Posted by: burusi | 19/08/2014

თენგიზ ვერულავა “მოვალეობასა და უფლებას შორის ბალანსი – დასავლეთი და აღმოსავლეთი” (მაქს ვებერი)

სურამის ციხე, პეტრე ოცხელი – Petre Otskheli,  Surami Fortress, 1933

სურამის ციხე, პეტრე ოცხელი – Petre Otskheli, Surami Fortress, 1933

თენგიზ ვერულავა “მოვალეობასა და უფლებას შორის ბალანსი – დასავლეთი და აღმოსავლეთი” (მაქს ვებერი)

ერთი, საკმაოდ ცნობილი ანეგდოტის მიხედვით, მდიდარ ინგლისელ მესაკუთრეს ეკითხება უცხოელი: “როგორ ახერხებთ ინგლისში, რომ შეინარჩუნოთ ასეთი მწვანე გაზონები? რაშია საიდუმლო?”

“ძალიან მარტივია”, – უპასუხა ინგლისელმა. “თავდაპირველად თქვენ უნდა დაამუშავოთ ნიადაგი, შემდეგ დათესოთ ბალახი. როდესაც ბალახი გაიზრდება, აკურატულად უნდა გადაჭრათ. და ასე – რეგულარულად, სამასი წელი!

ეს ანეგდოტი, ალბათ, ყველაზე კარგად გვიხსნის, თუ რატომ არის წარმატებული ზოგიერთი ქვეყანა და მასში რა როლი უკავია ადამიანთა მსოფლმხედველობას, რელიგიას.

პროტესტანტული, კათოლიკური და მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრების დონისა და  ხარისხის ერთმანეთთან შედარებით, დავინახავთ, რომ პროტესტანტი ქვეყნები ყველაზე წინ არიან, მათ მოსდევს კათოლიკური ქვეყნები, და მხოლოდ შემდეგ არიან მართლმადიდებელი ქვეყნები. რამ განაპირობა პროტესტანტული ქვეყნების ასეთი შთამბეჭდავი მიღწევები?

თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს: თუ რა განსაკუთრებული სოციალური და კულტურული თავისებურებებია დამახასიათებელი დასავლეთისათვის?

დასავლური ცივილიზაციის წინსვლის ასახსნელად ვებერი გამოყოფს გარეგან (მეცნიერება, ინსტიტუტები, სამართალი) და შინაგან (რაციონალური „სული“) მიზეზებს.  გარე მიზეზებად სახელდება ქვეყანაში მეცნიერების განვითარების დონე, სამართლებრივი და ინსტიტუციური მხარდაჭერა. მაგრამ, მეცნიერება არსებობდა სხვა კულტურებშიც (ინდოეთი, ჩინეთი, სპარსეთი, ეგვიპტე). აღმოსავლეთის კულტურებში არსებული ცოდნა მოკლებული იყო რაციონალურ მტკიცებულებებს. ასევე, მხოლოდ დასავლეთში არსებობდა “სახელმწიფო”, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა რაციონალური “კონსტიტუცია”, კანონები.

იგივე ეხება კაპიტალიზმს. ყველა ეპოქაში და ყველა ერში არის ეკონომიკური მოგებისადმი მისწრაფება. მაგრამ, მხოლოდ დასავლეთ ევროპაში XVII-XVIII სს.-ში გაჩნდა რაციონალური კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ დაქირავებულ შრომას, სამართლებრივ სისტემას, ინსტიტუტებს.

დასავლეთის რაციონალური კაპიტალიზმის წარმოშობის “შინაგანი მიზეზად” ვებერი მიიჩნევს დასავლეთ ევროპელი ადამიანის ცხოვრების რაციონალური წესისადმი სწრაფვას, ე.წ. „რაციონალურ სულს“.

მაგრამ არც დასავლეთ ევროპაში ყოფილა კაპიტალიზმის განვითარება იოლი. აქაც ცხოვრების რაციონალურ წესს უპირისპირდებოდა ადამიანში არსებული შინაგანი, ფსიქოლოგიური წინააღმდეგობები. ამ შინაგანი ბარიერების გასარკვევად ვებერი იკვლევს ისეთ გარდამტეხ პერიოდს დასავლეთ ევროპის ისტორიაში, როგორიცაა რეფორმაცია, როდესაც მოხდა რაციონალური კაპიტალიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების დაძლევა

ვებერის დაკვირვებით, ცხოვრების რაციონალურ წესს ხელს უშლიან გარკვეული ეთიკური და რელიგიური ღირებულებები, აფექტური განწყობები, ღრმად გამჯდარი ჩვევები. ყოველი ეპოქის ეთიკური და რელიგიური ღირებულებები აისახება ადამიანის ქმედებებში და შესაძლებელია ხელს უშლიდეს რაციონალური ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

რეფორმაციის პერიოდში მოხდა თეოლოგიური და ეთიკური გარდაქმნები, რამაც რადიკალურად შეცვალა არსებული ღირებულებები. განსაკუთრებით ეს ეხება პროტესტანტიზმს. ამის მამტკიცებელ საბუთად ვებერს მოჰყავს ის ფაქტი, რომ გერმანიაში კაპიტალის მფლობელები და მეწარმეები პროტესტანტებს შორის უფრო მეტად იყვნენ, ვიდრე კათოლიკეებს შორის. აღმოჩნდა, რომ პროტესტანტული რელიგია, და განსაკუთრებით, მისი განშტოება კალვინიზმი ყველაზე მეტად უწყობს ხელს რაციონალურ „სულს“, რაციონალური ცხოვრების წესს.

კალვინისტებისათვის ღმერთმა ადამიანის ბედი დაბადებისთანავე გადაწყვიტა: ხსნა, ან მუდმივი ტანჯვა. ამ შეგრძნებით ცხოვრებამ კალვინისტებში გამოიმუშავა „გადარჩენისადმი მისწრაფება“. „გადარჩენა“ შესაძლებელი იყო შრომით, თვითდისციპლინით. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა ამა თუ იმ საქმისადმი „მოწოდება“, რასაც უნდა მისდიოს. ამ „მოწოდებით“, ენერგიით, ჟინით შეუძლია ადამიანს შეცვალოს ბედისწერა, გათავისუფლდეს იმ შიშისაგან, რომელსაც იგი განიცდის თავის ბედისწერასთან მიმართებით.

ადამიანის წარმატებული ბიზნესი აღიქმებოდა, როგორც ღმერთის წყალობის, კეთილგანწყობის, რჩეულობის დამადასტურებელი ნიშანი. მხოლოდ წარმატებული საქმიანობით, კეთილი საქმეებით „აღმოაჩენდა ჭეშმარიტი მორწმუნე“, იყო თუ არა მის მიმართ ღმერთი გულმოწყალე. მხოლოდ ასე შეეძლო ადამიანს დაერწმუნებინა საკუთარი თავი და სხვები, რომ იგი ღმერთის „რჩეულია“. გაჩნდა რწმენა, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი შრომით მოიპოვოს „გადარჩენა“, ან, უფრო სწორად, დარწმუნდეს იმაში, რომ ის გადარჩება. სიმდიდრე გახდა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ადამიანმა პირნათლად შეასრულა თავისი ვალი ღმერთის წინაშე.

ასე ჩამოყალიბდა პროტესტანტული მორალი, რაციონალური ცხოვრების წესისადმი განწყობა. შედეგად, დაინგრა ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც ადრე, ტრადიციულ საზოგადოებაში ბოჭავდნენ ეკონომიკური წარმატების, მოგების ძიებისაკენ ადამიანის ძალისხმევას.

პროტესტანტული მორალი უარყოფდა დაგროვილი სიმდიდრის ფლანგვას ჰედონისტური სურვილებზე. ადამიანები ოფლით მოპოვებულ შემოსავალს აგროვებდნენ და ახდენდნენ მის შემდგომ რეინვესტირებას.

ტრადიციული მსოფლმხედველობის ადამიანისათვის პროფესია ტვირთია, მუშაობს იმისათვის რომ იცხოვროს, სტაბილური შემოსავლით კმაყოფილია, ხოლო ბიზნესში წარმატების მისაღწევად იყენებს პრინციპს: „თუ არ მოატყუე – ვერ გაყიდი“. პროტესტანტული მსოფლმხედველობის ადამიანისათვის პროფესია არსებობის ფორმაა, ცხოვრობს იმისათვის რომ იმუშაოს, ცდილობს გაზარდოს შემოსავალი, ხოლო ბიზნესში წარმატების მისაღწევად იყენებს პრინციპს: „პატიოსნება – ყველაზე საუკეთესო გარანტიაა“.

სამწუხაროდ, საქართველოში თავის დროზე კაპიტალისტურმა რეფორმებმა ვერ ჰპოვეს მხარდაჭერა, ვერ დამკვიდრდა ისეთი უმთავრესი ბიბლიური იდეები, როგორიცაა: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და პატიოსანი მუშაობის აუცილებლობა.

როგორც ჩანს, პროტესტანტული ეთიკა წარმოიქმნება ისეთ საზოგადოებებში, სადაც მეწარმეობა ითვლება როგორც მორალურად გამართლებული, სოციალურად სასარგებლო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. და პირიქით, თუ საზოგადოება ეჭვით უყურებს შრომის მეშვეობით სიმდიდრის დაგროვებას, ხოლო ბიზნესს განიხილავს როგორც კეთილდღეობის მიღწევის ნაკლებად ღირსეულ გზას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ფერხდება.

შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტიზმის მსგავსი ეთიკა შეიძლება არსებობდეს  მხოლოდ ისეთ ეთიკურ სისტემებში, სადაც ადამიანის მოვალეობებსა და უფლებებს შორის ოპტიმალური ბალანსია შენარჩუნებული, სადაც მოვალეობის გრძნობა აიძულებს იშრომოს, ხოლო უფლებები იცავენ მისი შრომის ნაყოფის ხელყოფისაგან. იქ სადაც ეს ბალანსი დარღვეულია რომელიმეს უპირატესობით, ან სადაც იგი დაბალი ხარისხითაა განვითარებული, საზოგადოება ვერ ვითარდება და მარცხდება.

თენგიზ ვერულავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: