Posted by: burusi | 23/11/2013

ვაცლავ ჰაველი – ძალა უძალოთა

Vaclav Havel - ვაცლავ ჰაველი

Vaclav Havel – ვაცლავ ჰაველი

ვაცლავ ჰაველი – ძალა უძალოთა

I
ეძღვნება იან პატოჩკას ხსოვნას

აჩრდილი დაძრწის აღმოსავლეთ ევროპაში, აჩრდილი იმისა, რასაც დასავლეთში „დისიდენტობას“ (განსხვავებულობას) ეძახიან. ეს აჩრდილი უბრალოდ ციდან არ ჩამოვარდნილა, იგი ბუნებრივი და გარდუვალი შედეგია იმ სისტემის თანამედროვე ისტორიული ფაზისა, რომელსაც იგი ელანდება. აჩრდილი გაჩნდა მაშინ, როცა სისტემამ უამრავი მიზეზის გამო დაკარგა უნარი, თავი გაეტანა ძალაუფლების სასტიკი და თვითნებური გამოყენებით და ჩაეკლა არაკონფორმულობის ყველა გამოვლენა. რაც მთავარია, სისტემა პოლიტიკურად ისეთი მოუქნელი შეიქნა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ოფიციალური სტრუქტურების შიგნით ამგვარი არაკონფორმულობისთვის რამე მოეხერხებინათ.

ვინ არიან ე.წ. „დისიდენტები“? საიდან იღებს სათავეს მათი თვალსაზრისი და რა მნიშვნელობა გააჩნია მას? რითია ღირსსაცნობი „დამოუკიდებელი ინიციატივები“, „დისიდენტებს“ რომ აერთიანებთ, და გააჩნიათ თუ არა რეალური შანსი წარმატებისა? უპრიანია, „დისიდენტობა“ ოპოზიციად ჩაითვალოს? თუ – კი, მაშინ ამ სისტემის ჩარჩოებს შიგნით ზუსტად რას ნიშნავს ამგვარი ოპოზიცია? რას საქმიანობს? რა როლს ასრულებს საზოგადოებაში? რისი იმედი აქვს და რას ემყარება ეს იმედი? გააჩნიათ კი „დისიდენტებს“, როგორც ხელისუფლების გარეთ მდგომ მოქალაქეებს, ძალა, რაღაც ზეგავლენა იქონიონ მთელ საზოგადოებაზე და სოციალურ სისტემაზე? მართლა ძალუძთ შეცვალონ რამე?

ვფიქრობ, განჩხრეკა ამ კითხვებისა, ამ „უძალოთა“ პოტენციისა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ძალაუფლების ბუნების გამოკვლევით იმ გარემოში, რომელშიც ეს უძალო ხალხი მოქმედებს.

II

ხშირად ჩვენს სისტემას ახასიათებენ როგორც დიქტატურას ან უფრო ზუსტად პოლიტიკური ბიუროკრატიის დიქტატურას საზოგადოებაზე, რომელიც ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების პრინციპებს ექვემდებარება. სხვა შემთხვევებში რაოდენ ცხადიც არ უნდა იყოს ტერმინი „დიქტატურა“, ჩვენი სისტემის მაგალითზე ხელისუფლების ბუნებას იგი უფრო აბნელებს, ვიდრე აშუქებს. ჩვეულებრივ, ამ ტერმინს ვუკავშირებთ ადამიანთა პატარა ჯგუფს, რომელიც ძალის გამოყენებით მოცემულ ქვეყანაში ძალაუფლებას ხელში იგდებს, და ამისათვის ყოველგვარ საშუალებას მიმართავს. სოციალურად ეს ხალხი ადვილად გამოირჩევა უმრავლესობისაგან, რომელსაც ისინი განაგებენ. დიქტატურის ტრადიციული თუ კლასიკური გაგების ერთ მთავარ ასპექტს სწორედ ძალაუფლების ხელში აღება წარმოადგენს, რაც დროებით, ეფერმულ ხასიათს ატარებს და მოკლებულია ისტორიულ ძირებს. მისი არსებობა დამოკიდებულია იმათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ვინც ის დაამყარა. ჩვეულებრივ, დიქტატურა ლოკალურია სივრცისა და მნიშვნელობის მიხედვით; მიუხედავად იდეოლოგიისა, იგი ახერხებს ლეგიტიმურობა მიანიჭოს თავის თავს; საბოლოო ჯამში, მისი ძალაუფლება განისაზღვრება ჯარისა და პოლიციის რიცხვითა და შეიარაღებით; მთავარი საფრთხე, რომელიც მის არსებობას ემუქრება, არის იმის შესაძლებლობა, რომ სხვამ, მასზე უკეთ შეიარაღებულმა, იგი დაამხოს.

თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს, რომ სისტემას, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან ცოტა აქვს საერთო კლასიკურ დიქტატურასთან. ჯერ ერთი, ჩვენი სისტემა არ არის შემოსაზღვრული ლოკალურად, გეოგრაფიულად. იგი ჩამჯდარია უშველებულ პოლიტიკურ ბლოკში, რომელსაც, თავის მხრივ სხვა ზესახელმწიფო აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივად წარმოაჩენს ლოკალურ და ისტორიულ ვარიაციათა დიდ სიმრავლეს, ვარიაციათა ეს წყება მთელ პოლიტიკურ ბლოკში საიმედოდ არის შეკრული ერთადერთი, უნიფიცირებული ჩარჩოთი. მარტო ის კი არაა, რომ დიქტატურა ყველგან ერთსა და იმავე პრინციპებს ემყარება და აყალიბებს თავის სტრუქტურას იმავე მეთოდით, რომელიც შემუშავებული აქვს მმართველ ზესახელმწიფოს, არამედ თითოეული ქვეყანა სავსებით ჩახლართულია სამანიპულაციო საშუალებათა ქსელში, რომელსაც აკონტროლებს ზესახელმწიფოს ცენტრი და სავსებით ექვემდებარება ამ უკანასკნელის ინტერესებს. ეს გარემოება ატომური პარიტეტით ჩიხში მოქცეულ მსოფლიოში ამ სისტემას კლასიკურ დიქტატურებთან შედარებით, რა თქმა უნდა, გარეგანი სტაბილურობის უპრეცენდეტო ხარისხს ანიჭებს. მრავალ ადგილობრივ კრიზისს, რომელიც იზოლირებულ სახელმწიფოში სისტემის შეცვლას გამოიწვევდა, აქ ბლოკის შეიარაღებული ძალების უშუალო ინტერვენციით ახშობენ.

მეორე მხრივ, თუ კლასიკურ დიქტატურებს ახასიათებს ისტორიული ძირების უქონლობა (ხშირად მათი გამოჩენა სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული ხუსტური, ალალბედითი ნაყოფი ანაზდეული სოციალური პროცესებისა ან ცალკეული პიროვნებების ან ბრბოს ზრახვებისა, ხელაღებით ამავეს ვერ ვიტყვით ჩვენს სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიქტატურა, დიდი ხანია, სავსებით გაუცხოვდა იმ სოციალურ მიმდინარეობათაგან, რომელთაც იგი წარმოშვეს (მხედველობაში მაქვს მე-19 საუკუნის პროლეტარული და სოციალისტური მოძრაობანი), ისინი უცილობელ ისტორიულობას ანიჭებენ მას. მათ საძირკველი ჩაუყარეს სისტემის სახესხვაობათა კეთილსაიმედობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა შენება იმისა, რაც დღეისათვის სრულიად ახალ სოციალურ და პოლიტიკურ რეალობად მოგვევლინა და რაც თანამედროვე მსოფლიოს სტრუქტურის შემადგენელ ნაწილად იქცა. აღნიშნულ ისტორიულ ძირებს ახასიათებდა იმ პერიოდის სოციალური კონფლიქტების „სწორი გაგება“, რომელშიც ეს თავდაპირველი მოძრაობანი იშვა. ფაქტი, რომ ამ „სწორი გაგების“ გულისგულში უკვე იდო გენეტიკური მიდრეკილება საზარელი გაუცხოებისაკენ, რაც განმსაზღვრელი აღმოჩნდა მთელი მისი შემდგომი განვითარებისა, აქ არსებითი არაა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ელემენტი ორგანულად ამოიზარდა იმ დროის კლიმატიდან და ამიტომ უნდა ითქვას, რომ სათავე იქაც გააჩნდა.

ამ თავდაპირველი „სწორი გაგების“ ერთ-ერთი შედეგია მესამე თავისებურება, რაც ჩვენს სისტემას სხვა დანარჩენი თანამედროვე დიქტატურებისაგან განასხვავებს. ჩვენი სისტემის ხელშია შეუდარებლად უფრო ზუსტი, ლოგიკურად მწყობრი, ზოგადად გასაგები და უაღრესად მოქნილი იდეოლოგია, რაც კარგად დამუშავებული და დასრულებული სახით თითქმის სეკულარიზებულ რელიგიას წარმოადგენს. ნებისმიერ კითხვაზე იგი მზა პასუხს იძლევა; თითქმის შეუძლებელია მისი მხოლოდ ნაწილობრივ აღიარება, ხოლო აღიარების შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებისათვის იგი ღრმა, ფარულ შინაარს იძენს. იმ ეპოქაში, როცა მეტაფიზიკური და ეგზისტენციალური ღირებულებანი კრიზისს განიცდის, როცა ადამიანები ნიადაგს არიან მოწყვეტილნი და გაუცხოებულნი, როცა მათ ხელიდან უსხლტებათ სამყაროს საზრისი, ამ იდეოლოგიას უცილობლივ გააჩნია გარკვეული მომაჯადოებლობა: უგზო-უკვლოდ მოყიალე კაცობრიობას იგი სთავაზობს სახლს, რომელსაც ახლავე შეგიძლია თავი შეაფარო. კაცს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება: უარი არ თქვას ამ შემოთავაზებაზე და მისთვის მაშინათვე ყველაფერი ისევ ნათელი და გასაგები გახდება. ცხოვრება ახალ მნიშვნელობას შეიძენს, ყოველგვარი საიდუმლო, უპასუხო კითხვა, შფოთვა, მარტოობა განქარდება. რა თქმა უნდა, კაცს ძვირად უჯდება ეს იაფი სახლი: საკუთარ გონიერებაზე, სინდისზე, პასუხისმგებლობაზე უარის თქმად, რადგან ამ იდეოლოგიის ძირითადი ასპექტია უმაღლეს ავტორიტეტზე გონებისა და სინდისის დაქვემდებარება. ამოსავალი პრინციპი ისაა, რომ ძალაუფლების გულისგული ჭეშმარიტების გულისგულს ემთხვევა (აქ პირდაპირი კავშირია ბიზანტიურ თეოკრატიასთან: უზენაესი ერისკაცი იმავე დროს უზენაეს სულიერ ავტორიტეტადაც ისახება). რა თქმა უნდა, მართალია ისიც, რომ ყოველივე ამის მიუხედავად იდეოლოგია ადამიანებზე ღრმა ზეგავლენას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩვენს ბლოკში (შეიძლება გამონაკლისი იყოს რუსეთი, სადაც ყმის მენტალიტეტი, რაც გულისხმობს ბრმა, ფატალურ ქედდადრეკილობას მმართველთა წინაშე და მმართველთა ყველა აზრის ავტომატურ მიღებას, ჯერ კიდევ ძლიერია და ერწყმის ზესახელმწიფოს პატრიოტიზმს, ტრადიციულად, იმპერიის ინტერესებს ადამიანთა ინტერესებზე მაღლა რომ აყენებს). მაგრამ მთავარი ეს არაა; იდეოლოგია თავის როლს ჩვენს სისტემაში ძალიან კარგად ასრულებს არსებითად იმიტომ (და ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდები), რომ ის არის ის, რაც არის.

მეოთხე კიდევ ისაა, რომ ტრადიციულ დიქტატურებში მმართველი ხელისუფლების ტექნიკა იმპროვიზაციის აუცილებელ ელემენტს შეიცავს: დიდ უმრავლესობას ძალაუფლების შენარჩუნების სრულყოფილი მექანიზმები არ გააჩნია და საკმაო ადგილი რჩება ალალბედობას, თვითნებობას და ძალაუფლების უწესრიგო გამოყენებას; სოციალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ოპოზიციის ზოგიერთი ფორმის გამოვლენისათვის პირობები ჯერ კიდევ არსებობს. მოკლედ, ზედაპირზე მრავალი ნაკერია, რომელთა გარღვევა ჯერ კიდევ შეიძლება, სანამ მთელი ხელისუფლების სტრუქტურას სტაბილობისთვის მიუღწევია. მეორე მხრივ, ჩვენი სისტემა სამოც წელზე მეტ ხანს ვითარდებოდა საბჭოთა კავშირში და დაახლოებით ოცდაათი წლის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, მისი რამდენიმე კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული თვისება ცარისტული აბსოლუტიზმიდან მომდინარეობს. ხელისუფლების ფიზიკური ასპექტების მიხედვით თუ ვილაპარაკებთ, ამან განაპირობა ისეთი ჩახლართული და კარგად განვითარებული მექანიზმების შექმნა მთელ მოსახლეობაზე უშუალო თუ შუალობითი მანიპულაციის ჩასატარებლად, რომ ჩვენი სისტემა, როგორც ფიზიკური ძალაუფლების საფუძველი, წარმოადგენს რაღაც რადიკალურად ახალს. ამავე დროს ნუ დავივიწყებთ, რომ ამ სისტემას მნიშვნელოვანწილად ეფექტურს ხდის სახელმწიფო მესაკუთრეობა და წარმოების ყველა საშუალების ცენტრალიზებული გამოყენება. ეს ხელისუფლების სტრუქტურას აძლევს უპრეცენდენტო და შეუზღუდავ საშუალებას, იყოს თვითკმარი და უილოებს მას, როგორც ერთადერთ დამქირავებელს, თითოეული მოქალაქის არსებობა ყოველ ნაბიჯზე განაგოს.

და ბოლოს, თუ რევოლუციური აღმაფრენა, ჰეროიკა, თავგანწირვა და შმაგი ძალადობა საერთოდ ახასიათებს კლასიკურ დიქტატურებს, საბჭოთა ბლოკში ამგვარი ატმოსფეროს ნასახიც აღარ არსებობს. ამჟამად ეს ბლოკი აღარ წარმოადგენს მიუდგომელ კუნძულს, რომელიც იზოლირებულია დანარჩენი განვითარებული მსოფლიოსაგან და აღარც იმუნიტეტი გააჩნია მის გარეთ მიმდინარე პროცესების მიმართ. პირიქით, საბჭოთა კავშირი არის ინტეგრირებული ნაწილი ვეება მსოფლიოსი, იგიც იზიარებს და განსაზღვრავს მსოფლიოს ბედისწერას. კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებულმა ღირებულებათა იერარქიამ არსებითად თავი იჩინა ჩვენს საზოგადოებაშიც (დასავლეთთან თანაარსებობის ხანმოკლე პერიოდმა მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი). სხვაგვარად: რაც აქ გვაქვს, არის უბრალოდ სხვა ფორმა სამომხმარებლო და ინდუსტრიული საზოგადოებისა მისი თანმდევი სოციალური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური შედეგებით. ამის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სათანადოდ ჩასწვდე ჩვენს საზოგადოებაში ხელისუფლების ბუნებას.

ხელისუფლების ბუნების თვალსაზრისით ღრმა განსხვავებამ ჩვენს სისტემასა და ტრადიციული გაგების დიქტატურას შორის, რაც ვიმედოვნებ, ნათელია ამ სრულიად ზედაპირული შედარებიდანაც, მაიძულა სათანადო ტერმინი მეძია ჩვენი სისტემისათვის. თუ შემდეგ უპირატესობას ვანიჭებ ტერმინს „პოსტტოტალიტარული“, სრულად მაქვს შეგნებული, რომ ეს ტერმინი ყველაზე ზუსტი არაა, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მომიფიქრებია. პრეფიქსით „პოსტ-“ სულ არ მინდა იმის თქმა, რომ ეს სისტემა აღარ არის ტოტალიტარული. პირიქით, მიმაჩნია, რომ იგი ტოტალიტარულია, მაგრამ ძირეულად განსხვავდება კლასიკური დიქტატურებისაგან, ტოტალიტარიზმის საყოველთაო გაგებისაგან.

გარემოებანი, რომელნიც მე ვახსენე, ქმნის მხოლოდ პირობით ფაქტორთა წრეს და თვალშისაცემ საყრდენებს წარმოადგენს ხელისუფლების პოსტტოტალიტარულ სისტემაში, რომლის რამდენიმე ასპექტის გარჩევას ახლა შევეცდები.

III

ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის ვიტრინაში, ხახვებსა და სტაფილოებს შორის, მაღაზიის გამგე ათავსებს ლოზუნგს: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ამას რატომ ჩადის? რა სურს მსოფლიოს ამით გააგებინოს? გულალალი ენთუზიასტია მსოფლიოს მშრომელთა ერთიანობის იდეისა? განა ეს ენთუზიაზმი ისე მოსძალებია, რომ ვეღარ მოუთოკავს იმპულსი – ამცნოს ქვეყნიერებას თავისი იდეალების შესახებ? წუთით კი ჩაფიქრებულა, როგორ უნდა მოხდეს ასეთი გაერთიანება და რას შეიძლება ნიშნავდეს იგი?

ვფიქრობ, უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობის მუშაკთა დიდ უმრავლესობას არასოდეს უჭყლეტია ტვინი იმ ლოზუნგებზე, რომელთაც ვიტრინებში ათავსებენ. ეს უკანასკნელი არც საკუთარ შეხედულებათა გამოსახატავად სჭირდებათ. ლოზუნგი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ხახვებსა და სტაფილოებს შორის ზემდგომი ორგანოდან ჩნდება. მათ ვიტრინაში ფენენ იმიტომ, რომ წლების მანძილზე იქცეოდნენ ასე, იმიტომ, რომ ამას ყველა აკეთებს, იმიტომ, რომ ეს ასეა საჭირო. რომ არ გამოკიდოს, შეიძლება რაღაც ხათაბალაში გაეხვიოს: იმ შემთხვევაში თუ ვიტრინას სათანადო „მოკაზმულობა“ არ ექნა, შეიძლება საყვედური გამოუცხადონ, ზოგმა შეიძლება არალოიალურობაც დააბრალოს. ცხოვრებასთან ფეხის ასაწყობად ამგვარი რამეების კეთება აუცილებელია. ეს ერთი იმ ათას წვრილმანთაგანია, რაც გარანტიას იძლევა, შედარებით მშვიდად იცხოვრო, როგორც იტყვიან, „საზოგადოებასთან ჰარმონიაში“.

ცხადია, ხსენებული მაღაზიის მუშაკი გამოფენილი ლოზუნგის სემანტიკური შინაარსისადმი გულგრილია. ვიტრინაში იგი პირადი სურვილით არ გამოუკიდია მასში გამოთქმული იდეალის ხალხისათვის საუწყებლად. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს, თითქოს ამ საქციელს არ გააჩნდეს მოტივი ან მნიშვნელობა, ანდა ეს ლოზუნგი თითქოს არავის არაფერს ამცნობდეს. ლოზუნგი ნამდვილად ნიშანია და როგორც ასეთი შეიცავს შეფარულ, მაგრამ მაინც ადვილად გასაგებ ცნობას. სიტყვიერად იგი ამგვარად შეიძლება გამოიხატოს: „მე, ბოსტნეულით მოვაჭრე ხყ, ვიქცევი ისე, როგორც სურთ, რომ ვიქცეოდე. მე დაქვემდებარებული პირი ვარ და გაკიცხვას ვერიდები. ვარ მორჩილი, ამიტომ უფლება მაქვს, მშვიდად ვიცხოვრო“. ამ შეტყობინებას, რა თქმა უნდა, ჰყავს ადრესატი: იგი ეგზავნება ზედა ინსტანციებს. ამავე დროს იგი ფარია, რომელიც მოვაჭრეს იცავს შესაძლო დამბეზღებლებისაგან. ლოზუნგს აქვს რეალური მნიშვნელობა, ამიტომ იგი მყარადაა ჩაფესვებული გამყიდველის არსებობაში. იგი მის სასიცოცხლო ინტერესებს გამოხატავს, მაგრამ როგორია ეს სასიცოცხლო ინტერესები?

მოდით, გავერკვათ. ვთქვათ, ბოსტნეულით მოვაჭრეს მიუთითეს, გამოფინოს ლოზუნგი, „მეშინია და ამიტომ უდრტვინველად გემორჩილებით“, მაშინ ამგვარი შინაარსისადმი იგი განურჩეველი ვეღარ დარჩებოდა, თუმცა ნათქვამი სიმართლე იქნებოდა. მას ეუხერხულებოდა და შერცხვებოდა, მაღაზიის ვიტრინაში საკუთარი დაცემის ასეთი ცალსახა განცხადება გაეკეთებინა. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ადამიანია და საკუთარი ღირსების გრძნობა გააჩნია. ამ სირთულეს რომ გაერიდოს, ლოიალობის მისეულმა გამოხატვამ უნდა მიიღოს ისეთი ნიშნის ფორმა, რომელიც სიტყვიერ ზედაპირზე მაინც დაუინტერესებელი შეხედულების დონეზე მიუთითებდა. იგი უფლებას აძლევს, თქვას: „რა არის იმაში ცუდი, რომ მსოფლიოს მშრომელები გაერთიანდნენ?“ ეს ნიშანი მაღაზიის გამგეს ეხმარება, საკუთარ თავს თავისი საქციელის ქვენა მოტივები დაუმალოს, ამავე დროს შენიღბოს ძალაუფლების ქვენა საფუძვლები. ყოველივე ამას იგი რაღაც ამაღლებული ფასადის მიღმა მალავს. და ეს რაღაც არის იდეოლოგია.

იდეოლოგია სამყაროსთან ურთიერთობის სპეციფიკური სახეა. იგი ადამიანებს უქმნის თავისუფლების, ღირსების, ზნეობის ილუზიას, სინამდვილეში კი, უბრალოდ უიოლებს ყოველივე ამისაგან დაცილებას. როგორც მატარებელი რაღაც „ზეპიროვნულის“ და ობიექტურისა, იგი ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავი მოიტყუონ, როგორც ქვეყანას, ისე საკუთარ თავს დაუმალონ ნამდვილი პოზიცია და სამარცხვინო modus vivendi. ეს ძალიან პრაგმატული, მაგრამ ამავე დროს მოჩვენებითად ღირსეული გზაა იმის ლეგიტიმიზაციისათვის, რაც ხდება ზემოთ, ქვემოთ და ნებისმიერ წერტილში. იგი მიმართულია ხალხისადმი და ღმერთისადმი. ის არის პირბადე, რომლის მიღმაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი „დაცემულობა“ დამალონ. ესაა თავის გამამართლებელი მიზეზი, რომლითაც ყველას შეუძლია ისარგებლოს: როგორც ბოსტნეულით მოვაჭრეს, რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშს მსოფლიო პროლეტარიატის გაერთიანების მოჩვენებითი ინტერესით ნიღბავს, ისე უზენაეს ფუნქციონერს, რომლის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი შენიღბულია მშრომელი კლასის მსახურების ფრაზებით. იდეოლოგიის ეს ძირეული თავის გამამართლებელი ფუნქცია ადამიანებს, როგორც მსხვერპლთ, ისე პოსტტოტალიტარული სისტემის ბურჯებს, უქმნის ილუზიას, რომ სისტემა ეხამება ადამიანის ბუნებას და სამყაროს ბუნებასაც.

რაც უფრო პატარა ქვეყნის დიქტატურასთან გვაქვს საქმე და რაც უფრო ნაკლებ არის მოდერნიზებული მის მიერ მართული ქვეყანა, მით უფრო უშუალოდ ხორციელდება დიქტატორის ნება. სხვა სიტყვებით, დიქტატორს შეუძლია გამოიყენოს მეტ-ნაკლებად შიშველი დისციპლინა, თავი აარიდოს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობისა და თავის გამართლების რთულ პროცესებს, რასაც იდეოლოგია მოითხოვს, მაგრამ რაც უფრო რთულდება ძალაუფლების მექანიზმები, მით უფრო ფართო და სოციალურად დიფერენცირებული ხდება მათ მიერ მართული საზოგადოება, და რაც უფრო ისტორიულად დიდ ხანს მოქმედებენ, მით მეტი ინდივიდები უკავშირდებიან გარედან და მით უფრო იზრდება მნიშვნელობა იდეოლოგიური თავის მართლებისა. იდეოლოგია თითქოს ხიდია რეჟიმსა და ადამიანებს შორის, რომლითაც რეჟიმი ხალხს უკავშირდება და ხალხი რეჟიმს. ეს ხსნის, თუ რატომ თამაშობს იდეოლოგია ეგზომ მნიშვნელოვან როლს პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში. რთული მექანიკური გაერთიანებანი, იერარქიები, აღმძრავი ღვედები და მანიპულაციის იარაღები, რაც კიდევ უფრო და უფრო განამტკიცებს რეჟიმის ინტეგრირებულობას და აღარ ტოვებს არაფრის შანსს, წარმოუდგენელი იქნებოდა იდეოლოგიის გარეშე, რომელიც მოქმედებს როგორც გამართლება რეჟიმისა და ყოველი მისი ნაწილისა.

IV

პოსტ-ტოტალიტარული სისტემის მიზნებსა და ცხოვრების მიზნებს შორის ღრმა უფსკრულია. მაშინ, როცა ცხოვრება თავის არსებაში ესწრაფვის პლურალიზმს, ნაირფერობას, დამოუკიდებელ თვითდადგენასა და თვითორგანიზაციას, მოკლედ, საკუთარი თავისუფლების განხორციელებას, პოსტ-ტოტალიტარული სისტემა მოითხოვს შემგუებლობას, ერთფეროვნებას და დისციპლინას. თუ ცხოვრება ნიადაგ იმას ილტვის, ახალი და „უჩვეულო“ სტრუქტურები შექმნას, პოსტ-ტოტალიტარული სისტემა ყოველ ხერხს ხმარობს, ცხოვრება ჩააყენოს რაც შეიძლება „ჩვეულ“ მდგომარეობაში. სისტემის მიზნები აცნაურებს მის არსებით ნიშანთვისებას – იყოს თავის თავში გაჯერებული, იყოს სავსებით და აშკარად თვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გავლენის რადიუსი სულ უფრო და უფრო იზრდება. სისტემის მიერ ხალხისადმი სამსახური გამოიხატება მხოლოდ იმის დარწმუნებაში, რომ ადამიანები მას უნდა ემსახურებოდნენ. სხვა ყველაფერი, რაც ადამიანს დადგენილი როლიდან გამოიყვანს, სისტემას მის წინააღმდეგ იერიში ჰგონია. გარკვეული აზრით იგი არც ცდება: ყოველი გადახვევა სისტემის ღალატის ტოლფასია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ პოსტ-ტოტალიტარული სისტემის შინაგან მიზანს მხოლოდ მმართველი ხროვის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება არ წარმოადგენს, უმალ თვითშენახვის სოციალური ფენომენი ექვემდებარება რაღაც უფრო ზემდგომს, ბრმა ავტომატიზმს, რაც მართავს სისტემას. მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლების იერარქიაში რა მდგომარეობა უკავიათ ინდივიდებს, სისტემას ისინი თავისთავად არაფრად უღირს. მათ უნდა შეასრულონ საწვავის ფუნქცია და ემსახურონ ამ ავტომატიზმს. ამიტომ პიროვნების სწრაფვა ძალაუფლებისთვის მხოლოდ იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც მისი მიმართულება ემთხვევა სისტემის ავტომატიზმის მიმართულებას.

იდეოლოგია იმით, რომ სისტემასა და ინდივიდს შორის აგებს თავის მართლების ხიდს, თხრის უფსკრულს სისტემის მიზნებსა და ცხოვრების მიზნებს შორის. იგი ისე აჩვენებს, თითქოს სისტემის მოთხოვნილებანი ცხოვრების მოთხოვნილებათაგან მომდინარეობდეს. იდეოლოგია არის მოჩვენებათა სამყარო, რომელიც თავს სინამდვილედ ასაღებს.

პოსტ-ტოტალიტარული სისტემა ადამიანს ეხება, მაგრამ ეხება იდეოლოგიის ხელთათმანებით. აი, რატომაა ამ სისტემაში ცხოვრება ეგრე რიგად გაჟღენთილი თვალთმაქცობითა და სიცრუით. ბიუროკრატიის მიერ მთავრობა იწოდება სახალხო მთავრობად; მუშათა კლასი ითრგუნება მუშათა კლასის სახელით; ინდივიდის სრული დეგრადაცია მონათლულია როგორც მისი უზენაესი თავისუფლება; ხალხისათვის ინფორმაციის დამალვა სასარგებლოდ მიიჩნევა; სამანიპულაციოდ ხელისუფლების გამოყენება სახალხო კონტროლად იწოდება; ხელისუფლების თვითნებური გამოყენება – კანონიერების დაცვად, კულტურის რეპრესია – მის განვითარებად; იმპერიის გავლენის ექსპანსია წარმოდგენილია როგორც ჩაგრულთა დაცვა, თავისუფალი გამოხატვის შეუძლებლობა უმაღლესი თავისუფლებაა, არჩევნების გაყალბება – უმაღლესი დემოკრატია, დამოუკიდებელი აზროვნების აღკვეთა – მსოფლიოში ყველაზე მეცნიერული შეხედულებების ქონა, სამხედრო ოკუპაცია – ძმური დახმარება. იმის გამო, რომ რეჟიმი თავისივე სიცრუის ტყვეა, იგი აყალბებს ყველაფერს: იგი აყალბებს წარსულს, იგი აყალბებს აწმყოს და აყალბებს მომავალს, იგი აყალბებს სტატისტიკას. თავს ისე აჩვენებს, თითქოს უძლიერესი და უპრინციპო პოლიციის აპარატი არ გააჩნდეს, თითქოს პატივს სცემდეს ადამიანის უფლებებს, თითქოს არ დევნიდეს არავის, თითქოს არაფრის ეშინოდეს. თავს ისე აჩვენებს, თითქოს თავს არ აჩვენებდეს.

ადამიანებს არა სჭირდებათ ყველა ამ მისტიფიკიციის დაჯერება; მაგრამ ისე უნდა მოიქცნენ, თითქოს სჯერათ, ან უკიდურეს შემთხვევაში ჩუმად იყვნენ, ანდა ფეხი აუწყონ იმათ, ვისაც ამით გააქვს თავი. ამიტომ ისინი ცხოვრობენ სიცრუეში. მათ არ სჭირდებათ სიცრუის მიღება. საკმარისა, მიიღონ ცხოვრება სიცრუით და სიცრუეში. სწორედ ამ ფაქტის გამო ადამიანები მხარს უჭერენ ამ სისტემას, ხორცს ასხამენ ამ სისტემას, ქმნიან ამ სისტემას, თავად არიან ეს სისტემა.

V

ჩვენ ვნახეთ, რომ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში გამოკრული ლოზუნგის რეალურ მნიშვნელობას არაფერი აქვს საერთო ტექსტით გამოთქმულ შინაარსთან. მიუხედავად ამისა, რეალური მნიშვნელობა სრულიად ნათელია და ზოგადად გასაგები, რადგანაც კოდი ნაცნობია: ბოსტნეულით მოვაჭრე ადასტურებს თავის ლოიალობას (თუ მისი განცხადება შესმენილ იქნა, მას შეუძლია, მეტი აღარაფერი მოიმოქმედოს) ერთადერთი მოსაზრებით, რომ რეჟიმი ამას გაიგონებს ანუ იგი იღებს აღწერილ რიტუალს, იღებს სინამდვილედ გასაღებულ მოჩვენობითობას, იღებს მოცემული თამაშის წესებს. რა თქმა უნდა, ამით თავადაც თამაში ერთვება და ამგვარად იძლევა საშუალებას, გაგრძედლეს თამაშში და, უპირველეს ყოვლისა, შეინარჩუნოს არსებობა.

თუ იდეოლოგია თავდაპირველად წარმოადგენს ხიდს სისტემასა და ინდივიდს, როგორც ასეთს, შორის, მას მერე რაც ინდივიდი ამ ხიდზე გადადგამს ნაბიჯს, ეს უკანასკნელი იქცევა ხიდად სისტემასა და ინდივიდს, უკვე როგორც სისტემის კომპონეტს, შორის; ანუ, თუ იდეოლოგია თავიდან ხელს უწყობს ხელისუფლების დადგენას იმით, რომ წარმოადგენს მის ფსიქოლოგიურ თავის მართლებას, შემდეგ, როგორც კი ეს თავის მართლება მიღებულ იქნება, იგი იწყებს ხელისუფლების დაფუძნებას შიგნიდან და მისი აქტიური კომპონენტი ხდება. იგი იწყებს მოქმედებას როგორც რიტუალური კომუნიკაციის ძირითადი იარაღი ძალაუფლების სისტემის შიგნით.

ხელისუფლების მთელი სტრუქტურა (ჩვენ უკვე განვიხილეთ მისი ფიზიკური გამოხატულება) ვერ იარსებებდა, თუ არ იქნებოდა რაღაც „მეტაფიზიკური“ წესი, რომელიც მის ყველა კომპონენტს ერთმანეთს შეუხამებდა, შინაგანად დააკავშირებდა და მათ ანგარიშვალდებულების ერთიან მეთოდს დაუქვემდებარებდა, ყველა ამ კომპონენტის კომბინირებულ ოპერაციას უზრუნველყოფდა თამაშის წესებით ანუ გარკვეული წესდებით, მიჯნებით და კანონიერებით. ეს მეტაფიზიკური წესი მთელი სახელისუფლო სტრუქტურისათვის არის ფუნდამენტური და სტანდარტული. იგი ახდენს საკომუნიკაციო სისტემის ინტეგრაციას, შესაძლებელს ხდის ინფორმაციისა და მითითებათა გადაცემას. იგი, სწორედ რომ, წააგავს სატრანსპორტო სიგნალებსა და საგზაო ფირნიშებს, რაც პროცესს ფორმასა და სტრუქტურას ანიჭებს. ეს მეტაფიზიკური წესი ტოტალიტარული ხელისუფლების სტრუქტურის შინაგანი კავშირის გარანტიაა. იგია მისი შემადუღაბებელი, დამაგვირისტებელი, მისი დისციპლინის იარაღი. ამ დუღაბის გარეშე ეს სტრუქტურა, როგორც ტოტალიტარული სტრუქტურა, ვერ იარსებებდა, დაიშლებოდა. იგი დაიშლებოდა ცალკეულ ატომებად, ერთმანეთს რომ ეჯახებიან კერძო ინტერესებისა და გუნება-განწყობათა დომხალში. ტოტალიტარული ხელისუფლების მთელი პირამიდა ხუხულასავით დაიქცევა, თუ შემკვრელი ელემენტი გამოეცალა.

იდეოლოგია, როგორც ხელისუფლების სტრუქტურის მიერ სინამდვილის ინტერპრეტაცია, უყოყმანოდ ექვემდებარება სტრუქტურის ინტერესებს. ამიტომ მას გააჩნია ბუნებრივი ტენდენცია, გამოეყოს სინამდვილეს, შექმნას მოჩვენებათა სამყარო, იქცეს რიტუალად. იმ საზოგადოებაში, სადაც არსებობს შეცილება ხელისუფლებისთვის და, აქედან გამომდინარე, ზედამხედველობა ხელისუფლებაზე, სრულიად ბუნებრივია ხალხის კონტროლი იმ საშუალებებზე, რითაც ხელისუფლება თავს იკანონებს. ცხადია, ასეთ პირობებში მუდამ არსებობს გარკვეული კორექტივები, რაც იდეოლოგიას არ ანებებს, სულ არ გაუწიოს ანგარიში რეალობას. ტოტალიტარიზმის პირობებში, აშკარაა, რომ ეს კორექტივები ქრება და აღარაფერი რჩება ისეთი, რაც ხელს შეუშლის იდეოლოგიას, სულ უფრო და უფრო დასცილდეს სინამდვილეს, თანდათან იქცეს იმად, რადაც იგი უკვე იქცა პოსტტოტალიტარულ სისტემაში: მოჩვენებათა სამყაროდ, ცარიელ რიტუალად, ფორმალურ ენად, რომელსაც სემანტიკური კავშირი სინამდვილესთან არ გააჩნია და გადაქცეულია სარიტუალო ნიშანთა სისტემად, რეალობას ფსევდორეალობით რომ ცვლის.

როგორც ვნახეთ, იდეოლოგია იმავე დროს ხელისუფლების უზომოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, იგია ბურჯი, რასაც ეყრდნობა ხელისუფლების აღმასრულებელი ფუნქცია და შინაგანი გადაჯაჭვულობა. რამდენადაც იზრდება ამ ასპექტის მნიშვნელობა და იკარგება სინამდვილესთან შეხება, იდეოლოგია იძენს თავისებურ, მაგრამ მეტად რეალურ ძალას, იგი თავად იქცევა სინამდვილედ, რომელსაც გარკვეულ დონეზე (უმთავრესად, ხელისუფლების სტრუქტურის შიგნით) შეიძლება გაცილებით დიდი წონა გააჩნდეს, ვიდრე თავად სინამდვილეს. თანდათან რიტუალის ვირტუოზობა მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე რეალობა, რომელიც მის უკან იმალება. ფენომენის მნიშვნელობა თავად ფენომენიდან კი აღარ მომდინარეობს, არამედ იქიდან, თუ რა ადგილი უკავია მოვლენებს – როგორც ცნებებს – იდეოლოგიურ კონტექსტში. რეალობა კი არ ქმნის თეორიას, არამედ პირიქით. ამით ხელისუფლება თანდათან იდეოლოგიას უფრო უახლოვდება, ვიდრე სინამდვილეს. თავის ძალმოსილებას იგი თეორიიდან იღებს და მთლიანად მასზე ხდება დამოკიდებული. ამას გარდუვალობით, რა თქმა უნდა, პარადოქსულ შედეგამდე მიჰყავს: თეორია, იდეოლოგია კი არ ემსახურება ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება იწყებს იდეოლოგიის სამსახურს. ისე ჩანს, თითქოს იდეოლოგიამ მიითვისა ძალაუფლება ხელისუფლებისაგან, თითქოს თავად გახდა დიქტატორი. გამოდის, რომ თავად თეორია, თავად რიტუალი, თავად იდეოლოგია იღებს ხალხისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს და მათ გარეშე სხვა გზა არა ჩანს.

თუ იდეოლოგია ძირეული გარანტიაა ძალაუფლების შინაგანი თანხმიერებისა, იგი იმავდროულად უზომოდ მნიშვნელოვანი გარანტიაა მისი უწყვეტობისაც. მაშინ როცა კლასიკურ დიქტატურებში მემკვიდრეობითობის საკითხი მუდამ რთულად წყდება (პრეტენდეტებს არ შეეძლოთ დაესაბუთებინათ თავიანთი პრეტენზიების კანონიერება, ამიტომ მუდამ შიშველ ძალას მიმართავდნენ ხოლმე), პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში ძალაუფლება გადადის პიროვნებიდან პიროვნებაზე, ხროვიდან ხროვაზე, თაობიდან თაობაზე, არსებითად. ჩვეული წესით. პრეტენდეტების შერჩევისას მონაწილეობს ახალი „ძალა“, ანუ რიტუალური კანონიზაცია – უნარი რიტუალზე დაყრდნობის, რიტუალის აღსრულებისა და გამოყენებისა, რითაც შეიძლება მწვერვალზე მოქცევა. ბუნებრივია, ძალაუფლებისათვის ბრძოლას ადგილი აქვს პოსტ-ტოტალიტარულ სახელმწიფოში. მისი ფორმები გაცილებით უხეშია ვიდრე ღია საზოგადოებაში, რადგან ბრძოლას აშკარა ხასიათი არ გააჩნია და დემოკრატიული წესები არ არეგულირებს, მას არ აკონტროლებს საზოგადოება და მიმდინარეობს კულისებში (ძნელია, ერთი მაგალითი გაიხსენო იმისა, რომ მმართველი კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი შეცლილიყო სამხედრო და უშიშროების ძალთა სრულ მზადყოფნაში მოყვანის გარეშე, ყოველ შემთხვევაში, სამხედრო მუქარის გარეშე.). და მაინც ამ ბრძოლას არ შეუძლია ცვლილება შეიტანოს სისტემის არსსა და ხანგრძლივობაში (როგორც ეს ხდება კლასიკურ დიქტატურებში). დიდი-დიდი, მან ხელისუფლების სტრუქტურა შეარხიოს, მაგრამ ეს უკანასკნელი მალე აღიდგენს სიმყარეს, არსებითად იმიტომ, რომ შემადუღაბებელი სუბსტანცია – იდეოლოგია – ხელშეუხები რჩება. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვისა ცვლის. ხელისუფალთა მონაცვლეობა შესაძლებელია მხოლოდ უკანა პლანზე და ზოგადი რიტუალის ჩარჩოებში. მას ადგილი არ ექნებოდა რიტუალზე უარის თქმის შემთხვევაში.

რიტუალის ამ დიქტატურის გამო ხელისუფლება სრულიად ანონიმური ხდება. ინდივიდები თითქმის გათქვეფილნი არიან რიტუალში. ისინი დინებას მიჰყვებიან და ხშირად ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ რიტუალს გადაჰყავდეს ხალხი წყვდიადიდან ხელისუფლების ნათელში. განა პოსტ-ტოტალიტარული სისტემისათვის დამახასიათებელი არ არის ის, რომ ძალაუფლების იერარქიის ყველა საფეხურზე სახელისუფლო რიტუალისა და რუტინის უსახო ადამიანები, ტიკინები, ეს უნიფორმიანი ლაქიები, ყოველ წამს გზიდან იცილებენ პიროვნებებს?

ხელისუფლების სტრუქტურის ავტომატური მოქმედება – დეჰუმანიზებული და ანონიმური – არის ამ სისტემის ფუნდამენტური ავტომატიზმის ნიშან-თვისება. თითქოს უმთავრესად ავტომატიზმის დიქტატი არჩევდეს ხელისუფლებაში ინდივიდუალურ ნებას მოკლებულ ადამიანებს, თითქოს სწორედ ეს ცარიელი ფრაზის დიქტატი უყრიდეს თავს ხელისუფლებაში ადამიანებს, რომელნიც თავის მხრივ ცარიელ ფრაზებს მიმართავენ, რაც გარანტიაა პოსტ-ტოტალიტარული სისტემის ავტომატიზმის გაგრძელებისა.

დასავლელი სოვეტოლოგები ხშირად აზვიადებენ ინდივიდთა როლს პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში და მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ მმართველი პირები, მიუხედავად უდიდესი ძალმოსილებისა, ხელისუფლების ცენტრალიზებული სტრუქტურის წყალობით რომ გააჩნიათ, უმეტეს შემთხვევაში ბრმა აღმასრულებელნი არიან სისტემის შინაგანი საკუთარი კანონებისა, რომელთა გააზრებას თვითონ ვერასოდეს შეძლებენ და ამას არც შეეცდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილება ისევ და ისევ გვასწავლის, რომ ეს ავტომატიზმი გაცილებით ძლიერია ვიდრე რომელიმე ინდივიდის ნება; და თუ ვინმეს მეტი დამოუკიდებელი ნება გააჩნია, იგი უნდა დამალოს რიტუალის ანონიმური ნიღბით, რათა საშუალება ჰქონდეს ხელისუფლების იერარქიაში შესვლისა. როცა ინდივიდი საბოლოოდ იმკვიდრებს ადგილს და ცდილობს საკუთარი ნება იერარქიის შიგნით საგრძნობი გახადოს, ადრე თუ გვიან ავტომატიზმი თავისი უსაზღვრო ინერციის წყალობით ამ ინდივიდს ხელისუფლების სტრუქტურიდან როგორც უცხო ორგანიზმს მოიცილებს ან ეს ინდივიდი იძულებული გახდება, თავისი პიროვნულობა თანდათან ავტომატიზმში გათქვიფოს, გახდეს მისი მსახური; ამიტომ მას თითქმის აღარაფერი გამოარჩევს წინამორბედთაგან და არც შემდგომ მომსვლელთაგან (მაგალითისავთის გავიხსენოთ ჰუსაკი ან გომულკა). იმის საჭიროება, რომ განუწყვეტლივ ეფარებოდე და უკავშირდებოდე რიტუალს, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების შედარებით განათლებული წარმომადგენლებიც კი ხშირად იდეოლოგიის ტყვეები არიან. მათ არ შესწევთ უნარი, შიშველ სინამდვილეს ჩაუღრმავდნენ. საბოლოო ანალიზისას ისინი ერთმანეთში ურევენ სინამდვილესა და იდეოლოგიურ ფსევდო-სინამდვილეს (ჩემი აზრით, მიზეზი იმისა, რომ დუბჩეკის ხელმძღვანელობამ 1968 წელს კონტროლი ვერ გაუწია სიტუაციას, გახლდათ ის, რომ კრიტიკულ სიტუაციებსა და ძირეულ კითხვებზე პასუხის გაცემისას ისინი უძლურნი აღმოჩნდნენ, მოჩვენებათა ამ სამყაროს გამოჰყოფოდნენ).

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ იდეოლოგია, როგორც შინაგან კომუნიკაციათა საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების სტრუქტურის შინაგან ერთიანობას, წარმოადგენს რაღაც ისეთს, რაც სცილდება ხელისუფლების ფიზიკურ ასპექტს, მნიშვნელოვნად იქვემდებარებს ამ უკანასკნელს და უზრუნველყოფს მის უწყვეტობას. იგი სისტემის გარეგანი სტაბილობის ერთ-ერთი ბურჯია, მაგრამ ეს ბურჯი დაშენებულია არამყარ საძირკველზე. იგი დაშენებულია სიცრუეზე და მუშაობს მხოლოდ მანამდე, სანამ ხალხი თანახმაა, იცხოვროს სიცრუეში.

VI

რაში სჭირდებოდა ჩვენს ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრეს თავისი ლოიალურობის დემონსტრაცია ვიტრინაში? განა შინ და გარეთ საკმარისად არ ამჟღავნებდა? პროფკავშირის კრებებზე ხომ, როგორც მოეთხოვებოდა, ისე იძლეოდა ხმას? სხვადასხვა შეჯიბრებაშიც მუდამ მონაწილეობდა. არჩევნებზეც დადიოდა როგორც კარგი მოქალაქე. ანტი-ქარტიაზეც ხელი მოაწერა. ყოველივე ამის შემდეგ რა აუცილებლობას წარმოადგენდა საჯაროდ თავისი ლოიალურობის განცხადება? თანაც ვიტრინის წინ ჩამვლელები ხომ არც კი შეჩერდებიან იმის გასაგებად, რომ ამ მაღაზიის მუშაკის აზრით საჭიროა მსოფლიოს მშრომელთა გაერთიანება? საქმე ისაა, რომ ლოზუნგს არც არავინ კითხულობს და გულდაჯერებით შეიძლება ითქვას, მას ვერც ვერავინ ამჩნევს. თქვენ რომ გეკითხათ ქალისთვის, რომელიც მაღაზიის წინ შეჩერდა, თუ რა დაინახა ვიტრინაში, იგი ზუსტად გეტყოდათ, იმ დღეს პამიდორი ჰქონდათ თუ არა, მაგრამ წერმოუდგენელია ლოზუნგი შეემჩნია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შინაარსზე.

უაზრობაა, ბოსტნეულით მოვაჭრეს მოსთხოვო, ერთგულება საჯაროდ გამოხატოს. მაგრამ რაღაც აზრი ამაში მაინც არის. ხალხი არად აგდებს მის ლოზუნგს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი ლოზუნგებით აჭრელებულია სხვა ვიტრინები, ლამპიონის ბოძები, სტენდები, ფანჯრები, შენობები. ისინი ყველგანაა. ისინი შეადგენენ ყოველდღიური ცხოვრების პანორამის ნაწილს. მართალია, ადამიანები არად აგდებენ წვრილმანებს, მაგრამ ძალიან კარგად აღიქვამენ პანორამას, როგორც მთლიანობას. რას წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის ლოზუნგი, თუ არა ერთ პაწია კომპონენტს ყოველდღიური ცხოვრების ფონზე?

მაღაზიის გამგემ ლოზუნგი ვიტრინაში გამოკიდა არა იმის იმედით, რომ ვინმე წაიკითხავდა, ან ვინმეს დაარწმუნებდა, არამედ იმიტომ, რომ ათასობით სხვა ლოზუნგთან ერთად წვლილი შეეტანა პანორამაში, რომელიც ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობია. ამ პანორამას, ცხადია, ქვეცნობიერი მნიშვნელობა აქვს: იგი ახსენებს ადამიანებს, სად ცხოვრობენ და რას მოელიან მათგან. იგი შეახსენებთ, თუ რას აკეთებენ სხვები; ამავე დროს მიუთითებს, რა უნდა აკეთონ, თუ არ სურთ, საზოგადოებისაგან გაირიყონ, მოხვდნენ იზოლაციაში, ჩაშალონ თამაშის წესები, რისკის ქვეშ დააყენონ თავისი სიმშვიდე, მოყუჩებულობა და უსაფრთხოება.

ქალმა, რომელმაც არად ჩააგდო ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრის ლოზუნგი, შესაძლოა სულ რაღაც ერთი საათის წინ თავად დაკიდა მსგავსი ლოზუნგი იმ დაწესებულების დერეფანში, სადაც ის მუშაობს. მან ეს მოიმოქმედა დაუფიქრებლად, ისე როგორც ჩვენმა მაღაზიის გამგემ. ეს გააკეთებინა არსებითად ზოგადი პანორამის ფონმა, ანუ იმ პანორამის ფონმა, რომლის ერთ ნაწილს ქმნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის ვიტრინა. როცა ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე ამ მანდილოსნის დაწესებულებას ეწვევა, ისიც ვერ შეამჩნევს იქაურ ლოზუნგს, ისევ როგორც მისი ლოზუნგი ვერ შეამჩნია ქალმა. მიუხედავად ამისა, მათი ლოზუნგები ურთიერთდამოკიდებულია. ორივე დაკიდეს ზოგადი პანორამის გათვალისწინებით და, უნდა ითქვას, რომ მისი დიქტატით. ორივე ხელს უწყობს ამ პანორამის შექმნას და ამდენად ხელს უწყობს ამ დიქტატის შექმნასაც. ბოსტნეულით მოვაჭრეცა და მოსამსახურეც შეგუებულნი არიან პირობებს, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ ამგვარი მოქმედებით ქმნიან კიდეც ამ პირობებს. ისინი აკეთებენ იმას, რაც საერთოდ კეთდება, რის გაკეთებასაც სთხოვენ, რისი გაკეთებაც ევალებათ, იმავდროულად სწორედ ამ ნიშნით ისინი ადასტურებენ, რომ სინამდვილეში ესაა გასაკეთებელი. ისინი ეგუებიან გარკვეულ მოთხოვნას და მისი შესრულებით უკვდავყოფენ მას. მეტაფიზიკის ენაზე რომ ვთქვათ, ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრის ლოზუნგის გარეშე არ იარსებებდა მოსამსახურე ქალის ლოზუნგი და vice versa.

ისინი ერთმანეთს სთავაზობენ რაღაცის გამეორებას და თითოეული იღებს ამ შეთავაზებას. ერთმანეთის ლოზუნგების არად ჩაგდება სინამდვილეში მხოლოდ ილუზიაა. ლოზუნგების დაკიდვით ისინი ერთმანეთს აიძულებენ, თამაშის წესები მიიღონ და ამით განამტკიცონ ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ლოზუნგებს მოითხოვს. უფრო მარტივად, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან მორჩილებაში. კონტროლის სისტემაში ორივე მათგანი ობიექტია, მაგრამ თან სუბიექტიც. ისინი ამ სისტემის მსხვერპლნიც არიან და ჯალათებიც.

თუ საოლქო ქალაქი მოფენილია ლოზუნგებით, რომელთაც არავინ კითხულობს, ეს, ერთი მხრივ, საოლქო კომიტეტტის მდივნის სავიზიტო ბარათია, მაგრამ ამავე დროს რაღაც უფრო მეტიც: მცირე მაგალითი სოციალური აუტო-ტოტალობის პრინციპის მუშაობისა. პოსტ-ტოტალიტარული სისტემის არსების ერთი აპექტი ისაა, რომ იგი ყველას იმგვარად ითრევს ხელისუფლების სფეროში, რომ მათ ვეღარ შეძლონ პიროვნებად განხორციელება. ისინი საკუთარ პიროვნულობას მსხვერპლად სწირავენ სისტემას, იქცევიან სისტემის საერთო ავტომატიზმის აგენტებად და თვითმიზნური ამოცანების მსახურებად. ჯამში, ისინი იზიარებენ ზოგად პასუხისმგებლობას. ასე რომ, ისინი შეიძლება ამ სისტემაში ჩათრეულ და გამომწყვდეულ იქნან როგორც ფაუსტი მეფისტოფელის მიერ. უფრო მეტიც: ასეთი ჩათრეულობით იქმნება საყოველთაო ნორმა, რაც ზემოქმედებს მათ თანამოქალაქეებზე. შემდეგ: ისინი სწავლობენ, როგორ შეეგუონ თავიანთ ჩათრეულობას, მიიღონ ის, როგორც ბუნებრივი და გარდუვალი რამ; და ბოლოს, გარეგანი იძულების გარეშეც ჩაუთრევლობა მიიჩნიონ ნორმის დარღვევად, უვიცობად, მათ წანააღმდეგ გამოსვლად, საზოგადოებისაგან განდგომად. ხელისუფლების სტრუქტურაში საყოველთაო ჩათრევით პოსტ-ტოტალიტარული სისტემა ყველას ურთიერთტოტალობის, სოციალური აუტოტოტალობის იარაღად აქცევს.

სინამდვილეში, ჩათრეულია და დამონებული ყველა: ხილბოსტნეულით მოვაჭრეცა და პრემიერ-მინისტრიც, განსხვავებული მდგომარეობა იერარქიაში ჩათრეულობის განსხვავებულ ხარისხს ქმნის. ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე ჩათრეულია მცირე ზომით, მაგრამ მას ძალაუფლებაც ცოტა გააჩნია. პრემიერ-მინისტრს, ბუნებრივია, დიდი ძალაუფლება აქვს, სამაგიეროდ ის გაცილებით ღრმად არის ჩათრეული. არც ერთი მათგანი თავისუფალი არაა, მაგრამ თითოეული – თავისებურად. ამიტომ ამ ჩათრეულობის ნამდვილი წამომწყები ვიღაც სხვა კი არ არის, არამედ – თავად სისტემა. ხელისუფლების იერარქიაში მდგომარეობა განსაზღვრავს პასუხისმგებლობისა და დანაშაულის ზომას, მაგრამ იგი არავის არ აკისრებს სრულ პასუხისმგებლობასა და ბრალდებას, რაც არავის მოიცავს ბოლომდე. კონფლიქტი ცხოვრების მიზნებსა და სისტემის მიზნებს შორის არაა კონფლიქტი ორ სოციალურად განსაზღვრულსა და გამიჯნულ ერთობას შორის. მხოლოდ ზოგადი შეხედულება (და ისიც ძალზე მიახლოებითი) გვაძლევს უფლებას, საზოგადოება მმართველებად და მართულებად დავყოთ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამაშია უმნიშვნელოვანესი განსხვავება პოსტ-ტოტალიტარულსა და კლასიკურ დიქტატურას შორის; ამ უკანასკნელში კონფლიქტის მხარეები სოციალურ კლასებს ემთხვევა; პოსტ-ტოტალიტარული სისტემის კონფლიქტში ჩათრეულია ყველა პირი de facto, რადგან ყველა თავისებურად მსხვერპლიცაა და სისტემის მხარდამჭერიც. ამიტომ ის, რაც სისტემაში გვესმის, არის არა სოციალური წყობა, რომელსაც ერთი ჯგუფი თავს ახვევს მეორეს, არამედ რაღაც ისეთი, რაც მთელ საზოგადოებას ჭოლავს და ფორმას აძლევს, რაღაც ისეთი, რომლის წვდომა ან განსაზღვრა შეუძლებლად გვეჩვენება (რადგან ბუნებით ის ცარიელი პრინციპია), მაგრამ რაც მთელი საზოგადოების მიერ მიჩნეულია ცხოვრების ღირსსაცნობ თავისებურებად.

ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუქმნიათ და ყოველდღიურად ქმნიან თვითმართულ სისტემას, რაც მათ ძარცავს შინაგანი თავისთავადობისაგნ, არ წარმოადგენს ისტორიის რაღაც მოუაზრებელი გაუგებრობის შედეგს, არც ისტორია ამოვარდნილა თავისი რელსებიდან. იგი არც რაღაც დიაბოლური უზენაესი ნების ნაყოფია, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო კაცობრიობის ერთი ნაწილის ამგვარად წამება გადაუწყვეტია. ეს შეიძლება ხდებოდეს და მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე კაცობრიობაში მკაფიოდ არის გამოხატული გარკვეული ტენდენცია ასეთი სისტემის შექმნისა ან ამგვარი სისტემის შეწყნარებისა. ცხადია, რომ ადამიანებში არის რაღაც ისეთი, რაც გამოძახილს პოულობს სისტემაში, რაც აირეკლება და შეიწყნარება მათ მიერ, რაღაც, რაც ყოველი მათგანის საუკეთესო მე-ს ამბოხს ადამბლავებს. ადამიანები იძულებულები არიან, იცხოვრონ სიცრუეში, მაგრამ იძულება შესაძლებელია იმიტომ, რომ სინამდვილეში მათ ეიოლებათ ასე ცხოვრება. ამიტომ, მართალია, სისტემა აუცხოებს ადამიანებს, მაგრამ ეს გაუცხოებული ადამიანებიც თავის მხრივ ხელს უწყობენ ამ სისტემას, როგორც საკუთარ უნებლიე გეგმას, როგორც საკუთარი გადაგვარების გადაგვარებულ ხატს, როგორც პიროვნებად განხორციელების კრახის დადასტურებას.

ბუნებრივია, ცხოვრების ძირეული მიზნები ყოველ ინდივიდშია. ყველა ესწრაფვის ადამიანის კანონიერ ღირსებას, მორალურ მთლიანობას, ყოფნის თავისუფალ გამოხატვას და არსებობის სამყაროზე ამაღლებას. მაგრამ იმავდროულად თითოეულ მათგანს შეუძლია მეტ-ნაკლები ზომით შეეგუოს სიცრუეში ცხოვრებას. თითოეულ მათგანს ასე თუ ისე აცთუნებს ამქვეყნიური ამაოებანი და უტილიტარიზმი. ყოველ მათგანში არის სურვილი, შეერიოს ბრბოს და თავის აუტკიებლად დაჰყვეს რიოში ცხოვრების მდინარებას. ეს უფრო მეტია ვიდრე მარტივი კონფლიქტი პიროვნულ ორ საწყისს შორის. იგი გაცილებით უარესია, რადგან თავად პიროვნულობის ცნების ხელყოფაა.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, პოსტტოტალიტარული სისტემა აშენებულია საძირკველზე, რომელიც ჩაყარა დიქტატურისა და სამომხმარებლო საზოგადოების შეჯახებამ. განა მართალი არ არის, რომ ცხოვრების ყოვლისმომცველ ადაპტაციას – სიცრუისა და სოციალური აუტოტოტალობის შეუზღუდველ გავრცელებას – აქვს გარკვეული კავშირი სამომხმარებლო ორიენტაციის ადამიანთა ზოგად მიდრეკილებასთან – მატერიალურ ფასეულობებს შესწირონ საკუთარი სულიერი და მორალური ღირებულებანი? განა ადამიანები უყოყმანოდ არ თმობენ უმაღლეს ღირებულებებს თანამედროვე ცივილიზაციის ტრივიალურ ცთუნებათა წინაშე? განა თავდავიწყებით არ ეძლევიან მასობრივი განურჩევლობის სანახაობებს? და ბოლოს, განა პოსტ-ტოტალიტარურულ სისტემაში ცხოვრების უფერულობა და სიცარიელე ზოგადად თანამედროვე ცხოვრების კარიკატურა არ არის? და განა ჩვენ, სინამდვილეში, დასავლეთისათვის გამაფრთხილებელი სიგნალი არ ვართ (თუმცა, ცივილიზაციის პარამეტრებით ძალიან ჩამოვრჩებით), მის დაფარულ ტენდენციებს რომ ააშკარავებს?

VII

წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მაღაზიის გამგეს რაღაც ბზიკმა უკბინა და ლოზუნგი აღარ გამოკიდა, უბრალოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის პატივისცემა იგრძნო. არჩევნებში აღარ მონაწილეობს, რადგან ეს უკანასკნელი ფარსად მიაჩნია. პოლიტიკურ მიტინგებზე იმას ლაპარაკობს, რასაც ნამდვილად ფიქრობს. საკუთარ თავში პოულობს ძალას, გამოუცხადოს სოლიდარობა იმათ, ვისაც მისი აზრით მხარდაჭერა სჭირდება. ასეთი ჯანყით იგი განუდგება სიცრუეში ცხოვრებას, უარყოფს რიტუალს და აღარ ცნობს თამაშის წესს. აღიდგენს დათრგუნვილ მეობასა და ღირსებას. საკუთარ თავისუფლებას მიანიჭებს კონკრეტულ მნიშვნელობას. მისი ამბოხი იქნება მცდელობა, იცხოვროს სიმართლეში.

შედეგიც არ დააყოვნებს. მას ათავისუფლებენ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან და გადაჰყავთ რკინა-კავეულობაში. ხელფასს უცირებენ. ბულგარეთში შვებულების გატარებაზე ხელი უნდა ჩაიქნიოს; მისი შვილების უმაღლეს განათლებას საფრთხე ემუქრება. უფროსობა შეავიწროებს, თანამშრომლები შერეკილად მიიჩნევენ. უმრავლესობის მხრიდან ასეთ დამოკიდებულობას არ ექნება ნაღდი შინაგანი დარწმუნებულობა, იგი იქნება უბრალოდ გარემოს ზეწოლის შედეგი, იმ გარემოსი, რომელიც თავის დროზე ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეს აიძულებდა, ოფიციალური ლოზუნგები გამოეფინა. ხილ-ბოსტნეულის მოვაჭრეს ავიწროებენ ან იმის გამო, რომ მათგან ამას მოელიან, ან იმიტომ, რომ დაადასტურონ თავიანთი ლოიალობა, ან უბრალოდ იმიტომ, რომ ზოგადი პანორამიდან არ ამოცვივდნენ, ეს უკანასკნელი ნიშნავს იმის ცოდნას, თუ როგორ გაართვან თავი მსგავს სიტუაციებს, მით უფრო, თუ არ უნდათ, მათაც ეჭვის თვალით შეხედონ. მოკლედ, დამსჯელები პრინციპში ისე იქცევიან, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, ოღონდ მეტ-ნაკლები აქტივობით: ზოგჯერ ისინი გვევლინებიან პარტიული სისტემის კომპონენტებად, ზოგჯერ – მისი ავტომატიზმის აგენტებად, ზოგჯერ – სოციალური ავტომატიზმის დამყოლ იარაღებად.

მაშასადამე, ძალაუფლების სტრუქტურა ანუ სისტემის კომპონენტთა მთლიანობა, რომელიც ატარებს სანქციებს, ბოსტნეულით მოვაჭრეს თავისი ხახიდან გადმოანერწყვებს. სისტემა, გაუცხოებული სახით ძვალსა და რბილში რომ აქვთ გამჯდარი ადამიანებს, დასჯის ჩვენს მეამბოხეს, დასჯის იმიტომ, რომ ავტომატიზმის და თავდაცვის ლოგიკა კარნახობს ამას. ბოსტნეულით მოვაჭრეს არ ჩაუდენია მარტივი, კერძო დანაშაული, გამორჩეული თავისი განუმეორებლობით. მის კისერზეა შეუდარებლად უფრო მძიმე დანაშაული: მან დაარღვია თამაშის წესები და ჩაშალა თამაში, როგორც ასეთი. მან შეანჯღრია მოჩვენებათა სამყარო, სისტემის მთავარი ბურჯი. მან ხელისუფლების სტრუქტურა გააღიზიანა იმით, რომ გამოაცალკავა ის, რაც ნაწილებს აერთებს. მან გამოაშკარავა, რომ სიცრუეში ცხოვრება სიცრუეში ცხოვრებაა. მან დაამსხვრია სისტემის ბრჭყვიალა ფასადი და წარმოაჩინა ხელისუფლების რეალური ძირეული საყრდენები. მან თქვა, რომ მეფე შიშველია. იმის გამო, რომ მეფე მართლა შიშველია, რაღაც უაღრესად სახიფათო მოხდა. თავისი საქციელით ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრემ მიმართა მსოფლიოს. ფასადის მიღმა მან ყველა შეაჭვრიტა. ყველას აჩვენა, რომ შეიძლება იცხოვრო სიმართლეში. სიცრუეში ცხოვრებას მხოლოდ მაშინ შეუძლია სისტემის შექმნა, თუ იგი უნივერსალურია. ამ პრინციპს შეუძლია მოიცვას და განჭოლოს ყველაფერი. მასში ისეთი არაფერია, რასაც შეუძლია თანაიარსებოს სიმართლეში ცხოვრებასთან. ამიტომ ყველა, ვინც მის სამანს გადალახავს, უარყოფს მას საფუძველში და არყევს როგორც მთლიანობას.

ეს გასაგებიცაა: სანამ მოლანდება არ დაპირისპირებია სინამდვილეს, მანამ ვერ გაიგებ, რომ ის მოლანდებაა. სანამ სიცრუეში ცხოვრება არ დაპირისპირებია სიმართლეში ცხოვრებას, მისი განქიქების პერსპექტივა არ ჩანს. ალტერნატივის გამოჩენა ემუქრება მოჩვენებათა სამყაროს და სიცრუეში ცხოვრებას, ემუქრება როგორც მათ არსებას, ისე ყველაფერს, რასაც ისინი მოიცავენ. ამასთან მნიშვნელობა არა აქვს, რამხელა სივრცე უკავია ამ ალტერნატივას, მისი ძალა ფიზიკურ მონაცემებში კი არ მდგომარეობს, არამედ შუქში, რომელსაც იგი ჰფენს სისტემის ბურჯებს და მის მერყევ საძირკვლებს. ბოსტნეულით მოვაჭრე სისტემისათვის საფრთხეს წარმოადგენდა არა იმიტომ, რომ იგი ფლობდა რაღაც ფიზიკურსა და რეალურ ძალას, არამედ იმიტომ, რომ მისი საქციელი დადგენილ საზღვრებს სცილდებოდა. იგი ანათებდა ირგვლივეთს და, ცხადია, ასეთი განათებიდან გაუთვლელი შედეგები გამომდინარეობდა. პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში სიმართლეში ცხოვრებას გააჩნია რაღაც ისეთი განზომილება, რაც უბრალოდ არსებობაზე მეტია (ადამიანი უბრუნდება თავის შინაგან ბუნებას), ანუ გონითი განზომილება (ჩაწვდეს სინამდვილეს, როგორიც ის არის), ანუ მორალური განზომილება (აჩვენოს სხვას მაგალითი). მას გააჩნია აგრეთვე ბუნდოვანი პოლიტიკური განზომილება. თუ სისტემის დედაბოძი სიცრუეში ცხოვრებაა, მაშინ გასაკვირი არაა, რომ მთავარ საფრთხეს სიმართლეში ცხოვრება წარმოადგენს. აი, რატომ იდევნება ეს უკანასკნელი სხვა ყველაფერზე მეტად.

პოსტტოტალიტარულ სისტემაში სიმართლეს, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, გააჩნია ძალიან სპეციფიკური აზრი, რაც უცნობია სხვა კონტექსტებში. ამ სისტემაში სიმართლე გაცილებით დიდ (და ამასთან მეტად განსხვავებულ) როლს თამაშობს როგორც ძალაუფლების ფაქტორი ანდა აშკარა პოლიტიკური ძალა. როგორია სიმართლის ძალმოსილება? როგორ მუშაობს სიმართლე? როგორც ძალაუფლების ფაქტორი? როგორ შეიძლება მისი ძალა, როგორც ძალაუფლება, განხორციელდეს?

VIII

ადამიანები შეიძლება გაუუცხოვდნენ საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მათში არის რაღაც, რისი გაუცხოებაც შეიძლება. სფერო ამ გაუცხოებისა არის ადამიანთა თვითმყოფადი არსებობა. ასე რომ, სიმართლით ცხოვრება უშუალოდ სიცრუით ცხოვრებაშია ჩაქსოვილი. სიმართლით ცხოვრება არის დათრგუნვილი ალტერნატივა, ნაღდი მიზანი, რომლის გაყალბებულ ანარეკლს წარმოადგენს სიცრუით ცხოვრება. მხოლოდ მის საფუძველზე გააჩნია რაიმე აზრი სიცრუით ცხოვრებას: იგი არსებობს მხოლოდ ამ ფონის მეოხებით. იგია თავის მართლებაზე აგებული ქიმერული ჩაფესვებულობა ადამიანის არსებაში, იგი სხვა არაფერია თუ არა გამოძახილი სიმართლისადმი ადამიანის ლტოლვაზე. სიცრუით ცხოვრების მოწესრიგებული ზედაპირის ქვეშ თვლემს ფარული სფერო ცხოვრებისა თავისი ნაღდი მიზნებით, სიმართლისადმი ფარული ღიაობით.

სიმართლეში ცხოვრების ცალკეული, ფეთქებადი, გაუთვლელი პოლიტიკური ძალა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ სიმართლეში ღია ცხოვრებას გააჩნია თუმც უჩინარი, მაგრამ ყოველგნივმსუფევი მოკავშირე, ანუ ფარული სფერო. მისი გამოისობითაა, რომ სიმართლეში ღიად ცხოვრება ძალას იკრებს, მისი წყალობით იგი ხმას იმაღლებს და გაგებასაც პოულობს. სწორედ აქ არსებობს კომუნიკაციის შესაძლებლობა. მაგრამ ეს ადვილი არ ჩანს და ძალაუფლების პოზიციიდან ძალიან სახიფათოა. მასში მოქმედი რთული ფერმენტი ბინდბუნდში მუშაობს და რაღაც დროისთვის საბოლოოდ გამოდის მზის სინათლეზე როგორც სისტემის გამაოგნებელ სიურპრიზთა ნაკრები. როგორც წესი, დაგვიანებულია ხოლმე ჩვეულებრივი მეთოდებით მათი მიჩქმალვა. ასე რომ, იქმნება სიტუაცია, რაც რეჟიმს თავგზას უბნევს, უცილობლივ იწვევს პანიკას, უბიძგებს, უაზრო ზომები მიიღოს.

როგორც ჩანს, უპირველესი მასაზრდოებელი ნიადაგი იმისა, რაც პოსტტოტალიტარულ სისტემაში შეიძლება მიჩნეულ იქნას ოპოზიციად ამ სიტყვის უფართოესი მნიშვნელობით, არის ცხოვრება სიმართლეში. კონფრონტაცია ამ დაპირისპირებულ ძალთა და ხელისუფლებას შორის, ცხადია, ძირეულად განსხვავებულ ფორმას ატარებს ღია საზოგადოებასთან ანდა კლასიკურ დიქტატურასთან შედარებით. დასაწყისში ამ კონფრონტაციას ადგილი არა აქვს ხელისუფლების რეალურ, უწყებრივ, აღრიცხვად დონეზე, რომელზეც გამოიყენება ხელისუფლების სხვადასხვა იარაღი; მაგრამ მას ადგილი აქვს სულ სხვა დონეზე: ადამიანური ცნობიერების და სინდისის ეგზისტენციალურ დონეზე. ამ სპეციფიკური ძალის ქმედითობის ხარისხი ვერ აღიწერება ისეთი ტერმინებით როგორიცაა: მიმდევრები, ამომრჩევლები, ჯარისკაცები, რადგან მისით გაჟღენთილია სოციალური ცნობიერების მეხუთე ბურჯი – სიცოცხლის ფარული მიზნები, ადამიანთა დათრგუნვილი სწრაფვა ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებებისათვის, ნაღდი სოციალური და პოლიტიკური ინტერესების განხორციელებისათვის. ამიტომ მისი ძალმოსილება მდგომარეობს არა გარკვეულ პოლიტიკურ ან სოციალურ ჯგუფთა ძლიერებაში, არამედ, უმთავრესად, პოტენციალის ზომაში, რაც გააჩნია მთელ საზოგადოებას ოფიციალური ხელისუფლების სტრუქტურების ჩათვლით. ამიტომ ეს ძალმოსილება ეყრდნობა არა საკუთარ ჯარისკაცებს, არამედ მტრის ჯარისკაცებს ანუ იმათ, ვინც ცხოვრობს სიცრუეში, ვინც შეიძლება ყოველ წუთს (თეორიულად მაინც) სიმართლის შემოტევის საგანი შეიქნას (ან ვინც საკუთარი პოზიციის დაცვის ინსტინქტური სურვილის მიუხედავად უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება შეეგუოს ამ ძალას). ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, ბაქტეოროლოგიური იარაღი, რომელიც გამოიყენება ერთი სამოქალაქო პირის მიერ მთელი დივიზიის გასანადგურებლად, როცა პირობები მომწიფებულია. ეს ძალა ხელისუფლებისათვის უშუალო ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებს. იგი უფრო თავის გავლენას აფართოებს თავად ყოფნის ბნელ არენაზე. ფარული მოძრაობანი, რომელთაც ის წარმოშობს, შეიძლება გადაიზარდოს (როდის, სად, რა ვითარებაში და რა ზომით, ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია) რაღაც ხელშესახებში: ნამდვილ პოლიტიკურ აქტსა თუ მოვლენაში, სოციალურ მოძრაობაში, სამოქალაქო მღელვარებაში, გარეგნულად მონოლითური ხელისუფლების სტრუქტურის მძაფრ კონფლიქტში ან უბრალოდ სოციალური და ინტელექტუალური კლიმატის მოუთოკავ ტრანსფორმაციაში. სანამ კრიტიკული მნიშვნელობის უთუო პრობლემა სიცრუის სქელი ქერქის ქვეშაა მოქცეული, ვერასოდეს იქნება სრულიად ცხადი, როდის დაეცემა ბოლო წვეთი ან რომელი იქნება ეს ბოლო წვეთი. აი, რატომ დევნის რეჟიმი ლამის პროფილაკტიკის მიზნით სიმართლეში ცხოვრების ყველაზე უწყინარ მცდელობებსაც კი.

რატომ გააძევეს სოლჟენიცინი საკუთარი ქვეყნიდან? ნამდვილად იმისათვის არა, რომ იგი წარმოადგენდა რეალური ხელისუფლების ნაწილს, არც იმისათვის, რომ იმ რეჟიმის წარმომადგენლებს ეშინოდათ, ვაითუ, სკამები დაგვაკარგვინოს და მთავრობაში ჩვენს ადგილზე მოექცესო. სოლჟენიცინის გაძევება რაღაც სხვა იყო: განწირული მცდელობა სიმართლის წყაროს დახშობისა, წყაროსი, რომელსაც შეეძლო გამოეწვია აურაცხელი ტრანსფორმაცია სოციალურ ცნობიერებაში, ამას კი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება პოლიტიკური გარღვევები და გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყოლოდა. პოსტ-ტოტალიტარული სისტემა მოქმედებდა მისთვის დამახასიათებელი გზით. იგი თავდაცვის მიზნით უფრთხილდებოდა მოჩვენებათა სამყაროს ერთიანობას. სიცრუით ცხოვრების მიერ შექმნილი შრე უცნაური მასალისაგან შედგება. სანამ იგი ჰერმეტულად ეფინება საზოგადოებას; ქვისა გეგონება, მაგრამ საკმარისია, ერთ ადგილას ვინმემ გაარღვიოს, ვინმემ დაიძახოს: „მეფე შიშველია!“, ვინმემ თამაშის წესები უგულებელყოს, აჩვენოს, რომ ეს უბრალო თამაშია და მეტი არაფერი, რომ მაშინათვე ყველაფერი სხვა სინათლეში წარმოჩნდეს, ცხადი შეიქნას, რომ ის ზედა შრე ბრაწი ქსოვილი ყოფილა, რომლის დარღვევაც თავისუფლად შეიძლება.

როცა მე ვლაპარაკობ ცხოვრებაზე სიმართლის შიგნით, ბუნებრივია, მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ კონცეფტუალური აზროვნების გამოხატულებანი, როგორიცაა ინტელექტუალთა შედგენილი წერილები ან პროტესტები. ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს ის საშუალება, რომლითაც პიროვნება ან ჯგუფი მანიპულაციას უჯანყდება: ეს იქნება ინტელექტუალთა წერილები თუ მუშათა გაფიცვა, როკ-კონცერტი თუ სტუდენტთა დემონსტრაცია, ყალბ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა თუ ოფიციალურ კონგრესზე რამენაირად სიტყვით გამოსვლა, ანდაც მაგალითად, შიმშილობა გაფიცვის მიზნით. თუ ცხოვრების მიზანთა დათრგუნვა არის კომპლექსური პროცესი და მისი საფუძველია ცხოვრების ყველა გამოხატულების მრავალწახნაგოვანი მანიპულაცია, მაშინ სიცოცხლის ყოველი თავისუფალი გამოვლენა პოლიტიკურ პლანში შემოვლითი გზით ემუქრება პოსტ-ტოტალიტარულ სისტემას გამოვლენის იმ ფორმათა ჩათვლით, რომელთაც სხვა სოციალურ სისტემაში არავინ მიანიჭებდა რაიმე პოტენციურ მნიშვნელობას, მით უმეტეს არ მიიჩნევდნენ ამაფეთქებელ ძალად.

ჩვეულებრივ, პრაღის გაზაფხული ესმით ხოლმე როგორც რეალური ხელისუფლების დონეზე შეჯახება ორ დაჯგუფებას შორის: ერთს სურდა შეენარჩუნებინა სისტემა არსებული სახით და მეორეს სურდა მისი გარდაქმნა. ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს შეჯახება იყო, უბრალოდ, ბოლო აქტი და გარდუვალი შედეგი ხანგრძლივი დრამისა, რომელიც ორიგინალურად გათამაშდა, პირველ რიგში, საზოგადოების სულიერებისა და სინდისის თეატრში. დრამა წამოიწყეს ადამიანებმა, რომელთაც სურდათ, ეცხოვრათ სიმართლეში მაშინაც კი, როცა საქმე ძალიან ცუდად მიდიოდა. მათ რეალურ ხელისუფლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ და არც ესწრაფოდნენ ამას. სფერო, რომელშიც ისინი სიმართლით ცხოვრობდნენ, სულაც არ მიეკუთვნებოდა პოლიტიკას, მის თეორიასაც კი. ისინი იყვნენ პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები ან, უბრალოდ, რიგითი ადამიანები, რომელთაც შეძლეს ადამიანური ღირსება შეენარჩუნებინათ. დღეს, ბუნებრივია, ძნელი იქნება ზუსტად მიუთითო, როდის და რომელი ფარული მიხვეულ-მოხვეული გზით მოახდინა გავლენა მოცემულ გარემოზე ამა თუ იმ მოქმედებამ თუ პოზიციამ, გამოიძიო ვირუსი, რომელიც ნელ-ნელა შეიჭრა სიცრუით ცხოვრების ქსოვილში და თანდათან დაშალა იგი. ერთი რამ ცხადია: საზოგადოების გამოღვიძების მიზეზი პოლიტიკური რეფორმის მცდელობა არ ყოფილა. პირიქით, ეს უკანასკნელი იყო საბოლოო შედეგი ამგვარი გამოღვიძებისა.

ჩემი აზრით, აწმყოს გაგებაც უკეთ შეიძლება ამ გამოცდილების შუქზე. კონფრონტაცია ათას ქარტიელსა და პოსტ-ტოტალიტარულ სისტემას შორის პოლიტიკურად უიმედო ჩანს. ეს ასეა, თუ მას, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური სისტემის ტრადიციული პოზიციიდან შევხედავთ, რომლის მიხედვითაც სრულიად ბუნებრივი ჩანს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა შეფასდეს იმ მდგომარეობით, რაც მას რეალურ ხელისუფლებაში უკავია. ასეთი მიდგომით ქარტიელების მინი-პარტიას, ცხადია, შანსი არ გააჩნია. მაგრამ ეს კონფრონტაცია იმის ცოდნის ფონზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია ხელისუფლების შესახებ პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში, სულ სხვა განათებას იძენს. ჯერჯერობით შეუძლებელია გადაწყვეტით ითქვას, თუ ქარტია-77-მა, მისმა არსებობამ და მისმა ნამუშაკევმა რა გავლენა მოახდინა ფარულ სფეროზე და როგორ მიიღეს იქ ქარტიის ძალისხმევა – გაეღვიძებინა სამოქალაქო თვითშეგნება და თავმოყვარეობა. როდის, როგორ ან არის კი შესაძლებელი, რომ ამგვარმა მუშაკობამ სარგებელი ნახოს განსაკუთრებული პოლიტიკური ცვლილებების სახით, წინდაწინ ამის თქმა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წახნაგია სიმართლეში ცხოვრებისა. ეს უკანასკნელი, როგორც ეგზისტენციალური გადაწყვეტა, ადამიანებს საკუთარი თვითობის მყარ ნიადაგზე აბრუნებს. პოლიტიკის მსგავსად მასაც შეჰყავს ისინი რისკიან თამაშში, სადაც ფსონი ან ყველაფერია ან არაფერი. ამიტომ ამ თამაშს იღებს ის, ვისაც უღირს გარისკვა, ან ვინც იმ დასკვნამდე მისულა, რომ დღეს ჩეხოსლოვაკიის რეალურ პოლიტიკაში ვერაფერს გახდება. ეს კი სხვათა შორის ერთი და იგივეა. ამ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ის, ვისაც არ სურს საკუთარი თვითობა პოლიტიკას შესწიროს ან ის, ვისაც არ სწამს იმ პოლიტიკისა, რომელიც ამგვარ მსხვერპლს მოითხოვს.

რაც უფრო პირწმინდად ანადგურებს პოსტ-ტოტალიტარული სისტემა რეალური ხელისუფლების დონეზე ნებისმიერ ალტერნატივას ანდა პოლიტიკაში ავტომატიზმის კანონებისაგან დასხლტომის მცდელობას, მით უფრო ინაცვლებს შესაძლო პოლიტიკური საფრთხის ცენტრი ეგზისტენციალურ ან პრეპოლიტიკურ არეალში. ჩვეულებრივ, ეს შეგნებული ძალისხმევის გარეშე ხდება, სიმართლეში ცხოვრება იქცევა ამოსავალი პუნქტი ნებისმიერი აქტივობისა, რომელიც მუშაობს სისტემის ავტომატიზმის წინააღმდეგ. მაშინაც კი, როცა ამგვარ აქტივობას ადგილი აქვს არსებითად სიმართლით ცხოვრების არეალის მიღმა (რაც ნიშნავს, რომ ისინი ტრანსფორმირებულნი არიან სხვადასხვა პარალელურ სტრუქტურაში, მოძრაობაში, ინსტიტუტში; მათი გამოსვლა პოლიტიკური საქმიანობის ხასიათს ატარებს, ისინი ოფიციალურ სტრუქტურებზე ახდენენ ზეწოლას და, სინამდვილეში, იწყებენ გარკვეული გავლენის მოხდენას რეალური პოლიტიკის დონეზეც), მათ მუდამ ატყვიათ დამღა თავისი წარმოშობისა. ამიტომ მგონია, რომ ვერ მოხერხდება დისიდენტურ მოძრაობათა სათანადო გაგება, თუ მუდამ მხედველობაში არ გვექნება ის სპეციფიკური ნიადაგი, საიდანაც ისინი წარმოდგნენ.

IX

ადამიანური თვითობის უღრმეს კრიზისს, რომელიც მოიტანა სიცრუეში ცხოვრებამ, კრიზისს, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელს ხდის ამგვარ ცხოვრებას, ცხადია, მორალური განზომილება გააჩნია. იგი იძენს საზოგადოების ღრმა მორალური კრიზისის სახეს. პიროვნება, რომელიც ცთუნებულია სამომხმარებლო ღირებულებათა სისტემით და რომლის თვითობა მასობრივი ცივილიზაციის მორევს წაულეკავს და რომელსაც არ გააჩნია ძირები ყოფნის წესრიგში, არ გააჩნია პასუხისმგებლობა რაღაც უფრო მეტისადმი, ვიდრე მისი პირადი არსებობაა, არის დემორალიზებული. სისტემას ამით უდგას სული და, ფაქტიურად, წარმოადგენს დემორალიზებული საზოგადოების პროექციას.

საპირისპიროდ ამისა, სიმართლეში ცხოვრება, როგორც ადამიანის ამბოხი იძულებითი ყოფის წანააღმდეგ, არის მცდელობა, აღადგინოს კონტროლი საკუთარ პასუხისმგებლობაზე. სხვა სიტყვებით: ესაა წმინდად მორალური აქტი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა ასეთი ძვირი ფასი უნდა გაიღოს მისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეს არაა თავის თავზე ზრუნვა: რისკმა ჯილდოს სახით შეიძლება მოიტანოს და შეიძლება არც მოიტანოს სიტუაციის ძირეული გაუმჯოებესება. ამ აზრით, როგორც ადრეც აღვნიშნე, იგი არის თამაში: ყველაფერი ან არაფერი. ძნელია, წარმოიდგინო გონიერი არსება, რომელიც ამ გზას ადგება მხოლოდ იმის იმედით, რომ დღევანდელი თავგანწირვა, თუნდაც უბრალო მადლიერების სახით, ხვალ ჯილდოს მოუტანს. (სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები იმათ, ვინც სიმართლეში ცხოვრობს, დაჟინებითა და გაუთავებლად მიაწერენ ანგარებიან მოტივებს: ლტოლვას ძალაუფლებისაკენ, დიდებისაკენ, სიმდიდრისაკენ; ცდილობენ ამ გზით მაინც შემოიტყუონ საკუთარ სამყაროში – ზოგადი დემორალიზაციის სამყაროში).

თუ სიმართლით ცხოვრება პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში დამოუკიდებელი ალტერნატიული პოლიტიკური იდეებისათვის ძირითად მოსაზრდოებელ ნიადაგად იქცევა, მაშინ ყველა მოსაზრება ამ იდეათა ბუნებისა და მომავლის შესახებ აუცილებლად უნდა ასახავდეს ამ მორალურ განზომილებას, როგორც პოლიტიკურ ფენომენს (და თუ რევოლუციონერი მარქსისტის რწმენა მორალზე, როგორც ზედნაშენურ პროდუქტზე ნაყოფზე, აბრკოლებს ამა თუ იმ ჩვენს მეგობარს, ჩაწვდეს ამ განზომილების მნიშვნელობას, ჩართოს იგი რამენაირად თავის მსოფლმხედველობაში, ეს ხდება მათდავე საზიანოდ: საკუთარი მსოფლმხედველობის პოსტულატების კერპად ქცევა ხელს უშლით, სათანადოდ გაიგონ საკუთარი პოლიტიკური ზეგავლენის მექანიზმები და აქცევთ „ყალბი ცნობიერების“ მსხვერპლად, რასაც ისინი, როგორც მარქსისტები სხვებს უკიჟინებენ ხოლმე). პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში ზნეობის უაღრესად სპეციფიკური მნიშვნელობა არის ფენომენი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულოა თანამედროვე პოლიტიკური ისტორიისათვის, ფენომენი, რასაც შეიძლება მოჰყვეს შორსმიმავალი შედეგები, რის წარმოჩენასაც მალე შევეცდები.

X

უეჭველია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩეხოსლოვაკიაში 1969 წელს, ჰუსაკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქარტია-77-ის გამოჩენა იყო. სულიერი და ინტელექტუალური კლიმატი, რომელიც მის გამოჩენას ახლდა, ცხადია, ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის უშუალო შედეგს არ წარმოადგენდა. ეს კლიმატი რამდენიმე ახალგაზრდა მუსიკოსის სასამართლო პროცესმა წარმოშვა. ეს მუსიკოსები შედიოდნენ როკ-ჯგუფში „სამყაროს პლასტმასის ადამიანები“. მათი პროცესი არ წარმოადგენდა ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალის ან კონცეფციის კონფრონტაციას, არამედ – ცხოვრების ორი განსხვავებული კონცეფციის კონფრონტაციას. ერთ მხარეს იყო პოსტ-ტოტალიტარული სისტემის სტერილური პურიტანიზმი, მეორეზე – უცნობი ახალგაზრდები, რომელთაც მხოლოდ ის სურდათ, რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა, ეცხოვრათ სიმართლეში, შეესრულებინათ ის მუსიკა, მათ რომ მოსწონდათ, ემღერათ ის, რაც მათ ცხოვრებას გამოხატავდა, ეცხოვრათ თავისუფლად ღირსებასა და თანამშრომლობაში. ამ ხალხს არ გააჩნდა პოლიტიკური აქტივობის ისტორია. ისინი არა ყოფილან პოლიტიკური ოპოზიციის შეგნებული პოლიტიკური ამბიციების მქონე წარმომადგენლები, არც ყოფილი პოლიტიკოსები – გამოძევებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან. მათ ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა შეჰგუებოდნენ status quo-ს. მიეღოთ სიცრუეში ცხოვრების პრინციპები და ამგვარად გაეტარებინათ ცხოვრება, რომელსაც ავტორიტეტები არ შეეხებოდნენ. მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ან შეიძლება სწორედ ამიტომ მათმა პროცესმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ყველაზე, ვისაც იმედი ჯერ კიდევ არ წარჰკვეთოდა. მეტიც, როცა პროცესი შედგა, ლოდინის, აპათიისა და სკეპტიციზმის წლების მერე სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობათა სახით ახალმა განწყობილებამ იჩინა თავი. ხალხი „დაიღალა იმით, რომ დაიღალა“. მათ ყელში ამოუვიდათ ერთ ადგილზე ტკეპნა, უმოქმედობა, ცარიელი იმედით კვება, – რომ მიუხედავად ყველაფრისა, უკეთესად წავა საქმე. გარკვეული აზრით, პროცესი ბოლო წვეთი იყო. სხვადასხვა ტენდენციის მქონე მრავალმა ჯგუფმა, მანამდე რომ იზოლირებულნი იყვნენ და ჯიუტად ერთმანეთთან არ თანამშრომლობდნენ, ან აქციათა ისეთ ფორმებს მიმართავდნენ, რაც თანამშრომლობას შეუძლებელს ხდიდა, ანაზდად აშკარად გააცნობიერა, რომ თავისუფლება დაუყოფელია. ყველა მიხვდა, რომ ჩეხ მუსიკოსებზე იერიში იყო იერიში უპირველესსა და უმნიშვნელოვანეს რამეზე, იმაზე, რაც ყველას აერთიანებს: ეს იყო იერიში სწორედ „სიმართლეში ცხოვრებაზე“, ცხოვრების ნამდვილ მიზნებზე. როკ-მუსიკის თავისუფლად შესრულება გაგებულ იქნა როგორც ადამიანური თავისუფლება, ამდენად ფილოსოფიასა და პოლიტიკაში გააზრებული თავისუფლება, თავისუფლება იმისა, რომ გამოხატო და დაიცვა საზოგადოების სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინტერესი. ხალხი ახალგაზრდა მუსიკოსებისადმი სოლიდარობის ნაღდმა გრძნობამ აიტაცა; მათ გააცნობიერეს, რომ სხვათა თავისუფლების დაცვა, რაც არ უნდა განსხვავებული შემოქმედებითი პრინციპები ან ცხოვრებისეული პოზიციები გააჩნდეთ, საკუთარი თავისუფლების დაცვას ნიშნავს (არ არსებობს თავისუფლება კანონის წინაშე თანასწორობის გარეშე და არ არსებობს კანონის წინაშე თანასწორობა თავისუფლების გარეშე). ქარტია77-მა ამ ძველ აზრს მიანიჭა ახალი და თავისებური განზომილება, რამაც უსაზღვროდ მრავლისმეტყველი მნიშვნელობა იქონია ჩეხეთის ისტორიისათვის. ის, რასაც სლაბეჩეკი – ავტორი წიგნისა „სამოცდარვა“ – თავის შესანიშნავ ესეში „გამორიცხვის პრინციპს“ უწოდებს, დღევანდელობის ზნეობრივი პოლიტიკური უბადრუკობის სათავეში ძევს. ეს პრინციპი იშვა მეორე მსოფლიოს ომის ბოლოს დემოკრატებისა და კომუნისტების შეჯახებაში, რომელიც შემდეგ თანდათან და სულ უფრო და უფრო „მწარე დასასრულისაკენ“ წავიდა. პირველად ათეული წლების შემდეგ იგი დაძლეულ იქნა ქარტია-77-ის მიერ: ყველა, ვინც გაერთიანებული იყო ქარტიაში, პირველად აღმოჩნდა ერთმანეთის თანასწორი პარტნიორი. ქარტია-77 არის არა მხოლოდ კოალიცია კომუნისტებისა და არაკომუნისტებისა – ამაში არაფერი იქნებოდა ისტორიულად ახალი, მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც არაფერი იქნებოდა რევოლუციური – არამედ – ერთობა, რომელიც a priori ღიაა ყველასათვის და მასში არავინ იმყოფებოდა a priori დამცრობილ პოზიციაში. ასეთი იყო კლიმატი, რომელშიც ქარტია-77 შეიქმნა. ვის შეეძლო წინასწარ გაეთვალა, რომ ერთი-ორი უცნობი როკ-ჯგუფის სასამართლო საქმეს ასეთი შორსმიმავალი შედეგები მოჰყვებოდა?

ჩემი აზრით, ქარტია-77-ის სათავეები ძალიან კარგად აჩვენებს იმას, რაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ: პოსტ-ტოტარიტარულ სისტემაში ნამდვილ საფუძველს მოძრაობათათვის, რომლებიც თანდათან იძენენ პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს უდავოდ პოლიტიკური მოვლენები, არც განსხვავებულ ძალთა ან კონცეფციათა კონფრონტაცია, რასაც აშკარა პოლიტიკური ხასიათი გააჩნია. ამ მოძრაობათა უმეტესობა სათავეს იღებს ნებისმიერ სფეროში, „წინარე პოლიტიკურის“ მეტად ფართო არეალში, სადაც „ცხოვრება სიცრუეში“ უპირისპირდება „ცხოვრებას სიმართლეში“ – იქ, სადაც პოსტ-ტოტალიტარული სისტემის მოთხოვნები კონფლიქტში მოდის ცხოვრების ნამდვილ მიზნებთან. ამ ნამდვილ მიზნებს შეუძლია მიიღოს ურიცხვი ფორმა. ზოგჯერ ესაა ჯგუფის ან ინდივიდის ცხოვრების მთავარი შინაარსი ან სოციალური ინტერესი, ზოგჯერ ისინი გამოდიან გარკვეული ინტელექტუალური და სულიერი ინტერესების სახით, ზოგჯერ გამოხატავენ ყველაზე ფუნდამენტურ ეგზისტენციალურ მოთხოვნებს, როგორიცაა უბრალო სურვილი ადამიანებისა – იცხოვრონ ღირსების შეულახავად. ამგვარი კონფლიქტი ხშირად პოლიტიკურ ხასიათს იძენს არა იმიტომ, რომ ბუნება ამ მიზნებისა პოლიტიკურია, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მანიპულაციის მოცემული კომპლექსური სისტემა, რასაც ემყარება და რაზეც არის დამოკიდებული პოსტ-ტოტალიტარული რეჟიმი, ყოველი თავისუფალი ადამიანური საქციელი ან თვითგამოხატვა, ყოველი მცდელობა სიმართლეში ცხოვრებისა სისტემისათვის აუცილებლად მუქარის სახეს იღებს და ამდენად პოლიტიკურად par excellence-ს წარმოადგენს. ნებისმიერი საბოლოო პოლიტიკური გამოხატულება მოძრაობებისა, რომელნიც ამოზრდილან ამ „წინარეპოლიტიკური“ პერიფერიებიდან, მეორადი ხასიათისაა. იგი ვითარდება და იხვეწება როგორც სისტემასთან კონფრონტაციის თანმიმდევრული შედეგი და არა როგორც თავიდანვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური პროგრამა, პროექტი ან იმპულსი.

ეს ერთხელ კიდევ დაამტკიცა 1968 წლის ამბებმა. კომუნისტმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ცდილობდნენ სისტემის რეფორმა მოეხდინათ, შეიმუშავეს თავისი პროგრამა არა იმიტომ, რომ მათ უეცრად რაღაც მისტიკური განათება ეწვიათ, არამედ იმიტომ, რომ განიცდიდნენ ხანგრძლივსა და მზარდ გავლენას ცხოვრების სხვადასხვა მხრიდან, რომელთაც არაფერი ესაქმებოდათ პოლიტიკასთან, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. სინამდვილეში, ისინი ცდილობდნენ პოლიტიკური გზებით გადაეწყვიტათ სოციალური კონფლიქტები (რაც წარმოადგენდა კონფრონტაციებს სისტემის მიზნებსა და სიცოცხლის მიზნებს შორის), რასაც ყოველდღიურად საზოგადოების თითქმის ყველა ფენა განიცდიდა და რაც ღია განსჯის საგნად გაეხადათ წლების მანძილზე. უმაგრებდათ რა ზურგს ეს მაცოცხლებელი გამოძახილი საზოგადოებიდან, მეცნიერები და ხელოვანები პრობლემას მრავალწახნაგოვნად განიხილავდნენ, ხოლო სტუდენტები მოითხოვდნენ მის გადაწყვეტას.

ქარტია-77-ის წარმოშობის გენეზისიც ათვალსაჩინოებს ჩემ მიერ ნახსენებ საკითხთა მორალურ ასპექტს: ქარტია-77 შეუძლებელი იქნებოდა სრულიად განსხვავებულ ჯგუფთა მიერ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის შეგრძნებისა და იმის უეცარი გაცნობიერების გარეშე, რომ შეუძლებელია მეტი ლოდინი და რომ სიმართლე უნდა ითქვას ხმამაღლა და კოლექტიურად მიუხედავად მოსალოდნელი სანქციებისა, მიუხედავად დიდი იმედის არქონისა, რომ უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს მიიღებდნენ. „არის ზოგი ისეთი რამ, რისთვისაც ღირს ტანჯვა“, – წერდა იან პატოჩკა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ვფიქრობ, ქარტიელებს ესმით ეს, არა მარტო როგორც პატოჩკას ანდერძი, არამედ – როგორც საუკეთესო განმარტება იმისა, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

გარედან, არსებითად, სისტემისა და სახელისუფლო უპირატესობის მქონე პოზიციიდან, ქარტია-77-ის გამოჩენა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ცხადია, ეს არ იყო მეხის გავარდნა, მაგრამ გასაგებია შთაბეჭდილება, რადგან მანამდე ფერმენტი მოქმედებდა „ფარულ სფეროში“, ბინდ-ბუნდში, სადაც ძნელია სქემის შედგენა და გაანალიზება. ქარტიის გამოჩენის წინასწარ განჭვრეტა ისევე ძნელი იყო, როგორც ახლა ჭირს გათვალისწინება, საით წავა იგი. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ეს იყო ტიპური შოკი იმ მომენტებისათვის, როცა ფარული სფეროდან უეცრად რაღაც ამოიფრქვევა „სიცრუეში ცხოვრების“ მომაკდავ ზედაპირზე. რაც უფრო გამომწყვდეული ხარ მოჩვენებათა სამყაროში, მით უფრო გამაოგნებელია, როცა რამე მსგავსი ხდება.

XI

ტრადიციული გაგებით, პოლიტიკური ცხოვრება პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებში ჩახშობილი იყო. ადამიანებს საშუალება არ ჰქონდათ, საკუთარი პოლიტიკური აქტივობა საჯაროდ გამოეხატათ, მოეხდინათ პოლიტიკური ორგანიზება. ამით გამოწვეულ სიცარიელეს ავსებდა იდეოლოგიური ვაკუუმი. ბუნებრივია, ადამიანთა ინტერესი პოლიტიკური საქმიანობისადმი ინავლება და დამოუკიდებელი პოლიტიკური აზრი, რამდენადაც ის ჯერ კიდევ ბოგინობს, უმრავლესობისთვის წარმოადგენს არარეალისტურს, ყურით მოთრეულს, თვითმიზნურს, თამაშის სახეობას, რომელიც მათ ყოველდღიურობას უიმედოდაა დაცილებული. არის რაღაცა მასში მიმზიდველი, მაგრამ უაზროა, რადგან, ერთი მხრივ, მთლად უტოპიურია, მეორე მხრივ, განსაკუთრებით სახიფათოა იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ყოველი ნაბიჯი რეჟიმის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით იდევნება.

ამგვარ საზოგადოებაშიც კი არსებობენ ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც პოლიტიკა საკუთარ მოწოდებად მიაჩნიათ და, ასე თუ ისე, ესწრაფვიან დამოუკიდებელ აზროვნებას, საკუთარი თავის გამოხატვას და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკურ ორგანიზებასაც კი, რადგან ესაა ერთი აპექტი მათი მცდელობისა – იცხოვრონ სიმართლეში.

იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები არსებობენ და იღწვიან, თავისთავად უზომო მნიშვნელობა და ღირებულება გააჩნია. უმძიმეს ჟამსაც ისინი იცავენ პოლიტიკური აზროვნების უწყვეტობას. თუ რომელიმე პოლიტიკური იმპულსი იკვეთება ამა თუ იმ „წინარეპოლიტიკური“ დაპირისპირებიდან და საკმაოდ ადრე ახერხებს სათანადო გამოხატვას და ამგვარად შედარებითი წარმატების შანსებს იზრდის, მაშინ ეულ „უჯარო გენერლებს“, რომლებიც პოლიტიკური აზროვნების უწყვეტობას უთვალავი სიძნელის პირობებში იცავდნენ, შეუძლიათ სათანადო მომენტში ახალ იმპულსს საკუთარი პოლიტიკური აზრის მონაპოვარი შემატონ. ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, რომ ჩეხოსლოვაკიაში ამ პროცესის დამადასტურებელი ფაქტი უხვადაა. თითქმის ყველა, ვინც ადრეულ სამოცდაათიან წლებში პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებოდა, ვისაც უმიზეზოდ ტანჯავდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სრულიად აპათიურსა და დემორალიზებულ საზოგადოებაში დონ კიხოტებივით ლამობდნენ პოლიტიკაში რაღაც გაეკეთებინათ, დღეს, უეჭველია, ყველაზე აქტიურ ქარტიელთა შორისაა. ქარტია-77 ჯეროვნად აფასებს ზნეობრივი მსხვერრპლშეწირვის მათ მემკვიდრეობას, ისინი კი თავის მხრივ ამდიდრებენ მოძრაობას საკუთარი გამოცდილებითა და პოლიტიკური ნააზრევით.

მე მეჩვენება, რომ იმ პირთა აზროვნებას და მოქმედებას, ვისაც არასოდეს მიუტოვებია უშუალო პოლიტიკური მოღვაწეობა და ვინც მუდამ მზადაა, საკუთარ ხელში აიღოს უშუალო პოლიტიკური საქმიანობის სადავეები, სჭირს ერთი ქრონიკული ცოდვა: არასაკმარისი გააზრება პოსტ-ტოტალიტარული სისტემის, როგორც სოციალური და პოლიტიკური სინამდვილის, ისტორიული უნიკალობისა. მათ კარგად ვერ შეუგნიათ ამ სისტემისათვის დამახასიათებელი ხელისუფლების გამორჩეული თავისებურება, ამიტომ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უშუალო პოლიტიკურ საქმიანობას ტრადიციული გაგებით. მეტიც: ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ იმ „პრეპოლიტიკური“ მოვლენების და პროცესების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელნიც ანაყოფიერებენ ნიადაგს ნაღდი პოლიტიკური ცვლილებებისათვის. როგორც პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანები, ისინი ხშირად ცდილობენ იქ იქცნენ პოლიტიკურ მოქმედ პირებად, სადაც ბუნებრივი პოლიტიკური ცხოვრება უკვე ჩამკვდარა. ისინი მისდევენ ქცევის მოდელებს, რომლებიც შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებას მოერგებოდნენ; ამდენად მათ შეუგნებლად შემოაქვთ აზროვნების მოძველებული წესი, ძველი ჩვევები, კონცეფციები, კატეგორიები, ცნებები და ცდილობენ მიუყენონ სრულიად ახალსა და რადიკალურად განსხვავებულ პირობებს ისე, რომ ვერ შეუგნიათ მათი მნიშვნელობა და არსი ახალ ვითარებაში: ვთქვათ, რას ნიშნავს ახლა პოლიტიკა, რამ შეიძლება შეიძინოს პოლიტიკური ზეგავლენის ძალა და პოტენცია და რა გზით. ამის გამო ასეთი ადამიანები პოლიტიკურ სტრუქტურებში არ მონაწილეობენ და არ შეუძლით უშუალო ზემოქმედება ამ სტრუქტურებზე (ამიტომაც რჩებიან ერთგულნი იმ ტრადიციული პოლიტიკური ცნებებისა, რომლებიც მუშაობენ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებებში ან კლასიკურ დიქტატურებში). ხშირად ისინი გარკვეული აზრით კარგავენ რეალობის გრძნობას. რატომ უნდა დავუშვათ სინამდვილესთან კომპრომისები, ამბობენ ისინი, თუ ჩვენ მიერ წამოყენებული არც ერთი პროექტი არ იქნება მიღებული. ამგვარად, ისინი უთუოდ უტოპიური აზროვნების სამყაროში იმყოფებიან.

მე უკვე ვცადე, მეჩვენებინა, რომ ჭეშმარიტად შორს მიმავალი მოვლენები პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში იმავე წყაროებიდან და იმავენაირად არ წარმოდგება როგორც დემოკრატიის პირობებში. და თუ დიდი ნაწილი ხალხისა განწყობილია ინდიფერენტულად, სკეპტიკურადაც კი ალტერნატიული პოლიტიკური მოდელებისა და პროგრამების და არაოფიციალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაარსების მიმართ, ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ საჯარო საქმეებისადმი საყოველთაო აპათია დაუფლებიათ და დაუკარგავთ „მაღალი პასუხისმგებლობის“ გრძნობა. სხვა სიტყვებით: ეს არ არის შედეგი დემორალიზაციისა. ამ მიმართებით მცირეოდენი ჯანმრთელი სოციალური ინსტინქტიც არსებობს. ხალხი რაღაცნაირად ინტუიციურად გრძნობს, რომ „არაფერია მარადიული“ და ამიტომ დღეიდან საქმე სრულიად სხვაგვარად უნდა გაკეთდეს.

თუ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში ბოლო წლებში ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური იმპულსი დასაბამს იღებს – სანამ ოფიციალური ხელისუფლების დონეზე შეიცნობდნენ – უფრო მათემატიკოსებთან, ფილოსოფოსებთან, ფიზიკოსებთან, მწერლებთან, ისტორიკოსებთან, რიგით მუშებთან და ა.შ. ვიდრე პოლიტიკოსებთან და თუ სხვადასხვა „დისიდენტურ მოძრაობათა“ მამოძრავებელი ძალა წარმოდგება „არაპოლიტიკური“ პროფესიებიდან, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ეს ხალხი იმათზე ჭკვიანია, ვისაც თავი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსებად მიაჩნიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ არაპოლიტიკოსი ტრადიციული პოლიტიკური აზროვნებათა და პოლიტიკური ჩვევებით შებოჭილი არაა. ამიტომ პარადოქსული კია, მაგრამ ისინი უკეთ წვდებიან უტყუარ პოლიტიკურ რეალობას და უკეთ გრძნობენ, რისი გაკეთება შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს მოცემულ ვითარებში.

სხვა გზა არა ჩანს: მნიშვნელობა არა აქვს ალტერნატიული პოლიტიკური მოდელის მომხიბვლელობას, მას მეტ ხანს აღარ შეუძლია „ფარულ სფეროს“ ელაპარაკოს, შთააგონოს ხალხი და საზოგადოება, მოუწოდოს რეალური პოლიტიკური ფერმენტის ამოქმედებისაკენ. პოტენციური პოლიტიკის რეალური სფერო პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში სხვაგანაა: უწყვეტ და სასტიკ დაძაბულობაში სისტემის რთულ მოთხოვნებსა და ცხოვრების მიზნებს შორის. ადამიანთა ელემენტარული მოთხოვნაა, იცხოვრონ, ყოველ შემთხვევაში, რაღაცნაირად მაინც, საკუთარ თავთან ჰარმონიაში, იცხოვრონ ასატანი ცხოვრებით, არ იყვნენ დამცირებულნი უფროსობისა და ოფიციოზის მიერ, არ იყვნენ განუწყვეტლივ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, შეეძლოთ შეუბოჭავად თავის გამოხატვა, მისცენ გასაქანი საკუთარ შემოქმედობითობას, იყვნენ უზრუნველყოფილნი კანონიერი უსაფრთხოებით და ა.შ. ყოველივე, რაც ამ სფეროს კონკრეტულად ეხება, ყოველივე, რაც ამ ფუნდამენტურ, საყოველთაო და სიცოცხლისმიერ დაძაბულობას ენათესავება, გარდაუვლად მოძებნის ენას ადამიანებთან. იდეალური პოლიტიკური ან ეკონომიკური წყობის აბსტრაქტული პროექტები სულაც არ აინტერესებთ და სამართლიანადაც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ იცის, წარმატების რაოდენ მცირე შანსი გააჩნიათ, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ადამიანები გრძნობენ, რაც უფრო დაშორებულია პოლიტიკა კონკრეტულ ადამიანურ „აქ და ახლა“-ს, მით უფრო თვალს აპყრობს აბსტრაქტულ „ოდესმე“-ს, მით უფრო იოლად იძენს ადამიანური მონობის, გადაგვარების ახალ ფორმებს. მხოლოდ პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში მცხოვრებმა ხალხმა იცის კარგად, რომ მრავალპარტიული მმართველობა, ამ პარტიების მიერ თავის დადგენა და სახელის მიკუთვნება გაცილებით ნაკლები მნიშვნელობისაა ვიდრე საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა იცხოვრო ისე, როგორც ადამიანს შეეფერება.

ტრადიციული პოლიტიკური კატეგორიებისა და ჩვევების ტვირთის ჩამოხსნა, ადამიანური არსებობის სამყაროს წინაშე სრული ღიაობა და მხოლოდ შემდეგ მათი გაანალიზების საფუძველზე დასკვნების გამოტანა არის არა მარტო პოლიტიკურად უფრო რეალისტური, არამედ „იდეალური სახელმწიფო მოღვაწეობის“ თვალსაზრისითაც პოლიტიკურად გაცილებით მეტის მომცემი. უტყუარი, ღრმა და ჟამიერი ცვლილება უკეთესობისათვის – შევეცდები სადმე ეს ვაჩვენო – არ შეიძლება სახელდობრ ამა თუ იმ ტრადიციული პოლიტიკური კონცეფციის გამარჯვების საფუძველზე ხდებოდეს (თუ საერთოდ არის კი შესაძლებელი ასეთი გამარჯვება); ეს კონცეფცია უთუოდ მხოლოდ გარეგნული, სტრუქტურის ან სისტემის ხასიათის იქნებოდა. აღნიშნული ცვლილება უწინდელზე მეტად წარმოდგება ადამიანთა არსებობიდან, სამყაროში მათი პოზიციიდან, მათ მიერ საკუთარ თავთან, ერთმანეთთან, უნივერსუმთან დამოკიდებულების ძირეული აღდგენიდან. თუ უკეთესი ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი შესაქმნელია, მაშინ შესაძლოა სხვა უწინდელ მოდელებთან შედარებით მას მართებდეს – ამოვიდეს საზოგადოების ღრმა ეგზისტენციალური და ზნეობრივი გარდაქმნებიდან. იგი არ უნდა იყოს რაღაც ისეთი, რომლის დიზაინს გააუმჯობესებ და ახალი ავტომობილივით წარადგენ. ის უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე უწინდელი გადაგვარების ახალი ვარიანტი, მიუხედავად ყველაფრისა, იგი უნდა იყოს ცხოვრების გამოხატვა საკუთარი თავის გარდაქმნის პროცესში. უკეთესი სისტემა ავტომატურად უკეთეს ცხოვრებას არ გამოიწვევს. სინამდვილეში, საპირისპირო აზრი უფრო ჭეშმარიტია: მხოლოდ ცხოვრების გაუმჯობესებით შეიძლება უკეთესი სისტემის შექმნა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე არ მესმის პოლიტიკური აზროვნებისა და კონცეფციური პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობა. პირიქით, მიმაჩნია, რომ უტყუარი პოლიტიკური აზროვნება და უტყუარი პოლიტიკური საქმიანობა არის არსებითად ის, რის მიღწევასაც ჩვეულებრივ ვერ ვახერხებთ. „უტყუარს“ რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს აზროვნების ნებისა და კონცეფტუალური მოღვაწეობის ის სახეობა, რომელიც თავისუფალია ტრადიციული პოლიტიკური სქემის ტყვეობისაგან, ჩვენს პირობებში გადმონერგილი რომაა იმ სამყაროდან, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება (ხოლო შესაძლებელიც რომ იყოს იმის დაბრუნება, ვერ გადაწყვეტდა უმნიშვნელოვანეს პრობლემას).

მეორე და მეოთხე ინტერნაციონალებს, მრავალი სხვა პოლიტიკური ძალისა და ორგანიზაციის დარად, ბუნებრივია, შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინონ ჩვენს არა ერთ ძალისხმევას, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ჩვენი პრობლემების გადაჭრა. ისინი განსხვავებულ სამყაროში მოქმედებენ და წარმოადგენენ სხვადასხვა გარემოებათა ნაყოფს. მათი თეორიული მოსაზრებანი შეიძლება საინტერესო და ჭკუის საწავლებელი იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენ არ შეგვიძლია გადავჭრათ ჩვენი პრობლემა მარტივად – ამ ორგანიზაციებთან თავის გაიგივებით. მცდელობა იმისა, რომ ჩვენში დავნერგოთ დემოკრატიულ საზოგადოებათა პოლიტიკური ცხოვრების წარმმართველი დებატებიდან გამომდინარე შედეგები, ხშირად წმინდა წყლის სისულელეს წარმოადგენს. არ შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო იმაზე, გვინდა სისტემის გამოცვლა თუ უბრალოდ რეფორმების გატარება. იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ეს ფსევდო პრობლემაა. ჯერ-ჯერობით რომელიმე მიზნის მისაღწევი გზაც არა ჩანს. ჩვენ ნათლად ისიც არ ვიცით, სად მთავრდება რეფორმები და სად იწყება სისტემის შეცვლა. უამრავი მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ არც რეფორმა და არც შეცვლა რამის გარანტი არაა. ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენთვის სულ ერთია სისტემა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, კერძო დოქტრინის შუქზე „შეცვლილი“ გამოჩნდება თუ „რეფორმირებული“. ჩვენთვის საკითხი ასე დგას: შეგვიძლია თუ არა ვიცხოვროთ ღირსების შეულახავად ამ სისტემაში და ემსახურება თუ არა იგი ადამიანებს. ჩვენ ვიბრძვით ამის მისაღწევად ჩვენთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით, რომელთაც აზრი გააჩნიათ. პოლიტიკურ ბანალობაში ჩაძირულმა დასავლელმა ჟურნალისტებმა შეიძლება კანონით ზედმეტი გატაცება, მეტისმეტი რისკი, რევიზიონოზმი, კონტრევოლუციურობა, ბურჟუაზიულობა, კომუნისტობა, მემარჯვენეობა, მემარცხენეობა მოგვაწერონ, მაგრამ ეს ჩვენ ყველაზე ნაკლებ გვაღელვებს. არის ცნება, რომელიც მუდმივი წყაროა შეცბუნებისა, არსებითად იმიტომ, რომ ჩვენში სრულიად განსხვავებული გარემოდან არის შემოტანილი, ესაა ცნება ოპოზიციისა. რას ნიშნავს ზუსტად ოპოზიციის ცნება პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში?

მმართველობის ტრადიციული საპარლამენტო სისტემის მქონე დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკური ოპოზიცია გაგებულია, როგორც პოლიტიკური ძალა მოქმედი ხელისუფლების დონეზე (უფრო ხშირად პარტია ან პარტიათა კოალიცია), რაც მთავრობის ნაწილს არ წარმოადგენს. მას გააჩნია ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამა, მიზნად აქვს მმართველობა, მას აღიარებს და პატივს სცემს ხელისუფლებაში მყოფი მთავრობა როგორც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბუნებრივ ელემენტს. იგი ცდილობს თავისი გავლენა პოლიტიკური საშუალებებით განავრცოს და იბრძვის ძალაუფლებისათვის შეთანხმებით მიღწეული ლეგალური წესდების საფუძველზე.

ოპოზიციის ამ სახეობის გარდა დამატებით არსებობს „ექსტრა პარლამენტური ოპოზიციის“ რომელიც შედგება მეტ-ნაკლებად ოფიციალური ხელისუფლების დონეზე ორგანიზაციული ძალებისაგან, მაგრამ რომელიც მოქმედებს სისტემის მიერ დადგენილი წესების გარეთ და ამ სისტემისთვის უცხო საშუალებებს იყენებს.

კლასიკურ დიქტატურებში ოპოზიციის ცნება გაგებულია პოლიტიკურ ძალად, რომელიც გამოდის ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამით. ოპოზიცია მოქმედებს კანონის საფუძველზე ან კანონის მიჯნაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მას არ შეუძლია ძალაუფლებისათვის იბრძოლოს შეთანხმებით მიღწეული წესდების საზღვრებში. ასევე, ოპოზიცია შეიძლება ეწოდოს ძალებს, რომელნიც ემზადებიან მართველ ძალაუფლებასთან სასტიკი კონფრონტაციისთვის, ან ვისაც თავი უკვე მიაჩნია კონფრონტაციაში, როგორიცაა პარტიზანული ჯგუფები ან განმათავისუფლებელი მოძრაობანი.

პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში ოპოზიცია არც ერთი ამ აზრით არ არსებობს. მაშინ რა აზრით შეიძლება ამ ტერმინის ხმარება?

1. ზოგჯერ ტერმინი „ოპოზიცია“ – უმეტესად დასავლელი ჟურნალისტების მიერ – იხმარება ხელისუფლების სტრუქტურის შიგნით იმ პირთა ან ჯგუფთა მისამართით, რომლებიც ფარულ კონფლიქტში არიან უმაღლეს ავტორიტეტებთან; კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს კონცეფტუალური ხასიათის განსხვავებანი (ცხადია, არა მეტისმეტად თვალში საცემი), მეტ წილად კი უბრალო სწრაფვა ძალაუფლებისათვის ან პიროვნული ანტიპათია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ.

2. ოპოზიცია ესმით კიდევ როგორც ყველაფერი ის, რასაც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს შემოვლითი პოლიტიკური ეფექტი უკვე ნახსენები აზრით, ანუ ყველაფერი ის, რასაც პოსტ-ტოტალიტარული სისტემა სახიფათოდ მიიჩნევს, ეს კი ფაქტიურად ნიშნავს, რომ სახიფათო შეიძლება იყოს ყველაფერი. ამ აზრით, ნებისმიერი მცდელობა სიმართლეში ცხოვრებისა არის ოპოზიცია, მოყოლებული ვიტრინაში ლოზუნგის გამოუკიდებლობიდან და დამთავრებული თავისუფლად დაწერილი ლექსით ან ყოველივე ის, რაშიც ცხოვრების ნამდვილი მიზნები სისტემის მიზნების ნაცვლად იჩენს თავს.

3. უფრო ხშირად ოპოზიცია გაგებულია (ისევ უმეტესად დასავლელ ჟურნალისტთა მიერ) როგორც ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავის პოზიციას და კრიტიკულ შეხედულებებს, არ მალავენ საკუთარ აზრს და რომელთაც, ცოტად თუ ბევრად, თავი მიაჩნიათ პოლიტიკურ ძალად. ამ აზრით „ოპოზიციის“ ცნება მეტ-ნაკლებად ემთხვევა „დისიდენტობას“ თუმც, რა თქმა უნდა, საკამათოა, ამ უკანასკნელთაგან ვის შეიძლება მიეკუთვნოს ეს იარლიყი და ვის არა. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად მიაჩნიათ საკუთარი ძალმოსილება უშუალო პოლიტიკურ ძალად და ესწრაფვიან თუ არა რეალურ ხელისუფლებაში მონაწილეობას, არამედ იმაზე, თითოეულს როგორ ესმის „ოპოზიციის“ ცნება.

კიდევ ერთი მაგალითი: ქარტია-77-მა თავდაპირველ დეკლარაციაში ხაზი გაუსვა, რომ იგი ოპოზიციას არ წარმოადგენდა, რადგან მიზნად არ ჰქონია ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამის წარმოდგენა. იგი თავის მისიას ხედავს სხვაში, ამიტომაც არ შეუმუშავებია ასეთი პროგრამა. თუ ალტერნატიული პროგრამის წარმოდგენა განსაზღვრავს ოპოზიციის არსს პოსტტოტალიტარულ სისტემაში, მაშინ ქარტია არ შეიძლება ოპოზიციად ჩაითვალოს.

ჩეხოსლოვაკიის მთავრობას კი მიაჩნდა, რომ ქარტია-77 თავიდანვე ოპოზიციის ასოციაციას წარმოადგენდა და შესაბამისადაც ეპყრობოდა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას – და ეს ბუნებრივია – ტერმინი „ოპოზიცია“ მეტ-ნაკლებად ისე ესმის, როგორც მე განვმარტე მეორე მუხლში: ოპოზიციაა ყველაფერი ის, რაც საყოველთაო მანიპულაციას არ ექვემდებარება და ამიტომ უარყოფს პრინციპს, რომ სისტემას აბსოლუტური უფლებამოსილება გააჩნია ინდივიდზე.

თუ ოპოზიციის ამ განსაზღვრას მივიღებთ, მთავრობის კვალად ქარტია ნამდვილ ოპოზიციად უნდა მივიჩნიოთ, რადგან იგი სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს პოსტ-ტოტალიტარული ხელისუფლების ურღვევობას, რაც „სიცრუეში ცხოვრების“ საყოველთავობას ეფუძნება.

საქმის არსი სულ სხვაგვარად წარმოდგება, როცა ამას შევხედავთ ქარტია-77-ზე ზოგიერთი ხელმომწერის პოზიციიდან – მიაჩნიათ თავი თუ არა თავი ოპოზიციად. მე იმგვარი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტერმინ „ოპოზიციის“ მათეული გაგება ემყარება ამ სიტყვის ტრადიციულ გაგებას, როგორც ის დამკვიდრდა დემოკრატიულ საზოგადოებებში (ან კლასიკურ დიქტატურებში); ამიტომ ჩეხოსლოვაკიაშიც „ოპოზიცია“ ესმით როგორც პოლიტიკურად განსაზღვრული ძალა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ, არა თუ მომქმედი ხელისუფლების დონეზე, არამედ მთავრობის მიერ დადგენილი გარკვეული წესების საზღვრებშიც არ მოქმედებს, უარს არ იტყოდა ოფიციალურ ხელისუფლებაში მონაწილეობაზე; გარკვეული აზრით, მას გააჩნია პოლიტიკური პროგრამა, რომლის შემდგენელნიც მზად არიან უშუალო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ. ქარტიელთა დიდი უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. ამ აზრს მხოლოდ უმცირესობა იზიარებს, თუმც მათთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს, რომ ქარტია-77-ში ამ სახის „ოპოზიციური“ აქტივობისთვის ადგილი არ არის. ამავე დროს ალბათ ნებისმიერი ქარტიელი საკმარისად ერკვევა პოსტ-ტოტალიტარული სისტემის პირობათა სპეციფიკურ ბუნებაში, რათა ესმოდეს, რომ მათი ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ბრძოლაა, რასაც თავისებური პოლიტიკური ძალა გააჩნია, არამედ შეუდარებლად „უწყინარი“ საქმიანობა, რისთვისაც იგი შეიძლება გაგებულ იქნას ოპოზიციის ერთ ასპექტად. ამ აზრით „ოპოზიციონერობას“ ვერც ერთი ქარტიელი ვერ უარყოფს.

აქ სხვა გარემოებაცაა, რაც საქმეს შედარებით ართულებს. მრავალი ათეული წლის მანძილზე საბჭოთა ბლოკში საზოგადოების მმართველი ხელისუფლება იარლიყს – „ოპოზიცია“ იყენებდა როგორც უმძიმეს ბრალდებას, როგორც სიტყვა „მტრის“ სინონიმს. ვინმეს „ოპოზიციონერად“ მონათვლა ნიშნავს, ბრალად დასდო მთავრობის გადაგდება და სოციალიზმისათვის ბოლოს მოღების მცდელობა (ცხადია, ქირას იმპერიალისტები უხდიან). ხშირად მომხდარა, რომ ეს იარლიყი მიუკერებიათ აშკარა ავაზაკებისათვის. ცხადია, ადამიანებს მაინცდამაინც არ ეხალისებათ ამ იარლიყის მოპოვება. ეს, რაც ტერმინს შეეხება. ხოლო, რაც სინამდვილეში ხდება, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაც მიეწერება.

ბოლო მიზეზი ამ ტერმინის მიუღებლობისა ისაა, რომ „ოპოზიციის“ ცნებაში არის რაღაც ნეგატიური. ადამიანები, რომლებიც თავს მას მიაკუთვნებენ, ამოდიან სიტყვიდან „ოპოზიცია“. სხვაგვარად: ისინი თავს განიხილავენ საზოგადოების მმართველ ხელისუფლებასთან სპეციფიკურ ნათესაობაში, თავს ამ რეჟიმის პოზიციიდან განისაზღვრავენ, გამოჰყავთ რა საკუთარი „პოზიცია“ რეჟიმის პოზიციიდან. იმ ადამიანებისათვის, რომელთაც გადაუწყვეტიათ იცხოვრონ სიმართლეში, საჯაროდ თქვან, რასაც ფიქრობენ, გამოხატონ სოლიდარობა თანამოქალაქეებისადმი, შემოქმედებაში იხელმძღვანელონ საკუთარი ნება-სურვილით, უბრალოდ, იცხოვრონ თავის უკეთეს „მე“-სთან ჰარმონიაში, ბუნებრივია, მისაღები არაა, საკუთარი ორიგინალური და პოზიტიური „პოზიცია“ ნეგატიურად განსაზღვრონ, დაინახონ საკუთარი თავი უარმყოფელთა როლში და არა იმ ადამიანებად, რომელნიც, რაც არიან, ის არიან.

აშკარაა, რომ ერთადერთი გზა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ისაა, რომ ამ ტერმინის გამოყენებამდე გაირკვას, რა აზრით იხმარება ტერმინები „ოპოზიცია“, „ოპოზიციონერი“ და როგორ ესმით ის ჩვენს პირობებში.

XIII

თუ ტერმინი „ოპოზიცია“ პოსტტოტალიტარულ სისტემაში შემოიტანეს დემოკრატიული საზოგადოებებიდან ისე, რომ ზოგადად არც კი შეთანხმებულან, რას ნიშნავს ეს სიტყვა ეგზომ განსხვავებულ პირობებში, სამაგიეროდ, დასავლელი ჟურნალისტების მიერ შერჩეული ტერმინი „დისიდენტი“ მიღებულია საერთოდ როგორც იარლიყი სპეციფიკურად პოსტ-ტოტალიტარული სისტემისათვის დამახასიათებელი ფენომენისათვის, რასაც თითქმის ადგილი არა აქვს – ყოველ შემთხვევაში ამ ფორმით მაინც – დემოკრატიულ საზოგადოებებში.

ვინ არიან ეს „დისიდენტები“?

ეს ტერმინი უპირატესად მიეყენება საბჭოთა ბლოკის მოქალაქეებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ, იცხოვრონ სიმართლეში და დამატებით შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ:

1. ისინი თავის არაკონფორმისტულ პოზიციას და კრიტიკულ შეხედულებებს საჯაროდ და სისტემატურად გამოხატავენ მათთვის ხელმისაწვდომ ძალიან მკაცრ საზღვრებში; ამიტომ მათ იცნობს დასავლეთი.

2. მიუხედავად იმისა, რომ შინ არაფერს უქვეყნებენ და მთავრობა ყოველმხრივ ავიწროებთ, ისინი საკუთარი მდგომარეობის წყალობით მაინც ახერხებენ, მოიპოვონ გარკვეული ავტორიტეტი როგორც ხალხის, ისე მთავრობის მხრიდან; ამგვარად, მათ ნამდვილად გააჩნიათ ძალიან დასაზღვრული და მეტად უცნაური განზომილების შუალობითი, მაგრამ რეალური ძალაუფლება თავიანთ სფეროში. ეს იცავთ მათ დევნა-შევიწროების სხვა უარესი ფორმებისაგან, ყოველ შემთხვევაში, აძლევთ გარანტიას, რომ მთავრობას მათი დევნა გარკვეულ პოლიტიკურ გართულებად დაუჯდება.

3. მათი კრიტიკული ხედვისა და ვალდებულების ჰორიზონტი შორდება უშუალო გარემოებათა და თავისებურ ინტერესთა კონტექსტს და მოიცავს უფრო ზოგად საფუძვლებს; ამგვარად, მათი ნამუშაკევი თავისი არსით ხდება პოლიტიკური, თუმც მათი აზრი საკუთარ თავზე, როგორც უშუალო პოლიტიკურ ძალაზე, შეიძლება ნაკლებ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

4. ამ ადამიანებს ახასიათებთ მიდრეკილება ინტელექტუალური საქმიანობისადმი. ესენი არიან „მწერლები“. მათ მიერ დაწერილი სიტყვა უპირველესი და ხშირად ერადერთი პოლიტიკური მედიუმია, რაც ხელთ აქვთ და რითაც შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება, განსაკუთრებით – საზღვარგარეთიდან. სხვა ყველა საშუალება, რომლითაც ცდილობენ იცხოვრონ სიმართლეში, უცხოელი და დამკვირველისთვის ან ჩამალულია ადგილობრივ მოუხელთებელ გარემოებებში ან, თუ მაინც სცილდება ადგილობრივ ჩარჩოებს, უცხოელისთვის ის მაინც ნაკლებ საჩინო დამატებაა ნაწერებისა.

5. მიუხედავად მათი ნამდვილი მოწოდებისა, ამ ხალხზე დასავლეთში ლაპარაკობენ უფრო ან როგორც იდეურ მოქალაქეებზე ანდაც მათი შრომების პოლიტიკურ ასპექტზე და არა მათ „რეალურ“ საქმიანობაზე სათანადო სფეროში. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ აქ უჩინარ სამანს სცილდები – ამის სურვილის ანდაც ცოდნის გარეშე – ამის შემდეგ, როგორც მწერალს ისე კი აღარ გეპყრობიან, რომელიც შეშფოთებული, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეცაა, არამედ როგორც „დისიდენტს“, რომელსაც ლამის შემთხვევით (ალბათ მოცლილობისას) პიესებიც შემოეწერება ხოლმე. უეჭველია, არიან ადამიანები, ყველა ამ კრიტერიუმს რომ აკმაყოფილებენ. საკამათო ისაა, საჭიროა თუ არა ამ განსაზღვრული ჯგუფისთვის სპეციალური ტერმინის შემოღება თუ უნდა დარჩეთ სახელად „დისიდენტები“? მაგრამ ეს უკვე ფაქტია და ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ზოგჯერ კომუნიკაციის გასაიოლებლად თავადაც გვიწევს იარლიყების გამოყენება, მაგრამ ამას ვაკეთებთ უხალისოდ, ირონიით და თითქმის მუდამ ბრჭყალებში ვსვამთ.

ალბათ ახლა უპრიანი იქნებოდა, აღგვენიშნა ზოგიერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ეხეტებათ გულზე „დისიდენტებს“ ამ სახელით მოხსენება. ჯერ ერთი, ეს სიტყვა პრობლემურია შინაარსობრივადაც, პრესის მიხედვით „დისიდენტი“ ნიშნავს რაღაც „რენეგატის“ ან „რჯულის დამგდების“ მაგვარს. დისიდენტებს თავი არ მიაჩნიათ რენეგეტებად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც არაფერს უარყოფენ და არც რამეს უგულებელყოფენ. პირიქით, ცდილობენ დაადგინონ საკუთარი ადამიანური თვითობა. და თუ მაინც რამეს უარყოფენ, ესაა სწორედ „ცხოვრება სიცრუეში“.

მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. ტერმინი „დისიდენტი“ ხშირად გამორჩეულ პროფესიას აღნიშნავს, თითქოს ჩვეულებრივ საქმიანობათა ბარდაბარ ადგილი ჰქონდეს უჩვეულოსაც ანუ არსებული ვითარებით უკმაყოფილებას. სინამდვილეში „დისიდენტი“ შეიძლება იყოს უბრალოდ ფიზიკოსი, სოციოლოგი, მუშა, პოეტი – ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც გრძნობს, რომ უნდა აკეთებდეს. აქედან გამომდინარე რეჟიმთან ღია კონფლიქტში აღმოჩნდებიან ხოლმე. ამ კონფლიქტს ისინი შეგნებულად არ იწვევენ. იგი გამომდინარეობს მათი აზროვნების, ქცევის, მუშაობის შინაგანი ლოგიკიდან (რაც ხშირად კონფრონტაციაში აღმოჩნდება ხოლმე ცოტა თუ ბევრად მათი კონტროლის მიღმა მყოფ გარემოებებთან). სხვა გვარად რომ ვთქვათ, მათ შეგნებულად არ აურჩევიათ პროფესიული მეამბოხეობა, ვთქვათ, მსგავსად იმ კაცისა, ვისაც განუზრახავს, თერძი ან მჭედელი გახდეს.

სინამდვილეში, სანამ კარგად არ ჩამოყალიბდებიან ხოლმე „დისიდენტებად“, თავი ასეთად არც მიაჩნიათ. „დისიდენტობის“ მოტივები შორსაა ტიტულებისა და დიდებისაგან. მოკლედ, ისინი შეგნებულად არ ხდებიან „დისიდენტები“. დღე-ღამეში 24 საათიც რომ იშრომონ ამის მისაღწევად, „დისიდენტობა“ მაინც არ იქნება მათი პროფესია, მხოლოდ და მხოლოდ – მათი ეგზისტენციალური პოზიცია. უფრო მეტიც, ეს პოზიცია არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამორჩეულ საკუთრებას იმ პირებისას, ვინც დაიმსახურა „დისიდენტის“ ტიტული მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლო დაეკმაყოფილებინა უკვე ნახსენები შემთხვევითი გარეგანი პირობები. ათასობით ადამიანი ცდილობს იცხოვროს სიმართლეში, მილიონობით ადამიანს სურს ეს, მაგრამ ვერ ახერხებს. იქნებ იმ პირობებში, რომელშიც მათ უხდებათ ცხოვრება, ამისათვის გაცილებით მეტი სითამამეა საჭირო მასთან შედარებით, ვინც უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი. თუ ამ ხალხში ბედად რამდენიმე ათეული გამორჩეულა და განსაკუთრებულ კატეგორიაში მოხვედრილა, მაშინ ამას შეუძლია სავსებით წაახდინოს ზოგადი სურათი. ეს ხდება ორნაირად: ან მიიჩნევა, რომ „დისიდენტები“ ცნობილ ადამიანთა ჯგუფია – „მფარველობის ქვეშ მყოფი რჩეულნი“, რომელთაც ნება აქვთ დართული, აკეთონ ისეთი რამეები, რომელთა გაკეთების უფლებაც სხვას არ გააჩნია. მათ მთავრობა კიდეც ხელს უწყობს, რათა აჩვენოს თავისი შემწყნარებლობა; ანდაც იქმნება ილუზია, რომ არსებობს ერთი მუჭა უკმაყოფილოები, რომელთაც ცხოვრებაში რაღაც დააკლდათ, ყველა სხვა დანარჩენი კი კმაყოფილია. ასე რომ არ იყოს, მაშინ ისინიც „დისიდენტები“ გახდებოდნენ.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ამგვარი კატეგორიზაცია უნებლიედ ისეთ შთაბეჭდილებას განამტკიცებს, თითქოს „დისდენტების“, როგორც ჯგუფის, უპირველესი საზრუნავი ყოფილიყო უფლება რაღაც საკუთრებაზე, თითქოს მთელი მათი დავა მთავრობასთან სხვა არაფერი იყოს, თუ არა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის გაუგებარი კონფლიქტი, რომელიც საზოგადოებას არ ეხება. მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება ძირში უპირისპირდება „დისიდენტების“ პოზიციის რეალურ მნიშვნელობას, ამ უკანასკნელს განსაზღვრავს სხვა ადამიანთა ბედითა და მთელი საზოგადოების შეჭირვებით დაინტერესება, სხვა სიტყვებით, მას განსაზღვრავს იმათით დაინტერესება, ვინც ხმას არ იღებს. თუ დისიდენტებს მაინც გააჩნიათ რაღაც ავტორიტეტი, თუ კარგა ხნის წინ არ გაუნადგურებიათ ეგზოტიკური მწერებივით, რომლებიც სწორედ იქ გამოჩნდებიან ხოლმე, სადაც არაფერი ესაქმებათ, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ამ გამორჩეულ ჯგუფს და გამორჩეულ იდეებს მთავრობა შიშში ამყოფებს, არამედ ის, რომ მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული „სიმართლეში ცხოვრების“ პოტენციური პოლიტიკური ძალა, ფარულ სფეროში რომ არის ჩაფესვებული; ისიც კარგად მოეხსენება, „დისიდენტობა“ რომელი სამყაროდან იზრდება და რომელ სამყაროს მიემართება ანუ ყოველდღიურ ადამიანურ სამყაროს, ცხოვრების მიზნებსა და სისტემის მიზნებს შორის ყოველდღიური დაძაბულობის სამყაროს (უკეთესი სამხილი რაღა იქნება, ვიდრე მთავრობის მოქმედება ქარტია-77-ის შემდეგ, როცა მან წამოიწყო კამპანია მთელი ერის იძულებისა, ქარტია-77 მცდარად გამოეცხადებინა. მილიონმა ხელმოწერამ სხვა დანარჩენთან ერთად დაადასტურა, რომ სწორედ საპირისპირო იყო მართალი). პოლიტიკური ორგანოები და პოლიცია ამგვარ უზომო ყურადღებას „დისიდენტებს“ არ დაუთმობდა – ამას შეეძლო შთაბეჭდილების შექმნა, რომ მთავრობას ეშინია მათი, როგორც ალტერნატიული სახელისუფლო დაჯგუფებისა – ისინი რომ მართლა ყოფილიყვნენ ამგვარი პოლიტიკური დაჯგუფება. საქმე ისაა, რომ ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩვეულებრივი პრობლემებით; დანარჩენებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ხმამაღლა ამბობენ იმას, რის თქმასაც სხვები ვერა ბედავენ. მე უკვე ვახსენე სოლჟენიცის პოლიტიკური გავლენა; იგი მდგომარეობს არა გამორჩეულ პოლიტიკურ ძალაში, რასაც ის, როგორც ინდივიდი ფლობს, არამედ – გულაგის მილიონობით მსხვერპლის გამოცდილებაში, რასაც მან უბრალოდ თავი მოუყარა და ამცნო მილიონობით კეთილი ნების ადამიანს.

ცნობილ ან გამოჩენილ ადამიანთა კატეგორიის დაკანონება სინამდვილეში მათი ქცევის ნამდვილი ზნეობრივი ასპექტის უარყოფას ნიშნავს. როგორც ვნახეთ, „დისიდენტური მოძრაობა“ ამოდის თანასწორობის პრინციპებიდან, რაც ემყარება იმის შეგნებას, რომ ადამიანთა უფლებები და თავისუფლება განუყოფელია. და მართლაც, განა „ცნობილი დისიდენტები“ არ გაერთიანდნენ „კორ“-ში რათა უცნობი მუშები დაეცვათ? და განა სწორედ ამის გამო არ გახდნენ ისინი „ცნობილი დისიდენტები“? და განა „ცნობილი დისიდენტები“არ გაერთიანდნენ ქარტია-77-ში მას მერე, რაც უცნობი მუსიკოსების დაცვამ შეყარა ერთად? და განა ისინი ქარტიაში უპირატესად მათთან ერთად და არსებითად მათ გამო არ გახდნენ „ცნობილი დისიდენტები“? მართლაც უწყალო პარადოქსია იმაში, რომ, რაც უფრო მეტად იცავს ესა თუ ის მოქალაქე სხვა მოქალაქეებს, მით უფრო მიაწერენ ისეთ სახელს, რომელიც გარიყავს „სხვა მოქალაქეთაგან“.

ეს განმარტება, ვიმედოვნებ, ცხადს გახდის ბრჭყალების მნიშვნელობას, სიტყვა „დისიდენტს“ რომ ვსვამ მთელ ამ ესეში.

XIV

იმ ხანად, როცა ჩეხეთი და სლოვაკია ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და არ არსებობდა არც ისტორიული, არც პოლიტიკური, არც ფსიქოლოგიური, არც სოციალური პირობა, რაც თვითდადგენის საშუალებას მისცემდა ჩეხებსა და სლოვაკებს ამ იმპერიის ფარგლებს გარეთ, ტ.გ. მასარიკმა ჩამოაყალიბა ჩეხოსლოვაკიური ეროვნული პროგრამა, „მცირე საქმის“ (drobná práce) ცნებას რომ ემყარებოდა. მასში პატიოსანსა და პასუხისმგებელობით შესრულებულ სამუშაოს გულისხმობდა ცხოვრების სრულიად განსხვავებულ არეებში, ოღონდ არსებული სოციალური წყობის შიგნით, სამუშაოს, რომელსაც სტიმული უნდა მიეცა ერის შემოქმედებითი ცხოვრებისა და საკუთარი ძალების რწმენისათვის. ბუნებრივია, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა გონებრივსა და საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე, ცხოვრების ზნეობრივსა და ჰუმანურ ასპექტებზე. მასარიკს სწამდა, რომ ერთადერთი ამოსავალი ღირსეული ეროვნული ბედის წარმართვისა თავად ჰუმანურობა უნდა ყოფილიყო. ჰუმანურობის პირველ ამოცანას შეადგენდა ადამიანური ცხოვრებისათვის პირობების შექმნა. მასარიკის აზრით, ერის წყობის გარდაქმნა ცალკეულ ადამიანთა გარდაქმნით უნდა მომხდარიყო.

„ერის სასიკეთოდ შრომის“ იდეამ ფესვი გაიდგა ჩეხოსლოვაკიის საზოგადოებაში და მრავალ ასპექტში წარმატებას მიაღწია. ეს იდეა დღესაც ცოცხლობს. ზოგი მას იყენებს როგორც სოფისტურ თავის მართლებას რეჟიმთან თანამშრომლობის გამო, მაგრამ ბევრი დღესაც კი ბოლომდე ამ იდეალის ერთგული რჩება. ზოგიერთ სფეროში მაინც უეჭველია მისი მიღწევები. ვინ იცის, რამდენად უარესად წავიდოდა საქმე, მრავლად რომ არ ყოფილიყვნენ თავდაუზოგავი მუშაკნი, რომელთაც ხელი არ ჩაუქნევიათ და ნიადაგ ცდას არ აკლებდნენ. ისინი „სიცრუეში ცხოვრებას“ გარდუვალ მინიმუმს უხდიდნენ ხარკად, რათა მაქსიმუმი საზოგადოების უტყუარი საჭიროებისათვის გაეღოთ. მათ სამართლიანად მიაჩნდათ, რომ კარგი შრომის ყოველი ნაყოფი ცუდი პოლიტიკის შუალობითი კრიტიკაა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ღირს ასეთი სვლები, თუმც ეს არ ნიშნავს უშუალო კრიტიკაზე უარის თქმას.

1960 წლის ვითარებასთან შედარებითაც კი დღეს ამგვარ პოზიციაზე აშკარა შეზღუდვები არსებობს. „მცირე საქმის“ პრინციპის მომხრეები სულ უფრო და უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე პოსტ-ტოტალიტარული სისტემის პირისპირ და დგებიან დილემის წინაშე: ან პოზიცია უნდა დათმონ, უღალატონ პატიოსნებას, პასუხისმგებლობას (უმრავლესობის მიდგომა) ან დაწყებული გზა განაგრძონ და აუცილებლად მივიდნენ რეჟიმთან კონფლიქტამდე (უმცირესობის მიდგომა).

თუ მცირე საქმის იდეა არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურაში არასოდეს მიიჩნეოდა იმპერატივად: რადაც უნდა დაჯდეს (ინდივიდები, რომელთაც თავს უფლება მისცეს სტრუქტურიდან ამორთულიყვნენ, ცხადია, მცირე საქმეს არ ცნობენ), დღეს მას კიდევ უფრო ნაკლები ძალა გააჩნია. არ არსებობს მკაფიო, სრულიად სარწმუნო კრიტერიუმი იმ მიჯნის დასადგენად, რომლის იქით მცირე საქმე ვეღარ ქმნის „სიკეთეს ერისათვის“ და იქცევა „ზიანის მომტანად“. დღესავით ნათელია, რომ იდეის ამგვარად გადასხვაფერების საფრთხე სულ უფრო იზრდება და მცირე საქმე სულ უფრო ხშირად აღმოჩნდება ხოლმე იმ მიჯნასთან, როცა კონფლიქტის აცილება არსებითად კომპრომისს უტოლდება.

1974 წელს, როცა ლუდის გამომხდელ საწარმოში ვმუშაობდი, ჩემი უშუალო უფროსი იყო ვინმე ს., ვისაც შესანიშნავად ესმოდა ლუდის გამოხდის ხელოვნება და უნდოდა ჩვენს ქარხანას კარგი ლუდი გამოეხადა. თითქმის მთელ თავის დროს სამსახურში ატარებდა, განუწყვეტლივ საქმის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა. ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ჩავუყენებივართ, რადგან თავისთავად ცხადად მიუჩნევია, რომ ჩვენც მასავით ვიყავით გატაცებული ლუდის გამოხდით. სამუშაოსადმი გულგრილი დამოკიდებულებისას, რასაც სოციალიზმი ასხამს ფრთებს, ამაზე კონსტრუქციული მუშაკის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

ლუდის გამოხდის საქმეს ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომელთაც ბევრი არაფერი არ გაეგებოდათ თავისი საქმისა და არც გულზე ეხატებოდათ, მაგრამ პოლიტიკურად მეტი ზეგავლენა გააჩნდათ. მათ ლუდის წარმოება დაღუპვამდე მიიყვანეს და არა თუ ყურად იღეს ს.- ს რჩევები, არამედ უსაზღვროდ შეიძულეს იგი და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ხელი შეეშალათ მისი ძალისხმევისთვის საქმის წინწასაწევად. ბოლოს და ბოლოს სიტუაცია ისე გაუარესდა, რომ ს. იძულებული შეიქნა, გრძელი წერილი მიეწერა ხელმძღვანელობისათვის, რომელშიც შეეცადა გაეანალიზებინა ლუდის ქარხნის სიძნელეები. იგი განმარტავდა, რატომ იყო ქარხანა რეგიონში ყველაზე უარესი და მიუთითებდა, ამაზე პასუხისმგებელი ვინ იყო. შეიძლებოდა მისთვის მოესმინათ. შეიძლებოდა მოეხსნათ ხელმძღვანელი, რომელიც პოლიტიკურად ძალმოსილი კი იყო, მაგრამ ლუდის არაფერი გაეგებოდა, რომელსაც მუშები სძულდა და უყვარდა ინტრიგები. ს. – ის წინადადებათა მიხედვით შეიძლებოდა ლუდის ქარხანაში პირობები გაეუმჯობესებინათ. ასე რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა მცირე საქმის შესანიშნავი მაგალითი. სამწუხაროდ, სრულიად საპირისპირო მოხდა: ქარხნის ხელმძღვანელს, რომელიც კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის წევრი იყო, ზემდგომ ორგანოებში ჰყავდა ნაცნობობა და მოახერხა სიტუაცია თავის სასარგებლოდ წარემართა. ს.-ის ანალიზი შერაცხილ იქნა „ცილისმწამებლურ დოკუმენტად“, ხოლო თავად ს. „პოლიტიკურ მესაბოტაჟედ“. იგი ლუდის გამოხდის საქმეს მოაშორეს და გადაიყვანეს ისეთ სამუშაოზე, სადაც სულ არ მოეთხოვებოდა საქმის ცოდნა. აქ მცირე საქმე პოსტ-ტოტალიტარული სისტემის კედლის პირიპისპირ აღმოჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ ს.-მ გადააბიჯა მიჯნას, დაარღვია წესები, გამოვიდა თამაშიდან და დაამთავრა როგორც „ცუდმა მოქალაქემ“ – მტრის დამღით. ახლა უკვე შეეძლო ეთქვა, რაც უნდოდა, მაგრამ იმედი აღარ ჰქონდა – ეს უკვე პრინციპის ამბავი იყო – რომ მოუსმენდნენ. იგი იქცა „დისიდენტად“ აღმოსავლეთ ბოჰემიის ლუდის საწარმოდან.

ვფიქრობ, ეს კარგი ნიმუშია იმისა, რაც სხვა კუთხიდან თვალსაჩინოს ხდის იმას, რაზეც წინა პარაგრაფში ვილაპარაკე: „დისიდენტი“ ხდები არა იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ უჩვეულო კარიერის გაკეთება გადაწყვიტე. ამისკენ გიბიძგებს შენი პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გადახლართულია გარე პირობათა კომპლექსთან. შენ ამოვარდნილი ხარ საარსებო სტრუქტურებიდან და მათთან კონფლიქტის მდგომარეობაში ხარ ჩაყენებული. აი, რატომ არ შეიძლება ჩვენი სიტუაცია ავსტრო-უნგრეთის იმპერიას შეადარო, როცა ჩეხ ერს ბახის აბსოლუტიზმის ყველაზე ცუდ პერიოდში ჰყავდა ერთადერთი ნამდვილი „დისიდენტი“ – კარელ ჰავლიჩეკი, რომელიც დაპატიმრებული იყო ბრიქსენში. დღეს, თუ ამის თქმა გაზვიადებად არ ჩაგვეთვლება, შეიძლება დავუშვათ, რომ „დისიდენტი“ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება.

უსაყვედურო „დისიდენტებს“ მცირე საქმეთა უარყოფისათვის, უბრალოდ, აბსურდია. „დისიდენტი“ მასარიკის იდეის ალტერნატივა არ არის. ხშირად უფრო მისი შესაძლო შედეგია. ვამბობ „ხშირად“ იმიტომ, რომ ყოველთვის ასე არაა. მე შორს ვარ რწმენისაგან, რომ ერთადერთი წესიერი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ისაა, ვინც ვერ ურიგდება არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს. სხვათა შორის, ლუდის გამოხდის ოსტატ ს.-ს შეეძლო მოეგო თავისი ბრძოლა. შერისხო ამ პოზიციაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ იმისათვის, რომ სწორედ ეს პოზიცია უკავიათ, ანუ იმისათვის, რომ ისინი „დისიდენტები“ არ არიან, ისეთივე უგუნურებაა როგორც „დისიდენტებისათვის“ მათი დასახვა ნიმუშად. ნებისმიერ შემთხვევაში, მთელ „დისიდენტურ“ გაგებას, როგორც სიმართლეში ცხოვრების მცდელობას, უპირისპირდება პოზიცია, რომლის მიხედვით ადამიანის საქციელს განსჯიან არა მისი არსის ან სიავ-კარგის მიხედვით, არამედ კერძო გარემოებათა მიხედვით, რაც ამ მცდელობას მოჰყოლია.

XV

ჩვენი ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრის მცდელობა – იცხოვროს სიმართლეში – შესაძლოა არც ავალებდეს განსაკუთრებული რამეების კეთებას. იგი აღარ კიდებს დროშებს ვიტრინაში, – თვალსაჩინო ადგილას მათ გამოფენას ხომ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ სახლის რწმუნებულმა არ დაასმინოს; აღარ მონაწილეობს არჩევნებში, რომელიც ყალბად მიაჩნია, უფროსობასთან თავის შეხედულებებს აღარ მალავს. მოკლედ, იგი შეიძლება სისტემის მოთხოვნების „უბრალო“ უგულებელყოფაზე უფრო შორს აღარც წავიდეს (რა თქმა უნდა, თავისთავად ამ ნაბიჯის გადაგმა უმნიშვნელო არაა), მაგრამ ეს შეიძლება რაღაც უფრო მეტშიც გადაიზარდოს. შეიძლება ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრემ წამოიწყოს კონკრეტული საქმიანობა, რაღაც ისეთი, რაც სცილდება მანიპულაციაზე თავდაცვით მყისიერ რეაქციას, რაღაც ისეთი, რაც გაამჟღავნებს მის ახლად გაცნობიერებულ ღრმა პასუხისმგებლობას. მაგალითად, მას შეუძლია შემოიკრიბოს თავისი კოლეგები, რათა ერთად დაიცვან საკუთარი ინტერესები. მას შეუძლია მიწეროს წერილები სხვადასხვა ინსტანციას, მიაპყროს მათი ყურადღება ირგვლივ გამეფებული უწესრიგობისა და უსამართლობის შემთხვევებზე. შეუძლია არაოფიციალური ლიტერატურა მოიძიოს, ასლი გადაიღოს და მეგობრებს ათხოვოს.

სიმართლეში ცხოვრება არის ძირეული ეგზისტენციალური (და ცხადია, პოტენციალურად პოლიტიკური ამოსავალი წერტილი ყველა ამ „დამოუკიდებელ მოქალაქეთა ინიციატივისა“ და „დისიდენტური“ ან „ოპოზიციური“ მოძრაობისა, რომელთაც მომდევნო ესეებში განვიხილავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლეში ცხოვრების ყოველი მცდელობა ავტომატურად აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება. პირიქით, უპირველესი და უფართოესი აზრით, სიმართლეში ცხოვრება მოიცავს ვრცელ ტერიტორიას, რომლის საზღვრები ბუნდოვანია და ძნელად დასადგენი. ეს სივრცე სავსეა იმ ადამიანთა თავმდაბალი ღვაწლით, რომელთა დიდი უმრავლესობა უცნობია და რომელთა პოლიტიკური ზეგავლენა შეიძლება არასოდეს იქნას შეცნობილი და აღწერილი იმაზე უფრო კონკრეტულად, ვიდრე სოციალური კლიმატის ან განწყობილების ნაწილი. მათი ნების გამოხატულებათა უმეტესობა რჩება უბრალო ამბოხად მანიპულაციის წინააღმდეგ: წელში იმართები და როგორც პიროვნება ღირსეულად ცხოვრობ.

ხან სად და ხან სად – ბუნების შეწევნით, მავან ადამიანთა შეხედულებათა და პროფესიათა წყალობით, აგრეთვე მთელ რიგ შემთხვევით გარემოებათა გამოისობით: როგორიცაა ადგილობრივი გარემოს სპეციფიკა, მეგობართა თავისებური ხასიათები და ა.შ. – შეიძლება მეტი თანმიმდევრული და თვალსაჩინო ინიციატივა ამოიზარდოს ვრცელი და ანონიმური ფარული ნიადაგიდან, რაც „უბრალოდ“ გარდატყდება პიროვნულ ამბოხად და ყალიბდება შედარებით ცნობიერ, მოწესრიგებულ და მიზანმიმართულ საქმიანობად. წერტილი, რომელზეც სიმართლეში ცხოვრება აღარ არის სიცრუეში ცხოვრების ცარიელი უარყოფა და გარკვული მიმართულებით გამოკვეთილ სახეს იძენს, არის წერტილი, საიდანაც იბადება ის, რასაც შეიძლება ეწოდოს „საზოგადოების სულიერი, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება“. ეს დამოუკიდებელი ცხოვრება დანარჩენ ცხოვრებას („დამოკიდებელ ცხოვრებას“) არ არის მოწყვეტილი რაიმე მკვეთრად გავლებული მიჯნით. ხშირად ორივე ტიპი ერთსა და იმავე ადამიანში თანაარსებობს. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფოკუსისთვის დამახასიათებელია შინაგანი ემანსიპაციის შედარებით მაღალი ხარისხი. იგი დატივტივებს ვით პატარა ნავი ვრცელი ოკეანის ზედაპირზე, წარა-მარა ტალღებ ქვეშ ექცევა, მაგრამ ისევ და ისევ თავს აღწევს მათ და ბრუნდება როგორც ხილული მაცნე სიმართლეში ცხოვრებისა – მაუწყებელი ცხოვრების დათრგუნული მიზნებისა.

რა არის საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრება? მის გამოვლენათა და საქმიანობათა სპექტრი, ბუნებრივია, მეტად ფართეა. იგი მოიცავს ყველაფერს: თვითაღზრდას და სამყაროს გააზრებას, თავისუფალ შემოქმედებით მოღვაწეობას და ამ უკანასკნელის კომუნიკაციას სხვებთან – სრულიად განსხვავებულ, თავისუფალ სამოქალაქო ცხოვრების მხარეებთან, დამოუკიდებელი სოციალური თვითორგანიზაციის კერძო შემთხვევებსა და სხვა. მოკლედ, ეს არის არე, რომელშიც სიმართლით ცხოვრება მკაფიო სახეს და ხელშესახებ მატერიალურობას იძენს.

ასე რომ, ის, რასაც მოგვიანებით „სამოქალაქო ინიციატივად“ ან თუნდაც „ოპოზიციად“ მონათლავენ საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრების არეში აისბერგივით ამოიწვერება, რომლის მხოლოდ ერთი მეათედი მოჩანს წყლის ზედაპირზე. სხვაგვარად: ისევე როგორც საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრება წარმოდგება სიმართლიდან, ამ სიტყვის უფართოესი აზრით, როგორც ამ ცხოვრების მკაფიო გამოხატულება, ისევე „დისიდენტობა“ თანდათან ამოიზრდება „საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრებიდან“. ოღონდ აქ საგულისხმო განსხვავებაა. თუ საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრება, გარეგნულად მაინც შეიძლება გაგებულ იქნას სიმართლეში ცხოვრების მაღალ ფორმად, ნაკლებ სარწმუნოა, რომ „დისიდენტობა“ ნამდვილად მაღალი ფორმა იყოს „საზოგადოების მაღალი ცხოვრებისა“. „დისიდენტობა“ ამ უკანასკნელის უბრალოდ ერთ-ერთი მანიფესტაციაა და ძალიანაც თვალში საცემიც რომ იყოს მისი უაღრესი პოლიტიკურობა, იგი შორსაა იმისგან, რომ იყოს სრულყოფილი და განსაკუთრებით ღირსსაცნობი არა მარტო ზოგადი სოციალური აზრით, არამედ უშუალო პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, მისთვის სპეციალური სახელის დარქმევით „დისიდენტობა“ ხელოვნურად იყო მოწყვეტილი თავისი წარმოშობის ადგილს. სინამდვილეში, შეუძლებელია მისი მოაზრება იმ ნიადაგისაგან მოწყვეტით, რომელმაც იგი შვა და რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს და რომელიც სასიცოცხლო ძალას აძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქიდან, რაც ზემოთ ვთქვით პოსტ-ტოტალიტარული სისტემის თავისებურებათა შესახებ, გამომდინარეობს შემდეგი: რაც მოცემულ მომენტში ყველაზე უფრო პოლიტიკურ ძალად გვეჩვენება და რაც თავს შესაბამის ტერმინებში იაზრებს, სულაც არაა აუცილებელი სინამდვილეშიც ასეთი ძალა იყოს. ის, თუ რამდენად წარმოადგენს იგი რეალურ პოლიტიკურ ძალას, დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მის წინარე-პოლიტიკურ კონტექსტზე.

რა გამომდინარეობს ამ აღწერიდან? არც მეტი, არც ნაკლები, ვიდრე შემდეგი: შეუძლებელია თქვა, რას აკეთებენ „დისიდენტები“ სინამდვილეში და როგორია მათი მოღვაწეობის ზეგავლენა, თუ პირველ რიგში არ გაითვალისწინე ყველა იმ ადამიანის საქმიანობა, ვინც ამა თუ იმ გზით მონაწილეობს საზოგადოების დამოუკიდებელ ცხოვრებაში და ვინც სულაც არ არის „დისიდენტი“. ისინი შეიძლება იყვნენ მწერლები, რომლებიც ისე წერენ, როგორც მათ სურთ და ანგარიშს არ უწევენ ცენზურას და ოფიციალურ მოთხოვნებს, ვინც თავის შრომებს – როცა ოფიციალური გამომცემლობანი დაბეჭდვაზე უარს ეუბნებიან – „სამიზდატში“ გამოსცემენ. ისინი შეიძლება იყვნენ ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, მოკლედ, ყველა ის, ვინც ოფიციალური თუ ნახევრად ოფიციალური არხებით ახერხებს დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას, ვინც თავის შრომას „სამიზდატში“ სცემს ან კერძო დისკუსიების, ლექციების, სემინარების ორგანიზაციას ეწევა. ისინი შეიძლება კერძო მასწავლებლები იყვნენ, რომლებიც ახალგაზრდებს ისეთ რამეებს ასწავლიან, რასაც სახელმწიფო სკოლებში მოსწავლეებს უმალავენ. შეიძლება იყვნენ სასულიერო პირები, რომელნიც თავიანთ სამწყსოებში ან მათ გარეთ (თუ საეკლესიო სამსახურს მოწყვეტილნი არიან), ცდილობენ თავისუფალი რელიგიური ცხოვრება იქონიონ. ისინი შეიძლება იყვნენ მხატვრები, მუსიკოსები, მომღერლები, რომლებიც არად აგდებენ ოფიციალური ორგანოების მიერ მათი შემოქმედების შეფასებას; მათ შორის შეიძლება იყოს ყველა, ვინც მონაწილეობს დამოუკიდებელ კულტურაში და ხელს უწყობს მის გავრცელებას, ვინც მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით ცდილობს გამოხატოს და დაიცვას მუშათა საჭირბოროტო სოციალური ინტერესები, დაუბრუნოს პროფკავშირებს მათი რეალური მნიშვნელობა ან შექმნას დამოუკიდებელი პროფკავშირი; ვისაც არ ეშინია, ოფიციალურ პირთა ყურადღება მიაპყროს უსამართლობის შემთხვევებს და ვინც ყოველ ღონეს ხმარობს, რათა არ დაირღვას კანონი; ესენი შეიძლება იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ საშუალებას მიმართავენ, რომ ხელიდან დაუძვრნენ მანიპულაციას და საკუთარ ღირებულებათა იერარქიის მიხედვით იცხოვრონ. ამ სიის გაგრძელება შეიძლება.

ცოტა ვინმეს თუ მოუვა თავში ამ ხალხს „დისიდენტები“ უწოდოს. განა ცნობილი „დისიდენტები“ უბრალოდ მათი მსგავსი ადამიანები არ არიან? განა ყველა ეს აქტივობა, სინამდვილეში, ის არ არის, რასაც „დისიდენტები“ ეწევიან? განა ისინიც არ ქმნიან მეცნიერულ შრომებს და არ აქვეყნებენ „სამიზდატში“? განა ისინი კი არ წერენ პიესებს, რომანებსა და ლექსებს? განა ისინი არ უკითხავენ ლექციებს სტუდენტებს კერძო უნივერსიტეტებში? განა ისინი არ იბრძვიან უსამართლობის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ და არ ცდილობენ გამოიკვლიონ და გამოხატონ მოსახლეობის სხვადასხვა ფენის ნამდვილი სოციალური ინტერესები?

მას მერე, რაც შევეცადე მიმეთითებინა „დისიდენტობის“ წყაროები, შინაგანი სტრუქტურა და ზოგიერთი ასპექტი, ჩემი ყურადღება ხაზგასმით გადავიტანე გარეგნული მხრიდან იმის გამოკვლევაზე, თუ ნამდვილად რას აკეთებენ „დისიდენტები“, რანაირ გამოხატულებას პოვებს მათი ინიციატივები და საით მიჰყავთ საქმე.

პირველი დასკვნა შეიძლება იყოს ის, რომ მათი მოღვაწეობის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ასპექტია მცდელობა იმისა, რომ შექმნან და ხელი შეუწყონ „საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრების“ მკაფიო გამოხატულებას; სხვაგვარად: ემსახურონ სიმართლეს თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და თვალხმიერად, მოახერხონ ამ მსახურების ორგანიზება. და მაინც მხოლოდ ესაა ბუნებრივი: თუ სიმართლეში ცხოვრება არის ელემენტარული საწყისი წერტილი ადამიანთა ყველა მცდელობისა – დაუპირისპირდნენ სისტემის გამაუცხოებელ დაწოლას, თუ იგია ერთდერთი საზრისის მქონე საყრდენი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნებისმიერი დამოუკიდებელი აქტივობისა და თუ, საბოლოო ჯამში, იგია „დისიდენტობის“ პოზიციის ყველაზე ჭეშმარიტი ეგზისტენციალური წყაროც, მაშინ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ „დისიდენტის“ მოქმედებას შეიძლება გააჩნდეს სხვა მოტივი გარდა იმისა, რომ ემსახუროს სიმართლეს, სამართლიან ცხოვრებას და ცხოვრების ნაღდი მიზნების განხორციელებას.

XVI

პოსტ-ტოტალიტარული სისტემა ადამიანებზე საყოველთაო შეტევას ახორციელებს; ადამიანები მის პირისპირ დგანან ეულნი, უგულებელყოფილნი, გარიყულინი. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა „დისიდენტური მოძრაობა“ ცალსახად თავდვცვითი ხასიათისაა: ისინი არსებობენ იმისთვის, რომ დაიცვან ადამიანები და ცხოვრების ბუნებრივი მიზნები სისტემის მიზნებისაგან.

დღეს პოლონეთის ჯგუფი „კორ“ იწოდება „თავდაცვის სოციალურ კომიტეტად“. სიტყვა „დაცვა“ ჩანს პოლონეთის სხვა მსგავსი ჯგუფების სახელებშიც. საბჭოთა „ჰელსინკის სამონიტორინგო ჯგუფი“ და ჩვენი ქარტია-77-იც თავისი არსით აშკარად თავდაცვითი ხასიათისაა.

ტრადიციული პოლიტიკის თვალსაზრისით თავდაცვის ეს პროგრამა გასაგებია იმ შემთხვევებშიც კი, როცა იგი მინიმალურია, დროებითი და სავსებით ნეგატიური. იგი არ გვთავაზობს ახალ კონცეფციას, მოდელს ან იდეოლოგიას. ამიტომ იგი არ არის „პოლიტიკა“ ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით; პოლიტიკაში მუდამ იგულისხმება „პოზიტიური“ პროგრამა; ის ძლივს ახერხებს დაიცვას ვინმე რამისგან.

ამგვარი თვალსაზრისი, ვფიქრობ, ნათელყოფს ტრადიციული პოლიტიკური მსოფლმხედველობის შეზღუდულობას. და მაინც, პოსტ-ტოტალიტარული სისტემა არ არის გამოვლენა ამა თუ იმ პოლიტიკური ხაზისა, რომელსაც ესა თუ ის მთავრობა ატარებს. იგი რაღაც რადიკალურად განსხვავებულია: კომპლექსური, ღრმა და გრძელვადიანი ძალადობა საზოგადოებაზე ან საზოგადოების თვითძალადობა. დაუპირისპირდე ამას მხოლოდ იმით, რომ შეიმუშავო განსხვავებული პოლიტიკური ხაზი და მერე ეცადო მთავრობაში ცვლილების შეტანას, იქნებოდა არა მხოლოდ არარეალისტური, არამედ უკიდურესად არაადექვატურიც, რადგან იგი ვერასოდეს ჩასწვდებოდა საქმის არსს. ახლა ხანდახან პრობლემა თავს იჩენს არა პოლიტიკურ ხაზსა თუ პროგრამაში, არამედ პრობლემად დგება თავად ცხოვრება.

ასე რომ, სიცოცხლის მიზნების დაცვა, კაცობრიობის დაცვა არა მხოლოდ უფრო რეალისტური მიდგომაა – რამდენადაც იგი ახლავე შეიძლება დაიწყოს და პოტენციურადაც უფრო პოპულარულია, რადგან იგი ზრუნავს ადამიანთა ყოველდღიურობაზე – არამედ ერთდროულად (და შესაძლოა უფრო ამის გამო) იგი შეუდარებლად უფრო თანამიმდევრული გზაა, რომელიც უშუალოდ მიმართულია საგანთა არსზე.

არის ხოლმე მომენტები, როცა ჩვენ უნდა ჩავიძიროთ ჩვენივე უბადრუკობის ფსკერზე, რათა ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას, ისევე როგორც დღის სინათლეზე ვარსკვლავები რომ დავინახოთ, უნდა ჩავეშვათ ჭის ფსკერზე. როგორც დღეს მეჩვენება, ეს „დროებითი“, „მინიმალური“, „ნეგატიური“ პროგრამა – ადამიანთა „უბრალო“ დაცვა – სპეციფიკური აზრით (არა მხოლოდ იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება) არის ოპტიმალური და მეტად პოზიტიური პროგრამა, რადგან იგი აიძულებს პოლიტიკას, დაუბრუნდეს თავის ერთადერთ ნამდვილ ამოსავალ წერტილს ანუ (თუ ყველა ძველი შეცდომა შეიძლება აცილებულ იქნას) ინდივიდუალურ ადამიანს. დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც ადამიანებზე მიმართული ძალადობა ასეთი სიცხადითა და სისასტიკით არ ჩანს, ეს ფუნდამენტური რევოლუცია პოლიტიკაში ჯერ კიდევ მოსახდენია და სანამ რევოლუციის მწვავე მოთხოვნილება პოლიტიკაში აისახება, ზოგი რამ შეიძლება იქ გაუარესდეს. ჩვენში არსებითად იმ უბადრუკობის გამო, რომელშიც ვიმყოფებით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პოლიტიკამ უკვე განიცადა ეს ტრანსფორმაცია: პოლიტიკური აზროვნების მთავარ საზრუნავს აღარ წარმოადგენს თვითდახსნის აბსტრაქტული ვიზიონები და „პოზიტიური“ მოდელი (რა თქმა უნდა, ოპორტუნისტული პოლიტიკური პრაქტიკა მონეტის მეორე მხარეა), მისი საზრუნავი უფრო ის ადამიანები არიან, რომელნიც ეგზომ დამონებული ჰყავდა ამ მოდელებს და მათ განხორციელებათ.

ყოველი საზოგადოება, რა თქმა უნდა, მოითხოვს ორგანიზების გარკვეულ ხარისხს. თუ ეს ორგანიზაცია იმისთვისაა, რომ ემსახუროს ადამიანებს და არა რაღაც სხვას, მაშინ ადამიანები განთავისუფლდებიან და შეიქმნება სივრცე, რაც საშუალებას მისცემთ გონივრულად გაერთიანდნენ. მანკიერება საპირისპირო მიდგომისა, როცა ადამიანები ჯერ ერთიანდებიან ამა თუ იმ ფორმით (ვიღაც ისეთის მიერ, რომელმაც ყოველთვის უკეთ იცის, „რაც ადამიანებს სჭირდებათ“), ისე რომ ვითომ მერე შეეძლოთ განთავისუფლება, არის ის, რაც ყოველ ჩვენგანს საკუთარ ტყავზე გამოუცდია.

შევაჯამოთ: ადამიანთა უმეტესობა, ვინც ტრადიციული პოლიტიკური აზროვნებისაკენ იხრება, ხედავს „დისიდენტური მოძრაობის“ სისუსტეს მის წმინდად დაცვით ხასიათში. მე კი პირიქით, სწორედ ამაში ვხედავ მის უდიდეს ძალას. მე მჯერა, რომ მას უპირატესად იქა აქვს ადგილი, სადაც ეს მოძრაობა ჯაბნის ისეთ პოლიტიკას, რომელსაც „დისიდენტთა“ პროგრამა არაადეკვატური ეჩვენება.

XVII

საბჭოთა ბლოკში „დისიდენტური მოძრაობა“, ადამიანის დაცვა, ჩვეულებრივ, ადამიანისა და სამოქალაქო უფლებათა დაცვის ფორმას იღებს, იგი ფიქსირებულია სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტში, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულება, ჰელსინკის კონფერენციის ბოლო აქტი და ცალკეულ სახელმწიფოთა კონსტიტუციები. იგი მოწოდებულია, დაიცვას ნებისმიერი პიროვნება, რომელიც განიცდის დევნას იმის გამო, რომ მოქმედებს აღნიშნულ უფლებათა თანახმად. თავის მხრივ, ამ მოძრაობის წარმომადგენლებიც საკუთარ მოღვაწეობას წარმართავენ ამ უფლებათა მიხედვით და ისევ და ისევ დაჟინებით მოითხოვენ, რომ რეჟიმმა პატივი სცეს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს, ყურადღება მიაპყროს ცხოვრების იმ სფეროებს, სადაც ისინი ირღვევა.

ამიტომ „დისიდენტთა“ საქმიანობა კანონიერების პრინციპს ეყრდნობა. ისინი მოქმედებენ საჯაროდ და ღიად, დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არათუ თავად მოქმედებენ კანონის მიხედვით, არამედ მათი მოღვაწეობის ერთ-ერთი მიზანი მდგომარეობს კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებაში. კანონიერების ეს პრინციპი, რომელიც განაპირობებს მათ ამოსავალსაც და ორიენტირებსაც, საერთოა საბჭოთა ბლოკის ყველა „დისიდენტური“ ჯგუფისათვის, თუმცა კი ცალკეული ჯგუფები ფორმალურად ამ საკითხებზე არასოდეს შეთანხმებულან. ეს ვითარება წამოჭრის საგულისხმო კითხვას: რატომაა, რომ იმ გარემოში, სადაც ხელისუფლების წარამარა და თვითნებური ლანძღვა წესადაა მიჩნეული, ადგილი აქვს კანონიერების პრინციპის ეგზომ საყოველთაო და სპონტანურ აღიარებას?

საწყის ეტაპზე კანონიერებაზე აქცენტის გაკეთება ბუნებრივი გამოხატულებაა იმ სპეციფიკური პირობებისა, რაც პოსტტოტალიტარულ სისტემაში არსებობს და შედეგია ამ სპეციფიკის ელემენტარული გაგებისა. თუ თავისუფალი საზოგადოების მისაღწევად არსებითად ორი გზაა – კანონების დაცვა ან აჯანყება (შეიარაღებული ან შეუიარაღებელი), ცხადი უნდა იყოს, რაოდენ შეუსაბამოა ეს უკანასკნელი ალტერნატივა პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში. აჯანყება გამართლებულია მაშინ, როცა პირობები ცალსახად არამდგრადია, მაგალითად, ომის დროს ან ისეთ სიტუაციებში, როცა სოციალური ან პოლიტიკური კონფლიქტები პიკს აღწევს, ვთქვათ, კლასიკური დიქტატურისას, როცა იგი ეს-ესაა დგინდება ანდა როცა რღვევას განიცდის. მაშასადამე, იგი მართებულია იქ, სადაც სოციალური ძალები (მაგალითად, საოკუპაციო მთავრობა თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის წინააღმდეგ) რეალური ხელისუფლების დონეზე უპირისპირდება ერთმანეთს ან სადაც მკვეთრი განსხვავებაა ხელისუფლების უზურპატორებსა და დათრგუნვილ მოსახლეობას შორის, ან როცა საზოგადოება აღმოჩნდება აშკარა კრიზისის მდგომარეობაში. პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში პირობები – თუ არ ჩავთვლით ისეთ ფეთქებად სიტუაციებს, 1956 წელს უნგრეთში რომ ჰქონდა ადგილი – რა თქმა უნდა, უპირატესად საპირისპიროა. ისინი სტატიკურია და სტაბილური; სოციალური კრიზისი უმეტეს წილად მხოლოდ ლატენტურად არსებობს (თუმცა მიმდინარეობს ძალიან ღრმად). მომქმედი პოლიტიკური ხელისუფლების დონეზე საზოგადოება მკვეთრად არ არის პოლარიზებული, მაგრამ, როგორც ვნახეთ, კონფლიქტის ძირეული კონტური ყოველ პიროვნებაშია. ამ სიტუაციაში ამბოხების არანაირ მცდელობას არ შეუძლია იმედი იქონიოს, რომ დანარჩენ საზოგადოებაში რეზონანსის მინიმუმს მაინც გამოიწვევს, რადგან ეს საზოგადოება ბურანშია, ჩაბმულია სამომხმარებლო მარათონში და მთლიანად ჩათრეულია პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში (იგი მონაწილეობს ამ უკანასკნელის ცხოვრებაში და მოქმედებს როგორც მისი „ავტომატიზმის“ აგენტი). არაფერი ამბოხების მსგავსი მისთვის მისაღები არაა. აჯანყებას განიხილავს უფრო საკუთარ თავზე იერიშად, მიმხრობის ნაცვლად სავარაუდოა, რომ განუმტკიცდეს ლოიალობა სისტემის მიმართ, სანამ მისი აზრით სისტემას შეეძლება მოჩვენებითი კანონიერების რაღაცნაირი გარანტირება მაინც. ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ პოსტ-ტოტალიტარულ სისტემას ხელთა აქვს უშუალო თუ შუალობითი ზედამხედველობის რთული მექანიზმი, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება ისტორიაში, და ცხადი შეიქნება, რომ არა მხოლოდ ესა თუ ის მცდელობა მოექცევა პოლიტიკურად ჩიხში, არამედ ტექნიკურადაც შეუძლებელი იქნება მისი მოწყობა. ყველაზე უფრო მოსალოდნელია, რომ ჩანაფიქრის განხორციელებამდე მის ლიკვიდაციას მოახერხებენ. აჯანყება შესაძლებელი რომც იყოს, ის დარჩება რამდენიმე ცალკეული ადამიანის ერთეულ ჟესტად და მას დაუპირისპირდება არა მხოლოდ გიგანტური აპარატურა სახელმწიფო (და ზესახელმწიფო) ძალაუფლებისა, არამედ თავად საზოგადოებაც, რომლის გულისთვისაც ეწყობა პირველ რიგში აჯანყება (ეს სხვათა შორის კიდევ ერთი მიზეზია, თუ რეჟიმი და მისი პროპაგანდა რატომ მიაწერდნენ „დისიდენტურ მოძრაობას“ ტეროტისტულ ამოცანებს და აბრალებდნენ უკანონო და კონსპირაციული მეთოდების გამოყენებას).

ყოველივე ეს მაინც არ არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ „დისიდენტური მოძრაობა“ რატომ უჭერს მხარს კანონის გატარების პრინციპს. ეს მიზეზი ღრმად ძევს “დისიდენტური“ პოზიციის უშინაგანეს სტრუქტურაში. ეს პოზიცია საფუძველშივე არ ცნობს და არც უნდა ცნოს ძალადობაზე დამყარებული გარდაქმნა, უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი გარდაქმნის რწმენა ძალმომრეობიდან მომდინარეობს (ზოგადად, „დისიდენტურ“ პოზიციას შეუძლია მიიღოს ძალადობა, როგორც აუცილებელი ბოროტება ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა უშუალო ძალადობას შეიძლება წინ აღუდგეს მხოლოდ ძალადობა, როცა პასიურად დარჩენა ძალმომრეობის მხარდაჭერას ნიშნავდეს. მაგალითისათვის გავიხსენოთ ევროპული პაციფიზმის სიბრმავე, რაც შეიქნა ერთ-ერთ ფაქტორი მეორე მსოფლიო ომის ნიადაგის შესამზადებლად). როგორც უკვე აღვნიშნე, “დისიდენტები“ სკეპტიკურად უყურებენ იმ პოლიტიკურ აზრს, რაც ეყრდნობა რწმენას, რომ ღრმა სოციალურ ცვლილებათა მიღწევა შეიძლება მხოლოდ (მეთოდისდა მიუხედავად) სისტემის ან მთავრობის შეცვლით, ასევე ვერ გაიაზრებენ იმ შეხედულებას, რომ ასეთი ცვლილებანი – რადგანაც ისინი „ფუნდამენტურად“ მიიჩნევა – ამართლებს „ნაკლებად ფუნდამენტურს“ ანუ სხვაგვარად, ადამიანთა მსხვერპლად გაღებას. თეორიული კონცეფცია გადაწონის ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემას. არსებითად ეს ემუქრება კაცობრიობას ხელახალი დამონებით.

„დისიდენტური მოძრაობა“, როგორც მე ამის ჩვენებას შევეცადე, იზიარებს სრულიად საპირისპირო შეხედულებას. სისტემის შეცვლას განიხილავს როგორც რაღაც ზედაპირულს, მეორადს, რაღაც ისეთს, რაც თავისთავად არაფრის გარანტია არ არის. ასე რომ, პოზიციას, რომელიც მომავლის აბსტრაქტულ პოლიტიკურ ვიზიონებს გვერდს უვლის და კონკრეტულ ადამიანებს და მათი დაცვის ეფექტურ გზებს აპყრობს ყურადღებას სწორედ აქ და ახლა, სრულიად ბუნებრივია, რომ მძაფრი ანტიპათია გააჩნდეს ძალადობის ყველა იმ ფორმისადმი, რომელთაც „უკეთესი მერმისის“ სახელით მიმართავენ ხოლმე. ასევე ღრმა რწმენა იმისა, რომ ძალმომრეობაზე დამყარებული მომავალი შეიძლება დღევანდელობაზე გაცილებით უარესი აღმოჩნდეს ანუ მომავალი შეიძლება ფატალურად დაღდასმული იქნას სწორედ იმ საშუალებათა მეოხებით, რომლითაც მას იცავენ. ამავე დროს არ შეიძლება აღნიშნული პოზიცია პოლიტიკურ კონსერვატიზმს ან პოლიტიკურ თავშეკავებულობას გავუიგივოთ. „დისიდენტური მოძრაობა“ უფრთხის ძალადობაზე დამყარებულ პოლიტიკურ გადატრიალებას არა იმიტომ, რომ ეს იდეა მეტისმეტად რადიკალური ეჩვენება, პირიქით, იმიტომ, რომ საკმაოდ რადიკალური არა ჰგონია. მისთვის პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ მისი გადაჭრა ვერც მთავრობის შეცვლით, ვერც ტექნოლოგიური ცვლილებით ვერ მოხერხდება. XIX საუკუნის მარქსისტული დოქტრინების ერთგულთ ჩვენი სისტემა ესმით როგორც მჩაგვრელი კლასის ჰეგემონია ჩაგრულთა კლასზე. ისინი ამოდიან იმ პოსტულატიდან, რომ მჩაგვრელები ნებაყოფლობით არასოდეს დათმობენ ხელისუფლებას; ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს ხედავენ რევოლუციაში, რაც ექსპლუატატორებს აღგვის პირისაგან მიწისა. მათ მიაჩნიათ, რომ ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის უიმედოდ არის გათვლილი კანონიერებაზე, ისაა ილუზორული, ოპორტუნისტული და საბოლოო ჯამში მცდარი, რადგან ის ეყრდნობა საეჭვო წანამძღვარს, თითქოს შესაძლებელი იყოს პატიოსანი მოლაპარაკება საკუთარ მჩაგვრელთან ყალბი კანონიერების საფუძველზე. საქმე ისაა, რომ მათ ვერ მოუნახავთ ისეთი თავგადადებული კაცი, რომელიც ამ რევოლუციას ბოლომდე მიიყვანს. ამის გამო იბოღმებიან და ეძალებათ სკეპსისი, პასიურობა და უაღრესი აპათია. სხვაგვარად, ისინი ამთავრებენ ზუსტად იქ, სადაც ეს მთავრობას აწყობს. ნათქვამი ერთი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდია შეცდომა, როცა პოსტ-ტოტალიტარიზმის პირობებში მექანიკურად გადმოაქვთ ერთი სამყაროს იდეოლოგიური მოდელი მეორეში.

ცხადია, არაა აუცილებელი უწყალო რევოლუციის მომხრე იყო, რომ იკითხო, რამდენად გააჩნია აზრი კანონიერებაზე აპელაციას მაშინ, როცა კანონები და, განსაკუთრებით, ზოგადი კანონები ადამიანის უფლებებს რომ ეხება, მხოლოდ ფასადია, მოჩვენებათა სამყარო, ცარიელი თამაში, რომლის მიღმა საყოველთაო მანიპულაციას აქვს ადგილი. „ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს, რადგან მაინც თავისას გააგრძელებენ და ისევ იმას გააკეთებენ, რაცა სურთ“. ასეთია მოარული შეხედულება. გაუთავებლად „დაიჭირო ისინი სიტყვაზე“, მიმართო კანონებს, რომელთაც – ეს ბავშვმაც კი იცის – მხოლოდ მანამდე აქვთ ძალა, სანამ მთავრობას სურს, განა ეს მაინც თვალთმაქცობა, სვეჩკიანური ობსტრუქციონიზმი და, საბოლოო ჯამში, სხვაგვარად თამაში და თვითმოტყუება არ არის? მოკლედ, შეესაბამება კი კანონების გამოდევნება „სიმართლეში ცხოვრების“ პრინციპს?

კითხვაზე პასუხის გაცემა შეიძლება ფარულ საზრისთა ფართო ქსელის გათვალისწინებით, რომელიც გააჩნია კანონთა კოდექსის მოქმედებას პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში.

კლასიკურ დიქტატურაში პოსტ-ტოტალიტარულ სისტემასთან შედარებით მმართველის ნება გაცილებით შეუზღუდველად ხორციელდება: უშუალოდ და კონტროლის გარეშე. დიქტატურას არა სჭირდება, დამალოს თავისი მოტივები ან შენიღბოს ძალაუფლების მექანიზმი. ამიტომ თავს არ იწუხებს კანონთა კოდექსით. პოსტ-ტოტალიტარულ სისტემას აკვიატებული აქვს, ყველაფერი ერთადერთ წესრიგს დაუმორჩილოს. ამგვარ სახელმწიფოში ცხოვრება სავსეა ინსტრუქციების, დეკლარაციების, დირექტივების, ნორმების, ბრძანებების და წესების გაუვალი ქსელით (ტყუილად კი არ იწოდება იგი ბიუროკრატიულ სისტემად). დიდი წილი ამ ნორმებისა ცხოვრებაზე კომპლექსური მანიპულაციის უშუალო ინსტრუმენტებია. ადამიანები უშველებელი მექანიზმის პაწაწინა ჭანჭინკებად არიან ქცეულნი. მათ მნიშვნელობას განსაზღვრავს მათი ფუნქცია ამ მექანიზმში. ყველაფერი: სამუშაო, სახლის მოწყობილობა, ქცევა, სოციალური და კულტურული მოვლენები, რაც შეიძლება, მჭიდროდაა ერთმანეთთან გადაწმასნილი, დადგენილი, რეგულირებული და კონტროლს დაქვემდებარებული. ყოველი გადახვევა ცხოვრების აღნიშნული კურსიდან მიიჩნევა შეცდომად, თვითნებობად და ანარქიად. ყველა, დაწყებული რესტორნის მზარეულიდან, რომელსაც არ შეუძლია ბიუროკრატიული აპარატის ნებადაურთავად რამე მოუმზადოს კლიენტს და დამთავრებული მომღერლით, რომელსაც ბიუროკრატიის მოწონების გარეშე არ შეუძლია სიმღერა შეასრულოს კონცერტზე, თავისი ცხოვრების ასპექტით ჩათრეულია პოსტ-ტოტალიტარული სისტემის გარდუვალ შედეგში: ბიუროკრატიის ჩახლართულ ბადეში. საკუთარ მიზანთა მისაღწევად, უსახო ავტომატიზმის შენიღბულ ინტერესთა განსახორციელებლად იგი განუხრელი თანმიმდევრულობით თავისკენ ითრევს ცხოვრების ყველა გამოხატულებასა და მიზანს.

უფრო ვიწრო აზრით, კანონთა კოდექსი უშუალოდაც კარგად ემსახურება პოსტ-ტოტალიტარულ სისტემას, ანუ ისიც აყალიბებს ინსტრუქციებისა და აკრძალვების სამყაროს ერთ ნაწილს. თუმცა, იმავდროულად იმავე სამსახურს შუალობითი გზითაც აღასრულებს, რაც თვალსაჩინოდ აახლოებს – გააჩნია კანონის დონეს – იდეოლოგიასთან და ზოგ შემთხვევაში ამ იდეოლოგიის უშუალო კომპონენტადაც იქცევა.

1. იდეოლოგიის დარად კანონთა კოდექსიც ფუნქციობს როგორც თავის მართლება. იგი ხელისუფლების მექანიზმს კანონის კეთილშობილ სამოსელში ხვევს. ქმნის საამო ილუზიას, რომ სამართალი აღსრულებულია, საზოგადოება დაცულია და კანონის მოქმედება ობიექტურად რეგულირებული. ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ მიიჩქმალოს პოსტ-ტოტალიტარულ კანონთა პრაქტიკა: საზოგადოების საყოველთაო მანიპულაცია. თუ გარეშე დამკვირვებელი, რომელმაც არაფერი იცის ჩეხოსლოვაკიის ცხოვრების შესახებ, მხოლოდ მის კანონებს შეისწავლიდა, ვერას დიდებით ვერ მიხვდებოდა, რასა ვჩივით. სასამართლოებისა და პროკურატურათა ფარული პოლიტიკური მანიპულაცია, შეზღუდვები, რომლებიც გააჩნიათ ვექილებს თავისი კლიენტების დაცვისას, სასამართლო პროცესების ფაქტიურად დახურული ბუნება, სამართალდამცავთა თვითნებობა, ხელისუფალთა დაწოლა სამართალწარმოებაზე, კოდექსის შეგნებულად გაბუნდოვანებული ზოგიერთი მუხლის უაზროდ ფართოდ გამოყენება და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ კოდექსის პოზიტიური ნაწილების (მოქალაქეთა უფლებები) სრული უგულებელყოფა – ყოველივე ეს გარეშე დამკვირვებლისათვის დაფარული დარჩება. შთაბეჭდილება, რომელსაც აქედან გამოიტანს, იქნება ის, რომ ჩვენი კანონთა კოდექსი ბევრად უარესი არაა სხვა ცივილიზებული ქვეყნების კოდექსებზე და არც ბევრად განსხვავდება მათგან, გარდა ზოგი კურიოზისა, როგორიცაა, მაგალითად, კონსტიტუციაში მუხლი ერთადერთი პოლიტიკური პარტიის სამარადჟამო მმართველობისა და მოცემული სახელმწიფოს სიყვარულის შესახებ მეზობელი სახელმწიფოს მიმართ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: თუ ჩვენს დამკვირვებელს შესაძლებლობა ექნებოდა, აღმასრულებელი და სასამართლო პროცედურა და პრაქტიკა „ქაღალდზე“ ენახა, დაიჯერებდა, რომ სისხლის სამართლის პროცედურის ზოგადი წესების დიდი ნაწილი დაცულია: გამოძიება ნაწარმოებია დაპატიმრების შემდეგ სათანადო პერიოდში. იგივე ითქმის დპატიმრების ორდერებზე. საბრალდებო დასკვნები გადაცემულია სათანადო სიზუსტით, ბრალდებულს ჰყავს ვექილი და ა.შ. ანუ ყველა მართალია, კანონი ყველამ დაიცვა. სინამდვილეში კი უაზროდაა დაღუპული ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე, შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ მან აკრძალული მწერლის „სამიზდატის“ ასლი გააკეთა ან იმიტომ, რომ პოლიცია აიძულეს, ჩვენება გაეყალბებინა (არავისთვის დამალული არაა, რომ ამას აკეთებს ყველა – მოსამართლიდან მოყოლებული ბრალდებულის ჩათვლით). მაგრამ რაღაცნაირად ეს ყველაფერი კულისებს არ სცდება. ჩვენების სიყალბე სასამართლო საბუთებიდან შეუვალი სიცხადით არ ჩანს; სისხლის სამართლის პარაგრაფი, რომელსაც თვალთმაქცურად იყენებენ, ფორმალურად არ გამორიცხავს აკრძალული რომანის ასლის გადაღებას. მოკლედ, კანონთა კოდექსი – ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ სფეროში მაინც – ცარიელი ფასადია, მოჩვენებათა სამყარო. მაშ, რიღასთვის არის საჭირო? ზუსტად იმისთვის, რისთვისაც საჭიროა იდეოლოგია: იგი თავის მართლების ხიდს დებს სისტემასა და ინდივიდებს შორის, რითაც უადვილებს ამ უკანასკნელთ სტრუქტურებში შესვლას და ხელისუფლების თავნებური მოთხოვნებისადმი სამსახურს. თავის მართლება ადამიანებს უფლებას აძლევთ, მოისულელონ თავი, თითქოს ისინი უბრალოდ კანონს ემორჩილებიან და საზოგადოებას დამნაშავეთგან იცავენ (ამგვარი გამართლების გარეშე რამდენად უფრო გაუძნელდებოდათ მოსამრთლეთა, პროკურორთა და გამომძიებელთა ახალი თაობების მოზიდვა!). კანონთა კოდექსი, როგორც მოჩვენებათა სამყაროს ერთი ასპექტი, თვალს უხვევს არა მარტო გამომძიებლებს, ხალხს, უცხოელ დამკვირვებელს, არამედ თავად ისტორიასაც.

2. იდეოლოგიის მსგავსად კანონთა კოდექსიც ხელისუფლების სტრუქტურის გარეთ რიტუალური კომუნიკაციის მთავარი იარაღია. კანონთა კოდექსი არის ის, რაც ხელისუფლების ქმედებას ანიჭებს ფორმას, ჩარჩოს, წესებს. კანონთა კოდექსია ის, რაც შეუძლებელს ხდის სისტემის კომპონენტთა შორის ურთიერთობას, მათ სინათლეზე წარმოჩენას, საკუთარი კანონიერების დაფუძნებას; იგი მთელ თამაშს „წესებს“ უდგენს და უზრუნველყოფს ტექნოლოგიით. შეიძლება კი პოსტ-ტოტალიტარული ხელისუფლება წარმოდგენილ იქნას ამ საყოველთაო რიტუალის გარეშე, რომელიც ყველაფერს შესაძლებლად ხდის და წარმოადგენს ხელისუფლების სტრუქტურის სათანადო სექტორთა დამაკავშირებელ საერთო ენას? რაც უფრო მნიშვნელოვანია პოზიცია, რომელიც უკავია დამთრგუნველ აპარატს ხელისუფლების სტრუქტურაში, მით უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იგი მოქმედებს გარკვეული სახის ფორმალური კოდექსის შესაბამისად. აბა მაშ, სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა ასე იოლად და შეუმჩნევლად დაეტუსაღებინათ ხალხი აკრძალული წიგნების ასლის გადაღებისათვის, რომ არ ყოფილიყვნენ მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, დამცველები, სასამართლოს სტენოგრაფისტები და სქელი საქმეები და რომ ყოველივე ეს რაღაც მკაცრ წესრიგს არ შეეკრა ერთად? ან კიდევ ამ მიამიტურად გამომზირალ მეასე მუხლს რომ არ ეარსება? ის რაც კეთდება, რა თქმა უნდა, შეიძლება კანონთა კოდექსის და მისი აქსესუარების გარეშეც კეთდებოდეს რომელიმე ეფემერულ დიქტატურაში, რომელსაც ერთი უგანდელი ავაზაკი უდგას სათავეში და არა იმ სისტემაში, რომელიც მოიცავს ცივილიზებული კაცობრიობის ეგზომ დიდ ნაწილს და მსოფლიოს ერთიან, მყარ და ანგარიშგასაწევ ერთეულს წარმოადგენს. ეს არა მარტო მოუაზრებელი, უბრალოდ, ტექნიკურადაც შეუძლებელი იქნებოდა. კანონთა კოდექსის გარეშე, რომელიც მოქმედებს როგორც რიტუალურად შემაკავშირებელი ძალა, პოსტ-ტოტალიტარული სისტემა ვერც იარსებებდა.

რიტუალების, ფასადების და თავის მართლების მთელი როლი, რა თქმა უნდა, ყველაზე მჭერმეტყველურად ამჟღავნებს თავს არა კანონთა კოდექსის აკრძალვათა ნაწილში, სადაც ჩამოთვლილია, რისი გაკეთება არ შეუძლია მოქალაქეს და რის საფუძველზე შეიძლება მის მიმართ სარჩელის აღძვრა, არამედ – იმ ნაწილში, სადაც ნათქვამია, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას და რა უფლებები გააჩნია. აქ სხვა არაფერია თუ არა მხოლოდ „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“. და მაინც, კოდექსის ამ ნაწილს გააჩნია უზომოდ დიდი მნიშვნელობა სისტემისათვის, რადგან მასში სისტემა თავის კანონიერებას, როგორც მთლიანობას, აფუძნებს საკუთარ მოქალაქეთა, მოსწავლეთა, საერთაშორისო აუდიტორიისა თუ ისტორიის წინაშე. სისტემას არ შეუძლია ამის უგულებელყოფა, რადგან არ შეუძლია თავს უფლება მისცეს, ეჭვი შეიტანოს საკუთარი იდეოლოგიის ძირეულ პოსტულატებში, რაც ეგზომ მნიშვნელოვანია მისი არსებობისათვის (ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორა ჰყავს დამონებული ხელისუფლების სტრუქტურა საკუთარ იდეოლოგიას და იდეოლოგიურ პრესტიჟს) თუ დაეჭვდა, უნდა უარყოს ყოველივე ის, რასაც ცდილობს, რომ წარმოადგენდეს; ასეთ შემთხვევაში კი გამოეცლება ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, რასაც ის ეყრდნობა: მოჩვენებათა სამყაროს მთლიანობა.

თუ ხელისუფლების საქმიანობა მთელ სახელისუფლო სტრუქტურაში შეიძლება სისხლის ვენებში მიმოქცევას შეედაროს, მაშინ კანონთა კოდექსი შეიძლება გაგებულ იქნას რაღაც ისეთად, რაც ამ ვენათა კედლებს ამარაგებს. ამის გარეშე ხელისუფლების სისხლი ვერ იმოძრავებდა ორგანიზებულად, საზოგადოების სხეული მაშინათვე სისხლისაგან დაიცლებოდა.

დაჟინებული და გაუთავებელი აპელირება არა მარტო ადამიანის უფლებათა შემცველ, არამედ ყოველგვარი სხვა კანონისადმი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის, ვინც ასე იქცევა, ილუზიის ტყვეობაშია: თითქოს კანონი რაღაც სხვა იყოს, ვიდრე ის, რაც არის. მათ მშვენივრად მოეხსენებათ. როლი, რომელსაც კანონი თამაშობს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ესმით, თუ რაოდენ უსაშველოდ არის სისტემა კანონის „კეთილშობილ“ ვერსიაზე დამოკიდებული, კანონებზე ამგვარ აპელირებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. სისტემა ვერ იმუშავებს კანონის გარეშე, იგი გამოჭერილი ჰყავს თავისსავე პრეტენზიას, ვითომ კანონები იცვებოდეს, ამიტომ იგი იძულებულია ამგვარ აპელაციაზე რაღაცნაირი რეაქცია იქონიოს. ამგვარად, მოთხოვნა იმისა, რომ კანონი დაცულ იქნას, არის სიმართლეში ცხოვრების მთავარი საქმე, რაც საფრთხეს უქმნის მთელ სტრუქტურას მისი ცბიერების მთავარ წერტილში. ამგვარი აპელირებანი თვალს უხელს საზოგადოებას და კანონის სტრუქტურების წარმომადგენელთ, რომ კანონის ბუნება წმინდად რიტუალურია; გარდა ამისა, ყურადღებას აპყრობს კანონის ნამდვილ მატერიალურ არსზე და ამგვარად შემოვლითი გზით აიძულებს ყველას, ვინც კანონს არის ამოფარებული, დაადასტურონ და სცნონ, რომ კანონი ესაა თავის მართლების უწყება, კომუნიკაციის საშუალება, სოციალურ არტერიათა სიძლიერე, რომელთა გარეშეც მათი ნება-სურვილი ვერ განხორციელდებოდა საზოგადოებაში. კანონის მსახურნი იძულებულნი არიან ასე მოიქცნენ საკუთარი სინდისის წინაშე და იმ შთაბეჭდილების გამო, გარეშე პირებზე რომ უნდა დატოვონ, რათა დარჩნენ ხელისუფლებაში (როგორც ნაწილი სისტემის თვითშენახვის მექანიზმისა და მისი მთლიანობის პრინციპისა) ან უბრალოდ იმის შიშით, რომ რიტუალის „ულაზათო შესრულებას“ უსაყვედურებენ. მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ: მათ არ შეუძლიათ საკუთარი თამაშის წესები უგულებელყონ, შეუძლით მხოლოდ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ ამ წესების მიმართ. გამოწვევაზე პასუხის გაუცემლობა ნიშნავს საკუთარი თავის მართლებისათვის ძირის გამოთხრას და კონტროლის დაკარგვას საერთო საკომუნიკაციო სისტემაზე. იმის აღიარება, რომ კანონები მხოლოდ ფასადია, რომ მათ არ გააჩნია დაფუძნებულობა და ამიტომ უაზროა მათზე აპელირება, ნიშნავს კანონის იმ ასპექტთა გამყარების განგრძობას, რაც ქმნის ფასადსა და ამ რიტუალს. ეს ნიშნავს, დაადასტურო კანონი, როგორც მოჩვენებათა სამყაროს ასპექტი და მის მომხმარებელს დაეხმარო, იოლად მოერგოს თავის მართლების ყველაზე იაფფასიან (და ამიტომ ყველაზე ცბიერ) ფორმას.

მე ხშირად ვყოფილვარ მოწმე, თუ პროკურორებს და მოსამართლეებს – როცა საქმე ჰქონიათ გამოცდილ ქარტიელებთან ან შეუპოვარ ადვოკატთან ან როცა ხალხის ყურადღების ცენტრში აღმოჩენილან (როგორც სახელის მქონე პირნი, აპარატის ანონიმურობას რომ ვეღარ შეფარებიან) – უეცრად შეშფოთებულებს ზრუნვა დაუწყიათ, რომ რიტუალის აღსრულებაში ხარვეზი არ გაპარვოდათ. ეს არ ცვლის იმ ვითარებას, რომ რიტუალის უკან იმალება დესპოტური ხელისუფლება, მაგრამ უკვე ოფიციოზთა შეშფოთების ფაქტი აუცილებლად აწესრიგებს, საზღვარს უდებს და ანელებს დესპოტიზმის მოქმედებას.

ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მაგრამ მთავარი „დისიდენტურ“ პოზიციაში ისაა, რომ იგი მომდინარეობს ადამიანის ყოველდღიური რეალობიდან. გაურკვეველ მომავალში რომელიმე აბსტრაქტულ „ფუნდამენტურ გადაწყვეტასთან“ შედარებით იგი მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ხშირად განმეორებად და მყარ მოქმედებას, თუნდაც ის არ იყოს სრულყოფილი და თუნდაც უმნიშვნელოდ უმსუბუქებდეს ტანჯვას მხოლოდ ერთ უმნიშვნელო მოქალაქეს. ნებისმიერ შემთხვევაში განა ეს არაა „მცირე საქმის“ სხვა ფორმა, როგორც მასარიკს ესმოდა, რომელსაც დასაწყისში „დისიდენტობა“ ეგზომ მკაცრად უპირისპირდებოდა?

ეს მონაკვეთი დასრულებულად ვერ ჩაითვლება, თუ ხაზი არ გაესვა იმ გარკვეულ შინაგან შეზღუდულობათ, რაც ახასიათებს პოლიტიკას – „დაიჭირე ისინი საკუთარ სიტყვაზე“. საქმე შემდეგშია: ყველაზე იდეალურ შემთხვევაშიც კი კანონი წარმოადგენს ცხოვრებაში უარესისგან უკეთესის დაცვის ერთ-ერთ არასრულყოფილსა და მეტ-ნაკლებად გარეგან საშუალებას. თავისთავად კანონი ვერასოდეს რამე უკეთესს ვერ შექმნის. მისი დანიშნულებაა, აღასრულოს სამსახური, ხოლო მისი მნიშვნელობა თვითონ კანონში არაა. კანონისადმი პატივისცემის გამომუშავება ავტომატურად უკეთეს ცხოვრებას არ უზრუნველყოფს, გარდა ამისა, საქმე კეთდება ადამიანებისათვის და არა კანონებისა და დაწესებულებათათვის. შესაძლებელია წარმოდგენა საზოგადოებისა კარგი კანონებით, რომელთაც პატივს სცემენ, მაგრამ, რომელშიც შეუძლებელია ცხოვრება და პირიქით: შეიძლება წარმოვიდგინოთ საკმაოდ ასატანი ცხოვრება არასრულყოფილი კანონებით, რომელთაც უდიერად ეკიდებიან. მთავარია, როგორია ეს ცხოვრება და კანონები ცხოვრებას აუმჯობესებს თუ თრგუნავს, და არა ის, ზუსტად იცავენ მათ თუ არა (ხშირად კანონის მკაცრ გამოდევნებას დამღუპველი გავლენა მოუხდენია ადამიანის ღირსებაზე). ადამიანური, ღირსეული, მდიდარი და ბედნიერი ცხოვრების გასაღები არც კონსტიტუციაშია, არც სისხლის სამართლის კოდექსში. ისინი უბრალოდ ადგენენ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ამით შეიძლება ცხოვრება შეამსუბუქონ ან დაამძიმონ. ისინი მიჯნავენ, ნებას იძლევიან, სჯიან, იწყნარებენ ან იცავენ, მაგრამ არ შეუძლიათ არსი ან მნიშვნელობა მიანიჭონ ცხოვრებას. „კანონიერებისათვის ბრძოლისას“ არასოდეს არ უნდა გამოგრჩეს მხედველობიდან, როგორ შეეფარდება ეს კანონიერება ცხოვრების რეალურ პროცესებს. თუ თვალგანხმული არ ვუყურებთ ცხოვრების სილამაზისა და უბადრუკობის ნაღდ განზომილებათ, თუ ცხოვრებასთან ზნეობრივი დამოკიდებულება არ გაგვაჩნია, ეს ბრძოლა ადრე თუ გვიან სქოლასტიკურ, შეზღუდულ სისტემას შეასკდება და მერე, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, შეიძლება დავემსგავსოთ იმ დამკვირვებელს, რომელიც დასკვნებს ჩვენი სისტემის შესახებ სასამართლო საბუთების საფუძველზე აკეთებს და კმაყოფილდება, თუ სათანადო ინსტრუქციები დაცულია.

XVIII

თუ „დისიდენტურ მოძრაობათა“ მთავარი საქმეა სიმართლის სამსახური ანუ ცხოვრების ნამდვილ მიზანთა სამსახური და თუ იგი აუცილებლობით გადაზრდილია ინდივიდისა და მისი უფლების – იცხოვროს თავისუფლებასა და სიმართლეში – დაცვაში (ე.ი. ადამისანის უფლებათა დაცვაში და იმისათვის ბრძოლაში, რომ კანონებს პატივი მიეგოს), მაშინ „დისიდენტობის“ ერთი ეტაპი, შესაძლოა ყველაზე მომწიფებული ეტაპი ისაა, ვაცლავ ბენდა პარალელური სტრუქტურების განვითარებას რომ უწოდებდა.

როცა ისინი, ვისაც სიმართლეში ცხოვრება აქვთ გადაწყვეტილი, უარყოფენ უშუალო ზემოქმედებას არსებულ სტრუქტურებზე და მათში მონაწილეობას, იწყებენ იმის შექმნას, რასაც მე საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრება ვუწოდე, მაშინ ეს უკანასკნელი გარკვეულ სტრუქტურად ჩამოყალიბებას იწყებს. ზოგჯერ სტრუქტურად ჩამოყალიბების მხოლოდ მინიშნებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ კი ეს სტრუქტურები უკვე საკმაოდ ცხადად არის გამოკვეთილი. მათი გენეზისი და ევოლუცია განუყოფელია „დისიდენტობის“ ფენომენისაგან მაშინაც კი, როცა საკმაოდ კარგად შორდებიან თვითნებურად მონიშნულ არეალს, რასაც ჩვეულებრივ ტერმინით – „დისიდეტობა“ – აღნიშნავენ.

რას წარმოადგენს ეს სტრუქტურები? პირველად ივან ჟიროუსმა ჩეხოსლოვაკიაში მოძებნა ფორმულირება და პრაქტიკაში გამოიყენა „მეორე კულტურის“ ცნება. თავიდან მხედველობაში ჰქონდა უპირატესად ნონკონფორმისტული მუსიკა და ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, თეატრის ზოგიერთი მოვლენა, რაც ახლოს იდგა ამ ნონ-კონფორმისტული სამუსიკო ჯგუფების გემოვნებასთან. ტერმინი „მეორე კულტურა“ ძალიან მალე აიტაცეს დამოუკიდებელი და შევიწროებული კულტურის მთელი არეალის აღსანიშნად – არა მხოლოდ ხელოვნების და მისი სხვადასხვა დარგის, არამედ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიური აზროვნების აღსანიშნადაც. სრულიად ბუნებრივია, რომ „მეორე კულტურამ“ შეიმუშავა ელემენტარული ორგანიზაციული ფორმები: წიგნებისა და ჟურნალების “სამიზდატით“ გამოცემა, კერძო წარმოდგენები და კონცერტები, სემინარები, გამოფენები და ა.შ. (პოლონეთში ყოველივე ეს გაცილებით უკეთ განვითარდა. იქ არსებობს დამოუკიდებელი გამომცემლობები და გააჩნიათ გაცილებით მეტი რაოდენობის პერიოდიკა, პოლიტიკური ხასიათის პერიოდიკაც კი. საბეჭდ მანქანაზე გამრავლების გარდა ბეჭდვის სხვა საშუალებანიც გააჩნიათ და ა.შ. საბჭოთა „სამიზდატს“ ხანგრძლივი ისტორია აქვს და, ბუნებრივია, მისი ფორმები საკმაოდ განსხვავებულია). ამიტომ კულტურა არ წარმოადგენს სფეროს, რომელშიც „პარალელურ სტრუქტურებზე“, როგორც ყველაზე კარგად განვითარებულ ფორმებზე, შეიძლება დაკვირვება. ბენდა, რა თქმა უნდა, ამგვარი სტრუქტურების პოტენციურ ან ჩანასახოვან ფორმებს ვარაუდობს სხვა სფეროებშიც, როგორიცაა: პარალელური საინფორმაციო ქსელი, აღზრდის პარალელური ფორმები (კერძო უნივერსიტეტები), პარალელურად არსებული პროფესიული კავშირები, უცხოეთთან პარალელური კონტაქტები და პარალელური ეკონომიკაც კი. ამ პარალელურ სტრუქტურათა ბაზაზე იგი ავითარებს „პარალელური პოლისის“ ანუ სახელმწიფოს ცნებას ან უფრო სწორად ამ სტრუქტურებში იგი ხედავს პოლისის ჩანასახებს.

განვითარების გარკვეულ საფეხურზე საზოგადოების დამოუკიდებელ ცხოვრებას და „დისიდენტურ მოძრაობას“ არ შეუძლია აიცილოს რაღაც ფორმით მაინც ორგანიზება და ინსტიტუტიზაცია. ეს განვითარების ბუნებრივი გზაა და სანამ საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრება რადიკალურად ითრგუნება და იდევნება, ეს ტენდენცია გაიზრდება. მასთან ერთად აუცილებლად განვითარდება პარალელური პოლიტიკური ცხოვრებაც, რაც ჩეხოსლოვაკიაში გარკვეული ზომით კიდეც არსებობს. მეტ-ნაკლებად პოლიტიკური ხასიათის დაჯგუფებანი გააგრძელებენ პოლიტიკურად თავის დადგენას, მოქმედებას და ერთმანეთთან დაპირისპირებას.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პარალელური სტრუქტურები „სიმართლეში ცხოვრების“ ყველაზე მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს. „დისიდენტური მოძრაობის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პარალელური სტრუქტურებისთვის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ეს ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ უპირველესი სათავე საზოგადოების ყველა მცდელობისა, წინააღმდეგობა გაუწიოს სისტემის დაწოლას, პრე-პოლიტიკურ სფეროშია. რისთვის არსებობს პარალელური სტრუქტურები, თუ არა იმისათვის, რომ იყოს სფერო, სადაც შეგეძლება განსხვავებული ცხოვრებით იცხოვრო, ცხოვრებით, რომელიც ჰარმონიაშია საკუთარ მიზნებთან და რომელიც ამ მიზნებთან ჰარმონიაში იდგენს თავს. რას წარმოადგენს სოციალური თვითორგანიზაციის ადრეული მცდელობები თუ არა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ძალისხმევას – ეცხოვრა როგორც საზოგადოებას სიმართლეში, ეხსნა თავი ტოტალიტარიზმის თვითგანმამტკიცებელი ასპექტებისაგან და ამგვარად საბოლოოდ და მთლიანად თავი დაეღწია პოსტტოტალიტარულ სისტემაში ჩათრევისაგან? სხვა რას წარმოადგენს ეს მცდელობები თუ არა ადამიანთა არაძალისმიერ ძალისხმევას, უარყონ სისტემა და ცხოვრება საკუთარი თვითობის საფუძველზე ააგონ, და განა ეს ტენდენცია ერთხელ კიდევ არ ადასტურებს იმ პრინციპს, რომ ყურადღების ცენტრში ისევ რეალური ადამიანები უნდა მოექცნენ? გარდა ამისა, პარალელური სტრუქტურები a priori სისტემაში ცვლილებათა (პოლიტიკური სექტები იქ არ მონაწილეობენ) თეორიული განჭვრეტიდან არ ამოიზრდება, არამედ ცხოვრების მიზნებიდან და რეალურ ადამიანთა პირველადი საჭიროებიდან. კაცმა რომ თქვას, სისტემაში ყველა საბოლოო ცვლილება, რომელთაც შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ რუდიმენტულ ფორმებში, მომდინარეობს როგორც de facto ქვემოდან, იმიტომ რომ მათ ცხოვრება იწვევს და არა იმიტომ, რომ ისინი უძღვებიან ცხოვრებას, რაღაცნაირად მართავენ ან იწვევენ მასში ცვლილებებს.

ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ ინდივიდის ცხოვრებაში ნებისმიერ ჭეშმარიტად ღირსსაცნობ ამოსავალ წერტილს ჩვეულებრივ უნივერსალობის ელემენტი გააჩნია ანუ იგი არ არის რაღაც ნაწილობრივი, რაც მისაღებია მხოლოდ ვიწრო ჯგუფისათვის და არ გადაიცემა სხვაზე. პირიქით, პოტენციურად იგი მისაღები უნდა იყოს ყველასათვის. მან წინდაწინ უნდა განჭვრიტოს მთავარი გადაწყვეტილება. ამგვარად, იგი სულაც არ არის ინტროვერტული, ჩაკეტილი პასუხისმგებლობა, ინდივიდებს საკუთარი თავის მიმართ და საკუთარი თავის გამო რომ გააჩნიათ, არამედ ესაა პასუხისმგებლობა სამყაროს მიმართ და სამყაროს გამო. ასე რომ, სრულიად მცდარია პარალელური პოლისის გაგება, როგორც გეტოში დაბრუნება და გარიყვა, რაც გათვლილია იმათზე, ვისაც აღებული აქვს ასეთი კურსი და ვინც ინდიფერენტულია დანარჩენებისადმი. მოკლედ, მცდარი იქნება მისი მიჩნევა არსებითად ჯგუფურ გადაწყვეტილებად, რასაც საერთო არაფერი აქვს ზოგად სიტუაციასთან. ასეთი გაგება თავიდანვე დააცილებდა სიმართლეში ცხოვრების ცნებას მისი სათანადო ამოსავალი წერტილისაგან, რაც მდგომარეობს სხვებზე ზრუნვაში და, საბოლოო ჯამში, „სიცრუეში ცხოვრების“ სხვა უფრო ჩახლართულ ვერსიად აქცევდა. ამით ის, რა თქმა უნდა, ვეღარ იქნებოდა ინდივიდთა და ჯგუფის საყრდენი წერტილი; იგი გასაქანს მისცემდა „დისიდენტობის“, როგორც გამორჩეული ჯგუფის, ყალბ გაგებას, განსაკუთრებულ დიალოგს რომ აგრძელებს მთავრობასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, პარალელურ სტრუქტურებში ცხოვრების უაღრესად განვითარებულ ფორმებს, პარალელური პოლისის დასრულებულ ფორმას შეუძლია არსებობა – პოსტ-ტოტალიტარულ პირობებში მაინც – მხოლოდ მაშინ, როცა ინდივიდი იმავდროულად ჩართულია „პირველი“, ოფიციალური სტრუქტურის ათასგვარ ურთიერთობაში, რაც შეიძლება მდგომარეობდეს თუნდაც იმაში, რომ მაღაზიებში იძენდეს საჭირო ნივთებს, ხმარობდეს ფულს და ემორჩილებოდეს კანონებს. ცხადია, შეიძლება ცხოვრების წარმოდგენა მის „ძირეულ“ ასპექტში, რაც პარალელურ პოლისში ყვავის, მაგრამ განა ასეთი თვითნებური, პროგრამული ცხოვრება არ იქნებოდა სხვა ვერსია „სიცრუეში“ შიზოფრენიული ცხოვრებისა, რომლის მიხედვითაც ყველამ დადგენილი გზით უნდა იცხოვროსჱ განა იგი შემდგომი ცხადყოფა არ იქნებოდა იმისა, რომ ამოსავალი თვალსაზრისი, რომელიც „სანიმუშო“ გადაწყვეტა არ არის და არ მიეყენება ყველას, არ შეიძლება ბევრს ნიშნავდეს პიროვნებისათვის? პატოჩკას უყვარდა თქმა, რომ პასუხისმგებლობაში ყველაზე საინტერესოა ის, რომ იგი შეიძლება ყველგან ატარო. ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ჩვენია, რომ ჩვენ იგი უნდა მივიღოთ და არ მოვიხსნათ აქ, ახლა, იმ დროსა და სივრცეში, რომელშიც უფალმა მოგვათავსა, ჩვენ არ შეგვიძლია გავაყალბოთ ჩვენი გზა სხვაგან გადანაცვლებით, იქნება ის ინდური აშრანი თუ პარალელური პოლისი. დასავლეთის ახალგაზრდობას ხშირად უხდება იმის აღმოჩენა, რომ ინდურ მონასტერში თავის შეფარებას არც პიროვნებისათვის, არც ჯგუფისათვის ხსნა არ მოაქვს. ის ხსნა არ არის იმიტომ და მხოლოდ იმიტომ, რომ აკლია საყოველთაობის ელემენტი – ყველას არ შეუძლია მონასტერს მიაშუროს. ქრისტიანობა საპირისპირო გზის მაგალითია: ამოსავალი წერტილი ჩემთვის აქაა და ახლა, ამიტომ ყველას ყველგან ყოველთვის შეუძლია ის გამოიყენოს.

სხვაგვარად, პარალელური პოლისი საკუთარი თავის მიღმაა მიმართული და მას აზრი აქვს მხოლოდ როგორც პასუხისმგებლობის გაღრმავებას მთელის მიმართ და მთელის გამო, როგორც ამ პასუხისმგებლობისათვის ყველაზე შესაფერისი ლოკუსის შერჩევას* და არა პასუხისმგებლობისაგან გაქცევას.

XIX

მე უკვე ვისაუბრე სიმართლეში ცხოვრების პოლიტიკურ პოტენციალზე და იმ შეზღუდვაზე, რაც გააჩნია წინასწარ იმის დადგენას, თუ როგორ და როდის მოიტანს სიმართლეში ცხოვრების მოცემული გამოხატულება ძირეულ ცვლილებას. ისიც აღვნიშნე, თუ რაოდენ უადგილოა ამ მიმართებით რისკის გამოთვლის მცდელობა, რადგან დამოუკიდებელი ინიციატივების არსებითი ნიშან-თვისება ისაა, რომ ისინი ყოველთვის – დასაწყისში მაინც – რისკია: ყველაფერი ან არაფერი.

მიუხედავად ამისა, „დისიდენტური მოძრაობის“ ზოგიერთი საქმიანობის მიმოხილვა არ იქნებოდა სრული იმის გაუთვალისწინებლად – თუნდაც მხოლოდ ძალიან ზოგადად – რომ ამ საქმიანობის ზოგიერთ ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზას შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე; ანუ მთელის მიმართ და მთელისათვის პასუხისმგებლობის ეს გზები შეიძლება (აუცილებელი არაა „უნდა“) განხორციელდეს პრაქტიკაში.

პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრების მომცვლელი მთელი სფერო და, უფრო მეტიც, „დისიდენტური მოძრაობა“, როგორც ასეთი, ბუნებრივია, შორსაა იმისაგან, რომ იყოს ერთადერთი შესაძლო ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენდა პოსტ-ტოტალიტარული სისტემის ქვეყნების ისტორიაზე. ამგვარ საზოგადოებეში ფარულ სოციალურ კრიზისს მოძრაობათაგან დამოუკიდებლად ნებისმიერ დროს შეუძლია პოლიტიკურ ძვრათა ფართო სპექტრი გამოიწვიოს. მას შეუძლია სახელისუფლო სტრუქტურა არიოს, სხვადასხვა ფარული დაპირისპირება შეანელოს ან გაამძაფროს, რასაც მოჰყვება საკადრო, კონცეფტუალური ან სულ მცირე „კლიმატური“ ცვლილებები მაინც. მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ცხოვრების ზოგად ატმოსფეროზე, მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი სოციალური მღელვარებისა და უკმაყოფილების გამოწვევა. სახელისუფლო გადანაცვლებებს ბლოკის ცენტრში შეუძლია გავლენა იქონიოს სხვადასხვა გზით სხვადასხვა ქვეყნის მდგომარეობაზე. ბუნებრივია, ეკონომიკურ ფაქტორებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, ისევე როგორც გლობალური ცივილიზაციის ფართო მიმართულებებს. უაღრესად ღირსსაცნობ სფეროს, რომელსაც შეუძლია იყოს რადიკალური ცვლილებებისა და პოლიტიკურ მღველვარებათა წყარო, წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკა, აგრეთვე საერთაშორისო ინტერესთა ცვალებადი სტრუქტურა და პოზიცია, რომელსაც ჩვენი ბლოკი იკავებს. უმაღლესი თანამდებობის პირნიც არ არიან მოკლებულნი გარკვეულ მნიშვნელობას, თუმც, როგორც უკვე აღვნიშნე, არ შეიძლება ხელმძღვანელთა მნიშვნელობის გადაჭარბებულად შეფასება პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში. ბევრი ამგვარი გავლენის, გავლენთა კომბინაციის, „დისიდენტური მოძრაობის“ შესაძლებელი პოლიტიკური ზემოქმედების გააზრება შეიძლება მხოლოდ ზოგადი ფონის საფუძველზე და იმ კონტექსტში, რომელსაც ეს ფონი ქმნის. ეს ზეგავლენა მხოლოდ ერთი იმ მრავალ ფაქტორთაგანია (და სულაც არაა უმნიშვნელოვანესი), რაც განაპირობებს პოლიტიკურ განვითარებას. იგი სხვა ფაქტორთაგან განსხვავდება ალბათ მხოლოდ იმით, რომ მისთვის პოლიტიკური განვითარება გარდატყდება ადამიანის დაცვის ფოკუსში. იგი ეძებს ამ გარდატყდომაზე დაუყოვნებლივ რეაქციას.

ამ მოძრაობათა გარეგანი მიმართების უპირველესი დანიშნულება ყოველთვის არის, როგორც უკვე ვნახეთ, გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე და არა სახელისუფლო სტრუქტურაზე, ყოველ შემთხვევაში, არა უშუალოდ და არა დაუყოვნებლივ. დამოუკიდებელ ინიციატივათა ადრესატია ფარული სფერო. ისინი აჩვენებენ, რომ სიმართლეში ცხოვრება ჰუმანური და სოციალური ალტერნატივაა და ასეთი ცხოვრების სივრცის გასაფართოებლად იბრძვიან. ისინი ეხმარებიან მოქალაქეებს – თუმც, რა თქმა უნდა, ეს არ არის უშუალო დახმარება – საკუთარი ღირსების ამაღლებაში. ისინი ატორტმანებენ მოჩვენებათა სამყაროს და ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას ნიღაბსა ხსნიან. ისინი თავზე არ იღებენ მესიანურ როლს. ისინი არ წარმოადგენენ ავანგარდს ან ელიტას, მარტო მან რომ იცის ყველაზე უკეთ ყველაფერი და რომლის ამოცანაა „უგუნური მასის ჭკუაზე მოყვანა“ (ეს ზვიადი თვითდაჯერებლობა კიდევ ერთხელ ააშკარავებს აზროვნების არსებითად განსხვავებულ ტიპს, რომელსაც მიაჩნია, რომ მას ეკუთვნის პატენტი „იდეალურ პროექტზე“ და ამიტომ უფლება აქვს ეს პროექტი საზოგადოებაზე გდაიტანოს). ეს ინიციატივები თითოეულ პიროვნებას უფლებას უტოვებს, თავისით გადაწყვიტოს, საკუთარი გამოცდილებიდან და საქმიანობიდან რა დასკვნა გამოიტანოს და რა – არა. (ოფიციალური ჩეხოსლოვაკიური პროპაგანდა ქარტიელებს „თვითმარქვიებად“ მოიხსენებდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ხაზს უსვამდა ნამდვილ ავანგარდულ ამბიციებს, უბრალოდ, რეჟიმი ბუნებრივად ასე აზროვნებდა, ასე განსჯიდა სხვებს საკუთარი საზომებით; მას ხომ კრიტიკის ყოველი გამოვლენისას ელანდება, რომ ძალაუფლების ჩამორთმევას, მისი ადგილის დაკავებას და „ხალხის სახელით“ მართვას ესწრაფვიან, ელანდება ის, რითაც წლების მანძილზე თავად უდგია სული).

ამიტომ ამგვარი მოძრაობები საკუთრივ ხელისუფლების სტრუქტურაზე ყოველთვის შუალობით გავლენას ახდენს როგორც მთელი საზოგადოების ნაწილი, რადგან ისინი პირველ რიგში საზოგადოების ფარულ შრეებზეა გამიზნული და არ უპირისპირდებიან რეჟიმს რეალური ძალაუფლების დონეზე.

მე უკვე მივუთითე ერთ-ერთი გზა, როცა ეს მუშაობს: ანუ კანონების ცოდნა და პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს კანონები იცვებოდეს. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ კერძო ნიმუშია გაცილებით ფართო გავლენისა, იმ არაპირდაპირი ზემოქმედებისა, რასაც იწვევს სიმართლეში ცხოვრება: თავისუფალი აზროვნება, ალტერნატიული ღირებულებები, „ალტერნატიული ქცევა“, დამოუკიდებელი სოციალური თვითგანხორციელება. ხელისუფლების სტრუქტურამ, სურს თუ არა, გარკვეულწილად ყოველთვის უნდა უპასუხოს ამ გავლენას, თუმც მისი პასუხი მუდამ ორი განზომილებისაა: ესაა რეპრესია და ადაპტაცია. ზოგჯერ ერთი დომინირებს, ზოგჯერ – მეორე. მაგალითად, პოლონეთში სასტიკი დევნა გამოუცხადეს „მფრინავ უნივერსიტეტებს“, პოლიცია აპატიმრებდა „მფრინავ მასწავლებლებს“. მაგრამ ამ დროს არსებულ ოფიციალურ უნივერსიტეტებში პროფესორები შეეცადნენ სწავლების კურსში რამდენიმე ისეთი საგანი შეეტანათ, რომელთაც აქამდე ტაბუ ედო. აი, სწორედ ეს იყო შედეგი იმ შუალობითი ზემოქმედებისა, რაც „მფრინავმა უნივერსიტეტებმა“ გამოავლინა. ამგვარი ადაპტაციის მოტივები ვინძლო კიდეც განსხვავდება „იდეალისაგან“ (ფარულმა სფერომ შეიტყო, რომ სინდისი და სიმართლის წყურვილი გამოღვიძებულია) და სავსებით უტილიტარულია: გადარჩენის ინსტიქტი რეჟიმს აიძულებს, შეამჩნიოს ცვლილებანი იდეებში, ცვლილება სულიერსა და სოციალურ კლიმატში და მათზე მოქნილად უპასუხოს. საბოლოო შედეგისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, თუ მოცემულ მომენტში რომელი ამ მოტივთაგანი იქნება დომინანტური.

ადაპტაცია დადებითი განზომილებაა რეჟიმის საპასუხო რეაქციისა. მას შეიძლება გააჩნდეს და ჩვეულებრივ გააჩნია კიდეც ფორმებისა და ფაზების ფართო სპექტრი. ზოგიერთები შეიძლება შეეცადონ „პარალელური სამყაროს“ ღირებულებანი და ადამიანები ოფიციალურ სტრუქტურებში მოაქციონ, გამოიყენონ ისინი, ცოტათი დაემსგავსონ მათ და ცოტათი დაიმსგავსონ, ამით, ასე თუ ისე, დაარეგულირონ აშკარა და შეუწყნარებული შეუსაბამობა. 60-იან წლებში პროგრესულმა კომუნისტებმა დაიწყეს უცნობ კულტურულ ღირებულებათა და ფენომენთა „აღმოჩენა“. ეს დადებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ მას საფრთხე ახლდა. მას მერე, რაც „ინტეგრირებულმა“ და „მისადაგებულმა“ ღირებულებებმა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისაგან რაღაც დაკარგა, ხოლო ოფიციოზისა და კონფორმიზმის მანტიის მორგებით მათ დამაჯერებლობას წყალი შეუდგა. მომდევნო ფაზაზე ამ ადაპტაციას შეუძლია ოფიციალურ სტრუქტურათა ერთ ნაწილში კონსტრუქციულად და უმაღლესი ამოცანების შესაბამისად რეფორმების გატარებას მიაღწიოს. ამგვარი რეფორმები, ჩვეულებრივ, ნახევრული ზომებია; მათი მიზანია შეათავსონ და შესაძლებლობის ფარგლებში რეალისტური კოორდინაცია გაუწიოს ცხოვრებისათვის სამსახურსა და პოსტ-ტოტალიტარული „ავტომატიზმის“ სამსახურს. სხვაგვარად მათ არ შეუძლიათ. ისინი აბუნდოვანებენ იმას, რაც უწინ მკვეთრ სადემარკაციო ხაზს წარმოადგენდა სიმართლეში ცხოვრებასა და სიცრუეში ცხოვრებას შორის, ისინი ნისლით ბურავენ სიტუაციას, საზოგადოებას საგონებელში აგდებენ და ადამიანებს მოთმინებას აკარგვინებენ. რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ამგვარი ფაქტი, არსებითად, ყოველთვის პოზიტიურია, რადგან ახალ და ახალ სივრცეებს შლის, თუმც კიდევ უფრო აძნელებს „დასაშვები“ და „დაუშვებელი“ კომპრომისების ერთმანეთისაგან გარჩევას.

ადაპტაციის სხვა უფრო მაღალი ფაზაა შინაგანი დიფერენციაცია, რასაც ადგილი აქვს ოფიციალურ სტრუქტურებში. ეს სტრუქტურები მეტ-ნაკლებად იხსნება პლურალობის ორგანიზირებული ფორმების წინაშე, რადგან ამას მოითხოვს ცხოვრების ნამდვილი მიზნები (ერთი მაგალითი: კულტურული ცხოვრების ცენტრალიზებული და დაგენილი ბაზისის შეცვლის გარეშე „ქვემოდან“ დაწოლის შედეგად შეიძლება აღმოცენდეს ახალი გამომცემლობები, პერიოდიკის გამომშვებთა ჯგუფები, მხატვართა გაერთიანებანი, პარალელური კვლევითი ინსტიტუტები, სამუშაო ადგილები და ა.შ. ანდა სხვა მაგალითი. ერთადერთი მონოლითური, სახელმწიფოს მიერ ხელდასხმული ახალგაზრდობის კავშირი, როგორც ტიპური პოსტტოტალიტარული „აღმძრავი ღვედი“, რეალურ მოთხოვნათა ზემოქმედების შედეგად იშლება მთელ რიგ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ორგანიზაციებად, როგორებიცაა: უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირი, საშუალო სკოლის მოსწავლეთა კავშირი, მუშა ახალგაზრდობის ორგანიზაცია და ა.შ.). არსებობს უშუალო კავშირი ამ სახის დიფერენციაციას, რაც ქვემოდან წამოსულ ინიციატივებზე გამოხმაურების საშუალებას იძლევა, და ახალი სტრუქტურების წარმოქმნასა და ორგანიზებას შორის, რომლებიც ან უკვე პარალელურია ან საკმარისად დამოუკიდებელი, მაგრამ რომელთაც პატივს სცემს, ან, ყოველ შემთხვევაში, ანგარიშს უწევს ოფიციალური დაწესებულება. ეს ახალი ორგანიზაციები უფრო მეტია ვიდრე, ეს-ესაა, ლიბერალიზებული ოფიციალური სტრუქტურები, რომლებსაც ცხოვრების ნამდვილ საჭიროებათ უსადაგებენ. ისინი უკვე უშუალოდ გამოხატავენ ამ საჭიროებათ, მოითხოვენ პოზიციის ქონას უკვე არსებულის პირობებში; სხვაგვარად, ისინი წარმოადგენენ საზოგადოების ტენდენციას, თავად მოახდინოს ორგანიზება (ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს ამ ტიპის იყო კარგად ცნობილი „კან“ – არაკომუნისტთა კლუბი და „K-231“ ყოფილ პოლიტიკურ პატიმართა ორგანიზაცია).

ამ პროცესის საბოლოო ფაზაა სიტუაცია, რომელშიც ოფიციალური სტრუქტურები – რომელნიც, როგორც პოსტტოტალიტარული სისტემის გამოხატულებანი, არსებობენ მხოლოდ იმისთვის, რომ ემსახურონ სისტემის ავტომატიზმს და მოერგონ ამ როლს, – განიცდიან ჭკნობას და კვდომას, ბოლოს მათ ადგილს იკავებს ახალი, „ქვემოდან“ წამოსული და სრულიად განსხვავებული გზით გაერთიანებული სტრუქტურები.

ცხადია, შეიძლება მრავალი იმ გზის წარმოდგენა, რომლის მეოხებითაც ცხოვრების მიზნები არსებულის ზოგად ორგანიზაციაში პოლიტიკურ ტრანსფორმაციას მოახდენდა და ყველა საფეხურზე შეასუსტებდა საზოგადოებაზე მანიპულაციის ტექნიკას. აქ მე მხოლოდ ის გზა ვაჩვენე, რომელმაც ცხოვრების ზოგად ორგანიზაციაში ცვლილებანი შეიტანა და რომელიც ჩვენს თავზე გამოვცადეთ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში. მინდა დავძინო, რომ ყველა ეს კონკრეტული მაგალითი ერთი მხარე იყო თავისებური ისტორიული პროცესისა, რომელიც ერთადერთ ალტერნატივად არ უნდა მივიჩნიოთ, არც აუცილებლად განმეორებად (განსაკუთრებით, სხვა ქვეყნებში) ფაქტად, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არ უკარგავს მნიშვნელობას იმ ზოგად გაკვეთილებს, რომელთაც დღეისათვის ისევ ეძებენ და ნახულობენ.

ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის ამბებს რაც შეეხება, უპრიანი იქნებოდა, აღგვენიშნა იმ პერიოდის მოძრაობათა ზოგიერთი ნიშანდობლივი ასპექტი. არც ერთი ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, ზოგადი „განწყობილებისა“, შემდგომ კონცეპტუალური და ბოლოს სტრუქტურებრივი, არ წარმომდგარა პარალელურ სტრუქტურათა ზემოქმედებით, დღეს რომ იძენენ ფორმას. ამგვარი სტრუქტურები, ოფიციალური სტრუქტურების მკვეთრ ანტითეზისს რომ წარმოადგენს, იმ ხანად არ არსებობდა, არც „დისიდენტები“ არსებობდნენ ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. ცვლილებები, უბრალოდ, შედეგი იყო სრულიად განსხვავებული ზემოქმედებისა, რომელთაგან ზოგი სრულიად განხორციელდა, ზოგი – ნაწილობრივ. ადგილი ჰქონდა აზროვნების თავისუფალი ფორმების, დამოუკიდებელი შემოქმედების და მკაფიო პოლიტიკური გამოხატვის სპონტანურ ცდებს; ადგილი ჰქონდა არსებულ სტრუქტურათა გვერდით საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრების დამკვიდრების ხანგრძლივ, სპონტანურ, შეუმჩნეველ ძალისხმევას. ჩვეულებრივ ეს იწყებოდა ოფიციალური სტრუქტურების პერიფერიებში. მოკლედ, ეს იყო სოციალური გამოღვიძების თანდათანობითი პროცესი, შეპარვითი პროცესი, რომელშიც ფარული სფეროეები ნელი-ნელ იხსნებოდა. (გარკვეული წილი სიმართლისა გააჩნია ოფიციალურ პროპაგანდას, როცა ჩეხოსლოვაკიაში „შეპარვით კონტრრევოლუციის“ შესახებ ლაპარაკობს, თუ მას მხედველობაში აქვს ცხოვრების მიზანთა გაკვალვა). ამ გამოღვიძების უკან მდგომი ძალა აუცილებლობით მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრებიდან არ გამოსულა, ისევე როგორც არ მოსულა განსაზღვრული სოციალური გარემოცვიდან (მაგრამ ის ფაქტი, რომ იქიდან წარმოდგა, სათანადოდ უნდა იქნას შეფასებელი). მის წარმოშობას ხელი შეუწყვეს ოფიციალური სტრუქტურებში მყოფმა პირებმაც, რომელნიც მეტ-ნაკლებად თავს ოფიციალურ იდეოლოგისათან აიგივებდნენ; ისინი აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე, როგორიც იყო ის სინამდვილეში და როგორადაც გაცხადდა იგი ფარული სოციალური კრიზისისა და ხელისუფლების ჭეშმარიტი ბუნებისა და მოქმედების საკუთარ ტყავზე გამოცდის საფუძველზე (აქ მე მხედველობაში მყავს უმთავრესად არა ერთი „ანტიდოგმატიკოსი“ რეფორისტი კომუნისტი, რომელნიც ოფიციალური სტრუქტურების შიგნით გარკვეულ ძალად ყალიბდებოდნენ). არ არსებობდა არც სათანადო პირობები, არც raison d’ être ამ შეზღუდული „თვითმასტრუქტურებელი“ დამოუკიდებელი ინიციატივებისათვის, რაც დღეისათვის ცნობილია „დისიდენტურ მოძრაობად“, ასე აშკარად რომ განზე დგას ოფიციალური სტრუქტურებისაგან, რომელნიც არ ცნობენ en bloc-ს. იმ ხანად ჩეხოსლოვაკიაში პოსტ-ტატალიტარული სისტემა დღევანდელივით სტატიკურ, სტერილურ და მყარ ფორმებად არ იყო ჩაკირული, რაც ადამიანებს აიძულებს ხელი აიღონ თავიანთ საორგანიზაციო მიდრეკილებებზე. მრავალი ისტორიული და სოციალური მიზეზის გამო 1968 წლის რეჟიმი გაცილებით ღია იყო. სტალინური დესპოტიზმით ქანცგაცლილი ხელისუფლების სტრუქტურა, რომელიც უმწეოდ ეძებდა უმტკივნეულო რეფორმებს, შიგნიდან იხრწნებოდა და სრულიად უძლური იყო, რამე გონივრული დაეპირისპირებინა ახალი გუნება-განწყობილებისათვის, სინამდვილისადმი ახლებური დამოკიდებულებისა და „პრეპოლიტიკურ“ დონეზე ცხოვრების უთვალავი გამოხატულებისათვის.

შედარებით ზოგადი თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი სხვა ტიპური გარემოება ჩანს: 1968 წელს თავში მოქცეული სოციალური ფერმენტი, რეალური სტრუქტურული ცვლილებების აზრით, არასოდეს გასცილებია რეფორმას, სტრუქტურათა დიფერენციაციას ან გადანაცვლებას, რომელთაც სინამდვილეში მხოლოდ მეორადი მნიშვნელობა გააჩნდა. მას ზემოქმედება არ მოუხდენია პოსტტოტალიტარულ სისტემაში სახელისუფლო სტრუქტურის არსებაზე, რაც უნდა ითქვას, რომ სისტემის პოლიტიკური მოდელია, არც სოციალური ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ მოდელზე, რომლის მიხედვითაც მთელი ეკონომიკური ძალაუფლება პოლიტიკურ ძალაუფლებას ექვემდებარება. არსებითი სტრუქტურული ცვლილებანი არ მომხდარა ხელისუფლების უშუალო ორგანოებშიც (არმია, პოლიცია, სასამართლო და ა. შ.). იმ დონეზე ცვლილება შეემჩნა მხოლოდ გუნებაგანწყობილებას, კადრებს, პოლიტიკურ ხაზს. ცვლილება შეეხო ძალაუფლების აღსრულების რაგვარობასაც. ყოველივე რჩებოდა კამათისა და დაგეგმვის საფეხურზე. ამ მიმართულებით ოფიციალურად მიღებულ იქნა ორი პროგრამა: ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის 1968 წლის აპრილის მოქმედების პროგრამა და ეკონომიკურ რეფორმათა პროექტი. მოქმედების პროგრამა სავსე იყო წინააღმდეგობებით და ნახევრული ღონისძიებებით – ის სხვაგვარი ვერც იქნებოდა – და ხელისუფლების ფიზიკურ ასპექტებს ხელუხლებელს ტოვებდა. რაც შეეხება ეკონომიკურ პროექტებს, მათში იყო გარკვეული წინსვლა სამეურნეო სფეროს ცხოვრების მოთხოვნილებებისადმი მისადაგების თვალსაზრისით (აღიარებული იყო: ინტერესთა და ინიციატივათა პლურალიზმი, დინამიკური სტიმულები, ეკონომიკური საკომანდო სისტემის შეზღუდვა), მაგრამ ხელუხლებლად ტოვებდა ეკონომიკური ხელისუფლების დედაბოძს, სახელდობრ, წარმოების საშუალებათა სახელმწიფო და არა საზოგადოებრივი საკუთრების პრინციპს. ასე რომ, აქ ისეთი უფსკრულია, ვერანაირი საზოგადოებრივი მოძრაობა პოსტტოტალიტარულ სისტემაში მასზე ხიდს ვერ გადებს, გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ უნგრეთის აჯანყების რამდენიმე დღე.

განვითარების სხვა რომელი ალტერნატივა შეიძლება გამოჩნდეს მომავალში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნიშნავს წმინდად ჭვრეტით სფეროში გადასვლას. ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ ფარული სოციალური კრიზისი ამ სისტემაში ყოველთვის თავს იჩენდა (საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ შემდგომშიც ასე არ გაგრძელდება) სხვადასხვა პოლიტიკურსა და სოციალურ მღელვარებაში (1958 წელს გერმანიაში, 1956 წელს უნგრეთში, სსრკ-ში და პოლონეთში, 1968 წელს ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთში, 1970, 1976 წლებში პოლონეთში), ყოველი მათგანი განსხვავდებოდა თავისი ფონით, განვითარების ხაზითა და საბოლოო შედეგებით. თუ გავითვალისწინებთ იმ განსხვავებულ ფაქტორთა უზარმაზარ კომპლექსს, რამაც ამ მღელვარებამდე მიიყვანა და იმასაც, რომ წინასწარ შეუძლებელია მოვლენათა შემთხვევითი თავმოყრის გათვლა, რასაც შეუძლია ფარულ სფეროში იმგვარი ფერმენტაცია გამოიწვიოს, რასაც დღის სინათლეზე გამოსვლა მოჰყვება („ბოლო წვეთის“ პრობლემა), თუ გავითვალისწინებთ, რომ შეუძლებელია მიუხვდე მომავალს, რა უძევს გუნებაში, როცა სახეზეა ისეთი დაპირისპირებული მიმართულებანი, როგორიცაა, ერთი მხრივ, „ბლოკის“ უსაზღვროდ ღრმა ინტეგრაცია და მასში ძალაუფლების ექსპანსია, მეორე მხრივ, არარუსულ არეალებში ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებით გამოწვეული სსრკ-ის დეზიტენგრაციის პერსპექტივები (საბჭოთა კავშირს არ შეუძლია დარჩეს სამარადჟამოდ მოწყვეტილი მსოფლიოში საყოველთაო გავრცელებულ ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას), მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ წინასწარი გძელვადიანი გათვლა სრულიად უიმედოა.

ყოველ შემთხვევაში მე არ მჯერა, რომ ამგვარ განჭვრეტას გადაუდებელი მნიშვნელობა გააჩნია „დისიდენტური მოძრაობისათვის“, მით უმეტეს რომ ეს მოძრაობა არ წარმომდგარა სპეკულაციური აზროვნებისაგან: ასე რომ, ამგვარ ბაზაზე თავის დაფუძნება საკუთარი თვითობის წყაროსაგან გაუცხოება იქნებოდა.

„დისიდენტური მოძრაობის“ განვითარება აჩვენებს იმის მცირე შანსს, რომ მომავალმა განვითარებამ მოახერხოს ორი იზოლირებული, ცალ-ცალკე მოქმედი, ერთმანეთისადმი ინდიფერენტული სხეულის – ძირითადი პოლისის და პარალელური პოლისის ხანგრძლივი თანაარსებობა. სანამ ყველაფერი ისეა, როგორც არის, სიმართლეში ცხოვრების პრაქტიკა არ შეიძლება სისტემისათვის საფრთხე არ იყოს. დრამატული დაძაბულობის გარეშე შეუძლებელია სიცრუეში თანაარსებობის გაგრძელება. ურთიერთობას პოსტ-ტოტალიტარულ სისტემასა – სანამ ის რჩება იმად, რაც არის – და საზოგადოების დამოუკიდებელ ცხოვრებას შორის, სანამ იგი მთელისათვის და მთელის მიმართ პასუხისმგებლობის ადგილსამყოფელია – მუდამ ექნება ფარული ან ღია კონფლიქტის სახე.

ამ სიტუაციაში არსებობს მხოლოდ ორი შესაძლებლობა: ან პოსტტოტალიტარული სისტემა გააგრძელებს გაღრმავებას, ანუ ეყოფა ძალები გასაღრმავებლად და ამგვარად გარდუვალობით მიუახლოვდება აბსოლუტური მანიპულაციის სამყაროს ორუელისეულ ხილვას, ხოლო სიმართლეში ცხოვრების ყველა მკაფიო გამოხატულება უკვალოდ განქარდება ანდაც საზოგადოების დამოუკიდებელი ცხოვრება (პარალელური პოლისი) „დისიდენტური მოძრაობის“ ჩათვლით ნელა, მაგრამ დამაჯერებლად გადაიქცევა მზარდი მნიშვნელობის სოციალურ ფენომენად, რეალურ მონაწილეობას მიიღებს საზოგადოების ცხოვრებაში, შეიძენს მეტ სიცხადეს და ზეგავლენას საერთო სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი მრავალ ფაქტორთაგანია, რაც გავლენას ახდენს სიტუაციაზე, იგი მოქმედებს უკანა სცენაზე სხვა ფაქტორებთან შესაბამისობაში უკანა სცენისათვის დამახასიათებელი წესითა და რიგით.

გადაიტანოს მთელი ყურადღება ოფიციალურ სტრუქტურათა რეფორმაზე, მათი დიფერენციაციის გაღრმავებაზე, ახალი სტრუქტურებით მათ შენაცვლებაზე, მიზნად დაისახოს სისტემის „გაუმჯობესება“ ან პირიქით – მისი დაშლა – ესა და მსგავსი საკითხები, რამდენადაც ისინი არ წარმოადგენენ ფსევდო პრობლემებს, შეიძლება დადგეს „დისიდენტური მოძრაობის“ წინაშე მხოლოდ მოცემული სიტუაციის კონტექსტში, როცა მოძრაობა პირისპირ აღმოჩნდება კონკრეტულ ამოცანასთან. სხვა სიტყვებით: მან ისე უნდა დააყენოს კითხვები, თითქოს მოცემულ შემთხვევაში ცხოვრების ნამდვილი საჭიროება კონკრეტული განხილვის გარეთ იდგას. ამგვარ კითხვებზე აბსტრაქტული პასუხის გაცემა და ჰიპოთეტური მომავლის ტერმინებში პოლიტიკური პროგრამის ფორმულირება, ჩემი აზრით, იქნებოდა ტრადიციული პოლიტიკის გაგებასა და მეთოდებთან დაბრუნება, რაც შეზღუდავდა და გააცხოვებდა „დისიდეტის“ საქმიანობას იქ, სადაც ის ყველაზე უფრო უეჭველია და სამომავლოდ ყველაზე მეტი პერსპექტივა გააჩნია. მე უკვე რამდენჯერმე გავუსვი ხაზი, რომ „დისიდენტური მოძრაობის“ ამოსავალი თეზისი სისტემის შეცვლა კი არაა, არამედ – ყოველდღიური ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისათვის „აქა და ახლა“. პოლიტიკური და სტრუქტურული სისტემები, რასაც ცხოვრება თავისთვის აღმოაჩენს, აშკარად იქნება – რაღაც ხნით მაინც – შეზღუდული, ნახევრული, არადამაკმაყოფილებელი და დაბინძურებული გამომათაყვანებელი ტაქტიკით. სხვაგვარად არ მოხდება და ამას უნდა ველოდოთ, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის შეგნებას, რომ ადამიანების ყოველდღიური, უმადური, უსასრულო ბრძოლა უფრო თავისუფალი, მართალი, ღირსეული ცხოვრებისათვის არასოდეს იდგენს შეზღუდვებს, არასოდეს არის ნახევრული, არათანმიმდევრული, არასოდეს ებმება პოლიტიკური ტაქტიკის მახეში იმის გამო რომ იმარჩიელოს თავისი მოქმედების შედეგებზე ან იფანტაზიოროს მომავლის შესახებ საკუთარ მოქმედებათა შედეგების წინასწარი განჭვრეტით ანდაც მომავალზე ფანტაზიებით ტკბობით. ამ ბრძოლის სიწმინდე, როცა იგი რეალურ ურთიერთობაში მოდის პოსტ-ტოტალიტარულ სტრუქტურებთან, ოპტიმალური შედეგების საუკეთესო გარანტიაა.

XX

პოსტტოტალური პირობების სპეციფიკურ ბუნებას – იმას, რომ არ არსებობს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და შეუძლებელია გრძელვადიანი პოლიტიკური ცვლილების წინასწარი განჭვრეტა – ერთი პოზიტიური ასპექტი გააჩნია: იგი გვაიძულებს ჩვენს სიტუაციას მის უღრმეს კავშირებში ჩავეძიოთ, ჩვენი მომავალი მსოფლიო, რომლის ნაწილსაც წარმოვადგენთ, გლობალურ, გრძელვადიან პრესპექტივაში განვიხილოთ. ის გარემოება, რომ ადამიანსა და სისტემას შორის შინაგან დაპირსიპირებას აქვს ადგილი გაცილებით უფრო ღრმა დონეზე, ვიდრე ეს ტრადიციულ პოლიტიკაში ხდება, სხვაგვარ მიმართულებას აძლევს ამგვარ ძიებებს.

ამიტომ ჩვენი ყურადღება გარდუვალობით მიპყრობილია მთელი თანამედროვე ტექნოლოგიური საზოგადოების კრიზისზე, რასაც ჰაიდეგერი აღწერს როგორც კაცობრიობის უძლურებას – თვალი გაუსწოროს ტექნოლოგიის პლანეტარულ ძლევამოსილებას. ტექნოლოგია, პირმშო თანამედროვე მეცნიერებისა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ პირმშო თანამედროვე მეტაფიზიკისა, არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს. იგი ჩვენ აღარ გვემსახურება; მან ჩვენ დაგვიმონა და გვაიძულა, მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი დესტრუქციის მომზადებაში. კაცობრიობას სხვა გზა ვერ გამოუნახავს: ჩვენ არ გაგვაჩნია არც იდეა, არც რწმენა, ხოლო სულ არ გაგვაჩნია პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც დაგვეხმარებოდა, ადამიანის კონტროლისათვის დაგვებრუნებინა მოვლენათა განვითარება. ჩვენ უმწეოდ შევცქერით ჩვენივე ხელით შექმნილ ცივად მომუშავე მანქანას, რომელიც გარდუვალობით გვნთქავს და ამოგვრთავს ბუნებრივი მდგომარეობიდან (მაგალითად, ამოგვრთავს ჩვენი საცხოვრისიდან ამ სიტყვის უფართოესი მნიშვნელობით, ბიოსფეროში ჩვენი საცხოვრისის ჩათვლით), გვიხშობს „ყოფნის“ გამოცდილებას და გვათავსებს „ეგზისტენციების“ სამყაროში. ეს სიტუაცია უკვე მრავალი კუთხიდან არის აღწერილი, მრავალ ინდივიდსა და სოციალურ ჯგუფს ხშირად მტკივნეულად უძებნია ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზები, მიუმართავთ აღმოსავლეთის აზრისთვის ან უცდიათ კომუნების შექმნა). ხსნის ერთადერთი სოციალური, უფრო სწორედ, პოლიტიკური მცდელობა, უნივერსალობის აუცილებელ ელემენტს რომ მოიცავს (პასუხისმგებლობა მთელის მიმართ და მთელის გამო), არის უსასოო და მსოფლიოს მიეთ-მოეთში ჩაკარგული მიკნავებული ხმა ეკოლოგიური მოძრაობისა. ეს მცდელობა დაყვანილია კერძო კონცეფციაზე – როგორ გამოიყენო ტექნოლოგია, იმისათვის რომ წინ აღუდგე ტექნოლოგიის დიქტატურას.

„ახლა მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვიშველოს“ – ამბობს ჰაიდეგერი და ყურადღებას ამახვილებს „აზროვნების განსხვავებული გზის“ აუცილებლობაზე, რაშიც გულისხმობს საუკუნეების მანძილზე ფილოსოფიის მიერ შემუშავებულ თვალსაზრისს და რადიკალურ ცვლილებას კაცობრიობის მიერ საკთარი თავის, სამყაროსა და მასში თავისი ადგილის გაგებაში. მან სხვა გზა არ იცის, ერთადერთი, რაც შეუძლია გვირჩიოს, ესაა: „მოვემზადოთ ლოდინისათვის“.

სხვადასხვა მოაზროვნესა და სხვადასხვა მოძრაობას გააზრებული აქვთ, რომ ეს ჯერეთ უცნობი გზა ძალიან ზოგადად შეიძლება დახასიათდეს როგორც ფართო „ეგზისტენციალური რევოლუცია“. მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, ვიზიარებ აგრეთვე თვალსაზრისს, რომ გადაწყვეტა არ უნდა ვეძებოთ რაღაც ტექნოლოგიურ ცვლილებაში, გარდაქმნის ზოგიერთ გარეგნულ პროექტში ან მხოლოდ ფილოსოფიურ, მხოლოდ სოციალურ, მხოლოდ ტექნოლოგიურ ანდაც მხოლოდ პოლიტიკურ რევოლუციაში. ყველა ეს ის ასპექტია, სადაც შეიძლება და უნდა იგრძნობოდეს „ეგზისტენციალური რევოლუციის“ შედეგები. მაგრამ მათი უსაკუთრესი ლოკუსი შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანური არსებობა ამ სიტყვის უღრმესი აზრით. მხოლოდ ამ ბაზაზე შეიძლება მოხდეს ზოგადად ეთიკური და, ცხადია, საზოგადოების უაღრესად პოლიტიკური ხასიათის რეკონსტრუქცია.

ის, რასაც ჩვენ სამომხმარებლოსა და ინდუსტრიულ (ან პოსტ-ინდუსტრიულ) საზოგადოებას ვუწოდებთ და რაც ერთ დროს ორტეგა-ი-გასეტმა გაიგო როგორც „მასების ჯანყი“, წარმოადგენს სამყაროს ინტელექტუალურ, მორალურ, პოლიტიკურსა და სოციალურ უბადრუკობას. იგი შეიძლება მხოლოდ ერთი ასპექტია იმ ღრმა კრიზისისა, რომელშიც გლობალურად ტექნოლოგიური ცივილიზაციის წყალობით ჩათრეულია კაცობრიობა.

პოსტტოტალიტარული სისტემა მხოლოდ ერთი ასპექტია – გამორჩეულად ღირსსაცნობი ასპექტი და ამგვარად მისი რეალური წყაროების ყველაზე მკვეთრად გამომავლინებელი – თანამედროვე კაცობრიობის საერთო უძლურებისა, უპატრონოს საკუთარ სიტუაციას. პოსტტოტალიტარული სისტემის ავტომატიზმი უკიდურესი ფორმაა ტექნოლოგიური ცივილიზაციის გლობალური ავტომატიზმისა. ადამიანის კრახი, რასაც ის ასახავს, არის მხოლოდ ერთი ვარიანტი თანამედროვე კაცობრიობის ზოგადი კრახისა.

ადამიანის მდგომარეობის საყოველთაო ეჭვქვეშ დაყენებას, რა თქმა უნდა, ადგილი აქვს დასავლურ სამყაროშიც, განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ სოციალურსა და პოლიტიკურ ფორმებში. ჰაიდეგერი აშკარად მიუთითებს დემოკრატიის კრიზისზე. არ ჩანს რეალური ნიშნები იმისა, რომ დასავლეთის დემოკრატიას, რაც პარლამენტური დემოკრატიის სახეობას წარმოადგენს, შეუძლია პრობლემათა უფრო ღრმა გადაჭრა შემოგვთავაზოს. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ დასავლურ დემოკრატიებში (ჩვენ სამყაროსთან შედარებით), რაც უფრო მეტი გასაქანი აქვს ცხოვრების ნამდვილ ამოცანებს, მით უკეთ არის ეს კრიზისი ადამიანებისაგან დაფარული და ეს უკანასკნელნი მით უფრო ღრმად ეფლობიან მასში.

როგორც ჩანს, ტრადიციულ საპარლამენტო დემოკრატიებს არ შეუძლია ძირეულად დაუპირისპირდეს ავტომატიზმს, რადგან მას ისინიც უსაშველოდ ჰყავს ჩათრეული. ხალხის მანიპულაცია წარმოებს გაცილებით ფაქიზი და დახვეწილი საშუალებებით. პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებში გამოყენებული ბრუტალური მეთოდები მათთან მოსატანი არაა. მაგრამ ამ მოუხეშავ, კონცეპტუალურად დაუხვეწავ და პრაგმატული მასობრივი პოლიტიკური პარტიების კომპლექსს ხელმძღვანელობს პროფესიული აპარატი, რომელიც ათავისუფლებს მოქალაქეს კონკრეტული და პიროვნული პასუხისმგებლობის ყველა ფორმისაგან. კაპიტალის თავმოყრის ეს კომპლექსური ფოკუსები გადახლართულია საიდუმლო მანიპულაციებთან და ექსპანსიასთან. საყოველთაო დიქტატურა მოხმარების, წარმოების, რეკლამის, კომერციის, მომხმარებელთა საზოგადოების, ინფორმაციის მთელი ამ ნიაღვრისა, ყოველივე იმისა, რაც ასე ხშირად გაუანალიზებიათ და აღუწერიათ, შეიძლება უდიდესი გაჭირვებით წარმოიდგინო კაცობრიობის გაჯანსაღების წყაროდ. 1978 წლის ივნისს ჰარვარდში წაკითხულ ლექციაში სოლჟენიცინი აღწერს ილუზორულ ხასიათს თავისუფლებისას, რომელიც პიროვნულ პასუხისმგებლობას არ ეფუძნება და ამის შედეგს – ტრადიციულ დემოკრატიათა უძლურებას – წინააღმდეგობა გაუწიოს ძალადობასა და ტოტალიტარიზმს. დემოკრატიის პირობებში ადამიანებს შეუძლიათ ჩვენთვის უცნობი პიროვნული თავისუფლებისა და უსაფრთხოების მრავალი სახით ისარგებლონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ სიკეთე არ მოაქვთ, რადგან ეს ადამიანებიც იმავე ავტომატიზმის მსხვერპლნი არიან და ძალა არ შესწევთ, დაიცვან საკუთარი თვითობა, ან თავიდან აიცილონ ზედაპირულობა ან ზეაღმატებული დაინტერესება პირადი გადარჩენით, არ შეუძლიათ იყვნენ პოლისის ამაყი და პასუხისმგებელი მოქალაქეები და შეიტანონ ნაღდი წვლილი მისი ბედის დადგენაში.

იმიტომ, რომ ყველა ჩვენი გეგმა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და უკეთესობისათვის მართლაც ძალიან გრძელ რიგს შეადგენს, მოვალენი ვართ გავითვლისწინოთ ტრადიციული დემოკრატიის ეს ღრმა კრიზისი. ცხადია, საბჭოთა ბლოკის ზოგ ქვეყანაში პირობები რომ შექმნილიყო დემოკრატიისათვის (რაც სულ უფრო სათუო ხდება), ეს დაეხმარებოდა ჩამქრალი სამოქალაქო ცნობიერების აღდგენას დემოკრატიული დისკუსიის განახლებას, ხელს შეუწყობდა ელემენტარული პოლიტიკური პლურალიზმის გამოკვეთას, ცხოვრების მიზანთა ძირეულ გამოხატვას. მაგრამ ტრადიციულ საპარლამენტო დემოკრატიაზე, როგორც პოლიტიკურ იდეალზე, ჩაბღაუჭება და თავის გადაკვლა იმ ილუზიისათვის, რომ მხოლოდ ამ „ნაცადსა და ჭეშმარიტ“ ფორმას ხელეწიფება, ადამიანი უზრუნველყოს საზოგადოებაში ღირსებითა და დამოუკიდებელი როლით, ჩემი აზრით, სულ ცოტა, სიბეცეა.

ის, რომ პოლიტიკა ისევ რეალურ ადამიანებს აქცევს ფოკუსში, წარმომიდგება როგორც რაღაც გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე უბრალოდ უკან დაბრუნება დასავლური (თუ გნებავთ ბურჟუაზიული) დემოკრატიის ყოველდღიურ მექანიზმებთან. 1968 წელს მე ვიგრძენი, რომ ჩვენი პრობლემები შეიძლება გადაჭრილიყო ოპოზიციური პარტიის შექმნით, რომელიც საჯაროდ შეეცილებოდა კომუნისტურ პარტიას ხელისუფლებაში. დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ არც ოპოზიციურ პარტიას, არც ახალ საარჩევნო კანონებს არ შეუძლია დაიცვას საზოგადოება ძალადობის ახალი ფორმებისაგან. თავისთავად არც „მშრალი“ საორგანიზაციო ზომებია ამის გარანტია. ყოველივე ამით გატაცებულებს გაგვაოგნებდა ალბად იმის მიხვედრა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა.

XXI

ახლა კი დროულია, დამისვან კითხვა: მაშ, რა უნდა ვიღონოთ?

ჩემი სკეპტიციზმი ალტერნატიული პოლიტიკური მოდელების, რეფორმებითა თუ გადატრიალებით სისტემის შეცვლის მიმართ, რასაც თითქოს შეუძლია ჩვენთვის თავისუფლების მოტანა, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სკეპტიკურად ვეკიდები საერთოდ პოლიტიკურ აზრს. არც ჩემ მიერ ყურადღების გამახვილება კონკრეტული ადამიანებისადმი ზრუნვის მნიშვნელობაზე არ ნიშნავს სტრუქტურული შედეგების გაუთვალისწინებლობას. პირიქით, თუ ითქვა A, უნდა ითქვას B-ც. თუმცა, მე მხოლოდ რამდენიმე ძალზედ ზოგად შენიშვნას გამოვთქვამ.

მიუხედავად ყველაფრისა, ნებისმიერი ეგზისტენციალური რევოლუცია საზოგადოების მორალური რეკონსტრუქციის იმედს ბადებს, რაც ნიშნავს ადამიანთა ურთიერთობების რადიკალურ განახლებას, რასაც „ადამიანური წესრიგი“ ვუწოდე და რასაც ვერ შეცვლის ვერანაირი პოლიტიკური წესრიგი. ყოფნის ახალი გამოცდილება, განახლებული ჩაფესვებულობა უნივერსუმში, ახლად მიღწეული „მაღალი პასუხისმგებლობის“ გრძნობა, ახლად ნაპოვნი შინაგანი სიახლოვე სხვა ადამიანებთან და ერთობებთან ცხადად მიგვანიშნებს მიმართულებას, რომლითაც უნდა წავიდეთ.

მერედა, პოლიტიკური შედეგები? სრულიად მოსალოდნელია, რომ მათ ასახვა პოვონ სტრუქტურათა კონსტიტუციაში, რაც წარმოდგება ამ „ახალი სულიდან“ – უფრო ადამიანური ფაქტორებიდან, ვიდრე პოლიტიკურ ურთიერთობათა და გარანტიათა განსაკუთრებულ ფორმალიზაციიდან. სხვა სიტყვებით, საკითხი ეხება ისეთ ღირებულებათა რეაბილიტაციას, როგორიცაა: ნდობა, ღიაობა, პასუხისმგებლობა, სოლიდარობა, სიყვარული. მე მჯერა იმ სტრუქტურებისა, რომელნიც მიზანმიმართულნი არიან არა ხელისუფლების განხორციელების „ტექნიკურ“ ასპექტზე, არამედ – ამ განხორციელების მნიშვნელობაზე სტრუქტურებში, რომელთაც აერთიანებთ გარკვეულ ერთობათა მნიშვნელობის საყოველთაოდ გაზიარებული აღიარება და არა – საყოველთაოდ გაზიარებული „გარედან“ მოსული ექსპანსიონისტური ამბიციები. შესაძლებელია და უნდა არსებობდეს კიდეც ღია, დინამიკური და მცირე სტრუქტურები. ადამიანური ღირებულებანი, როგორიცაა პიროვნული ნდობა და პიროვნული პასუხისმგებლობა, გარკვეული მიჯნის მიღმა ვეღარ მუშაობს. უნდა არსებობდეს სტრუქტურები, რომლებიც განსხვავებულ სტრუქტურათა წარმოშობას პრინციპულად არ შეზღუდავენ. ნებისმიერი ხელისუფლების კონცენტრაცია (ავტომატიზმის ერთ-ერთ დახასიათება) ძირეულად განსხვავდება ამისაგან. ისინი სტრუქტურებს უნდა წარმოადგენდნენ არა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახით, არამედ რაღაცნაირ ერთობათა აზრით. რა თქმა უნდა, მათი ავტორიტეტი ვერ დაეფუძნება დიდი ხნის წინ დაკარგულ ტრადიციებს, როგორიცაა მასობრივი პოლიტიკური პარტიების ტრადიციები, არამედ იმას, თუ კონკრეტულად როგორ შევა ეს სტრუქტურები არსებულ სიტუაციებში. გაცილებით უკეთესია დროებით წარმომდგარი ორგანიზაციები, რომელთაც გარკვეული მიზნის ენთუზიაზმი ფრთებს ასხამს და რომელნიც ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ქრებიან. ლიდერთა ავტორიტეტს უნდა განსაზღვრავდეს მათი პიროვნულობა, ისინი პიროვნულად უნდა გამოიცდებოდნენ კერძო ვითარებებში და არა ნომენკლატურაში მათი მდგომარეობით. მათ უნდა ახასიათებდეთ პიროვნული სანდოობა და კანონშემომქმედი უნარებიც, რაც ამ სანდობას ეფუძნება. ეს შეიძლება ერთადერთი გზა იყოს, ტრადიციული დემოკრატიული ორგანიზაციების კლასიკური უძლურებისაგან რომ განსხვავდება; აღნიშნული ორგანიზაციები უფრო უნდობლობაზე იყო აგებული, ვიდრე ურთიერთნდობაზე, უფრო კოლექტიურ უპასუხისმგებლობაზე ვიდრე პასუხისმგებლობაზე. მხოლოდ ერთობის თითოეული წევრის სრული ეგზისტენციალური მხარდაჭერით შეიძლება მოხერხდეს „მცოცავი ტოტალიტარიზმის“ წინააღმდეგ ბასტიონის აგება. ეს სტრუქტურები ბუნებრივად ქვემოდან უნდა წარმოდგეს, როგორც შედეგი თვითმყოფადი სოციალური „თვითორგანიზაციისა“. სასიცოცხლო ენერგია ცოცხალი დიალოგიდან და იმ უეჭველ საჭიროებათაგან უნდა მოიპოვონ, რომელთაგანც ისინი წარმოდგებიან. ამ საჭიროებათა გაქრობას უნდა მოჰყვეს ამ სტრუქტურათა გაქრობაც. მათი შინაგანი ორგანიზების პრინციპები ძალიან განსხვავებული უნდა იყოს, გარეგანი რეგულირების მხოლოდ მინიმუმი შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ „თვითკონსტიტუციის“ კრიტერიუმი უნდა იყოს სტრუქტურის ნამდვილი მნიშვნელობა და არა – ცარიელი აბსტრაქტული ნორმა.

პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრებაც უნდა დაეფუძნოს ამგვარი ორგანიზაციების, დინამიკურად რომ ჩნდებიან და უჩინარდებიან, სხვადასხვა და მრავალმხრივ თანამშრომლობას. რაც უფრო წინ მიდის საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრება, მით უფრო ვიჯერებ თვითგამგებლობის პრინციპს, რაც შეიძლება ერთადერთი გზა იყოს იმის მისაღწევად, რაზეც სოციალიზმის ყველა თეორეტიკოსი ოცნებობდა: ესაა მუშების ნამდვილი (ე.ი. არაფორმალური) მონაწილეობა ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რაც გამოწვეულია მათი ჭეშმარიტი პასუხისმგებლობით კოლექტიური სამუშაოსადმი. უარი უნდა ითქვას კონტროლისა და დისციპლინის პრინციპზე თვითკონტროლის და თვითდისციპლინის გამო.

ვინძლო ამ ზოგადი მონახაზიდანაც ნათელი იყოს, რომ ამ ტიპის „ეგზისტენციალური რევოლუციის“ შედეგები სცილდება კლასიკური საპარლამენტო დემოკრატიის ჩარჩოებს. როცა ჩვენი მსჯელობის საჭიროებისათვის შემოვიტანე ტერმინი „პოსტტოტალიტარული“, ალბათ უნდა მიმეთითებინა ახლახან ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ ცნებაზე, რომელიც „პოსტ-დემოკრატიული“ ცვლილების პრესპექტივაზე მიანიშნებს.

ცხადია, შესაძლებელი იყო ამ აზრის კიდევ უფრო განვითარება, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, უმადური საქმე იქნებოდა, რადგან ეს იდეა ნელა, მაგრამ მყარად გაუცხოვდებოდა, დასცილდებოდა თავის თავს. ბოლოს და ბოლოს, არსი „პოსტ-დემოკრატიისა“ არის ისიც, რომ იგი შეიძლება განვითარდეს ფაქტის საფუძველზე უშუალოდ ცხოვრებიდან, ახალი ატმოსფეროდან და ახალი „სულიდან“ (პოლიტიკური აზროვნება, ცხადია, აქ თავის როლს შეასრულებდა, მართალია, არა უშუალოს, მაგრამ გიდისას მაინც). მეტად თავდაჯერებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამ „ახალი სულის“ სტრუქტურული სახე ვიწინასწარმეტყველოთ ამ სულის ნამდვილი განხორციელებისა და მისი კონკრეტული ფიზიოგნომიკის ცოდნის გარეშე.

XXII

ალბათ წინა პარაგრაფი უნდა გამომეტოვა, როგორც საგანი კერძო გააზრებისა, რომ არ ყოფილიყო იგი გამიზნული რაღაც ახლებურ გაგებაზე. მასში ალბათ თავდაჯერებული მოგეჩვენეთ. ამიტომ ვეცდები მხოლოდ კითხვები დავსვა: განა ზოგ ასპექტში „პოსტ-ტოტალიტარული“ სტრუქტურების ხედვა არ მოგვაგონებს „დისიდენტური“ ჯგუფების ან ზოგიერთ „დამოუკიდებელ მოქალაქეთა“ ინიციატივებს, რომელთაც საკუთარი გარემო-პირობებიდან ვიცნობთ? განა ამ პატარა, უთვალავი საერთო გაჭირვებით შეკრული ერთობისაგან არ წარმოდგება ზოგიერთი განსაკუთრებული „ადამიანური თვალსაზრით ღირებული“ პოლიტიკური ურთიერთობანი და კავშირები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობდით? განა ეს ერთობები (ისინი სწორედაც ერთობებია და არა პოლიტიკური ორგანიზაციები), რომელთაგან ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მათ ნამუშაკევს არ შეიძლება პირდაპირი, თვალშისაცემი წარმატება გააჩნდეს – არ არიან გაერთიანებულნი იმ ატმოსფეროთი, რომელშიც ოფიციალური სტრუქტურებისათვის დამახასიათებელი ფორმალური და რიტუალური კავშირები ჩანაცვლებულია სოლიდარობისა და ძმობის ცინცხალი გრძნობით? განა ეს „პოსტ-დემოკრატიული“ ურთიერთობანი, გამომხატველნი მყისიერი პიროვნული ნდობისა და პიროვნებათა არაფორმალური უფლებებისა, არ წარმოდგება ყველა საერთო გაჭირვებიდან? განა ეს ჯგუფები, რომელთაც არ ამძიმებთ ფუჭ ტრადიციათა ტვირთი, არ წამოტივტივდებიან, ცოცხლობენ და უჩინარდებიან კონკრეტულ და ნაღდ მოთხოვნებათა ზეწოლის გამო? განა მათი მცდელობა, შექმნან „სიმართლეში ცხოვრების“ მკაფიო გამოხატულება და აპათიურ საზოგადოებაში გამოაღვიძონ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, არ არის ნამდვილი ნიშანი გარკვეული სახის მორალური რეკონსტრუქციისა?

მოკლედ, განა ეს არაფორმალური, არაბიუროკრატიული, დინამიკური და ღია ერთობები, პარალელური პოლისი რომ მოიცავს, ბუნდოვანი წინარე ხატი, სიმბოლური მოდელი არაა ამ უფრო მნიშვნელოვანი „პოსტ-დემოკრატიული“ პოლიტიკური სტრუქტურისა, რაც შეიძლება უკეთესი საზოგადოების საფუძვლად იქცეს?

ათასობით ადამიანის გამოცდილებიდან ვიცი, თუ ქარტია-77-ზე ხელის მოწერის უბრალო ფაქტი, მყისიერად როგორ იწვევდა ღრმასა და ღია ურთიერთობას და აღვიძებდა ნაღდი ერთობის ანაზდეულსა და ძლიერ გრძნობას იმ ადამიანებში, აქამდე ერთმანეთს რომ არ იცნობდნენ. ასეთი რამ იშვიათად ხდება იმ ადამიანებშიც კი, ვისაც ხანგრძლივად უმუშავია ერთმანეთის გვერდით ამა თუ იმ აპათიურ ოფიციალურ სტრუქტურაში. თითქოს საერთო ამოცანის უბრალო ცოდნა და აღიარება, ზიარი გამოცდილება საკმარისი ყოფილიყო ადამიანთა და მათი კლიმატის გარდასაქმნელად, თითქოს მათ საზოგადო საქმიანობას ეს მეტ ადამიანურ განზომილებას ანიჭებდა, რაც ეგზომ იშვიათია სხვაგან.

იქნებ ყოველივე ეს შედეგი იყო საერთო ხიფათისა. შესაძლოა ხიფათის მომენტის გადავლისას ან შესუსტებისას ამ ხიფათით შექმნილმა განწყობილებამ დაიწყოს ჩანავლება (მათი მიზანი, ვინც გვემუქრება, აშკარად საპირისპიროა. გამაოგნებულია ის ენერგია, რომელსაც ხარჯავენ ყველანაირ უხამსობაზე, რას არ ღონობენ, რომ წაახდინონ ადამიანური ურთიერთობანი მათი მუქარის ქვეშ მყოფი ერთობის შიგნით).

ეს ასეც რომ იყოს, არაფერი შეიცვლებოდა ჩემ მიერ დასმულ კითხვაში.

ჩვენ არ ვიცით სამყაროს მარაზმისაგან ხსნის გზა. ჩვენი მხრივ, მიუტევებელი სიამაყე იქნებოდა, ჩვენი კნინი ნაღვაწი ფუნდამენტურ ხსნად მიგვეჩნია, ანდაც საკუთარი თავი, ჩვენი ერთობა და სასიცოცხლო პრობლემების ჩვენეული გადაწყვეტა ერთადერთ ღირსსაცნობ ფაქტად აღგვეარებინა.

და მაინც ვფიქრობ, რომ წარმოჩენა ყველა წინარე განაზრებისა პოსტტოტალიტარულ პირობათა თაობაზე და ამ პირობებში ადამიანთა და მათი თვითობის დაცვის მზარდ ძალისხმევათა და პირობათა შინაგანი წყობის შესახებ, ჩვენ მიერ წამოჭრილ კითხვებს გარკვეულად ეხმაურება. სხვა თუ არაფერი, გიწვევთ კონკრეტულად გავიაზროთ საკუთარი გამოცდილება და ჩავუფიქრდეთ ამ გამოცდილების ზოგ ელემენტს, ხომ არ მიგვანიშნებს იგი სადღაც შორს, ხილული საზღვრების მიღმა. იქნებ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არა ერთი და ორი ქარაგმა გვაქვს გაუშიფრავი, მშვიდად რომ ელის მომენტს, როცა მათ წაიკითხავენ და ჩასწვდებიან.

კითხვა კი სინამდვილეში ასე დგას: „ნათელი მომავალი“ ყოველთვის ასეთი შორეულია, თუ პირიქით, იგი უკვე დიდი ხანია, აქაა და მხოლოდ ჩვენი საკუთარი სიბეცე და უძლურობა არ გვანებებს, ჩვენ ირგვლივ და ჩვენში შევამჩნიოთ იგი და წარმოვაჩინოთ?

ჰრადეჩეკ

1978 წლის ოქტომბერი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: