 ლარს. 100 %-ით ანაზღაუდება ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა და 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. 70%-ით ანაზღაურდება ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა [3].

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრულია 24 გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადება, რომელთა სტაციონარული მომსახურება 100%-ით ანაზღაურდება; იგი მოიცავს ისეთ ნეიროქირურგიულ დაავადებებს, როგორიცაა: სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, იტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ჰიდროცეფალია, თავის ტვინის ტრავმული დაავადებები (იხ. ცხრილი 2).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების ჩამონათვალი [3] ცხრილი 2

Picture3

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო წლებში აღინიშნებოდა სისხლის მიმოქცევის დაავადებების ზრდის ტენდენცია, რომელთა შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ჰიპერტენზიულ, გულის იშემიურ და ცერებროვასკულურ დაავადებებს [2]. ცერებროვასკულური დაავადებები სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების სტრუქტურაში რიგით მე-3 ადგილს, ხოლო სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის მე-2 ადგილს იკავებს [6]. ცერებროვასკულარულ დაავადებებს შორის მეტი წილი უკავია თავის ტვინის ინფარქტს (38 %). ცერებროვასკულარული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეადგენს 163.6-ს ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 18.1 [6] (იხ. ცხრილი 3.4) [6].

სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები საქართველოში. 2012 წ. ცხრილი 3 Picture4

ცერებროვასკულური ავადმყოფობები, სტაციონარული მომსახურება, 2012 წ. ცხრილი 4

Picture5

შედეგები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრულია გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების ჩამონათვალი, სულ 24 ნოზოლოგია, რომელთა სტაციონარული მომსახურება 100%-ით ანაზღაურდება. იგი მოიცავს ისეთ ნეიროქირურგიულ დაავადებებს, როგორიცაა: სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, იტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, ჰიდროცეფალია, თავის ტვინის ტრავმული დაავადებები (იხ. ცხრილი 2).

კვლევის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებითი ინტერვიუ ნეიროქირურგებთან. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების ჩამონათვალი შეზღუდულია და არ ფარავს ისეთ ნოზოლოგიებს, როგორიცაა: არტერიო ვენოზური მალფორმაციები თავისა და ზურგის ტვინში, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები, დისკოგენური რადიკულიტები მიელოპათიასთან ერთად, ხერხემლის მალების პათოლოგიური მოტეხილობები. ასევე პროგრამა არ მოიცავს თავის ტვინის იფარქტს, პერიფერიული ნერვების ტრავმულ დაზიანებების ქირურგიულ მკურნალობას.

კვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდა ჩაღრმავებითი ინტერვიუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებთან. მათი განცხადებით, ადრე არსებული სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით ფინანსდებოდა ყველა გადაუდებელი მდგომარეობა და დღევანდელი მდგომარეობისგან განხვავებით ნოზოლოგიების ჩამონათვალი არ იყო მკაცრად განსაზღვრული. შესაბამისად, წინათ პაციენტი ფინანსურად დაცული იყო ნებისმიერი გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში.

ჩატარებული კვლევის ფარგლებში სტაციონარში ნამკურნალევ პაციენტთა დაავადებათა (ნოზოლოგიების) ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა, ტვინის ტრავმული შეშუპება, თავის ტვინის ინფარქტი განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიის ან სტენოზის გამო, წელის მალის მოტეხილობა, ჰიდროცეფალიის სხვა ფორმები, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, იდაყვის ნერვის დაზიანება, ანევრიზმის სხვა ფორმები, ჰემორაგიული ინსულტი, ექსტრადურული და სუბდურული აბსცესი დაუზუსტებელი, ეპიდურული სისხლჩაქცევა, წელის და სხვა მალთაშუა დისკების დაზიანება რადიკულოპათიასთან ერთად, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუზუსტებელი, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ნათხემში, თავის და ზურგის ტვინის გარსების სიმსივნე, საფეთქლის წილის ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის შერყევა, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა (იხ. ცხრილი 5).

ცერებროვასკულური დაავადებით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა განაწილება ასაკის მიხედვით (2014 წლის მაისი, ივნისი, ივლისი) ცხრილი 5

Picture6

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების სამკურნალოდ რესპოდენტებზე საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებული თანხა შეადგენდა მკურნალობის მთლიანი ღირებულების 81 %-ს, დანარჩენ 19% წარმოადგენდა ნებაყოფლობითი დაზღვევით ან თავად პაციენტის მიერ გადახდილ თანხას. რესპოდენტთა 45 %-ს მოუწია მკურნალობის ღირებულების გარკვეულ ნაწილზე თანხის ჯიბიდან გადახდა. მათ შორის, რესპოდენტთა 9 %-ის მიერ პირდაპირ გადახდილი თანხა შეადგენდა $1500-ზე მეტს, 10 %-ის მიერ პირდაპირ გადახდილი თანხა მერყეობდა $1000-დან $1500-მდე, 12 %-ის – $500-დან $1000-მდე, 14 %-ის – $50-დან $500-მდე. რესპოდენტთა 13 %-ს არ დაუფინანსდა გადაუდებელი ნეიროქირურგიული მკურნალობისათვის საჭირო მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (მაგ., კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია). პაციენტთა 12 % დაზღვეული იყო ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევით, შესაბამისად, მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები დაფინანსდა კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ლიმიტი (15 000 ლარი) პაციენტთა 9 %-ის მკურნალობისთვისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი. გამოკითხულთა 36-%-ს მოუწია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ღირებულების 30%-ის თანაგადახდა.

დასკვნა და რეკომენდაციები. ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილია ბაზისური სამედიცინო მომსახურების პაკეტით, სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაციების გარკვეული სახეები, ასევე არ ფინანსდება გადაუდებელ ნეიროქირურგიული მკურნალობისათვის საჭირო მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (მაგ., კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია). საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გადაუდებელი ნეიროქირურგიული მკურნალობისათვის განსაზღვრული ლიმიტი (15 000 ლარი – 8570 $) არ არის საკმარისი. პაციენტთა გარკვეულ ნაწილს მოუწია მკურნალობის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილის გადახდა (ზოგ შემთხვევაში იგი $2000-ს აღემატებოდა), რაც უარყოფითად ზემოქმედებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელთა შორის მთავარია ის, რომ მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში გადაუდებელი ნეიროქირურგიული ნოზოლოგიების ჩამონათვალის გაფართოება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, როგორიც არის კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. მნიშვნელოვანია გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების ჩართვა ისეთი ფინანსური ლიმიტით, რომ თავიდან იქნეს აცილებული პაციენტის კატასტროფული დანახარჯები.

აბსტრაქტი

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და მათ შორის გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაციების ფინანსური ხელმისაწვდომობა. პროგრამით განსაზღვრულია 24 ნოზოლოგია რომელთა სტაციონარული მომსახურება 100 %-ით ანაზღაურდება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გადაუდებელი ნეიროქირურგიული სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის შესწავლა. მეთოდოლოგია: კვლევისათვის შეირჩა საუნივერსიტეტო კლინიკა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“. გამოყენებულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუ ცენტრის მენეჯერების და სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით და პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით ნეიროქირურგიული პროფილის პაციენტებთან. შედეგები, დისკუსია: საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუმცა, მიუხედავად ბაზისური პაკეტით უზრუნველყოფისა, სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაციების გარკვეული სახეები და მკურნალობისათვის საჭირო მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (მაგ., კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია). სახელმწიფო პროგრამით გადაუდებელი ნეიროქირურგიული მკურნალობისათვის განსაზღვრული ლიმიტი (15 000 ლარი) არ არის საკმარისი. პაციენტთა გარკვეულ ნაწილს მოუწია მკურნალობის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილის ჯიბიდან გადახდა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. დასკვნა: მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში გადაუდებელი ნეიროქირურგიული ნოზოლოგიების ჩამონათვალის გაფართოება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, ასევე, გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების ჩართვა ისეთი ფინანსური ლიმიტით, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის კატასტროფული დანახარჯები.

ძირითადი საძიებო სიტყვები: ჯანდაცვა, სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა

ბიბლიოგრაფია

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2013 წლის ანგარიში. http://www.moh.gov.ge/files/angarishi-2013.pdf 2. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში 2013. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 36. საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ. 2013 წლის 21 თებერვალი http://ssa.gov.ge/files/2013/File/N36-2013.pdf 4. სოციალური მომსახურების სააგენტო http://www.moh.gov.ge/files/01_GEO/Banners/Left_Banners/failebi/sakoveltao.pdf 5. ლიბერალი საყოველთაო ჯანდაცვის ანატომია http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114468/ 6. სტატისტიკური ცნობარი 2012. არაგადამდები დაავადებების ტენდენციების ანალიზი 2011 წ http://www.ncdc.ge/ 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალი. http://cloud.moh.gov.ge/Pages/SearchPage.aspx 8. ჯანდაცვის განმტკიცების პროგრამა, 2014. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეფასება ბენეფიციარებისა და მომსახურების მიმწოდებლების ჭრილში საბოლოო ანგარიში http://www.moh.gov.ge/files/JAN-USID/1.pdf


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: