Posted by: burusi | 05/10/2014

აკა მორჩილაძე – ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები (ნაწყვეტი)

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები

აკა მორჩილაძე – ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები (ნაწყვეტი)

(ნაწყვეტი პირველი)

უკვე გარეთ ვარ. გაქუცული და მოფარღალავებული მრგვალი ბაღის კიდეზე ვდგავარ. ადრე აქ ტაქსისტების ბირჟა იყო. ჩაჯექი, სამმანეთიანი დაუგდე და იარე. ავოეეეე… ახლა კი ფეხით უნდა დავაწვე რედაქციამდე, სხვა გზა არ არის. მეტრო და რაღაც სიგიჟეები ისე მიჭირს, თითქოს კუჭი მქონდეს შეკრული. მივდივარ და ვფიქრობ: ”კოტე ამერიკაშია, ჯავახა ესპანეთში, ცქვიტა ჰოლანდიაში, თუშმალა პარიზში, შეშიკა ლონდონში, სხვები ან მოსკოვში, ან სადმე სხვაგან.” სხვა რომ არაფერი იყოს, უბრალოდ, ისე, ადამიანურად მოგენატრება ვინმე. მე შენ გეტყვი და დარეკავ.

იმ დღეს სახლში ვიყავი და… ეგრე, საღამო იყო, ცხრა საათი, გააბა და გააბა ტელეფონმა. მეთქი რაიონია. რაიონიდან ვინ უნდა დამირეკოს? მაგრამ ხომ იცი, ერევათ ხოლმე. ავიღე. ისეთი რაიონი გამოდგა, კინაღამ ყურმილი გამივარდა ხელიდან.

ალიკა იყო კანზას-სიტიდან. ექვსი თვეა არაფერი და უცებ რეკავს. მეგონა გვერდით მიზის და ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ავტომატიდან ვრეკავო. მოკლედ, ვიყვირეთ მე აქედან და იმან იქიდან. იქ გოგო ჰყოლია, ლესლი… კანზას-სიტი თურმე ორია, ეს უფრო კარგ კანზას-სიტიში მოხვედრილა და მთელი ამბავი. ისე, ერთი ჩუმი ლესლი მეც არ მაწყენდა. ოღონდ ჩუმი და… მინიმალური იმით, რა ჰქვია, თბილისში რომ არის გავრცელებული.

ჰო, სნობობით. აი, ეგ მკლავს, როგორც ღამეულ პიკეტიდან გამოსროლილმა ტყვიამ მოკლა ის ამერიკელი_ნატახტარის გზაზე. მაქვავებს ადგილზე, როგორც იმ ამერიკელს – ბენზინის გულისთვის შუბლგახვრეტილ რემბოს.

ნახე, რა მძლავრად ვთქვი?

რა, არის ჩემში რაღაც მსხვერპლშეწირულის, არის რაღაც პუბლიცისტური. ტყუილად კი არ დავხურე ხუთი ჰუმანიტარული კურსი. აი, ეს სნობიზმი მაგიჟებს. თუ მოსწონთ, ისეთი რამეები მოსწონთ, რომ… არ ვიცი, რა. თან რაც ყველაზე მთავარია უცებ ჩაკლანდნენ. ხელოვანთა კლანები, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით. თუ რომელიმეში მოხვდი, კაცი ხარ, აქეთ მარლბოროს ყიდი, იქით წიგნებს წერ. იდეალებს არ ივიწყებ, მოკლედ. ხე-ლო-ვან-თა კლა-ნე-ბი. წარმოიდგინეთ, მაგათი ხელოვნება. აი, ადრე რომ იყვნენ “ცისფერყანწელები” და ვიღაც-ვიღაცეები, ორდენები და მთელი ამბავი, ახლა კლანებია, ამ ორდენების მაგივრად. ძირითადად ასეა. ვთქვათ, კომპანია “ჯყტ”: ჯემალა-ყარამანა-ტრისტანა ფიქჩერზ. კინოს გარდა ყველაფერს იღებენ: სნიკერსს, კრედიტს და წამალსაც კი. მერე მსჯელობენ. მიდი რა მიახვიე, შენც მყავხარ ჟორჟ სადული, თუ ვიღაც კიდევ – ისა, რა ჰქვია? გასტონ ბაშლიარ.
———————
(ნაწყვეტი მეორე)

_მისმინე. ბაბუაჩემი დიდი მწერალი იყო. ნახე, ოღონდ არ გააბაზრო.
და რაღაც დაფლეთილი წიგნი ამოაძვრინა.
_აი, 1928 წელი, გამომცემლობა “ფედერაცია”, კონსტანტინე ბანძელაძე, “შორეული ცისარტყელა”. აი, ამას გაჩუქებ; ოღონდ არ გააბაზრო. ოჯახური რელიქვიაა. აი, იკაიფე: “შორიდან მოიკლაკნება მდინარე იორი. სიჩქარეს უმატებს და მოსახვევებს მოაპობს ისეთი დაუნდობლობით, რომ შორიახლო გაშენებული სოფლები კანკალებენ, ვაითუ არ დაგვინდოსო. ადოლინი იდგა და უმზერდა ბუნების ამ დაუნდობელ სტიქიის ბრუნვას.

“სწორედ აქ, აქ უნდა აშენდეს წყალსაცავი, ზემო იორის სარწყავი სისტემა. ოთხ წელიწადში დაქსელავს მთელ კახეთს და გაიხარებენ საუკუნო სიბნელიდან გამოსული გლეხები – ფიქრობდა იგი.
ადოლინი მთავარ ინჟინერს მიუბრუნდა”

_ა! როგორია? მარკ ტვენის დონეა. მსოფლიო იუმორი. ივლინ ვო…ნახე, რას გჩუქნი.
_ძალიან მაგარია.

მართლა ძალიან მაგარია. მე თუ მკითხავ, ბოლშევიკური წიგნები მხოლოდ ასე უნდა იკითხო. იკითხო და იცინო, იცინო და იკითხო, ვინმე გულჯავრიანი პატრიოტი შეიძლება კითხულობს და ამბობს სახელგანთქმულ აფორიზმს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო, მაგრამ მაგათი გონება ხომ სხვანაირადაა მოწყობილი.

საერთოდ, ამ საზოგადო მოღვაწეების ტვინი ისეა შეკოწიწებული, რომ გამუდმებით ჩანს მათი მამულიშვილური დრტვინვა.… ნახე, რა სიტყვა გამახსენდა? და შეჭმუხნული შუბლები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ლოთებიც იყვნენ, ბოზებიც და შულერებიც და არც იმაში უშლით ხელს, რომ იძახონ, ჭორია, ძმაო, ჩემი ლოთობა და ბოზობაო.

მე თუ მკითხავ, ამ სამ ჰობიში, თუ პროფესიაში სასირცხვილო არაფერია და ზოგჯერ კაი ბოზი უკეთესია, ვიდრე გლახა რეჟისორი. ზოგჯერ კი არა, ყოველთვის. მაგრამ ესეც ბოლშევიკების ბრალია. აბა, როგორ შეიძლება ოთხასი მწერალი, სამასი აკადემიკოსი და ათასასი მსახიობი ერთ სახლში, თერთმეტსართულიანში ცხოვრობდეს? ესეც სოსელომ მოიგონა. დააქლიავა ხალხი.. ახლა ეს დაფები კედლებზე… “აქ ცხოვრობდა პრივატ დოცენტი ჯაშიაშვილი ინდიკო პოლიევქტის ძე”. შეიძლება ჰამსუნის სახლზეც დაფა იყოს და აგრონომ ჩარექიშვილის აპარტამენტზეც?

ნიცაში მინდა.
——————
(ნაწყვეტი მესამე)

ზაზამ დამარქვა_ატირებული სიცილიელი ქალი შეყვარებულის საფლავზე, შეყვარებული კი მოსისხლეებმა მოკლეს. მერე ამ სიგრძე სახელის თქმა დაეზარა და პირდაპირ ვენდეტას მეძახდა. უეჭველად შავები უნდა გეცვასო, შავები ბევრს აცვია და სისულელეა, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა გეცვას და ორი დღის მშიერი უნდა იყოო. მაშინ იქნები მომხიბვლელი და ცოლობას გთხოვს ფედერიკო გარსია ლორკაო. ესეც რაღაც უცნაურად მოიგონა, აჩემებული ჰქონდა, დამინახავდა თუ არა, შესძახებდა, ვენდეტა, ჩემო ერთგულო მეგობარო, როდის დასახლდები პალერმოში და ვიზას როდის გამომიგზავნიო. მერე დაავიწყდა ეს ყველაფერი, მითხრა, კოკას ეწყინებაო. კოკა ჩემი ძმაა და მთელი ეს სიცილიური ისტორია მის გამო მოიგონა.

კოკა მთელი დღეები მანქანით დაქროდა და პისტოლეტებს ატრიალებდა, საშინლად აშაყირებდა ზაზა, კაპო დი ტუტო კაპის ეძახდა და ეკითხებოდა, რას გრძნობ, როდესაც გამოჩენილ ადამიანებს იცავო, ალბათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, რადგან ასეთო რანგის ბოდიგარდი ხარო. კოკა რომ ავსტრიაში წავიდა და იქ შვილიც შეეძინა, ზაზამ მთხოვა, გადაეცი ჩემგან, ჯანკანა დაარქვასო, მე, რა თქმა უნდა, არაფერი გადამიცია, რადგან კოკას ეწყინებოდა. ფხუკიანია და რად მინდოდა. ისე, კი უყვარდა ზაზა, მაგრამ არ უყვარდა, რომ დასცინოდა ხოლმე. ვის უყვარს, რომ დასცინიან? მგონი ზაზას.

ერთხელ მოვიდა ჩვენთან და მთხოვა, ორიათასი მანეთი მასესხეო, მართლა არ მივეცი? მოკვდა სიცილით. რა იყო-მეთქი და არა, არაფერი, ერთი გიშრისთვლიანი, მაფიოზური ბეჭედი შევარჩიე და კოკას უნდა გავუგზავნო ქალაქ ზალცბურგში, სადაც მოცარტი მიმოდიოდაო.

კოკამ კიდევ პარკერი გამოატანა დედაჩემს, კობახიძეს მიეცით ჩემგანო.

აი, ასეთი დაუმთავრებელი და ცოტათი სულელური რაღაც იყო და საერთოდ იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, რომ იმ დღეს, ზაზა რომ შემხვდა და ერთად რომ ვიბოდიალეთ კარგა ხანს, კოკაც მოაგონდა. მე გაზაფხულზე უნდა გავფრენილიყავი ვენაში და მითხრა, წერილს დავწერ და კოკასთან გაგატანო. მეგონა ხუმრობდა, ან, ვფიქრობდი, ისეთ რაღაცას მისწერს, რომ სულ გააგიჟებს-მეთქი, მაგრამ ძალიან სერიოზულად გამიმეორა, საქმე მაქვსო, თავისივე გამოგზავნილი პარკერით მივწერო.

ჰო, ვაკის პარკთან შემხვდა, ზემოთ ამოდიოდა, ხელი მომხვია და აღარ გამიშვა, მაბოდიალა პარკში და ბოლოს გამომიცხადა: _ღმერთო ჩემო, რა მოსაწყენი ხარ? “ვაზის ყვავილობაზე” უფრო მოსაწყენი.

აბა, რა ვქნა? უზრდელო _ რა უნდა მეპასუხა, მიჩვეული ვიყავი.

უნდა გაერთო _ მითხრა _ აი, მე უკვე ხუთ ადგილას ვიყავი, ოცი ხინკალი ვჭამე, ფილმი ვნახე, ორი ჭიქა ჩაი დავლიე, ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოვწიე და მშვენივრად ვარ. ფაქტიურად, გამოსული ვარ სიგარეტის საყიდლად, ვერ ვყიდულობ და დავდივარ. ხომ ხედავ, რა საინტერესო ცხოვრებაა.

ძალიან საინტერესო _ გავუცინე მე და სკამზე დავჯექი შადრევნის პირდაპირ.

ბავშვობა გამახსენდა, ამ შადრევნის გარშემო რომ დავრბოდით.

ახლა არ მკითხო, როდის ჩართავენ ამ შადრევანს, თორემ მიგატოვებ სამუდამოდ _ ისე თქვა, თითქოს გული ამოაყოლაო.

როდის ჩართავენ ამ შადრევანს? _ ვკითხე და თითქოს რაღაც მეწყინა.

***
აი, სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ქალაქში და ვიკითხოთ: “ძმაო, რა არის მთავარი?” – ორნაირი პასუხი გამოვა. ზუუუსტად ორნაირი. ერთი გეტყვის, აი ასე, აი, რომ და ძაან მოკლედ და ისა, რომ… სამშობლო: “ძმებო და დებო, ჩემო საყვარელო ქართველებო, გავერთიანდეთ და იცით რა? მოდით ნუ გავაცინებთ მტერს, რომ მხარში და… ამოვუდგეთ ერთმანეთს”. და მეორე კი მოგახსენებს, ისეთი, რომელიც მოკლედ, შავურს და ბევრი ცისფერთვალა და შენი წონა, ბიჭო… ეგეთი რო, ჩემო ძმებო, ჩემო ახლობელი ხალხო, რომ ამ დროში მთავარია, რო ჩვენ ურთიერთგაგებაში გაგება, რო იყოს კაცური.
ხომ მძლავრი სოციოლოგიური მასალა ვართ, ჰა? სულლო, – როგორც იტყოდა კლასიკოსი.

***
რაც მთავარია, შუქი არის და ჩემი მაგიდის ქვეშ ლეგენდარული რეფლექტორი”დს-მ-10” დგას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაგიდის შიდა მხარე ერთიანად შებოლილი, გამომწვარი და დანახშირებულია, რადგან ის, ხსენებული”დს-მ-10”, როგორც ჩვენები ამბობენ, ჩემი საყვარელია და თან გამოურთველად მუშაობს.

***
მე ვიჯექი და ვწერდი”ხსნის არმიის” დახმარებათა შესახებ. საკმაოდ მოსაწყენი საქმე იყო და საერთოდ ეს, აქ ჩასმული დამხმარე ტიპები ცოტათი სევდიანები არიან. მოგაქვს რაღაც საჭმელები და სანაცვლოდ კაცს შენს ჭკუაზე ნათლად. შეიძლება არც უნდა მიახალო ასე პირდაპირ, მაგრამ რა ვიცი, არ მჯერა ამ თანამედროვე მისიონერების, არც მათი კოტლეტები მინდა, არც სხვა რაღაც. დგანან ქუჩაში და ავრცელებენ სუპებს და ვიღაც ჰალსტუხიანი წინასწარმეტყველების წიგნებს. ხედავთ, რა რელიგიური ვარ? ამ დროს, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, არ მომწონს საჭმლით და გამარტივებული ქადაგებებით დამშეულთა სულებზე ნადირობა. არ მომწონს და მორჩა. აი, დედა ტერეზაზე ხომ არაფერს ვამბობ. ან, რა უნდა ვთქვა.

***
ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და”საქართველო” დავაწეროთ…

***
ძალიან ბნელოდა, ნაკვერჩხლებს გავკარი ფეხი და სახლში წავედი. არც მინახავს ასეთი შავი ცა. ნაღდი შავი, არც მთვარე, არც ცოტათი მაინც განსხვავებული ტონები. შავი. ერთი ფერის იყო ცა და მიწა. არაფერი არ ჩანდა.

***
ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ბოზი კურდღლები, კარაქი რომ უყვართ.

***


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: