Posted by: burusi | 14/08/2014

ნატალია ქადაგიძე “ალტერნატიული პოლიტიკა, მორალური სიცილი და მულტიკულტურული ინტონაციები კრისტოფერ ტეილორ ბაკლის შემოქმედებაში”

გიტარა -  La guitare. April 1913, Pablo Picasso

გიტარა – La guitare. April 1913, Pablo Picasso

 ნატალია ქადაგიძე “ალტერნატიული პოლიტიკა, მორალური სიცილი და მულტიკულტურული ინტონაციები კრისტოფერ ტეილორ ბაკლის შემოქმედებაში”

ეს ამერიკელი მწერლის და ჟურნალისტის კრიტოფერ ტეილორ ბაკლის ”პოლიტიკაა”, რომელიც სამოცდაათიანი  წლების მსოფლიო  მოღვაწეებს ნიღაბს ხდის და  რეალური სახით გამოჰყავს არენაზე…  იმ არენაზე, ახლაც რომ არ დაუკარგავს მნიშვნელობა, ახლაც რომ  ხანდახან, აქა-იქ მიმობნეული მეტეორის ნამსხვრევებივით, იელვებს  მის ფიცარნაგზე ცივი ომის ნარჩენები. ეს ის პერიოდია, როცა ჰემინგუეის ნამდვილი ბრძოლა ფრონტზე დასრულდა და წიგნებშიღა ენთო – მოგონებების კოცონად, როცა ელვის პრესლის ტყვეობაში  ექცეოდა ყველა – ვიეტნამის ომის მონაწილეც, მისით გაოგნებულიც და ინდიფერენტულიც – ამ ომისადმი…

ბაკლი  ბევრს ფიქრობდა. ფიქრობდა სათაურებზეც  და, ერთხელ, ეს ფიქრი ნაწარმოებად იქცა. დიახ, სათაური ცალკე ნაწარმოებია ბაკლისთვის და ჟურნალის რედაქტორის პოზიციიდან,  მკითხველსაც აჯერებს, რომ ეს ასეა.  ”როგორ  მოვიფიქრე სათაური” – ში ჩანს ავტორის – მწერლის, პუბლიცისტის,  მახვილგონიერება  და იუმორი, ფანტაზია, რაიმე ასოციაციიდან ობობას ქსელივით რომ აგვირისტებს ათასგვარ ამბავს და გითრევს ”საუბარში”…   ამას მსოფლიო იუმორი შეიძლება ვუწოდოთ,  მას ვერ მივანიჭებთ ლოკალურ სტატუსს – ”ამერიკულის” სახით, მაგალითად, ეს მდიდარი იუმორია, მხოლოდდამხოლოდ. ბევრი რამ შეიძლება გაიგო  ბაკლის ნაწარმოებებიდან – ამერიკელი ჟურნალისტის  ზოგადი ტიპაჟის შესახებ, იმდროინდელი პოლიტიკური პროცესებისა და გრძნობებგაუმჟღავნებელ პოლიტიკოსთა განწყობების შესახებ. არსებობს ფანტაზიაზე აღმოცენებული პროზა, არსებობს დოკუმენტურიც და კიდევ – მრავალგვარი… ჟანრი კი,  რაზეც მინდა  ახლა ყურადღება გავამახვილო, თვალსაჩინოდ განსხვავებულია – თითქოს, სინამდვილეცაა  და  გამოგონილიც.  ეს იმპროვიზაციების ასპარეზია, სიტყვებსა და აზრებში ”თამაში” და ”ბურთაობა”,   ტექსტში ნავარდი, როგორც თევზისა – წყალში. კრისტოფერ ბაკლი ყოველივე ზემოთაღნიშნულს თვითმყოფად იუმორსაც უმატებს და ასე მიიწევს ლიტერატურის მოყვარულთა გულებისკენ …  ”რას იტყოდა , ნეტავ, ახლა პრეზიდენტი? რას იტყოდა  N  ჩინოვნიკი?” – ალბათ, მუდმივად ამგვარი ფიქრები უტრიალებდა  მას და უტრიალებს  კვლავაც, როცა უკვე მოიპოვა სიყვარული მკითხველთა შორის.  ის დიდხანს იყო ჯორჯ ბუშ – უფროსის  სპიჩრაიზერი  და ეს წლები, შემდეგ, შესანიშნავ, ნახევრად გამოგონილ, ნახევრად სინამდვილის ამსახველ ეპიზოდებად აქცია  თავის წიგნში  ”აურზაური თეთრ სახლში”, რომელიც რეალური ამბების ნაწილობრივ განდობაა. ეს არის ნაწარმოები – სიმართლე, ალტერნატიულის შთაბეჭდილებით  და  – ალტერნატიული,  ნამდვილის შთაბეჭდილებით.  ავტორი ოსტატურად აქცევს  რეალობას მხატვრულ თხზულებად. ასეა ამ რომანშიც. მე  კრისტოფერ ბაკლის მწერალ შოუმენს დავარქმევდი – ის მართავს ტექსტუალურ სანახაობებს  მახვილგონივრული აზრების და მდიდარი ფანტაზიის მონაწილეობით,  ჩვენ კი,  გვაწვალებს კითხვა – დავიჯეროთ თუ არ დავიჯეროთ, რაც ამ სინტაქსურ სამყაროში ხდება…  მათთვის, ვინც ავტორის ოსტატობას ანიჭებს უპირატესობას, ვისთვისაც ნაწარმოების მხატვრულობაა, უმთავრესად, საინტერესო –  მიმზიდველად მეტყველების  ამოუწურავი ხერხებით და შემდეგ – თემა, უკანა პლანზე ინაცვლებს ჭორების გაგების მოთხოვნილების მერკანტილური ინსტინქტები  და რჩება ტკბობა ნარატიული”ლანდშაფტებით”, თხრობის ათასგვარი ვარიაციებით. ბაკლისთან, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი, თითქოს, ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის  ურთიერთობაზე კეთდება, მრავალეროვნული სამყაროა – ერთგვარი,  მულტიკულტურული კონტექსტით…  ამ მხრივ, მნიშვნელოვანი  პასაჟი ისიც არის, რომ მწერალი ხშირად ”მართავს”  ან, როგორც პერსონაჟთა დიალოგებიდან ჩანს, დასაშვებად მიიჩნევს  სხვადასხვა ეროვნების, ინტერესების და პოლოტიკის მატარებელთა არაოფიციალურ  შეხვედრებს ჭიქა მარტინის, ფინჯანი ყავის თანხლებით. რომანში  ”აურზაური თეთრ სახლში” კიდევ ერთხელ და დამაჯერებლად  დასტურდება, რომ სამთავრობო აპარატის ჩინოვნიკებს შორის ინტრიგები  გარდაუვალია მსოფლიოს ნებისმიერ, დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში. პეზიდენტთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებული თავგადასავლები, პოლიტიკური ცხოვრების შიდა სამზარეულო, რაზეც მწერალი ჰყვება, არ არის ჭორებად აღსაქმელი ნათქვამი, ის მხატვრულ პრიზმაში გატარებული სიცხადეა და, ძნელად ვინმე თუ გაარჩევს – სად აქვს ავტორს სრულიად სერიოზული ტონი და სად ურევს იუმორის საკმაზს. ეს არის სწორედ კრისტოფერ ბაკლის, როგორც სატირიკოსი  მწერლის ღირსება – ამბობს გახსნილად, მაგრამ აზრი მაინც დაფარულია და ამოცნობის მისია, მკითხველს ეკისრება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრისტოფერ ბაკლი, თავის შემოქმედებაში, საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს რუსულ, კერძოდ, საბჭოთა თემებს. ირონიული ინტონაციები, მოსწრებული ზმები ნათლად გვიჩვენებენ ბოლშევიკური მისწრაფებების და ინტერესების შორსმიმავალ მეტასტაზებზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იქაც, რუსებისთვის იმ უცხო ქვეყანაში, წითლების ლანდები იკვეთებოდნენ ყოველი ადამიანის ჩრდილსმიღმა, ცალი თვალით იმზირებოდნენ ბარების და რესტორნების დახლებსქვემოდან… ისინი, თითქოს,  უხილავად, უსასრულოდ დაწანწალებდნენ ამერიკაშიც თავიანთი  ”ალისფერი” მიზნების განსახორციელებლად.  ბაკლი დოკუმენტური სიზუსტით ქსოვს მხატვრულ ნაწარმოებს, სადაც “კგბ” – ს წარმომადგენლები კლინტონის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ, იცინიან ელვის პრესლის ფირფიტების შეგროვებით მის გატაცებაზე და თავად გუბერნატორ ბილსაც  ”ელვისის” ზედმეტსახელით იხსენიებენ…  მოთხრობიდან  –  ”ციმბირის კანდიდატი: ნადირობა წითლებისთვის, ოქტომბერში” – ჩანს საბჭოთა უშიშროების დიდი ძალისხმევა – გავლენა მოახდინოს ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ნაწარმოებში მოყოლილი ამბავი არის ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო სინამდვილეში საპირისპირო მხრიდან სუსტი წინააღმდეგობის , არაპროფესიული კონტრქმედებების შემთხვევაში. წიგნში მოვლენები, ძირითადად,   ავტორის წარმოდგენის მიხედვით ვითარდება, რაც ძალიან ჰგავს რეალობას. თუმცა, მთავარი, მაინც, უცხადესია  – ”წყალქვეშა”,  აისბერგული ომი ორ დიდ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან ერთი დემოკრატიისთვის იბრძოდა, მეორე – იდეოლოგოკრატიისთვის და მუდმივად ცდილობდა მომავლის გადაწმენდილ გზაზე პერმანენტული გაავდრებების სერიის გამოეწვევას. რუსი სოციალისტები და მათი  მსოფლიო ინტერესები  ხშირად ”ახსენდება” მწერალს, რომელიც  თავად არის ცივი ომის ეპოქის შვილი, ამ ომის შუაგულ ”ფრონტზე”  ნამყოფი. ის, როგორც შემოქმედი, არ  ”რჩება” საკუთარ ქვეყანაში და მსოფლიო მოქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის – აინტერესებს ამერიკის მიღმა არსებული სამყარო და კიდევ ერთხელ,  აკეთებს ლოგიკურ რეზიუმეს – რომ დედამიწა თვითეული ადამიანის სამშობლოა, რომ ადამიანები, იქ, თავიანთი  ”სახლებით” – ეროვნულობით მკვიდრობენ.   მწერალს აღელვებს აღმოსავლეთის ქვეყნების ტრადიციების სიმკაცრეც, რაც ძირითადად, სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ახდენს გავლენას. ”ფლორენსი არაბეთიდან” სწორედ აღნიშნულ თემას ეძღვნება – ბაკლი მკითხველს საინტერესოდ მოთხრობილი ყოფის თანამონაწილეს ხდის და განაცდევინებს იქ გამჟღავნებულ სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილებს, უბრალო ადამიანების ცხოვრების დეტალებს. ეს რომანი იმგვარი  თხრობის ნიმუშია, როცა ცოტა ხნითაც არ გინდა მოსწყდე  სემანტიურ მდინარებას. წიგნში, მუსულმანურ სამყაროზე საუბრისას, მთავარი ინტერესის საგანი, ქალი და მისი  ბედია ამ სივრცეში. ავტორი ცდილობს გაარკვიოს და დაანახოს მკითხველს – აქვს თუ არა აზრი ბრძოლას ფემინიზმისთვის აღმოსავლური მმართველობის პირობებში.  და, მაინც, საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდი  გამოხმაურება მოჰყვა რომანს  – ”გმადლობთ, რომ ეწევით”, სადაც სიცილსიცილით არის გადმოცემული თამბაქოს ლობისტის ნიკ ნეილორის  პიარ- მცდელობები – დააჯეროს  ხალხი სიგარეტის უვნებლობაში…  ”განა დარწმუნებულნი ვართ,  რომ რომელიმე პროდუქტი თამბაქოზე ნაკლებად  მავნებელია?” – ეს არის მისი ლოგიკა, რომელსაც ყველანაირი ხერხით ახორციელებს –  ხან ლარი კინგის, ხან, ოპრა უინფრის შოუებიდან მოუწოდებს ადამიანებს – ქალებს, კაცებს, მოზრდილებს, მოზარდებს, ფეხმძიმეებს –  მოსწიონ თამამად და უშიშრად. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკლამაზე ყველაზე მეტად ორიენტირებულ კაპიტალისტურ სამყაროში ხდება, მაინც, იშვიათია მსგავსი თავგადადებული მუშაკობა,  პიროვნული იმიჯის იგნორირება  სიმდიდრისთვის,  როგორც  ამას, უდაოდ,   წარმატებული პიარის სპეციალისტი ნეილორი ახორციელებს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან  მის მიმართ ვლინდება  უარყოფითი განწყობაც. ამ პერსონაჟის,  როგორც  ”არაორდინარული” მოვლენის გამო იცინის ბევრს ავტორი და აცინებს მკითხველსაც, – ეს ბაკლის მორალური სიცილია… და ამ   ”მხიარულებაში” დიდი პრობლემის კონტურები, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა. ”გმადლობთ, რომ ეწევით” – მოგვიანებით,  ფილმადაც იქცა (რეჟისორი  ჯეისონ რაიტმანი)  და ის  პირველწყაროს, ხარისხის თვალსაზრისით, არცთუ ისე  ჩამოუვარდება. კრისტოფერ ბაკლი, ცალსახად,  თვითმყოფადობის მატარებელი მწერალი, შემოქმედებითი  პროცესისას,  აზრების გაღრმავებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ წერს, უბრალოდ, საკუთარი  ინდივიდუალური მწერლური ალღოს და გონებამახვილობის კარნახით, ძალზე  ბუნებრივად და ძალდაუტანებლად.  სტრიქონებს, პროფესიონალი თერძის ოსტატობით, როგორც მოესურვება, ისე  ”ჭრის და კერავს” –  კონსტრუქციულადაც და შინაარსობრივადაც,  ყოველგვარი, ზედმეტი სწორებების და ”მკეთებლობების” გარეშე ფენს და ამზეურებს ტექსტებს, როგორც შემოქმედების  სრულფასოვან ნიმუშებს. იუმორისტი მწერლის მიერ კალმის შესანიშნავად ფლობა იმაშიც გამოიხატება, რომ მკითხველი  ბოლომდე პასუხგაუცემელი რჩება, მან თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები – რა იყო სიმართლე და რა – მოგონილი წაკითხულში…  როცა იცინის ავტორი, მართლა იცინის, თუ შეუმჩნევლად არსებობს  სხვა ემოციაც –  მითუფრო,  მსოფლიო, გლობალურ პრობლემებზე წერისას, მათ შორის,  საბჭოთა პოლიტიკაზე. ამიტომაც უჭირს, მაგალითად, რუს მკითხველს ორიენტირება – მათ მხარასაბმელად ”თათხავს”  ბაკლი საკუთარ ქვეყანაში ნანახს და განცდილს თუ  საშიში სოციალისტური პოლიტიკის გამტარებელი კასტის წარმოჩენა სურს, ბოლშევიკების სახით. მაგრამ ფაქტია, ის ბნელეთიდან რეალობის  გამოსაკვეთად,  ყველაზე ეფექტური იარაღით – იუმორით არის აღჭურვილი. დაბოლოს, წიგნზე – ”დებატები მარტინის თანხლებით”, სადაც სხვადასხვა თემატიკის მოთხრობებია თავმოყრილი. ეს არის ასოციაციური ამბები ცნობილ პიროვნებებზე, ცნობილ გარემოებებზე, პოლიტიკურ პროცესებზე, მომხდარ თუ დასაშვებ კურიოზულ ინცინდენტებზე…  ეს ფანტაზიის და  სატირის ზეიმია,  ჩვენებურად  – ტაქტიკური   ” პირში ზრახვა” და შთაბეჭდილების  ოსტატურად შექმნა, თითქოს , ყველა  მონათხრობი დოკუმენტურია  და – პირიქით…  ბაკლი საოცრად თავისუფლად საუბრობს საკუთარი ქვეყნის ავ – კარგზე და ამის ფონზე თვალაჩინოს ხდის მთელ თავის ცოდნას და შეხედულებებს კომუნისტურ რეჟიმზე…  ერთერთი რუსი მკითხველის მიერ  წიგნის შესახებ გაკეთებული კომენტარიდან  ჩანს, თუ როგორ შეიძლება არაპირდაპირი ნათქვამით ნაწარმოების პირდაპირ შეფასება. აი, ისიც: ” არ მომეწონა სრულიად. რადგან წიგნი დაწერილია  ამერიკელის მიერ, ამერიკელებისთვის. მათ, შესაძლოა, მოეწონოთ.  …პოულობს საერთოს ამერიკელებსა და ჩვენებს შორის.”  დიახ, ამ კონკრეტულ მკითხველს ”არ მოსწონს” წიგნი, რადგან – მიუხედავად იმისა , რომ ”ხვდება” , თითქოს, მწერლის ძიებებს  სხვადასხვა ასპექტში ორი ხალხის  იდენტობის აღმოსაჩენად ( რაც მცდარი შეხედულებაა, ცალსახად),  ავტორი, მაინც,  მიუღებელია მისთვის ”ამერიკელებზე წერის” და  ამერიკელობის გამო…  ამგვარად აბნევს, გარკვეულ შემთხვევაში,  ბაკლი თითქმის ყველას, ვინც მის რომანებს გადაშლის. აბნევს არა მხოლოდ რუს მკითხველს, არამედ ამერიკელსაც, ქართველსაც –  მათ, ეს საინტერესო ისტორიები,  მ ო რ ა ლ უ რ ი სიცილით მოთხრობილი ამბები, შესაძლოა, პირიქით, არა ამერიკელებისთვის, არამედ ”სხვებისთვის”  შეთხზულადაც მოეჩვენოთ… ასეთია კრისტოფერ ტეილორ ბაკლი –  მწერალი, ჟურნალისტი, ჯორჯ ბუშ – უფროსის ყოფილი კონსულტანტი საჯარო გამოსვლებისას. მისი  ნაწარმოებები შეიძლება მიაკუთვნო ახალ ჟანრს,  უცხოს და გამორჩეულს, ავტორის მიერვე შექმნილს – ყველანაირი ტიპის სტილისტიკისთვის დამახასიათებელი დეტალების ერთად თავმოყრით. და კიდევ, შემოქმედება, რაზეც ვისაუბრეთ,  არავითარ შემთხვევაში, არ არის პერცეფცია.  თუმცა, შეიძლება( ავტორის ჩანაფიქრით) ამგვარ შთაბეჭდილებასაც ქმნიდეს – ეს ხომ ბაკლის ”კალიგრაფიაა”. 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: