Posted by: burusi | 12/04/2014

კახაბერ ჯაყელი – მოდელი საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრახისა ანუ ხომ არ გადაიქცა მენქიუს „უჩინარი ხელი“ არსაკიძეს მოჭრილ მარჯვენად?

Picture2

კახაბერ ჯაყელი – მოდელი საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრახისა ანუ ხომ არ გადაიქცა მენქიუს „უჩინარი ხელი“ არსაკიძეს მოჭრილ მარჯვენად?

ციკლიდან „მარკეტოლოგის ფიქრები“

მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში პოლიტიკური მოვლენების ხედვის მეტად სუბიექტური, ნათესაურ-მეგობრული „აპერტურე“ ჩამოყალიბდა, რასაც უკიდურესი ნეპოტიზმი ეწოდება. სწორედ ამ სუბიექტური კავშირების გავლენით შესაძლოა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური რუქიდან გაქრეს.
ცნობილი ეკონომისტის კონდრატიევის ციკლები საქართველოში ერთი შეხედვით უცნაურადაა აჩქარებული. თუ დიდ ბაზარზე კონდრატიევი 12-20 წლიან ციკლს ხედავს საქართველოში ეს ციკლი შესაძლოა 3 წლამდეც იყოს შემცირებული. მთავარი მომენტი რა გახლავთ იცით? ხელისუფლებას საქართველოში სინამდვილეში რაღაც ნეპოტისტური ბირთვი წარმოადგენს, რომელსაც 2000-3000 ოჯახი ყავს „მიბმული“. აი ეს გახლავთ ქართული ესპერიმენტული ბირთვი, რომელთანაც ეგრეთ წოდებული „მთავარი ბირთვი“ ქვეყნის მართვის იდეებს არა მარტო აფრქვევს არამედ სწორედ მათში ეძებს თავიანთი იდეების ან ნაბოდვარის შემსრულებლებს.

მოდელი 1: პოლიტიკური ბირთვის დაბადება

Picture2

როდესაც თავიდან იბადება პოლიტიკური ბირთვი ის მხოლოდ 10-15 თანამზრახველს შეიცავს. მათ შორისაა ლიდერი და მიმდევრები. ისინი წინასწარ იყოფენ სფეროებს და თანამდებობებს, თითქოს ჯანსაღი პროცესი მიდის, მაგრამ სწორედ აქ იწყება გადახრა იმ მიზნის მისაღწევი კურსიდან რასაც ეფექტური თანამედროვე სახელმწიფოს აშენება ქვია. ლიდერი და მიმდევრები მდგომარეობის გასამყარებლად არასწორ გზას ირჩევენ, ეს არასწორი გზა ჩვენ მოდელში ექსპერიმენტული ბირთვის სახელწოდებით არის აღნიშნული. რა არის ეს უცნაური ერთობა?
ექსპერიმენტული ბირთვი სხვადასხვა მთავრობებიდან გამოქცეული ადამიანებისაგან ყალიბდება. მთავარ როლს თამაშობს ნათესაობაც, რომლითაც საქართველო გამოირჩევა. სუბუექტური, მიკერძოებითი (ნათესაური, ძმაკაცური, სუფრული, ერთად გამჩხირავი) კავშირების დიდი ალბათობის მხრივ საქართველო ალბათ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა მსოფლიოში.
თუ სუბიექტური (ნათესაური და სხვა) კავშირების ალბათობა მატულობს მაშინ ის ნელ-ნელა მთელ ქვეყანას ითრევს და თავისუფალი აზროვნების ნიშეს აპატარავებს. საერთოდ აზროვნების როლს გამორიცხავს და ჭკუისა და გონების მქონე ადამიანებს უკუაგდებს – ბაზრიდან აგდებს. სად მიდის ეს ხალხი? რა თქმა უნდა ქუჩაში, უცხოეთში, სადაც გინდა იქ. სწორედ ამგვარი უკუგდებული ქართველი გენიოსები საუკუნეთა განმავლობაში აშენებდნენ არა საქართველოს, არამედ ბიზანტიას, რუსეთის იმპერიას, ოსმალეთს, სპარსეთს. მათთვის არ იყო ადგილი საქართველოში.
როდესაც პოლიტიკური ბირთვი შექმნის ექსპერიმენტულ ბირთვს, ისინი ერთმანეთს შეეზრდებიან და სწორედ აქ იწყება ქვეყნის ტრაგი-კომიკური განვითარება. გრაფიკულად ეს ასე გამოიყურება:

მოდელი 2: ზრდადი და შერწყმადი პოლიტიკური და ექსპერიმენტული ბირთვები და კვდომადი საზოგადოება

Picture1

ვხედავთ რომ ერთმანეთზე შეზრდილი პოლიტიკური და ექსპერიმენტული ბირთვები სულ უფრო მეტ ადგილს იჭერენ სივრცეში, რომელიც თავისთავად არ იზრდება, პირიქით პატარავდება, შესაბამისად თითოეული არაპოლიტიკური ბირთვის მონაწილე ადამიანის ასპარეზიც მცირდება და ილევა. პოლიტიკური ბირთვი და მასზე შეზრდილი ექსპერიმენტული ბირთვი სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს ყველა სფეროში შეიჭრეს და ყოველივე დაიკავოს. რატომ? იმიტომ რომ მას უფრო მეტად შია. ის დიდია, ზრდადია, მზარდ პოლიტიკურ ბირთვს უფრო მეტი რესურსი სჭირდება, უბრალოდ მეტის შეჭმა და შენთქვა სწადია. როდესაც ბუნებრივად ამდენი რესურსი პოლიტიკური და ექსპერიმენტული ბირთვების გადაკვეთაზე არ მოიძიება, მაშინ ის ახალი რესურსების დასაპყრობად მიდის. სწორემ ამიტომაც გახლავთ საქართველოს განვითარების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ციკლი მეტად მოკლე და ხშირად 3 წლიანი. ამ 3 წელიწადში ყველაფერი თავდაყირა დგება და ასპარეზს მოკლებული, ქუჩაში გაგდებული, ფრაგმენტებად ქცეული საზოგადოება ახალ ომს იწყებს.
დღესაც საქართველოში იგივე ხდება. იქმნება პოლიტიკური ბირთვი რომელიც თავად ქმნის ექსპერიმენტულ ბირთვს და სასუნთქ სივრცეს თითქმის არ ტოვებს. თავისთავად პატარა ქვეყანა ამგვარად ისედაც პატარავდება და შესაბამისად დაანონსებული „აღმავლობის ციკლი“ ისე სრულდება, რომ აღმავლობას არც კი ჰქონდა ადგილი რეალობაში.
მინდა ვთქვა რომ რომის ან საბერძნეთის მონათფლობელური საზოგადოებები უფრო შემოქმედებითი იყვნენ ვიდრე ის რაც დღეს საქართველოში გვაქვს, რადგანაც იმ უძველეს მონათფლობელურ სახელმწიფოებში პრინციპებზე დამყარებული ფასეულობები ბატონობდა და არა მხოლოდ ნათესაობის მსგავსი სუბიექტური კავშირები.
ეხლა რა ახასიათებს და რატომაა პოლიტიკური ბირთვი და მასთან შეზრდილი ექსპერიმენტული ბირთვი განსაკუთრებით ანტისახელმწიფოებრივი? იმიტომ რომ იგი აზროვნებას კლავს. გაგებაა ასეთი „იციან ზევით“ მთავარია ჯოგური მიყოლა. აი ასე ინგრევა სახელმწიფო, რადგანაც თავად სახელმწიფო, პრინციპებისა და ფასეულობების ერთობაა. როდესაც არც პრინციპებია და არც ფასეულობები მაშინ სახელმწიფოც არაფერია. სახელმწიფო ფასეულობების გარეშე გახვრეტილი გროშია.
საქართველოში დაახლოებით 700 000 ოჯახია. ამ რაოდენობის თუნდაც 0,1 პროცენტი ანუ 700 ოჯახი თუ გახდება „ექსპერიმენტული პოლიტიკური ბირთვის“ ნაწილი მაშინ ისინი ნელ-ნელა ან ჩქარა დაისაკუთრებენ საქართველოს აქტივების 60% -80% და შემდგომ ოჯახების 99% გასაყოფი დარჩებათ საქართველოს აქტივების დანარჩენი 20% რომელიც თითქმის არაფერია ღირებულებით გამოხატულებაში ერთ ოჯახზე გადათვლით. მაგრამ სავალალოა ის ფაქტი რომ, თუ რაღაც მანქანებით არ შევაჩერეთ, ასეთ „ექსპერიმენტულ ბირთვში“ ოჯახების 10%, 20% ან მეტი მოსალოდნელია „გაწევრიანდეს“, ანუ შეიქმნას ეკონომიკა ფაქტიურად კლანური და მხოლოდ ფიქტიურად საბაზრო.
ამ სტატიის რომელიმე მკითხველი შესაძლოა იტყვის რომ მე მარქსისტულად ვაზროვნებ. ვერ დაგეთანხმებით. თქვენი არგუმენტი იქნება ამგვარი: თუ მინიმუმ 700 ან უფრო მეტი ოჯახი საქართველოს სიმდიდრის 80% დაისაკუთრებს მაშინ ისინი იქნებიან ეკონომიკის მამოძრავებლები, ისინი დაიქირავებენ ხალხს და დასაქმებას შეუწყობენ ხელს.
არც ასეა საქმე. დიდი ეკონომისტი მენქიუ ამბობს რომ ბაზარს აქვსო „უჩინარი ხელი“, რომელიც ყველაფერს სწორად გადაანაწილებს. თუ მენქიუს დავუჯერებთ მაშინ ჯერ ბაზარი უნდა შეიქმნას და შემდეგ ამ ბაზარმა „უჩინარი ხელის“ წარმოშობას უნდა შეუწყოს თავად ხელი.
მეორე მოდელში კარგად ჩანს, რომ მაშინ როდესაც პოლიტიკური და ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტული ბირთვები ერთმანეთს შეერწყმიან, ისინი ქვეყნის სიმდიდრის დაპყრობას იწყებენ. ანადგურებენ ყოველივეს და შემოქმედებითი თუ ინოვაციური აზროვნების ყლორტებსაც აღარ ტოვებენ. ასეთ სივრცეში ბაზარი ვეღარ განვითარდება. მის ადგილს მხოლოდ ნახევრად ოფიციალური და სანახევროდ არა-ოფიციალური მართვა-გამგეობის პრიმიტიული სისტემა დაიკავებს. ამ ტრაგიკულ ისტორიაში მთავარ უარყოფით როლებს ასრულებენ თავად ნეპოტიზმით გაჯერებული ურთიერთობები, კვდომადი ბაზარი და პოლიტიკური ბირთვების სწრაფი ზრდა.
სადაც არ შეიქმნება ბაზარი იქ არ შეიქმნება საზოგადოებაც. საზოგადოება 2 მიზეზის გამო ვერ ჩამოყალიბდება: ერთი იმიტომ რომ მას არ ექნება ხელისუფლებისაგან თავისუფალი ფინანსური წყარო არსებობისათვის და მეორე იმიტომ რომ თავად ამგვარი მასა ადამიანებისა თუნდაც „ელიტები“ უწოდონ თავიანთ თავს, მიმართული იქნება პოლიტიკურ ბირთვთან გაერთიანებისაკენ.
მაგრამ რა არის გამოსავალი?
რადგანაც საქართველო ძლიერ მცირე ზომის ქვეყანაა, გამოსავალი ერთია, ქვეყნის გარდამქნელმა და მმართველობაში მოსულმა „პოლიტიკურმა ბირთვმა“ რომელშიც მაქსიმუმ 15 კაცი შედის, არ უნდა დაუშვას „ექსპერიმენტული ბირთვის“ შექმნა.
საქართველო სახელმწიფოდ იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი შეებრძოლება ქართულ სენს – ფამილარულობას, ნათესაურ კავშირებს, ძმაკაცურ გამოვლინებებს ქართულ ხელისუფლებაში.
მომავალში, აქედან გამომდინარე საჭიროა მხოლოდ ერთი რამ, დავადებინოთ ფიცი ხელისუფლებას იმისათვის რომ მან, თავისი არსებობის პერიოდში დაივიწყოს ყოველივე გრძნობისმიერი, ემოციური, ნათესაური, მეგობრული და სხვა სუბიექტური კავშირები და გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს მხოლოდ კანონით.
როდესაც ხელისუფლებას და ჩინოვნიკებს მიკერძოების საწინააღმდეგო „უნათესაობის“ „უმეგობრობის“ ფიცს დავადებინებთ, შემდეგ შესაძლოა მოვთხოვოთ კიდევაც მათ მკაცრად ამ ფიცის დაცვა.
სხვა მხრივ, ეკონომიკური და სოციალური მოდელირებაც გვაჩვენებს რომ სხვა გამოსავალი არ არის, რადგანაც, როგორც კი გამძვინვარდება ჩვენში ნეპოტისტური კავშირები ქვეყანა „საღათას ძილში“ ეხვევა და მისი სახელმწიფოებრივობა ქრება.
არ დაგავიწყდეთ, თანამედროვე საქართველოში პოლიტიკურ ბირთვთან შესარწყმელად, ერთი ორი შეგნებული ღრმა პატრიოტის გარდა, თითქმის ყველა ოჯახია მომზადებული, შესაბამისად თავისუფალი ბაზრის ადგილი კიდევ უფრო სწრაფად მცირდება, ხოლო მენქიუს „უჩინარი ხელი“, არსაკიძეს „მოჭრილ მარჯვენად“ გადაიქცევა.

კახაბერ ჯაყელი
9 აპრილი 2014 წელი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: