Posted by: burusi | 27/10/2013

ჟან-ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია

ჟან-ჟაკ რუსო - Jean-Jacques Rousseau

ჟან-ჟაკ რუსო – Jean-Jacques Rousseau

ჟან-ჟაკ რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია
გრიგოლ ერემოვი

გამოჩენილი მოაზროვნე ჟან-ჟაკ ისააკის ძე რუსო დაიბადა 1712 წლის 28 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – გრანდ რიუ, ჩვეულებრივ სახლში, ხელოსნის (მესაათის) ოჯახში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლო შვეიცარია იყო, ათეულობით და, შეიძლება ითქვას, ასეულობით ავტორი მას ფრანგ მწერლად, განმანათლებლად, ფილოსოფოსად, კომპოზიტორად, ჰუმანისტად, ლიტერატორად, ენციკლოპედისტად, ფრანგი ერის გენიად მოიხსენიებს.

ამ, ერთი შეხედვით პარადოქსული, ფაქტის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ რუსოს წინაპრები ფრანგები იყვნენ. დიდე რუსო საფრანგეთში ცნობილი წიგნებით მოვაჭრე იყო. იგი პროტესტანტულ სარწმუნოებას აღიარებდა და ამის გამო საფრანგეთის მაშინდელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა 1550 წელს ქვეყნიდან გასახლება მიუსაჯეს. სწორედ მაშინ დასახლდა ჟან-ჟაკ რუსოს დიდი პაპა შვეიცარიაში და სამუდამოდაც დარჩა იქ. დიდე რუსოს ერთ-ერთი შვილი იყო დავითი, რომლის შვილიც იყო ისააკ რუსო (ჟან-ჟაკის მამა).

ჟან-ჟაკ რუსოს დედა, სუზანა ბერნარი, მის შობას გადაჰყვა. თვით რუსო, ცოცხალ-მკვდარი, მეტად სუსტი დაიბადა. მიუხედავად მამიდის მზრუნველობისა, თანდაყოლილმა სისუსტემ და ავადმყოფობამ მთელს მის სიცოცხლეს დააჩნია კვალი. გადამწყვეტი როლი მის აღზრდაში მისმა მამამ, ისააკმა შეასრულა. მან ადრიდანვე შეასწავლა შვილს წერა-კითხვა, შეაჩვია წიგნების კითხვას, თავმდაბლობას და ა.შ., თუმცა სხვადასხვა მიზეზების შედეგად, რუსოს დაკაცება უფრო მეტად თავისი დამოუკიდებელი ცხოვრების პირობებში მოუხდა. აქ გამომჟღავნდა მისი, როგორც მოხეტიალის, თვისებებიც. უყვარდა მოგზაურობა, დაკვირვება ცხოველებსა და ბუნებაზე და არაჩვეულებრივად შეეძლო მოვლენების ქაღალდზე გადმოტანა. უყვარდა სუფთა ჰაერზე, ჩიტების ჭიკჭიკში წერა და კითხვა.

29 წლის ასაკში, 1741 წლის შემოდგომაზე, იგი საფრანგეთში (პარიზში) დასახლდა, სადაც გაიცნო გამოჩენილი ფრანგი განმანათლებლები, დენი დიდრო, დალამბერი და სხვა დიდი მოაზროვნენი, ენციკლოპედისტები. ისინი სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს კაფეებში თუ ბინებში და ილესავდნენ თავიანთ გონებას. ჟან-ჟაკ რუსოს ყოველთვის თან ჰქონდა უბის წიგნაკი, სადაც ასეთი შეხვედრების დროს უცაბედად გაჩენილ იდეებს ინიშნავდა.

ჟან-ჟაკ რუსო მითებით არ ცხოვრობდა. ყოველთვის სწორედ ბჭობდა იგი თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ბედნიერებას თვით ცხოვრებაში ეძებდა. მისი აზრით, ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ იჩაგრება. თუ მოცემულ ეტაპზე ადამიანი ვერ აღწევს ისეთ ბუნებრივ მოთხოვნას, როგორიც თავისუფლება და ბედნიერებაა, რუსოს მიხედვით, ეს მისი კი არა, არსებული საზოგადოებრივი წესწყობილების ბრალია. ამისათვის დროა საჭირო, ჩანს იდეა ადრე მომწიფებულა. თუ იდეა და სინამდვილე ერთმანეთს არ ეთანადება, მაშასადამე საამისო პირობები უნდა მომზადდეს.

ედუარდ შევარდნაძემ თავის ნაშრომში „ჩემი არჩევანი” (1992 წ.) სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ჩვენი ყურადღება. იგი წერს: ,,დიდ მოაზროვნეთა გონებაში შობილი დიადი იდეები დიდხანს ელიან თავიანთ დროს”. ზოგჯერ ეს მოლოდინი ასწლეულების მანძილზე გრძელდება, მაგრამ ადრე თუ გვიან მათი ჟამი დგება. ,,პროექტი არ ვარგოდა ევროპისათვის, რადგან არც ევროპა ვარგოდა პროექტისათვის” – თქვა ჟან-ჟაკ რუსომ ძველი სამყაროს ქვეყნების გაერთიანების მრავალი კონცეფციიდან ერთ-ერთის შესახებ” (გვ. 93).

რუსოს ეს შევარდნაძისეული შეფასება მის მიერ გამოყენებულია ახალ ფილოსოფიურ შეხედულებათა ხორცშესხმისათვის, რაც თავის ,,არჩევანშია” ჩაქსოვილი და რაც დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნების იდეას ემსახურება.

ამრიგად, მწერლის როლი არ შეიძლება ზოგადად შეფასდეს. მისი შეფასების კრიტერიუმად მიჩნეულ უნდა იქნეს ის, თუ როგორ მოემსახურება მისი იდეები (კონცეფცია) საზოგადოებას თავის ეპოქაში.

როგორც ცნობილია, მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის 1789-1794 წლების დიდმა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ხერხემალი ჩაუმსხვრია ფეოდალიზმს. იმავე საუკუნემ დასაწყისიდან ამ მიზნის მიმღწევი იდეოლოგები და მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოც შობა, რომლის იდეებიც მოემსახურა საფრანგეთის რევოლუციას ფეოდალიზმის მოსპობისა და ბურჟუაზიული წყობილების შექმნის საქმეში.

რუსო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის სულიერი მამა იყო. კერძოდ, მისი ნაშრომი – ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება”, რევოლუციონერთა სახარებას წარმოადგენდა.

როგორც პროფესორი ს. დანელია წერს „რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულება სახარებად იქცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწეთათვის, რომლებიც რობესპიერის სახით არა უშედეგოდ ეძებდნენ ამ წიგნში თავის რევოლუციური პრაქტიკის საბუთებს…”

ჟან-ჟაკ რუსო თავისი შეხედულებებით, ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, პლებეების მხარეს იდგა. სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ იაკობინელები რუსოსეული რესპუბლიკის შექმნას. მათი ბელადი, რობესპიერი, სიტყვა-სიტყვით აცხადებდა, რომ ,,უმაღლესი ხელისუფლება მიეკუთვნება ხალხს. ხელისუფლება განუყოფელი და განუსხვისებელია.” ეს კი, ფაქტია, რუსოს შეხედულებათა ასლია არა მარტო იდეური გაგებით, არამედ რუსოსეული ტერმინოლოგიითაც.

ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებანი საფუძვლად დაედო არა მარტო საფრანგეთის 1789 წლის 26 აგვისტოს ცნობილ ,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას”, არამედ საფრანგეთის 1791 წლის კონსტიტუციასაც, რომლის პირველივე მუხლში წერია, რომ ,,სუვერენიტეტი მთლიანია, განუყოფელი, განუსხვისებელი; ის ეკუთვნის ხალხს”. დაახლოებით იმავეს იმეორებს სხვა სიტყვებში საფრანგეთის 1793 წლის კონსტიტუციაც.

აღსანიშნავია, რომ, გრეი გრეხემის აზრით, რუსოს შეხედულებებმა არა მარტო საფრანგეთზე მოახდინა გავლენა მისი ისტორიული, იურიდიული დოკუმენტების შედგენისას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების 1776 წლის 4 ივლისის ,,დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც”, რომლის შემქმნელებმაც, განსაკუთრებით კი ჯეფერსონმა, მასში შეიტანეს რუსოს პოლიტიკური დოქტრინის იგივე პრინციპები.

ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობის დროს ახალი პოლიტიკური იდეების გამოთქმა საფრანგეთში საშიში იყო. ხშირად ასეთი ავტორს ბასტილიაში დაპატიმრება ემუქრებოდა. ამიტომ იმ ეპოქის მოღვაწენი ხშირად თავიანთ ნაშრომს ან გვარს არ აწერდნენ, ან ჰოლანდიაში ბეჭდავდნენ და ქვეყანაში საიდუმლოდ შემოჰქონდათ.

როგორც გრეი გრეხემი წერს ,,,საფრანგეთში ლუდოვიკო XIV-ის დროს ადამიანები კრინტს ვერ ძრავდნენ, ლუდოვიკო XV-ის დროს ჩურჩული დაიწყეს, ხოლო თქვენი აღმატებულების (ე.ი. ლუდოვიკო XVI-ის – გ. ე.) დროს დაიწყეს ხმამაღალი ლაპარაკი, ყვირილი – უთხრა მარშალმა დე რიშელიემ ლუდოვიკო XVI-ეს”.

ჟან-ჟაკ რუსოს მოღვაწეობა საფრანგეთში ლუდოვიკო XV-ის მეფობის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ, გრეხემის თქმით, მაშინაც საშიში იყო ,,ხმამაღალი ლაპარაკი”. მიუხედავად ამისა, რუსო მაინც გაბედულად და დაბეჯითებით ლაპარაკობდა საზოგადოებაზე და სამთავრობო ხელისუფლებაზე, როგორც არავინ მანამდე.

ჟან-ჟაკ რუსო შეფასებული იყო თავისი ნიჭიერებით, მისი ნაშრომები მრავალმხრივი ხასიათისა იყო. პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ნაშრომი რუსომ დაწერა პარიზში დიჟონის აკადემიის მიერ საკონკურსოდ გამოცხადებულ თემაზე ,,შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების აღორძინებამ ზნეობის სიწმინდეს?” (1750წ.), რისთვისაც იგი დიჟონის უნივერსიტეტის პირველ პრიზს იღებს. მის შემდგომ ნაშრომთაგან ცნობილია: ,,რისგან წარმოიშობა უთანასწორობა ადამიანთა შორის და ამართლებს თუ არა მას ბუნებრივი კანონები?” (1753წ.); ,,ახალი ელოიზა” (1761წ.); ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ, ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები” (1762წ.); ,,ემილი” (1762წ.) და სხვა მრავალი. რამდენიმე ნაშრომი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1781 წ. და 1788წ.).

დიდია ჟან-ჟაკ რუსოს ღვაწლი, განსაკუთრებით პედაგოგიურ-აღმზრდელობით სფეროში. იგი მოიცავს ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის პრინციპებს. აღნიშნული საკითხი ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომია ისეთ ნაშრომების სახით, როგორიც არის: ს. დანელია ,,ჟან-ჟაკ რუსოს ცხოვრება და პედაგოგიკური სისტემა”, თბ., 1948წ.; უშანგი ობოლაძე ,,ჟან-ჟაკ რუსო”, თბ., 1976წ.; გიორგი ჯიბლაძე ,,რუსიზმის არსი”, თბ. 1983წ. (რუსულ ენაზე) და სხვ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ გაკვირვებას გამოვხატავ. თვით ჟან-ჟაკ რუსო სხვისი ბავშვების აღზრდაზე ფიქრობს. მისი ნაშრომები ,,ახალი ელოიზა” და ,,ემილი” აღზრდის იდეებს განავითარებს და თავისი ხუთი შვილი კი ჟან-ჟაკმა და მისმა მეუღლემ – ტერეზა ლევასერმა, უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მოათავსეს ისე, რომ არც გვარი და არც სახელები მათ არ მისცეს, არც რაიმე ნიშანი დაადეს თუნდაც ტანსაცმელზე, რომ ეცნოთ ისინი. ჟან-ჟაკ რუსო ამით მოიქცა ისე, როგორც პლატონის ე.წ. ,,იდეალური სახელმწიფოს” წევრი. რასაკვირველია, ბოლოს მან იჯავრა და დიდად დაგმო ეს საქციელი, რაზეც თავისივე ,,ემილში” აღნიშნა: ,,ვისაც არ შეუძლია შეასრულოს მამის მოვალეობა, იმას არა აქვს უფლება იქცეს მამად”.

წინამდებარე სტატიის თემის შესაბამისად, უფლება არა მაქვს გვერდი ავუარო რუსოს ისეთ ნაშრომს, როგორიც არის ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება”. ეს ნაშრომი აღიარებულია რუსოს მთელი შემოქმედების შედევრად. იგი შედგება 4 წიგნისაგან. სწორედ აქ არის განხილული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური წყობილების ისეთი პრობლემები, როგორიცაა სუვერენიტეტი (სახელმწიფო სუვერენიტეტი, სახალხო სუვერენიტეტი), სახელმწიფოებრიობის შექმნა, კანონის მიღების წესი, საერთო ნების შექმნა და ა.შ.

სახელმწიფო სუვერენიტეტი გულისხმობს ხელისუფლების დამოუკიდებლობას, შეუზღუდველობას, განუსხვისებლობას, უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ურთიერთობებში.

ასეთ უფლებათა მატარებელი, რუსოს მიხედვით, მხოლოდ ხალხია, რაც გარანტირებულია სახელმწიფოში ადამიანთა შორის დადებული ხელშეკრულებით, ხალხის დიდი უმრავლესობის თანხმობით.

მე-18 საუკუნეში, საფრანგეთში ჟან-ჟაკ რუსოს გავლენით მესამე წოდებისათვის, ძირითადად ბურჟუაზიისათვის, ერთ-ერთ პოპულარულ ლოზუნგად ითვლებოდა ცნება ,,სახალხო სუვერენიტეტი”. სწორედ ეს პრობლემა იყო დაკავშირებული რუსოს მიერ სახალხო ნების იდეასთან, რაც მას ასახული ჰქონდა თავის ნაშრომში ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება”.

სუვერენიტეტის საკითხი ჟან-ჟაკ რუსომდე ჟან ბოდენმა წამოსწია წინ, მაგრამ მან ეს უფლება მონარქს მიანიჭა. მის მიხედვით სუვერენულ უფლებათა მატარებლად ქვეყანაში ღმერთის უშუალო წარმომადგენელი მონარქი იყო.

პროფესორი ლ. ალექსიძე ჟან-ჟაკ რუსოს იხსენიებს განსაკუთრებით სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნების ახსნისას. მისი აზრით ,,,ნიშან-თვისებას, რომელიც გვიჩვენებს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და დამოუკიდებლობას რომელიმე უცხო სახელმწიფოსაგან… სახელმწიფო სუვერენიტეტი ეწოდება”.

ფეოდალური დაქუცმაცების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა განსაკუთრებით განვითარდა დიდი ფრანგი მეცნიერის, ჟან ბოდენის ნაშრომებში. ბოდენის აზრით ,,,სუვერენიტეტი უსაზღვრო და აბსოლუტური, უმაღლესი და მუდმივი ხელისუფლებაა საზოგადოების წევრთა მიმართ, ხოლო ამ ხელისუფლების მატარებელი მონარქია, რომლის ბრძანება ქვეყნის შიგნით უსიტყვოდ უნდა ხორციელდებოდეს”.

ბურჟუაზიამ ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, მონარქის სუვერენიტეტს უფრო რევოლუციური – სახალხო სუვერენიტეტის – თეორია დაუპირისპირა. ამ თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჟან-ჟაკ რუსო ნაშრომში ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები” (1762წ.) ასაბუთებს ხალხის უფლებას თვით განაგოს საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ბედი”.

მართლაც, ჟან-ჟაკ რუსოს აზრით, სუვერენიტეტი ხალხის საერთო ნების განხორციელებაა, რომელიც უზენაესი და განუსხვისებელია. როგორც ვხედავთ, ბოდენისაგან განსხვავებით, რუსომ აღიარა არა მონარქის, არამედ ხალხის ნება, სახალხო სუვერენიტეტი.

რუსოს არ სწამდა არც სახალხო წარმომადგენლობითი ორგანოს არსებობა. ამიტომ კანონმდებელი არც პარლამენტი შეიძლება ყოფილიყო. რუსოს გაგებით, კანონი ის იურიდიული აქტია, რომელსაც მხოლოდ ხალხი ამტკიცებს.

ამრიგად, რუსოს სახალხო სუვერენიტეტი გულისხმობს პირდაპირ სახალხო უფლებას და არა წარმომადგენლობითი სისტემის არსებობას. ამიტომ, რუსოს მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში შედის მხოლოდ რეფერენდუმის წესით მისი დამტკიცების შედეგად. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსო მხოლოდ უშუალო დემოკრატიის პრინციპს იცავს.

რუსოს მიხედვით, სახელმწიფო და სამართალი ადამიანთა ნების ერთიანობის, ანუ საზოგადოებრივი ხელშეკრულების ნაყოფია. მას მიაჩნია, რომ მოქმედი სამართალი არ არის ბუნებითი ხასიათისა, რომ არა მარტო სახელმწიფო, არამედ სამართალიც ემყარება ადამიანთა შორის ხელშეკრულებას. რუსო სიტყვა-სიტყვით წერს: ,,ეს სამართალი არ არის ბუნებრივი. იგი ემყარება ხელშეკრულებებს”.

რუსოს განმარტებით ,,,უზენაესი ხელისუფლება”, ანუ სუვერენიტეტი ,,,არ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ვისმეს მიერ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არ შეიძლება მისი განსხვისება. მისი არსება ჩამარხულია საერთო ნებაში, ნება კი უარყოფს წარმომადგენლობას: იგი ან ისევ ის არის, ან სხვა, შუა ხაზი არ არსებობს. ამიტომ ხალხის დეპუტატები არ არიან მისი წარმომადგენლები და არც შეიძლება იყვნენ. ისინი მხოლოდ ამ ხალხის ნოქრები არიან: ისინი საბოლოოდ ვერაფერს გადაწყვეტენ. არც ერთ კანონს, თუ იგი ხალხმა არ დაადასტურა, მნიშვნელობა არა აქვს, ის კანონიც არ არის”.

რუსოსთვის ნება არსებობს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი. ბუნებრივად ყველას ნება თავისუფალი და თანასწორია, მაგრამ საჭირო არის მისი, ამ თავისუფალი ნების, დაცვა სხვათა ნების მეშვეობით.

სწორედ იმიტომ, რომ სხვათა ნებამ მისი ინტერესი დაიცვას, ამისათვის საჭიროა, მან თავისი ნებაც გაასხვისოს, გადასცეს საზოგადოებას.

ჟან-ჟაკ რუსო თავის ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების” პირველი წიგნის VI თავში სპეციალურად ჩერდება საკითხზე ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ” (რუსული გამოცემის გვ. 28-32).

მისი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანებმა თავი დააღწიონ თავიანთ პირველყოფილ ბუნებრივ მდგომარეობას და სიძნელეებს, მას ერთიანი ძალა უნდა დაუპირისპირონ, უნდა იპოვონ ასოციაციის, ანუ საზოგადოებრივი გაერთიანების, ისეთი ფორმა, რომელიც საერთო ძალებით, ერთიანი იმპულსით და შეთანხმებულად დაიცავენ და გაუფრთხილდებიან თითოეული წევრის პირად და ქონებრივ მდგომარეობას.

რუსოს მიხედვით, თითოეულის გაერთიანება ყველასთან არ გამოიწვევს სხვისადმი დაქვემდებარებას და ინარჩუნებს იმავე თავისუფლებას, რაც მას მანამდე ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს, პირველყოფილი მდგომარეობის, ადამიანები მოისპობოდნენ და არ ექნებოდათ თვითდაცვის უნარი.

ხელშეკრულების შედეგად ქვეყანაში იქმნება საზოგადოებრივი გაერთიანება, ასოციაციის ესა თუ ის ფორმა.

ასოციაციის წევრი უხმოდ ექვემდებარება საერთო ნებას, სანამ არ დაირღვევა საზოგადოებრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების დარღვევის შედეგად თითოეული პიროვნება იბრუნებს თავის საწყის უფლებამოსილებას, ბუნებრივ თავისუფლებას.

საერთო ნების შექმნისას ასოციაციის წევრები სარგებლობენ ერთი და იმავე პირობებით, ამიტომ არავისათვის იქნება სასარგებლო, დაუმძიმოს მდგომარეობა სხვას (იქვე გვ. 29).

რუსოს აზრით, ასოციაცია, საზოგადოებრივი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ტირანულ ხასიათს მიიღებს.

ასოციაციაში ადამიანები (წევრები) ერთიანობას ქმნიან, სადაც თითოეული წევრი მთელის განუყოფელი ნაწილია (გვ. 30). ასოციაცია ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც ეწოდება რესპუბლიკა და თავის წევრთა მიერ იწოდება სახელმწიფოდ (გვ. 31).

ასეთი საზოგადოების წევრებს კოლექტიურად ხალხი ეწოდება, თითოეულ მათგანს კი – მოქალაქე, რომელიც სუვერენული ხელისუფლების ნაწილს ფლობს და თვით კი წარმოადგენს ქვეშევრდომს, რადგან იგი ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს (იქვე გვ. 31).

რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების საბოლოო მიზანი არის ინდივიდთა განუსხვისებელი ბუნებითი უფლებების განმტკიცება. ეს უფლებებია: ინდივიდის სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება და სახალხო უშიშროების დაცვა. სწორედ ამ მიზნითაა, რომ ადამიანები ქმნიან ასოციაციას, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი პიროვნების ანუ ,,მე-ს” ზნეობრივ და კოლექტიურ ორგანიზმს.

რუსოს აზრით, ადამიანები ბუნებრივად იბადებიან თავისუფალნი და თანასწორნი. მისი ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების” პირველი წიგნის პირველი თავი სწორედ ასე იწყება: ,,ადამიანი დაბადებულია თავისუფალი, ამავე დროს კი იგი ყველგან ბორკილებშია” (გვ. 14). სწორედ ამ ,,ბორკილის” მოხსნას მოითხოვს რუსო, როცა ასაბუთებს ადამიანთა შორის ხელშეკრულების დადების გზით საზოგადოებრივი პიროვნების კოლექტიურ ,,მე-ს” შექმნას. როგორც ვხედავთ, ინდივიდთა ნების კრებადობა ქმნის საზოგადოებრივ ნებას, იგი იქმნება საზოგადოებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც უხმოდ ექვემდებარებიან ინდივიდთა ნებანი. ისინი კი, ვინც უმცირესობაში რჩება, საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უმრავლესობის ნებას უნდა დაექვემდებარონ.

რუსოს ეს შეხედულებანი დღევანდელობის კვალობაზე ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ საფრანგეთის მე-18 საუკუნის ბურჟუაზიისათვის იგი ძლიერი იარაღი იყო ფეოდალიზმისა და აბსოლუტური მონარქიული წყობილების საწინააღმდეგოდ, ბურჟუაზიული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისათვის.

რუსოს აზრით, საერთო ნება-სურვილის განმახორციელებელი მხოლოდ საზოგადოებაა. სახელმწიფო ხელისუფლება საზოგადოების მთლიანი ნების განხორციელებისათვის მომსახურე ორგანოა. ხალხმა საზოგადოებრივი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სახელმწიფოებრივი სუვერენული უფლებები. იმისათვის, რომ ეს სუვერენიტეტი არ დაირღვეს, საჭიროა მისი მთლიანობა, მისი განუსხვისებლობა. ხალხის ხელისუფლება დაუნაწილებელია. ამით რუსომ უარყო შარლ ლუი მონტესკიეს და სხვათა ხელისუფლების დანაწილების თეორია. ,,იმ მიზეზებით, რის გამოც უმაღლესი ხელისუფლება განუსხვისებელია, იგი დაუნაწილებელიცაა”, – ამბობს რუსო.

ეს შეხედულება რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის ლოგიკურ დასკვნას წარმოადგენს, მაგრამ იმავე საფრანგეთის ბურჟუაზიამ რუსოს შეხედულებათა გვერდით, 1789 წლის 26 აგვისტოს ,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის” დამტკიცებისას არც ლუი მონტესკიეს ხელისუფლების დანაწილების თეორია დაივიწყა და მის მე-16 მუხლში ჩაწერა, რომ ,,ნებისმიერ საზოგადოებას, სადაც უფლებათა დაცვა უზრუნველყოფილი და ხელისუფლების დანაწილება შემოღებული არ არის, კონსტიტუცია სრულად არა აქვს”.

როგორც ცნობილია, საქართველოს 1995 წლის მოქმედი კონსტიტუციით ეს შეხედულება გაზიარებულია და მის მიხედვით საქართველოში ,,სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით” (მუხლი 5).

საქართველოში ოფიციალურ იურიდიულ სასწავლო-სახელმძღვანელო ლიტერატურაში პროფესორების, გ. ინწკირველის, ლ. ალექსიძის, ვ. მეტრეველისა და სხვების მიერ კარგად არის გაშუქებული რუსოს ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის” ეპოქალური მნიშვნელობა.

პროფესორ გ. ინწკირველის განმარტებით, ჟან-ჟაკ რუსოს ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ” ნაშრომის მიხედვით ,,ადამიანებმა საზოგადოებრივი ხელშეკრულების მეშვეობით შექმნეს სახელმწიფო, რათა უზრუნველეყოთ კერძო საკუთრების დაცვა და ,,ბუნებითი თავისუფლების” ნაცვლად მოეპოვებინათ ,,სამოქალაქო თავისუფლება”.

ავტორს მიაჩნია, რომ ,,…იმ დროისათვის არსებულ ისტორიულ პირობებში სახელმწიფოს წარმოშობის ახსნა, როგორც ხელშეკრულების შედეგი, პროგრესული იდეა იყო, ვინაიდან ამით ლახვარი ჩაეცა შუა საუკუნეებში გაბატონებულ რელიგიურ წარმოდგენებს სახელმწიფოს ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ”.

რაც შეეხება ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებას სუვერენიტეტის შესახებ, აქ პროფესორი გ. ინწკირველი საკითხს შედარებით ფართოდ გადმოსცემს. იგი ეხება სახალხო სუვერენიტეტის, აგრეთვე სახელმწიფო და ეროვნული სუვერენიტეტის პრობლემებსაც.

ასევე სწორად მიუთითებს პროფესორი უ. ობოლაძე ჟან-ჟაკ რუსოს თეორიის შესახებ. მისი აზრით: ,,ნაშრომში ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ” რუსო შემდეგი სახით წარმოადგენს ახალი საზოგადოების საწყისებს: ადამიანები ჰარმონიული საზოგადოების თანაცხოვრებისათვის ნებაყოფლობითი ხელშეკრულების გზით კავშირდებიან და ქმნიან სუვერენულ, ერთიან სახელმწიფოებრივ სხეულს, ამით ისინი, მართალია, გარკვეული ზომით ასხვისებენ თავიანთ თავისუფლებას და ნებას, მაგრამ ეს ანაზღაურდება იმით, რომ სახელმწიფოს საერთო სხეული მშვიდობიანი ცხოვრების სახით უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის პირად უფლებებსა და მათ ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

ასეთ სახელმწიფოში, რომელიც ტოვებს კერძო საკუთრებას, მაგრამ ზომიერი სახით, მისი აზრით, ამგვარი სახელმწიფოს შენება შეუძლებელია მშვიდობიანი გზით, რადგან დესპოტური სახელმწიფოები ნებით არ დათმობენ ძალადობით მოხვეჭილ პრივილეგიებს”.

ამ ერთიან სხეულში კი, რუსოს გაგებით, არ იკარგება ადამიანის ნება-სურვილი. ამიტომ იყო, რომ საფრანგეთის ბურჟუაზიამ ზემოთ დასახელებული დეკლარაცია სწორედ რუსოს გააზრებული დებულებით დაიწყო, რომ ,,ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და უფლებებით თანასწორნი. სოციალური განსხვავებანი მხოლოდ საერთო სარგებლობაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული” (მუხლი 1).

ამის შედეგად არ შეიძლება არ გაგვახსენდეს რუსოს თეორიის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როცა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა” (მუხლი 14); რომ ,,საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”; რომ ,,ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლობის მეშვეობით” (მუხლი 5) და ა.შ.

რუსოს განმარტებით, კანონი ხალხის ნება-სურვილის გამომხატველია. ერთი და იგივე კანონი სავალდებულო არ არის ყველა სახელმწიფოსათვის. გუშინდელი კანონი სავალდებულო არ არის დღეს, მაგრამ თუ ადამიანები მდუმარედ ხვდებიან არსებულ კანონებს, ეს უკვე თანხმობის ნიშანია. რუსოს მიხედვით, რაც უფრო მეტად ერთსულოვნად უთანხმდებიან კრებაზე დამსწრენი ერთმანეთს, მით უფრო საერთო ნებას გამოხატავენ ისინი.

რუსოიზმის მიხედვით (თუ რუსოს მიმდევართა აზრით, ან რუსოს მოძღვრების მიხედვით – ნ.დ.), როგორც კარგი არქიტექტორი გაუსინჯავს ნიადაგს თავის დასადგმელ ობიექტს, გაუძლებს თუ არა ნიადაგი მის სიმძიმეს, ასევე კარგმა კანონმდებელმა წინასწარ უნდა შეისწავლოს იმ საზოგადოების ხასიათი, რომელშიც გატარებულ უნდა იქნეს ესა თუ ის კანონი. რუსოს თქმით, ,,გაცილებით ადვილია დაიპყრო, დაეუფლო, ვინემ მართო. შეიძლება გამოიყენო ისეთი დიდი ბერკეტი, რომ ერთი თითით აამოძრაო დედამიწის ბირთვი, მსოფლიო, მაგრამ უნდა გქონდეს ჰერკულესის მხრები, რომ იგი დაიმაგრო”.

როგორც ცნობილია, ჟან-ჟაკ რუსომდე საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიაზე მსჯელობა ძველი ბერძნებიდან დაიწყო (ეპიკური…), შემდეგ მას განავითარებს ჰოლანდიელი მეცნიერი იურისტი, სოციოლოგი გროციუსი (10.04.1583-28.08.1645).

გროციუსი განასხვავებდა ,,ბუნებით” და ,,ადამიანისმიერ” სამართალს. იგი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო წარმოიშობა, ე.წ. საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგად.

ხელშეკრულებითი სახელმწიფოს შექმნაზე საუბრობს ასევე ჰობსი (1588-1679), ინგლისელი ფილოსოფოსი, ათეისტი. მას საზოგადოების საწყის მდგომარეობად მიაჩნდა ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ. მისი აზრით, ასევე ,,…აუცილებელია განუსაზღვრელი თავისუფლების შეზღუდვა და ხელშეკრულებითი სახელმწიფოს შექმნა”.

ჰობსის აზრით, პიროვნება უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ თუ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, გამართლებულია ხელშეკრულების დარღვევა, ე.ი. რევოლუცია.

მმართველობის საუკეთესო ფორმად იგი მონარქიას მიიჩნევს. მისი მოძღვრება განავითარა ჯონ ლოკმა.

ჯონ ლოკი (1632-1704) ინგლისელი ფილოსოფოსია. იგი მოძრაობისა და ცნობიერების წყაროდ ღმერთს მიიჩნევს.

ლოკი იყო პარლამენტურ-მონარქიული კონსტიტუციური წყობილების მომხრე. მოითხოვდა უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების (პარლამენტის) გამოყოფას აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. იგი სახელმწიფოს წარმოშობას ასაბუთებდა ,,ბუნებითი უფლების” საფუძველზე და მიაჩნდა იგი პირადი თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ორგანოდ.

ჯონ მორლეს მიხედვით, რუსოს თეორიის პირველი სულის ჩამდგმელი იყო ჯონ ლოკი. ჟან-ჟაკ რუსოს პრინციპები სწორედ ლოკის შეხედულებებიდან გამომდინარეობდა.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია განსაკუთრებით დამუშავებულია ჟან-ჟაკ რუსოს მიერ. ამ თეორიას თავისი დროისათვის პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა, იყო რევოლუციური ხასიათის მიმდინარეობა ფილოსოფიაში. იგი უარყოფდა შუა საუკუნეების თეოლოგიურ შეხედულებებს სახელმწიფო ხელისუფლების ღვთაებრივ წარმოშობასა და მის შეუზღუდველობასთან დაკავშირებით. მიაჩნდა, რომ რადგან სახელმწიფო აღმოცენდა საზოგადოებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ მისი გაუქმების უფლება. აქედან გამომდინარე, რუსოს მიხედვით, დანაშაული ნიშნავს პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი ხელშეკრულების დარღვევას.

რუსოს მიხედვით, ხალხს უფლება აქვს აჯანყებისა იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ხელისუფლება დაარღვევს საზოგადოებრივ ხელშეკრულებას და წაართმევს ხალხს უფლებებს.

რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია მიმართული იყო ფეოდალური წესწყობილების, მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ და წარმოადგენდა საყრდენ იდეოლოგიას ახალგაზრდა რევოლუციური ბურჟუაზიული ძალებისათვის. რუსოს თეორია მე-18 საუკუნეში საფრანგეთში რობესპიერისა და, საერთოდ, იაკობინელთა დიქტატურის საიმედო საყრდენი იყო.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების კონცეფცია გულისხმობს, რომ სახელმწიფო შეიქმნა ადამიანთა გონივრული ურთიერთობის შედეგად იმ დაინტერესებით, რომ ეს სახელმწიფო ორგანიზაცია დაიცავს ყველას ინტერესს თანაბრად.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია დაკავშირებული იყო ბუნებითი სამართლის მოძღვრებასთან, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ინდივიდების ნება-სურვილით შექმნილი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე უფლებათა დაცვა.

როდესაც სახელმწიფოში მმართველნი ამა თუ იმ ნებას განახორციელებენ, მათი ეს მოქმედება სუვერენის დავალებით უნდა ხდებოდეს. რუსოს მიხედვით, ქვეყანაში გაბატონებული ნება უნდა იყოს მხოლოდ საყოველთაო ნება ანუ კანონი, რომელსაც მასში კონცენტრირებული საზოგადოებრივი ძალა აქვს. თუ მმართველი მოინდომებს რაიმე დამოუკიდებელი, ინდივიდუალური აქტის გატარებას, მაშინვე შესუსტდება მისი კავშირი მთელთან ,,,საყოველთაო ნებასთან”. თუ მმართველის ნება უფრო აქტიური გამოდგა და თავისი კერძო ნება თავს მოახვია ხალხს, მაშინ მოისპობა საზოგადოებრივი კავშირი, დაინგრევა პოლიტიკური ორგანიზმი და ადამიანები კარგავენ რა მოქალაქეობრივ უფლებებს, უბრუნდებიან ისევ ბუნებრივ უფლებებს. ხალხის ,,მე”-ს გამოამჟღავნებს მხოლოდ საერთო კრება.

მას შემდეგ, რაც ადამიანი თავის ნებას გადასცემს საზოგადოებას, მისი, როგორც ინდივიდის ნება, ექვემდებარება საერთო საზოგადოებრივს. ის ინდივიდუალური ნება კი, რომელიც საზოგადოებას გაუწევს წინააღმდეგობას, სასტიკი სასჯელის ღირსია. სასჯელი რუსოს მიხედვით საზოგადოებრივი ნების დარღვევის საფუძველზე წარმოიშვა.

ამრიგად, რუსოს მიხედვით, იქმნება კოლექტიური ორგანიზმი, რომელშიც თითოეული მოქალაქე მონაწილეობს, როგორც მთლიანის განუყოფელი ნაწილი. როგორც რუსო წერს ,,,პოლიტიკური მთლიანობა ანუ სუვერენი” (გვ. 33, იქვე) ეს საზოგადოებრივი ნებაა, ანუ იგივე საზოგადოებრივი ,,მე”, რომელსაც ყველა უხმოდ უნდა დაექვემდებაროს. ასეთია საზოგადოებრივი ხელშეკრულების ძალა.

გრ. გრეხემის აზრით, ჟან-ჟაკ რუსოს ეს საზოგადოებრივი ხელშეკრულება ქვეყანაში ფორმალურად არასოდეს ქვეყნდება, როგორც იურიდიული დოკუმენტი, მაგრამ იგი ყველგან არის მიღებული მდუმარედ. ამ ხელშეკრულებით ინდივიდი ყველას, თუმცა, ფაქტობრივად, არავის ნებდება და თვით კი სხვა პირთაგან მოიპოვებს იმის ექვივალენტს, რაც მან გასცა და ახლა გაცილებით მეტი ძალა იცავს მას, ვიდრე მანამდე.

რუსოიზმი, ამ მიმართულებით, სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ცალკეულ პირთა შენაკრები ქმნის ხალხის კოლექტიურ ორგანიზმს და თვით ხდება მთელის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ უმაღლესი ხელისუფლება შეიძლება მხოლოდ ხალხი იყოს, რაც რუსოს მიხედვით დაუნაწილებელია, რომლის მოქმედებაც სახელმწიფო ორგანოთა შეთანხმების შედეგი კი არა, არამედ მის ყველა წევრთა შორის დადებული ხელშეკრულებაა.

ხალხი, რუსოს მიხედვით, თვითმპყრობელია, ხოლო მთავრობა კი შუალედური ორგანიზმი თითოეულ ქვეშევრდომსა და ამ თვითმპყრობელ ხალხს შორის. კანონებს ხალხი იღებს, მთავრობა კი მათი აღმასრულებელია.

მთავრობა არ შეიძლება იყოს თვითმპყრობელი და ხალხისგან დამოუკიდებელი. თუ მთავრობა თავის ნებას უფრო აქტიურად გამოავლენს, ვიდრე უმაღლესი ხელისუფალი, ანუ ხალხი, მაშინ ქვეყანაში იქნება ორი უმაღლესი ძალა: ხალხი – უფლებით, ხოლო მთავრობა – საქმით (ინ ფაცტო), რის გამოც საზოგადოებრივი მთლიანობა დაირღვევა და პოლიტიკური კორპორაცია დაიშლება შემადგენელ ნაწილებად.

მთავრობის ფორმა, რუსოს მიხედვით, შეიძლება იყოს დემოკრატიული, როდესაც ხელისუფლება არის მთლიანად ხალხის ან მისი უდიდესი ნაწილის ხელთ – პატარა სახელმწიფოებისათვის; არისტოკრატიული – საშუალო სიდიდის სახელმწიფოებისათვის; და მონარქიული – დიდი სახელმწიფოებისათვის.

რუსოს ,,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების” იდეის შემუშავებისას, უფრო მეტად წარმოდგენილი ჰქონდა პატარა ,,,10000-კაციანი სახელმწიფო, ეს მისდაგვარად, როგორც პლატონი თავის ,,იდეალურ რესპუბლიკას” ახასიათებდა”.

პლატონის ,,იდეალურ სახელმწიფოში” გათვალისწინებული იყო 5040 ოჯახის ცხოვრება, სადაც თითოეულ პირს საერთო ხელისუფლების მხოლოდ ერთი მეათიათასედი ნება ექნებოდა.

თუ კანონი ინდივიდის მოთხოვნილების წინააღმდეგაა მიღებული, რუსოს მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ ინდივიდი ცდება და, როგორც საზოგადოების წევრი, საერთო ნებას უპირისპირდება. თუ ინდივიდის შემცდარ ნებას მის მიმართ განვიხილავთ, იგი აუცილებლად შემზღუდველი ხდება, რადგან ამ ერთიან ორგანიზმში მყოფი ყოველი პირისათვის თავისუფლების მიმცემი მხოლოდ საერთო ნებაა. ადამიანის სურვილი მხოლოდ საერთო ნება-სურვილს უნდა ეთანხმებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდი თავად იზღუდება. ამიტომ ადამიანმა უნდა უარყოს თავისი სურვილი, თავისი არასწორი მოთხოვნა და საერთო ნება მიიღოს.

ფაქტი რად ღირს, რომ, ნაპოლეონის თქმით, საფრანგეთში ,,რუსოს გარეშე რევოლუცია ვერ გაიმარჯვებდა” (გ. გრეხემი, იქვე, 155 გვ.).

ისტორიამ რუსო შეაფასა თავისი ეპოქის გამოჩენილ ადამიანთა პირველი რიგის დაუცხრომელ მებრძოლ მეცნიერად და ჩვენც ეს ფაქტი სწორედ ასე ავსახეთ.

* * *

ჟან-ჟაკ რუსოს იდეები თავის ეპოქაში უდაოდ პროგრესული იყო. ამბობენ, რომ რუსოს ნაშრომებს უბით ატარებდნენ 1789-1794 წლებში პარიზის ბარიკადებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.

როგორც ცნობილია, ჟან-ჟაკ რუსომ მიიღო მხოლოდ დაწყებითი განათლება, ხოლო შემდეგ, დიდი ნიჭისა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობის შედეგად, ღრმად დაეუფლა ფილოსოფიას, ლიტერატურას, ისტორიას, ბოტანიკას, მუსიკის თეორიას. რევოლუციამდელი ხელისუფალნი რუსოს დიდად სდევნიდნენ, კერძოდ, მისი წიგნები ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ” ,,,ემილი, ანუ აღზრდის შესახებ”, პროფესორ უშანგი ობოლაძის გადმოცემით ,,,საეკლესიო ხელისუფალთა წარდგინებით ცეცხლს მისცეს პარიზშიც და ჟენევაშიც”. ამიტომ რუსოს არ ასცდა დევნა-გასახლებანი მაშინდელ ხელისუფალთაგან. რუსო მუდმივ სიღატაკესა და შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 1778 წ. იგი პარიზიდან გადასახლდა მისგან 20 მილით დაშორებულ სოფელ ერმონვილში, სადაც იმავე წლის 2 ივლისს, 66 წლის ასაკში მოულოდნელად, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე გარდაიცვალა. არის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ თითქოს ჟან-ჟაკ რუსომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ ეს მოსაზრება დღესაც სადავოა.

რუსო მეტად უპატივცემლოდ დაკრძალეს. მონარქიულმა წყობილებამ ეს მეტად დიდი ტვირთი მოიშორა. მთვარიან ღამეს მისი სხეული, ყოველგვარი თავყრილობის გარეშე, გაიტანეს სოფელ ერმონვილის პარკში და დაასაფლავეს ალვის ხეებს შორის. ეს სწორედ ისეთი მყუდრო და განყენებული ადგილი იყო, როგორიც რუსოს უყვარდა.

ჟან-ჟაკ რუსოს სხეული ამ ადგილზე იყო დაკრძალული საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციამდე, ხოლო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 1794 წ., მისი ნეშტი, ქვემეხების გრიალით, ფანფარებისა და დაფდაფების ხმაურით, გამარჯვებულთა დიდი ზეიმით, მთავრობის განკარგულებით გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს პანთეონში.

ამ ამბავს მოესწრო მისი მეუღლე ტერეზა ლევასერი, რომელმაც რუსოსთან ერთად 34 წელი იცხოვრა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ 23 წელი იცოცხლა 1801 წლის 17 ივლისამდე, მაგრამ იდეურად დაბალ დონეზე ყოფნის გამო, მან მაინც ვერ გაიგო, თუ რატომ სდევნიდა ჟან-ჟაკ რუსოს ასე ძალიან რევოლუციამდელი მთავრობა, ხოლო რატომ აიყვანა იგი რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ ცამდე. თუნდაც მარტო ის.

ჟურნალი “ალმანახი”, 2001 №16 სახელმწიფო სამართალი (III)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: