Posted by: burusi | 14/08/2014

ნატალია ქადაგიძე “სტატიკური დინამიკა”

Still Life on a Table, Picasso, 1920

Still Life on a Table, Picasso, 1920

ნატალია ქადაგიძე “სტატიკური დინამიკა”

ეს ახალი პროზაული “ამოთქმა” ჩემი შემდეგი ლექსის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს:

***
საყელოსავით მიჭერს ეს იაფფასიანი ყოფა –
პერცეპციის კნინი მასშტაბურობა,
– ნაქარგი აზრებით და უღიმღამო სტრიქონთა
თასმებით გამშვენიერებული…
ყოფა… სადაც სიღრმე კი არა,
სიღრმის ილუზიაც კი არ არის.
სადაც ჯუჯა “შინაარსები” დაბანცალებენ,
რომ ხელი გკრან და
უგემოვნობაში გამოგკეტონ,
როგორც ამონტილიადოს კასრში.
სამყარო სავსეა ასეთი “ჯუჯებით”და
მათი მილიონი ჩიტის ძალა
უზარმაზარი ლოდივით მოგორავს და მოგორავს…
…მედროვეები გამოუხმიათ საკუთარი თავებიდან დონ -კიხოტებს,
როსინანტები დამძიმებულან ტორსით და
უსასრულოდ ეჩვენებათ გზები
მინდვრიდან – თავლამდეც კი…
ჰყვავის პერცეფცია და ლამანჩელს თვალებში ეღვენთება
მისი მოსაყირჭებლად ჭყეტელა ფერები…
ამ ხელოვნური ყვავილობით იმტვერებიან ადამიანები –
დონ-კიხოტები
და სურდოსავით აძაბუნებთ სიზარმაცე,
რომ წინ იყურონ…
ნუთუ, მალე, ყველანი,
დავეფლობით უშინაარსო აზროვნებაში
და უაზრო შინაარსებად მოვეფინებით სამყაროს.
ლამანჩელები აღარ არიან ლამანჩელები და
გრძელი გზებიც ისე მოკლეა,
თითქოს სიტყვაა პირდაპირ და არა – ფიქრი სიტყვამდე…

ბიბლიური „ეგვიპტე“ უსასრულოა, ის, ჩვენი გონის მიერ სტატიკურ მატერიად აღქმადი, მარადიულ, უსასრულო მოძრაობაშია და არის ყველგან, როგორც ღმერთი, ოღონდ, მისგან განსხვავებით, არა სუნთქვადი, მაინც უსულოდ მორჩილია უზენაესისადმი – ის მიდის, რადგან ასეა საჭირო, რადგან ასეთია ღვთის უთვალსაწიერობა და არსად, არასდროს ჩერდება, მაშინაც კი, როცა, ჩვენ, ადამიანები ჩამოვსხდებით ჩვენივე მობეზრების უხილავ ნაპირზე და თვალი მდინარის ხილული დინებისკენ გაგვირბის… ჩვენ, არ ძალგვიძს, მდინარესავით დაუღლელად ვატაროთ მიზანი, რომელიც მიგვაქვს სადღაც, ვიღაცამდე, რაღაცამდე, და, არასდროს გვჯერა, რომ ის მიუღწეველია, რომ მიღწევის სულთქმა თვითონ ამ სწრაფვაშია ჩამალული… მდინარე კი, რომელიც უფრო გარკვეული და უფრო ხილული გეომეტრიით მიედინება, ჩვენზე ემოციურად ილტვის დასასრულისკენ, ანუ შეერთებისკენ, რადგან აუცილებლად დაიკარგება იქ, რადგან აუცილებლად, თავდავიწყებაში ჩაიძირება…

ჩვენ, მატერიის პრინციპის შესაბამისად, ფორმის და თავისებურების მქონენი, საკუთარი მოძრაობის სიღრმეში გაცნობიერებულნი, ვერასოდეს შევედრებით მუდმივად, ფორმებცვალებადი მდინარეების , გაუცნობიერებელ, მაგრამ აზრიან სვლას… ჩვენი მიზნები ვერასოდეს იქნება ერთმანეთის ტოლფასი, რაც უნდა, უსულონი ვიყოთ ადამიანები და რაც უნდა, სულიერს ჰგავდნენ ისინი, მდინარეები… რადგან, ადამიანები ბიბლიური ეგვიპტის უსასრულობას შესდგომიან, ადამიანებს ეგვიპტე აქვთ გასავლელი… ის ჩვენთან ერთად მიდის სადღაც და ჩვენ მასთან ერთად – ხშირ შემთხვევში, უმეტესწილად… ამ ბუნებრივი დინებიდან ამოვარდნისას კი, ვაჩერებთ პროცესს, რასაც ცხოვრება ჰქვია, ვაჩერებთ საკუთარ თავს და არსად ყოფნისთვის ვიმეტებთ. სტატიკაში გადასვლის მრავალი ფორმა არსებობს, ამას, უპირველეს ყოვლისა, სიცრუის მუხრუჭი იწვევს… ეს არის, მაგალითად – სიბრძნის სიცრუე, საკუთარი თავის სიცრუე, ანუ – საკუთარი პიროვნების სიმულაცია(არა – სიმულაკრი…) და, ბოროტების ჭეშმარიტებად ქცევა, უპირველეს ყოვლისა… რა არის სიცრუე? ეს, ღვთის საწინააღმდეგო მიმართულებით ლტოლვაა – მოძრაობის, ანუ ჭეშმარიტების ილუზიით, ბიწიერის კეთილშობილებად წარმოსახვის სურვილით. ეს, უკვე, დროებით, ეგვიპტური სვლისგან შესასვლენებლად „ნაპირზე“ ჩამოჯდომა არ არის, ეს ბოროტების აშკარა შემობრუნებაა სამყაროს განვითარების ლოგიკური მიმართულების საპირისპიროდ საბრძოლველად – ჩვეულებრივი და ძალიან ბუნებრივი დიალექტიკის შესაჩერებლად.

გავიხსენოთ – “უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა – სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ”( 1კორ. 3.18 )… და კიდევ – “არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს” (1 კორ.1,27-28)… იქნებ, დღესაც არის სალოსობის სურვილი? იქნებ, გრძელდება ეგვიპტე? დიახ, ნამდვილად გრძელდება, მაგრამ სალოსები სად მიყუჟულან? …დიდხანს, დიდხანს მოვინდომეთ უსასრულო და უსასრულოდ სასურველი მიზნისკენ სწრაფვისგან შესვენება, აღარ ვიძვრით „მობეზრების ფერად ნაპირზე“ ჩამომსხდარნი, მზის მოთენთილობაზე მიბმულნი… ჩვენი ფიქრები, ქვებივით, მათში აკუმულირებული გზის გაგნების სურვილით გამკვრივებულნი, ახლა უმისამართოდ და უშედეგოდ ცვივა. რაც, რა თქმა უნდა, არ არის თვალწარმტაცი „სანახაობა“, არც – დადებითი, ერთიანად დამმუხტავი იმპულსების წყარო, როგორც მაგალითად, მთის ყვავილები, თუნდაც, მოწყვეტილები, მდინარის დაუნანელობისთვის რომ არიან განწირულნი…

ყველა მოძრაობა, ყველა წასვლა განსხვავდება ერთმანეთისგან… წასვლა, როცა გინდა რაღაცას განერიდო და წასვლა, როცა გინდა შეიგრძნო უსასრულობა. მაგრამ ეგვიპტის გავლა სულ სხვა, ღვთიურ სიბრძნეს გადევნებაა, როცა გინდა მზიანი უსასრულობა რაღაცისგან გაქცევით შეიგრძნო, როცა გაქცევა უბრალო მიზეზობა კი არ არის, არამედ, ღვთისმიერი კანონზომიერების ასრულებაა. ამ მხრივ, ხშირად, ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში, დღეს, მაგალითად, შთაბეჭდილებები მაცდუნებელია და აბსოლუტურად სხვა გარემოებების მაჩვენებელს ვუწოდებთ მოძრაობის ნაკადს, მიმართულებას, ის, ხშირად, დამახინჯებულ მოვლენათა დისლოგიკურ მიმართულებას შეესატყვისება და, ამდენად, არასწორი სახელდებითაც მოიხსენებენ მას – „მეინსტრიმით“.

სწორედ აქედან, უეცრად, ღვთისნებისკენ საბრძოლველად შემობრუნებული ნეგატივიდან თავის დაღწევა გვიჭირს ახლა, ჩვენი არსებობის ამ მონაკვეთში – სულიერ-ზნეობრივი თვალსაზრისით. ლამის, ლექსიკური სიბინძურეებით ჩახერგილ ნაპრალებში ჩაფლულთ, ჭეშმარიტებაზე შეგვეცვალოს აზრი და დროის ალაფად მოზვავებული ნაგავი მომავლის აღმოსაცენებელ ნიადაგად მოგვეჩვენოს. მოჩანს კიდეც, ის, ჯერ, ყურმოკრულ ამბებად მოგვევლინა, მერე – ამ ამბებში მახინჯი ბარტყივით ჩაბუდებულმა აღძრა ჩვენი ინტერესი, მერე, მისი ხელისგულზე დასმა მოვინდომეთ, მერე – გაზრდა და… ბოლოს, ისე ავიხლართეთ მის კლანჭებში, ახლა, მუტანტური შიშით გულგაჯერებულნი, უკვე სიყვარულს რომ ვუწოდებთ, თავგამოდებით ვუყვავებთ კიდეც… ის არის ჩვენს შეხედულებებში, ის კორტნის სიმართლეს(რაც უნდა მყარი იყოს), ის დაფრთხიალებს მიწიდან ცამდე, ზღვათა და მდინარეთა გასწვრივ, ის ბუდობს ჩვენს სულებში… ის… ახალი და პროგრესული „სიბრძნე“, ორბისთვალება და ღვთიური ჭეშმარიტების ბოროტად და დაჟინებით მოდარაჯე… ის ომია, ჩუმი ომი გონებასა და გონიერებას შორის… ის – ყველაზე საშიშია იმ ხმაურიან ომებს შორისაც, სადაც „იარაღის“ გასროლის ხმა ისმის, სადაც ხილვადი და სმენადია დასაწყისი და დასასრული… აქ კი, ამ ომში, ფარულად იხვრება ჩვენი სულების უფალმიტოვებული სივრცე და ნელნელა იტბორება ბუნდოვანი „გამჭვირვალებით“.

მოკლედ, პროცესი, რაც დღეს სულიერ – ზნეობრივი განვითარების თვალსაზრისით მიმდინარეობს, უკან გადადგმულ ნაბიჯს ჰგავს და ის სარკისებური სიზუსტით და უტყუარობით აისახება, განსაკუთრებით, თანამედროვე ლიტერატურაში. უცენზურო სიტყვებით დატვირთული ნაწარმოებების პოპულარიზაციის აგონია, ალბათ, ადრე თუ გვიან, განხსვავებულ კლინიკურ სურათად ტრანსფორმიდება, მაგრამ მისი კვალი თვალსაჩინო იქნება, მუდამ. ლიტერატურას ხომ, ძირითადად, „ავადმყოფობის“ გამოაშკარავებასთან ერთად, მკურნალის ფუნქცია აქვს. დღეს კი, ხდება სრულიად საპირისპირო რამ – ის, უმეტესწილად, ეროვნულ-საზოგადოებრივი ჩივილების მიჩქმალვას ემსახურება და ამ ფონზე, განკურნების ფუნქციაც ნიველირებულია…

ეს, „მენტალობით“ სულ სხვანაირი შემოქმედების სიაშკარავე, რაც ხელისგულზე მოჩანს და რაც სიამით, სიამაყით და ავანგარდულის ნიღბით არის შემოთავაზებული, ხმამაღალი მოწოდებაა ყოველგვარი არასასურველისკენ. აი, რა აჩერებს სულიერების უდაბნოს, რომელიც, ამავე დროს, ჩვენი სულიერი თავგადასავალიც არის, – ჩვენი ეროვნული სულის ბიოგრაფია. და, ისმის კითხვა – რა ინტელექტუალური კოდექსი უდევს საფუძვლად, დღეს, უმეტესობის მიერ, ავანგარდულად მიჩნეული აზრების წარმოებას, ან რის კვლავწარმოების მიზნით იჟღინთება თანამედროვე ნაწარმოები ყოველივე ამით?! რაც დღეს მატერიალიზდება ჩვენს სულიერებაში, ეს ხომ არ ყოფილა ეროვნული იდეალი?! თუ, ამ სიტყვის(„ეროვნულობა“) ფიზიკაც ისევე გაუგებარია, უკვე, როგორც ჩემთვის მუტანტური შიში(სიყვარულად სახელდებული) და მისი გამომწვევი მიზეზი?! ასეა თუ ისეა, ძლიერდება, ღონეს იკრებს უდაბნოს საწინააღმდეგოდ მიმართული ნაკადი, ე.წ. „მეინსტრიმი“…

ზემოდან ნაკარნახები კანონზომიერების აღსადგენად კი სალოსური სული და სულისკვეთებაა საჭირო, რომელიც არ ჩანს, ან ისე ჩუმად ფეთქავს, რომ მე და ჩემნაირებს არ გვესმის და ვერც ვგრძნობთ… …არის, ვინმე, ვისაც ეს, სანუკვარი „სისულელის“ სიბძნე სწვდება სმენამდე?! ნეტავ, როდის, ვინ, რომელი ბრძენი „გაისულელებს“ თავს და მიგვითითებს უდაბნოს მოძრაობის მიმართულებისკენ?!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: