Posted by: burusi | 11/08/2014

კახაბერ ჯაყელი – ჭედურობის დიდოსტატი-გაიოზ ბაკურიანელი

Verre, bouteille, paquet de tabac. 1922. Picasso. 33.4 x 41.2

Verre, bouteille, paquet de tabac. 1922. Picasso. 33.4 x 41.2

კახაბერ ჯაყელი – ჭედურობის დიდოსტატი-გაიოზ ბაკურიანელი

(ციკლიდან მარკეტოლოგის ჩანაწერები)

– წაყვები ასფალტის შარაგზას და პირველ გვირაბში რომ შერგავ თავს, ემანდ ფრთხილადა…ძროხები დგანან – მითხრა მაღალმა, ოდესღაც ნაცრისფერ „კოსტუმში“ გამოწყობილმა მწყემსმა, რომელსაც ეტყობოდა მოყვარული მწყემსი იყო და საკუთარ , ჯიქნებ დაბერილ ძროხას მიდენიდა სახლისაკენ.
– მადლობთ ჩემო ბატონო – ვუთხარი მე და მალე მართლაც „შევრგი“ თავი პირველ გვირაბში და ძროხების საკმაოდ დიდ „ჯარს“ წავაწყდი. როგორც ჩანს გარეთ სცხელოდათ ამ მშვენიერ ქმნილებებს და ისინი, მეტად „რომანტიულად“, პირში ყვავილებ გაჩრილი, მე ასე მომეჩვენა, გაწოლილიყვნენ სამანქანო გვირაბის კიდეებში. „მაინც არ უშლიან ხელს მოძრაობას, კიდეებში წვანან ხომ ხედავ, ინტელექტუალური ძროხები არიან“- თქვა ვიღაცამ მანქანაში, თუ მე გავიფიქრე უკვე აღარ მახსოვს, მოკლედ ასე იყო, თუ ისე მალე ბაკურიანის მთას შევუდექით, ავცდით იმ წყაროს სადაც ყველა თითქმის ჩერდება და წყალს სვამს, გავხედეთ მაღალ, მომხიბვლელ მთებს და ზემოთ ლურჯ ცას. როგორც ქალაქის ატროფირებულ ცხოვრებას გამოქცეულებს ჩვევიათ, თვალით მივიღეთ პირველი „ვიტამინები“ ამ ცისა და მთისა და გავაგრძელეთ გზა, რომელზეც მრავალმა მანქანამ გადაგვისწრო.
– გიჟივით მიქრიან – ჩავილაპარაკე მე.
– რადგანაც „იწვის“ თბილისი და გარბიან – თქვა ჩემმა მეუღლემ.
მე კი გამახსენდა ტოლსტოის ომი და მშვიდობა, აი როცა იწვის მოსკოვი და გარბიან მისი მცხოვრებლები, ან ჯერ გარბიან და შემდეგ იწვის… პიერ ბეზუხოვი, რომლის მიმართ დღესაც შემომრჩა გარკვეული სიმპათია და რომელიც გარკვეულ წილად – განსახიერება იყო რუსისა, რუსი ინტელეგენტისა – თითქოს კვლავ განსხეულდა, ჩემს წარმოდგენაში, მაგრამ მაინც რატომ ვხმარობ ასეთ რთულ სიტყვებს, მაპატიეთ, კი არ განსხეულდა, არამედ წამოტივტივდა.
როდესაც თავში წარმოგეშვება აზრი „ვინ?, ვის?, როგორ?, რატომ?“, უკვე შენდა უნებურად წევრი ხარ გარკვეული საზოგადოებისა, მაგრამ თუ ამ კითხვებს დაუმატებ „რა უფლებით?“ , ვინ ხარ მაშინ? პიერ ბეზუხოვი? ლენინი? ნოვადვორსკაია? იქნებ დედა ტერეზა?
კვლავ ხურს შარა-გზა, ცივი ნიავი მალე მოვა, ვიმშვიდებ თავს და თბილისიდან გამოქცეული, ვხვდებით ერთ ლამაზ სახლში, ვილაში, რომელიც ბაკურიანში იწონებს თავს.
– შენი მეგობარი გაიოზი დგას ეზოში და გკითხულობს – ამბობს ერთი ბაკურიანელი. „ვაა გაიოზი, ჩემი ძმა და ჭედურობის დიდოსტატი“- ყველას გასაგებად მივმართავ მე ერთ პატარა ჩია ტანის კაცს.
გაიოზი, დაბერებულა, კვლავ ბიჭურად კი უბრწყინავს ცისფერი თვალები, მაგრამ სახეზე, ცხვირისა და ყურების მიდამოებში, რა თქმა უნდა ნაოჭები მოსძალვია. ხელს ვართმევ, კვლავ ძველებური ჯანი აქვს მაჯაში, მაგრამ სიარული უჭირს. „რევმატიზმებმა დამრია ხელი ვეღარ დავდივარ“- ამბობს გაიოზი და მართლაც ძლივს დადის. „ეჰ გაიოზ, მართლაც ვეღარ დადიხარ შე საწყალო“, ვფიქრობ მაგრამ რა უნდა უთხრა, „გაგივლის, ეგ არაფერი, ძაღლი კოჭლობით არ მომკვდარა, კიდევაც აცეკვდები“-რაღაც ასეთებს ვეუბნები, თვითონაც იცინის, თვალებიც უცინის, უხარია, ჩემი დანახვაც გაუხარდა, ეხლა დავჯდებით და იმისთანებს ვისაუბრებთ, როგორებსაც ადამიანი მარტო იშვიათ ადამიანთან იტყვის. სწორედ გაიოზია იმათ შორის რომელსაც აინტერესებს „ვინ, ვის, როგორ, რატომ და რა უფლებით“, გარდა ამისა გაიოზს, რომესაც თოფიარაღის დიდი კოლექცია აქვს შენახული ერთ ძველ დივანში, ისიც აინტერესებს თუ „ვინ გაბედავს ქართველების შეწუხებას ამ მხარეში და იგი პირველ ტყვიას გაისვრის“.
მხატვარია, ჭედურობის ოსტატი, „ხუროთმოძღვარი მეფისა, გაიოზ“, ასე ვესალმებოდი როდესაც გაიოზი თავის პატარა ქოხში ზურგშექცეული იჯდა და ხატებს ჯედავდა.
– ხუროთმოძღვარი მეფისა გაიოზ – რა თქმა უნდა განგებ ვეუბნები დღესაც ასე, ვიცი რასაც იტყვის.
– მეფისა არა ვირისა …შემომიღრენს თავის პატარა ქოხში, ზურგით მჯდომი გაიოზი, რომელიც დღეს „ოპიზარების ხლართს“ ჭედავს, მორიგი ხატისათვის და მთლიანად გატაცებულია თავისი საქმით.
მაგრამ რადგანაც, ხატწერამ გაიოზს მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოუტანა, სამი ზამთრის გადატანა გათბობის გარეშე მოუხდა. წარმოგიდგენიათ, ბაკურიანში, უშეშოდ და უგაზოდ, ზის, ჭედურობის დიდოსტატი, სცივა, და მუშაობს. ეს მაინც სხვა ყალიბის კაცია, ხომ ვერავის თხოვს დახმარებას. ამპარტავნება რომელიც შერწყმულია დიდი ხელოვანის ბუნებაში ამის უფლებას ვერ მისცემს. ამიტომაც როცა იჯდა სამი ზამთარი და უცეცხლოდ სჭედდა სამ მეტრიან „ჯვარცმას“ ერთხელაც მაგრად გაცივდა. ისე რომ კინაღამ წერილი წაიღო. მას შემდეგ ძლივს დადის, მუშტად შეკრული მაჯა კი კვლავაც ძველებურად მუშაობს, მაგრამ სიხალისე გაქრა, ცისფერ თვალებში ცრემლი ჩადგა. ნაღდი ვანგოგია. მაგრამ გვარად არის კობიაშვილი. გაიოზ კობიაშილი.
ეხლა კი დავჯექით და ვსაუბრობთ. „გამიჭირდა“-ამას ვერ გეტყვის, მაგრამ იგრძნობა რომ გაუჭირდა, რადგანაც ეს ის მამულიშვილი გაიოზია რომელსაც, 2008 წელს, როდესაც რუსი მოიწევდა ბორჯომის ხეობისაკენ, სეპარატისტულად განწყობილმა ოვსებმა ალყა შემოარტყეს. მშვიდობიანი ოვსები კი აწყნარებდნენ ამ გადარეულ მეზობლებს, მაგრამ საქმე მაინც რთულად იყო.
„დააგდე თოფი და გამოდი გაიოზ, ჩამოაგდე ეგ დროშაი“- მაძახა ერთ-ერთმა მეზობელმა მაშინ.
„წადი შენი დედაც, დაგაჭედე ტყვიაი“ – პასუხად უყვიროდა ხელოვანი.
„ეგ შენი მიშას სურათი ჩამოიღე თორემა ….“- უყვიროდნენ გარედან, ერთსართულიან ხის სახლში გამაგრებულ კობიაშვილს.
„თქვენი დედაც, დაგაჭედებთ , აბა შემოაღეთ კარი“ – წამოწითლებული და გაუპარსავი დასძახებდა ჩია ტანის ჭედურობის ოსტატი.
ყველამ იცის, რომ რუსებმა 2008 წელს ბორჯომის ხეობისკენ გაჭრა ვეღარ მოახერხეს და გაიოზის ალყაც თავისთავად დასრულდა, „სეპარატისტებმა“ დაინახეს რა ქართული პატრულის მანქანა, უმალ „მოხსნეს ალყა“ და გაუჩინარდნენ. გაიოზმა მაშინ გაიმარჯვა.
მაგრამ, შემდეგ რა მოხდა? თუ ადრე მის ნაშრომს ყიდულობდნენ, პრეზიდენტები: რეიგანი, ნაკასონა, დემირელი და სხვანი, უეცრად, ყველაფერი შეიცვალა.
– ის ნაკასონა, ჩემი „გურულების სიმღერა“ რომ წაიღო, შენი თუ იცი კახაბერ, დაიჭირეს შემდეგ თუ მოკვდა? ეჭვიანი მზერით გაჰყურებს გაიოზ თავის ფიქრებში მიმალულ იაპონიის პრეზიდენტს.
– ნაღდად არ ვიცი – ვპასუხობ მე.
– აი მაგანა წაიღო ჩემი ნამუშევრები, ძაან მოეწონა….აი მაგას მიართვეს, რეიგანს, ტეჩერს, კიდევ მოიცა მოვიგონო, დემირელს. ჰოდა აბა ასე ვარ ეხლა , კაციშვილი აღარ მოდის, რა ხდება ჭედურობისათვის აღარ სცალიათ თუ რა ხდება?
– მაგაზე პასუხი ძნელია გაიოზ – მეც ბაკურიანულად ვატრიალებს ჩემს სიტყვებსა და ინტონაციას.
– ჰოო – ამბობს ხელოვანი და შორს იყურება.
***
რთული ცხოვრებდით არის ნაცხოვრები. პირველად რომ ნახა ჭედურობა მაშინ შვიდი წლისა იყო. უეცრად გამოფენაზე მოხვდა და რას ხედავს, ლითონში გამოჭედილი ბედაური, გაშლილი ფაფარით, მიჭენაობს, ლითონის მინდორზე, იქაც ბალახი ბიბინებს. ლითონი ისე არის დამუშავებული რომ ბალახის ღეროები მოსჩანს, ყვავილებს აფეთქებული ბუტკოები დაუბერიათ.
– ამის სწავლა მინდა, რადგანაც სულ მაინც ვხატავ და ვძერწავ – ამბობს პატარა ქოჩორა ბიჭი.
მოჰყავთ მშბლებს თბილისში. სწავლობს სამხატვრო სკოლაში ჭედურობის კლასში, დაყიალობს თბილისის ქუჩებში, სვამს მჟავე ლუდს, აყოლებს აყროლებულ არაყს, ხან სახელმწიფოს გამოშვებულს ხანაც საკუთარს, სახლიდან გამოგზავნილს, იცინის, გოგოებს უყურებს მუხლის თავებზე, წითლდება, სხვასაც აწითლებს და ცხოვრება მიდის. შემდეგ კი სამხატვრო აკადემია, აქაც ჭედურობის კლასი.
მაგრამ მთავარი სხვა რამ არის.

***
ჭედურობა ხელოვნებაა, მაგრამ მას ნამდვილი ქართული მოხდენილობა დასდევს. ჯერ იყვნენ მერვე საუკუნის ოსტატები. შემდეგ სოფელ ოპიზაში, მესხეთში გაჩნდნენ, ბეშქენ და ბექა ოპოზარები, რომლებმაც მთელი მეთორმეტე საუკუნე „მოჭედეს“.
რა გადაურჩებოდა შემოჭრილ ბიზანტიელს, ხაზარს, სელჯუკს, მონღოლს, შემდეგ შავბატკნიან, თუ წითელბატკნიან თურქმენებს, სპარსელსა და ოსმალს, რუსსა და საბჭოელს, თუ არა ქვა ან ლითონი?
ამიტომაც ლითონი და ქვა, ქართული ხელოვნების სულია, მისი „პირველად იყო სიტყვაა“. რა თქმა უნდა დიდი ხელოვნებაა პანტომიმა, მიმიკა, ცირკი, თავად თეატრი, ესტრადა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ქართული ქვა და ლითონი, რომ არ ყოფილიყო იბერიული ქვაზე კვეთა და ლითონზე ჭედვა, მაშინ ვიქნებოდით კი ჩვენ?
***
გაიოზს არ უყვარს ამგვარი რთული კითხვები. ის მარტივად და გასაგებად საუბრობს. ლანძღვა გინებასაც არ ერიდება. მისი ხათრიც აქვთ, მაგრამ მის სუსხიან სიტყვასაც თავის ძალა აქვს.
პატარა ფიჭვის ხის სუნით გაჟღენთილი ქოხი, მხატვრის სახელოსნო რომ ქვია, სავსეა ჭედურობის ნიმუშებით. მაგიდის მაგივრად ფოლადის დაზგა დგას. მასზე ტყავებია გადათალხული, დაზგას გარშემო სამი კაცი ვუზივართ , გაიოზი როგორც ჭედურობის მკაცრი მასწავლებელი, ვიღაც, სვირინგებით აჭრელებული უცნობი, რომელიც შეგირდად მიჰბარებია მას და მე, თბილისიდან ახლად ჩამოსული დამსვენებელი, დამკვირვებლის როლში რა თქმა უნდა.
– გაიდე ეხლა ეგ რკინა მხარზე, წამახვული წვერით დააბჯინე ლითონის ზედაპირს და როგორც გასწავლე ისე ამოკაწრე, მიდი… – თავზე დაჰყვირის გაიოზი სვირინგებიანს.
– „ტაკ ტოჩნო გაიოზ ფედოროვიჩ“- ამბობს სვირინგებიანი და ცდილობს ლითონზე ნაკაწრი ღრმა გამოუვიდეს, რათა შემდეგ მეორე მხრიდან იყოს გამოჭედვა შესაძლებელი.
– ვაა გამოუვიდა – ვამბობ მე
– რა გამოუვიდა? „სუნამოსავით“ უჭირავს – ხვივხვინებს ჭედურობის დიდოსტატი.
მართლაც სვირინგებიანმა გადმოატრიალა ლითონი და გაიოზს ძალა მოეცა ისე გაუბრაზდა:
– ეს არის ნაკაწრი? შენ რა მაკიაჟს კი არ უკეთებ ძმაო, ლითონია, კაცურად უნდა დასცხო, დედა უნდა უტირო, რელიეფი უნდა მისცე, რკინა გაცხელდეს იმდენი უნდა ურტყა, გაიგეე? – გამოთქმული სიტყვის ბოლო ასოზე მახვილის გაკეთება, უხდება გაიოზის სიბრაზეს. ამ ცოტა არ იყოს და პირუტყვულ ლანძღვაში ოსტატი ჩანს.
***
– ჰოდა როცა გავაგდე სვირინგებიანი შეგირდი, მაშინ ვიფიქრე რომ განცხადებები უნდა დამაწერინო, გაიგეეე? კვლავ მახვილი სიტყვის ბოლოზე ჩაახვია გაიოზმა.
– რატო გააგდე? მეც ბაკურიანელის ინტონაცია გადამედო.
– არ გამოვა მაგისგან „ჩეკანშჩიკი“, რატო რა ვიცი – გაიოზი გამჭრიახ თვალებს ენერგია მოემატა თითქოს.
– რა განცხადებები უნდა დაგაწერინო? – ვეხუმრები მე.
– აი ეხლა გეტყვი ვისთან: პირველი პრემიერ მინისტრთან, მეორე კულტურის მინისტრთან, მესამე პრეზიდენტთან, მეოთხე… – გაიოზი ჩაფიქრდა
ჰოდა დავჯექით დასაწერად.
***
ბაკურიანის მზე და ჰაერი – მეტი საკვები რად გინდა, მიიღე სხივები და ჩაისუნთქე. კოხტაზე ჰაერია….დანით დაჭრი და ჩანგლით შეჭამ, მეტი რა გინდა?
ჰოდა მზე რომ ამოვიდა, ფარდულის კარი გამოვაღეთ, ჭედურობის უამრავი ნიმუში ალაპლაპდა და უეცრად სხივები მიეღვარა, ფარდულის სიღრმეში გადამალულ საოცარ შედევრს, რომელსაც სახელად „სვანური ფერხული“ ქვია.
თავად რკინა რა ფაქტურაა არა? სვანები როგორც ყოველთვის, აქაც ამ ლითონზე, ცოტა მოუხეშავად როკავენ, წარბები აუწკეპიათ მაღლა, ნიკაბები წინ წამოუწევიათ, სვანური ქუდები შუბლზე აქვთ ჩამოფხატული, მხრები გაშლილი, ფართო, დაძარღვული ხელის მტევნები – დათვის ტორებივით დაუწყვიათ ჭიპთან დაკიდებულ ხანჯლებთან, თითქოს ბრაზობენ, მაგრამ რაც მთავარია, თავიანთი მთიელობით არიან დამთვრალნი და ბედნიერნი. მათ ზურგს უკან კიდევ, ყმაწვილი ქალი მიყრდნობია აშოლტილ ხეს და მამათა, ძმათა ცეკვას მოწიწებით აკვირდება.
***
– ეხლა ასეთ ჭედურობას ვინღა იყიდის გაიოზ? დრო გამაიცვალა, ხალხიც შაიცვალა – ამბობს ერთი.
– ხვალ უნდა გამოსჭედო სახელად „ჩემი დედა…ანდა კი ბოზიშვილი ვიყო…“ ფუჰ მაგათ სახელს- ამბობს ამირან პაპა, რომელსაც ულვაშები შავად ისეთი მონდომებით შეუღებია რომ, ცოტათი მეტიც მოსვლია.
– ეს ის ამირანი არ არის, ამის სახელობის პარკი რომ გვაქვს? – კითხულობს პატარა და ნიჭიერი ყმაწვილი, რომელიც, ძველი წარწერების გასაშიფრად მოვიპატიჟეთ, რადგანაც ხელთ დიდი ალბომი გვიჭირავს და ერთი მეცხრე საუკუნის ხატის, შესანიშნავი წარწერის ამოკითხვა გვაინტერესებს.
– ამირანია.., დაბალ ხმაზე ილაპარაკე, მაგის ყვირილის თავი ეხლა არ მაქვს, ხო იცი, რომ ნაჯახს გვერდიდან არ იცილებს – ამბობს თვალების ბრიალით გაიოზი და პატარა ტანიან, მოკლე მაჯებიან, დიდთავა ყმაწვილს, გაყვითლებულ ფურცელს აწვდის – „გვითარგმნე, ბევრს ნუ ლაპარაკობ..“

***
-საქართველოს პრემიერ მინისტრს….ბატონ ამასა და ამას – თქვა გაიოზმა სიცილით და განცხადების ტექსტის ჩაწერა დაიწყო.
– საიდან დავიწყო? – უცებ იკითხა დაბნეულად.
– დაიწყე იქედან საიდანაც დაიბადე – უთხრა დიდთავა და მოკლე მაჯებიანმა ადგილობრივმა „გენიოსმა“, რომელმაც ნუსხა ხუცური, ძველი ბერძნული, ძველი ასირიული და კიდევ ორი დამატებითი მივიწყებული ენა იცის და თასმა ახეული სანდალივით პირი დააბჩინა.
– ვაი შენს პატრონს- უყვირა გაიოზმა და წერა განაგრძო.
***
„ქართველ ხალხს.
1967 წელს დავამთავრზე ჭედურობის კლასი ჩვენს უნივერსიტეტში – ფრიადზე. არაფრის დიდებით არ ვაკეთებდი ლენინს, მარქსს, ძერჟინსკს და სხვა კომუნისტი დემონების კერპებს. მაგიტომაც არ გამიკარეს არსად იმ შეჩვენებულებმა, დავსახლდი ბაკურიანში. მხატვარს რაც უნდა ყველაფერი მქონდა, მზე, ცა და ბალახი. დავქორწინდი. ერთი ბავში – ზურიკო დამეღუპა და აქვე დავმარხე, მას შემდეგ ვერ ვცილდები ბაკურიანს. ეხლა ვაკეთებ 3 მეტრიან „ქრისტეს ჯვარცმას“, მაგრამ ბოლო ზამთარს უშეშოდ ვიყავი, გაზი კი ვერ შემოვიყვანე, რაღაც ხარჯები მქონდა. გავცივდი საშინლად. მწვავე რევმატიზმის გამო ვიტანჯები სიარულის დროს. გთხოვთ დამეხმაროთ, მიმკურნალოთ და ფეხზე დამაყენოთ. თუ ამ ზამთარსაც გათბობის გარეშე დავრჩი, მაშინ იცოდეთ, ჩემს ქოხში, 1000 დე ჩემი ჭედური ნამუშევარი ინახება, ზოგი „ლატუნზეა“ და ზოგიც „სპილენძის ფირფიტაში“, ჰოდა მათ უტოვებ ქართველ ხალხს. თუ მოინდომებთ მომნახავთ თამარ მეფის 14-ში. მობილური არ მაქვს. თქვენი გაიოზ კობიაშვილი“
***
ასეთია გაიოზის განცხადება, ხოლო წინ ცივი ზამთარია…

კახაბერ ჯაყელი
2014 წელი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: