Posted by: burusi | 05/01/2014

ახალი წელი ჯადოსნური ზღაპარივითაა

თენგიზ ვერულავა ოჯახთან: ეკა ელიავა. დაჩი და ნიტა ვერულავები

თენგიზ ვერულავა ოჯახთან: ეკა ელიავა. დაჩი და ნიტა ვერულავები

სენაკის მუნიციპალიტეტის თავისუფალი გაზეთი „კოლხეთი“

ახალი წელი ჯადოსნური ზღაპარივითაა

ნომრის სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დაზღვევისა და ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, ექიმი, მწერალი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და ნაწარმოების ავტორი ბატონი თენგიზ ვერულავა.

თენგიზ ვერულავა სენაკელია. მას ძალიან უყვარს მშობლიური ქალაქი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იორკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). სხვადასხვა დროს მუშაობდა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-პედიატრად, სენაკის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგად, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის დირექტორად, საქართველოს უნივერსიტეტის სრულ პროფესორად. გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიაში, მაგდებუტგის სადაზღვევო კომპანიაში, არის ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.
ბატონი თენგიზ საუკეთესო მამა, მეუღლე და შვილია. მისი ოჯახი ცხოვრობს სენაკში, მეუღლე ეკა ელიავა პროფესიით ექიმია, შვილები დაჩი და ნიტა სკოლა „მარიოტას“ წარჩინებული მოსწავლეები არიან. ბატონი თენგიზი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. ჩვენი თანაქალაქელი საკმაოდ გულახდილ და უშუალო საუბარში ერთგვარად „მოეფერა“ ბავშვობის წლებს. ამასთან ერთად მან რედაქციას გამოუგზავნა ლიტერატურული ნაწარმოები „გრანელი“ რომელსაც უახლოეს ნომერში შემოგთავზებთ.
„კოლხეთელები“ ვულოცავთ ბატონ თენგიზს დამდეგ შობა-ახალწელს, ვუსურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეებს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.

ბატონო თენგიზ, როგორი განწყობილებით აცილებთ ძველ წელს და როგორი განწყობილებით ხვდებით ახალს?

ბავშვობიდან არ მიყვარს გაცილება. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ალბათ იმ მოგონებებს უკავშირდება, როდესაც მამა გავაცილე. პირველ კლასში ვიყავი როცა დააპატიმრეს და მას შემდეგ მთელი ათი წელი სულ გზად ვიყავით მე, დედა და ჩემი დები. დავდიოდით მამის სანახავად ექვს თვეში ერთხელ… შეხვედრა და განშორებები ბევრი იყო. ალბათ, მას შემდეგ ძნელად გადამაქვს გაცილება… ძველი წელიც ხომ განშორებაა. თუმცა, მთელი სიცოცხლე რაღაც ახალთან შეხვედრის მოლოდინია და მასთან ერთად აუცილებლად განშორებაც. ვშორდებით გავლილ, ძველ წელს და ვხვდებით ახალ წელს. ვერც გასული წლის შეფასებაა ასე ადვილი და ვერც ახლის ვიცით რამე.

მთელი აბზაცი გესაუბრებით და მაინც ვერ მოვიშორე ტკივილიანი დასაწყისი. ესეც ბუნებრივია და ასეც იყო ყოველთვის. ამ ტკივილზე მღერის თუნდაც ჩვენი საოცრად სევდიანი და ტკბილი მეგრული სიმღერები… თუმცა, ახალი წელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, კეთილი ზღაპრის დრო. ახალი წლის ღამის მომხიბვლელობა დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს, მას უკეთესობის იმედი და სასიხარულო გრძნობები ახლავს თან. გასული წელიც, შეიძლება ამაზე ასე ერთმნიშვნელოვნად არ ვფიქრობ, მაგრამ იყო საინტერესო, იმპროვიზაციებით აღსავსე… სიხარულები და ტკივილები

სიხარული? და მაინც სიხარული იყო, როგორ არა! და ძალიან ბევრი… ჩემმა ქალიშვილმა ნიტამ ამ წელსაც მერამდენეჯერ გაგვახარა და გახდა მრავალი ფესტივალის გამარჯვებული… აბა როგორ გინდა არ იგრძნო ეს სიხარული, როდესაც შენი სისხლი და ხორცი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრავს ბახს, მოცარტს, შოპენს, ურთულეს, უფაქიზეს აკორდებს… რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება მამისთვის?! რა უნდა იყოს იმაზე ტკბილი მოსასმენი როდესაც დაჩი, შუა ლექციის დროს დაგირეკავს და გეტყვის რომ უმაღლესი ქულა მიიღო სკოლაში და მთელი საათი გეტიტინება თუ როგორ მოყვა გაკვეთილი, თუ როგორ უპასუხა მასწავლებელს. ამას ისე სულსწრაფივით მიყვება, რომ ვერ ვასწრებ ვუთხრა – ლექციაზე ვარ. სტუდენტებიც გრძნობენ რომ ჩემი ვაჟი რეკავს, თვალს ჩამიკრავენ და მათაც უხარიათ ეს დიალოგი…

ბედნიერი ვარ რომ მყავს მთელ სამყაროში უერთგულესი მეუღლე. მახსოვს, სტუდენტობისას ერთი ნოველა დავწერე, სადაც ახალგაზრდა წყვილს შორის ასეთი დიალოგია: „ქუჩაში რომ მოგისწროს თავსხმა წვიმამ და ქვეყანა ინგრეოდეს, ხომ შინისაკენ გაიქცევი, ან სადმე იპოვი თავშესაფარს? – არა, დაველოდები სანამ წვიმა არ გადაიღებს“. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ამ გადმოუხურავ სამყაროში ეკამ მომცა ეს თბილი თავშესაფარი, ბუდე, სადაც ყოველთვის გინდა დაბრუნდე და სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. ალბათ, ექიმები ვართ ასეთი ემოციური ხალხი. ბევრი ავადმყოფის ტკივილი გვაქვს მონასმენი, ჩვენი თვალით ნანახი, რაც უკვალოდ არ ქრება, ზემოქმედებს განწყობაზე, ფსიქიკაზე. 10 წელზე მეტია ერთად ვართ და ეს ყველაზე ბედნიერი წლებია ჩემთვის, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით მე და ეკა.

ბედნიერი ვარ რომ დედასთან ერთად ვხვდები კიდევ ერთ ახალ წელს. მიუხედავად იმისა რომ მძიმე ბავშვობა გვქონდა, ფაქტიურად მამის გარეშე გავიზარდეთ, დედა ყოველთვის ცდილობდა რომ არაფერი დაეკლო ჩვენთვის. მახსოვს, იმ დროს კარგი წიგნების შეძენა მხოლოდ ხელმოწერით იყო შესაძლებელი. ჩვენ არც პარტელიტა ვიყავით, არც ნაცნობები გვყავდა. წიგნის მაღაზიაში რომ შევიდოდით, ვნატრულობდით, რომელიმე გამოცემას. აკაკი შანიძის მარავალტომეული გამოვიდა ხელმოწერით და დედამ ყველა შეაწუხა რომ შეგვეძინა ეს წიგნი. სხვათაშორის, არც ისე იაფი ღირდა, საკმაოდ ძვირი იყო, მაგრამ დედამ ეს შეძლო. აბა, როგორ გინდა რომ არ დააფასო ასეთი დედა?! ჩემს უტკბილეს სიდედრთან, თინიკოსთან ერთად მინდა ვუსურვო მრავალი ბედნიერი და თბილი წელი.

ახალ წელს აქვს საოცარი აურა, ჯადოსნური ზღაპარივითაა, ამოუცნობი გამოცანაა, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ვერ ამოხსნი. თითქოს იწყება რაღაც, ახალი, გამოუცნობი, და გინდა რომ არასოდეს დამთავრდეს. გინდა შეაჩერო ახალთან შეხვედრის თავბრუდამხვევი წამები და იცი, რომ მაინც ვერ შეაჩერებ…

ასეთი სევდანარევი სიხარულია ახალი წელი, ძველისა და ახლის გაყრის იდუმალი წამები. ამიტომაცაა იგი ასე ჯადოსნური და განუმეორებელი, ვერაფერს რომ ვერ შეადარებ.

ოჯახში იცავთ თუ არა მეკვლეობის ტრადიციას და ვინ არის თქვენი ოჯახის მეკვლე?

მე ვერასოდეს ვერ ვიქნები ისეთივე მეკვლე როგორიც მამა იყო. ახლაც ყურში ჩამესმის მისი თბილი ხმა. განთიადისას, მამლების ყივილზე ტკბილეულითა და ხილით ხელდამშვენებული შემოდიოდა სახლში… შევაღებ კარებს და ახლა მე ვდგავარ კარის ზღურბლზე, საჩუქრებით, ყველაზე პირველად ჩემი ვაჟი შემომხვდება და ჩამეხუტება… და როგორც ბიბლიაშია: ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ჰგიეს ქუეყანა უკუნისამდე…

რა პარალელს ავლებთ თქვენი პერიოდის სტუდენტ ახალგაზრდობასა და ამჟამინდელ სტუდენტ ახალგაზრდობას შორის?

ახალგაზრდობა ყოველთვის განუმეორებელია, ახალგაზრდობა ყოველთვის მართალია! ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრებსაც ვასწავლი, მაგისტრებსაც და დოქტორანტებსაც, მაგრამ მათგან ყველაზე მეტად ბაკალავრებთან ურთიერთობას გამოვყოფდი. მათი ტყუილიც კი გულწრფელია. დიდ განსხვავებას ჩვენს და დღევანდელ თაობას შორის ვერ ვხედავ. შეიძლება განსხვავება იყოს ის, რომ ისინი უფრო თავისუფლები არიან. მახსოვს პირველ კურსზე პარტ-ისტორიას და მრავალ მოსაწყენ საგანს მასწავლიდნენ, რაც არ მაინტერესებდა. დღეს კი ,ახალგაზრდები სწავლობენ პავლე მოციქულის ქრისტიანულ სიყვარულს, პლატონის მღვიმედან განთავისუფლებულ ადამიანს, მილის „თავისუფლების ტრაქტატს“, მაკიაველის „მთავარს“… დასწრება თავისუფალია, სიას არასოდეს ვკითხულობ, და ამ დროს, ვხედავ, ყველა ლექციებზე სრული დასწრებაა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როდესაც ლექტორსა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაგება და თანხმობაა.

თაობათა შორის ბრძოლაზე როდესაც საუბრობენ პიკასოს ბიოგრაფია მახსენდება. პიკასო მთელი სიცოცხლე მამის სურვილის საპირისპიროდ მიდიოდა, ხატავდა იმას, რაც მამამისს არ მოსწონდა. ერთხელ, პატარაობისას, მამამ პრადოს მუზეუმში წაიყვანა, რომ მისთვის ველასკესის ტილოები ეჩვენებინა. პატარა პაბლოს კი თვალი ელ გრეკოსკენ გაურბოდა, რომელიც მამამისს სძულდა არაორდინარული ხელწერის გამო. 13 წლის იყო პიკასო, როდესაც მამამისმა დაინახა, რომ შვილი მასზე უკეთ ხატავდა და თავისი საღებავები მას გადაულოცა. თავად კი მას შემდეგ ფუნჯი აღარც აუღია ხელში… კუბისტური ნახატები, რომლებსაც პიკასო ხატავდა, მიუღებელი იყო მამამისისთვის… მამასა და შვილს შორის ამ წინააღმდეგობამ მხატვრობაში ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ხოლო სიცოცხლის მიწურულს, როდესაც უკვე დიდი მხატვარი იყო, პიკასომ დახატა მტრედი, რომლის ხატვა ძალიან უყვარდა მამამისს. მხოლოდ ასეთ უარყოფის შემდეგ მოდის შერიგება, მონანიება; მტრედი ზავია მამასა და შვილს, დარღვეული დროთა კავშირის აღდგენაა, მაგრამ ამ მოგზაურობით ვსწავლობთ, ვეცნობით ახალს და თავად ვბრუნდებით როგორც მამები.

თანამედროვე სტუდენტებთან ურთიერთობა, როდესაც მათთან ერთად მიყვები დინებას, აკეთებ მათთვის საინტერესოს და უსმენ მათ, არაჩვეულებრივად სასიამოვნოა… ეს კი მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. პავლე მოციქულის სიტყვებს გავიხსენებ: „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ“.

როგორია თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე ქართული მწერლობისადმი?

თანამედროვე ქართულ მწერლობაზე აკა მორჩილაძის ერთი გამონათქვამი მახსენდება: “მგონი ბებერ მეზურნეებშია, შვილოო, ამათ ყველას შვილები დაეხოცათო და შენ ეხლა რა უნდა უთხრა ისეთი, რო გული ატკინოო”. ეს ერთი წინადადება იმდენად იტევს მთელ ჩვენ ბოლოდროინდელ ისტორიას, რომ მთელ რომანს უდრის. მაგარმ ასე არ გამოვყოფდი თანამედროვე ქართულ მწერლობას. ჩემთვის ილია ჭავჭავაძე ყოველთვის თანამედროვეა, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველა. უფრო მეტსაც ვიტყოდი: ილია ჭავჭავაძე უფრო თანამედროვეა ვიდრე ბევრი ქართველი თანამედროვე მოაზროვნე, მოღვაწე თუ მწერალი.

რაზე ფიქრობთ მოცალეობის ჟამს?

დღეს ისე შემოიჭრა ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში, რომ მოცალეობის ჟამი თითქმის არ გრჩება. უწინ საჯარო ბიბლიოთეკებში ვისხედით და დაღამებამდე ვკითხულობდით ლიტერატურას. ახლა ინტერნეტით შეგიძლია შეხვიდე მსოფლიოს ბიბლიოთეკებში და შენთვის სასურველი ლიტერატურა წაიკითხო. ასეთი საშუალების არსებობისას მოცალეობის ჟამზე ალბათ ზედმეტია ლაპარაკი. თუმცა, ასეთი წუთებიც დგება. განსაკუთრებით როდესაც სოფლად ხარ გასული დასასვენებლად. ცახცხვის ხის ქვეშ, ბალახზე გავწვები და საათობით მივაჩერდები ცაცხვის ბებერ ტოტებს. ბუნებაში ყოფნა ყველაზე დიდი რელაქსაციაა ჩემთვის.

როგორია თქვენი საახალწლო სურვილები?

აგერ უკვე მეორე საუკუნე დგება და ისევ ილიას ცნობილი გამოთქმა ,,რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” რჩება მისალოცად ყოველი ახალი წლის დადგომისას. ძნელია იპოვო ამაზე უფრო სევდიანი ფრაზა, ლურსმანივით რომ გტკენს და მოსვენებას არ გაძლევს. ყველა თაობას თავისი ტკივილი დაჰყვება. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად მძიმე ტკივილის ტარება მოგვიწია. ჩვენზე უფრო უნდობარი დროც გამოუვლია წინაპრებს.

ჩემი უპირველესი სურვილი გამთლიანებული, ბედნიერი საქართველოა. მჯერა რომ ეს დღეც დადგება. ახალ წელს მინდა ვუსურვო ყველას სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა, მრავალი ახალი წელი!

ჩემს ქალაქს და ჩემს ქალაქელებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. სენაკი თავისი პეწით და ესთეთიკით გამორჩეულია, ძალიან გავს პატარა ევროპულ ქალაქს. სენაკელობა ჩემთვის დიდი პატივია და ხშირად მეუფლება ნოსტალგია აქ გატარებულ წლებზე… აქ ჩემი ოჯახია, აქ იზრდებიან ჩემი შვილებიც და ჩემი სიბერეც სენაკის გარეშე ვერ წარმომიდგენია… წარმატებები ჩემს პატარა სენაკს!

ინტერვიუს უძღვებოდა მედეა ბაღათურია
სენაკის მუნიციპალიტეტის თავისუფალი გაზეთი „კოლხეთი“
დეკემბერი. 2013 წ.

PDF ვერსია http://share.pdfonline.com/2014/1/5/fb68738aaf9d4fcf96ed182712a3b651/კოლხეთი%20-%20ინტერვიუ%20თენგიზ%20ვერულავასთან.pdf


Responses

  1. ბატონო თენგიზ, მე თქვენ არ გიცნობთ, გაგიცანით ამ ინტერვიუთი. აქ ყველაფერია ნათქვამი. მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენი ლამაზი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: