Posted by: burusi | 18/07/2013

შოთა რუსთაველი – ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა (უცხო მოყმის ნახვა)

ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა. შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა

ნახეს, უცხო მოყმე ვინმე” მხატვარი სევერიან მაისაშვილი

შოთა რუსთაველი – ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა (უცხო მოყმის ნახვა)

ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, –
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, –
ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და”.

მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,
უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია,
ერთხელ ესე თქვა: “ვა მეო!”, სხვად არას მოუბარია.

თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,
ცხენსა შეჯდა, – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! –
სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აღუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
კაცი კაცსა შემოსტყორცა, როსტან ამად ივაგლახნა.

შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა, –
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.

ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი: “ღმერთო!”, უზრახვიდა.

მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კარსა მივიდა, – ჰქონდა მზისაცა ცილობა, –
მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?»
მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

“ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით ა”.
თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა,
მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთისა წამითა”.

ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?»
მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით გავძლეო?
მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»”.

თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,
უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?»

ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.
ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

“უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,
მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

“მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

“აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.
კაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!
უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

“ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!»

ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

“მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.
გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,
ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,
უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია,
ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.
მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.
მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: