Posted by: burusi | 14/07/2013

მაკა ლაშხია – “პლატონის ფილოსოფია – გზა სამართლიანობისაკენ”

Plato and Aristotle. Raphael - The School of Athens (1510-1511)

Plato and Aristotle. Raphael – The School of Athens (1510-1511)

მაკა ლაშხია – “პლატონის ფილოსოფია – გზა სამართლიანობისაკენ”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამყაროსეული და სახელმწიფო სტრუქტურების იზომორფულობა

კოსმოლოგიური სისტემის მოწესრიგებულობა პლატონის მოძღვრებაში სამართლიანობის ტოლფასია. კოსმოლოგიური სისტემა, რაც თავისთავში მოიცავს პოლისის მთლიან სტრუქტურას, სამართლიანობის პრინციპს მთლიანად უნდა ექვემდებარებოდეს.

ანტიკური საზოგადოებისათვის, და შესაბამისად, პლატონისთვისაც თავისუფალი ადამიანი მხოლოდ დაბადებით თავისუფალი შეიძლება იყოს. ის, რაც პლატონთან ღირებულია ადამიანის არსის, როგორც თავისუფალი არსების გაგებისათვის არის მოძღვრება ზნეობის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად განიხილება იდეა, რომ ადამიანს ადათების აღსრულების (რაც უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს) ვალდებულება კი არ უნდა ამოძრავებდეს, არამედ სიკეთის იდეა, რომლისგანაც უნდა იყოს მისი ქმედებები განსაზღვრული. გამოდის, რომ ადამიანის მამოძრავებელი მოტივი მის ქმედებებში ზნეობრიობაა, რომელიც ყოველ შესაბამის ცალკეულ ქმედებას სამართლიანს ხდის. სამართლიანი ქმედების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ვინმეს მიმართ, _ თუნდაც ეს ვინმე თავისი თავი იყოს, _ ანუ იგი მოითხოვს სამართლიანობის სუბიექტს, ვის მიმართაც სამართლიანი ქმედება იქნება განხორცილებული. ეს კი შესაძლებელია საზოგადოებაში, სახელმწიფოში რომელიც, თავის მხრივ, სამართლიანობის ობიექტია. შესაბამისად, სამართლიანი საქციელი, რომელიც სიკეთის პრინციპიდან მომდინარეობს და თავად სიკეთეა, მხოლოდ საზოგადოებაში, სახელმწიფოში შეიძლება იყოს ჩადენილი. პლატონი ადამიანის არა მარტო ზნეობრივ ბუნებას გახსნის თავის წიგნებში სახელმწიფოს შესახებ, არამედ გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო თავად არის ზნეობრივი ორგანიზმი, რომლის წევრობაც ადამიანს ავალდებულებს, რომ ზნეობრივი იყოს. ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართბა ამ შემთხვევაში წარმოსდგება როგორც ნაწილისა და მთელის კორელაცია. იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს მიზანი სამართლიანობის განხორციელება და შესაბამისად მისი წვდომაა, სახელმწიფოში ყველაზე დიდი სიკეთე სამართლიანობაა.(1)

ამრიგად, პლატონის მოძღვრებაში საკითხი, თუ რა არის სამართლიანობა მთლიანად რედუცირდება საკითხზე თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო. (2) პლატონის მიხედვით, სამართლიანობა განხორციელებადი და არსებულია მხოლოდ სახელმწიფოში და სახელმწიფოს საშუალებით, ხოლო სახელმწიფო და სახელმწიფოში არსებობა ყოველი ცალკეული მოქალაქისათვის არის უმაღლესი სიკეთე, რომელიც ამქვეყნიურ, გრძნობად სამყაროში შეიძლება არსებობდეს. თავის მხრივ, სიკეთის ცოდნა არის უმაღლესი ცოდნა, რაც ადამიანმა შეიძლება ამ სამყაროში შეიძინოს. მხოლოდ ამ ცოდნის წყალობით ხდება გამოსადეგი თვით სამართლიანობა და სხვა ყოველივე, ხოლო თავის მხრივ ეს ცოდნა, როგორც თავად სიკეთე არის უმაღლესი წანამძღვარი თავად ცოდნისა.(3)

სახელმწიფოში სამართლიანობა მანიფესტირდება სახელმწიფო კანონების სახით, რომელნიც მასში თავის უმაღლეს მნიშვნელობას იძენენ. სახელმწიფოს კანონები მისი წეს-ჩვეულებები და ზნეობრივი ნორმებია, მაგრამ მათ ამ შემთხვევაში მხოლოდ მარეგულირებელი მნიშვნელობა კი არ ენიჭებათ, არამედ ისინი უნდა იყვნენ თვითნებობის აღმკვეთი ძალაც. სახელმწიფოში არსებობს თვითნებობაც, რადგან სახელმწიფო შედგება ცალკეული სუბიექტებისაგან, რომელთა ქმედებების მამოძრავებელი სწორედ თვითნებობაა. სახელმწიფოს ეს წესრიგი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ერთის მხრივ, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს, და მეორეს მხრივ, თავად მოქალაქეებს შორის, არის სამართლიანობა როგორც სიკეთე.(4) სიკეთის ამ იდეასთან მიმართებაში, – რომელიც სახელმწიფოს აწესრიგებს და სამართლიანობას ანიჭებს და მოქალაქეთა ფენებს შორის ჰარმონიას ამყარებს – სამართლიანობა რესტრიქციულ, ან თუნდაც კორელაციურ ცნებად კი არ წარმოჩნდება, არამედ უფრო მეტად სიკეთის ცნების იდენტურად, რადგან სახელმწიფოში განხორციელებული სამართლიანობა თავად სიკეთეა. აქედან გამომდინარე, პლატონის მოძღვრებაში სამართლიანობა, რომელიც სახელმწიფო ორგანიზმის თითოეულ წევრს გააჩნია როგორც სამართლიანს, წარმოსდგება როგორც წესრიგი, რომელიც საზოგადოების წევრთა სულებში არსებობს როგორც ხატი დიდი ორგანიზმისა (სახელმწიფოსი), ხოლო ამის საპირისპიროდ არასამართლიანობა წარმოსდგება როგორც უწესრიგობა.(5) წესრიგის საპირისპიროს ანუ უწესრიგობას, როგორც საზოგადოების თითოეული წევრს სული, ისე მთლიანად სახელმწიფო ბუნებრივ ნეგაციამდე _ სიკვდილამდე – მიჰყავს.

მოცემული იზომორფულობა ათენელი ფილოსოფოსის მოძღვრებაში მოიცავს არა მარტო პოლისის და მოქალაქის კორელაციას, არამედ პოლისისა და სამყაროსი. როგორც პოლისი ვერ იარსებებს წესრიგის გარეშე, ასევე სამყაროც, რადგან სამყაროც თავის თავში მოწესრიგებული სტრუქტურაა.(6) ამიტომ პლატონის მოძღვრებაში სახელმწიფოს სტრუქტურის ანალიზი, როგორც მოწესრიგებული სტრუქტურისა, როგორც სამართლიანობისა გამომდინარეობს სამყაროსეულის ანუ კოსმოლოგიური წესრიგის სტრუქტურიდან. შესაბამისად, სახელმწიფოს სტრუქტურის გასაგებად აუცილებელია, რომ ჯერ კოსმოლოგიური სტრუქტურა იყოს გააზრებული.

სამყაროსეული და სახელმწიფო სტრუქტურების სისტემა

დიალოგში “ტიმეოსი” პლატონი თავის შეხედულებას სამყაროზე, ანუ ბუნებაზე და მის ქმნადობაზე იწყებს მტკიცებით, რომ: “ღმერთი არის სიკეთე”.(7) სიკეთე მისი მოძღვრების თანახმად, არის “უმაღლესი იდეა და ამ იდეას არანაირად არა აქვს თავისში შური, რამეთუ მას სურდა, რომ ქვეყანა უფრო მეტად თავის მსგავსად შეექმნა”.(8) უკვე ამ მტკიცებაშივე მანიფესტირდება პლატონის ეპისტემოლოგიის ძირითადი თეზა, რომ სიკეთე როგორც მყოფი, რაც, თავის მხრივ, უმაღლესი იდეა, ანუ გვარია, მხოლოდ თავის თავის იგივეობრივია.(9) სიკეთეში, როგორც გონებითსაწვდომ საგანში არ შეიძლება განსხვავებულობა არსებობდეს, რადგან განსხვავებულობა გამოიწვევს მრავალს, რაც ერთის ბუნებისათვის მიუღებელია. მრავალი, თავის მხრივ, ქმნადობას ექვემდებარება და შესაბამისად, დროისა და სივრცის სამყაროს განეკუთვნება, ეს კი მხოლოდ გრძნობად საგანთა ხვედრია. პლატონის მიხედვით, გრძნობად საგნებს, რადგანაც ისინი დროსა და სივრცეში არიან, გააჩნიათ საწყისი ისევე, როგორც თავად დროსა და სივრცეს. ხოლო უმაღლესი იდეა, რომელიც თვითკმარია, ერთის მხრივ, დროსა და სივრცის გარეთ მყოფია, ხოლო, მეორეს მხრივ, თავად დროისა და სივრცის შემქმნელია (10). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიკეთე ეს ის უმაღლესი იდეაა, რომელიც ყველა სხვა იდეის არსებობას (ყოფნას), შემეცნებადობას შესაძლებელს ხდის. ამ აზრით სიკეთის იდეა უფრო მეტად მეტაფიზიკურ-ონტოლოგიური ხასიათისაა, ვიდრე ეთიკური, თუმცა თავისი ონტოლოგიურობის გამო, ეთიკურ მხარესაც, როგორც არსობრივ მომენტს, თავის თავში მოიცავს.

იმდენად, რამდენადაც ერთი, ანუ მყოფი თავის თავის იდენტური, და შესაბამისად, სრულყოფილია, ხილული სამყარო, რომელსაც ის ქმნის (რამდენადაც ის შექმნილია), არ შეიძლება სრულყოფილი იყოს; მაგრამ რადგანაც ის შექმნილია უმშვენიერესი იდეის მიხედვით, ამიტომ ყოველ ქმნილთა შორის ის უმშვენიერესია.(11) შესაბამისად, მყოფი თავადაა პასუხისმგებელი, რომ ხილული სამყარო მუდმივად მშვენიერად გამოიყურებოდეს, ანუ ეს ნიშნავს, რომ მისი შემადგენელი ნაწილები ერთმანეთთან მუდმივ ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყვნენ, რაც წესრიგის გარანტიაა. პლატონი თავის ნატურფილოსოფიის სისტემაში სამყაროს ახალ და იდეალიზირებულ ხატს კი არ ქმნის, არამედ თავისი თანადროული საზოგადოების ადამიანისათვის რეალურად არსებულ სტრუქტურას აანალიზებს და აწესრიგებს. ამიტომ მისეულ სამყაროს ხატში ძველი ბერძნული მითოლოგიური ღმერთები განდევნილი კი არ არიან, არამედ სამყაროსეული (ხილული) წესრიგის მცველებად გვევლინებიან (რაც პრინციპში ყველა მითოლოგიური ღმერთის ხვედრია), და შესაბამისად, რადგანაც ადამიანები ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან, მათზე ზრუნვაც ამ ღმერთების მოვალეობაა. მაგრამ განსხვავებით ჩვეულებრივი მითოსური წარმოდგენებისაგან, პლატონის სახელმწიფოში ღმერთის მიერ ადამიანზე ზრუნვას ეთიკური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ადამიანი, როგორც სულის მქონე არსება, ანუ გარკვეულწილად ღმერთის, – მართალია მცირე, მაგრამ მაინც _ ბუნების მატარებელია. სწორედ ამის გამო შეუძლია ადამიანს ეზიაროს სამართლიანობას, ანუ ღმერთის ბუნებას, რაც თავად სიკეთეა და შესაბამისად, სწორედ თავისი სულის წყალობით იღებს იგი ამას (სამართლიანობას ანუ სიკეთეს) არა გარეგანი იძულების საშუალებით, არამედ იმეცნებს მას.

სიკეთე, როგორც უმაღლესი იდეა შემეცნებისა და ჭეშმარიტების საფუძველია, ისევე როგორც მზე არის საფუძველი არა მარტო მხედველობის, არამედ ქმნადობისა და ზრდადობის. როცა შემეცნების ობიექტი, ანუ უმაღლესი სიკეთე და შემმეცნებელი სუბიექტი, ანუ ადამიანი, ერთმანეთთან მუდმივად ფიქსირებულ კორელაციურ მიმართებაში იქნებიან, მაშინ შესაძლებელი იქნება კოსმოლოგიური სტრუქტურული წესრიგის მიღწევა. შესაბამისად, ადამიანის ზნეობრივი ბუნება მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ შენარჩუნებულ იქნას მთელის ჰარმონიულობა, როგორც სამართლიანობა, ხოლო ამ უკანასკნელის განხორციელება, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ სახელმწიფოშია შესაძლებელი. სახელმწიფოს სტრუქტურა, მისი მოწესრიგებულობა კი ისეთივე მყარი უნდა იყოს, როგორც სამყაროსი. რადგანაც მთელის, ანუ სამყაროს და სახელმწიფოს საფუძველი სიკეთეა, ხოლო საზოგადოებაში ანუ სახელმწიფოში განხორციელებული სიკეთე სამართლიანობაა, შესაბამისად, ზნეობა მხოლოდ მაშინ ხორციელდება და არსებობს, როდესაც ის მხოლოდამხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობისკენაა მიმართული. ისევე როგორც პლატონის კოსმოლოგიურ სისტემაში მთელის შემადგენელი ნაწილები (რომლებიც ერთმანეთთან აუცილებლობით შეკავშირებულნი არიან, რათა ეს მთელი შეადგინონ), განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილები, მაგრამ მათი აუცილებელი კავშირი არის სახელმწიფოს მთლიანობის როგორც აუცილებელი პირობა, ასევე შედეგი.

პლატონის ზნეობრივ-ფილოსოფიურ სისტემაში სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილები, როგორც მათი არსებობის მომენტები, ჰეგელის მიხედვით შეიძლება სამ ასპექტად გამოიყოს: 1. როგორც საზოგადოებრივი ფენები; 2. როგორც სათნოებები, ანუ ზნებრიობის მომენტები და 3. როგორც ცალკეული ადამიანის, როგორც სუბიექტური ნების ქცევის ნორმები.(12) ერთის მხრივ, თუ სათნოებები სახელმწიფოს სოციალური ფენების განსაზღვრებებს წარმოადგენენ, მეორეს მხრივ, ამ ფენებს შორის მიმართებებს განსაზღვრავენ და ასევე ყოველი ცალკეული სუბიექტური ნების ქცევის ნორმა მათ მიერ უნდა იყოს რეგულირებული და მთლიანად მათზე დაქვემდებარებული.

საზოგადოებრივი ფენების დაყოფის პრინციპი და სათნოებების არსი

საზოგადოებრივი ფენების დაყოფა ამ მოძღვრებაში მათი ფუნქციების მიხედვით ხდება. ფუნქციების განსაზღვრა კი ზნეობრივი პრინციპიდან გამოდის. ეს პრინციპი რომ უფრო ზუსტად იქნას გაგებული, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოების სამი ფენა პლატონთან ადამიანის ფსიხეს სამ ნაწილს შეესაბამება. ისე როგორც ადამიანის, როგორც გონებრივი არსების არსებობისათვის უმნიშვნელოვანესია ფსიხეს სამივე ნაწილის სამართლიანი და ჰარმონიული თანაარსებობა, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესი მდგომარეობა მაღალ კოგნიტიურ ნაწილს გააჩნია, ასევე პოლისის სამართლიანი და ჰარმონიული არსებობისათვის საზოგადოების სამივე ფენის არსებობა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი წინაპირობაა თავად პოლისის არსებობისათვის. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზნეობრივი პრინციპი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის ზრუნვაა და შესაბამისად, ყოველი ფენა საზოგადოების კეთილდღეობისკენ უნდა ისწრაფვოდეს.

პლატონთან სახელმწიფოს ორგანიზმს სამი ძირითადი ფენა შეადგენს: ა) მმართველების, მეცნიერების, სწავლულების; ბ) მეომრებისა და გ) მიწათმოქმედთა და ხელოსანთა. შესაბამისად, პირველი ფენის ფუნქციას საკანონმდებლო საქმიანობა შეადგენს, ანუ მოღვაწეობა საყოველთაოს, როგორც სახელმწიფო ორგანიზმის ინტერესებისა და სარგებლობისათვის; მეორე ფენის ფუნქციას შეადგენს საზოგადოებრივი ორგანიზმის, როგორც ერთიანი კავშირის დაცვა უცხო მტრებისაგან; ხოლო მესამე ფენის ფუნქციას, რაც უკვე მათი მდგომარეობიდან ნათლად ჩანს, შეადგენს ზრუნვა ცალკეულ ადამიანზე, როგორც სახელმწიფოს წევრზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოძღვრებაში აღნიშნული ფუნქციები სახელმწიფოს შინაგანი განვითარების შედეგად კი არ წარმოიქმნება როგორც შედეგი, არამედ ისინი წინასწარ არსებულნი არიან, ანუ სახელმწიფოს იმ სახით არსებობისათვის, როგორსაც ამას პლატონი გვთავაზობს, ფენების შესაბამისი ფუნქციებით დატვირთვა გარკვეულწილად აუცილებელი დაწანამძღვრებაა.

პირველ ფენას პლატონი მცველების ფენასაც უწოდებს (ϕυλακασ). მათში იგულისხმებიან ფილოსოფიურად განსწავლული სახელმწიფო მოხელეები, ან ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ცოდნას ფლობენ. მეომრების ფენა გვევლინება მათ დამხმარედ. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა განახორციელონ სახელმწიფოში ფილოსოფოს-მმართველთა მიერ დასახული ამოცანები და გეგმები. შესაბამისად, ამგვარ სახელმწიფოში საქმე გვაქვს არა განსხვავებულ სამოქალაქო და სამხედრო ფენასთან, არამედ ეს ორი ფენა ერთიანდება ერთ ფენაში, სადაც უფროსობის უფლება რჩებათ მცველებს.(13) აქ წინასწარ უნდა ითქვას, რომ ფენების ასეთი დაყოფა და ამ ფენებისათვის შესაბამი ფუნქციების მინიჭება შეადგენს პლატონის სახელმნწიფოს კონსტიტუციას, რადგან სწორედ ამ ფენების მოვალეობანი, რაც იმავდროულად მათივე უსაკუთრივესი განსაზღვრულობებია, თავიანთ ჰარმონიულ შესაბამისობაში ქმნიან ერთსა და ერთიანს, როგორც სახელმწიფო ორგანიზმს. საზოგადოებრივი ფენების ამ უსაკუთრივესი განსაზღვრულობათა და ერთის, როგორც სახელმწიფოს საფუძველს თავის მხრივ შეადგენენ სათნოებები, რომლებიც ამ მოძღვრებაში ოთხია.

პირველი სათნოებაა სიბრძნე (σοϕια), ცოდნა და მეცნიერება. სახელმწიფო, რომელსაც ასეთი სათნოება გააჩნია იქნება ბრძნული, ხოლო ცოდნის წყალობით მას ექნება სწორი განსჯის უნარი. ცოდნაში არ იგულისხმება არც გამოცდილებით მიღებული ცოდნა, როგორიცაა, მაგალითად, ხელოსნობის ან მიწათმოქმედების შესახებ ცოდნა და არც ემპირიული გამოცდილებით მიღწეული სოფისტური ცოდნა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გონებით საწვდომ საგნებზე მსჯელობისას საფუძვლადმდებარე მეთოდად პლატონის დიალექტიკურ მეთოდს არ იყენებდა, განსჯის უნარის ლოგიკას მოკლებული არ იყო. პლატონის მიხედვით სახელმწიფოს რომელიც სიბრძნისკენ ისწრაფვის და რომელსაც ჭეშმარიტი ცოდნა გააჩნია, რაც პლატონთან მხოლოდამხოლოდ დიალექტიკითაა შესაძლებელი, ყველაზე კარგად შესწევს უნარი წარმართოს საქმიანობა, როგორც თავის შიგნით, ისე სხვა სახელმწიფოების მიმართაც. ეს გონებრიობა კი, რომლის მიხედვითაც იმართება სახელმწიფო, მოსახლეობის მცირე ნაწილის ანუ უმაღლესი ფენის კუთვნილებაა. (14)

მეორე სათნოებაა სიმამაცე (ανδρια), რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ მყარად იყოს დაცული სამართლიანობა და სამართლიანი. როგორც ვხედავთ, სიმამაცე ერთის მხრივ, თავად არის სათნოება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს არსებობისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, იგი აუცილებელი პირობაა სხვა სათნოების ანუ სამართლიანობის არსებობისათვის. თავის მხრივ სიმამაცეს, როგორც სათნოებას ორი ასპექტი გააჩნია:

ა) იგი მოქმედებს, როგორც სამართლებრივ-რეგულატორული პრინციპი, ანუ ამ შემთხვევაში იგი იცავს იმ თვალსაზრისს, რომ განარჩიოს თუ რომელი შეხედულებაა საშიში სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, არა თუ სახელმწიფოსათვის საშიში ქმედებანი უნდა იქნან უგულვებელყოფილნი, არამედ თავად შეხედულებანიც;(15)

ბ) გამომდინარე პირველი ასპექტიდან, სიმამაცეს გააჩნია ზნეობრივი მხარეც, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მცველები ისე მყარად უნდა იდგნენ ზემოთქმულ შეხედულებაზე, რომ ვერანაირმა ვნებამ და სიამოვნებამ ვერ შეძლოს მათი სულის შერყევა. სული ადამიანის, როგორც სასრულის და არასრულყოფილი არსების უმაღლესი ნაწილია, რომელსაც უმაღლესი იდეების, რომელთა რიგს სათნოებებიც მიეკუთვნება, წვდომისა და შემეცნების უნარი აქვს. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პლატონი თავის ფილოსოფიურ მოძღვრებაში მკვეთრ ზღვარს ეპისტემოლოგიასა და ონტოლოგიას შორის არ ავლებს, ისინი უფრო კორელაციურ-დიალექტიკურად მნიშვნელადი არიან.

მესამე სათნოებას შეადგენს ზომიერება (σωϕροσυνη). ეს არის ძალაუფლების ქონა მიდრეკილებებსა და ვნებებზე, მათი მოთოკვის შესაძლებლობა და უნარი. ეს სათნოება, როგორც ჰარმონია მთლიანად არის გავრცელებული მთელზე, როგორც სახელმწიფო ორგანიზმზე. მის ზემოქმედებას ემორჩილება ამ ორგანიზმის ყოველი წევრი, როგორც ძლიერი, ისე სუსტი, როგორც გონიერი, ისე გონებით ნაკლებად დაჯილდოვებული. შესაბამისად, ეს არის სათნოება, რომელიც რომელიმე ცალკეული საზოგადოებრივი ფენის საკუთრება ან მისი განსაზღვრულობა კი არ არის, არამედ ისეთი არსია, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ფენისათვის ერთნაირად მოქმედებს და ყველასათვის თანაბარღირებულია, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ფენების გამაერთიანებელია ისე, რომ მთელი, როგორც სახელმწიფო ამ გაერთიანებაში ჰარმონიულად არსებობდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციების სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა ფენის ინდივიდუალური ქმედებანიც და მიზნებიც ერთი საერთო უმაღლესი მიზნისკენაა მიმართული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს წანამძღვარი პლატონის მოძღვრებაში სახელმწიფოს შესახებ იმთავითვე არსებულია და იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს არსსა და აქედან გამომდინარე სტრუქტურას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სათნოება საზოგადოების ყველა ფენის კუთვნილებაა, უფრო მეტად ის მაინც მესამე, ყველაზე დაბალი ფენის მიმართებაში გამოიყენება. რადგანაც მესამე, ყველაზე დაბალ ფენას ჰარმონიულობა იმთავითვე თავისში არა აქვს, მას ეს სათნოება სჭირდება ა) იმისათვის, რომ თავის თავში დათრგუნოს მდაბალი მიდრეკილებანი ბ) და მთელის ჰარმონიულობაში თავისი ადგილი დაამკვიდროს პირველ ორ ფენასთან შესაბამის ჰარმონიულ ურთიერთობაში შესასვლელად.

და ბოლოს, მეოთხე სათნოებას წარმოადგენს სამართლიანობა (δικαιοσ). იგი არის და ხორციელდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს თითოეული წევრი აკეთებს თავის საქმეს და არ ერევა სხვისაში,(16) ანუ როდესაც ყოველი წევრი საკუთარი მიდრეკილებების შესაბამისად მოქმედებს. სამართლიანობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იგი ერთის მხრივ პლატონთან წარმოჩნდება, როგორც ერთ-ერთი სათნოება სხვა დანარჩენებთან ერთად, მაგრამ მეორეს მხრივ, იგი არის ისეთი და ის სათნოება, რომელიც სხვა დანარჩენებს აძლევს არა მხოლოდ არსებობის ძალას, არამედ მათი წარმოქმნის წინაპირობაცაა. იმავდროულად, სამართლიანობა უკვე თავისთავად არსებული იქნება, როცა დანარჩენი სამი სათნოება იარსებებს სახელმწიფოში. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ამ დიალოგში იზომორფულად სრულადაა მოცემული პლატონის ეპისტემოლოგიაში არსებული სტრუქტურა მთელისა და ნაწილის ურთიერთმიმართებისა. ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობის ცნება არის საფუძველი, როგორც მთელის იდეა, ხოლო დანარჩენი სათნოებები და მათ შორის სამართლიანობაც, როგორც ცალკეული ექსისტირებენ როგორც მთელის ნაწილები, ხოლო თავის მხრივ მთელი, როგორც სამართლიანობა და საფუძველი, ექსისტირებს ამ სათნოებათა განხორციელებისა და არსებობის შედეგად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მთელი, როგორც სამართლიანობა არის საყოველთაო, რომელიც ყოველ ცალკეულს, როგორც სათნოებას და შესაბამისად მოცემული სათნოების მატარებელ ფენას განმსჭვალავს, განაპირობებს და აძლევს თითოეულ ამ სათნოებასა და ფენას, როგორც ცალკეულს დამოუკიდებელ, ღირებულ არსებობის შესაძლებლობას.(17) სამართლიანობა ამ შემთხვევაში გაგებულია, როგორც საყოველთაოს გაბატონება. მოცემული მსჯელობის თანახმად, სამართლიანობა ინდივიდის მიერ საგნის საკუთრების დადასტურება კი არაა, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ცალკეული ინდივიდი როგორც საყოველთაო ისე იქნას აღიარებული, არამედ ადამიანის მხოლოდ თავისი ბუნების ფლობა და მოხმარება შეუძლია, ისიც მხოლოდ საყოველთაოს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებისათვის. გამოდის, რომ ადამიანი მხოლოდ გარე პირობებისგანაა განსაზღვრული, შესაბამისად მისი მიმართება საგნებისადმი წინასწარ დარეგულირებულ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, სამართლიანობა ყოველი ადამიანისათვის, როგორც სახელმწიფოს წევრისათვის იძენს იმ მნიშვნელობას, რომ მან უნდა აკეთოს და შეასრულოს ის ქმედება, რისთვისაც დაბადებიდან არის განკუთვნილი და სწორედ ეს შეადგენს მის დანიშნულებას. როგორც პლატონის მთელი ამ მოძღვრებიდან ჩანს ადამიანის დანიშნულების განსაზღვრულობანი ეს ოთხი სათნოებაა, რომელთაგან ა) პირველი სამი თითოეულ სახელმწიფოებრივ ფენას, როგორც უსაკუთრივესი განსაზღვრულობა ისე გააჩნია; ბ) ამასთან მესამე და მეოთხე სათნოება ყველა ფენისთვისაა აუცილებელი, რათა ეს ფენები ერთმანეთთან ჰარმონიაში იქნან მოყვანილი; გ) ეს სათნოებები ქმნიან სახელმწიფო ორგანიზმს, როგორც ჰარმონიულს; დ) ყველა ეს სათნოება თავის განხორციელებაში თავის მხრივ შეადგენს სამართლიანობას, რომელიც როგორც სათნოებათა საფუძველი იმთავითვე დაწანამძღვრებულია.

იზომორფულობის პრინციპიდან გამომდინარე ის ძირითადი მომენტები, რომლებიც სახელმწიფოში მოქმედებს და რომელთა ჰარმონიული ურთიერთმიმართება ქმნის სახელმწიფოს ერთიანობას, მოქმედებენ ასევე ცალკეულ სუბიექტში, როგორც სახელმწიფოს ორგანიზმის წევრებში და ეს მომენტები, ერთის მხრივ, თუ ყოველი ცალკეული ინდივიდის მთლიანობისთვისაა აუცილებელი, მეორეს მხრივ, თითოეული საზოგადოებრივი ფენისადმი მისი მიკუთვნებულობის განმსაზღვრელია. პლატონის მიხედვით, ცალკეულ სუბიექტში პირველ რიგში კი, წარმოჩნდება ჟინი, მიდრეკილება, მოთხოვნილება, მაგალითად, როგორიცაა შიმშილი ან წყურვილი. ამ მოთხოვნილებას, ჟინს თავისი წვდომის საგნად აქვს რაღაც განსაზღვრული, მხოლოდ ის, რისი მიღწევაც მას სწადია. მხოლოდ შრომით შეიძლება დაკმაყოფილდეს მოთხოვნილება, რომელიც საზოგადოებრივ ფენათა დაყოფაში მესამე — მშრომელთა ფენას შეესაბამება. უნდა აღინიშნოს, რომ შრომა, როგორც მოთხოვნილების საგნის უარმყოფელი და მომხსნელი, ადამიანის დამოუკიდებლობის დამდგენი პირველად სწორედ პლატონის ამ მოძვღრებაში წარმოჩინდება, ის არის უკვე სუბიექტური თავისუფლების საფუძველი და საწყისი.

მეორე მომენტი, რომელიც ადამიანში წარმოჩინდება არის ის, რომ მის ცნობიერებაში არსებობს რაღაც ჟინის, მოთხოვნილების მომთოკავი: ეს არის გონება. მას შეესაბამება მმართველთა ფენა, რაც სახელმწიფოს სიბრძნის განსახიერებაა, ხოლო ცალკეულ ინდივიდში ეს ადამიანის სულის უმაღლესი ადგილია. სახელმწიფოში, და შესაბამისად, ადამიანის სულში ამ ორი მომენტის გარდა, რომლებიც რეალურად ინტელიგიბელური სფეროს წარმოადგენენ, არის კიდევ ერთი მესამე მომენტი: რისხვა, რომელსაც სახელმწიფოში მცველთა ფენა შეესაბამება. ამ იდეასაც, როგორც სხვებს გააჩნია დიალექტიკური ხასიათი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნაწილობრივ ენათესავება მიდრეკილებებს, ჟინს, ნაწილობრივ კი გონების დამხმარე მომენტია. ამის შესახებ სახელმწიფოში ვკითხულობთ: „ზოგჯერ ისეა რომ როდესაც ადამიანმა ჩაიდინა არასამართლიანობა სხვა ადამიანის მიმართ და მან აიძულა მეორეს გადაეტანა შიმშილი და წყურვილი და ამასთან ფიქრობს, რომ ის მართალი იყო როცა მას ტანჯვას აყენებდა, რამდენადაც ის კეთილშობილია, იმდენად ნაკლებად იქნება განრისხებული მის მიმართ. ზოგჯერ კი ისეც არის, რომ როდესაც ადამიანი უსამართლობას გადაიტანს, მასში ღვივდება რისხვა და იგი იმის დამცველად გამოვა, რაც სამართლიანია და იგი იტანს და იმარჯვებს შიმშილზე, წყურვილზე და უსიამოვნებებზე. ის იქამდეUუარს არ ამბობს სამართლიანობაზე, სანამ არ მიაღწევს მის განხორციელებას, ან არ იპოვნის სიკვდილს, ან იქნება დაწყნარებული იმის მსგავსად, როგორც მწყემსი აწყნარებს ნაგაზს“. (18) ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის სახით ითქვას, რომ სამართლიანობა სახელმწიფო ორგანიზმის სუბიექტისათვის (და თვით სახელმწიფოსათვის) არის ყოველი ადამიანის მიერ იმის კეთება, რაც მან უნდა აკეთოს. სამართლიანობა კი, როგორც ადამიანის არსის შინაგანი განმსაზღვრელი თითოეული ადამიანის მიერ იმის მიღწევაა, რაც მათი არსებობისათვის აუცილებელია. სამართლიანობა ცალკეული სუბიექტების იმ საქმიანობაში ჩაურევლობაცაა, რომელთა დანიშნულებაც საზოგადოებრივი ფენასთან შესაბამისობით განისაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ აქ თავისუფლების რელატიური მომენტი წარმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ პლატონის სახელმწიფოში ერთი სუბიექტი არ ზღუდავს მეორის ქმედებას, მაგრამ თავად ეს ქმედებანი მოქმედი სუბიექტისათვის წინასწარ განსაზღვრულნი არიან.

სახელმწიფოს არსებობის პირობები

იმისათვის, რომ სახელმწიფომ ნორმალურად იფუნქციონიროს, საჭიროა შესაბამისი პირობები. რა იგულისხმება შესაბამის პირობებში? პლატონთან ყოველი ცალკეული სუბიექტის, როგორც სახელმწიფოს მოქალაქის ყოფნა ის საქმიანობაა, რომლითაც დგინდება მისი დანიშნულება სახელმწიფოში. ეს იმავდროულად ინდივიდების ზნეობრივი ქმედება და ნებაა. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნება აქ თავად ინდივიდების გადაწყვეტილებიდან კი არ გამოდის, არამედ საყოველთაობით, აბსტარქტულობითა, გარედან და წინასწარ განსაზღვრულობითაა დადგენილი. იმისათვის, რომ როგორც მთლიანად საზოგადოებამ, ასავე მისმა თითოეულმა წევრმა ჰარმონიულად და შესაბამისად სამართლიანად იმოქმედოს, პლატონის იდეალური სახელმწიფოს არსებობისათვის ძალზე დიდი როლი ენიჭება პაიდეას, აღზრდას. მაგრამ ამ შემთხვევაში აღზრდას, გარდა იმისა რომ გააჩნია წმინდად პედაგოგირუი ფუნქცია, ეს უფრო მეტად თერაპიული საშუალებაა იმისათვის, რომ როგორც მთლიანად საზოგადოება, ისე მისი თითოეული წევრი სრულ ჰარმონიაში მოქმედებდეს. ეს ნიშნავს, როგორც ცალკეული ადამიანის სულის (ფსიხეს) სამივე ნაწილს, ისე პოლისის სამივე საზოგადოებრივ ფენას ერთმანეთის მიმართ სამართლიანობის საფუძველზე დადგენილი მიმართებები ჰქონდეს. ეს მიმართებები შესაძლებელს გახდიდა როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე საზოგადოების სვლას სიკეთის იდეისაკენ. ხოლო თავად სიკეთის იდეა არის ის წინაპირობა, რომელიც ამ სვლის შესაძლებლობას აძლევს პოლისსა და ცალკეულ ადამიანს.

რა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ სახელმწიფო მუდმივად ჰარმონიული იყოს? აქ შეიძლება საკითხი სხვა კუთხითაც იქნას დაყენებული. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ყოველი მოქალაქისათვის საქმიანობა, რომელიც მისივე დანიშნულებაა, იქცევა მისსავე ყოფნად, რომელიც ამ შემთხვევაში იგივე ზნეობრივი ქმედებაა. ამ შემთხვევაში სუბიექტის, როგორც მოქალაქის ყოფნა მთლიანად განსაზღვრულია მისი ზნეობრივი ქმედებისაგან და არა მხოლოდ განსაზღვრულია, არამედ უფრო მეტიც, ყოფნა საერთოდ ვერ შედგება თუ მისი საფუძველი ზნეობრივი ქმედებები არ იქნება.(19) აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ყოფნა დამოკიდებულია მოქალაქეების მიერ თითოეულისათვის წინასწარ განკუთვნილი ქმედებების „მორჩილად“ შესრულებაზე, რაც თავისთავად სახელმწიფოს ზნეობრივად ექსისტირების გარანტიაა. როგორ არის შესაძლებელი მიღწეულ იქნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც ყოველი მოქალაქე თავისი დანიშნულებისათვის შესაბამის ქმედებას, ანუ მოვალეობას უპირობოდ ასრულებს? პლატონის მიხედვით, მთავარია რომ იგი შესაბამისად აღიზარდოს. პლატონის მოძღვრებაში დიდაქტიკურ-ზნეობრივი კონტექსტი მეტაფიზიკისაგან დამოუკიდებელი კი არ არის, არამედ ეს უკანასკნელი სწორედ პირველის საფუძველი, ხოლო თავის მხრივ, პირველი მეორის შინაარსის განმსაზღვრელია. ამის დასტურია სიამოვნების ცნების ექსპოზიცია „ფილებოსში“. ამ დიალოგში პლატონი სიამოვნების ბუნებას იკვლევს, რაც მასთან უშუალოდ უსასრულოსა და სასრულს, როგორც უსაზღვროსა და საზღვრის დაპირისპირებას უკავშირდება. გრძნობად სიამოვნებას პლატონი აღნიშნავს როგორც უსასრულოს.(20) რეფლექსიისათვის უსასრულო უმაღლეს ცნებას წარმოადგენს, მაგრამ უსასრულო, როგორც ასეთი მხოლოდ განუსაზღვრელს ნიშნავს. აქ სიამოვნებას როგორც განუსაზღვრელს უპირისპირდება საზღვარი როგორც სიბრძნე. სიამოვნება უსაზღვროა, უფრო ზუსტად, ზღვარდაუდებელია, შესაბამისად, უსასრულოა; ხოლო დასაზღვრული (ზღვარდადებული), რომელიც თავის თავს განსაზღვრავს, სიბრძნეა. აქედან გამომდინარე, სასრულის, როგორც დასაზღვრულის და უსასრულოს, როგორც უსაზღვროს შეესაბამება სიბრძნისა და სიამოვნების დაპირისპირება. მართალია, სიამოვნების ქვეშ ჩვენ წარმოვიდგენთ ცალკეულს, გრძნობიერს, მაგრამ ისენი სინამდვილეში განუსაზღვრელნი არიან, როგორიცაა მაგალითად, სტიქიები: ცეცხლი ან წყალი.(21)

პლატონი ამტკიცებს, რომ სწორედ დამსაზღვრელია ჭეშმარიტი და ბრძნული. უსასრულო არის უფორმო; თავისუფალი ფორმა, კი როგორც მოქმედი, არის სასრული და იგი უსასრულოში მხოლოდ მასალას პოულობს თავისი რეალიზაციისათვის. შესაბამისად, გრძნობადი სიამოვნება გამოდის როგორც დაუსაზღვრელი, რომელიც თავის თავს ვერ განსაზღვრავს, მას არ შეუძლია თავისი თავი ზომიერების საზღვრებში მოაქციოს. პლატონის მიხედვით, სრულყოფილება ცალ-ცალკე არც სიამოვნებაშია და არც გონებაში, არამედ ორივეს ნაზავში. სიბრძნე კი, როგორც საზღვარი წარმოადგენს ნამდვილ მიზეზს, რომლისგანაც წარმოიშობა საუკეთესო.(22) ამდენად, სიამოვნება როგორც ადამიანის დადებითი მოდალური მდგომარეობა განისაღვრება იმდენად, რამდენადაც მის გრძნობად მიდრეკილებებს არეგულირებს გონება. მხოლოდ გონებას შეუძლია ისინი ჰარმონიულ შესაბამისობაში მოიყვანოს, რაც იმის წინაპირობაა, რომ ადამიანის დანიშნულება საზოგადოებაში, რაც ამ შემთხვევაში იგივე მისი არსია, სრულად იქნას რეალიზებული.

როგორც ზემოთ იყო ნათქვამი იმისათვის, რომ ადამიანმა დაძლიოს ყოველგვარი ცდომილება თავისი დანიშნულების განხორციელების გზაზე და იყოს სწორედ ისეთი, როგორც მისი, როგორც მოცემული საზოგადოებრივი ფენის განმსაზღვრელი დანიშნულებაა, იგი შესაბამისად უნდა იყოს აღზრდილი. აღზრდას ამ მოძღვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღზრდა, როგორც ზნეობრივი წესებისა და ჩვევების გამომუშავებელი და მარეგულირებელი საშუალება პლატონის პრაქტიკულ ფილოსოფიაში იძენს იგივე მნიშვნელობას, რაც მის ეპისტემოლოგიაში აქვს სწავლებას (დამოძღვრას). ადამიანი, როგორც მოაზროვნე სუბიექტი, რომ არ დაიბნეს ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე მას სჭირდება დამოძღვრა. ადამიანური სული მიდრეკილია სწორი აზრიდან გადახვევისაკენ. ამას იგი კეთილი ნების გადაწყვეტილებით არ აკეთებს, თუმცა შედეგად მიღებული დაბნეულობა ბოროტებაა.(23) დაბნეულობას და არცოდნას, ერთის მხრივ, უნებლიე შეცდომები იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ, თავდაჯერებული უგუნურება. უგუნურება მხოლოდ მეტაფიზიკურ რაკურსშია კი არა `საშიში~, არამედ საშიშია იგი ზნეობრივი მნიშვნელობითაც, რადგან უგუნური ადამიანი მთლიანის, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზმს არღვევს. უგუნური ადამიანი სახელმწიფოს ჰარმონიას შლის, რადგან არ იცის არც თავისი და არც სხვისი ადგილი საზოგადოებაში. ამიტომ გამოდის წინა პლანზე აღზრდის საჭიროება.(24) რადგანაც აღზრდა წარმოადგენს საშუალებას ერთის ერთობის და მთლიანობის შესანარჩუნებლად და შესაბამისად საზოგადოებრივი ორგანიზმი, როგორც სახელმწიფო მთლიანია, ამიტომ სახელმწიფოს ჰარმონიული კავშირის შესანარჩუნებლად პლატონი მიიჩნევს, რომ თითოეულ ინდივიდში ზნეობრივი წესები იქნას დანერგილი.(25) უპირველესად ეს მცველების ფენაში უნდა იქნას განხორციელებული. როგორც ვნახეთ მცველები წარმოადგენენ ფენას, რომელიც პასუხისმგებელია მთელი საზოგადოებრივი ორგანიზმის ჰარმონიულობის შენარჩუნებაზე. სწორედ ამიტომ არიან ისინი პირველი სათნოების _ სიბრძნის მფლობელები. სიბრძნე კი არის ის არსი, რომელიც სახელმწიფოს და შესაბამისად მის საზოგადოებრივ ფენებს მთლიანობას ანიჭებს. ამის საფუძველზე წარმოიქმნება სახელმწიფოს ძირითადი სიქველე _ სამართლიანობა, რომელიც თავის მხრივ ყველა სხვა სიქველის და მათი ერთიანობის, როგორც სახელმწიფოს ექსისტირების წანამძღვარია. სახელმწიფოს მცველების აღზრდა ფილოსოფიით უნდა მოხდეს, რადგან იგი არის ცოდნა თავისთავად მყოფის შესახებ, ხოლო სახელმწიფო ამ შემთხვევაში მისი იზომორფულია და არა მყოფის იდენტური, რადგან იგი (სახელმწიფო) დროულ და სივრცულ სამყაროს განეკუთვნება და, მაშასადამე, საწყისიც გააჩნია. რადგან მეორე სიქველე მამაცობაა, რომლის არსიც სამართლიანობის დაცვაა, ხოლო მისი მატარებლები უპირველეს ყოვლისა მეომრები არიან, ამიტომ მცველებთან ერთად მეომრების აღზრდაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს სამართლიანად ფუნქციონირებისათვის.

მესამე სათნოება ზომიერება, როგორც უკვე ზემოთ იყო ნაჩვენები, პირველი ორი სათნოების მსგავსად არ არის ერთი რომელიმე ფენის უსაკუთრივესი განსაზღვრულობა, არამედ იგი ერთნაირად სავალდებულოა ყოველი ფენისათვის, რათა ისინი ჰარმონიულ ურთიერთმიმართებაში იყვნენ ერთმანეთთან, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს სტაბილურად არსებობის გარანტიაა. რადგანაც მესამე _ ხელოსანთა ფენას მისთვის დამახასიათებელი სათნოება არ გააჩნია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის მხოლოდ სეკუნდარული მნიშვნელობის საზოგადოებრივი ფენაა, ამიტომ, პლატონის მიხედვით, მათ აღზრდასაც არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რადგან მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს საზოგადოებისათვის პრინციპული ზიანის მიყენება არ შეუძლიათ. პლატონი ამის შესახებ ამბობს: `იქნებიან თუ არა მეწაღეები უგუნურნი ან ცუდნი (ბუნებით) და მხოლოდ მოგვეჩვენებიან ისეთებად, როგორებიც უნდა იყვნენ (სინამდვილეში), ეს სახელმწიფოსათვის დიდ უბედურებას არ წარმოადგენს~.(26)

ამის შემდეგ პლატონი განიხილავს აღმზრდელობით-განმანათლებლურ საშუალებებს, რომელთაც ცალკეული ინდივიდების ისეთ ჰარმონიულად აღზრდას უნდა შეუწყონ ხელი, რომ ისინი მთელის შესაბამისი ნაწილები იყვნენ. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელობს მუსიკა, როგორც აღმზრდელობითი საშუალება, რადგან ეს უკანასკნელი ერთის მხრივ ჰარმონიის განხორციელების საშუალებას წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ, თავად არის განხორციელებული ჰარმონია. რადგანაც მეომრები პასუხისმგებელნი არიან, რომ სახელმწიფოში ჰარმონია არსებობდეს, სწორედ მათ აღზრდაში მუსიკას განსაზღვრული როლი ენიჭება. ამდენად, პლატონთან ესთეტიკურიც მეტაფიზიკურის მნიშვნელობას იძენს. უფრო კონკრეტულად, ცალკეული საგანი მხოლოდ მაშინ არის მშვენიერი, როცა მის შინაარსში მოცემულია თავად მშვენიერების იდეა, რომლის წვდომაც მხოლოდ გონებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მშვენიერის ბუნებას შეადგენს სულიერი. ის არის არა მხოლოდ გრძნობადი საგანი, არამედ ნამდვილობა, რომელიც საყოველთაობის ფორმას, ჭეშმარიტებასაა დაქვემდებარებული.(27)

სწორედ ესთეტიკურის ამ პრინციპიდან გამომდინარე, პლატონის სახელმწიფოში ადგილს ვერ პოულობენ ისეთი პოეტები, როგორებიც არიან ჰომეროსი და ჰესიოდე, რადგან პლატონის მიხედვით, მათი წარმოდგენები ღმერთზე უღირსია და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს საზოგადოებრივ ფენებს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ეს პოეტები ვერ თავსდებიან პლატონის მშვენიერის, როგორც იდეის კონტექსტში იმ მიზეზის გამო, რომ მათი პოეზიის შინაარს შეადგენს მითოსური ამბები, მითოლოგია. მითოლოგიაში კი ადამიანის ცნობიერება წარმოჩინდება, როგორც გრძნობად-აღმქმელი. ეს ცნობიერება თავისი სააზროვნო ოპერაციებისათვის გრძნობის ორგანოებს მოიშველიებს და შესაბამისად, მის მიერ ნაწვდომი საგანი მხოლოდ ერთეული და კონკრეტულია. რადგანაც მითოსური ცნობიერება თავის ჭეშმარიტების უეჭველობას აზროვნებაში გრძნობებით განაპირობებს და ადასტურებს, ამისათვის მას ყოველთვის ერთი რომელიმე კონკრეტული მუდმივ განმეორებადი მაგალითი სჭირდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი სტრუქტურის, სახელმწიფოს განმსაზღვრელი გამოდის არა იდეა, როგორც ზოგადი, არამედ ცალკეული, რაც თავისთავად ცხადია, პლატონის ფილოსოფიური სისტემისათვის ყოვლად მიღებელია.

მითოლოგიურ სახელმწიფოებში ადამიანები და საზოგადოება მითოსს, როგორც თავის შინაგან კანონს, უპირობოდ ემორჩილება და მისი სამყაროში ყოფნის წესი, თვით ყოველი ცალკეული ყოფითი საქმიანობაც მის მიერ მკაცრად არის განსაზღვრული. ეს ასეა, რადგან მითოსი, როგორც რელიგია და შესაბამისად, საზოგადოების საფუძველი იდენტურია საზოგადოების ყველა სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სულიერი ინსტიტუტისა. ამდენად, ამ კანონის უპირობო შესრულება იმთავითვე დაწანამძღვრებულია როგორც სახელმწიფოს არსებობის პირობა, შესაბამისად, უბრალო ეჭვის შეტანაც კი შესაბამისი ქმედების შესრულებისას იმთავითვე გამორიცხულია, ანუ ადამიანს არანაირი შესაძლებლობა არ რჩება თავისუფალი ქმედებისათვის. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდის ქმედებას არანაირი არა თუ სუბიექტური მოტივი, არამედ ობიექტური საფუძველიც არ გააჩნია ზნეობრივი ქმედების შესასრულებლად: ეს ნიშნავს, იმთავითვე უგულვებელყოფილია ადამიანის ყოველგვარი სუბიექტური მიდრეკილება და სწრაფვა, რაც მისი ობიექტური თავისუფლების წინაპირობას წარმოადგენს. პლატონის მოძღვრების მიხედვით, ადამიანი უნდა დაემორჩილოს კანონს, რათა საზოგადოებრივი ორგანიზმის მთლიანობა შენარჩუნებულ იქნეს, მაგრამ განსხვავებით მითოსური საზოგადოებებისაგან, პლატონს შემოაქვს ზნეობრივი მომენტი კანონის მორჩილებისას, როდესაც ის ითხოვს, რომ კანონებს უნდა გააჩნდეთ გარკვეული სახის შესავლები, რომლებშიც მოქალაქეებს აუხსნიან და დაარწმუნებენ, რომ კანონის მორჩილება და მისი შესრულება თვით მათვისაა საუკეთესო.(28)

შესაბამისად, აქ უსიტყვო მორჩილებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ კანონის მორჩილება გონიერია და თავად კანონის საფუძველიც გონიერებაა. ამის მიუხედავად, აქ ადამიანის სუბიექტურობის ისეთი ძირითადი მომენტები, როგორიცაა სინდისი, საკუთარი თვალსაზრისი, საკუთარი არჩევანი, რომლებიც სუბიექტური თავისუფლების აუცილებელ პირობებს წარმოადგენენ, უგულვებელყოფილია. ამის დასტურია თუნდაც ის მომენტი, რომ პლატონის სახელმწიფოში ინდივიდები თავიანთ მიკუთვნებულობას ამა თუ იმ ფენის მიმართ თვითონ კი არ ირჩევენ, არამედ ამას ფაქტიურად თავად საზოგადოებრივი ორგანიზმი განსაზღვრავს. მართალია, ამ შემთხვევაში კასტურ საზოგადოებასთან არა გვაქვს საქმე, სადაც კასტების არსებობის საფუძველს მემკვიდრეობითი მიკუთვნებულობა წარმოადგენს, რის გამოც სრულიად უგულვებელყოფილია ინდივიდი, როგორც ასეთი მთელი თავისი მიდრეკილებებითა და ნიჭით. მაგრამ ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდის ნიჭის, მიდრეკილების საფუძველზე ხდება მისი მიკუთვნებულობა შესაბამისი საზოგადოებრივი ფენისადმი, ინდივიდის თავისუფლება ორმხრივად არის შეზღუდული: ა) მას არ გააჩნია თავისი საკუთარი სუბიექტური არჩევანი და ბ) მის დანიშნულებას, როგორც ცალკეულისას სახელმწიფო ორგანიზმი, როგორც მთელი და საყოველთაო განსაზღვრავს. ამდენად, ინდივიდი გათქვეფილია საყოველთაოში და მხოლოდ ამის წყალობით არის ღირებული. გამომდინარე ამ პრინციპიდან, პლატონის სახელმწიფოში აბსოლუტურად უგულვებელყოფილია კერძო საკუთრება და ქორწინების ინსტიტუტი, რომელთა არსებობაც, როგორც ინდივიდის სუბიექტური თავისუფლების საფუძველი, თავის მხრივ, მთავარი პირობაა პიროვნების აბსოლუტური თავისუფლების განხორციელებისათვის.

როდესაც ადამიანს კერძო საკუთრება ექნება და მას თავისი შეხედულების შესაბამისად გამოიყენებს, როდესაც ადამიანის საგანთან მიმართება ადამიანის მიერვე იქნება განსაზღვრული და სხვა რამ გამაშუალებელი მათ შორის არ იქნება, მაშინ შეიქმნება საფუძველი ინდივიდის სუბიექტური თავისუფლებისათვის; ხოლო როდესაც საგნის მოხმარებას და მასთან მიმართებას შუალედური საგანი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, თავისი რეგულატორულ-ნორმატიული კანონებით განსაზღვრავს, ცალკეულ ინდივიდს მხოლოდ მორჩილად-ყოფნა შეუძლია. ამ შემთხვევაში ადამიანის სუბიექტური თავისუფლება მთლიანად გამორიცხულია. პლატონის ნააზრევში ოჯახის ინსტიტუტის გაუქმებაც ინდივიდის მთლინად საზოგადოებრივი ორგანიზმისადმი დამორჩილებას ნიშნავს. თუ ოჯახს მეტაფიზიკურ კონტექსტში განვიხილავთ, რაც აუცილებელი პირობაა მოცემულ მოძღვრებაში ამ ინსტიტუტის გაუქმების არსის გასაგებად, მაშინ დავინახავთ, რომ ოჯახი არის საშუალება, რომლითაც ინდივიდი ისეთ კავშირში იმყოფება, რომლითაც დაპირისპირებულია წმინდა ბუნებრივ ურთიერთობებს, ანუ ბუნების მიერ მის განსაზღვრულობას, რაც აუცილებელი პირობაა ადამიანის თავისუფლებისათვის. რადგანაც პლატონის მოძღვრებაში სახელმწიფოს შესახებ კერძო ინტერესის წინა პლანზე წამოწევა ტოლფასია ცალკეულის მიერ ერთის, როგორც მყოფის ხელყოფისა, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ მის სახელმწიფოს სტრუქტურაში ოჯახის ინსტიტუტი ადგილს ვერ პოულობს. ამრიგად, მართალია, პლატონი ფიქრობდა, რომ კერძო საკუთრების, ოჯახის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი ფენების დამოუკიდებლად არჩევითობის გაუქმებით სახელმწიფოში ალაგმული იქნებოდა ვნებები და მიდრეკილებები, რაც უზნეობის პრინციპების გავრცელებას ხელს შეუშლიდა და ეს, ერთის მხრივ, მართლაც ჭეშმარიტია, მაგრამ, რაც მთავარია, ასეთი აკრძლავები ზღუდავენ ინდივიდის სუბიექტურ თავისუფლებას. მას მხოლოდ `მორჩილად-ყოფნის~ არჩევაღა შეუძლია. შესაბამისად, ყოველი ცალკეული ინდივიდი სახელმწიფოს ამგვარ სტრუქტურაში ღირებულია, როგორც მხოლოდ საყოველთაო, ანუ მისი ზნეობრივი სტრუქტურა ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც თავად სახელმწიფოსია.

***
1. პლატონი, სახელმწიფო, (ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ გამომცემლობა „ნეკერი,“ 2003), 368.
2. Hegel, Vorlesungen über die Geschichte der Philosophie, 115.
3. პლატონი, სახელმწიფო, 505.
4. Paul Natorp, Platos Ideenlehre, Eine Einführung in den Idealismus (Hamburg, 1994), 186.
5. Tilman Borsche, Die Notwendigkeit der Ideen: Politeia (in: Platon, seine Dialoge in der Sicht neuer Forschungen, hrsg. von T. Kobusch und B. Mojsisch, Darmstadt 1996), 100.
6. Luc Brisson, Den Kosmos Betrachten um Richtig zu Leben: Timaios, (in: Platon, Seine Dialoge in der Sicht neuer Forschungen, hrsg. von T. Kobusch und B. Mojsisch, Darmschtadt 1996), 229-248.
7. platoni, ტიმეოსი, 29.
8. ibid.
9. Platon, Parmenides, (Phaidros, Parmenides, Briefe, Band 5, Berarbeitet von Dietrich Kurz, Griechischer Text von Leon Robin, August Dies und Joseph Souilhe, Deutsche Uebersetzung von Friedrich Schleiermacher und Dietrich Kurz, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1990),137-140.
10. platoni, ტიმეოსი, 37-38.
11. platoni, ტიმეოსი, 29 a.
12. Hegel, Vorlesungen über die Geschichte der Philosophie, 145.
13. პლატონი, სახელმწიფო, 369-376.
14. პლატონი, სახელმწიფო, 428-429. აგრეთვე იხილეთ: Natorp, Platos Ideenlehre, Eine Einführung in den Idealismus, 185.
15. პლატონი, სახელმწიფო, 429-430.
16. პლატონი, სახელმწიფო, 433 b.
17. Hegel, Vorlesungen über die Geschichte der Philosophie, 118-119.
18. პლატონი, სახელმწიფო, 437.
19. Burkhard Mojsisch, „Dialektik“ und „Dialog“: Politeia, Theaitetos, Sophistes, (in: Platon, seine Dialoge in der Sicht neuer Forschungen. hrsg. von T. Kobusch und B. Mojsisch, Darmstadt 1996), 170-171.
20. Platon, Philebos (Timaios, Kritias, Philebos. Band 7, Bearbeitet von Klaus Widdra. Griechischer Text von A. Rivaud, August Dies, Deutsche Uebersetzung von Hieronymus Müller, Friedrich Schleiermacher, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1990), 27-28.
21. Hegel, Vorlesungen über die Geschichte der Philosophie, 77-78.
22. Platon, Philebos, 11-23.
23. Platon, Sophistes, (Theaitetos, Der Sophist, Der Staatsmann, Band 6, Bearbeitet von Peter Staudacher, Griechischer Text von Auguste Dies, Deutsche Uebersetzung von Friedrich Schleiermacher, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1990), 228.
24. Platon, Sophistes, 229-230.
25. პლატონი, სახელმწიფო, 421.
26. Natorp, Platos Ideenlehre, Eine Einführung in den Idealismus, 189-190.
28. Hegel, Vorlesungen über die Geschichte der Philosophie, 130-131.
29. Platon, Nomoi (Bearbeitet von Klaus Schoepsdau, Griechischer Text von August Dies und Joseph Souilhe, Deutsche Uebersetzung von Klaus Schoepsdau und Hieronymus Müller, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1990), 722-723.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: