Posted by: burusi | 18/12/2013

გიორგი ლორთქიფანიძე – მიმდინარე ლიტერატურული პროცესის სოციოლოგიური თავისებურებანი

Violon et feuille de musique. Fall 1912. Pablo Picasso

Pablo Picasso

გიორგი ლორთქიფანიძე – მიმდინარე ლიტერატურული პროცესის სოციოლოგიური თავისებურებანი

ამ ნარკვევის მიზანი არც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ისტორიის სიღრმეებში ჩაძიებაა და არც კონკრეტული ლიტერატურული ტექსტების ანალიზი. ის უფრო ჩვენს ჯერ კიდევ ცოცხალ ლიტერატურულ სამყაროში წარმოქმნილ ე.წ. აქტუალურ სოციოკულტურულ პრობლემათა გააზრების მცდელობაა. მისი ძირითადი თემა შეიძლება განისაზღვროს კითხვითი ფორმითაც: ლიტერატურული პროცესი პოსტსაბჭოთა საქართველოში – არსებობს თუ არა იგი? რატომ უნდა დაიბადოს ასეთი კითხვა? განა, ერთი შეხედვით, პასუხი ცხადი არაა? რა თქმა უნდა, არსებობს და ვითარდება, ვინაიდან განვლილმა 17 წელმა ახალი იმპულსი შესძინა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაფრთიანებულ ლიტერატორებს და, მათ გარდა, სამწერლო ასპარეზზე გამოიყვანა არაერთი ახალი ავტორი. მართლაც, თითქოს არ გვაკლია თანამედროვე მწერლები, პოეტები, მათი ნაწარმოებები, ბეჭდვითი გამოცემები და ა.შ. მაგრამ ეს სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც დებულების დასაბუთებლად “ერთი შეხედვა” საკმარისი არაა, რაღაც სხვა არგუმენტებიცაა საჭირო.
საზოგადოდ, ლიტერატურული პროცესი შეიძლება განვიხილოთ როგორც სამწერლო ასპარეზზე ახალ-ახალი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების გარკვეული დროითი მონაკვეთის განმავლობაში (ჩვენ შემთხვევაში ოციოდე წელი) თანდათანობითი გამოჩენა, მათ შემოქმედებაში რაღაც საერთო კანონზომიერების მოძიება და დადგენა. მაგრამ ამის პარალელურად მსოფლიო ლიტერატურის ისტორია შესაძლებელია ასევე შევადაროთ – დამკვირვებლის თვალთახედვიდან თუ მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე – არა პროცესს, ანუ მძლავრ და მეტნაკლებად მდორე დინებას თავისი ფორმით ეროვნული და შინაარსით ზოგადსაკაცობრიო შენაკადებითურთ, არამედ – ტროპიკული ღამის მოწმენდილ ცას, უსასრულო კოსმოსურ სივრცეს, რომელიც ნაირნაირი ზომისა და სიკაშკაშის ვარსკვლავებითაა მოჭედილი.
დროითი თუ სივრცითი მასშტაბებისა და ხელოვნების უზენაესი პრინციპების გათვალისწინებით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ და როდის წარმოიშვა ესა თუ ის ვარსკლავი. მთავარია, რომ იგი არსებობს – გინდაც ჰომეროსი ერქვას, გინდაც “ილიადა”, თუგინდ კაფკა ერქვას, თუგინდ “პროცესი”. პირობით კოორდინატთა ასეთ სისტემაში ცალკეული ავტორი, როგორც წესი, შესაბამისი თანავარსკვლავედის მთავარი, მშობელი ვარსკვლავის – ალფას – როლში გვევლინება, ხოლო ამავე თანავარსკვლავედის სხვადასხვა სიკაშკაშის დანარჩენი ვარსკვლავები – მისი ნაწარმოებების როლში. ზოგჯერ პირუკუცაა – ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი თავად ნაწარმოებია, ავტორი კი არ ჩანს, რამეთუ კოსმიური მაგიის ნისლითაა გარშემორტყმული (თუმცა ესეც გარკვეული ლიტერატურულ-ასტრონომიული პირობითობაა). ამგვარი ლიტერატურულ-ასტრონომიული სისტემისთვის მთავარი და ძირითადი, მისი ურყევი, უსასრულობისთვის დამახასიათებელი სტაბილურობაა, თავად ე.წ. ლიტერატურული პროცესი კი უბრალოდ დროის თანმდევი მსვლელობა, სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ სწრაფვა, ახალ-ახალი ვარსკვლავების დროში გაწელილი წარმოქმნაა – და სხვა არაფერი. ის ობიექტურად არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რევოლუციურ ცვლილებებს, მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე თავად ავტორი-სუბიექტი. შეუძლებელია სამყაროს მეტაგალაქტიკური სიმშვიდე შეარყიოს ისტორიული წყვეტის ისეთმა წერტილებმა, როგორიც იყო სპარტაკის აჯანყება, საფრანგეთის რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუცია, “ვარდების რევოლუცია” და ა.შ. ოკეანესა თუ მძლავრი დინების ზედაპირზე აღშფოთების ეს გრიგალები სულაც არ ჩანან, თუმცა ჩვენ ვიცით მათი არსებობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მათემატიკაც ორი სახის – თვლად და კონტინუუმის – უსასრულობის ტიპს იცნობს. მასთან უხეში ანალოგიით ლიტერატურით აღვსილ კოსმოსურ ოკეანეში სწორედ ავტორებისა და ტექსტების თვლად უსასრულობასთან გვაქვს საქმე, თუმცა მალე კონტინუუმის უსასრულობასთან ანალოგიაც გამოგვადგება.
მაგრამ, პრაგმატული ავტორისეული მოსაზრებით, მაინც არ ეგების ზემოთ აღწერილ ლამაზ კოსმოსურ სავანეს ეროვნული ლიტერატურული პროცესის ცნება გადავაყოლოთ ან დავუპირისპიროთ – მით უმეტეს, რომ სუბიექტური პლურალისტული თვალთახედვა განსხვავებული მიდგომების თანაარსებობას გულისხმობს. პრაგმატულობა ამ შემთხვევაში გამორიცხავს ნაწარმოების ჭეშმარიტ ღირებულებასთან კომერციულ მიდგომას. საზოგადოდ, ლიტერატურული პროცესის ცნება არათავსებადია კომერციულ ფაქტორთან – დიდი ლიტერატურა შეიძლება წამგებიანი იყოს და არც იყოს, მაგრამ კომერციულად წარმატებული ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება თავისთავად ფრიად საეჭვო რამ გახლავთ. ხოლო ლიტერატურული პროცესის, როგორც ცნების, თეორიულმა უარყოფამ ჩვენს ლიტერატურულ (და არა მარტო ლიტერატურულ) საზოგადოებაში დაგროვილი წმინდა პრაქტიკული პრობლემების არაღიარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ეს კი სხვადასხვა თაობის ავტორების ლიტერატურული შემოქმედების მიმართ ზედმეტად იდეალური, ქედმაღლური პოზიციის დაკავებას ნიშნავს. ლიტერატურა რომ ინდივიდუალური საქმიანობაა, ამაზე, რასაკვირველია, არავინ დავობს, მაგრამ შემოქმედებითი ინდივიდუალობის შენარჩუნება სულაც არ გულისხმობს გათითოკაცებასა და საერთო საინფორმაციო სივრცის ხელოვნურად დახშობას. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ კლასიკურს: “მაგრამ თუ მაინც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა…”. ამიტომ უპრიანია ისევ ლიტერატურული პროცესის ზემოთ მოყვანილ განსაზღვრას დავუბრუნდეთ, გავაფართოვოთ და გავამდიდროთ მისი არეალი იმ შემოქმედთა გვარ-სახელებით, ვინც მოახერხა და ამ უკანასკნელი 20 (ან ოდნავ მეტი) წლის განმავლობაში საზოგადოებრივი თვალსაწიერის არეში შეაღწია.
თუმცა აქ ერთი “ერეტიკული” კითხვაც შეიძლება დაგვებადოს. თუკი მაინც დავუშვით ლიტერატურული პროცესის არსებობა და შევთანხმდით, რომ იგი მართლაც რეალობის მიღმა მდგარი ფენომენი არაა, – საქართველოთი რატომ უნდა შემოვიფარგლოთ, რისთვის შევზღუდოთ მისი დინება ოდენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებით? განა ამ გაგანია ინტერნეტისა და მონდიალიზმის ხანაში ეს კორექტული მიდგომა იქნება? ნუთუ გაქანებული გლობალიზაციის ეპოქაშიც უნდა ვირწმუნოთ ვიწროეროვნულ ჩარჩოებში მოქცეული ლიტერატურული პროცესის ცალკე ნაკადის სახით არსებობისა? მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს მაგივრად მალტაზე დავიბადეთ, ან ისლანდიაში, ან, სულაც, სომალიში. რა, სათანადო თარგმანის ხელთპყრობის შემთხვევაში, საქართველოში თუ არგენტინაში დაწერილი და გამოცემული ტექსტების განსჯის უფლება აგვერთმევა? ნუთუ გამართლებულია მსოფლიო ლიტერატურული მეინსტრიმიდამ ეროვნული ნაკადების ამოგლეჯა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ გენეტიკური წარმოშობის უფლებით უკეთ გვესმის ლიტერატურული სიტუაციის ნიუანსები საკუთრივ ჩვენ ქვეყანაში და არა სადმე სხვაგან? თითქოს ასეთ მიამიტურ კითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ თუკი მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ პირუკუ _ ასეთი ამოგლეჯა სავსებით გამართლებულია და სწორედ ზემოთმოყვანილი, გენეტიკურად “ბუნებრივი” არგუმენტის საფუძველზე, ხოლო თუ დაგვაინტერესა სხვა ქვეყნებსა და ეროვნულ ნაკადებში რა და როგორ ხდება, ამაში დიდ ენებზე პატიოსნად ნათარგმნი ლიტერატურა თუ პუბლიცისტიკა დაგვეხმარება – თარგმნის ტრადიციასაც ხომ უნდა ეცეს სათანადო პატივი და ყურადღება. ერთი სიტყვით, პასუხი შეიძლება დადებითიც იყოს, ოღონდ მცირე დამატებით: არ უნდა წარმოვიდგინოთ თითქოს ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს ჩარჩოებში მიმდინარე ლიტერატურული პროცესი ოდენ ფორმალური ნიშნებით შემოიფარგლება, ანუ მხოლოდ იმით, რაც ამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში (თუ ათვლის წერტილად სოციალ-ეკონომიკური წყობის ფორმალური ცვლის ისტორიულ მომენტს მივიჩნევთ) გამოცემულა ან დაბეჭდილა ფინანსური დამბლის პერმანენტულ სტადიაში მყოფ სულთმობრძავ ლიტერატურულ ჟურნალებსა თუ ავტორების საკუთარი სახსრებით დასტამბულ წიგნებში. სამართლიანობა მოითხოვს ვივარაუდოთ, რომ ბევრი რამ გამორჩენილია, ჯერაც არაა მისული პოტენციალურ მკითხველთან. კულტურული შრის ფსკერი შესაძლებელია მოფენილი იყოს მარგალიტებით, რომლებიც მათი პოვნისა და ამოღების ისტორიულ დროს ელოდებიან – ესეც კონტინუუმის უსასრულობასთან შეპირებული ანალოგიაა
ტრივიალურია, ყველამ ვიცით, რომ ლიტერატურული სიახლეებისადმი თვალის მიდევნება წარმოუდგენელია ბეჭდვითი ან ელექტრონული მედიატოროს გარეშე, ხოლო, იმისთვის, რომ ესა თუ ის ავტორი ან ნაწარემოები – სულერთია, მისი ლექსი თუ მოთხრობა – ასე ვთქვათ, “შეამჩნიონ”, ნებისმიერ ლიტერატურულ კრიტიკოსს, სერიოზულ მკითხველს, საზოგადოდ, ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს, ხელთ სათანადო მასალები უნდა ეპყრას, მათი თავისუფლად მოპოვების საშუალება ჰქონდეს. რასაკვირველია, რაც უფრო ფართოვდება ცნობადობის წრე, მით უკეთესია თავად შემოქმედისთვის. მათემატიკური თუ იურიდიული სიზუსტით ამ დებულებას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ცნობადობის წრის გაფართოებისკენ, საკუთარი თვითრეალიზაციის ხარისხის ამაღლებისკენ, ალბათ, თითქმის ყველა აქტიურად მომუშავე ლიტერატორი ილტვის, ყოველ შემთხვევაში, პოპულარობაზე თავისით უარს ვერ იტყვის, თუმცა კი, ბუნებით, შეიძლება იმდენად არაპრაგმატული პიროვნება აღმოჩნდეს, რომ თითი თითზე არ დააკაროს რაღაც “მდაბალი” ლიტერატურული რეიტინგის მისაღწევად (ზოგი კი, პირიქით, ლამის ყველაფერზეა წამსვლელი პოპულარობის გამო).
ჰოდა, ვნახოთ, როგორ იყო და არის ამ მხრივ საქმე ქართულ ლიტერატურაში. მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო მწერალი მკითხველისთვის ადრე, არცთუ შორეულ წარსულში, ჩვენს მიერ შერჩეულ ათვლის წერტილამდე, და რამდენად ხელმისაწვდომია ამჟამად; რატომ დაკარგა მწერალმა მკითხველი საბჭოთა დროსთან შედარებით – ფაქტია, რომ მაღაზიები სავსეა შესანიშნავად გამოცემული წიგნებით, მაგრამ მათი ტირაჟი ასჯერადად, ზოგჯერ ათასჯერადად ნაკლებია, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ხალხი, ასე ვთქვათ, “ბნელი იყო”. ეს წარსულის მონატრება კი არა, ფაქტების აღიარებაა, ხოლო ფაქტებზე თუ თვალი დავხუჭეთ, ვერც მოვლენის არსში გარკვევას შევძლებთ. ყოველივე ზემოთქმული – ტირაჟები, თავისუფლების ხარისხი, მკითხველთან სიახლოვე – ჯერ კიდევ არ შეადგენს ლიტერატურული პროცესის ორგანულ ნაწილს, მაგრამ პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც არის მასთან დაკავშირებული.
მწერალთა კავშირის პოლიტიკურად ანგაჟირებული მდივნების გავლენასა და ძველ სისტემას მორგებული, აღიარებული ლიტერატურული ელიტისა და მათი ნამოღვაწარის არაბუნებრივად მაღალ (თუმცა გამონაკლისები არსებობდა) ტირაჟებს ამჯერად არ შევეხები, მით უმეტეს, რომ ამ მოვლენის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ფესვები საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. მხოლოდ ე.წ. “დიდ ლიტერატურაში” შესვლის მეტ-ნაკლებად სტანდარტული გზის აღწერას შევეცდები, ვინაიდან ესეც საინტერესოა ეროვნული ლიტერატურული პროცესის აწ გარდასული მონაკვეთისთვის დამახასიათებელი (არადა, იმ წლებს ხომ ვერ ამოვშლით ისტორიიდან) მარეგულირებელი მექანიზმების შესწავლის თვალსაზრისით. ასეთ დაინტერესებას თუნდაც ის გამართლება აქვს, რომ ყველა “იმდროინდელი” ლიტერატორი როდია დღეს ხელწამოსაკრავი და კიდევ იმის გამოც, რომ იგივე ტიპის გადაცდომები სახეშეცვლილი და თუნდაც პოსტმოდერნთან ნაზიარევი ფორმით, მომავალში ახალ ქარტეხილად არ დაუბრუნდეს ჩვენ ლიტერატურას. რეტროსპექტულად გადავხედოთ, თუ რა ტიპიური გზა უნდა გაევლო სტანდარტულ ლიტერატორს ოფიციალურ მწერლად ჩამოყალიბებისთვის ე.წ. “უძრაობის” პერიოდში, ანუ ხანაში, როდესაც ქართული ლიტერატურული კონტექსტი ნაკლებად მსოფლიო, კიდევ ნაკლებად ევროპული, უფრო მეტად კი საბჭოთა ლიტერატურული კონტექსტის ერთი ნაწილი იყო; თავისთავად ცხადია, არ ვგულისხმობ ყველასთვის ცნობილ დისიდენტურ შემთხვევებს, ან გადატანილი ტანჯვის შედეგად გენიალობასთან წილნაყარ სამწერლო იმპულსებს (ლევან გოთუათი დაწყებული და გურამ რჩეულიშვილით და ჭაბუა ამირეჯიბით დამთავრებული) – ასეთი ლიტერატურული შემთხვევები, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ლიტერატურის ისტორიის კუთვნილებად ქცეული, დიდ ლიტერატურასთან ერთად არანაკლებ დიდ და ზოგად პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა განიხილებოდეს, რაც მოცემული ნარკვევის ფარგლებში შეუძლებელია.
სტანდარტულ ლიტერატორში აქ მხოლოდ უზოგადეს საშუალო დამწყებ ქართველ მწერალს ან პოეტს ვგულისხმობ. მას, როგორც წესი, დამთავრებული უნდა ჰქონოდა რაიმე ჰუმანიტარული (მაგ. ფილოლოგიის) ფაკულტეტი (ეს აუცილებელი არ იყო, თუმცა პირველი ლიტერატურული ნაბიჯების გადადგმაში ოდნავი ნიჭიერებით დაჯილდოებულ ახალგაზრდას უთუოდ ობიექტურად წაეხმარებოდა – ლიტერატურული წრეები და გაერთიანებანი ხომ ფაკულტეტებთან არსებობდა). ადამიანი შეიძლება გენიოსად იყოს დაბადებული, ამიტომ გენიოსებს თავი დავანებოთ, მაგრამ საშუალოდ ნიჭიერთათვის უმაღლესის დამთავრების შემდეგ ოფიციალურ ლიტერატურაში შესვლის სულ რამდენიმე გზა რჩებოდა: ან ძლიერ, ძირძველ ოჯახში დამკვიდრებული ლიტერატურული ტრადიცია (თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევები), ან ¬_ რომელიმე ლიტერატურულ-გამომცებლობითი კლანის კეთილი ნება, ან ¬_ რომელიმე ლიტერატურულ-გეოგრაფიული “საძმოს” გენეტიკური წევრობა, დაბოლოს, _ რკინის ნერვები და მათი მოთოკვის თანდაყოლილი უნარი, მოთმენისა და გაძლების გიგანტური მარაგები, პლუს _ რედაქციებში დაუზარელად სიარული, მუყაითი შრომა, ნებისყოფა და ა.შ. ისე, ახალგაზრდა კაცი ხელებს თუ არ ჩამოუშვებდა, ადრე თუ გვიან, ალბათ, ეღირსებოდა კიდეც მწერალთა კავშირის წევრის იმ დოისთვის საკმაოდ საპატიო წიგნაკს და შესაბამის სოციალურ დაცვას. ლიტერატურულ წარმატებასთან პირდაპირი კავშირი ამას ნაკლებად ჰქონდა, გენიალური ნაწარმოებები და მათი ავტორები კი არავითარ სტანდარტში არც თავსდებოდნენ და არც თავსდებიან – ეს აქ არც იხილება.
ეს აწყობილი, კაფკიანური სისტემა იწყებს ნგრევას გასული საუკუნის 90-იან წლებში და ახალი თაობის პოსტმოდერნული მწერლების “შემოსევის” სინქრონულად სუსტდება, მაგრამ არა იმდენად მათი შემოტევებისა და გულწრფელი საბრძოლო ჟინის წყალობით, რამდენადაც შინაგანი კანონზომიერების შედეგად.
კაპიტალიზმის ცდუნებებს ბევრმა ჩინოსანმა მწერალმა ვერ გაუძლო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი თაობის ბევრი ლიტერატორი ანტიკომუნისტური ძვრების შემდეგაც არ იტყოდა უარს ტრადიციულ მწერალთა კავშირის ფარგლებში მოქმედებაზე, ოღონდ იმ პირობით, თუკი რაღაც რეალურ ბერკეტებს ჩაიგდებდა ხელში. მაგრამ ძველი, პოლიტიკურ ინტრიგებსა და მავთულხლართებში გამოწრთობილ-გამობრძმედილი ნომენკლატურული ფუნქციონერები წლების განმავლობაში კავშირის გარეთ ტოვებდნენ, უფრო სწორად, “აყურყუტებდნენ” მათ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა “ახლებში” უკმაყოფილების მუხტს. (შესაძლოა, ამ გარემოებამ მეტი როლი ითამაშა მწერალთა კავშირის დისკრედიტაციაში, ვიდრე პოლიტიკურმა და მსოფლმხედველობრივმა უთანხმოებებმა). სავსებით, შესაძლებელია, რომ კავშირის შემდგომ ბედზე გადამწყვეტი გავლენა იქონია არა მისმა ისტორიულმა წარსულმა და “ახლების” მზარდმა უკმაყოფილებამ, არამედ ერთი მუჭა ადამიანების მიერ მისი ქონების პრივატიზაციამ. ეს ფაქტორი, საზოგადოდ, ლიტერატურული პროცესის მიღმა დგას, თუმცა მიმდებარე კია. ამასთანავე, ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში საზოგადოება სხვა სოციოლიტერატურული მოვლენების მომსწრეც ყოფილა: წიგნების აუტოდაფე ვერის ბაღში, მწერალთა კავშირიდან გასული შედარებით იდეალისტი ლიტერატორების ახალი, ორიოდე გამოცემული პწკარის საფუძველზე (ან სულაც უპწკარო) “ავტორებით” ჩანაცვლება – მორიგ ყრილობაზე ხმების მოსპოვებლად, მწერალთა კავშირის ჩაკეტილ კორპუსად გადაქცევა, როცა მასში შეღწევის შანსი თითქმის აღარ იყო და ა.შ.
მარქსის ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, ისტორიული მოვლენები ამა თუ იმ სახით გამეორებისკენ არიან მიდრეკილი. ჟურნალ “ცისკრის” დაარსების ჟამს (1957 წელი) ქართულ ლიტერატურაში, თურმე, დღევანდელის მსგავსი ვნებები ტრიალებდა. რევაზ თვარაძე – იმხანად ახალდანიშნული პასუხისმგებელი მდივანი ახალდაარსებული გამოცემისა – მოგონებებში აღნიშნავს: “საამდროოდ უკვე ყველანი გრძნობდნენ, რომ მეტნაკლები განახლების გარეშე ქართული ლიტერატურა ვეღარ იარსებებდა… და ეს ახალგაზრდა, სულ ახალგაზრდა შემოქმედნი… ახალგაზრდულივე მაქსიმალიზმით უარყოფდნენ ყოველსავე, რაიც მანამდე შექმნილიყო ქართულ მწერლობაში – კლასიკასაც, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურასაც… ერთადერთი დასავლური ლიტერატურის წინაშე ამჟღავნებდნენ პიეტეტს და ხშირად ბრმად, გაუაზრებლად ბაძავდნენ ევროპელ თუ ამერიკელ პოეტებს და პროზაიკოსებს… ეს იყო სტიქიურად ამბოხებული მასა, უმსოფლმხედველობო, უკომპასო, ჯერაც დაუღვინებელი და ამიტომ… მოხდა ის, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა ნებისმიერი ერის ლიტერატურაში და ამჯერადაც უეჭველად უნდა მომხდარიყო: ათეულობით და ათეულობით მოპაექრე მეამბოხიდან თითებზე ჩამოსათვლელნი შემორჩნენ მწერლობას და ამ თითებზე ჩამოსათვლელთაგანაც ყველანი თანაბრად როდი იმსახურებენ მწერლის სახელს. ამასთან, 80-90-იან წლებში მოვარდნილი ახალ-ახალი ნაკადები მათ მიმართ სწორედ ისეთი სკეპტიციზმით არიან გამსჭვალულნი, როგორიც ამათ ჰქონდათ ძველების მიმართ”.
ეს გრძელი ციტატა აქ იმისთვის მოვიყვანე, რომ ერთი გარემოებისთვის გამესვა ხაზი: დღევანდელ ლიტერატურულ ცხოვრებაში ახლაც ბევრი რამ კარგად დავიწყებული ძველია.
ძველი სამწერლო-საამქრო სისტემის ნგრევა ინერციული პროცესი აღმოჩნდა და დღესაც არ არის ბოლომდე დასრულებული, თუმცა ამჟამინდელი მწერალთა კავშირი საკმარისად ღია და, იმავდროულად, საკმაოდ არასაინტერესო და ეკლექტური სტრუქტურაა, სანახევროდ კომუნისტური, სანახევროდ ეროვნული მწერალთა კავშირის ნანგრევებზე აღმოცენებული სუსტი ფილიალი იმ ძველისა.
რაც შეეხება განსახილველ პერიოდში მწერალთა კავშირის მიღმა მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს, აქაც ბევრი გაუგებრობაა. მართლა ნოვატორობად და ჭეშმარიტი შემოქმედებითი თავისუფლების ნიშნად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ, პოსტსაბჭოური ჩამოსხმის ხელისუფლებასთან დაახლოება და დახურული ლიტჯგუფების, ე.წ. “ტუსოვკების” ჩამოყალიბება, რაც შევარდნაძის ხანგრძლივი მმართველობის ფაქტობრივად მთელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა (თუმცა, “ვარდების რევოლუციის” ექსცესებმა და რევოლუციური ტრიუმვირატის ცნობილმა პერსონალურმა დანაკარგმა ამ “ტუსოვკებისთვის” ადრე მინიჭებული გარკვეული “ჩუმი” პრივილეგიების აყრა გამოიწვია).
ვერც ის ჩაითვლება დიდ წარმატებად, რომ, ძველი სისტემის ნგრევის კვალდაკვალ წიგნის გამოცემის ძირითადი სიმძიმე ე.წ. სპონსორებსა თუ მეცენატებს დააწვა კისერზე. ამით შეიცვალა მხატვრისთვის დამკვეთის მიმცემი და არა თვით დაკვეთის ინსტიტუტი, მწერლის ყბადაღებული თავისუფლება კი, როგორც მოსალოდნელიც იყო, ილუზია აღმოჩნდა და რომ არა გლობალური ტექნოლოგიური გარღვევა, ანუ ინტერნეტის შედარებით თავისუფალ სივრცეში საკუთარი თვითგამოხატვის შესაძლებლობა, მავანი ახალგაზრდა შემოქმედი საკუთარ ტყავზე იგრძნობდა, რომ ფინანსური ბორკილები პოლიტიკურ ბორკილებზე მსუბუქი როდია.
მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ავტორებისა და ნაწარმოებების შერჩევის მეტ-ნაკლებად მწყობრი და ობიექტური სისტემის არარსებობა, ისე ამგვარი სისტემის არსებობა (მაგ. მისი საბჭოური ვარიანტის სახით), სულაც არ გახლავთ ლიტერატურული თავისუფლების ნიშანი. არ უნდა მივიჩნიოთ თითქოს ასეთი სისტემის რაღაც ისეთ პრინციპებზე შექმნა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოიდებული სპონსორის, მეცენატის, გამომცემელის, ინვესტორის და ა.შ. პირად, სუბიექტურ არჩევანზე, მაინცდამაინც ბოროტების მომასწავებელია. პირიქით, ასეთი სისტემის დემოკრატიულ საფუძვლებზე ჩამოყალიბება დიდი სიკეთე იქნებოდა ლიტერატორებისა და – შესაბამისად – ეროვნული ლიტერატურისთვის, შეამცირებდა ავტორების, როგორც გარედან მოცემული ბიზნესდაკვეთის შემსრულებლების არცთუ ჯანსაღ და ღირსეულ როლს, მოემსახურებოდა მათ რეალურ შემოქმედებით თავისუფლებას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუროკრატიის ამ საქმეში ჩარევა შეზღუდული უნდა იყოს და, ალბათ, პრემირების ინსტიტუციისადმი ლოიალური დამოკიდებულებით უნდა შემოიფარგლოს. გავითვალისწინოთ: ის, რაც სახელმწიფო რეგულირებამ ლიტერატურულ პროცესს მოუტანა, შეგვიძლია 30-იანი წლების მწერალთა კავშირის გამგეობათა პლენუმების ოქმებში ამოვიკითხოთ.
რაკიღა ინტერნეტ-სივრცე ვახსენე, უფლება არა მაქვს გვერდი ავუარო საქართველოში ვირტუალური ლიტერატურის არსებობას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვისაც კი სარედაქციო მოლოდინი და ნერვიულობა საბჭოთა დროს განუცდია, ის ადვილად ეგუება ქსელური ლიტერატურის ფენომენს _ ეს ხომ ვერბალური შემოქმედებითი თავისუფლების თითქმის იდეალური ფორმაა. ქსელი მართლაც გვთავაზობს ყოვლისშემძლეობის ხანმოკლე ილუზიას, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაინც მხოლოდ ილუზიაა. ძლიერ გამომცემლობებს ინტერნეტის შიშით გაკოტრება ჯერ არ ემუქრებათ. ამასთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი კითხვები ჩნდება: არის კი ვირტუალური ლიტერატურა, პრესტიჟის თვალსაზრისით, ტრადიციულ “ჰარდ-დისკ” ლიტერატურის ტოლფასი, ან ჩანს კი ამგვარი გათანაბრების ტენდენცია მაინც, თუნდაც _ ტრადიციული ლიტერატურის პრესტიჟის შემცირების ფონზე? მარგინალური ლიტეტატურის ახალი ტიპი ხომ არ შექმნა დრომ და ეპოქამ? ვრცელდება თუ არა ვირტუალური ლიტერატურის ფენომენზე თვით ლიტერატურული პროცესი?
შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი მიბმულია მწერლის ცენზურასთან და რედაქტურასთან მიმართების საკითხზე. თანაც ეს ორი ცნება – ცენზურა და რედაქტურა – შეძლებისდაგვარად, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ვამბობ შესაძლებლისდაგვარად-მეთქი, რადგან მაღალპროფესიული, მაგრამ ბოროტი და მშიშარა რედაქტორი უფრო ადვილად და მოხდენილად ჩაკლავს ნაწარმოებს აკვანში, ვიდრე არცთუ ჭკვიანი სალდაფონი-ცენზორი. არადა, ზოგჯერ ასეთი აღრევის ცდუნებას თვით ლიტერატორიც ვერ უძლებს, რამეთუ, განსაზღვრების თანახმად, სუბიექტურია საკუთარი ნაწარმოების ღირსებების მიმართ _ ცენზორს აბრალებს იმას, რასაც რედაქტორს, ხოლო _ რედაქტორს იმას, რასაც საკუთარ თავს უნდა აბრალებდეს. Aმიტომაც მართებულად მიმაჩნია განვიხილოთ ცენზურა, თვითცენზურა და რედაქტურა, როგორც წმინდა ტექნოლოგიური, ინსტრუმენტალური ხასიათის ინსტიტუციები, რომლებიც ხან აფერხებენ, ხან აჩქარებენ, ხანაც აგუბებენ იმ მდოვრე დინებას, რომლის ქვეშ ჩვენ აქ ლიტერატურულ პროცესს ვგულისხმობთ.
ამ ინსტუმენტების მოქმედების მექანიზმებში უკეთ ჩასაწვდომად იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, თუ რა საჭიროა, საზოგადოდ, მწერალი, რას ემსახურება ან უნდა ემსახურებოდეს მისი კალამი (თუ კლავიატურა); შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა მიმართებაშია მისი ხელოვნება სიმართლისა და ჭეშმარიტების ფენომენებთან, არსებობს თუ არა საერთოდ რაიმე კავშირი სიმართლის თქმის უნარსა და ხელოვნებას შორის. შემდეგ კი შევეხოთ იმ არაცალსახოვან როლსაც, რასაც ასრულებენ საზოგადოების წინაშე წარსადგენი საბოლოო ტექსტის გაშალაშინებაში ზემოთ დასახელებული ინსტიტუციები – ცენზურა, თვითცენზურა და რედაქტურა.
გავიხსენით: მწერალი – პროზაიკოსი, პოეტი, ზოგჯერ პუბლიცისტი – უპირველეს ყოვლისა, ჰყვება ამბავს; რეალისტი მწერალი – რეალურს, ცხოვრებიდან “მოპარულს”, ოღონდ, რასაკვირველია, არა _ ფოტოგრაფიული სიზუსტით, არამედ _ მხატვრული გადამუშავების შედეგად მიღებული სახით; ფანტასტი მწერალი – ფანტასტიკურს, რომელშიც ხშირად ამოიცნობა სწორედ არსებული რეალობა. პოსტმოდერნისტი საკუთარ ენაზე გვაწვდის რაღაც დაჩეხილ, ყოფიერებაში არარსებულ რეალობას, სამაგიეროდ _ მისი აზროვნების ცნობიერსა და არაცნობიერში არსებულს და, ამდენად, არაფანტასტიკურს. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სიტყვა “რეალობა” სამივე შემთხვევაშია გამოყენებული. ამრიგად, სამივეს რეალობასთან რაღაცა დონის შეხება აკავშირებს და სწორედ აქ – თუ რეალობა პოლიტიკურად მიუღებელია – პირველ რიგში საქმეში ერთვება ბატონი ცენზურა.
ცენზურის პირველადი დანიშნულება ყველასთვის ცნობილია – ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერ ფასად დაიცვას საზოგადოებრივი სტაბილურობა, თუნდაც ეს სტაბილურობა ამაზრზენი, უსამართლო და ძალადობაზე დაფუძნებული იყოს. Aაქ გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ძალადობა – ნუ გაგვიკვირდება – ბევრ ადამიანს, მათ შორის მწერალსაც, თავისებურად მოსწონს, ადვილად ეგუება მას, თუმცა მავანნი მაინც ფარისევლურად უარყოფენ ამას. ეს ერთი მხარეა. მაგრამ მეორე მხარეს არიან სხვანაირი ადამიანები _ ჰუმანისტები და არა პაციფისტები, შემოქმედნი, რომლებიც შინაგანად ეწინააღმდეგებიან ადამიანში ცხოველური ინსტინქტების აღზევებასა და უმეცრების გონიერებასთან გათანაბრებას. ასეთები, ბუნებრივია, ვერ რჩებიან გულგრილნი უსამართლობასა და ძალადობაზე დამყარებული სტაბილურობის მიმართ, ლინგვისტური ხერხებით უპირისპირდებიან მას (მაგ. მაიაკოვსკი).
ასეთი მწერლისა თუ პოეტის თხზულებებში, ასე თუ ისე, ღიად თუ ფარულად, ადრე თუ გვიან, მაინც იმძლავრებს არსებული წეს-წყობილების მიმართ მძაფრი კრიტიკული იმპულსი. კლასიკური ცენზორის ღიად გაცხადებული მიზანია კი როგორმე მოაშთოს ოპონენტის სიმძაფრე, მაქსიმალურად გააუფასუროს მისი გულწრფელი პროტესტი.
მაგრამ ცენზორს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და შეგნებული მიზანიც აქვს – სამომავლოდ თვით საეჭვო ავტორის პიროვნული დისკრედიტაცია მოახდინოს, შეუქმნას მას ზერელე, ფუქსავატი, ლამის ყველანაირ კომპრომისზე წამსვლელი, ნებისმიერ გარიგებაზე ხელის მომწერი სუბიექტის სახელი, განაწყოს საზოგადოება მის წინააღმდეგ და ამ ხერხით გადაუკეტოს გზა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობისკენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შემოქმედს ასეთი სურვილი არა აქვს. ძლიერნი ამა ქვეყნისა ჟანდარმებს ხელფასს ხომ გარანტიებისთვის უხდიან!
ცენზორებს, ხშირად თავად მწერლებისგან განსხვავებით, შესანიშნავად ესმით, რომ ნებისმიერი შემოქმედი საზოგადოებისთვის საინტერესო ფიგურად და, ამდენად, პოლიტიკოსად შეიძლება ჩამოყალიბდეს და, სწორედ ამის გამო, იგი მუდმივად კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ცენზურას მრავალგვარი ხრიკი ახასიათებს, ტოტალიტარულ საზოგადოებაში ის უფრი მედგარი და პირდაპირია, წერილობითი საბუთების შექმნასაც კი არ ერიდება ხოლმე; ე.წ. დემოკრატიულში უფრო შენიღბულად, თითქოსდა კანონიერების ჩარჩოებში მოქმედებს, მაგრამ მისი არსი მაინც უცვლელი რჩება: შემოქმედი უნდა აკონტროლო, რათა მან რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს. საბედნიეროდ, პირდაპირი და ძალისმიერი ცენზურა თუმცა კი მძლავრი, მაგრამ არაყოვლისშმძლე დაბრკოლება აღმოჩნდა, თანაც ბევრგან უკვე ისტორიულ ანაქრონიზმადაც იქცა. ნიჭიერი ავტორები ტოტალიტარიზმის ეპოქაშიც კი ისე ახერხებდნენ მკითხველამდე ნააზრევის მიტანას, რომ ცენზურა ხახამშრალი რჩებოდა. მით უფრო ადვილია – თუმცა სპეციფიკურ დაბრკოლებებს აწყდება – ცენზურისთვის გვერდის ავლა ისეთ საზოგადოებაში, რომელიც თავის თავს დემოკრატიულს უწოდებს. საბოლოო ჯამში ყველაფერი შემოქმედის წერის ხარისხზე, მის სტილსა და პრინციპულობაზე (კიდევ ბედზე, რა თქმა უნდა) ხდება დამოკიდებული. დღეს ცენზურის ღია ფორმაზე გაცილებით უფრო ხშირად მისი შეფარული ფორმა გვხვდება, თვით ამ ინსტრუმენტის გავლენა კი საბოლოო ჯამში მხოლოდ აძლიერებს მწერლის პასუხისმგებლობას დაწერილი ტექსტის მიმართ და, ხშირ შემთხვევაში (არა ყოველთვის), დადებითად მოქმედებს მასზე.
პრინციპულად განსხვავდება ცენზურისგან რედაქტურა, ვინაიდან იგი თავისუფალია პოლიტიკური დატვირთვისგან და ყურადღებას ტექსტში გაპარულ აზრობრივ შეცდომებსა და სტილისტიკურ შეუსაბამობებზე ამახვილებს (განსხვავებით კორექტურისგან, რომელიც ტექსტის წმინდა ორთოგრაფიულ “წმენდას” უკავშირდება). აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. ვინაიდან რედაქტურა ფორმით ისევ და ისევ პროტოტექსტის ცვლილებაში ვლინდება, პოლიტიკურად ანგაჟირებული რედაქტორები ხშირად მიმართავენ ცენზურას რედაქტირების სახელით, განზრახ ახდენენ ამ ცნებების აღრევას საკუთარი პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მოტივაციიდან გამომდინარე.
უფრო მძიმე და გასაიდუმლოებული მოვლენაა თვითცენზურა. მისი ადგილი სადღაც ცენზურასა და რეედაქტურას შორისაა, ის მთლიანად დამოკიდებულია ავტორის თვითშეგნებასა და ბუნებრივ მებრძოლ თვისებებზე. თვითცენზურის გავლენის ხარისხი ტექსტის ხასიათზე გარეშე თვალისთვის ძნელი შესაფასებელია, საბოლოოდ, მხოლოდ ავტორმა იცის, დადებითი გავლენა იქონია მის ტექსტზე თვითცენზურამ, თუ არა. თვითცენზურა არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ის ავტორის მაღალ პასუხისმგებლობასა და თვითმომთხოვნელობასთანაა დაკავშირებული, ზოგჯერ _ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მსხვრევის შიშთან, ზოგჯერ _ პოლიტიკურ გაუბედაობასთან. მთავარი ისაა, რომ ცენზურისა და რედაქტურისგან განსხვავებით, მისი, როგორც ინსტრუმენტის, სრული მოშლა შეუძლებელია, ვინაიდან ის თვით შემოქმედის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.
ნიშანდობლივია, რომ სამივე ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტი მიმართულია ტექსტის დახვეწისკენ მასში ჩაქსოვილი პირველადი სიმართლის შეგნებული დამახინჯების ან, სულაც, დაკარგვის ხარჯზე. ისტორიულად რატომღაც ითვლება, რომ სიმართლესთან თამაში ცეცხლთან თამაშია, ხოლო სიმართლის ენაზე ლაპარაკი, საზოგადოებრივი იარების გულმხურვალე და პირუთვნელი წარმოჩენა, ადამიანური ტკივილის ადექვატურად წარმოდგენა – ნამდვილი ხელოვანის წმიდათაწმინდა მოვალეობაა.
აქ იბადება კითხვა: ნუთუ სიმართლე მართლაც იმდენად სახიფათო კატეგორიაა, რომ მისი მხატვრულ ენაზე თარგმნა, ერთი მხრივ, არღვევს არსებულ სტაბილურობას, მეორეს მხრივ კი, _ მართალი სიტყვის მთქმელის ერთ ჩვეულებრივ სახეს უმალ გმირის ნიღაბს მოარგებს ხოლმე?
პასუხი უცნობია, არადა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც, ჭადრაკის თამაშის დარად, მუქარა შესრულებაზე ძლიერია ხოლმე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზედმეტად რეალისტური, ნატურალიზმთან მიახლოებული მეთოდების საშუალებით ცხოვრების ლიტერატურულ-მხატვრული ასახვის მაგალითები სულაც არ სარგებლობენ ისეთი პოპულარობით, რომელსაც თითქოს უნდა მოველოდეთ ჯანსაღი და სიმართლეზე ორიენტირებული საზოგადოების მხრიდან.
შეიძლება, რასაკვირველია, შევჩივლოთ ერთმანეთს, რომ თვით საზოგადოებაა უვარგისი, ან ადამიანების უმრავლესობაა ცბიერი, უმსგავსო და ყოვლისმკადრებელი, ან რომ თვითონაც ასეთები ვართ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია ცხოვრების რეალისტურ ასახვას მკითხველთა უმრავლესობა გასართობ ლიტერატურას ამჯობინებს. შოუბიზნესის წესების ანალიზს აქ არ შევუდგები, მხოლოდ აღვნიშნავ. რომ სიმართლისთვის თავდადება სულაც არ ყოფილა ხელოვანისთვის წარმატებისა და უკვდავების გარანტია, ან _ თუნდაც აუცილებელი და არასაკმარისი მოთხოვნა. ისე, თუ ჩავუფიქრდებით, დავინახავთ, რომ დიდი, აღიარებული, კლასიკოსი რეალისტებისთვისაც კი, სიმართლის თქმაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის უნარია.
ახლა კი მივუბრუნდეთ ჩვენს მთავარ გმირს, თავად ლიტერატურულ პროცესს. ზემოთქმულიდან ბუნებრივად გამომდინარეობს შემდეგი საკითხი: თუკი სიმართლე და გულწრფელობა ნაწარმოების სიდიადის მაჩვენებელი კი არა, მისი ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების აუცილებელი პირობაც კი არ ყოფილა – რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ესა თუ ის ნაწარმოები ლიტერატურულ პროცესში მონაწილეობის ღირსად რომ ჩაითვალოს? ხოლო თუ მაინც ჩაითვალა, რეალისტურის იარლიყი უნდა მიეკრას მას, თუ პოსტმოდერნისტულის? არაა გამორიცხული, რომ საქმე, შესაძლოა, ერთდროულად რეალისტურ და პოსტმოდერნისტულ სიტუაციათან გვაქვს, ამ ორი თითქოსდა ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული, ზოგჯერ საპირისპირო და მტრული დინების ერთ ლიტერატურულ ზღვაში გაეთიანებასთან. დიახაც, რეალიზმს აქვს “მისიონერული” პრეტენზია ჭეშმარიტების ძიებაზე, სულიერებისა და სამართლიანობის გრძნობის უბრალო ადამიანებამდე მიტანაზე. შესაბამისად, რეალისტური ლიტერატურა შეიძლება არ იყოს პათოსური, მაგრამ აუცილებლად “მისიონერულია”. ლიტერატურული პოსტმოდერნიზმი, რეალისტურისგან განსხვავებით, ხლეჩს, ანაწევრებს, მაგრამ სულაც არ უარყოფს ჭეშმარიტებას. პოსტმოდერნიზმს უფრო ტექსტში მიმობნეული ჭეშმარიტების მარცვალთა კორიანტელი მიესადაგება, მისთვის სრულიად უცხოა პათოსი. არავითარი პრეტენზია მისიონერობასა და მაღალ სულიერებაზე მას არა აქვს. არავითარი დიდი სიმართლე, არც რეალობის ასახვის მხატვრული ნიჭია მაინცდამაინც აუცილებელი, ვინაიდან პოსტმოდერნისტული “რეალიზმი” შესაძლებელია გენიტალიების აღწერად იქცეს – აქ კი მომთხოვნელობის თამასა მეტად დაბლაა.
და მაინც: პოსტმოდერნიზმის ნაკადიც, რეალიზმის მსგავსად, ჩაედინება სწორედ იმ სიმართლის ჭაში (თუ ზღვაში), რომლის გარშემო ხშირად ყრუ კედელია აღმართული და რომლის მადლი მიუწვდომელი ფუფუნებაა ასფალტის პირას შხამიანი სოკოსავოთ ამოსული ბინძური კაფეტერიების იძულებითი კლიენტებისთვის, რომლებიც უსულგულო და ცბიერმა სამყარომ ოდენ არომატიზირებული წვენების ამარა დატოვა.
ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ ვწირავთ ვერც რეალიზმსა და ვერც პოსტმოდერნიზმს, მხოლოდ იმას მიგვანიშნებს, რომ ლიტერატურულ პროცესში ნაწარმოების სრულუფლებიანი “ჩართვისთვის” ზუსტი, სრულფასოვანი კრიტერიუმები კაცობრიობას არ გააჩნია. საბოლოო განმსჯელად მაინც მისი უდიდებულესობა დრო გვევლინება. მიმდებარე და ირიბ ფაქტორებს _ ავტორის სიცოცხლის ხანგრძლივობას, მის ბეჭდვითუნარიანობას, რეიტინგს, პოპულარობას და ა.შ. _ ლიტერატურის ისტორიის თვლსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. Iმას, თუ საბოლოოდ რა სიკაშკაშით აინთება მსოფლიო ლიტერატურის კოსმიურ ოკეანეში ესა თუ ის ვარსკვლავი თუ თანავარსკვლავედი, ისევ და ისევ დრო განსაზღვრავს და არა რაღაც წარმავალი ღირებულებები. ნაწარმოებმა დროის გამოცდას უნდა გაუძლოს.
რაკიღა ვაღიარებთ, რომ ლიტერატურული პროცესის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი, დროითი კრიტერიუმის შემოტანას მოითხოვს, კიდეც უნდა ვცადოთ ტექსტების დაყოფა სწორედ ამ კრიტერიუმის საფუძველზე.
ამ მხრივ, პრაგმატული თვალსაზრისით, ტექსტები ასეც შეიძლება დაიყოს:
ა) ნაწარმოები (სულ ერთია ეპოსი, რომანი, პოემა, ლექსი თუ მოთხრობა) იმდენად დიდებულია, რომ დროის გამოცდას უპირობოდ უძლებს. საკამათო არაა – ითვლება გენიალურად თუ ეტალონურად;
ბ) ავტორმა მოიპოვა კომერციული წარმატება, ნაწარმოები თავიდან ბევრს მოსწონს, მას რეკლამა გაუწიეს, მაგრამ დროის გამოცდას ვერ უძლებს – კოსმიურ ოკეანეში რჩება მატერიის, ჩამქრალი ვარსკვლავის, შავი ხვრელის სახით. მომავალში მოიპოვება ერთეული ვიწრო სპეციალისტებისთვის საინტერესო კულტურულ შრეში;
გ) ნაწარმოებს უჭირს ცენზურულ-რედაქციული ზღუდეების გადალახვა, მაგრამ ბოლოს მაინც გააღწევს ლიტერატურულ სივრცეში. ესე იგი ვიღაცამ დათმო, ან მოეწონა. თავისთავად ეს ცუდის მომასწავებელი როდია – ნაწარმოებს აქვს ისტორიაში დარჩენის შანსი.
დ) ნაწარმოებში ჩანს რაღაც მარცვალი ჭეშმარიტებისა, არც უმარილოა, მაგრამ აშკარადაა გაბერილი პრაგმატულ-პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ატეხილი ხმაური ავტორისთვის პრაგმატული წარმატების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამასთან, ადგილი კოსმოსში გარანტირებული არა აქვს.
ე) ნაწარმოები არააბსოლუტური გრაფომანის ხელითაა ნაწერი. მასში შეიძლება აღმოაჩინო ნიჭის გაელვება – ავტორმა კიდევ უნდა სცადოს, იქნებ რამე გამოუვიდეს.
ვ) უკიდურესი გრაფომანიის დიაგნოზი დასმულია და ვერაფერი ეშველება – თუმცა შეიძლება დაიბეჭდოს კიდეც.

ავტორის მიერ ზემოთ შემოთავაზებული დაყოფა, რასაკვირველია, ერთადერთი და განუმეორებელი არ გახლავთ.
მოცემული ნარკვევის ერთ-ერთი ამოცანა ისიც იყო, ლიტერატურასთან დაახლოებულ მკითხველს დედამიწაზე თავი ობლად არ ეგრძნო. დასკვნის სახით კი ადრე თქმულს იმასღა დავუმატებდი, რომ ლიტერატურული პროცესი იარსებებს მანამ, სანამ ადამიანები ერთად ვცნობთ დიდი, არაკომერციული და არაამწუთიერი ლიტერატურის არსებობის უფლებას. ეს ეხება მსოფლიოს და ეს ეხება საქართველოს – მსოფლიოს განუყოფელ და განუმეორებელ ნაწილს.


Responses

  1. Yleobaa


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: