Posted by: burusi | 05/06/2014

რაინერ ვერნერ ფასბინდერი – დუგლას სირკის 6 ფილმი

All that haven allows

რაინერ ვერნერ ფასბინდერი – დუგლას სირკის 6 ფილმი

„ფილმი საბრძოლო ველს ჰგავს“ – სამუელ ფულერმა, რომელმაც ოდესღაც სცენარი დაწერა სირკის ფილმისთვის, ეს ფრაზა ჟან-ლუკ გოდარის ფილმში წარმოსთქვა, რომელმაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვით ადრე სანამ „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“-ს გადაიღებდა, რაფსოდია მიუძღვნა დუგლას სირკის ფილმს ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა. მაგრამ ვერცერთი ჩვენგანი – ვერც გოდარი, ვერც ფულერი, ვერც მე და საერთოდ ვერავინ, ახლოსაც ვერ მივა დუგლას სირკთან. სირკმა თქვა: „კინო არის სისხლი, ცრემლები, ძალადობა, სიძულვილი, სიკვდილი და სიყვარული“. და სირკი იღებდა ფილმებს სისხლით, ცრემლებით, ძალადობით, სიძულვილით – ფილმებს სიკვილით და ფილმებს სიყვარულით. სირკი ამბობდა: „შეუძლებელია ფილმი გადაიღო რაღაცის შესახებ, ფილმის გადაღება შეიძლება რაღაცეებით, ადამიანებით, სინათლით, ყვავილებით, სარკეებით, სისხლით, ფაქტიურად ყველა იმ ფანტასტიური რამით, რაც ცხოვრებას ანიჭებს მნიშვნელობას“. სირკმა ასევე თქვა, „რეჟისორის ფილოსოფია არის განათება და გადაღების კუთხე.“ და სირკი იღებდა კიდეც ყველაზე შთამბეჭდავ ფილმებს, რაც კი ოდესმე მინახავს; ფილმები რომლებიც გადაღებულია ისეთი კაცის მიერ, რომელსაც უყვარს ადამიანები და ჩვენსავით არ სძულს ისინი. ერთხელ დერილ ფ. ზანუკმა უთხრა სირკს: „ეს ფილმი უნდა მოეწონოთ როგორც კანზასში, ისე სინგაპურში.“ ამერიკა ცალკე შემთხვევაა.

დუგლას სირკს ჰყავდა ბებია, ამ ქალს ჰქონდა შავი თმა და წერდა ლექსებს. იმხანად დუგლასს ჯერ კიდევ დეტლეფს ეძახდნენ, ის დანიაში ცხოვრობდა. 1910-იან წლებში სკანდინავიური ქვეყნები საკუთარ ფილმებს აწარმოებდნენ, ძირითადად დიდ, ადამიანურ დრამებს. ამგვარად, პატარა დეტლეფი და მისი პოეტი ბებია დანიის პაწაწინა კინოთეატრში, ასტა ნილსენის და კიდევ ბევრი სხვა ლამაზი, მკრთალი, თეთრი მაკიაჟის მქონე ქალბატონების ტრაგიკული სიკვდილის გამო ტირილით ისიებდნენ თვალებს. მათ აქ მხოლოდ უჩუმრად შეეძლოთ სიარული, რადგანაც დეტლეფი გერმანული ტრადიციებით უნდა ყოფილიყო აღზრდილი და ჰქონოდა შესაბამისი კლასიკური განათლება; ასე რომ, ასტა ნილსენის სიყვარული ერთ დღესაც კლიტემნესტრას სიყვარულმა ჩაანაცვლა. ის გერმანიის სხვადასხვა თეატრებში მუშაობდა: ბრემენში, ჩემნიცში, ჰამბურგში, ლაიფციგში. განათლებული და მაღალი კულტურის მქონე კაცი იყო. მაქს ბროდს მეგობრად თვლიდა, იცნობდა კაფკას და სხვებს. ერთი შეხედვით ისეთი კარიერისკენ იკვალავდა გზას, მიუნხენის რეზიდენტთეატრის დიქტატორობამდეც კი რომ მიიყვანდა. მაგრამ არა, UFA -სთვის გადაღებული რამოდენიმე ფილმის შემდეგ, 1937 წელს ის ამერიკაში გადასახლდა, იქცა დუგლას სირკად და დაიწყო ისეთი ფილმების გადაღება, რომლებიც მხოლოდ ღიმილს თუ გამოიწვევდა მისი სოციალური წრის თუ წარმომავლობის მქონე გერმანელ თანამოძმეებში.

ყველაფერი რაც ზეცითაა ნებადართული (All That Heaven Allows. 1955).

შეიძლება ასეც მოხდეს, რომ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, ისეთი გონებამხვილი და განათლებული კაცი გაიცნო, როგორიც არსად შეგხვედრია; კაცს რომელსაც ძლივს გასარჩევი კმაყოფილი ღიმილით შეუძლია გითხრას – „ზოგჯერ მართლაც ძალიან მიყვარდა ის რასაც ვაკეთებდი“. ის რაც მას უყვარდა, იყო, მაგალითად, ყველაფერი რაც ცითაა ნებადართული (1956).

ჯეინ ვაიმანი მდიდარი ქვრივია, როკ ჰადსონი კი მასთან მებაღედ მუშაობს – ხეებს სხლავს. ჯეინის ბაღში სიყვარულის ხე ყვავილობს, რომელიც მხოლოდ იქ ყვავილობს, სადაც სიყვარულია, შესაბამისად მათი შემთხვევითი შეხვედრაც დიდ სიყვარულში გადაიზრდება. თუმცა როკი ჯეინზე 15 წლით უმცროსია, ჯეინი კი მისი პატარა ამერიკული ქალაქის სოციალურ ცხოვრებაშია გათქვეფილი. როკი უბრალო კაცია და არაფერი აბადია, ჯეინს კი აქვს დასაკარგი: მეგობრები, განსვენებული ქმრის დანატოვარი სოციალური სტატუსი და შვილები. თავიდან როკს უყვარს ბუნება, ჯეინს კი – არაფერი, რადგან მას ისედაც ყველაფერი აქვს.

დიდი სიყვარულისთვის ფრიად უხეირო დასაწყისია. ქალი, კაცი და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობენ. ძირითადად ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ქალს დედობრივი ყაიდა აქვს, ეტყობა რომ შეუძლია საჭირო მომენტში მოლეს კიდეც: და ჩვენც ვხვდებით, რა იზიდავს მასში როკს. როკი ხის ვარჯია და სრულიად სამართლიანად სურს იარსებოს ჯეინში. გარე სამყარო ხომ ავბედითია. ქალები კი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ. როკის გარდა ფილმში სხვა კაცები არ გვხვდებიან, ამ მხრივ სავარძლები და ჭიქები უფრო არსებითია. ამ ფილმის ნახვის შემდეგ პატარა ამერიკული ქალაქი უკანასკნელი ადგილია, სადაც წასვლა მომინდებოდა. ფილმის კვინტესენცია კი სადღაც ჯეინის რეპლიკებს შორის გადის, როდესაც როკს ეუბნება, რომ მისი იდიოტი შვილების და სხვა მიზეზების გამო, მის მიტოვებას აპირებს. როკი დიდად არ აპროტესტებს, ბოლო ბოლო მას თავისთვის ჯერ კიდევ ჰყავს ბუნება. და აი, შობის ღამეს, შვილებს, რომლებიც ისედაც აპირებენ დედის მიტოვებას, ტელევიზორი მოაქვთ მისთვის საჩუქრად. ეს უკვე მეტისმეტია. ეს ჟესტი საზოგადოების არსის წვდომასა და იმის გაცნობიერებაში გეხმარება, თუ რას უშვება ის ადამიანს. მოგვიანებით ჯეინი როკს უბრუნდება, რადგანაც თავის ტკივილები აწუხებს; რაც ყოველ ჩვენგანს დაემართება, დრო გამოშვებით თუ არ ვიტყნაურეთ. მაგრამ ახლა, როდესაც ის დაბრუნდა, ბედნიერ დასასრულს მაინც არ უჩანს პირი. როდესაც ორი ადამიანი ამგვარად გაირთულებს სასიყვარულო ურთიერთობას, ისინი შემდგომაც ვერ შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას.

აი ასეთ რამეებზე იღებს დუგლას სირკი ფილმებს. ადამიანებს არ შეუძლიათ მარტო ცხოვრება, მაგრამ ერთად ცხოვრებაც არ გამოსდით. სწორედ ამიტომაა მისი ფილმები ასეთი უიმედო. ყველაფერი რაც ზეცითაა ნებადართული იწყება პატარა ქალაქის შორი ხედით. ამ კადრზევე ჩნდება სათაური, რაც სევდისმომგვრელია. შემდეგ მოძრავი კადრი ჯეინის სახლამდე ჩამოდის, სადაც ეს-ესაა მისი მეგობარი, ოდესღაც ნათხოვანი ჭურჭლის დასაბრუნებლად მოვიდა . უკიდურესად სევდიანია! კადრი ორ მეგობარს მიუყვება და სადღაც იქ, უკანა ფონზე როკ ჰადსონის ბუნდოვანი სილუეტი მოსჩანს, ზუსტად ისე, როგორც ვიღაც “უმნიშვნელო” დგას ხოლმე ჰოლივუდურ ფილმებში. და რადგანაც მეგობარს არ აქვს ჯეინთან ერთად ყავის დალევის დრო, ჯეინი ამ „უმნიშვნელოსთან“ ერთად სვამს ყავას. ამ ეტაპზეც, მხოლოდ ჯეინის მსხვილი ხედებია. როკს ჯერ არ შეუძენია რაიმე რეალური მნიშვნელობა. შეძენისთანავე, მიიღებს კიდეც თავის წილ მსხვილ ხედებს. ასე სადად და ლამაზად. საქმის არსს კი ყველა ხვდება.

დუგლას სირკის ფილმები აღწერითი ხასიათისაა. იშვიათად გვხვდება მსხვილი ხედები. კადრი-კონტრ-კადრის შემთხვევაშიც, მეორე ადამიანი ბოლომდე არ ჩანს ხოლმე კადრში. მაყურებლის მძაფრი ემოცია, მსახიობებთან იდენტიფიკაციის ნაცვლად, მონტაჟის და მუსიკის ხარჯზე უფრო წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ ვგრძნობთ ოდნავ დაუკმაყოფილებლობას, ასეთი ფილმების მერე. რაც ეკრანზე გადის, ის სხვების ისტორიაა. და თუ რამე ჩვენს პირად ისტორიას მოგვაგონებს, სრულიად თავისუფლები ვართ, გავაცნობიეროთ ის, ანდაც ღიმილით აღვიქვათ მისი მნიშვნელობა. ცალკე ამბავია ჯეინის შვილები. ერთი ბებერი ტიპია, რომელსაც ეს ბავშვები ყველაფერში ჯაბნიან: თავიანთი ახალგაზრდობით, ცოდნით და ა.შ. ამიტომაც ფიქრობენ რომ დედისთვის იდეალური მეწყვილე იქნებოდა. აქვეა როკი, რომელიც მათზე არც ისე უფროსია, უკეთესად გამოიყურება და მთლად სულელიც არაა. მაგრამ შვილები მასზე პანიკურად რეაგირებენ. ფანტასტიკურია. ჯეინის ვაჟი კოქტეილს სთავაზობს ორივეს, როკს და ბებერ ტიპს. ორივე ქათინაურებად იღვრება. ბებერი ტიპის შემთხვევაში, შვილები აღფრთოვანებას ასხივებენ, როკის შემთხვევაში კი დაძაბულობა ოთახში რისხვის ნიშნულს უახლოვდება. ორივე შემთხვევა ერთი და იმავე კუთხითაა გადაღებული. სირკის უნარი მართოს მსახიობები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ფრიც ლანგის იმავე პერიოდში გადაღებულ ფილმებს თუ ნახავთ, სადაც თითქმის ყველგან უნიჭობა ზეიმობს, მაშინვე მიხვდებით სირკის მნიშვნელობას. ქალები სირკთან აზროვნებენ. ის რაც არასდროს შემიმჩნევია სხვა რეჟისორებთან. არც ერთ მათგანთან. ქალები მათთან როგორც წესი მხოლოდ რეაგირებენ, აკეთებენ იმას რაც ქალმა უნდა გააკეთოს, სირკთან კი ისინი აზროვნებენ. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო. არაჩვეულებრივია ქალის ყურება ფიქრის პროცესში. ეს დამაიმედებელია. გულწრფელად ვამბობ.

სირკთან ადამიანები მუდამ ისეთ ოთახებში არიან მოთავსებულნი, რომელთა დეკორაცია ზედმიწევნით აღწერენ მათ სოციალურ მდგომარეობას. ეს ოთახები გასაოცრად შეესატყვისება მათ პატრონებს. ჯეინის სახლში მხოლოდ ერთი მანერით შეიძლება მოქმედება, მხოლოდ გაკრვეული წინადადებებით ლაპარაკი, სათქმელის მხოლოდ გარკვეული ჟესტებით გამოხატვა. როდესაც ჯეინი სხვასთან მიდის სახლში, მაგალითად როკთან, ისმის კითხვა – მოახერხებს კი ის შეცვლას? ეს გარკვეული იმედის მარცვალი იქნებოდა. ანდაც, შესაძლოა ის იმდენადაა სტერეოტიპების მახეში გაბმული, რომ როკის სახლში ცხოვრებისას, ის სტილი მოენატროს, რომელსაც მიეჩვია და რომელიც უკვე იქცა მის შემადგენელ ნაწილად. სწორედ ამიტომ არაა აქ ბედნიერი დასასრული. ჯეინი საკუთარ სახლს უფრო შეეფერება, ვიდრე როკისას.

ქარზე დაწერილი (Written on the Wind. 1956)

ქარზე დაწერილი არის საოცრად მდიდარი ოჯახის ისტორია. რობერტ სტაკი ვაჟია, რომელიც არასდროს ყოფილა ისეთი კეთილგონიერი, როგორც მისი მეგობარი, როკ ჰადსონია. ერთადერთი რაც რობერტ სტაკმა იცის, ფულის ხარჯვაა: დაფრინავს თვითმფრინავებით, ბევრს სვამს და აბამს ქალებს. როკ ჰადსონი მუდამ თან დაყვება. მაგრამ ისინი უბედურები არიან, რადგან აკლიათ სიყვარული. შემდეგ ლორენ ბექოლს ხვდებიან. ბუნებრივია, ის განსხვავდება სხვა ქალებისგან. პირდაპირია და მიზანდასახული, საკუთარი ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობს და თან პრაქტიკულია; მოსიყვარულე და გულისხმიერია. და მაინც, ის ირჩევს ცუდ ტიპს – რობერტს, მაშინ როდესაც კარგი ტიპი, როკი ბევრად უფრო შეეფერებოდა. როკიც საკუთარი ლუკმა პურისთვის მუშაობს, ისიც მასსავით პრაქტიკული, გულისხმიერი და დიდსულოვანია. მაგრამ ბექოლი ირჩევს ისეთს, რომელთანაც ურთიერთობა დიდი ხნით არ გაუგრძელდებოდა. როდესაც ლორენ ბექოლი პირველად ხვდება რობერტის მამას, სთხოვს რომ კიდევ ერთი შანსის მისცეს შვილს. ამაზრზენია იმის ყურება, თუ როგორ ურტყამს კეთილსინდისიერი ქალბატონი კარგ ტიპს ყვერებში, იმისთვის რომ ცუდი ტიპისთვის ჩააწყოს საქმე. დიახაც, ეს ამბავი უბრალოდ განწირულია ცუდი დასასრულისთვის. ჩვენც ამის იმედი ვიქონიოთ. რობერტის და, დოროტი მალოუნი ერთადერთია, რომელსაც სწორი ადამიანი, ანუ როკ ჰადსონი უყვარს. ის იბრძვის თავისი სიყვარულისთვის, რაც რაღა თქმა უნდა უაზრობაა. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ როცა ყველა სხვა დარწმუნებულია, რომ მათი სუროგატი ქმედებებია ნაღდი; ჩვენც ვხვდებით რომ ის იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რომ არ ძალუძს დაეუფლოს ნაღდს.

ლორენ ბექოლი რობერტ სტაკის სუროგატია, რადგანაც სტაკმა ალბათ იცის რომ ვერასდროს შეძლებს უყვარდეს ბექოლი და პირიქით. მამამისს კი ჭაბურღილის კოშკი უჭირავს ხელში, რაც სუროგატულ ყლეს ჰგავს. და როდესაც ფილმის დასასრულს, ოჯახის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ წევრს, დოროტი მალოუნს ხელში ისევ ეს ყლე უჭირავს, ეს უკვე მეტისმეტია; დაახლოებით ისე, როგორც ის ტელევიზორი იყო მეტისმეტი, საჩუქრად რომ მიიღო ჯეინ უეიმანმა შობის ღამეს. როგორც ტელევიზორია იმ ჟიმაობის სუროგატი, შვილებს რომ დაენანათ დედისთვის, დოროტი მალოუნის ნავთობის იმპერიაც ისეთივე სუროგატია როკ ჰადსონისთვის. იმედია არაფერი გამოუვა და ისიც ისე გაგიჟდება, როგორც მარიენ კოხი ინტერლუდა- ში. სიგიჟე, ჩემი აზრით, დუგლას სირკისთვის იმედის ნიშანია.

როკ ჰადსონი ქარზე დაწერილში ყველაზე დიდი გონებაჩლუნგი ნაძირალაა ამ ქვეყანაზე. როგორ ახერხებს გულგრილი დარჩეს იმ ლტოლვის მიმართ, რაც დოროტი მალოუნის აქვს მის მიმართ? ის ხომ საკუთარ თავს სთავაზობს მას, ხვდება მხოლოდ ისეთ ტიპებს, რომლებიც ოდნავ მაინც გვანან მას, რომ რამე მიახვედროს. როკის ერთადერთი პასუხი კი ესაა „მე ვერასდროს შევძლებ შენს დაკმაყოფილებას.“ ღმერთია მოწმე, რომ შეძლებდა. და მანამ სანამ დოროტი საკუთარ ოთახში ცეკვავს, ცეკვა რომელიც რაღაცით სასიკვდილო ცეკვას წააგავს – შეიძლება სწორედ ესაა მომენტი, როდესაც იწყება კიდეც მისი სიგიჟე – კვდება მამამისი. ის კვდება, იმიტომ რომ დამნაშავეა. ის მუდამ არწმუნებდა საკუთარ შვილებს რომ როკ ჰადსონი მათზე უკეთესია, მანამ სანამ მართლაც არ გახდა უკეთესი. რადგანაც მას არასდროს შეეძლო იმის კეთება, რაც თვითონ სურდა; ამიტომ ყოველთვის ახსენდებოდა როკ ჰადსონის მამა, რომელსაც, მართალია კაპიკი ფული არ უშოვნია , სამაგიეროდ მაშინ შეეძლო სანადიროდ წასვლა, როცა მოისურვებდა. შვილები უბადრუკი, სულელი მიამიტები არიან. შესაძლოა აცნობიერებს კიდეც საკუთარ დანაშაულს და სწორედ ამიტომ კვდება. ყოველ შემთხვევაში, მაყურებელი ამას ხვდება. მისი სიკვდილიც არაა შემაძრწუნებელი.

რადგანაც რობერტს არ უყვარს ლორენი, მისგან ბავშვი უნდა. ან უბრალოდ აცნობიერებს რომ სხვას ვერაფერს მიაღწევს და სურს მამობა მაინც შეძლოს. მაგრამ ეს ძალისხმევა მის ფატალურ სისუტეს ააშკარავებს. ისევ სმას უბრუნდება. ნათელი ხდება, რომ ლორენ ბექოლი მას აღარაფერში გამოადგება. ქმართან ერთად სმის, მისი ტკივილის გაზიარების ნაცვლად, ის სულ უფრო და უფრო დიადი და სპეტაკი ხდება, სულ უფრო და უფრო გულს გვირევს და ჩვენც უფრო და უფრო ვხვდებით, თუ რა კარგად შეეწყობოდა ის როკ ჰადსონს, რომელიც მასსავით დიადია და მასსავით გვირევს გულს. ადამიანები რომლებიც აღიზარდნენ იმისათვის, რომ მოიტანონ სარგებელი, რომელთა თავები მანიპულირებადი
ოცნებებითაა გამოტენილი, ყოველთვის გათახსირებულები არიან. ლორენ ბექოლს რობერტ სტაკთან ერთად რომ ეცხოვრა, და არა მის გვერდით, ეცხოვრა მისით და მისთვის, მაშინ შეიძლება რობერტს ერწმუნა კიდეც, რომ ბავშვი რომელსაც ლორენი ელოდება, მართლაც მისია და აღარ მოუწევდა ამდენი ტანჯვა. მაგრამ ახლა, როკ ჰადსონის უფროა ეს ბავშვი, მიუხედავად იმისა რომ არასდროს წოლილა ლორენ ბექოლთან.

დოროტი არც ისე ლამაზად მოიქცევა, მის ძმას ლორენის და როკის წინააღმდეგ განაწყობს. მიუხედავად ამისა, ის მაინც ისე მიყვარს, როგორც არავინ კინოში; მე როგორც მაყურებელი, დუგლას სირკთან ერთად, ადამიანური სასოწარკვეთილების კვალს მივყვები. ქარზე დაწერილში – კარგი, „ნორმალური“ „ლამაზი“ ყოველთვის უკიდურესად საძაგელია; სამაგიეროდ გაჭირვებული, სუსტი და აღვირახსნილი იწვევს თანაგრძნობას. მათ შორის სიკეთის ქომაგებშიც.

და ისევ სახლი, სადაც ეს ყველაფერი ვითარდება. სახლი, რომლის ე.წ. ღერძი ცენტრში განთავსებული უზარმაზარი კიბეა. და სარკეები. და უთვალავი ყვავილი. და ოქრო. და გულგრილობა. სახლი, რომელსაც მხოლოდ დიდძალი ფულის ფლობის შემთხვევაში აიშენებდა კაცი. სახლი ყველა იმ ატრიბუტით, რაც დიდი ფულის ქონასთან ასოცირდება და რომელშიც ვერ მოისვენებ. ეს სახლი ოქტობერფესტივითაა , სადაც ყველაფერი ფერადი და მოძრავია; და შენც ისევე მარტოდ გრძნობ თავს როგორც ყველა დანარჩენი. ადამიანური ემოციები საკმაოდ უცნაურად ამოხეთქავენ სახლში, რომელიც დუგლას სირკმა ჰედლების ოჯახისთვის ააგო.. შუქ-ჩრდილები იქ, სადაც წესით საერთოდ არ უნდა იყოს – სარწმუნოს ხდიან გრძნობებს, რომლებიც უმჯობესია გაუცნობიერებლი დარჩენილიყო. ქარზე დაწერილში, კამერის კუთხეები თითქმის ყოველთვის ისეა დახრილი (როგორც წესი ქვემოდან), რომ უცნაური ამბები ეკრანზე ვითარდება, და არა მხოლოდ მაყურებლის წარმოსახვაში. დუგლას სირკის ფილმები გონებას გაგიხსნით.

ინტერლუდია (Interlude. 1957).

ინტერლუდია (1957) რთულად აღსაქმელი ფილმია. დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერს სიყალბის სუნი ასდის. ფილმის მოქმედება მიუნხენში ვითარდება, რომელიც , ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში სრულიად არაა ისეთი, როგორიც ამ სურათში. ინტერლუდიას მიუნხენი მთლიანად მონუმენტური ექსპონატებითაა აგებული: კიონიგსპლაცი, ნიმფენბურგის სასახლე, ჰერკულეზაალი. დროთა განმავლობაში ყვლაფერი გასაგები ხდება: ეს ამერიკელის თვალით დანახული მიუნხენია. ჯუნ ელისონი მიუნხენში ევროპული შთაბეჭდილებისთვის ჩამოდის. სანაცვლოდ კი დიდი სიყვარულის, მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულის შთაბეჭდილებებით ბრუნდება უკან. მისი სიყვარულის ობიექტი როზანო ბრაცია, რომელიც კარაიანის მაგვარი დირიჟორის როლს თამაშობს. ჯუნ ელისონი ოდნავ განსხვავებულია სირკის ტიპიური პერსონაჟებისგან. ის ზედმეტად ნატურალისტურად, ზედმეტად ჟანსაღად გამოიყურება. ნამეტანი ქორფაა. თუმცა ფილმის ბოლოსკენ უკვე საკმარისადაა გულდამძიმებული. როზანო ბრაცი სისხლით და ხორცით დირიჟორია, მაშინაც კი როდესაც ნაზ, სასიყვარულო სიტყვებს ჩასჩურჩულებს ქალს ყურში. მისი მოძრაობის მანერა კი რეჟისორული ოსტატობის ზეიმია: ჭირვეულის მანერა, რომელიც მუდამ სხვებისთვის მართავს შოუს, მაშინაც კი, როდესაც გულით ამბობს სათქმელს. ბრაცი ზუსტად ისე თამაშობს თავის როლს, როგორც ვედეკინდის “მუსიკა” უნდა ითამაშონ. ბრაცის ყავს ცოლი, მარიენ კოხი. დუგლას სირკისეული სამყაროს ხედვის შესაცნობად, კოხის პერსონაჟი გადამწყვეტია. მარიენ კოხს უყვარს როსანო ბრაცი. მან ის ცოლად მოიყვანა, მერიენი კი მუდამ ბედნიერი იყო მის გვერდით და სწორედ ამ სიყვარულმა გაანადგურა ის. ჭკუიდან შეიშალა. სირკის ყველა პერსონაჟი იდეალს, ვნებას მიესწრაფის. ის ერთადერთი პერსონაჟი კი, ვინც ყველაფერი მიიღო, რაც სურდა, სწორედ ამის გამო გიჟდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენი საზოგადოება მხოლოდ მას ღებულობს თავის რიგებში, ვინც ენაგადმოგდებული ძაღლივით მუდამ რაღაცისკენ მიისწრაფის? ისიც მხოლოდ მანამ, სანამ იმ წესებს დაიცავს, რაც უზრუნველჰყოფს მისგან რაიმე სარგებლის მოტანას. დუგლას სირკის ფილმების ნახვის შემდეგ, როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული რომ სოციალური რეპრესიის საუკეთესო, ყველაზე მზაკვრული და ქმედითუნარიანი ინსტრუმენტი სწორედ რომ სიყვარულია. ჯუნ ელისონი ნაკლები სიყვარულით ბრუნდება შტატებში. მაგრამ ისინი ერთადაც ვერ იქნებოდნენ ბედნიერები. ჯუნი მუდამ თავის დირიჟორზე იოცნებებს, ბრაცი კი ჯუნის დაუკმაყოფილებელი ვნების ნიშნებს დაინახავს ყველგან. ისინი საკუთარ თავს მთლიანად სამსახურს მიუძღვნიან, რაც ბუნებრივია რომ თავის მხრივ ექსპლუატირებული იქნება. სწორია.

შერყვნილი ანგელოზები (Tarnished Angels 1958)

შერყვნილი ანგელოზები (1958) სირკის ერთადერთი შავ-თეთრი ფილმია, რაც მინახავს. ამ ფილმზე მუშაობისას, მას სრული თავისუფლება ჰქონდა. ეს წარმოუდგენლად პესიმისტური ფილმი, ფოლკნერის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული. როგორც სჩანს, სირკმა საკმაოდ გადაუხვია ორიგინალს, რაც უხდება კიდეც ფილმს.

ფელინის გზის მსგავსად, ეს ფილმიც მომაკვდავ პროფესიას ეხება, ოღონდ ნაკლებ პრეტენზიულადაა გადაღებული. რომერტ სტაკი პილოტი იყო I მსოფლიო ომში. მას ფრენის გარდა არასდროს არაფერი ნდომებია, სწორედ ამიტომ მონაწილეობს ახლა დემონსტრაციულ ფრენებში და ელექტრო-ენერგიის ბოძებს ურტყამს წრეებს. დოროტი მალოუნი მისი ცოლია; ის, თავის მხრივ, პარაშუტით ხტომის ჩვენებაში მონაწილეობს. ლუკმა-პურის ფულს ძლივს აგროვებენ. რობერტი გამბედავი კია, მაგრამ მანქანების არაფერი გაეგება, ამიტომაც მათი გუნდის მესამე წევრი – მექანიკოსი ჯიგსია, რომელსაც დოროტი უყვარს. რობერტს და დოროტის პატარა ბიჭი ჰყავთ, რომელსაც როკ ჰადსონი მაშინ გაიცნობს, როდესაც ბავშვს სხვა მფრინავები აჯავრებენ: „დღეს ვინაა მამაშენი ბიჭუნა? ჯიგსი თუ …“. როკ ჰადსონი ჟურნალისტია, რომელსაც ამ ცის ბოშებზე კარიერის საუკეთესო სტატიის დაწერა უნდა; ბოშებზე, რომელთა ძარღვებშიც სისხლის ნაცვლად, ბენზინი ჩქეფს. ისე ხდება, რომ შუმანებს ღამის გასათევი არ აქვთ, ამიტომაც როკი მათ თავისთან მიიპატიჟებს. ღამის განმავლობაში დოროტი და როკი ერთმანეთს გაეცნობიან. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ ორს საკმაოდ ბევრი ექნებოდა ერთმანეთისთვის სათქმელი. როკი სამსახურს დაკარგავს, ერთ-ერთი მფრინავი შეჯიბრში დაიღუპება, დოროტი კი იძულებული ხდება თვითმფრინავის სანაცვლოდ იბოზოს, რადგანაც რობერტის თვითმფრინავი მწყობრიდან გამოდის. დოროტის და როკს საბოლოოდ არც ისე ბევრი აღმოაჩნდებათ სათქმელი, ჯიგსი თვითმფრინავს შეაკეთებს, რობერტი გაფრინდება და იღუპება.

არაფერი მარცხის გარდა. ეს ფილმი სხვა არაფერია, თუ არა მარცხების გროვა. დოროტის უყვარს რობერტი, რობერტს ფრენა, ჯიგსსაც უყვარს რობერტი, თუ დოროტი და როკი? როკს არ უყვარს დოროტი და არც დოროტის უყვარს როკი. და როდესაც ფილმი წამიერად გვარწმუნებს რომ ეს ასეა, ეს სუფთა წყლის ტყუილია.. ან იქნებ ორიოდე წუთით თავადაც ასე მოეჩვენათ?

სადღაც ფილმის ბოლოსკენ, რობერტი დოროტის ეტყვის, რომ შეჯიბრის შემდეგ თავს დაანებებს ფრენას. რასაკვირველია, სწორედ ამ შეჯიბრში კვდება. დაუჯერებელი იქნებოდა რომ რობერტს დოროტისთან გამოსვლოდა რამე და არა სიკვდილთან.

ამ ფილმში კამერა სულ მოძრაობაშია. ზუსტად იმ ადამიანების მსგავსად , რომელთა გარშემოც ის მოძრაობს, კამერაც ქმნის ილუზიას, თითქოს მართლაც ხდება რამე. რეალურად კი ყველა იმდენად ბოლომოღებული და განადგურებულია, რომ თავისუფლად შეუძლიათ დანებდნენ და ეგრევე დაიმარხონ თავები. რელსებზე შემდგარი კამერით გადაღებული კადრები, ამწეთი გადაღებული კადრები, პანორამები! დუგლას სირკი ისე საუცხოოდ და ისეთი სინაზით გვაჩვენებს ამ გვამებს, ძალაუნებურად ვფიქრობთ, რომ რაღაცაში უნდა იყოს საქმე, თუ ამდენად განადგურებულები ადამიანები, მაინც ასეთი კარგები ჩანან. ყველაფრის მიზეზი კი შიში და სიმარტოვეა. იშვიათად მიგრძვნია შიში და სიმარტოვე ისეთი დოზებით, როგორც ამ ფილმში. მაყურებელიც ზუსტად ისე ზის კინოთეატრში, როგორც შუმანების პატარა ბიჭი კარუსელში: ჩვენ ვხედავთ რაც ხდება, გვინდა მივარდეთ და ვუშველოთ, მაგრამ რო დაფიქრდე, რისი მაქნისია პატარა ბიჭი ავიაკატასტროფის წინაშე. რობერტის სიკვდილი ყოველი მათგანის ბრალია. სწორედ ამიტომაა ასეთი ისტერიული დოროტი მალოუნი. იმიტომ რომ მან ყველაფერი იცოდა. იცოდა როკ ჰადსონმაც, რომელსაც სენსაციური ამბავი ჭირდებოდა რეპორტაჟისთვის. როგორც კი მიიღებს თავისას, კოლეგებს ყვირილს დაუწყებს. ჯიგსი კი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა შეეკეთებინა ფატალური დასასრულისთვის განწირული თვითმფრინავი, ზის და კითხულობს „ სად არიან ყველანი?“. ძალიან ცუდი, თუ აქამდე არ შეუნიშნავს რომ არც არასდროს ყოფილან. ესეთი ფილმებიც იმაზეა, თუ როგორ იტყუებენ თავს ადამიანები. და რატომაც უწევთ თავის მოტყუება. დოროტიმ რობერტი პირველად აფიშაზე, გაბედული მფრინავის სახით ნახა და შეუყვარდა. რასაკვირველია, ცხოვრებაში რობერტი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. რა უნდა ქნა? თავი მოიტყუო. აი ასე. ჩვენ ვფიქრობთ, და დოროტისაც გვინდა ვუთხრათ, რომ არაა ვალდებული ასე განაგრძოს, რომ რობერტისადმი მისი სიყვარული სინამდვილეში სულაც არაა სიყვარული. რა აზრი აქვს? მარტოობის დაძლევა უფრო ადვილია, ილუზიებში თუ იცხოვრე.

ესეც ასე. ჩემი აზრით, ფილმი იმას გვიჩვენებს, რომ ეს არასწორია. სირკმა გადაიღო ფილმი, სადაც განუწყვეტელი მოქმედებაა, სადაც მუდამ რაღაც ხდება, მუდამ მოძრაობს კამერა და ჩვენც უფრო მეტს ვიგებთ მარტოობაზე და იმაზე, თუ როგორ გვიბიძგებს ის ტყუილისაკენ. და როგორი ცუდია რომ ვიტყუებით, და როგორი სისულელე.

ჟამი სიყვარყლისა და ჟამი სიკვდილისა Time To Love and Time To Die (1958)

1945 წელი, ჯონ გევინი აღმოსავლური ფრონტიდან ბერლინში გასამგზავრებელ ნებართვას იღებს. მშობლიური სახლი დაბომბილი ხვდება. გზად ბავშვობის დროინდელ ნაცნობ, ლიზელოტ პულვერს გადაეყრება. და რადგანაც ორივე სასოწარკვეთილი და უბედურია, ერთმანეთი უყვარდებათ. ფილმს სამართლიანად ჰქვია ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა. ომის დროა, სიკვდილის დრო. დუგლას სირკთან კი სიყვარულიც იქაა, სადაც სიკვდილი, სიცივე, ომი, ბომბები და ცრემლებია. ლიზელოტ პულვერი ოხრახუშს დარგავს საკუთარი ფანჯრის რაფაზე. ეს ერთადერთ ცოცხალი ორგანიზმია ნანგრევებს შორის. დასაწყისიდანვე ცხადია, რომ ჯონ გევინი ბოლოს მოკვდება. რატომღაც მის სიკვდილში ომი არაა დამნაშავე. ომზე გადაღებული ფილმი სხვანაირი იქნებოდა. ეს კი უფრო ყოფიერებაზეა. ომი როგორც ნოყიერი ნიადაგი სიყვარულის აღმოსაცენებლად.

მაგალითად 1971 წელს რომ შეხვედროდენ ერთმანეთს ლიზელოტ პულვერი და ჯონ გევინი, უბრალოდ გაუღიმებდნენ ერთმანეთს, ეტყოდნენ – როგორ ხარ, რა დამთხვევაა რომ ერთმანეთს შევხვდითო და ყველაფერი ამით დასრულდებოდა. 1945 წელს კი დიდ სიყვარულში გადაიზარდა მათი შეხვედრა. ეს მართლაც ასეა. სიყვარული არაა იქ სადაც პრობლემებია. პრობლემები გარეთაა. ორ ადამიანს კი მხოლოდ შინაგანად შეუძლია მზრუნველი და მოსიყვარულე იყოს ერთმანეთისადმი.

პირველად დუგლას სირკთან – ჩვეულებრივი სიყვარული და არაფრით გამორჩეული პერსონაჟები. ისინი შიშისგან გაოგნებული თვალებით აკვირდებიან გარშემო სიტუაციას. მათთვის ეს ყველაფერი გაუგებარია: ბომბები, გესტაპო, სიგიჟე. ასეთ სიტუაციაში სიყვარული ამქვეყნად ყველაზე მარტივი და უბრალო რამეა. სიყვარყული ერთადერთია რისი გაგებაც შეგიძლია. და შენც ებღაუჭები მას. მაგრამ იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რა დაემართებოდა მათ სიყვარულს, გევინი რომ გადარჩენილიყო. ომი და მისი საშინელებები მხოლოდ დეკორაციაა. არავის ძალუძს გადაიღოს ფილმი ომზე, როგორც ასეთზე. იმაზე თუ როგორ იწყება, რას უშვება ადამიანებს, რა შედეგები მოაქვს ომს. ეს ფილმი არაა პაცეფისტური, რადგანაც ერთი წამითაც არ გვაფიქრებინებს: ეს საძაგელი ომი რომ არა, ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა, ან რამე ასეთს. რემარკის რომანი ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა პაციფისტურია. რემარკი გვეუბნება რომ ომი რომ არა, ეს სიყვარული მარადიულად გაგრძელდებოდა. სირკი კი გვეუბნება – ომი რომ არა, საერთოდ არ იქნებოდა არანაირი სიყვარული.

სიყვარულის იმიტაცია Imitation Of Life (1959)

სიცოცხლის იმიტაცია დუგლას სირკის უკანასკნელი ფილმია. დიდებული, საუცხოო ფილმი სიცოცხლეზე და სიკვდილზე… და ამერიკაზეც. ფილმის პირველი შესანიშნავი მომენტია, როდესაც ენი ეუბნება ლანა ტერნერს, რომ სარა ჯეინი მისი ქალიშვილია. ენი შავკანიანია, სარა ჯეინი კი თითქმის თეთრი. ლანა ტერნერი ჯერ წაიყოყმანებს, შემდეგ გაიაზრებს, ისევ წაიყოყმანებს და უცბად თავს მოიკატუნებს, თითქოს ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია, შავკანიან ქალს რომ თეთრი შვილი ჰყავს. მაგრამ ბუნებრივი ამ ფილმში არაფერია. არსად. ფილმში ყველა ცდილობს დაეპატრონოს საკუთარი ფიქრებსა და ოცნებებს – სარა ჯეინს იმიტომ კი არ სურს თეთრკანიანად გაასაღოს თავი, რომ თეთრი უფრი მიმზიდველი ფერია, ვიდრე შავი; არამედ იმიტომ როდესაც თეთრი ხარ, ცხოვრებაც უკეთესია. ლანა ტერნერს იმიტომ კი არ სურს მსახიობობა, რომ სიამოვნებას ღებულობს ამით, არამედ იმიტომ რომ ცხოვრება მეტ შანსს გთავაზობს, თუ წარმატებული ხარ. და ენისაც იმიტომ კი არ სურს თვალისმომჭრელი გასვენების ცერემონია, რომ რაიმე სარგოს ელის, ის ხომ უკვე მკვდარი იქნება; არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავის ფასი რეტროსპექტიულად მაინც აამაღლოს სხვების თვალში – ის რასაც მოკლებული იყო სიცოცხლის მანძილზე. ფილმის ვერც ერთი პერსონაჟი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერი – ფიქრები, სურვილები, ოცნებები – სოციალური რეალობიდან გამომდინარეობს ან მის მიერაა მანიპულირებული. არ ვიცი სხვა არც ერთი ფილმი, სადაც ეს ფაქტი ასეთი სიზუსტით და ასეთი სასოწარკვეთითაა ფორმულირებული. უკვე დასასრულისკენ, ერთ მომენტში ენი ლანა ტერნერს ეუბნება, რომ უამრავი მეგობარი ჰყავს. ლანა საგონებელში ვარდება. ენის მეგობრები ჰყავს? ორი ქალი უკვე 10 წელია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და ლანამ არაფერი იცის ენის შესახებ. ლანა ტერნერის გაოგნება სულაც არაა გასაკვირი. ლანა ტერნერი მაშინაც გაოგნებულია, როდესაც ქალიშვილი ადანაშაულებს, რომ მუდამ მარტო ტოვებდა მას; და მაშინაც, როდესაც სარა ჯეინი თეთრი ქალღმერთის მიმართ კაპასი ხდება, რადგანაც პრობლემები აქვს და უნდა რომ სხვებმა ის სერიოზულად აღიქვან. მაშინაც კი, ერთადერთი რაც ლანა ტერნერს შეუძლია, ეს გაოგნებაა. ის მაშინაც გაოგნებულია, როცა ენი კვდება. როგორ შეეძლო ასე უბრალოდ ჩაწოლილიყო და მომკვდარიყო? უსამართლოა როდესაც რეალობას ასე უეცრად ეტაკები პირისპირ. ფილმის მეორე ნახევარშიც, ლანა გაოგნების მეტს არაფერს გამოხატავს. შედეგი კი ისაა რომ, ამიერიდან მხოლოდ დრამატული როლების შესრულებას მოისურვებს. ტკივილი, ცრემლბი, სიკვდილი – აქედანაც შეიძლება რაღაც სარგებლის გამოტანა. სწორედ აქ იქცევა ლანა ტერნერის პრობლემები, რეჟისორის პრობლემებად. ლანა მსახიობია, შესაძლოა საკმაოდ კარგიც. თუმცა ამის თაობაზე ბოლომდე დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. თავიდან, უბრალოდ საარსებო ლუკმა-პურისთვის მუშაობს. ან იქნებ კარიერის გაკეთებაც სურს? ქმრის სიკვდილს დიდი დაღი არ დაუსვია მისთვის. ერთი ის იცის რომ კარგი რეჟისორი იყო. მგონი ლანას კარიერული მიღწევები უფრო აღელვებს. ფული მისთვის მეორეხარისხოვანია, წარმატება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ჯონ გევინი ლანას პრიორიტეტების სიაში მესამე ადგილზეა. ჯონს ლანა უყვარს. ლანას გულისთვის, მისი ფინანსური მხარდაჭერა რომ შესძლებოდა, უარი თქვა არტისტულ ამბიციებზე და ფოტოგრაფად მოეწო სააგენტოში. ლანას კი არ ესმის სიყვარულის გამო ამბიციებზე როგორ უნდა თქვა უარი. ჯონიც კაი სულელია, ლანას ულტიმატუმს წაუყუენებს – ან მისი ცოლობა ან კარიერა. ლანა ამ ულტიმატუმს დრამატულად აღიქვამს და კარიერას აირჩევს.

ზუსტად ასე გრძელდება მთელი ფილმიც. გეგმებს აწყობენ ბედნიერ მომავალზე, ურთერთზრუნვაზე და სიყვარულზე…შემდეგ რეკავს ტელეფონი, ახალი სამუშაო შემოთავაზება და ლანაც ფხიზლდება. ეს ქალი უიმედო შემთხვევაა. არანაკლებია ჯონ გევინიც. თავიდანვე უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. მაგრამ მაინც ამ ქალს ებღაუჭება. ჩვენც ხომ სწორედ ისეთი ამბები გვაინტერესებს, საიდანაც არაფერი გამოვა. ჯონი შეუყვარდება ლანა ტერნერის ქალიშვილს. ის სწორედ ისეთია, როგორიც ჯონს უნდა რომ ლანა იყოს – მაგრამ ის ხომ არ არის ლანა. ეს ყველაფერი გასაგებია. ოღონდ სანდრა დის ეს არ ესმის. ალბათ შეყვარებულ ადამიანს ზოგადად დაჩლუნგებული აქვს გაგების უნარი აი მაგალითად ენის, მასაც უყვარს შვილი, მაგრამ სრულიად არ ესმის მისი.

ერთხელაც, როცა ჯეინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ერთ წვიმიან დღეს ენიმ შვილს ქოლგა მიუტანა სკოლაში. სარა ჯეინი თეთრკანიანად ასაღებდა სკოლაში თავს. სიმართლე მაშინ გაცხადდება, როდესაც დედა ქოლგით მიაკითხავს სკოლაში. სარა ჯეინს ეს არასდროს დაავიწყდება. და როდესაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ენის სურს რომ უკანასკნელად იხილოს სარა ჯეინი, მაშინაც სწორედ სიყვარული შეუშლის ხელს, რომ გაუგოს შვილს. მას თითქოს ცოდვად მიაჩნია სარა ჯეინის სურვილი, თეთრკანიანად გაასაღოს თავი. ამ სცენაში ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ რაც უფრო დაუნდობელი და სასტიკია სარა ჯეინი, მით უფრო საბრალო და საწყალია ენი. ფაქტიურად კი სწორედ საპირისპიროდაა საქმე. ზუსტად რომ დედაა სასტიკი, როდესაც შვილისადმი სიყვარულის გამო, სრული კონტროლის დამყარება სურს მასზე. და სარა ჯეინიც დედამისის ტერორისგან იცავს თავს. სისასტიკე კი იმაშია, რომ ჩვენ ორივე მათგანის გვესმის, ორივე თავის მხრივ მართლები არიან, მაგრამ მათ დახმარებას ვერავინ შეძლებს. მანამ სანამ სამყაროს არ შევცვლით. ამ სცენაზე მთელი კინოდარბაზი ვტიროდით. იმიტომ რომ სამყაროს შეცვლა არც ისე იოლია. შემდეგ ყველა ისევ ენის დაკრძალვაზე მოიყრის თავს და რამოდენიმე წუთით ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი რიგზეა. სწორეს ეს „თითქოს“ არის, რის გამოც იმავე სულელურ ყოფას განაგრძობენ, შინაგანად, გაკვრით აცნობიერებენ თუ რისკენ მიილტვიან სინამდვილეში, თუმცა ისევ მალევე ივიწყებენ ამას.

სიცოცხლის იმიტაცია იწყება როგორც ფილმი ლანა ტერნერის პერსონაჟის შესახებ და სრულიად შეუმჩნევლად გადადის ფილმში ენის, შავკანიანი ქალის შესახებ. რეჟისორმა უარი თქვა იმ პრობლემაზე რომელიც თავად მას ეხება, თემის იმ ასპექტზე რომელიც მის საქმნიანობას მოიცავს და ენის ბედისწერაში მიაგნო სიცოცხლის იმიტაციას, ბევრად უფრო სასტიკს, ვიდრე ლანას ან საკუთარ შემთხვევაში მონახავდა. ნაკლები შესაძლებლობებით. მეტი უიმედობით.

მე ვცადე დამეწერა დუგლას სირკის ექვს ფილმზე და აღმოვაჩინე რომ ძალიან რთულია წერო ფილმებზე, რომლებიც ეხება სიკვდილს და არ წარმოადგენენ ლიტერატურას. შეიძლება ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა. საკმარისი არ ვთქვი განათებაზე: როგორი ფრთხილია, როგორ ეხმარება სირკს ცვალოს ამბები. განათებაში მხოლოდ ჯოზეფ ვონ შტერნბერგია მისი ბადალი. არც დუგლას სირკის მიერ შექმნილ ინტერიერებზე მითქვამს საკმარისი. როგორ წარმოუდგენლად ზუსტია ისინი. არც ყვავილების და სარკეების მნიშვნელობაზე დავწვრილმანებულვარ და იმაზე, თუ რას გამოხატავენ ისინი სირკის მიერ მოყოლილ ამბებში. ყურადღება საკმარისად არ გამიმახვილებია იმაზე, რომ სირკი არის რეჟისორი რომელიც მაქსიმუმს წურავს მსახიობებისგან. რომ სირკის ფილმებში ისეთი ზომბებიც კი, როგორებიც მარიენ კოხი და ლიზელოტ პულვერია ემგვანებიან ცოცხალ ადამიანებს, რომლებსაც შეგვიძლია რომ ვენდოთ და გვინდა რომ ვენდოთ. ამასთან, დუგლას სირკის სულ რამოდენიმე ფილმი მინახავს. ვისურვებდი რომ ყველა, 39-ივე ფილმი მქონდეს ნანახი. შეიძლება უფრო მეტი გამეგო საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და მეგობრებზე. დუგლას სირკის მხოლოდ 6 ფილმი მაქვს ნანახი. მათ შორისაა მსოფლიოს უმშენიერესი ფილმები.

წყარო: ჯენარიელო, ნომერი 2. ნოემბერი. 2013 წ.


Responses

  1. b-no Tengiz didi madloba gogolis dabechdvisatvis. saocrad masiamovnes.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: