Posted by: burusi | 03/06/2014

გიორგი მესხი “მერაბ კოსტავა”

მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა

გიორგი მესხი “მერაბ კოსტავა”

დღეს, ჩვეულებისამებრ, მთაწმინდაზე ავედით ძველი მეგობრები და მთელი საღამო მერაბ კოსტავაზე ვლაპარაკობდით:

მერაბი თავიდანვე იუცხოვა ქართულმა ”ელიტამ”; ალმაცერად უყურებდნენ ამ კუშტი სახით მზირალ, ნაადრევად გაჭაღარავებულ ბიჭს, რომელიც შტაინერს თარგმნიდა, ეკლესიაში დადიოდა და ლოცვაში ღამეებს ათენებდა (იმ დროში ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს – ახალგაზრდისგან).

მის მეგობარ ზვიად გამსახურდიას, აკადემიკოსი მამის ”ხათრით”, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევდნენ (კონსტანტინეს გარდაცვალებამდე), მერაბს კი თავიდანვე არასერიოზულ კაცად თვლიდნენ.

თავიდანვე უკიდურესად განსხვავდებოდა ყოველივე იმისგან, რასაც მაშინდელი ახალგაზრდობა ესწრაფვოდა: მეცნიერის, პარტიული ფუნქციონერის, სულაც – დამნაშავეთა სამყაროს ავტორიტეტის კარიერა, ან, უბრალოდ – მოქეიფე დარდიმანდის ბოჰემური ცხოვრება.

ბავშობიდანვე დაეწაფა წიგნებს, განსაკუთრებულად უყვარდა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება, შემდეგ დაუმეგობრდა თანაკლასელ ზვიად გამსახურდიას, მათი სტიქია იყო: პოეზია, რელიგია, მუსიკა, ფილოსოფია, ხოლო გამორჩევით – რუდოლფ შტაინერი და მისი ანთროპოსოფიული მოძღვრება. ეს ყველაფერი მაშინდელი ქართველობისთვის უცხო ხილი იყო და დღემდე უცხო ხილად რჩება, (არადა შტაინერის გარეშე ძნელად წარმოსადგენია ამ ორი პიროვნების, მათი ცხოვრებისა და შემოქმედების ჯეროვანი გააზრება).

26 მაისს დაბადებული დედისერთა ბიჭისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა არც ბავშური აკვიატება იყო და არც ახალგაზრდული გატაცება, არამედ – ცხოვრების მიზანი.

ამ მიზნისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე დამდგარმა არაერთი უმძიმესი განსაცდელი გადაიტანა: 1977 წელს მესამედ დააპატიმრეს, შემდეგ ციმბირის ლაგერში გააგზავნეს ეტაპით. გადასახლებაში გაატარა ათი წელი – როცა გათავისუფლების დრო დაუდგებოდა, პროვოკაციას მოუწყობდნენ და წლებს უმატებდნენ. ერთ-ერთ ასეთ “სასამართლოზე” თქვა: “თქვენ ისე მექცევით, როგორც რუსეთი ექცევა საქართველოს” და გამოაცხადა უვადო შიმშილობა. რვა თვე იშიმშილა, ბოლოს ტუბერკულოზი დაემართა და ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს (პოემა “შიმშილობა” ამ დროს დაწერა).

ეს ხდებოდა მაშინ, როცა საქართველოში “კარგი ცხოვრება” დუღდა და გადმოდიოდა: ხუთასკაციანი ქორწილები, სამსართულიანი სუფრები, რუსეთში 37 მანეთად ”გულაობა”, კომუნიზმის დიადი მშენებლობა და ამ ფერხულში ჩართული მთელი საზოგადოება.

ამ დროს მერაბ კოსტავა ციმბირის ლაგერში სიკვდილს ებრძოდა. ყველაფერი დათმო, რისი დათმობაც ადამიანს შეუძლია: ელემენტარული ადამიანური სიამე, პირადი ცხოვრება, ოჯახი, ბოლოს – შვილიც. ციმბირში გაიგო ირაკლის თვითმკვლელობის ამბავი (მერე იმასაც ამბობდნენ – მოკლესო). ირაკლისადმი მიძღვნილ ლექსში დიდ ტკივილებთან ერთად გამოიხატა მისივე გასაოცარი სიმტკიცე და შეუპოვრობა.

მაინც არ გატყდა, ბოლომდე ზიდა უმძიმესი ჯვარი, “გასძლო რამდენიც სულს გაეძლება” და 1987 წლის ბოლოს ათწლიანი პატიმრობიდან დაბრუნდა. ეს დიდი გამარჯვება იყო; იმ დროშიც და მანამდეც (დღეს – მით უმეტეს) მე არ მეგულება მეორე ქართველი, რომელსაც ასეთი უკომპრომისო ბრძოლა გამოეცხადებინოს ბოროტების იმპერიასთან და, ყველაფრის მიუხედავად, ბოლოს მაინც გაემარჯვოს. გმირებად შერაცხულთა დიდი ნაწილი ვაჟკაცური სიკვდილის გამო იწოდებიან ხოლმე ასეთებად, მერაბ კოსტავამ – გმირულად იცოცხლა. ამით ისიც დაამტკიცა, რომ თურმე საბჭოთა კავშირის მაგვარ ტირანიაშიც შეიძლება ბოლომდე კაცად დარჩენა.

გადასახლებიდან დაბრუნებული მერაბ კოსტავა უკვე მითოლოგიური შარავანდედით შემოსილიყო და მისი უმაგალითო სიმტკიცის შესახებ ლეგენდებს ჰყვებოდნენ. საბჭოთა კავშირს დანგრევამდე ჯერაც ბევრი აკლდა, მაგრამ ძლიერნი იმა ქვეყნისანი უკვე ”ბატონობით” მიმართავდნენ და პატივისცემას უმოწმებდნენ.

”ქართველი ერის სინდისად” წოდებული ისევ ის მერაბი იყო, რაც მანამდე: სადა, უბრალო, კუშტი მზერის მიუხედავად – ბავშივით ალალი და გულუბრყვილო.

”ო, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა ჩვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი!” – მოგვიანებით იხსენებდა ზვიად გამსახურდია.

საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, მანამდე რომ გიჟურ აკვიატებად და სულელურ ბოდვად ეჩვენებოდათ, ნელ-ნელა სინამდვილე ხდებოდა. მიტინგებზე უფრო და უფრო მატულობდა ახალგაზრდობის ნაკადი – მერაბ კოსტავა მათთვის ეროვნული გმირი და ცოცხალი ლეგენდა იყო.

მომავალშიც თითქოს ყოველივე სასიკეთოდ უნდა წარმართულიყო, მაგრამ მტერს არ ეძინა: 13 ოქტომბერს მეხივით გავარდა ბორითის გზაზე მომხდარი (თუ მოწყობილი) ავტოკატასტროფის ამბავი, მას შემდეგ საქართველოს ბედის ჩარხი უკუღმა შებრუნდა და დღემდე უკუღმა ტრიალებს…

მოხდა ისე, რომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ვერ მოესწრო ამ იდეის სულისჩამდგმელი, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

მერაბ კოსტავა თავიდანვე გამოირჩეოდა უნივერსალობით და ლოკალურ საზღვრებში ჩაკეტილ ”სუფრულ პატრიოტიზმთან” არაფერი ჰქონდა საერთო. ათწლეულების მანძილზე გამომუშავებული ცხოვრებისეული მრწამსი ბოლოს ამ სიტყვებით დააგვირგვინა: ”ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო”.

ზვიად გამსახურდიას ძალისხმევის შედეგად მერაბ კოსტავა სამუდამოდ დაემკვიდრა მთაწმინდაზეც და ქართველი ხალხის ცნობიერებაშიც. მისი სახელი დღეს ყველამ იცის და ოფიციალურადაც აღიარებენ საქართველოს ეროვნულ გმირად.

და მაინც: ქართველი ხალხი არ (ან ვერ) წავიდა მერაბ კოსტავას გზით და დღემდე სხვა გზით მიდის (როგორც თვითონ იტყოდა – ”ბნელში ხელების ცეცებით”). ქართველობისა და ქრისტიანობის მისეული გაგებისგან დღევანდელი ქართველობაც ისევე შორს დგას, როგორც ნახევარი საუკუნის წინანდელი.

ჩვენს თავგზააბნეულ თანამემამულეებს, პატრიოტობას რომ სადღეგრძელოებით გამოხატავენ, ქრისტიანობას – ჭინჭრებით, ხოლო თავისუფლებას – უცხოური გრანტებით, ჰაერივით სჭირდებათ მერაბ კოსტავას ჭკუადამჯდარი შეგონება და ომახიანი მოწოდება. რაც მეტი დრო გაივლის, მომავალი თაობები უფრო და უფრო მეტს ისწავლიან მისგან.

ამიტომაც გვახსენდება მისი სიტყვები, ლიკურგეს შესახებ თქმულნი, საოცრად რომ ახასიათებენ მათსავე ავტორს:

”იგი სიკეთით გახლავთ საცნობი:
თემიდას სვეტი, მეკვლე დამდეგის,
პიროვნულ ეგოს სულ მთლად დამთმობი
და უდრტვინველად მსხვერპლად დამდები.
სიმდაბლით თვისით გასაოცარი
და ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი.”

გიორგი მესხი
2013 წ. 26 მაისი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: