Posted by: burusi | 12/07/2013

ლეონიდე ჯახაია – გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე სერგი დანელია

სერგი დანელია - Sergi Danelia

სერგი დანელია – Sergi Danelia

ლეონიდე ჯახაია – გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე სერგი დანელია

სერგი დანელია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944), XX საუკუნის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა 1899 წელს სოფელ ნაჯახაოში (მარტვილის რაიონი), სწავლობდა ხარკოვისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: ფილოსოფიის (ძირითადად ანტიკური ფილოსოფიის) ისტორია, რუსული ლიტერატურის ისტორია. მასვე ეკუთვნის გამოკვლევები სპინოზას, ჰიუმის, კანტის, რუსოს, კონტის, პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის, ტურგენევის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა: არისტოტელეს „პოეტიკა“ და „განმარტებისათვის“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, დეკარტეს „მეტაფიზიკური განაზრებანი“, რუსოს „ემილი“ და სხვა.

სერგი დანელია იყო უაღრესად ფართო დიაპაზონის მეცნიერი. მისი ნაშრომები, ისევე როგორც თარგმანები, გამოირჩევა მეცნიერული სიზუსტით, პუნქტუალობითადა სიღრმით. ისინი დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მეცნიერულ ღირებულებას.სერგი დანელია ელინური ფილოსოფიური აზროვნების მეცნიერულ-სისტემატური კვლევის ფუძემდებელია, იცავდა ფილოსოფიის დასავლური, კერძოდ, ბერძნული წარმოშობის იდეას, ვინაიდან, მისი აზრით, ფილოსოფია პირველად სწორედ აქ გამოეყო მითოლოგიას და აზროვნების დამოუკიდებელ მიმართულებადჩამოყალიბდა. ფილოსოფიური აზროვნების აღმოცენების პირობაა თავისუფლება:სწორედ ძველ საბერძნეთში შეიქმნა სოციალურ-კულტურული წანამძღვრები ინდივიდის მიერ სამყაროს თავისუფალი მოაზრებისათვის.

პროფესორმა სერგი დანელიამ შეიმუშავა ფილოსოფიის ისტორიული კვლევის საკუთარი მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვით ფილოსოფიური კვლევა უნდა ეფუძნებოდეს ტექსტის ფაქიზსა და კრიტიკულ-ფილოლოგიურ ანალიზს. სერგი დანელია, როგორც პიროვნება, იყო უაღრესად პრინციპული, შრომისმოყვარე, უცხო ენების (ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ბრწყინვალე მცოდნე და თავისი ქვეყნის პატრიოტი. იგი ავტორია მრავალი ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაწარმოებისა, მათ შორისაა: „ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში“ (თბილისი, 1925), „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“ (თბილისი, 1925), „ანტიკური ფილოსოფია (სოკრატეს წინ)“ (თბილისი, 1926), „О философии Грибоедова“ (Тбилиси, 1931), „სოკრატეს ფილოსოფია“ (თბილისი, 1935), „ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან“ (თბილისი, 1936), „პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (თბილისი, 1937), „ოგიუსტ კონტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“ (თბილისი, 1959), „ლიტერატურული ნარკვევები“ (თბილისი, 1960), „კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“ (თბილისი, 1977) და სხვა.

პირველად პროფესორ სერგი დანელიას გვარი შემხვდა 50-იან წლებში, როდესაც მე ვსწავლობდი სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე და წავიკითხე სერგი დანელიას წიგნი „ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან“ (თბილისი, თსუ-ს გამომცემლობა, გამოიცა ოთხჯერ: 1936, 1938, 1955 და 1959 წლებში), ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც სერგი დანელია, ფილოსოფიისაგან დათხოვილი, 30-40-იან წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრას (1933- 1949 წლებში). მაშინ ეს წიგნი იყო რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთადერთი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. პირადად კი ბატონი სერგი გავიცანი უფრო გვიან – 1962 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიცავდი საკანდიდატო დისერტაციას ფილოსოფიაში, ხოლო ბატონი სერგი გახლდათ ოფიციალური ოპონენტი. სერგი დანელია იყო მაღალი, გამხდარი, თმაჭაღარა, ნამდვილი ქართველი ინტელიგენტი. დისერტაციასთან დაკავშირებით ერთხელ მიმიწვია სახლში, ვერაზე, რათა გადმოეცა ჩემთვის საკუთარი ხელით დაწერილი დასკვნა, თბილად მესაუბრა დისერტაციის გარშემო, გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ჩემი მშობლები მარტვილიდან იყვნენ.

ჩემი საკანდიდატო დესერტაციის თემა იყო „ადამიანის ცოდნა ბუნების შესახებ“. დაცვა შედგა 1963 წლის თებერვალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მესამე სართულზე, №93 აუდიტორიაში, რომელიც ახლა პროფესორ სერგი დანელიას სახელს ატარებს. დანიშნულ დროს სხდომათა დარბაზი აივსო სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით. ჩემი შესავალი სიტყვის შემდეგ რეცენზიის კითხვა დაიწყო ჩემმა პირველმა ოფიციალურმა ოპონენტმა, ქართული ფილოსოფიის უხუცესმა, პროფესორმა სერგი დანელიამ. მან ბოდიში მოიხადა, რომ კითხულობდა რეცენზიას მჯდომარე, რა თქმა უნდა, მას მისცეს ამის უფლება, მაგრამ არავის ეგონა, რომ ეს სერიოზული სიმპტომი იყო. ბატონმა სერგიმ ვრცლად გააშუქა ჩემი დისერტაციის ძირითადი შინაარსი, გამოყო მთავარი, საკვანძო საკითხები, მედგრად იცავდა ჩემს კონცეფციას. მაგრამ კითხვა ვერ დაამთავრა, ცუდად იგრძნო თავი, დალია წყალი და დარბაზიდან გასვლა მოინდომა, კარამდე არ იყო მისული, ჩაიკეცა… იმ წუთშივე მასთან მიცვივდნენ ბიძინა ლუტიძე და ნოდარ კირვალიძე – ჩემი მეორე ოფიციალური ოპონენტი. გამოიძახესსასწრაფო დახმარება, მაგრამ გვიან იყო, ვერაფერი უშველეს: პროფესორი სერგიდანელია, ქართული ფილოსოფიის სიამაყე, შეეწირა ჩემს დისერტაციას. პროფესორი სერგი დანელია, როგორც მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ფილისოფიის კლასიკოსი, უდიდესი პატივით დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დაცვა გადაიდო, დაინიშნა სამეცნიერო საბჭოს ახალი სხდომა, იქ პროფესორ კოტე ბაქრაძის, შალვა ადეიშვილისა და სხვების გამოსვლის შემდეგ საბჭომ დამიჭირა მხარი და მომანიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

ბატონი სერგის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში შეიქმნა მისი მდიდარი სამეცნიერო და ლიტერატურული მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისია, რომელმაც გადმომცა მე, როგორც დისერტანტს, დისერტაციის ეგზემპლარი ფანქრით გაკეთებული შენიშვნებით და სქელი რვეული, სადაც სერგი დანელიას ხელით დეტალურად დაკონსპექტებული იყო ჩემი საკანდიდატო დისერტაციის მნიშნელოვანი ნაწილი. თავისთავად ეს მოვლენა იშვიათია, შეიძლება ითქვას, უნიკალური და უჩვეულოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონსპექტს ადგენდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მე კი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ფილოსოფიაში. ამიტომ ჩემი პირველი რეაქცია იყო გაკვირვება. პროფესორ სერგი დანელიას ოფიციალური რეცენზია იყო სულ 6 თუ 7 გვერდზე. მან არ ჩათვალა საჭიროდ გაეტანა საჯარო განხილვაზე თავისი კრიტიკული შენიშვნები,რომლებიც უხვად იყო ხელნაწერში. სამწუხაროდ, ყველა ეს მასალა დარჩა სოხუმში, ჩემს არქივში, რომლის ბედი უცნობია.

როდესაც 90-ან წლებში ჩვენ, სოხუმელები, აღმოვჩნდით თბილისში, დევნილთა სტატუსით, მე რამდენიმეჯერ თაიგულებით შევამკე სერგი დანელიას საფლავი დიდუბის პანთეონში. ყველაზე საოცარი იყო ის, რომ წლების განმავლობაში, თბილისელების გაცნობისას, მე შემდეგნაირად წარმადგენდნენ: „გაიცანით, ეს ის ლეონიდე ჯახაიაა, რომლის დისერტაციის დაცვაზე გარდაიცვალა პროფესორი სერგი დანელია“. მე მივეჩვიე ამას, მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვიყავი, გავამართლე ბატონ სერგი დანელიას მაღალი შეფასება, მისი დადებითი რეცენზია: გავხდი ფილოსიფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ფილოსოფიის მიღწევებიგავიტანე საქართველოს ფარგლებს გარეთ (რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი და ჩეხოსლოვაკია), ვარ მრავალი წიგნის, მონოგრაფიისა და ფილოსიფიის დარგში სახელმძღვანელოების ავტორი, მათ შორის ცნობარისა „ქართველი ფილოსოფოსები“, სადაც საპატიო ადგილი უკავია პროფესორ სერგი დანელიას.

მარტვილის რაიონმა ბევრი სახელოვანი შვილი გაზარდა, მაგრამ პროფესორი სერგი დანელია გამორჩეულია. მივესალმები მარტვილის ინტელიგენციის წამოწყებას – გამოუშვას კრებული, მიძღვნილი გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის პროფესორ სერგი დანელიას ხსოვნისადმი. ვამაყობ, რომ ჩემი წინაპრები იყვნენ მარტვილის მკვიდრნი, რომ ორივე ჩემი ბაბუა – ეგნატე ჯახაია (მამის მხრიდან) და ანდრია ზარქუა (დედის მხრიდან) – ცხოვრობდნენ მარტვილში, ხოლო სოფელს, სადაც პროფესორი სერგი დანელია დაიბადა, ჰქვია „ნაჯახაო“ (შედარებისთვის: ახლომდებარე სოფლებს ეწოდება – „ნაგვაზაო“, „ნახარებაო“ და ასე შემდეგ).

წყარო: http://www.nplg.gov.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: