Posted by: burusi | 13/10/2014

დავით კლდიაშვილი “ჩემი ცხოვრების გზაზე”

დავით კლდიაშვილი - David Kldiashvili

დავით კლდიაშვილი – David Kldiashvili

დავით კლდიაშვილი “ჩემი ცხოვრების გზაზე”

“,, ეს მოგონებები იწერება იმ მოსაზრებით, რომ რომელიმე მკვლევარმა ჩვენი წარსული ცხოვრების სურათის დასახატად შეიძლება ამ სტრიქონებშიაც იპოვოს გამოსადეგი რამ მასალა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ამის დაწერაც გამართლებული იქნება და დამწერიც დიდად დაკმაყოფილებული.”

“…მოგვივიდა შეხნიერებული პოლკოვნიკი, ნამდვილი წარმომადგენელი იმ ჯურის ოფიცრობისა, რომელთაც ეძახიან ”ღრმა ფეხოსნებს” (გლუბოკაია პეხოტა) – ეს ჯური იყო დამყარებული სასტიკ ფორმალიზმზე, დისციპლინაზე და გარეშე სამსახურისა არა სწამდათ რა. ამას ზედ ემატებოდა კიდევ ის, რომ ახალი ნაწილის უფროსი იყო ჩუხონელი, არარუსი, და ყოველნაირად მეცადინეობდა დაეფარა ეს მისი არარუსობა… ბეჩავს ფიზიკურად, უფრო კი გონებრივად, მას სწამდა მხოლოდ რუსობა და ყოველი არარუსი მხედველობაში მისაღები არ იყო და არ უნდა არსებულიყო…

რაც დრო გადიოდა, ეს ”ღრმა ფეხოსანი” თანდათან იჩენდა თავის ობსკურანტობას; ეხებოდა ათასნაირ საკითხებს, სჭრიდა ყველას სამხედრო თვალსაზრისის მიხედვით, ეხებოდა ლიტერატურასაც, რასაკვირველია, თავისებურად, თავისი საზომით… მტკიცე უარი მივიღე, როცა ვუთხარი, რომ გვეწადა ჟუკოვსკის დღესასწაული გაგვემართა.

– ჟუკოვსკი?.. ჟუკოვსკი მაინცადამაინც არაფერი მწერალი იყო და რუსეთისათვის ბოროტების მეტი არა მოუტანია რა… მისი გავლენის ქვეშ მიეცა თავისუფლება ფინლანდიას… კინაღამ პოლონეთიც დავკარგეთ… მისი ლიბერალობის ნათესისაგან კიდევ შევწუხდებით! არა, არა… დავიწყებას მიეცით მისი სახელი, მისი ხსენება!…
მართლმადიდებლობა და რუსი – ამის გარეშე არაფერი არ უნდა ყოფილიყო რუსეთის სახელმწიფოში.

ერთხელ, რაღაც პარაკლისის შემდეგ, მღვდელმა მოინდომა ნაკურთხი წყლის შხურებით ჩამოვლა გუნდებისა. მინდორში ვდგავართ, გუნდებში ებრაელებია და მუსულმანებიც. ვუბრძანეთ ჩვენ-ჩვენ გუნდებში, მწკრივიდან გასულიყვნენ ისინი და უკან დამდგარიყვნენ, რათა აგვერიდებინა წყლის შხურებას. პოლკოვნიკმა დაინახა ეს და იყვირა – ჩამდგარიყვნენ მწკრივში, თავიანთ ადგილას.

_ ისინი ებრაელები და მუსულმანებია! – ვუთხარით.

_ მერე რა?.. რა ნება აქვთ ერიდონ წმინდა წყლის შხურებას? გთხოვთ, ფხიზლად უყუროთ საქმეს! _ მწყრალად გადმოგვძახა, ჩააყენა ყველა მწკრივში და მღვდელმაც გულმოდგინედ აშხურა ”წმინდა წყალი” და აჩრიდა სამთხვევად ჯვარს ებრაელებსაც და მუსულმანებსაც.

გასაოცარი გულმოდგინებით უნერგავდა ყველას, რომ რუსეთის იმპერიაში ყველა რუსია და რუსი უნდა იყოს.

არ დამავიწყდება, რაც იმ პოლკოვნიკმა ჩაიდინა ერთხელ ახალმოყვანილი ჯარისკაცების ოთხი თვის სწავლის დამთავრების გამოცდაზე.

ოთხთვიანი სწავლის დამთავრებული ახალგაზრდა ჯარისკაცები გუნდ-გუნდებად გვყავდა დაყენებული მინდორში. გამომცდელი, ეგზამენატორი – პოლკოვნიკია, რასაკვირველია.

მივიდა პირველი გუნდის ახალ ჯარისკაცებთან. თოფის ვარჯიშობის შემდეგ მისცა სხვადასხვა კითხვა. დაბოლოს ჰკითხა:

_ ვინ ხარ შენ?

ებრაელმა მიუგო: _ ებრაელიო.

პოლკოვნიკი გაჯავრდა და მიაყვირა. _ დურაკ!.. კაკოი ტამ ევრეი?!. აბა, შენ, ვინ ხარ შენ?

შეეკითხა მეორე ებრაელს. ეს მიუხვდა პოლკოვნიკს და ხმამაღლა, თამამად შესძახა:

_ რუსი!

_ რასაკვირველია რუსი!..ეს კარგად უნდა იცოდე, რომ რუსი ხარ!

ახლა გადავიდა მეორე გუნდის ახალგაზრდების გამოსაცდელად, რამდენიმე კითხვის შემდეგ ისევ შეეკითხა ერთ ჯარისკაცს:

_ვინ ხარ შენ?

მწკრივის მეორე რიგში იდგა ჯარისკაცი როსტომაშვილი.

_ვინ ხარ შენ? _ გადაუძახა პოლკოვნიკმა.

_როსტომაშვილი!

_ დურაკ! მე გეკითხები, შენ ვინ ხარ? გესმის თუ არა? _ მიაყვირა პოლკოვნიკმა.

ჯარისკაცი გაშრა შიშისაგან.

_მე შენ გეკითხები, ვინ ხარ შენ?

_არმიანინ! _ მიუგო გაუბედავად როსტომაშვილმა.

_ კაკოი თამ არმიანინ?!. გდე ტვოია როდინა, დურაკ?

ბიჭი დაიბნა, ხმას ვეღარ იღებდა. პოლკოვნიკმა მძლავრად მიაყვირა:

_ ია ტებია სპრაშივაიუ, დურაკა _ გდე ტვოია როდინა? სლიშიშ ტი!… გდე ტვოია როდინა?

_ გორი! წაილუღლუღა როსტომაშვილმა.

_ კაკოი ტამ გორი? ია ტებია სპრაშივაიუ, გდე ტვოია როდინა? _ არ ეშვებოდა გაჯავრებული პოლკოვნიკი. _ ნუ!
როსტომაშვილმა მიაშტერა თვალები პოლკოვნიკს და ”ნუს” შეძახებაზე წამოიძახა:

_ არმენია!

_ არმენია! _ იყვირა პოლკოვნიკმა _ არმენია?! კაკაია ტამ არმენია… ეტო ჩტო ტაკოე, კაპიტან უსპენსკი (როსტომაშვილის გუნდის უფროსი), გესმით რას ამბობს ეს თქვენი ჯარისკაცი?! ვინ ასწავლა მას ეს არმენია? სად გამონახა ამან არმენიოა?! ეტო ჩტო ზა ნოვოსტ! გდე ტვოია როდინა, დურაკ, გდე?!

დამფრთხალი როსტომაშვილი იდგა გაშტერებული, გამშრალი.

_ ვინ ეტყვის მას, სად არის მისი სამშობლო? ვინ არის იგი?

_ მე შემიძლია! _ მოისმა ხმა და პირველი გუნდის ახალგაზრდებიდან წამოიჭრა შავგვრემანი ჯარისკაცი.

_ ნუ!.. სკაჟი ემუ! _ პოლკოვნიკმა უკმაყოფილებით მიაპყრო თვალი, ეტყობოდა არ ესიამოვნა, რომ მის წინ ებრაელი იდგა. _ აბა უთხარი! _ კუშტად უბრძანა პოლკოვნიკმა.

_მისი სამშობლო რუსეთია და იგიც რუსია! _ თქვე ებრაელმა.

_ რასაკვირველია! _ წამოიძახა პოლკოვნიკმა. _ რასაკვირველია!

_შენი სამშობლო რუსეთია და შენ, დურაკო, რუსი ხარ, რუსი!

ჰმ, არმენია! უყურეთ ერთი!.. შენ შეიძლება მამა გყავდეს სომეხი, დედაც სომეხი იყოს, მაგრამ შენ რუსი ხარ… დიახ, რუსი, რუსი!.. არმენია!.. კაპიტან უსპენსკი, აწი აღარ გავიგონო ასეთი სისულელე!.. ეს ვაჟბატონი კი დასაჯეთ, რომ გადაივიწყოს მისი არმენია!.. ია ტებე პოკაჟუ არმენიუ!

გამოსაცდელ ჯარისკაცებს დაუარეს ოფიცრებმა და გააფრთხილეს, რომ პოლკოვნიკის შეკითხვაზე, თუ სად არის სამშობლო, ანდა ვინ ხარ _ ეპასუხნათ: რუსეთი და რუსი ვარო.

მეხუთე გუნდის ახალ ჯარისკაცებში მოქცეულიყვნენ რამდენიმე ყირგიზი და ბაშკირი; _ ამობუსკული პირისახის ძვლები, წვრილი, მოჭუტული თვალები.

_ ვინ ხარ შენ? _ მიმართა ერთს ამათგანს პოლკოვნიკმა.

_ რუსი! _ იყო პასუხი.

_ რასაკვირველია! _ კმაყოფილებით წამოიძახა პოლკოვნიკმა.

_შენ? _ შეეკითხა მეორეს.

_ რუსი! ძლივს წარმოთქვა შეშინებულმა ყირგიზმა.

_ რა ასე გაუბედავად ამბობ… თითქოს გერცხვინება, თუ უნდა გიხაროდეს, რომ რუსეთში ხარ და რუსი ხარ!..

ასეთი შეკითხვებით მიმართა დანარჩენებსაც და რა მიიღო მათგან პასუხად, რომ რუსები ვართო, პოლკოვნიკი კმაყოფილი დარჩა და გუნდის უფროსს უთხრა: _ ეტყობა გიმეცადინიათ და საკმაოდ შეგითვისებიათ მათთვის მათი ვინაობაო. უკმაყოფილო დარჩა მხოლოდ იმითი, რომ ჯარისკაცები ვერ უგებდნენ შეკითხვაზე, თუ საიდან წარმოსდგება მეფის ხელისუფლება და როგორ გადმოდის ღვთაებრივი ძალა, ღვთისაგან მეფისათვის მინიჭებული, მის მიერ დაყენებულ ყველა მოხელეზე…

რუსობას უნერგავდა გულმოდგინედ ოლქის მზრუნველიც ზავადსკი (პოლონელი), ცნობილი იანოვსკის ნაცვალი. ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ბათუმში მისი ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს. ბათუმის საქალაქო სასწავლებლის ერთ კლასში მან მოიხმო მოწაფე და შეეკითხა:

_ ვინ ხარ შენ?

_ აჭარელი! _ მიუგო მოსწავლემ.

_ აჭარელი, აჭარელი… სხვა არაფერი?

ბავშვი დაიბნა.

_ თათარი! _ თქვა მან გაჩუმების შემდეგ.
_ თათარს აქ რა უნდა? _ მოღუშვით წარმოთქვა ზავადსკიმ.

_ მუსულმანი ქართველი! _ გაასწორა მოწაფემ.

_ შენ არ გცოდნია შენი ვინაობა! _ მოიტა ხელი!

მოწაფემ ხელი გაუბედავად გაუშვირა. ზავადსკიმ მოჰკიდა ხელში ხელი, გადაუბრუნა აღმა ხელისგული და ზედ დაადო მარჯვენა ხელის მაჩვენებელი თითი. ბავშვი გაშტერებით მისჩერებოდა.

_ გაიმეორე ჩემთან: მე ვარ რუსი!.. მე ვარ რუსი!.. რუსი!.. რუსი! _

და ბავშვი რომ თრთოლვით იმეორებდა: მე ვარ რუსიო, ზავადსკი ხელისგულზე უკაკუნებდა თავის მაჩვენებელ თითს.

_ ახლა ხომ გაიგე ვინცა ხარ?!. _ დაიმახსოვრე კარგად და სხვასაც გააგებინე!.. ჩასძახა მან შეშინებულ ბავშვს.

ამ გზით ”აძლიერებდნენ” მეფის რუსეთს, მაგრამ ცხოვრება თავისას შვებოდა…”

***

“დიდ დახმარებას უწევდა სკოლას ბათუმის პოლიცმეისტერის, დურმიშხან ჟურულის მეუღლე ქეთევანი. ეს უკანასკნელი არა თუ ამ სკოლას უწყობდა ხელს, იგი იყო ბათუმის ქართველი საზოგადოების თავმომყრელი და სულისჩამდგმელი. მისი ოჯახი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ქართველები; მას დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული ქართველობაშიც და გარეშე მხრივაც. ბათუმში ჩამოსული ყოველი ინტელიგენტი ქართველი თავს მოვალედ რაცხდა ამ ოჯახში მისულიყო. ქართველ არტისტებს აქ დიდი ყურადღება ექცეოდათ და დიდად ხელი ეწყობოდათ. ქართული სკოლა ამ ოჯახის მზრუნველობით არსებობდა”

***

„ახლად დანიშნულ პოლიცმეისტერად ვინმე პოლკოვნიკი ვოზნესენსკი სწორედ სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. დიდი ენერგია დახარჯა მან ბათუმის გალამაზებისთვის, ფოთიდან მან გადმოიყვანა ნასწავლი მებაღე გერმანელი, ვინმე რესლერი, თავისი ხელობის ზედმიწევნით მცოდნე მოხუცი. განიერი ქუჩის ნაპირები შეიმკო დარგული ჭადრებით, ზღვის ნაპირად გაჩაღდა მუშაობა, _ შეუდგნენ ბულვარის კეთებას ქვიშაზე, ყველას ეცინებოდა, ასეთი მუშაობის წამოწყება ეუცხოებოდათ, თუ სიპ ქვაზე რა ბულვარი უნდა გაშენებულიყო, მაგრამ ვოზნესენსკიც და მისი მუდამ მოყუჩებული ბებერი რესლერი არხეინად განაგრძნობდნენ წამოწყებულ საქმეს – აყრიდნენ ქვიშას მიწას, თხრიდნენ ორმოებს, რგავდნენ მცენარეებს, არავის სჯეროდა, თუ ამ მუშაობიდან რაიმე სახეირო გამოვიდოდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკეთილო საქმე იყო დაწყებული – ზღვის ნაპირზე გაიშალა ლამაზი ნორჩი ბულვარი, შემდგომში ბათუმის მშვენებად გამხდარი“

***
“როცა “სამანიშვილის დედინაცვლის” ბეჭდვა დასრულდა ჟურნალში, პეტრე უმიკაშვილი შემხვდა ბათუმის ბულვარში.

– მე შენ ხმას არ გცემ! – შემომიტია პეტრემ. – რიგიანი კაცი მეგონე, თურმე კი ზარმაცი, ამჩატებული, უხეირო ყოფილხარ… ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა!.. გადმოვიყვანდი ქართლში, იქიდან კახეთში – რა სურათი იქნებოდა, რა იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახვიე დედინაცვალი!

– არ ვიცნობ ქართლსა და კახეთს.”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: