Posted by: burusi | 11/11/2014

ნანა ზარდიაშვილი – facebook-ის აპოლოგია, ანუ მე თქვენ მიყვარხართ, ფრენდებო!

ნანა ზარდიაშვილი

ნანა ზარდიაშვილი

ნანა ზარდიაშვილი – facebook-ის აპოლოგია, ანუ მე თქვენ მიყვარხართ, ფრენდებო!

როდესაც ერთ ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, რომლის აზრსაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და რომელთანაც მუდამ ვცდილობ თავი არ შევირცხვინო (თვითდისციპლინისთვის ასეთი ურთიერთობები სასარგებლოა, პრინციპში ყველა მეგობართან ამას უნდა ვცილობდეთ), ვუთხარი, რომ facebook-ში დავრეგისტრირდი, მან ცოტა არ იყოს ქედმაღლურად რაღაც ამგავრი მითხრა: ”გაგიჟდი, გოგო, რად გინდა ფბ ქართველს, აქ ხომ ცოცხალი და უშუალო ურთიერთობის ამდენი საშუალებაა”. მაშინვე თავის მართლებას შევუდექი – მჭირდება, თორემ ისე რად მინდა, რას ამბობ, ერთი წუთით შევიხედავ ხოლმე, მე რა, მე მაგათნაირი კი არა ვარ… იმიტომ, რომ თუ კარგი ტიპი ხარ, მოდურ რაღაცეებს ხომ უნდა გაემიჯნო, ხომ უნდა იცოდე, რომ მედია საშინელი მანქანაა (აი, ბოდრიარიც რას ამბობს ჩემს სტატუსში), რომ ეს ჩათები საზარლობაა და სოციალური ქსელებიც მედიაა და ე.ი. არ უნდა გაეკარო.

მაგრამ მერე ერთი რამ მოხდა, რამაც დამაფიქრა და რადიკალურადაც შემაცვლევინა აზრი და ”ამას წინეებზე”, მგონი, იმ ჩემი მეგობრის გადარწმუნებაც მომახერხებინა.

ერთ ფრენდთან, სრულიად უცნობთან წერილები გავცვალეთ. ჩემს ერთ ფუქსავატურ რეპლიკაზე მან სერიოზული, გულდასმით დაწერილი გზავნილით მიპასუხა. ყველა გესლიან პასაჟზე გასაოცარი სიმშვიდითა და პატივისცემით განმსჭვალული ტონით მომიგო და ამ ინტონაციით დავალდებულებულმა, მეც საპასუხო წერილის შეთხზვა ისე დავიწყე, როგორ ამას, ალბათ, ნებისმიერი ჩვენი წინაპარი აკეთებდა, როდესაც მაგიდაზე სუფთა ფურცელს შლიდა, წინ სამელნეს იდებდა და ხელში კალამს იმარჯვებდა, რათა გულდასმით გამოეყვანა თითოეული ასო და თავისი ადრესატისთვის გულისნადები გაეზიარებინა, ანუ დაეშეარებინა :).

ნახეთ რა ხდებოდა ტელევიზიის გამოჩენის შემდეგ – კულტურა თითქოს დამწერლობამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და ინფორმაციის ცირკულირებისა და კომუნიკაციისთვის მხოლოდ ორი მთავარი ინსტრუმენტი დაიტოვა – ხატ-სურათი (იმიჯი) და მის დაქვემდებარებაში მოქცეული ცხელებიანი ზეპირი სიტყვა, უპასუხისმგებლოდ წამოსროლილი, მხოლოდ თავისით დაინტერესებული და საპასუხო რეპლიკისადმი სრულიად ინდიფერენტული. და დაიწყო თოქ-შოუების შაბაში, სადაც ადამიანები მხოლოდ იმისთვის მიდიოდნენ, რომ ერთმანეთისთვის პრინციპულად არ მოესმინათ, ხოლო აუდიტორიას ამ ჩაშლილი საკომუნიკაციო აქტისთვის ედევნებინა თვალი. ჟურნალისტებს წერა აღარ უნდა სცოდნოდათ, ხოლო მაყურებლებს – კითხვა.

როგორც ჩანს, ამ პროცესში ჩარევა ”ზევიდან” (look above) გადაწყვიტეს და ამ მიზნით კულტურას (ან ტექნოლოგიებს, რაც ერთი და იგივეა, ალბათ) უცნაური სალტო გააკეთებინეს. მახსოვს, ამაზე უმბერტო ეკოც წერდა. ის ამბობდა, რომ კომპიუტერმა დაწერილი (აკრეფილი) სიტყვა დააბრუნა და ამით პრინციპულად დაუპირისპირდა ტელევიზიას. თეორიული ბაზისი ჩემი პოზიციის განსამტკიცებლად სუსტი მაქვს და ბევრი ციტატითაც ვერ ვიოპერირებ, მაგრამ ასე მგონია, რომ სოციალურმა ქსელებმა უცნაური, შემოვლითი გზით წარსული შემოაბრუნეს, წარსული, სადაც ეპისტოლარული ჟანრი, ალბათ, ერთ-ერთი ცენტრალური, უმნიშვნელოვანესი იყო.

აი, რა ხდება. კითხულობ ადამიანის კომენტარს, რომელსაც პრინციპულად არ ეთანხმები. ვერ აწყვეტინებ (უბრალოდ არა გაქვს ამის საშუალება), რაღაცას ვერ იგებ და ამიტომ კიდევ ერთხელ უბრუნდები წაკითხულს… და ჩნდება ის, რაც ასე აუცილებელია ნამდვილი კონტაქტისათვის – პაუზა, შესაბამისად რეფლექსია.

და მერე იწყებ პასუხის შეთხზვას. ფიქრობ და ნაფიქრს ასტრუქტურებ სიტყვებად, ფრაზებად, დაწერილ (დაბჭდილ) სიტყვებად და ფრაზებად, იმად, რასაც მერე შენი ადრესატი წაიკითხავს და რაც მის ”ინბოქს”-ში ან ”ვოლზე დარჩება. დაწერილი სიტყვა ძლევამოსილი რამაა… პირველ რიგში შენთვისვე, რადგან გადაკითხვის შესაძლებლობა გრჩება და უზნეოდ წამოსროლილს ასე ადვილად ვეღარ გაემიჯნები. ამიტომ უბრუნდები საკუთარ კომენტარს, შლი იმას, რაც არ მოგწონს და სხვა სიტყვების შერჩევას იწყებ. პროცესი ფუნდამენტურად, ძირეულად სხვაა, ვიდრე თოქ-შოუს (ძირს ყველა თოქ-შოუ )ფორმატში კომუნიკაციისას.

უცნობ ადამიანთან შემდგარი შეხვედრა, რომელთანაც არ გაკავშირებს რუტინა, საერთო ღირებულებები, გაღიზიანება, ზოგადად რაიმე განწყობა, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყება და სადაც ღირსეული, პატივისცემით განმსჭვალული დისტანცია არსებობს, მართლაც საიდუმლოა. აბა გაიხსენეთ, განსაკუთრებით შუახნის ხალხმა, რაზე საუბრობთ მეგობრებთან – როგორც წესი, არაფერზე. რაღაცნაირად უხერხულია, ცუდი ტონია საკუთარ განცდებზე ლაპარაკი, იმაზე, რაც წაიკითხე და რამაც ასე აგაღელვა. მე, პირადად, სულ ორი მეგობარი მყავს, ვისთანაც განყენებულ თემებზე ლაპარაკის ნებას ვაძლევ თავს. აქ კი ფრენდები ერთმანეთს საყვარელი ტექტსტების ბმულებს უგზავნიან და კითხულობენ, უსმენენ ერთმანეთის საყვარელ მუსიკას და წრეც იკვრება. ძველებური, დინჯი, მშვენიერი ”მიმოწერა” (მცირეოდენი დამატებითი, სასარგებლო ”ნავაროტკებით”) უკან დაგვიბრუნდა, ფრენდებო, და მე ეს ძალიან მახარებს.

გარდა ამისა, აქ თქვენსა და ჩემს შორის აღარ დგას ძლევამოისლი მედიატორი, ჟურნალისტი, რომლის ფუნქციაც სწორედ კონტაქტის ჩაშლაა და რომელსაც ასე დიდხანს ვაჩაგვრინებდით თავს.

ამას წინათ სწორედ ფბ-ს მეშვეობით ჯადოსნური დღე დამიდგა. გავხსენი გვერდი და ერთი ახალი ”ფრენდის” რეპლიკა დამხვდა. ამ ფრენდს თითქმის არაფერში ვეთანხმები, მაგრამ იმის გამო, რომ ყურადღებით ვკითხულობდი (და არა მოუთმენლად ვუსმენდი, ფრაზის გაწყვეტინების შანსის მოლოდინში) მის კომენტარებს, საოცარი სიმპათიით განვიმსჭვალე იმისადმი, თუ როგორ სერიოზულად, ვნებით და გულწრფელად მსჯელობს იმაზე, რაზეც მსჯელობს, როგორი განათლებულია და რა კარგად წერს. მოკლედ ამ უცნობმა ახალგაზრდა კაცმა მომწერა, ჩემი პრიორიტეტული ფრენდების შორტ ლისტში შეგიყვანეო. მეამა. მერე მეორე ფრენდის წერილი მივიღე, რომელსაც ძალიან, ძალიან, ძალიან ვცემ პატივს და რომლის აზრიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია (თუმცა პირადად არც მას ვიცნობ). ამ წერილში პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ირიბად ისე გამოუვიდა, რომ ”კარგ და საინტერესო” ადამიანად მივაჩნივარ. თვალებზე ცრემლი მომადგა. და მერე ძველმა მეგობარმა, რომელთანაც კონტაქტი კარგა ხანია აღარ მქონია მშვენიერი სიმღერის ბმული გადმომიგზავნა ასეთი ტქესტით: ” nana zardiashvils da yvela mas, vinc yoveldgiurobis autanel da titqos gamouval ertferovnebas hyavs “damonebuli”. ეს კი უკვე მეტისმეტი იყო. ეტყობა ისე ვირეაგირე, გამომეტყველებით, ან არ ვიცი, რით, რომ შეშინებულმა თანამშრომელმა მკითხა: ”ვაიმე, რა მოგივიდა?”. ეს არაჩვეულებრივი ნათელი განცდა, რომლის მსგავსსაც, ალბათ, ღრმა მედიტაციის მერე განიცდის მლოცველი, თითქმის ნახევარ დღეს გაგრძელდა და ის მე არასოდეს დამავიწყდება.

მე თქვენ მიყვარხართ, ფრენდებო, ოღონდ მართლა. ყოველთვის, როდესაც კომენტარში ვკითხულობ: ”ნანა,…”, ან ”ქალბატონო ნანა,…” ასე მგონია, რომ ვიღაცამ ყველაფერი გვერდზე გადადო, წყნარად ჩამოჯდა და ყურადღებით შემომხედა. განა არ გაკლიათ ყურადღებიანი მზერა ამ დაკლიპულ, ტემპიან და ცხელებიან აწმყოში?

ამიტომ მადლობა ვუთხრათ კულტურას ამ უცნაური სალტოსთვის, ეპისტოლარული ჟანრის, სიტყვის დაბრუნებისათვის და ჩავაფრინდეთ ამ შესაძლებლობას, ფრენდებო, რაც ძალი და ღონე გვაქვს.

P.S. მგონი, ტელევიზია და თოქ-შოუები სატანის ინსპირაცია იყო 🙂 და მერე ღმერთმა (look above), რომელსაც გული მოუკვდა ადამიანის ასეთი დაცემის გამო, სოციალური ქსელები შექმნა, სადაც საზარლად იძია შურის იმიჯზე დაფუძნებულ კულტურაზე და სიტყვა თავდაპირველ პატივში დააბრუნა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: