Posted by: burusi | 25/07/2013

ჯონ ლოკი – მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე

John Locke by John Greenhill

John Locke by John Greenhill

ჯონ ლოკი – მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე

თავი I

2. მე მგონი, ზედმეტი არ იქნება, ამ მიზნით ჩამოვაყალიბო, რას ვგულისხმობ პოლიტიკურ ძალაუფლებაში, რათა შევძლოთ, ქვეშევრდომზე ხელისუფალის ძალაუფლება განვასხვავოთ მამის ძალაუფლებისაგან შვილების მიმართ, პატრონისა მოსამსახურეების, ქმრისა – ცოლის და ბატონისა – მისი მონების მიმართ. ძალაუფლების ყველა ეს განსხვავებული სახე ხანდახან შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანში იყოს თავმოყრილი, მაგრამ თუ მას ამ სხვადასხვა მიმართებაში შევხედავთ, ეს შეიძლება დაგვეხმაროს კიდეც გავმიჯნოთ ძალაუფლების ეს სახეები და დავინახოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან სახელმწიფოს მმართველი, ოჯახის მამა და გემის კაპიტანი.

3. პოლიტიკურ ძალაუფლებად კი ვთვლი კანონების შექმნის უფლებას, რაც მოიცავს სიკვდილით დასჯას და, მასთან ერთად, ყველა უფრო ნაკლებ სასჯელს, რაც ემსახურება საკუთრების მოწესრიგებასა და დაცვას, და საზოგადოების ძალის გამოყენებას ამ კანონების აღსასრულებლად და სახელმწიფოს გარე თავდასხმისგან დასაცავად. ყოველივე ამის [გამოყენება] მხოლოდ საზოგადო სიკეთისთვის [უნდა ხდებოდეს].

თავი II

ბუნებითი მდგომარეობის შესახებ

4. იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ პოლიტიკური ძალაუფლება და მისი საწყისიდან გამოვიყვანოთ, უნდა განვიხილოთ ის მდგომარეობა, რომელშიც ყველა ადამიანი ბუნებრივად იმყოფება: როდესაც თითოეულს სრული თავისუფლება აქვს, ბუნების კანონების საზღვრებში თავად გადაწყვიტოს, რა აკეთოს – ისე მოექცეს თავის საკუთრებასა და სხვა ადამიანებს, როგორც თვითონ უნდა და საამისოდ არავის სთხოვოს ნებართვა და არავისზე იყოს დამოკიდებული.

ეს, ამავე დროს, თანასწორობის მდგომარეობაა, როდესაც ყოველგვარი ძალა და კანონის მიყენების უფლება გაწონასწორებულია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რანგის ადამიანები, რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა უპირატესობა და ერთი და იმავე უნარებით დააჯილდოვა, ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. არავინ არის ვინმეს მიერ დაქვემდებარებული ან დამორჩილებული, თუ ყველა მათგანის საერთო უფალმა და ბატონმა თავისი ნების აშკარა გამოცხადებით ერთი მეორეზე მაღლა არ დააყენა და ნათლად და ცხადად არ განუსაზღვრა პირველს ბატონობისა და სუვერენობის უეჭველი უფლება.

5. ბრძენი ჰუკერი (1) იმდენად თავისთავად ცხადად და უეჭველად მიიჩნევს ადამიანთა ამ ბუნებით თანასწორობას, რომ სწორედ მასზე აფუძნებს ადამიანთა შორის ურთიერთსიყვარულის მოვალეობას, ამ უკანასკნელიდან გამოჰყავს მათი ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, შემდეგ კი სამართლიანობისა და ქველმოქმედების ღირსეული წესები. აი, რას ამბობს იგი: „ასეთივე ბუნებრივმა აუცილებლობამ აიძულა ადამიანები გაეგოთ, რომ მათ საკუთარი თავის სიყვარულზე არანაკლებ ევალებათ, უყვარდეთ სხვაც, რამეთუ თანასწორ საგანთა დასანახად საჭიროა, მათ ყველანი ერთიანი საზომით ვუდგებოდეთ. აქედან გამომდინარე, თუ არ შემიძლია, რომ არ მსურდეს ყველა სხვა ადამიანისგან სიკეთე მივიღო, როგორც ყველა სხვას სურს სიკეთე საკუთარი თავისთვის, როგორ შეიძლება ჩემი ეს სურვილი ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდეს, თუკი თავად არ შევეცდები დავაკმაყოფილო სხვა ადამიანების ასეთივე სურვილი, რომელიც მათ უეჭველად ექნებათ, რადგან ჩვენ ერთი ბუნებისანი ვართ. თუ მათი ამ სურვილის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებ, ეს ისევე დაამწუხრებს მათ, როგორც მე. ასე რომ, თუ მათ რამეს დავუშავებ, უნდა მოველოდე, რომ მეც მომადგება ზიანი, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქრო, რომ ისინი მეტი სიყვარულით მომექცევიან. მაშასადამე, ჩემი სურვილი, ბუნებით ჩემ თანასწორ ქმნილებებს ვუყვარდე, ბუნებრივად მაკისრებს ვალდებულებას, მათ მიმართაც მსგავსი გრძნობა გამოვხატო. თანასწორობის ამ მიმართებიდან ჩვენსა და ჩვენს მსგავს ქმნილებებს შორის ბუნებაზე დამყარებულმა გონებამ ყველა ადამიანისთვის ცნობილი რამდენიმე წესი და კანონი გამოიყვანა ცხოვრებისთვის მიმართულების მისაცემად“ (Eccl. Pol. i).

6. მაგრამ, თუმცა ეს თავისუფლების მდგომარეობაა, ეს არ გახლავთ თვითნებობის მდგომარეობა: მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობაში ადამიანს აქვს შეუზღუდავი თავისუფლება, განაგოს საკუთარი თავი და გონება, მას არა აქვს თავისუფლება, გაანადგუროს საკუთარი თავი ან მის მფლობელობაში მყოფი რაიმე ქმნილება, თუ არ აპირებს გამოიყენოს ის უფრო კეთილშობილი მიზნით, ვიდრე მისი შენარჩუნებაა. ბუნებითი მდგომარეობის სამართავად არსებობს ბუნებითი კანონი, რომელიც ყველასათვის სავალდებულოა, ხოლო გონება, რომელიც იგივე კანონია, ასწავლის ყველა ადამიანს, ვინც მას ყურს ათხოვებს, რომ რაკი ყოველი კაცი თავისუფალი და თანასწორია, არავის აქვს უფლება ხელყოს სხვისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება ან საკუთრება; რადგან ყოველი კაცი ერთი ყოვლად ძლიერი და უსასრულოდ ბრძენი შემოქმედის შექმნილია; ერთი უზენაესი ბატონის მსახურია, მსოფლიოში მისი განგებითა და მისი საქმის გასაკეთებლად მოვლენილი; ისინი ეკუთვნიან მას, ვისი შექმნილნიც არიან და უნდა იარსებონ მანამ, სანამ ესიამოვნება მას, და არა სხვა [ადამიანებს]. და, რაკი [ერთმანეთის] მსგავსი უნარი გვაქვს მომადლებული, რაკი ყველანი თანაბრად ვინაწილებთ ბუნებით ერთობას, ვერ იარსებებს ისეთი დაქვემდებარება ადამიანებს შორის, რომელიც ერთმანეთის განადგურების უფლებას მოგვცემდა, თითქოს ერთმანეთის იარაღად ვყოფილიყავით შექმნილნი, როგორც უფრო დაბალი რანგის ქმნილებები არიან შექმნილნი ჩვენი [სარგებლისთვის]. როგორც თითოეულს მართებს, საკუთარი თავის შენარჩუნებაზე იზრუნოს და თავისი ნებით არ წავიდეს ამ ცხოვრებიდან, იმავე მიზეზით, თუ ეს მისი საკუთარი სიცოცხლის დაცვას არ ეწინააღმდეგება, ყოველი კაცი დანარჩენი კაცობრიობის დაცვაზეც უნდა ზრუნავდეს და, თუ დამნაშავის დასჯას არ შეეხება საქმე, არ ხელყოს ან ზიანი არ მიაყენოს სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ასევე ყოველივე იმას, რაც ხელს უწყობს მეორე ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, სხეულის სიმრთელის ან ქონების შენარჩუნებას.

7. იმისათვის, რათა ყველა ადამიანი შეაკავონ იმისგან, რომ მან სხვისი უფლებები დაარღვიოს და სხვას ზიანი მიაყენოს და დაცულ იქნეს ბუნებითი კანონი, რომელიც მთელი კაცობრიობის მშვიდობასა და შენარჩუნებას მოითხოვს, ბუნებითი კანონის აღსრულება ამ მდგომარეობაში თითოეული ადამიანის ხელშია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ისეთი სასჯელი მიუყენოს ამ კანონის დამრღვევს, რომ კანონის დარღვევა აღიკვეთოს. ბუნებითი კანონი, ისევე როგორც ყოველი კანონი, რომელიც ამ სამყაროში ადამიანთა ცხოვრებას შეეხება, ამაო იქნებოდა, ბუნებით მდგომარეობაში არავის რომ არ ჰქონოდა ძალა მისი აღსრულებისა და ამით უდანაშაულოთა დაცვისა და თავდამსხმელთა შეკავებისა. თუ ბუნებით მდგომარეობაში ვინმეს შეუძლია ჩადენილი ბოროტებისთვის დასაჯოს სხვა, მაშინ ყველას აქვს ამის უფლება. სრული თანასწორობის ამ მდგომარეობაში, სადაც არავის აქვს მეორის დაქვემდებარების ან მართვის უფლება, თუ ვინმეს შეუძლია რაიმე მოიმოქმედოს ამ კანონის აღსასრულებლად, ასეთივე უფლება ყველა სხვაზე უნდა გავრცელდეს.

8. მაშასადამე, ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს შეიძლება ძალაუფლება ჰქონდეს მეორე ადამიანის მიმართ. მაგრამ თუნდაც ბოროტმოქმედი ჩაუვარდეს ხელში, კაცს არა აქვს მის მიმართ აბსოლუტური ან თვითნებური ძალაუფლება, ის ვერ მოექცევა მას საკუთარი გულფიცხი ვნებების ან ნება-სურვილის ყოველი კაპრიზის მიხედვით: მას შეუძლია, რომ მხოლოდ ისე აზღვევინოს დამნაშავეს, როგორც ცივი გონებისა და სინდისის კარნახით მისი გადაცდენის შესაფერისად ჩათვლის. [სასჯელის რაგვარობა] განისაზღვრება იმით, რაც საჭიროა ზარალის ანაზღაურებისა და შეკავებისათვის. რადგან მხოლოდ ეს ორი გამართლებაა, რითაც ადამიანმა შეიძლება კანონიერად მიაყენოს ზიანი მეორე ადამიანს ანუ აღასრულოს ის, რასაც სასჯელს ვეძახით. როცა ბოროტმოქმედი ბუნებით კანონს არღვევს, ამით ის აშკარას ხდის, რომ სხვა წესით ცხოვრობს, ვიდრე გონებისა და საყოველთაო თანასწორობის კანონია, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოქმედებებს დაუდგინა ყველა მათგანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ის კაცობრიობისთვის სახიფათო ხდება. იგი ასუსტებს და არღვევს იმ შეზღუდვებს, რაც ადამიანებს ზიანისა და ძალადობისაგან იცავს, ეს კი მთელი [კაცთა] მოდგმის, ბუნებითი კანონით დაცული მისი მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს, მთელი საკაცობრიოს დაცვის უფლების ძალით, შეუძლია შეაკავოს, ხოლო თუ ეს აუცილებელია, გაანადგუროს ყველა, ვინც მათ [კაცთა მოდგმის მშვიდობასა და უსაფრთხოებას] საფრთხეს უქმნის, ესე იგი, ისეთი ზიანი მიაყენოს კანონის დამრღვევს, რომელიც მას ჩადენილს ანანებინებს. ამით ის მასაც და მის მაგალითზე სხვებსაც შეაკავებს იმისგან, რომ ასეთივე უმსგავსო ქმედება ჩაიდინონ. ამ შემთხვევაში და ამის საფუძველზე, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დასაჯოს დამნაშავე და ბუნებითი კანონის აღმსრულებელი გახდეს.

9. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ ადამიანს ეს მოძღვრება მეტად უცნაურად მოეჩვენება. მაგრამ სანამ გამკიცხავენ, ვთხოვ, ერთ რამეში გამარკვიონ: რა უფლებით შეუძლია მთავარს ან სახელმწიფოს, სიკვდილით ან რაიმე სხვა ხერხით დასაჯოს უცხოელი დანაშაულისთვის, რომელსაც ის მათ ქვეყანაში ჩაიდენს? აშკარაა, რომ მათი კანონები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებული ნებით არის სანქცირებული, უცხოელზე არ ვრცელდება. ეს კანონები მასზე არ არის გათვლილი, და ეს უკანასკნელიც არ არის ვალდებული მათ ყური ათხოვოს. საკანონმდებლო ორგანოს, რისი აქტითაც ეს კანონები ძალაშია ამ სახელმწიფოს ქვეშევრდომთა მიმართ, მის მიმართ ძალა არა აქვს. ის ხალხი, ვინც საფრანგეთში, ინგლისში თუ ჰოლანდიაში კანონებს ქმნის, ინდოელის თვალში მთელი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსნი არიან, ანუ ის ადამიანები, ვისაც [მის მიმართ] არავითარი სახელისუფლებო რწმუნება არა აქვთ. თუ არ დავუშვებთ, რომ არსებობს ბუნებითი კანონი, რისი ძალითაც ყოველ ადამიანს შეუძლია, დასაჯოს ყოველი გადაცდენა მის წინააღმდეგ, თუ ფხიზელი თვალით დაინახავს, რომ ასეთი რამე მოხდა მაშინ ვერ ვხედავ, რის საფუძველზე შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მმართველებს დასაჯონ სხვა ქვეყნიდან მოსული უცხოელი, რამეთუ მის მიმართ არა აქვთ მეტი ძალაუფლება გარდა იმისა, რაც ყოველ ადამიანს ბუნებრივად აქვს სხვათა მიმართ.

10. გარდა იმ დანაშაულისა, რაც კანონის დარღვევასა და გონების მართლზომიერი წესებიდან გადახვევაში მდგომარეობს, როდესაც კაცი იმდენად გადაგვარდება, რომ ადამიანური ბუნების პრინციპებზე იტყვის უარს და მავნე ქმნილებად იქცევა, ჩვეულებრივ, საქმე გვაქვს ზიანის მიყენებასთან, ანუ კანონის გადაცდენის შედეგად რომელიღაც პიროვნება ზარალდება. ამ შემთხვევაში დაზარალებულს, გარდა იმისა, რომ, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, დამნაშავის დასჯის უფლება აქვს, შეუძლია აგრეთვე ზარალი აინაზღაუროს იმისგან, ვინც ზიანი მიაყენა. და ყველას, ვინც კი ამას სამართლიანად ჩათვლის, შეუძლია, გვერდში დაუდგეს დაზარალებულს და დაეხმაროს მას, დაიბრუნოს ბოროტმოქმედისაგან იმდენი, რამდენიც აუნაზღაურებს განცდილ ზარალს.

თავი III

ომის მდგომარეობის შესახებ

18. ეს კანონიერს ხდის, რომ ადამიანმა მოკლას ქურდი, თუნდაც ამ უკანასკნელმა მას არანაირი სხეულებრივი ზიანი არ მიაყენოს ან მისთვის სიცოცხლის წართმევის განზრახვა არ გამოავლინოს, არამედ ძალის გამოყენებით მისი მხოლოდ იმდენად დამორჩილება მოინდომოს, რომ ფული ან რაიმე სხვა წაართვას. რადგან, თუ იგი ძალას ხმარობს, როგორც გინდა მაჩვენებდეს თავს, არა მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ის, ვისაც ჩემთვის თავისუფლების წართმევა სურს, საშუალება რომ ჰქონდეს, სხვა ყველაფერსაც არ წამართმევდა. მაშასადამე, სრული უფლება მაქვს, მოვექცე მას, როგორც იმას, ვინც ჩემთან ომის მდგომარეობაში აყენებს თავს – ანუ მოვკლა. რადგან ყველა, ვინც ომის მდგომარეობას იწვევს და აგრესორად გვევლინება, სამართლიანობის თანახმად ასეთ საფრთხეში იგდებს თავს.

19. აი, აქა გვაქვს მარტივი განსხვავება ბუნებით მდომარეობასა და ომის მდგომარეობას შორის, რომელიც, რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ზოგიერთნი, ისევე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც მშვიდობის, კეთილგანწყობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთშენახვის მდგომარეობა განსხვავდება მტრობის, ჯიბრის, ძალადობისა და ურთიერთგანადგურების მდგომარეობისაგან. ადამიანები, რომლებიც გონების შესაბამისად ცხოვრობენ მათი განსჯის შემძლე საერთო ამქვეყნიური უფროსის გარეშე, სწორედ რომ ბუნებით მდგომარეობაში არიან. მაგრამ სხვა ადამიანის მიმართ ძალადობა ან ძალის გამოყენების გაცხადებული განზრახვა, როცა ამქვეყნად საერთო უფროსი არ არის, ვისაც საშველად მიმართავდი, ომის მდგომარეობას ქმნის. სწორედ ასეთი მიმართვის შეუძლებლობა აძლევს ადამიანს აგრესორის წინააღმდეგ ომის უფლებას, თუნდაც ეს უკანასკნელი იმავე საზოგადოებაში ცხოვრობდეს და თანამოძმე იყოს. მაგალითად, ქურდს მხოლოდ მაშინ შემიძლია მივაყენო ზიანი, თუ კანონს მივმართავ, თუნდაც მან ყველაფერი წამგვაროს, რაც კი გამაჩნია – მაგრამ შემიძლია ის მოვკლა, როდესაც ის თავს დამესხმება, თუნდაც მხოლოდ ცხენის ან მოსასხამის მოსაპარად. ამ შემთხვევაში, ჩემი გადარჩენისთვის შექმნილი კანონი უფლებას მაძლევს, თავი დავიცვა და ომი გავაჩაღო, ის ნებას მრთავს აგრესორი მოვკლა, თუ კანონი ვერ ჩაერთო ჩემი სიცოცხლის ამწუთიერი ძალადობისაგან გადასარჩენად, ხოლო თუ სიცოცხლე დავკარგე, მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია, რადგან აგრესორი დროს არ მიტოვებს ჩვენს საერთო მოსამართლეს მივმართო ან კანონის განაჩენს დაველოდო იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურება შეიძლება შეუძლებელი გახდეს. ძალაუფლების მქონე საერთო მოსამართლის არარსებობა ყველა ადამიანს ბუნებით მდგომარეობაში აყენებს; ადამიანის მიმართ უფლების გარეშე ძალის გამოყენება ომის მდგომარეობას ქმნის იმის მიუხედავად, არსებობს საერთო მოსამართლე თუ არა.

20. როცა ძალის გამოყენება აღარ ხდება, მაშინ, მათ შორის, ვინც საზოგადოებაში ცხოვრობს, ომის მდგომარეობა წყდება და ორივე მხარე კანონის სამართლიან განსჯას ექვემდებარება, რადგან, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, წარსული ზიანი გაასაჩივრო და მომავალი დანაკარგი თავიდან აიცილო. მაგრამ, როცა ადამიანებს არ გააჩნიათ ასეთი მიმართვის საშუალება – ხოლო სწორედ ასეა საქმე ბუნებით მდგომარეობაში, რადგან აქ არ არის მოქმედი კანონები და ვერ მიმართავ ძალაუფლების მქონე მოსამართლეს – მაშინ ერთხელ დაწყებული ომის მდგომარეობა გრძელდება, ამასთან უდანაშაულო მხარეს უფლება აქვს, როგორც კი საშუალება მიეცემა, მოკლას მოწინააღმდეგე თუკი თავდამსხმელი ზავს არ შესთავაზებს და არ მოინდომებს შერიგებას ისეთი პირობებით, რაც საშუალებას მისცემს უდანაშაულო ადამიანს, უკვე მიყენებული ზიანი აინაზღაუროს და სამომავლო უსაფრთხოება უზრუნველყოს. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია კანონსა და მის აღსასრულებლად დანიშნულ მოსამართლეს მიმართოს, მაგრამ მას ართმევენ ამ საშუალებას მართლმსაჯულების აშკარა დარღვევის ან კანონების მოურიდებელი დამახინჯების გზით რომელიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხრიდან ძალადობის ან ზიანის მიყენების დასაფარავად ან გასამართლებლად, მაშინ ძნელი წარმოსადგენია სხვა რამ, თუ არა ომის მდგომარეობა. რადგან, როდესაც ხდება ძალადობა ან ზიანის მიყენება, თუნდაც იმათი გამოყენებით, ვინც მართლმსაჯულების აღსასრულებლადაა დანიშნული, ეს მაინც ძალადობად და ზიანად რჩება, თუნდაც კანონის სახელით ინიღბებოდეს. კანონის დანიშნულება ხომ ისაა, რომ უდანაშაულო დაიცვას და სამართლიანობა აღადგინოს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ადამიანისადმი მისი მიუკერძოებელი მიყენების გზით. ხოლო, როდესაც ეს პატიოსნად არ კეთდება, მაშინ დაზარალებულთა მიმართ ომია გაჩაღებული, ხოლო რაკი ისინი დედამიწაზე უკვე ვეღარავის მიმართავენ სამართლიანობის აღსადგენად, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი საშუალება რჩებათ – ზეცას მიმართონ.

21. ომის მდგომარეობის თავიდან აცილება (როდესაც ზეცის გარდა, სხვა საშველი აღარ რჩება, ქრება ყველა განსხვავება და აღარ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც მოდავეთა მიმართ რაიმე განაჩენს გამოიტანს) ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ადამიანები საზოგადოებას ქმნიან და უარს ამბობენ ბუნებით მდგომარეობაზე. რადგან, როდესაც არსებობს რაღაც ხელისუფლება, რაღაც ამქვეყნიური ძალა, რომელსაც შეუძლია, დაგეხმაროს, თუ მას მიმართავ, მაშინ ომის მდგომარეობის გაგრძელება გამოირიცხება და დავის გადამწყვეტი ეს ძალა ხდება. […]

თავი IV

მონობის შესახებ

22. ადამიანის ბუნებითი თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ემორჩილება არანაირ ამქვეყნიურ უპირატეს ძალას ან ადამიანის ნებასა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას და მხოლოდ ბუნებით კანონს აღიარებს სახელმძღვანელოდ. ადამიანის თავისუფლება საზოგადოებაში ისაა, რომ არ დაემორჩილოს სხვა საკანონმდებლო ძალაუფლებას, გარდა იმისა, რაც სახელმწიფოში თანხმობით მიიღება; არ დაემორჩილოს რაიმე ნებას ან შეიზღუდოს რაიმე კანონით, გარდა იმისა, რასაც კანონმდებელი მიიღებს მისდამი გამოცხადებული ნდობის ფარგლებში. მაშასადამე, თავისუფლება არ არის ის, რასაც სერ რობერტ ფილმერი გვეუბნება: „თავისუფლებაა ყველამ აკეთოს ის, რაც მოესურვება, იცხოვროს, როგორც ესიამოვნება და არ შეიზღუდოს რაიმე კანონებით“. არამედ, ხელისუფლების პირობებში მცხოვრები ადამიანების თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ არსებობდეს მოქმედი სახელმძღვანელო წესები, რაც საზოგადოების ყველა წევრზე თანაბრად გავრცელდება და რასაც მასში შექმნილი საკანონმდებლო ორგანო შემოიღებს. [ეს არის] თავისუფლება, ვიმოქმედო ჩემი საკუთარი ნებით ყოველთვის, როცა ეს წესები ამას არ მიკრძალავს, არ დავექვემდებარო მეორე ადამიანის ცვალებად, გაურკვეველ, უცნობ, თვითნებურ სურვილებს, – ისევე, როგორც ბუნებითი თავისუფლება ნიშნავს, არაფრით იყო შეზღუდული, გარდა ბუნების კანონისა.

23. ეს თავისუფლება აბსოლუტური, თვითნებური ძალაუფლებისაგან იმდენად აუცილებელია ადამიანის თვითშენახვისათვის და იმდენად გადაჯაჭვულია მასთან, რომ იგი ვერ დათმობს მას ისე, რომ საკუთარ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზეც არ აიღოს ხელი. რადგან ადამიანს, რომელსაც არა აქვს ძალაუფლება საკუთარი სიცოცხლის მიმართ, არ შეუძლია, ხელშეკრულების ან თანხმობის საფუძველზე ვინმეს მონად იქცეს ან სხვის აბსოლუტურ, თვითნებურ ძალას დაექვემდებაროს ისე, რომ ამ უკანასკნელმა, როცა მოესურვება, მაშინ წაართვას სიცოცხლე. არავის შეუძლია, გასცეს მეტი ძალაუფლება, ვიდრე აქვს, და ვისაც არ შეუძლია, საკუთარი სიცოცხლე ხელყოს, ვერც სხვას მისცემს ამის უფლებას. […]

24. სრული მონობის მდგომარეობა სხვა არაფერია, თუ არა გაგრძელებული საომარი ვითარება კანონიერ დამპყრობელსა და ტყვეს შორის. რადგან თუ მათ შორის ხელშეკრულება ერთხელ შევიდა ძალაში და განისაზღვრა, რომ ერთ მხარეს აქვს შეზღუდული ძალაუფლება, მეორეს კი – მორჩილების მოვალეობა, ომისა და მონობის ვითარება წყდება მანამ, სანამ ხელშეკრულებას ძალა უნარჩუნდება. რადგან, როგორც უკვე ითქვა, ვერც ერთი ადამიანი ვერ გადასცემს მეორეს იმ უფლებას, რაც თვითონ არა აქვს – საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლებას. […]

თავი VII

პოლიტიკური ანუ სამოქალაქო საზოგადოების შესახებ

87. რაკი, როგორც დავასაბუთეთ, ადამიანს დაბადებისას ეკუთვნის სრული თავისუფლება და ბუნების კანონით მონიჭებული უფლებებითა და პრივილეგიებით შეუზღუდველი ტკბობა მსოფლიოში ყველა სხვა ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის თანასწორად, ამიტომ მას ბუნებით მონიჭებული აქვს არა მარტო უფლება, დაიცვას თავისი საკუთრება (ანუ მისი სიცოცხლე, თავისუფლება და მამული) სხვა ადამიანების მიერ მიყენებული ზიანისა თუ [ზიანის მიყენების] მცდელობისაგან, არამედ აგრეთვე განსაჯოს და სასჯელი აღასრულოს სხვის მიერ ამ კანონის დარღვევისთვის ისე, როგორც მოცემული დანაშაული მისი აზრით იმსახურებს, – მათ შორის სიკვდილითაც, თუ დანაშაული იმდენად სასტიკია, რომ ასეთი სასჯელი შეეფერება. მაგრამ რადგან ვერც ერთი პოლიტიკური საზოგადოება ვერ იარსებებს და თავს ვერ გადაირჩენს, თუ იმის ძალა არ შესწევს, საკუთრება დაიცვას – ამისთვის კი საჭიროა, დაისაჯოს ყველა, ვინც ამ საზოგადოებაში საკუთრებას ხელყოფს, ამიტომ პოლიტიკური საზოგადოება არსებობს იქ და მხოლოდ იქ, სადაც მისმა წევრებმა ხელი აიღეს ამ ბუნებით უფლებაზე და გადასცეს ის საზოგადოებას ყველა იმ შემთხვევაში, როცა მოცემულ ადამიანს შეუძლია დაცვა ითხოვოს საზოგადოებისავე დადგენილი კანონების მიხედვით. ამგვარად, მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მისი ცალკეული წევრების პირადი მსჯავრი, მსაჯული საზოგადოება ხდება. ის განსაზღვრავს მიუკერძოებელ წესებს და გამოყოფს ადამიანებს, ვისაც მათი აღსრულება ევალება, გადაწყვეტილება გამოაქვს ყველა იმ განსხვავებაზე, რაც ამ საზოგადოების წევრებს შორის ჩნდება ყველა უფლებრივ საკითხში და სჯის იმ გადაცდენებს, რასაც ნებისმიერი წევრი დაუშვებს საზოგადოების მიმართ კანონის მიერ დადგენილ ფარგლებში. ამით ადვილი ხდება იმის განსაზღვრა, ვინ არის გაერთიანებული პოლიტიკურ საზოგადოებაში და ვინ – არა. ისინი, ვინც ერთ სხეულადაა გაერთიანებული, საერთო დადგენილი კანონი აქვთ და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, მათ შორის კონფლიქტები გადაწყვიტოს და დამნაშავე დასაჯოს, ერთმანეთთან სამოქალაქო საზოგადოების მიმართებაში იმყოფებიან. მაგრამ ისინი, ვისაც არა აქვთ ასეთი საერთო ინსტანცია (დედამიწაზე ვგულისხმობ), კვლავ ბუნებით მდგომარეობაში რჩებიან. ყოველი მათგანი საკუთარი თავის მოსამართლეცაა და აღმასრულებელიც, რაკი ამ ფუნქციას სხვა ვერავინ შეასრულებს. სწორედ ესაა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, სრულყოფილი ბუნებითი მდგომარეობა.

88. ამჯერად, სახელმწიფო (commonwealth) იღებს ძალაუფლებას, დაადგინოს, რა სასჯელი ეკუთვნის ამა თუ იმ გადაცდენას, რომელიც დასჯის ღირსად არის მიჩნეული, ჩადენილს ამ საზოგადოების წევრების მიმართ (ეს კანონის შექმნის უფლებაა). ამავე დროს, მას აქვს უფლება, დასაჯოს საზოგადოების გარეთ მყოფი ძალა, რომელიც მის რომელიმე წევრს ზიანს მიაყენებს (ეს ომისა და მშვიდობის უფლებაა). ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოების ყველა წევრის საკუთრება დაცული იყოს შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ, თუმცა ყველა ადამიანმა, ვინც საზოგადოებას შეუერთდა, დათმო უფლება, საკუთარი მოსაზრებით დაესაჯა ბუნებითი კანონის ყველა დარღვევა, ის არა მარტო საკანონმდებლო ხელისუფლებას გადასცემს დანაშაულთა განსჯის უფლებას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლისადმი მიმართვა შეუძლია, არამედ უფლებას აძლევს სახელმწიფოს, გამოიყენოს მისი [თვით ამ ადამიანის] ძალა სახელმწიფოს განაჩენის სისრულეში მოსაყვანად, როდესაც ეს უკანასკნელი მას საამისოდ მოუწოდებს: ეს განაჩენი ხომ, სინამდვილეში, მისივე საკუთარი განაჩენია, გამოტანილი თვით მისი ან მისი წარმომადგენლების მიერ. ამაშია სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ძირეული უფლება, რაც იმაში მდგომარეობს, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვროს, რამდენად უნდა დაისაჯოს კანონდარღვევა, როდესაც მას სახელმწიფოში ჩაიდენენ, აგრეთვე, მოცემულ გარემოებებზე დაყრდნობით გამოიტანოს ცალკეული გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, როგორ უნდა მიეზღოს სამაგიერო გარედან მიყენებულ ზიანს. ორივე ამ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო გახდა, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია გამოიყენოს მთელი ის ძალა, რაც თითოეულ მის წევრს გააჩნია.

89. მაშასადამე, პოლიტიკური ანუ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს იქ და მხოლოდ იქ, სადაც ადამიანთა რაღაც რაოდენობა ერთიანდება ერთ საზოგადოებად საიმისოდ, რომ ხელი აიღონ თითოეული მათგანის უფლებაზე, აღასრულონ ბუნებითი კანონი და გადასცენ ეს უფლება საზოგადოებას. ეს ხდება ყველგან, სადაც ბუნებით მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა რაღაც რაოდენობა იკვრება ერთ საზოგადოებად, რათა საერთო ხელისუფლების ქვეშ არსებული ერთი ხალხი, ერთი პოლიტიკური სხეული შექმნას; ან მაშინ, როდესაც ინდივიდი უკვე არსებულ მმართველობას უერთდება და მის ნაწილად იქცევა. ამით ის უფლებას აძლევს საზოგადოებას ან, რაც იგივეა, მის საკანონმდებლო ხელისუფლებას, კანონები დაუდგინოს მას, როგორც ამას საზოგადოების საერთო კეთილდღეობა მოითხოვს, რის აღსრულებასაც (როგორც მისივე გადაწყვეტილებისა) ისევ მისი დახმარება დასჭირდება. ამას გამოჰყავს ადამიანი ბუნებითი მდგომარეობიდან და შეჰყავს იგი სახელმწიფოში იმით, რომ ქვეყანაში იქმნება განმსჯელი ძალა, ვისაც აქვს რწმუნება, მოაგვაროს ყველა დაპირისპირება და სამაგიერო მიუზღოს ყველა ზარალისთვის, რაც სახელმწიფოს ნებისმიერ წევრს შეიძლება მიადგეს. ეს განმსჯელი ძალა არის საკანონმდებლო ხელისუფლება და მის მიერ დანიშნული აღმასრულებელი მოხელეები. ხოლო, სადაც არსებობს ერთმანეთთან როგორღაც დაკავშირებულ ადამიანთა რაიმე რაოდენობა, რომელსაც არ ძალუძს, ასეთ გადამწყვეტ ძალაუფლებას მიმართოს, ის კვლავ ბუნებით მდგომარეობაში რჩება.

90. მაშასადამე, ცხადია, რომ აბსოლუტური მონარქია, რომელსაც ზოგი სამყაროში ერთადერთ [შესაძლო] მმართველობად მიიჩნევს, სინამდვილეში შეუთავსებელია სამოქალაქო საზოგადოებასთან, ესე იგი საერთოდ ვერ ჩაითვლება სამოქალაქო მმართველობის ფორმად. [ეს ასეა,] რადგან სამოქალაქო საზოგადოების მიზანია, თავი დააღწიოს და გაასწოროს ის შეუსაბამობები ბუნებით მდგომარეობაში, რაც აუცილებლად გამომდინარეობს იქიდან, რომ ყოველი ადამიანი თავისი თავის განმსჯელია იმით, რომ ქმნის აღიარებულ ხელისუფლებას, რომლისადმი მიმართვაც ყველას შეუძლია ზარალისა თუ კონფლიქტის შემთხვევაში და ვისი მორჩილებაც საზოგადოების ყველა წევრს ევალება (2) სადაც ადამიანებს არა ჰყავთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ მათ შორის დაპირისპირების განსასჯელად, იქ ისინი კვლავ ბუნებით მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთივე მდგომარეობაშია ყოველი მთავარი იმის მიმართ, ვისზეც იგი ბატონობს.

91. რაკი ამ უკანასკნელს მხოლოდ თავის თავში აქვს ყველანაირი ძალაუფლება, საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც, ესე იგი აღარ არსებობს მოსამართლე, ვეღარ მამართავ რაიმე ინსტანციას, ვისაც ძალუძს გამოიტანოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და ძალის მქონე განაჩენი, რათა მთავრის მიერ ან მისი ბრძანებით მიყენებული ზიანისა თუ არამართლზომიერი მოქმედებისაგან იხსნას ადამიანი და შესაფერისი კომპენსაცია დაუწესოს. ამრიგად, ასეთი ადამიანი, რაც არ უნდა ერქვას მას – მეფე, მთავართმთავარი ან რაც გნებავთ ის, – ისევეა ბუნებით მდგომარეობაში მისი ბატონობის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის მიმართ, როგორც ის არის მთელი დანარჩენი კაცობრიობის მიმართ. რამეთუ იქ, სადაც ორ ადამიანს არ გააჩნია ამ დედამიწაზე დაწესებული მმართველობა და საერთო მოსამართლე, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ, რათა ერთმანეთს შორის უფლებრივი დავა გადაწყვიტონ, ისინი კვლავ ბუნებით მდგომარეობაში არიან და ყველა მისგან გამომდინარე უხერხულობას იზიარებენ იმ სამწუხარო გარემოებებთან ერთად, რომ აბსოლუტური მთავრის ქვეშევრდომები, უფრო სწორად, მონები არიან. ჩვეულებრივ ბუნებით მდგომარეობაში კაცი თავისუფალია, თავად განსაჯოს თავისი უფლებები და, რამდენადაც ძალა შესწევს, დაიცვას ისინი; მაგრამ როდესაც მის საკუთრებას მისივე მონარქის ნებით და ბრძანებით ხელყოფენ, მას არა მარტო არა აქვს ჩივილის უფლება, როგორც ეს საზოგადოებაშია მიღებული, არამედ, თითქოს გონიერი ქმნილებების სტატუსიც კი გაუუქმეს, მას იმის თავისუფლებაც კი აღარ აქვს, საკუთარი უფლებები განსაჯოს და დაიცვას. ამიტომ მას ემუქრება ყველანაირი ჩაგვრა და ცუდი მოქცევა, რასაც კაცი შეიძლება მოელოდეს ისეთი ადამიანისაგან, ვინც შეუზღუდავ ბუნებით მდგომარეობაშია, მაგრამ ამავე დროს გუნდრუკის კმევითაა წამხდარი და ძალაუფლებაც აქვს. […]

93. […] თუ ვიკითხავთ, რანაირი თავდაცვა, რანაირი წინაღობა არსებობს ასეთ მდგომარეობაში აბსოლუტური მმართველის ძალადობისა და ჩაგვრისაგან, თვით შეკითხვის დასმის შესაძლებლობაც კი სათუო აღმოჩნდება. ამაზე მოგიგებენ, რომ ის, ვინც ასეთ უსაფრთხოებას მოითხოვს, უკვე ამისთვის იმსახურებს სიკვდილს. ისინი აღიარებენ, რომ ქვეშევრდომსა და ქვეშევრდომს შორის ურთიერთობაში საჭიროა ზომიერება და კანონიერება, უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ადამიანებს შორის მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მაგრამ რაც შეეხება მმართველს, ის აბსოლუტური უნდა იყოს და ყველა ამ შეზღუდვაზე მაღლა იდგეს. რაკი მას აქვს იმის ძალაუფლება, ვიღაცას ავნოს ან უსამართლოდ მოექცეს, მისი ეს ქმედება გამართლებულია უბრალოდ იმიტომ, რომ ის აკეთებს ამას. თუ იკითხავ, როგორ დაიზღვიო თავი ამგვარი ძლიერი ხელით მიყენებული ზიანისა თუ ზარალისგან, უკვე ამის გამო გამთიშველად და მეამბოხედ გამოგაცხადებენ. თითქოს ისე იყოს საქმე, რომ როდესაც ადამიანები ბუნებითი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საზოგადოებაში შევიდნენ, შეთანხმებულან, – ერთის გარდა, ყველა დაემორჩილოს კანონებსო; ამ ერთმა კი შეინარჩუნოს ბუნებით მდგომარეობაში არსებული ყველანაირი თავისუფლება, ოღონდ ძალაუფლებით გამყარებული და დაუსჯელობის გამო თვითნებობაში გადაზრდილი. საფიქრებელია, ადამიანები ისეთი ბრიყვები ყოფილან, რომ მხოლოდ ზაზუნებისა და მელიების მიერ მიყენებული ზარალისგან თავდაცვაზე იზრუნეს, მაგრამ არაფერს დაგიდევენ – მეტიც, უსაფრთხოდ თვლიან თავს, თუ ლომები შეჭამენ.

94. […] სამოქალაქო საზოგადოებაში არავინაა თავისუფალი მისი კანონებისაგან. თუკი ყველა ადამიანს შეუძლია აკეთოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის და დედამიწაზე არ არის ინსტანცია, რომელსაც შეიძლება მიმართო, რათა კომპენსაცია მიიღო ან თავი დაიცვა უსამართლობისაგან, რაც მან შეიძლება ჩაიდინოს, მაშინ შემიძლია ვიკითხო: განა ასეთი ადამიანი კვლავ ბუნებით მდგომარეობაში არ იმყოფება? მაშასადამე, ის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ან წევრი ვერ იქნება, – თუ, რა თქმა უნდა, ვინმე არ იტყვის, რომ ბუნება და სამოქალაქო საზოგადოება ერთი და იგივეა. მაგრამ ჯერ არ მინახავს ანარქიის იმდენად მომხრე ადამიანი, რომ ასეთი რამ ემტკიცებინოს.

თავი VIII

პოლიტიკურ საზოგადოებათა დასაბამის შესახებ

95. როგორც უკვე ითქვა, რაკი ყველა ადამიანი ბუნებით თავისუფალი, თანასწორი და დამოუკიდებელია, ამიტომ არ შეიძლება რომელიმე მათგანი მისი თანხმობის გარეშე გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან და სხვის პოლიტიკურ ძალაუფლებას დაუქვემდებარო. ვინმემ მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი საკუთარ ბუნებით თავისუფლებაზე და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვები მიიღოს, თუ იგი სხვა ადამიანებთან შეთანხმებით შექმნის ერთობას მოხერხებული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ერთობლივი ცხოვრების მიზნით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია სარგებლობა საკუთრებით და უსაფრთხოება იმათგან, ვინც ამ ერთობაში არ შედის. ამის გაკეთება ადამიანთა ნებისმიერ რაოდენობას შეუძლია, რადგან ეს დანარჩენების თავისუფლებას არაფერს აკლებს: ამ უკანასკნელთ კვლავინდებურად ბუნებითი მდგომარეობის თავისუფლება უნარჩუნდებათ. როდესაც ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობა ამგვარ შეთანხმებას დადებს ერთი საზოგადოებისა თუ მმართველობის შექმნაზე, ისინი დაფუძნებულნი ხდებიან და ქმნიან ერთ პოლიტიკურ კორპუსს, რომლის შიგნითაც უმრავლესობას აქვს უფლება, იმოქმედოს და გადაწყვეტილებები მიიღოს დანარჩენთა მაგიერ.

96. რამეთუ, როცა ადამიანთა რაღაც რაოდენობა თითოეული ინდივიდის თანხმობით ერთობას ქმნის, ისინი ასეთ ერთობას ერთ პირად აქცევენ, რომელსაც ერთი პირის სახით მოქმედების უფლება აქვს, ეს კი მხოლოდ უმრავლესობის ნებითა და გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ იმოქმედოს, ნებისმიერმა ერთობამ, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მასში შემავალი ინდივიდების შეთანხმება, ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაოს, როგორც ერთმა სხეულმა. საამისოდ კი სხეულმა უნდა იმოძრაოს იმ მიმართულებით, საითკენაც უფრო დიდი ძალა – ანუ უმრავლესობის ნება – ეწევა. სხვა შემთხვევაში ის ვერ იმოქმედებს ან ერთიან სხეულად ვერ შენარჩუნდება. ამიტომ ვხედავთ, რომ პოზიტიური კანონებით ძალმოსილ გაერთიანებებში, რომლებშიც ეს კანონები არ ადგენს კონკრეტულ რიცხვს, რაც მათ მოქმედების ძალას მიანიჭებდა, უმრავლესობის გადაწყვეტილება მთელი კავშირის გადაწყვეტილებას უიგივდება და, ცხადია, ბუნებისა და გონების კანონით, მას მთელის ძალაუფლება განესაზღვრება.

97. ამგვარად, თითოეული ადამიანი, რაკი თანხმდება, რომ სხვებთან ერთად ერთ მმართველობას დამორჩილებულ ერთ პოლიტიკურ სხეულს ქმნის, ამ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე ვალდებულებას კისრულობს, რომ უმრავლესობის ნებას დაემორჩილოს და მისი გადაწყვეტილებები შეასრულოს. სხვა შემთხვევაში, ეს საწყისი შეთანხმება, რითაც ის სხვებთან ერთად ერთ საზოგადოებად ერთიანდება, არაფერს ნიშნავს, ანუ ვითარება ისეთი იქნება, თითქოს არანაირი შეთანხმება არ დადებულა, ხოლო ადამიანი კვლავ იმგვარადვე თავისუფალია ყოველგვარი მოვალეობებისგან, როგორც მანამდე, ბუნებით მდგომარეობაში იყო. […]

98. რადგან თუ უმრავლესობის თანხმობა არ მოიაზრება მთელის ქმედებად, რომელიც ყველა ინდივიდს მოიცავს, მაშინ მთელის მოქმედება სხვა ვერაფერს დაეფუძნება, გარდა თითოეული ინდივიდის თანხმობისა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან თუ მოუცლელობისგან გამომდინარე, ადამიანთა რაღაც ნაწილი – თუმცა მთელთან შედარებით მეტად მცირე, – ვერ შეძლებს საზოგადო შეკრებებში მონაწილეობას; და იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ადამიანთა ყველა საკრებულოში გარდუვალად იარსებებს მოსაზრებათა განსხვავებულობა და ინტერესთა დაპირისპირება, ასეთი საყოველთაო თანხმობის ოდესმე მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. […]

99. მაშასადამე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვინც დატოვებს ბუნებით მდგომარეობას და საზოგადოებად გაერთიანდება, ხელს აიღებს ყველა იმ ძალაუფლებაზე, რაც აუცილებელია იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც გაერთიანება ხდება; ეს მოხდება საზოგადოების უმრავლესობის სასარგებლოდ, თუ ინდივიდები ცხადად არ შეთანხმდებიან, რომ [გადაწყვეტილების მისაღებად] უმრავლესობაზე მეტი რიცხვია საჭირო. ამისთვის საკმარისია, ადამიანები დათანხმდნენ ერთ პოლიტიკურ საზოგადოებად გაერთიანებას, და სულ ეს არის ის შეთანხმება, რაც იდება ან საჭიროა დაიდოს იმ ადამიანთა შორის, ვინც უერთდება ან ქმნის სახელმწიფოს.

***
1. რიჩარდ ჰუკერი (1554-1600) – ინგლისელი თეოლოგი და სამართლის ფილოსოფოსი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, საიდანაც ლოკს ციტატა მოჰყავს „ეკლესიური ერთობის კანონთა შესახებ“.

2. „საჯარო ძალაუფლება ყველა საზოგადოებაში აღემატება ყველა სულიერს, ვინც ამ საზოგადოებაში ცხოვრობს და ამ ძალაუფლების ძირითადი სარგებელი ისაა, შექმნას კანონები ყველა იმისათვის, ვინც მისი ქვეშევრდომია. ამ კანონებს უნდა დავემორჩილოთ, თუ რაიმე მიზეზის აუცილებლობა არ გვიჩვენებს, რომ გონებისა თუ ღმერთის კანონი საპირისპიროს გვაიძულებს“ – ჰუკერი, Eccl. Pol., lib., p.16.

წყარო: http://library.iliauni.edu.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: