Posted by: burusi | 08/10/2014

აკაკი ბაქრაძე “არსებობის მარადისობის რღვევა, ანუ შვილის მკვლელი მამა”

1889, Christ in the Garden of Olives, ქრისტე გეთსიმანიის  ბაღში. პოლ გოგენი. Paul Gauguin

1889, Christ in the Garden of Olives, ქრისტე გეთსიმანიის ბაღში. პოლ გოგენი. Paul Gauguin

აკაკი ბაქრაძე “არსებობის მარადისობის რღვევა, ანუ შვილის მკვლელი მამა”

დანაშაული მოხდა.

პატიოსნებას გულისთქმამ სძლია და საფარბეგმა („გამზრდელი“) ძიძიშვილის ცოლი გააუპატიურა. სიყვარულის თავდავიწყებამ წაიღო და ონისემ („ხევისბერი გოჩა“) გუშაგის მოვალეობა დაივიწყა. მტერი შემოეპარა. უცხო ტომის ქალი შეუყვარდა და ანდრი („ტარას ბულბა“) დუშმანის მხარეს გადავიდა. ესეც არ იკმარა: თავისიანებს მედგარი ბრძოლა გაუმართა. ბავშვურ სულწასულებას ვერ მოერია და ფორტუნატომ („მატეო ფალკონე“) ბანდიტი ჯანეტო სანპიერო გასცა.

არც ხევისბერმა გოჩამ, არც ტარას ბულბამ, არც მატეო ფალკონემ შვილებს დანაშაული არ შეუნდეს და სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ ჰაჯი-უსუბი („გამზრდელი“) მოიქცა სხვანაირად: საფარ-ბეგის დანაშაული თავად ზღო თავი მოიკლა.

თითოეულმა მათგანმა – საფარ-ბეგმა, ონისემ, ანდრიმ, ფორტუნატომ – მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მკითხველი მაინც არ არის მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი, ებრალება ისინი და მათდამი თანაგრძნობის ნაპერწკალიც უღვივის გულში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ბუნებით პატიოსანი, კეთილი, გულწრფელი ადამიანები არიან. ისინი მზად არიან სიცოცხლის დათმობით გამოისყიდონ დანაშაული. მხოლოდ პატარა ფორტუნატო შედრკება სიკვდილის წინ. მამას შეევედრება, ნუ მომკლავო, მაგრამ ეს სრულიად გასაგებია – ფორტუნატო ათი წლის ბიჭი იყო.

საფარ-ბეგი, როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე მიხვდა დანაშაულის მთელ სისაძაგლეს. როცა დილით მძინარე საფარ-ბეგი ბათუმ გააღვიძა, პირველი, რამაც ბოროტმოქმედს გაუელვა თავში, იყო:

არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,
ჩანს, ნამუსი შეუნახავს.
ჩემს საქციელს სამარცხვინოს,
ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?

ნაადრევი გამოდგა საფარ-ბეგის ცოდვილი სიხარული. ბათუმ ყველაფერი იცოდა. თუმცა ძუძუმტე სასიკვდილოდ არ გაიმეტა:

– არა! შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია,
დედიჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია…

ერთი შეხედვით, უმაღლესი ზნეობით აღჭურვილმა ბათუმ დაჯაბნა საფარ-ბეგი, მორალურად გაანადგურა იგი. მაგრამ აკაკი წერეთელი გვიამბობს არა სინდისიანისა და უნამუსოს ბრძოლაზე, არამედ ადამიანში აღორძინებული პატიოსნების ტრაგედიას. საფარ-ბეგი ტოლს არ უდებს ბათუს:

… მართალი ხარ!
აღარა მაქვს მე სათქმელი!…
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვის ხელი!…
შენი ტყვე ვარ!… ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია..
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია…
ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,
მომკალ… ტანჯულს რამ მიშველე,
მაზღვევინე, რაც შეგცოდე,
სინდისი გამიმთელე!

აქ ერთმანეთის პირისპირ ორი თანაბარი მშვინვიერი ღირსების კაცი დგას, თუმცა ერთს დანაშაული აქვს ჩადენილი და მეორეს – არა. საფარ-ბეგმა გააცნობიერა თავისი დანაშაული და თავადვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი: მან არა მარტო ბათუს წინაშე დახარა თავი მორჩილად, არამედ – გამზრდელისაც. საფარმა ჰაჯი-უსუბს ალალად უამბო ყველაფერი, დაუმალავად და შეულამაზებლად.

მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ, მისი გამოზრდილი…

ასევე თავად აღიარა ონისემაც დანაშაული თემის სასამართლოს წინაშე. თუ ონისე გაჩუმდებოდა, სიმართლეს არ იტყოდა, დაისჯებოდა უდანაშაულო გუგუა. ამით კიდევ უფრო ცოდვილი გახდებოდა ონისეს სინდისი. იგი გამოუტყდა როგორც მამას, ისე საზოგადოებას.

„– შესდეგ, ხევისბერო. გუგუა მართალია! – დაიძახა ონისემ…
. . . . . . . . . . .
– სთქვი, რას ამბობდი?
– გუგუა მართალია-მეთქი, ტყუილად ნუ დასჯით… გუგუას და მე მიზეზი გვაქვს ერთმანეთის მოსისხლენი შევქმნილიყავით… ეგ მთიდგან რომ მოდიოდა, ბილიკებზედ იმად დაეშვა, რომ მე მოვეკალ… მაგრამ გზაში მტერს შეხვდა და მოღალატობას ტყუილად სწამობთ… მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა…“

ონისემ იცის, რაც ელის დანაშაულისათვის, მაგრამ მისთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე.

არსებითად განსხვავდება ანდრი ბულბას საქციელი საფარ-ბეგისა და ონისეს ქმედებისაგან. ანდრი ბულბა ბრძოლის დროს შეიპყრო მამამ. ანდრი პოლონელ ჰუსართა პოლკში იყო და კაზაკებს ებრძოდა. როცა ტარასმა შეამჩნია იგი, თავისიანებს სთხოვა, ტყეში შემოიტყუეთო. კაზაკმა გოლოკოპიტენკომ შეასრულა ტარასის დავალება. ის-ის იყო ანდრი გოლოკოპიტენკოს უნდა დასწეოდა, რომ ცხენის აღვირში უტაცა მამამ შვილს ხელი და გააჩერა. მამის დანახვაზე ანდრი გაფითრდა და აცახცახდა. ტარასმა ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანა. როგორც ბავშვი, მორჩილად ჩამოხტა იგი ცხენიდან და მკვდარ-ცოცხალი გაჩერდა ტარასის წინ. „იდექ, არ გაინძრე. მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“ – თქვა ტარასმა, გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და მხრიდან თოფი გადმოიღო. ანდრის ნაცრისფერი დასდებოდა, ეტყობოდა, ჩუმად ტუჩებს ამოძრავებდა, ვიღაცის სახელს ახსენებდა, მაგრამ არ იყო იგი არც სამშობლოს, არც დედის, არც ძმების სახელი – არამედ ტურფა პოლონელი ქალისა. დასცალა თოფი ტარასმა“ (ა. და ი.ახალშენიშვილების თარგმანი).

ანდრიმ უდრტვინველად მიიღო სასჯელი, მაგრამ არ განუცდია ღალატის გამო სინდისის ქენჯნა. დანაშაულის გაცნობიერება არ მომხდარა. ისევე როგორც ანდრის პოლონელი ქალი, ონისესაც თავდავიწყებით უყვარდა ძიძია. მაგრამ ხევისბერის შვილმა მაინც მოახერხა სიყვარულის ბანგისაგან განთავისუფლება. ანდრიმ ეს ვერ შეძლო. სიკვდილის წინ იგი მაინც მიჯნურობის მონა იყო.

სამივე პროტაგონისტი – საფარ-ბეგი, ონისე, ანდრი – პატიოსანი ადამიანია, მაგრამ ეს პატიოსნება სხვადასხვაგვარია. საფარ-ბეგისა და ონისეს პატიოსნებას, მართალია, დანაშაულის თავიდან აცილება არ შეუძლია. მაგრამ სამაგიეროდ ძალუძს დანაშაულის გაცნობიერება, მონანიება და სასჯელის მიღებაც, თუნდ იგი სიკვდილიც იყოს. ანდრი ბულბას პატიოსნება სხვაგვარად ფიქრობს: სიყვარულის ერთგულება უფრო მაღალ მოვალეობად მიაჩნია, ვიდრე – თანამოძმეებისა და თანამემამულეებისა. ანდრი არ ინანიებს თავის დანაშაულს. არც სასჯელს იღებს ნებაყოფლობით. ანდრი ბულბასთვის მამის სასჯელი გარდაუვალი აუცილებლობაა, რომლისგან თავის დაღწევა გამორიცხულია.

როცა აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, გოგოლისა და პროსპერ მერიმეს პერსონაჟებს ვაკვირდებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დანაშაული არ უნდა მომხდარიყო, რამეთუ არც ერთს არ კლია არც პატიოსნება, არც ნებისყოფა, არც ვაჟკაცობა. მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილებაა. მათი ხასიათის ღრმად შეცნობის დროს თანდათან გამოიკვეთება და გამომჟღავნდება მათი სულიერი სამყაროს ხარვეზი. ეს გახლავთ მორჩილება ვნებისადმი. საფარ-ბეგიც, ონისეც, ანდრიც ვნების მორჩილნი არიან, ფორტუნატო კი ბავშვური სიხარბის, უფრო სწორედ, სულწასულობის მსხვერპლია. აკაკი წერეთელი მაშინვე მიუთითებს და აღნიშნავს საფარ-ბეგის ხასიათის სუსტ მხარეს.საფარ-ბეგი მოსვლისთანავე ატყობინებს ბათუს, რა მიზნით ეწვია ძიძიშვილს სტუმრად და რატომ გადაწყვიტა მოიპაროს ალმასხიტ ინალიფას ცხენი. საფარ-ბეგს მზეთუნახავი ზია-ხანუმი შეჰყვარებია. მართალია, საფარი იცნობს ამ ქალის მზაკვარ ბუნებას, მაგრამ მის სილამაზეს ვერსად გაქცევია. საფარ-ბეგი ნანობს კიდეც ზია-ხანუმთან ურთიერთობას, მაგრამ სინანულს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვაჟი მთლიანად ემორჩილება ქალის ნება-სურვილს.

მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!..
და, თუ ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა…

ამ შემთხვევაში საფარი მთლად მართალს არ ამბობს. შეიძლება ეს გამოწვეულია იმით, რომ მან ზუსტად და მტკიცედ არ იცის, მართლა უყვარს თუ არა ზია-ხანუმი. საფარ-ბეგი საერთოდ ვერ არის გულგრილი ქალის მშვენიერებისადმი, ამიტომ ვნება და სიყვარული ვერ განუსხვავებია ერთმანეთისაგან. სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მარტო დარჩენილიყო ნაზიბროლასთან, რომ დავიწყებოდა სიყვარულიცა და მორდუობის ადათიც. ვნებით დაბრმავებულმა და ცნობაწართმეულმა არ დაინდო ძიძიშვილის ცოლი და ნამუსი ახადა მას. საფარ-ბეგის საქციელს წარმართავს დაუოკებელი ვნება და არა სიყვარული.

ონისესა და ანდრის საქციელს კი აპირობებს სიყვარული, თუმცა ტრფობისადმი მათი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.

ონისემ კარგად იცის, რომ არა აქვს ძიძიას სიყვარულის უფლება. ჯერ ერთი, ძიძია სხვისი ცოლია და, მეორეც, ონისე გუგუას ხელისმომკიდეა. ონისე ებრძვის გულში დაბუდებულ ტრფობას, ცდილობს გაექცეს, დაემალოს მას, მაგრამ ამაოდ. იგი ვერ ამართლებს მამის დარიგებასაც – „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი… ვინძლო ქვეყანა არ გააცინო…“ ძიძიას სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა და ონისემ დანაშაული ჩაიდინა.

ასეთივე ყოვლისმომცველი და ძლიერია ანდრის სიყვარულიც. მასაც თავდავიწყებით უყვარს პოლონელი ვოევოდას ასული. როცა ანდრი ალყაშემორტყმულ დუბნოში შეიპარა და საყვარელი ქალის ოჯახს საზრდელი მიუტანა, უარი თქვა, უკან, კაზაკთა ბანაკში დაბრუნებულიყო. „სამშობლო ის არის, რასაც სული დაეძებს, რაც ყველაზე მეტად შეგყვარებია. ჩემი სამშობლო შენ ხარ“, – უთხრა ანდრიმ ნანდაურს. საერთოდ, რომანის კონცეფციით, სიყვარული უძლეველ ძალად არის მიჩნეული. ერთ-ერთი პერსონაჟი, ებრაელი იანკელი, ტარას ბულბას ეუბნება – როცა კაცს ქალი შეუყვარდება, იგი დაემსგავსება წყალში დამბალ ლანჩას, როგორც გინდა ისე მოღუნავ. ანდრის დანაშაულიც
ამით არის გამოწვეული.

თუ ამ სამ პროტაგონისტს ერთმანეთს შევადარებთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე ტრაგიკულია ონისე. იგი საფარ-ბეგზე უფრო ღრმა პიროვნებაა იმით, რომ მას გულწრფელად და ალალად უყვარს ძიძია. ონისეს სიყვარული ნამდვილია. ამიტომაც ვერ დააღწია თავი ამ ტრფობას. საფარ-ბეგს კი ბრმა ვნება წარმართავდა მაშინ, როცა ნაზიბროლა გააუპატიურა.

ონისე ანდრი ბულბაზე ღრმა პიროვნებაა იმით, რომ მოვალეობას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე პირად გრძნობას. თანამემამულეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს მძაფრად განიცდის და მზად არის ყოველგვარი სასჯელის მისაღებად. ანდრი ბულბა კი პირად გრძნობას ამჯობინებს სამშობლოს. სრულიად არ განიცდის თანამემამულეთა წინაშე ჩადენილ დანაშაულს. თუ, ბოლოს და ბოლოს, ონისეში მოყვასის სიყვარული იმარჯვებს, ანდრი სიკვდილამდეს სიყვარულით გამოწვეული ეგოიზმის ერთგული რჩება.

რა თქმა უნდა, პატარა ფორტუნატო ვნებათა ამ სიმძაფრემდე ვერ მიდის. იგი ბავშვური სულწასულობის მსხვერპლი ხდება. როცა მას სერჟანტი გამბა საათის ჩუქებას შეჰპირდა – თუ იგი იტყოდა, სად იმალებოდა ჯანეტო – ბიჭმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თივის ბულულში დამალული ბანდიტი გაყიდა. ამ დანაშაულის საფუძველი სიხარბეა. ფორტუნატოს სიხარბე გაუცნობიერებელია და, ამდენად, მისი დანაშაულიც უნებლიეა. სამაგიეროდ ასე არ არის „გამზრდელში“. ზია-ხანუმის სიხარბე გაცნობიერებულია. იგი გადამდებია და შეიძლება სხვასაც უბიძგოს ბოროტებისაკენ. ასე დაემართა საფარ-ბეგს. ალმასხიტ ინალიფას ცხენის მოპარვა ნაკარნახევია ზია-ხანუმის სიხარბით. ქალის სიხარბეს საფარმა ვერაფერი დაუპირისპირა. პირიქით, მან ზია-ხანუმის გულის მოგება სცადა არა ქალის სიხარბის უარყოფით, არამედ მისი დაკმაყოფილებით. გაჩნდა დანაშაული. ჯერ შედარებით უბრალო – ცხენის მოპარვა და შემდეგ უკვე უპატიებელი – ძუძუმტის ცოლის გაბახება.

სიხარბეა „ხევისბერ გოჩაშიც“ ბოროტმოქმედების საფუძველი. ამჯერად ფეოდალის გაუმაძღრობით ვლინდება იგი. ნუგზარ ერისთავს არ ჰყოფნის უკიდეგანო მამული და თავისუფალი ხევის დაპყრობაც სურს. მზად არის ძმა ძმას გადაჰკიდოს და მეზობელს მეზობლის სისხლი აღვრევინოს, რათა სიხარბე დაიკმაყოფილოს, მტერ-მოყვარე დააშინოს და ყველა დაიმორჩილოს. მართალია, ნუგზარ ერისთავის მასშტაბისა არ არის, მაგრამ ზია-ხანუმსაც ძალაუფლებისმოყვარეობა აწამებს. ამ ქალს იმიტომ არ მოსწონს ალმასხიტ ინალიფა, რომ იცის, „სხვებსავით ის იმას ვერ იმსახურებს“. რაკი ალმასხიტი არ გახდება ზია-ხანუმის სიხარბის მსახური, ამიტომ ქალი სხვებს აქეზებს მის წინააღმდეგ. ცხადად ჩანს, რომ ზია-ხანუმის სიხარბე ადამიანთა ურთიერთობისიმ სახეობას ცნობს, რომელსაც მორჩილება ეწოდება. ასევეა ნუგზარ ერისთავიც. ოღონდ მისი სიხარბე გაცილებით დიდია და ვრცელი. მას ვერ დააკმაყოფილებს ცალკეულ პირთა მორჩილება. ნუგზარის მადა მთელი ხალხის მორჩილებას ითხოვს. ნუგზარის უსაზღვრო სიხარბემ გამოიწვია ძმათამკვლელი ომი. ომმა კი გაამჟღავნა ყველა დამალული ტკივილი.

„ტარას ბულბაშიც“ სიხარბე ამოქმედებს კაზაკთა სპასაც. „აქ მუდამ ჰპოვებდნენ საქმეს ომის, ოქროს თასების, ძვირფასი ფარჩების, ბაჯაღლო ოქროებისა და სხვა დიდების მოყვარულნი, – ყველა, გარდა ქალის თაყვანისმცემლებისა, რადგანაც ქალი სეჩის გარეუბანშიც კი ვერ გაბედავდა გამოჩენას“, – წერს გოგოლი. მართალია, ნათქვამია ისიც, რომ მართლმადიდებლობას იცავდნენ, ურჯულოებს – თურქებსა და თათრებს – ებრძოდნენო, მაგრამ ეს რომანში რიტორიკული განცხადებაა. საქმით კი ომის დამწყები კაზაკები არიან, ტარას ბულბას თავკაცობით. მშვიდობიანობაა, კაზაკებს არავინ ემუქრება. ასე არ მოსწონდა ტარასს. „ამიტომაც მუდამ იმის ფიქრში იყო, როგორმე სეჩი სალაშქროდ აღეძრა, სადაც ყველას შეეძლებოდა თავისი რაინდობა დაემტკიცებინა, საომარი ნიჭი გამოეჩინა. ბოლოს, ერთ დღეს მივიდა ტარასი კოშევოისთან და უთხრა პირდაპირ: – რაო, კოშევოი, განა დრო არ არის, გაინავარდონ საითმე ზაპოროჟიელებმა?
– საით მერე? – მიუგო კოშევოიმ, პირიდან პატარა ჩიბუხი გამოიღო და გვერდზე გააფურთხა.
– როგორც თუ საით? შეიძლება თურქებზე ან თათრებზე გავილაშქროთ.
– არ შეიძლება არც თურქებზე, არც თათრებზე, – უპასუხა კოშევოიმ და ისევ გულგრილად ჩაიდო პირში ჩიბუხი.
– როგორ თუ არ შეიძლება?
– ისე, სულთანს მშვიდობიანობის პირობა მივეცით.
– მერე ის ხომ ბუსურმანია: ღმერთიც და საღმრთო წერილიც გვიბრძანებს მათ ამოწყვეტას.
– უფლება არა გვაქვს. სარწმუნოებაზე რომ არ შეგვეფიცნა, იქნებ კიდევ მოხერხდებოდა, მაგრამ ახლა არ შეიძლება.
– როგორ თუ არ შეიძლება? როგორ ამბობ, უფლება არა გვაქვსო? აი, მე ორი შვილი მყავს, ორივე ახალგაზრდა. არც ერთი ჯერ ომში არ ყოფილა. შენ კი ამბობ: ვერსად წავალთ ზაპოროჟიელებიო.
– ჰოდა, ასე, არ შეიძლება.
– მაშ აგრე უქმად უნდა იყოს კაზაკის ძალ-ღონე მინებებული, რომ ძაღლივით გადიღრძოს კაცი და ერთი კეთილი საქმე არ გააკეთოს, სამშობლოსა და საქრისტიანოს არაფერი სარგებლობა არ მოუტანოს? (რბევა-აწიოკება ჰგონია ტარას ბულბას სამშობლოსა და ქრისტიანობის სამსახური – ა.ბ.) მაშ, თუ აგრეა, მითხარი, რაღადა ვცოცხლობთ, სიცოცხლეს რა ეშმაკად ვაქნევთ?“

ამ კითხვას კოშევოიმ არ უპასუხა, მაგრამ ომის გაჩაღებაზე კი მტკიცე უარი მოახსენა. გაბოროტებულმა ტარასმა კაზაკები წააქეზა – ძველი კოშევოი გადავაყენოთ და ახალი დავსვათო. ასეც გააკეთეს. „მეორე დღეს ტარას ბულბა უკვე მოელაპარაკა ახლადამორჩეულ კოშევოის, ზაპოროჟიელნი როგორ უნდა ამხედრებულიყვნენ და ვის წინააღმდეგ. კოშევოი ჭკვიანი და ეშმაკი კაზაკი იყო, მასთან ზაპოროჟიელთა ზნე-ხასიათის მეტად კარგად მცოდნე: „არა უშავს რა, ვინძლო ფიცს არ დავარღვევთ, ისე რასმე მოვიმიზეზებთ; ოღონდ ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ ჩემი ბრძანებით კი არა, თავისით, – ეს თქვენ უკეთ იცით, როგორ მოახერხოთ, – მაშინ ჩვენც სტარშინებთან ერთად უცბათ იქ გავჩნდებით მოედანზე, ვითომ არა ვიცით რა“.

კაზაკობა მოედანზე შეიკრიბა. დაიწყო სჯა-ბაასი. მზაკვრულად ხლართავდა საქმის ვითარებას კოშევოი. თან ხალხს მშვიდობისაკენ მოუწოდებდა, თან ომისაკენ აქეზებდა. ამ დროს ტანსაცმელშემოფლეთილ კაზაკთა ერთი ჯგუფი გამოჩნდა. ამბავი მოიტანეს – შავ დღეში ჩაცვივდნენო გეტმანშჩინაში კაზაკები.

თურმე ურიებს იჯარით აუღიათ საყდრები და თუ წინასწარ ქრისტიანი ფულს არ გადაიხდის, წირვა-ლოცვას ვერ ჩაატარებს. თურმე, თუ ურია პასქას ნიშანს არ დაასვამს, მისი კურთხევა არ შეიძლება. თურმე ქსენძები ტარატაიკებით დადიან უკრაინაში და, ცხენების მაგიერ, შიგ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აბამენ. თურმე ურიის ქალები ქვედა კაბებს მღვდლის ფილონებისაგან იკერავენ. თურმე გეტმანი სპილენძის ქვაბში მოუხრაკავთ და პოლკოვნიკებს მისი ხელ-ფეხი ბაზრობაზე დააქვთ. ეს მტკნარი სიცრუეა ბრბოს ასაღელვებლად გამოგონილი. მაგრამ რაც ეშმაკურად მოიფიქრეს, ეშმაკურად განახორციელეს. კაზაკთა სპა ქალაქ დუბნოს შეესია.

როგორც ვხედავთ, თუ „ხევისბერ გოჩაში“ მოხევეები თავს იცავენ მოძალადისაგან, „ტარას ბულბაში“ კაზაკები თავად პირველნი ესხმიან თავს მშვიდობიან ქალაქს.

თუ ნუგზარ ერისთავის სიხარბე სამფლობელოს გაფართოების სურვილით ვლინდება, ტარას ბულბასა და მისი ამხანაგების სიხარბე დავლის, ალაფის შოვნით გამოიხატება, რაც გარეგნულად ვაჟკაცობის სახელით არის შენიღბული. როგორც ცნობილია, სიხარბე მხოლოდ ადამიანის თვისებაა. ბუნება ამ გრძნობას არ იცნობს, მან იცის მხოლოდ აუცილებელი. ადამიანი კი ყოველთვის ცდილობს აუცილებელს მიუმატოს სიხარბე და სწორედ აქ ჩნდება დანაშაული.

ყოველი ადამიანის მშვინვიერ სამყაროში არსებობს კონფლიქტი აუცილებელსა და სიხარბეს შორის. თუ ადამიანმა მოახერხა და სძლია სიხარბეს, დაკმაყოფილდა აუცილებლით, მაშინ იგი იძენს სულიერ წონასწორობას, ერწყმის ბუნების ჰარმონიას და მონოლითურად მთლიანია. მან ამ გზით უკვე მოკვეთა ბოროტი და, ბუნებრივია, გაემიჯნა დანაშაულს. თუ აუცილებლისა და სიხარბის კონფლიქტის დროს ადამიანმა დაუთმო სიხარბეს, ვერ დაჯაბნა იგი, მაშინ ბოროტი იმარჯვებს და დანაშაულიც გარდაუვალია.

აკაკის „გამზრდელის“ პერსონაჟს ბათუს იმიტომ აქვს შენდობის დიდი უნარი, რომ თავისუფალია სიხარბისა და ამაოების გრძნობისაგან. აკაკი წერეთელი ასე ახასიათებს მას:

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.
კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!..
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი მისებრ დანაბადი?

როცა შინმობრუნებულმა ბათუმ შერცხვენილი და გაბახებული ცოლი ნახა, თავზარი დაეცა, მაგრამ ეყო სულის სიმტკიცე, ნუგეში ეცა გაუბედურებული ქალისათვის:

ყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური,
ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს
რას უჩივი, რათ ემდური?
გადააგდე გულიდან ეგ
ცრუ ზღაპარი და სიზმარი!…
მე და შენი სიყვარული
წმინდა არის, ვით ლამპარი.

შეიძლება ვინმემ გაიფიქროს (ყოველგვარი ზნეობის კაცი არსებობს ამქვეყნად), რომ ბათუ წინდაუხედავად მოიქცა, როცა მარტო დატოვა ნაზიბროლა და საფარ-ბეგი. ეს ფიქრი უსამართლო შეურაცხყოფა იქნება ბათუსი. ბათუმ ადამიანის უკეთილშობილესი თვისება გამოამჟღავნა. – ნდობა. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ თქმულება, რომელიც სწორედ იმ კუთხეშია შექმნილი, საიდანაც ნაზიბროლა იყო.

ერთ ჭაბუკს ბედაური ჰყოლია. მეორეს შესშურებია ეს და დაუკვეხნია – ცხენი ჩემი იქნებაო. რანაირად – გაოცებულან ტრაბახის გამგონენი – იმ ბედაურს ვერც იყიდი და ვერც მოპარვას მოახერხებო. მაშინ შურიანს ხრიკი მოუგონია. შემოუხევია ტანზე, დაუხოკავს სახე, ნაცემ-ნაგვემის გამომეტყველებ მიუღია და იმ გზაზე გაწოლილა, სადაც ცხენის პატრონს უნდა გაევლო. მართლაც გამოუვლია ჭაბუკს. დაუნახავს უბედურ დღეში ჩავარდნილი კაცი და მისაშველებლად გადმომხტარა ცხენიდან. შურიანს მოუსაწყლებია თავი: ვიგინდარები დამესხნენ, გამძარცვეს, მცემეს, ძლივს გადავრჩი. ვაგდივარ ასე უპატრონოდ, მშიერ-მწურვალი, იქნებ მიშველო და მახლობელ სოფელში მიმიყვანოო. აუყვანია ყმაწვილს, მატყუარა ცხენზე შეუსვამს და თავად ფეხით გაძღოლია წინ. სწორედ ეს უნდოდა ცრუსაც. ჰკრა თურმე ცხენს დეზი და გაქუსლა. თან ნიშნის მოგებით შემოჰყივლა თურმე ჭაბუკს – ხომ წაგართვიო ცხენი. გაოგნებული ყმაწვილი ერთხანს ჩუმად მდგარა და მერე მატყუარასთვის უთხოვნია – გემუდარები, არავის უამბო, როგორ მომტაცე ცხენი, თორემ ადამიანი ნდობას დაკარგავს. ყველა ყველას ეჭვის თვალით შეხედავს და უნდობლობა ქვეყანას დააქცევსო.

ადამიანთა ურთიერთობა ნდობის თვინიერ წარმოუდგენელია. თუ ადამიანი ძუძუმტესაც არ ენდო, როგორღა იცხოვროს მან? ან საზოგადოება როგორღა იარსებებს უნდობლად? ნდობის თვინიერ ადამიანთა საზოგადოება ბაკში შერეკილ ჯოგს დაემსგავსება და თუ არ იფანტება, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალტა მაღალი მესრით არის შემორაგული.

ლამპარივით წმინდა სიყვარულმა და სიხარბისაგან თავისუფლებამ დაბადა ბათუს დიდბუნებოვანი საქციელი, მისი სულდიდობა. ალ.ყაზბეგის ელგუჯასაც ლამპარივით წმინდა სიყვარული შველის შეუნდოს მზაღოს „დანაშაული“. მზაღომ ვერაფრით დაიხსნა თავი „ნაჩალნიკისაგან“. უფროსმა სძლია უღონო ქალს და ნამუსი ახადა. როცა განკურნებული ელგუჯა ისევ შეხვდა მზაღოს, ქალის პირველი სიტყვები იყო: „– დამნაშავე ვარ… თავი უნდა მომეკლა, მაგრამ შენი ნახვის სურვილმა შემიშალა ხელი… ამ სიტყვებზე ელგუჯა ხანჯალს მისწვდა, მაგრამ თავი შეიკავა, ისევ დაიკრიფა გულ-ხელი და ისე შეჭმუხვნილი უყურებდა.
– მითხარ, რაი ამბავია?
მზაღო მოუყვა თავის გაწბილების ამბავს, რომელზედაც ლაპარაკი მთელ სიცოცხლედ უღირდა.
– ეხლაც არ დარწმუნდები, რომ შენი ღირსი აღარა ვარ?
– ბარემ, ბარემ მინდოდა, აგრე მეთქვა, მაგრამ რაი ვქნა, რომ მიყვარხარ, ჩემ თავზედ მეტად… მიყვარხარ… – ელგუჯამ ძალზედ მიიკრა გულზედ მზაღო და დაუწყო გაშმაგებით კოცნა“.

ბათუსა და ელგუჯას საქციელი თანაბრად დიდსულოვანია. მაგრამ ყოველთვის არ ძალუძს მამაკაცს ამგვარი დამოკიდებულების გამოჩენა. უფრო ხშირად მას ეჭვი აწამებს და ამჟღავნებს მშვინვიერ სიღატაკეს. ამგვარი სულიერი სიდუხჭირის გამოვლენა აქვს აღწერილი ალექსანდრე კუპრინს მოთხრობაში „ზღვის ავადმყოფობა“. არც ელენე ტრავინა ყოფილა დამნაშავე. ისიც მოტყუებითა და ძალდატანებით დაამცირეს. ელენე ტრავინა ოდესიდან იალტაში მიდიოდა გემით. ქალი ზღვის სენმა შეაწუხა. მგზავრებით გაჭედილ გემში მყუდრო ადგილისა და საწოლის შოვნა ვერაფრით მოახერხა. იძულებული გახდა გემბანზე, სკამზე ჩამომჯდარს გაეტარებინა რამდენიმე საათი. როცა ეს შეამჩნია კაპიტნის თანაშემწემ, სულგრძელად შესთავაზა თავისი კაიუტა. კაპიტნის თანაშემწე იმ ღამეს მორიგე იყო და კაიუტა არ სჭირდებოდა. ელენეს არ უნდოდა იქ შესვლა, მაგრამ იმდენად უჭირდა ზღვის ავადმყოფობასთან ბრძოლა, რომ დასთანხმდა. კაპიტნის თანაშემწეს მზაკვრული განზრახვა ედო თურმე გულში: როგორც კი ზღვის ავადმყოფობითა და მგზავრობით დაღლილ-დაქანცული ქალი კაიუტაში დაიგულა, შეუვარდა და გააუპატიურა. უსაშველოდ აწამებდა ქალს მომხდარი ამბავი. შინდაბრუნებულმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ეთქვა თუ არა ქმრისათვის ყველაფერი. ბოლოს მაინც თქმა ამჯობინა და სერგეის უამბო, რაც შეემთხვა. ქმარმა მშვიდად მოისმინა ნაამბობი. ცოლს მოუალერსა, ტკბილი სიტყვით ანუგეშა და გაუქარწყლა შიში და ტკივილი. მაგრამ სერგეის სიმშვიდე ცრუ და მოჩვენებითი აღმოჩნდა. იგი იტანჯებოდა. მთელი ღამე არ უძინია. უცბად ლოგინიდან წამოხტა და წამოიძახა: ბავშვი, ბავშვი რომ გაჩნდეს, ელენე? იქნებ ის მეზღვაური სნეულია? ალკოჰოლიზმი, სიფილისი? და კაცმა მოსვენება დაკარგა. იგი ეხვეწებოდა ცოლს ეთქვა, რომ ყველაფერი ტყუილია, მოგონილია, მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ ამ ნაამბობით ქმრის გამოცდა ეწადა. ელენე მიხვდა, რომ სერგეის არ ეყოფოდა მხნეობა, სამშვინველის სიმტკიცე, სულდიდობა, მიეტევებინა ცოლისათვის უბედურება, რომელიც თავს დაატყდა. დილით ელენე ტრავინა სახლიდან გაიპარა. სერგეის დაუტოვა წერილი, რომლითაც ატყობინებდა ქმარს: ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელიც მიყვარდა. ნუ დამიწყებ ძებნას, ნუ შეეცდები შერიგებას. შენ იცი, რომ მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ხოლო წუხელ რაც გიამბე, ის სიცრუეა, მე გამოვიგონე.

ლევ ტოლსტოის უთქვამს: „ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებათ, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება – საწოლი ოთახის ტრაგედია“. ვისაც ძალუძს ამ ტრაგედიას შეგნებულად შეხედოს, ემოციას არ აჰყვეს და რუასით1 განსაჯოს, მას აქვს პატიების ღვთაებრივი უნარი. ეს უნარი გამოავლინა ბათუმ ნაზიბროლას მიმართ, ელგუჯამ – მზაღოსადმი. სერგეის კი იგი არ აღმოაჩნდა.

ნაზიბროლა მსხვერპლი იყო და ამდენად, თითქოს, ბათუს შედარებით იოლად შეეძლო მისი გაგებაც და პატიებაც. მაგრამ ეს რომ ადვილი არ არის, მკაფიოდ ჩანს ელენე ტრავინასა და სერგეის მაგალითით. ელენეც მსხვერპლი იყო, მაგრამ მის ქმარს ამის მიხვედრის ნიჭი არ გააჩნდა. ამიტომ ბათუს ადამიანური ბუნების სიღრმე განსაკუთრებით დასაფასებელია. ეს სიღრმე მოჩვენებითი და ცრუ კი არ არის, არამედ ნამდვილი, რადგან ბათუმ საფარ-ბეგის დანაშაულიც ასევე ბოლომდე შეიცნო. ბათუმ გამოძებნა სულიერი ძალა და არც საფარბეგი დასაჯა, რაკი დაინახა, რომ დამნაშავე ალალად ნანობს დანაშაულს და ესმის მისი საქციელის არსი. საყურადღებოა ის, რომ ბათუ დანაშაულს არ ურიგდება. მას შეუძლია დააფასოს დამნაშავის მონანიება, შეუძლია შეუნდოს, რაკი იგი თავად მიხვდა, რაც გააკეთა. დანაშაულთან შეურიგებლობამ გამოიწვია ის, რომ ბათუმ საფარ-ბეგი გამზრდელთან გაგზავნა. დანაშაული შეგნებულია. შენდობის აქტიც აღსრულებულია, მაგრამ საფარ-ბეგის ბედი მაინც არ არის გადაწყვეტილი. იგი მოვალეა, ეახლოს გამზრდელს და შეულამაზებლად უამბოს ყველაფერი. ასეც მოიქცა საფარ-ბეგი. როცა ჰაჯი-უსუბმა ნაამბობი მოისმინა, მან ნათლად დაინახა, რომ დაირღვა მოყვასის მოყვასისადმი სიყვარულის ჰარმონია. იგი ისევ რომ აღდგეს, აუცილებელია სასჯელი, რაც დაუვიწყარ გაკთევილად დარჩება არა მარტო საფარ-ბეგს, არამედ ყოველ ადამიანს. ამიტომ სასჯელი სამაგიეროს მიზღვა კი არ უნდა იყოს, არამედ ზნეობრიობის დემონსტრაცია. ცხადია, ჰაჯი-უსუბს შეეძლო დაესაჯა საფარი, მოეკლა იგი, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ სამაგიეროს გადახდა, ერთი დანაშაულის შეცვლა მეორეთი, ბოროტების მოკვეთა ბოროტებით. სასჯელი მაშინ გახდებოდა ზნეობრივი აქტი, როცა იგი გამოიხატებოდა არა ახალი დანაშაულით, არა ძალდატანებით, არა ბოროტებით, არამედ იმის მაგალითის ჩვენებით, როგორი უნდა იყოს პატიოსანი ადამიანის დამოკიდებულება დანაშაულისადმი. ჭეშმარიტად პატიოსანია მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ თავადაც აგებს პასუხს სხვისგან ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო. ჩვეულებრივ, როცა ერთი ადამიანი სჩადის სიკეთეს, მას სხვებიც ეტმასნებიან და ყოველგვარად ცდილობენ ამა თუ იმ დოზით იყვნენ მისი თანაზიარი. კეთილის თანაზიარობაზე არავინ ამბობს უარს, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი კეთილის ქმედებას წარმოიდგენს კოლექტიურად, ერთიან საზოგადოებრივ აქტად. ბოროტის, დანაშაულის მიმართ ეს გრძნობა არ არსებობს. ბოროტი და დანაშაული ყოველთვის გვინდა წარმოვიდგინოთ, როგორც ინდივიდუალური ქმედება, გავემიჯნოთ მას. ჩავთვალოთ, რომ დანაშაულს სჩადის ერთი, ინდივიდი, სხვა ყველა კი უმწიკვლო ვართ. მთლად ასე არ არის. როგორც კეთილს ვერ მოიმოქმედებს ადამიანი მარტოდმარტო და მას მოყვასის თანადგომა სჭირდება, ასევეა ბოროტიც. ვერც მას ჩაიდენს ინდივიდი მარტოდმარტო. მასაც სხვათა მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ბოროტების ქმედების თანაზიარი ყოველთვის არის საზოგადოება. მართალია, იურიდიულად სამართლის წინაშე ბოროტმოქმედი მარტო დგას, მაგრამ ზნეობრივი გასამართლების დროს, ინდივიდის გვერდით, საზოგადოებაც იგულისხმება. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პიროვნების პასუხისმგებლობას ამცირებს და შეღავათს აძლევს. მართალია კონსტანტინე გამსახურდია, როცა ამბობს – „არის რაღაც საშინელი მოირა იმ გარემოებაში, რომ ათასების ტკივილი ერთმა უნდა გადაიტანოს, ათასების მაგივრად ერთია მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი, ათასების ვარამი ერთმა უნდა იგრძნოს, ასეთი იყო მოსე, ასეთი იყო ბუდა, ასეთი იყო ქრისტე“ (გაზ.“ლომისი“, 1922 წ.,_3). რა თქმა უნდა, ყოველ პიროვნებას არ ძალუძს მოსეს, ბუდას ან ქრისტეს ძალა შეიძინოს, მაგრამ მათი ცეცხლის პაწია ნაპერწკალი მაინც უნდა უღვივოდეს სულში. სხვაგვარად პიროვნება ვერ იქნება. ვერ ზიდავს ზნეობრივი პასუხისმგებლობის ტვირთს. ამის შეგნება კი ყოველ ინდივიდს უნდა ჰქონდეს.

საფარ-ბეგის მონანიების დროს ჰაჯი-უსუბმა თავის თავი გაზრდილის დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნია და, ერთი შეხედვით, უცნაური და მოულოდნელი განაჩენი გამოიტანა:

შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!

და ჰაჯი-უსუბმა თავი მოიკლა. როგორც კი გავითვალისწინებთ, რომ ჰაჯი-უსუბს გამოჰქონდა არა იურიდიული, არამედ ზნეობრივი განაჩენი, გასაგები გახდება მისი საქციელის სიმართლე და სისწორე. როგორც ვნახეთ, საფარბეგის დანაშაულის საფუძველი ჰაჯი-უსუბმა თავის თავში მოძებნა. ეს განაპირობა არა მარტო იმან, რომ ჰაჯი-უსუბი საფარის გამზრდელი იყო, არამედ უფრო მეტად იმის შეგნებამ, რომ ადამიანები მისტიკური ერთიანობით არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი. ერთის კეთილი მეორის კეთილიც არის და ერთის ბოროტი მეორის ბოროტიც არის. ამრიგად, ჰაჯი-უსუბის პატიოსნება არის პატიოსნება, რომელსაც უნარი აქვს სხვისი დანაშაულის საფუძველი თავისთავში იპოვოს და თავად აგოს პასუხი.

არც ხევისბერ გოჩას, არც ტარას ბულბას, არც მატეო ფალკონეს ეს უნარი არ გააჩნია.

ხევისბერმა დააყვედრა კიდეც შვილს – „მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასაგან მოძულებული, დედმამის საფლავიდგან ამომგდებო!..“ ვერც თემის თხოვნამ – „შენს შვილს ხევი არ გაუყიდია. მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია..“ – შეანელა გოჩას მძვინვარება. მამამ შვილი სატევით განგმირა.

სრულიად გულგრილად, ისე, რომ ხელიც არ აკანკალებია, მოკლა შვილი ტარას ბულბამ. იგი დაჰყურებს მკვდარ ანდრიას და ამბობს: „რით არ იქნებოდა კაზაკი?.. ტანი მაღალი, შავი წარბები, სახე ნაზი, კეთილშობილი, მკლავი მაგარი ბრძოლაში – და დაიღუპა! ძაღლივით უსახელოდ დაიღუპა!..“ ასე შვილზე კი არა, მტერზეც ვერ ილაპარაკებ. როცა ოსტაპმა ანდრის დამარხვა სთხოვა მამას, ტარასმა უპასუხა: „უჩვენოდაც დამარხავენ. ჭირისუფლები და ნუგეშისმცემელნი გამოუჩნდებიან!..“ მართალია, მერე ორიოდე წუთით კი დაფიქრდა – დაემარხა თუ არა შვილი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ვეღარ მოასწრო, რადგან მტერი უტევდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო. როცა ანდრის ვადანაშაულებთ, ერთი რამ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ: იგი შეაძრწმუნა და შესძრა კაზაკების მიერ ალყაშემორტყმულ დუბნოში ნახულმა სურათმა.

„ანდრის სუსტი კვნესა შემოესმა თითქოს. მიმოავლო თვალი და შეამჩნია, რომ მოედნის მეორე მხარეს ორი თუ სამი ადამიანი იწვა მიწაზე, თითქმის სრულებით უძრავად. უფრო მიაშტერა თვალი ანდრიმ და ყურადღებით დაუწყო ცქერა,რათა გაერჩია, ეძინათ თუ მკვდრები იყვნენ, რომ ამ დროს რაღაც რბილს ფეხი წამოჰკრა. ეს იყო ალბათ ურიის ქალის გვამი. ეტყობოდა, ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუძლურებულ და განაწამებ სახეზე ეს აღარ ემჩნეოდა. თავზე წითელი აბრეშუმის თავშალი ჰქონდა მოხვეული, ყურსაფარზე ორ რიგად უბრალო მძივი თუ მარგალიტი ჰქონდა შემოვლებული. ორი-სამი გრძელი ჩაწნული კულული გამხმარ, ძარღვებდაჭიმულ ყელზე გადმოშლოდა. გვერდით ეწვა ბავშვი, რომელსაც გამშრალ და გამხმარ – ძუძუსთვის წაევლო ხელი და უნებური ბრაზით მთლად მოეგრიხა თითებით, რახან რძე ვერ ეპოვნა. ბავშვი ახლა აღარ ტიროდა, აღარც ყვიროდა, მხოლოდ ოდნავ მფეთქავ მუცელზეღა შეატყობდა ადამიანი, რომ ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო. სულსა ლევდა. ქუჩებში რომ შეუხვიეს, აქ უცებ ვიღაც შეშლილი დახვდათ, რომელმაც დაინახა თუ არა ძვირფასი ტვირთი, სტაცა გაშმაგებულმა ხელი და შეჰყვირა „პურიო“. მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. ჰკრა ხელი ანდრიმ და შეშლილი მიწაზე გაიშხლართა. შეებრალა ანდრის გიჟი და ერთი პური გადაუგდო, რომელსაც იგი მაშინვე ცოფიანი ძაღლივით ეცა. დაღრღნა, დაკბინა პური გიჟმა და დაკრუნჩხულმა საშინელი ტანჯვით იქვე ქუჩაში დალია სული, რადგან საჭმელს უკვე გადაჩვეული იყო. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შიმშილის უბედურ მსხვერპლთ ხვდებოდნენ. თითქოს ტანჯვა სახლში ვეღარ აუტანიათო, ბევრი ქუჩაში გამოსულიყო: იქნება მასაზრდოებელი რამ ჰაერმა მაინც მოგვივლინოსო. ერთი სახლის კართან ბებერი დედაკაცი მიმჯდარიყო, მაგრამ ვერავინ შეატყობდა – ეძინა, მომკვდარიყო თუ თავდავიწყებას მისცემოდა; სმენით სრულიად აღარა ესმოდა რა და ვეღარას ხედავდა. ჩაეკიდა თავი და იჯდა უძრავად. მეორე სახლის ჩარდახიდან თოკი იყო ჩამოშვებული და ზედ ჩამომხრჩვალი კაცის ჩამომჭკნარი გვამი ეკიდა: საბრალოს შიმშილით ტანჯვა ვეღარ აეტანა და თვითმკვლელობა ემჯობინებინა. შიმშილობის ასეთი საზარლობა რომ ნახა, ვეღარ მოითმინა ანდრიმ და დაეკითხა თათრის ქალს: – ნუთუ ვეღარაფრით მოახერხეთ თავის გატანა? კაცს რომ მეტისმეტად გაუჭირდება, ყველაფერი უნდა ჭამოს, რასაც წინათ იზიზღებდა, – შეუძლია სჯულით აკრძალული ცხოველებიც კი ჭამოს; ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოიყენოს საზრდოდ.
– ყველაფერი შევჭამეთ, – უპასუხა თათრის ქალმა, – ვერაფერ ცხოველს, ვერც ცხენს, ვერც ძაღლს, ვერც თაგვს აქ ვეღარ იპოვით“.

ასეთსავე საზარელ მდგომარეობაშია ანდრის სატრფოს ოჯახიც. ერთი მხრივ, ამ მძიმე მდგომარეობამ და მეორე მხრივ, პოლონელი ქალის სიყვარულმა ანდრი დააბნია. თავგზადაკარგულმა ჭაბუკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: თავისიანების წინააღმდეგ აღმართა მახვილი.

ტარას ბულბას კი არაფრის მხედველობაში მიღება არ სურს – არც იმის, რომ კაზაკები თავად იყვნენ თავდამსხმელნი, არც იმის, რომ ქალაქი საშიმშილოდ გაწირეს და იქ ჯოჯოხეთური პირობები შექმნეს, არც იმისა, რომ ანდრიმ დამშეული ადამიანები იხსნა.

ანდრი თავისი საქციელით უფრო კეთილშობილია, ვიდრე ტარასი. ტარასისათვის სრულიად უცნობია ადამიანის სამშვინველის რთული მოძრაობა. იგი კაზაკობის ბრმა ერთგულია და სხვისგანაც ამას მოითხოვს. ტარასის სჯერა, რომ, ვინც ამ ერთგულებას უღალატებს, იგი სიკვდილის ღირსია. შვილსაც ამიტომ კლავს.

არც მატეო ფალკონე უწევს ანგარიშს გარემოებას. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ფორტუნატო ბავშვია, რომ ბალღი იოლად გააბრიყვა გამოცდილმა და გაქნილმა ჟანდარმმა. არც შვილის ვედრებამ იმოქმედა მატეო ფალკონეზე. მან სრულიად მშვიდად მოკლა ფორტუნატო და ასევე აუღელვებლად უთხრა ცოლს – „…ახლავე დავასაფლავებ, მოკვდა, როგორც ქრისტიანი, მღვდელს ვაწირვინებ. ჩვენს სიძეს ტეოდორო ბინკის უნდა შევუთვალოთ, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად“ (გ.ქიქოძის თარგმანი).

შვილის მოკვლა მამის მიერ, რა პირობებშიც უნდა მოხდეს ეს, ანტიბუნებრივი მოვლენაა. ამგვარი პათოლოგიური შემთხვევა აღწერეს გოგოლმა, პროსპერ მერიმემ, ალ.ყაზბეგმა. თუმცა ყაზბეგი უფრო დამაჯერებლად ხატავს მამის მიერ შვილის მკვლელობის სურათს. ჯერ ერთი, ხევისბერი აფექტის დროს კლავს ონისეს. ე.ი. გოჩას საქციელი არაცნობიერია. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს ქმედება კი ცნობიერია. ისინი ამას წინასწარმოფიქრებულად აკეთებენ. მეორეც, როგორც კი ხევისბერმა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, იგი გაგიჟდა. ბუნებრივია, ჩადენილი აქტის სიველურე თავზარდამცემია და ვერც ერთი ნორმალური გონება ვერ გაუძლებს მას.

თუ ზნეობრიობის თვალსაზრისით შევხედავთ ალ.ყაზბეგის, გოგოლის, პროსპერ მერიმეს აღწერილ შემთხვევებს, უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს უფრო დიდი უზნეობა, ვიდრე მამის მიერ შვილის მოკვლაა (ან შვილის მიერ მამის მოკვლა). მაგრამ ხევისბერმა გოჩამ ზღო ეს დანაშაული, გამოწვეული ელდის დაცემით. მან გონება დაკარგა, თავადვე შეიქმნა თავისივე საქციელის მსხვერპლი. ტარას ბულბასა და მატეო ფალკონეს სულიერ სამყაროში შვილებისადმი თანაგრძნობის მისხალიც კი არ აღმოჩნდა.

ძველი აღთქმის დაბადების წიგნში (თავი 22) ნაამბობია: აბრაამს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა – წაიყვანე შვილი შენი ისააკი მაღალ ქვეყანას და შესწირე მსხვერპლად უფალს. ადგა ადრე დილით აბრაამი დააპო შეშა, შეკაზმა სახედარი, იახლა ორი მონა და, ისააკთან ერთად, გაემართა ღმერთის მითითებულ ადგილისაკენ. მესამე დღეს დაინახა აბრაამმა ადგილი, რომელიც უჩვენეს. იქვე დატოვა მონები და ვირი. დაუბარა მათ: წავალთ მე და ისააკი, თაყვანს ვცემთ და დავბრუნდებით, წაიღეს შეშა, ცეცხლი და დანა. ბიჭმა იკითხა – გვაქვს შეშა და ცეცხლი, მაგრამ სად არის სამსხვერპლო ცხვარი? მამამ უპასუხა: ღმერთმა თავად უწყის რომელია ტარიგი. მივიდნენ მინიშნებულ ადგილას. აბრაამმა გააკეთა საკურთხეველი, დააწყო ზედ შეშა, შეკრა ისააკი და დააწვინა სამსახვერპლოდ. აღმართა დანა შვილის დასაკლავად, მაგრამ უფლის ანგელოსმა მოუწოდა აბრაამს – ნუ მოკლავ ჭაბუკს. ვხედავ, როგორ გშინებია ღმერთის, რაკი არ შეიბრალე ერთადერთი ძეც. აღაპყრო თვალნი აბრაამმა და უკან დაინახა ვერძი, ჯაგნარში რქებით გაბმული. დაიჭირა იგი, შესწირა ღმერთს შვილის მაგიერ და უწოდა იმ ადგილს იეჰოვა-ირე, რაც ნიშნავს „უფალმა იხილა“.

ანდა ბერძნულ მითს დავაკვირდეთ. ამბავი მაშინ მოხდა, როცა ბერძნები ტროაში მიდიოდნენ საომრად. ელინთა სარდალმა აგამემნონმა შველს ისარი ესროლა. შველი თურმე ქალღმერთ არტემიდეს ეკუთვნოდა. ატრევსის ძის თავხედობამ განარისხა ქალღმერთი. მან პირქარი მოუვლინა ბერძენთა ხომალდებსა და ტროასკენ წასვლის საშუალება მოუსპო. აგამემნონი იძულებული გახდა შევედრებოდა არტემიდეს და საშინელი ფიცი მიეცა. თუ ზურგქარს მოგვივლენ და ომშიაც დაგვეხმარები, ღვიძლ ქალიშვილს იფიგენიას შემოგწირავო ზვარაკად. მამამ ავლიდში ჩამოიტყუა შვილი დაპირებით – აქილევსს უნდა გაგაყოლოოო ცოლად. გათხოვების მაგიერ, აგამემნონმა არტემიდეს ბაგინზე გაგზავნა შვილი მსხვერპლად, მაგრამ ქალღმერთს შეებრალა უმანკო ასული და საკურთხეველზე შველით შეცვალა იგი. მერე იფიგენია ტავრიდში წაიყვანა ქალღმერთმა და ქურუმი გახადა.

სხვათა შორის, პომპეიში არსებობდა ანტიკური ფრესკო (ამჟამად ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი), რომელზეც ასახულია იფიგენიას ზვარაკად მიყვანა. იფიგენია ორ მონას უჭირავს ხელში და ბაგინისაკენ მიჰყავთ. მოშორებით, შვილისაკენ ზურგშექცეული დგას აგამემნონი. მას ხელი აქვს თვალზე აფარებული და სახე არ უჩანს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აგამემნონის ამგვარი გამოსახვა მხატვრის დიდ ნიჭიერებას მეტყველებსო. არავის ძალუძს გვიჩვენოს დამაჯერებლად მამის ტანჯვა, როცა იგი შვილის სიკვდილს უყურებს (მით უმეტეს, მკვლელობას). ამიტომ, როგორც უნდა დაეხატა მხატვარს აგამემნონის სახე, მაინც უკმარობის გრძნობას დაუტოვებდაო მაყურებელს. ახლა კი, როცა მის სახესა და თვალებს მნახველი ვერ ხედავს, თავად შეძლებისამებრ შეუძლია წარმოიდგინოს მამის ტანჯვა.

ალბათ, ამიტომ არის, რომ ყაზბეგმაც, გოგოლმაც, მერიმემაც მამების საქციელი აღწერეს, მაგრამ არ გადმოუციათ მათი სულის მოძრაობა შვილების მკვლელობის დროს. არც ერთი მათგანი არ შეეჭიდა შეუძლებელს. დღესავით ნათელია ორივე მითის აზრი: მამის მიერ შვილის მოკვლა ღმერთისათვის არასასურველი საქციელია. არაფერს ცვლის ის გარემოება, რომ ისააკი და იფიგენია უდანაშაულონი იყვნენ. მართალია, ეს თითქოს აძლიერებს მამების ულმობელობას, მაგრამ ახლა ხომ იმის გამო არ ვმსჯელობთ – რომელი მამა უფრო შეუბრალებელია, ის, ვინც უდანაშაულო შვილს იმეტებს მსხვერპლად, თუ ის, ვინც დამნაშავე შვილს ჰკლავს. უმთავრესად ის მიმაჩნია, რომ შვილის მოკვლით მამა არსებითად თვითმკვლელობას სჩადის, რამეთუ ანადგურებს საკუთარ მომავალს. ეს ნათლად იხატება ალ.ყაზბეგის მოთხრობაში, როცა ონისეს მოკვლის შემდეგ გოჩა გიჟდება. მართალია, „ტარას ბულბასა“ და „მატეო ფალკონეში“ მომავლის განადგურების მოტივი უშუალოდ არ ვლინდება, მაგრამ თავისთავად იგულისხმება. ტარას ბულბა მტრებს რომ არ დაეწვათ, სულერთია მაინც ძირამოგდებული, უმომავლო კაცია. იგი ქვეცნობიერად გრძნობს ამას, როცა ყველა ღონეს ხმარობს იხსნას მეორე შვილი. ასევეა დაქცეული მატეო ფალკონეს მომავალი. იგი იძულებულია სხვას მოუხმოს, ოჯახი რომ ჩააბაროს.

ამრიგად, მამამ, რომელმაც შვილი მოკლა, არსებითად ჩაიდინა თვითმკვლელობა (ე.ი. გაიმეორა ჰაჯი-უსუბის საქციელი), მოისპო მომავალი, დაარღვია ბუნების კანონი (მამა უნდა მოკვდეს, შვილი დარჩეს) და გაწყვიტა დროთა კავშირი. ლიტერატურაში ამ პრობლემას ეწოდება ანტიდაბადება ან არსებობის მარადისობის დარღვევა.

აკაკი წერეთლის გამზრდელი სჯის დანაშაულს, მაგრამ არ არღვევს არსებობის მარადისობის კანონს. წარსულის სახელით არ ჰკლავს მომავალს. თუ შვილების მიმართ ასე დაუნდობელი არიან ტარას ბულბა და მატეო ფალკონე, როგორიღა იქნება მათი დამოკიდებულება საერთოდ მოყვასისადმი? მათ ქმედებას შეუბრალებლობა და დაუნდობლობა წარმართავს და არა სიყვარული. ორივე სრული უარყოფაა ზნეობრივი პრინციპისა – „უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმა მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“. უცოდველი კაცი კი ამქვეყნად არ არსებობს. გაიხსენეთ სახარების იგავი. ხალხს ერთი დედაკაცი შეეპყრო. ამ ქალს მრუშება ედებოდა ბრალად. იგი იესოს მიჰგვარეს და უთხრეს: მოძღვარო, ეს ქალი მეძავია. მოსეს სჯულის თანახმად იგი ქვით უნდა ჩაიქოლოს. რას იტყვით? იესომ თავი ჩაქინდრა. იგი თითით მიწაზე რაღაცას წერდა და დუმდა. მერე თავი ასწია და ხალხს უთხრა: თქვენს შორის ვინც უცოდველია, პირველად მან ესროლოს ამ დედაკაცს ქვა. და ისევ ჩაღუნა თავი. არავინ აღმოჩნდა უცოდველი. ყველა ჩუმად გაიპარა. დარჩნენ მარტონი ქრისტე და ქალი იგი. როცა იესომ ისევ ასწია თავი, მიმოიხედა და ვერავინ იხილა, ჰკითხა მან მეძავს: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? დედაკაცმა მიუგო: არავინ, უფალო. მაშინ იესომ ეს თქვა: არც მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერიდან ნუღარა სცოდავ (იოანე, VIII, 3-11).

თუ უფალიც კი ცდილობს არ განიკითხოს ცოდვილი, კაცს ვინ მისცა ამის უფლება? მაგრამ უსაზღვროა ადამიანის ამპარტავნება და მუდამ ცდილობს სხვათა მსაჯულის როლი იკისროს. ეს კი ხშირად ხდება დანაშაულის საფუძველი.

როგორც ონისეს მოკვლა არის ხევისბერის დასჯაც, ასევე იქნებოდა ჰაჯი-უსუბის დასჯაც საფარ-ბეგის მოკვლა. ამიტომაც ამჯობინა გამზრდელმა თვითმკვლელობა. აკაკი წერეთელი აქ ქრისტიანული მითის მოდელს იმეორებს. ადამიანთა ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ძე ღმერთმა თავი გაწირა – ჯვარს ეცვა. საკუთარი სისხლითა და ხორცით ზღო სხვათა დანაშაული. ასევე საკუთარი სიცოცხლით გამოისყიდა ჰაჯი-უსუბმა საფარ-ბეგის დანაშაული. შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ჰაჯი-უსუბის თვითმკვლელობა აორკეცებს საფარ-ბეგის დანაშაულს. ეს თვითმკვლელობა საფარ-ბეგის სამშვინველის განწმენდას იწვევს. კაცი, რომელსაც დანაშაულის გაცნობიერება შეუძლია, ვერ დარჩება გულგრილი ჰაჯი-უსუბის საქციელისადმი. საფარ-ბეგს კი დანაშაულის გაცნობიერება ძალუძს. ამას მოწმობს ისიც, რომ იგი სასიკვდილოდ გამზადებული, თავდახრილი იდგა ბათუს წინაშე და ისიც, რომ გამოცხადდა გამზრდელთან და თავად უამბო ყველაფერი. ასეთი ადამიანი ჰაჯი-უსუბის სიკვდილის მერე სხვანაირად და სხვა ზნეობით იცხოვრებს. ჰაჯი-უსუბი მარტო სიცოცხლეში კი არ იყო საფრა-ბეგის მოძღვარი, არამედ –სიკვდილშიაც. მან სიკვდილით გაცილებით მეტი ასწავლა საფარ-ბეგს, ვიდრე ალბათ ცხოვრებით. წარსულმა (ჰაჯი-უსუბმა) მომავალს (საფარ-ბეგს) პატიოსანი არსებობის უკვდავი გაკვეთილი მისცა.

ამ მოდელს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ვლინდება, რა პრინციპით ცხოვრობს ადამიანი – დანაშაულის გამოსყიდვისა თუ შურისგების? ცალკეული პიროვნება იქნება თუ მთელი საზოგადოება არ შეიძლება ცხოვრობდეს შურისგების პრინციპით. ასეთი პიროვნება და საზოგადოება უმომავლოა. დანაშაულის შენდობა-პატიებისა და გამოსყიდვის პრინციპი კი მეტყველებს მოყვასის სიყვარულზე. სიყვარულით შედუღაბებული საზოგადოება კი მტკიცეა და მომავალიანი.

„გამზრდელის“ პერსონაჟებისათვის პრინციპია შენდობა და დანაშაულის გამოსყიდვა. აკაკის აზრით, დანაშაულის ზნეობრივი გამოსყიდვა ადამიანს შეუძლია მონანიებითაც (საფარ-ბეგი), პატიებითაც (ბათუ) და თვითდასჯითაც (ჰაჯი-უსუბი). შურისძიებით კი დანაშაული არ გამოისყიდება. როგორც ზემოთ ითქვა, მხოლოდ დანაშაულის ერთი სახეობა შეიცვლება მეორეთი. ამიტომ ჰაჯი-უსუბის ზნეობრივი პრინციპი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ხევისბერის, ტარას ბულბასა და მატეო ფალკონესი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: