Posted by: burusi | 26/08/2013

დავით გონდაური – სს”საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგის ზრდა შეჩერებულია

Tete. Early 1913. Pablo Picasso

Tete. Early 1913. Pablo Picasso

სს”საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგის ზრდა შეჩერებულია

დავით გონდაური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი, ფინანსისტი

კომპანიების საკრედიტო რეიტინგი პერიოდულად ფასდება მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიერ, როგორებიც არის Standard & Poor’s, Fitch Ratings, Moody’s Ratings და ა.შ.

გასული წლებიდან მოყოლებული რკინიგზაც პერიოდულად მიმართავს ასეთ კომპანიებს, რომ შეფასდეს მისი რეიტინგი, რაც შემდგომში ინვესტორების მოსაზიდად და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის გამოიყენება.

გაზრდილი რეიტინგი მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი ინვესტორების, ისე რკინიგზისათვის: საქართველოს რკინიგზის გაზრდილი კრედიტუნარიანობის გამო, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან გრძელვადიანი, იაფი საკრედიტო რესურსის მოზიდვა გაადვილდება.

რას აჩვენებს საკრედიტო რეიტინგი?

საკრედიტო რეიტინგი, აჩვენებს კომპანიის ან სახელმწიფოს უნარს გადაიხადოს ვალი. ის აჩვენებს კრედიტორებს რამდენად რისკის შემცველია მათ მიერ გაცემული კრედიტი. შესაბამისად, რაც უფრო დაბალი შეფასება/რეიტინგი აქვს ქვეყანას ან კომპანიას უფრო მეტი საპროცენტო განაკვეთით უწევს მას სარგებლობა.

როგორ აფასებენ საკრედიტო რეიტინგს სააგენტოები?

Standard & Poor’s და Fitch მსგავს შეფასების სისტემას იყენებენ, უმაღლესი შეფასება მათ სისტემაში AAA-ია, მას მოსდევს მაღალი AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+.,BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC+, ძალიან რისკიანი CCC, დეფოლტი გამოკეთების პერსპექტივით C, დეფოლტი DDD, DD, D.

Moody’s შეფასებაც მსგავსია, მაგრამ +/–ის ნაცვლად ის არაბულ ციფრებს იყენებს: Aaa, Aa1, Aa2, Aa3, A1,A2,A3, Baa1, Baa2, Baa4, Ba1, Ba2, Ba3, B1, B2,B3, Caa1, Caa2, Caa3, Ca, C.

კომპანიის შესაფასებლად რა მეთოდებს იყენებენ საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები?

სააგენტოების მეთოდები მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე აფუძნებენ თავიანთ შეფასებების რეიტინგს. Standard & Poor’s-ის თქმით, კომპანიის რეიტინგის შედგენისას, ისინი ეკონომიკურ, რეგულაციებს და პოლიტიკურ ფაქტორებს, ასევე მენეჯმენტს და კონკურენციულ პოზიციას, ასევე, საწარმოს როგორც წარსულ და აწმყო საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკას, საფინანსო რისკებს, სამომავლო განვითარების პერსპექტივებს და სტრატეგიულ პროექტებს მოცემული მომენტიდან რაც შესაძლოა მომავალში განხორციელდეს. ამავდროულად კომპანიის საკრედიტო რეიტინგის დასადგენი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია არის კომპანიის საკადრო უსაფრთხოება.

მაშინ, როდესაც საქართველოს რკინიგზის საფინანსო ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესებულია და ეს ძირითადად გამოწვეულია ხელმძღვანელ თანამდებობაზე ზოგიერთი დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრების ყოფნით, რადგან მმართველობით რგოლში (დარგობრივი დირექტორები) მიილტვიან დაბალკვალიფიციური ან ძველი, კორუმპირებული თანამშრომლები, რომელთა მოტივაციაც სავსებით გასაგებია, ანდა ისინი, ვისი ცოდნაც და გამოცდილებაც წარსულს ჩაბარდა და მათზე კრიტიკული სამეცნიერო პუბლიკაციის შემდეგ ეს უინტელექტო დირექტორი “თავის გაჩეჩქვით და ცხვრირის დანაყვით” იმუქრება. ასეთ შემთხვევაში თანამედროვე ეტაპზე ასეთი კადრები რკინიგზის სფეროში ღირებულს და ფასეულს, მათი მენტალობიდან გამომდინარე, ვეღარ ქმნიან და ვერც ვერასოდეს ვერ შექმნიან!

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან არსებობს საფრთხე, რომ სამომავლოდ – 2014 წლიდან, კომპანიის მდგომარეობის შეფასება სარეიტინგო კომპანიების მიერ საკრედიტო რეიტინგის დასადგენად იქნება შედარებით დაბალი რეიტინგის, ვიდრე ეს 2012 და 2013 წელს Standard & Poor’s-ის შეფასებით იყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2010 წლიდან მოყოლებული რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი შესამჩნევად იზრდებოდა 2012 წლის ჩათვლით – B+ სტაბილურიდან BB- სტაბილურამდე. ხოლო 2013 წლის შედარებით გაუარესებული კომპანიის მაჩვენებლებისა და ფინანსური რისკების გამო, სამწუხაროდ რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის ეს მზარდი ტრადიცია შეჩერდა და Standard & Poor’s-მა 2013 წელსაც რკინიგზას იგივე საკრედიტო რეიტინგი დაუტოვა, რაც 2012 წელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რკინიგზისათვის დაბალი რეიტინგის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ შედარებით უფრო ძნელი მისაღწევი იქნება სასურველი შედეგი კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის როგორც საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო ინვესტორებთან. რკინიგზისათვის სასურველი შედეგის ვერ მიღწევა ინვესტორებთან სამომავლოდ ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით შესაძლოა რკინიგზის განვითარებამ და სხვადასხვა სტრატეგიული პროექტის შეფერხება გამოიწვიოს. ეს კი ნიშნავს თავის მხრივ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი სამომავლოდ დაკარგავს შესაძლო დამატებით მისაღებ ათეულობით მილიონ ლარს.

სამწუხაროდ დღევანდელ დარგობრივ დირექტორებს არ შესწევთ უნარი კომპანიის შემდგომი განვითარებისა. ეს გამოიხატა კომპანიის შედარებით გაუარესებულ მაჩვენებლებში და შემცირებულ დამატებულ ეკონომიკურ ღირებულებაში. ასევე, რკინიგზის დარგობრივი მიმართულებების – სამგზავრო და სატვირთო ბიზნესერთეულების სტრატეგიული განვითარების გეგმის ჯერ კიდევ არ არსებობაში მაშინ, როდესაც 2012 წლის ოქტომბერსა და 2013 წლის იანვარში რკინიგზაში ეს პიროვნებები როგორც თავიანთ თავს ეძახიან – “ძველი რკინიგზელები” დაინიშნენ დარგობრივ დირექტორებად და “აღსდგა სამართლიანობა”, მათი უპირველესი საზრუნავი სწორედ დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მათი საზრუნავი რკინიგზაში გახდა არა განვითარების სტრატეგიული გეგმები, დამატებული ეკონომიკური ღირებულების გაუმჯობესება და ა.შ., არამედ რკინიგზის წინა ხელისუფლებაბის მიერ სამსახურიდან გაშვებული (ან ჩამოქვეითებული) სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში მხილებული არაკეთილსინდისიერი კადრების აღდგენა-დაწინაურება და ამით “სამართლიანობის აღდგენის” თავიანთთვის და მათნაირი კადრებისათვის დამტკიცება.

აღნიშნული საკითხი წააგავდა ცნობილ მხატვრული ფილმ “ცისფერ მთებში” ბოლოსაკენ განვითარებულ მოვლენებს, სადაც მაღალმთებში მივლინებით დაადგინეს, რომ შენობაზე ბზარი არ იყო მოტობურთის ბრალი და დირექტორის მხრიდან გაისმა მარშული შემოძახილი – “გადავრჩენილვართ ბატონებო!”, რომელსაც თავისი მხრიდან აუდიტორიის მიერ მოყვა ბედნიერების ტაში და ცეკვა. ამის შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა ისედაც ცნობილია ყველასათვის – დაიწყო შენობის ნგრევა და ერთმანეთზე გადასწრებით შენობიდან გამოქცევა.

დასკვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ პირდაპირ ვერ დავავალდებულებთ რკინიგზის გენერალურ დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს – გაათავისუფლონ რკინიგზის დაბალკვალიფიციური დარგობრივი დირექტორები თანამდებობიდან, თუმცა ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ასეთი საკადრო პოლიტიკის გაგრძელებით, გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად იზარალებს როგორც კომპანია, ასევე საქართველოს ეკონომიკა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: