Posted by: burusi | 31/07/2013

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

ავტორი: დავით ხოსიტაშვილი

(მცირეოდენი შემოკლებით)

ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვა-გლეჯის და განადგურება-გაპარტახების ტრაგიკულ ისტორიით, აგრეთვე, საქართველოს დანაწევრებას ავტონომიურ ერთეულებად და ყოველგვარი ეროვნულობის მოსპობით შეძრწუნებულმა კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის თებერვალ-მარტში საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ წითელი რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათალიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.

კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!

ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.

ამიტომ ვითხოვ:

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“

1922 წ.

წყარო: ეპისკოპოს ამბროსის მიმართვა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას,
 “სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია” – “სილუეტი” – თბილისი 1994 წ. გვ 40-43

ნაწყვეტი 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც“

წყარო: http://www.orthodoxtheology.ge/კათალიკოს-ამბროსი-ხელაია/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: