Posted by: burusi | 26/06/2013

ზურაბ კიკნაძე – “ჩვენ და ესენი”

ზურაბ კიკნაძე – Zurab Kiknadze (ფოტო ცირა ბარბაქაძის)

ზურაბ კიკნაძე – Zurab Kiknadze (ფოტო ცირა ბარბაქაძის)

ზურაბ კიკნაძე – “ჩვენ და ესენი”

გასული საუკუნის ოციან წლებში, ბოლშევიზმის მძვინვარების ხანაში, ნოქალაქევში, ძველ არქეოპოლისში, მღვდელი ილია შალამბერიძე ასე ანუგეშებდა სტუმრებულ დისწულს: ”ნუ გოშქურუ, ლუკა. გიჩქუდას, ქეგესკიდუნა ათენეფი ვერჩხის…” ანუ: ”ნუ გეშინია, ლუკა. იცოდე, გაირიყებიან ესენიო”. ამ დანუგეშების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა და რისხვამ გადაიარა ქვეყანაზე, ხალხზე, ერზე და ბერზე. მღვდელი გაკრიჭეს, მაგრამ მაინც შეეძლო ეთქვა ”ნუ გოშქურუ”. ყველაფერი მოხდა, რასაც შიშის გამოწვევა შეეძლო, მერე და მერე შიშიც აღარ იყო, რადგან ეს ყველაფერი, ასე მგონია, სტიქიურ მოვლენად შეირაცხა და უნდა აგეტანა, როგორც ავდარს, ქარიშხალს იტან. თუმცა ის ნუგეში ამაო არ იყო, მღვდლის პირიდან პროვიდენციალურადაც ჟღერდა, მაგრამ მის ასრულებას ვერ მოესწრო ვერც პატიოსანი მღვდელი ილია და ვერც ლუკა, და ბევრი სხვანი, ჩვენი მამები, ბიძები და ძმები, და დღეს აღარც ის სახლია, სადაც ეს სანუგეშო სიტყვები ითქვა. ტეხური კი კვლავინდებურად მიედინება.

როცა ჟამი ამოიწურა და განვლო ბიბლიურმა სამოცდაათმა წელმა, თავისთავად (თუმცა ერთადერთ ამ ფრიად ქვეყანაში სისხლიანი კვალის დატოვებით) წავიდნენ ათენეფი. ეს წასვლა ზღვის მიქცევას ჰგავდა. წავიდნენ და უკან მობრუნდნენ, როგორც დამნაშავე ბრუნდება დანაშაულის ადგილზე. ”მობი დიკის” ავტორის გაფრთხილების არ იყოს: ასეა, ასე! უგუნურო მოკვდავნო, ნოეს წარღვნა ჯერ არ დასრულებულა, დღემდე ფარავს იგი ჩვენი ბედკრული ტერიტორიის ორ მესამედსო, ჩვენც ფრთხილად ვიყოთ, ათენეფი ისევ აქ არიან. ბოლშევიზმს უკვალოდ არ ჩაუვლია: დატოვა მეტასტაზები ”საბჭოთა კავშირის ნარჩენების” (ამ ფიგურას ვსესხულობ ერთი ცნობილი ნაციონალისგან, რომელმაც იგი მცდარი მისამართით ისროლა) სახით.

ყველა ქართველურ ენაზე და დიალექტზე ესენი-ათენეფი გასაგები იყო იმხანად ჩვენს ფრიად ქვეყანაში. ”ესენი რომ შემოვიდნენ…”, ”როდის წავლენ ესენი…”, ”ამათ ხელში”, ”ამგენის ხელში”, ”ამგენმა” და ა. შ. და ა. შ. ეს ნახევრად მეამიტურად კონსპირაციული და ერთგვარად ევფემისტური, უსახურობის, უკიდურესი სიუცხოვის გამომხატველი ნაცვალსახელი გაისმოდა ყველგან, ქალაქად და სოფლად… და ამჟამადაც ბოლშევიზმის ფსევდოწასვლის შემდეგ კვლავ გვიხდება ამ სიტყვების გახსენება – ”ამათ ხელში”, ”ამგენის ხელში”, ”ამგენმა”… და საბოლოოდ, ”როდის წავლენ ესენი?”

”ესენი”, როგორც ცნება და როგორც მისი კონკრეტული განსხეულება ღრმად იყო ფესვგადგმული ენაში და ყოფაში. ამით ენამ და ცნობიერებამ გამოხატა დიდი გაუცხოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ესენი იყვნენ (და არიან ოდნავ სახეცვლილნი) არა უბრალოდ ესენი, არამედ ესენი, როგორც მთელი მოსახლეობისგან გაუცხოებული განსაკუთრებული კატეგორია. იმ თითქოს წასვლისა თუ დარჩენის, თუ გარეგანი მეტამორფოზის შემდეგ ესენი თავიანთ თავს ”ჩვენ გუნდს” უწოდებენ, რაც გულისხმობს: სამშობლოს სიყვარულს ჩვენებურად, პატრიოტიზმს ჩვენებურად, ქვეყნის სამსახურს ჩვენებურად, სამართალს ჩვენებურად, ქვეყნის შენებას ჩვენებურად, გამარჯვებას ჩვენებურად, ყველაფრის კეთებას ჩვენებურად, რომ ყოველი სხვანაირი ჩვენთვის უცხოა და მტრული. მათი თვითწოდება, რომელსაც გამოხატავენ ნაცვალსახელით ჩვენ, ხალხის ენაზე სხვანაირად არ ითარგმნება თუ არა ესენი. ხალხის ”ჩვენი” სხვაა, მათი (იმგენის) ”ჩვენი” სხვაა – დიდი ზღვარი ძევს მათ შუა. ჩვენს პლურალისტურ საზოგადოებაში არსებობს საკუთარ თვალში ლიბერალურად შერაცხილი ”ჩვენი გუნდი”, რომელიც სწორედ ლიბერალური პოზიციებიდან კარგა ხნის წინათ უარყოფილი არქაულ-ეთნიური კატეგორიით აზროვნებს: ჩვენ და სხვანი, უცხონი, მტრები. ამბობენ, ჩვენ ესენი ვართ, ვინც ვართ; ისინი სხვანი არიან, სხვად შობილნი ”უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”. და სწორეთ ის გამოდის, რისი დამტკიცებაც გვსურს, რომ ”ესენი” არა უბრალო ფარატინა იარლიყია, არამედ ამ ჯგუფის თვითიდენტიფიკაციაა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვართ მარილი ამა ქვეყნისა, ჩვენ სხვა მათერიისგან ვართ შემნილი, ყველა დანარჩენი კი ჩარეცხვის ღირსია. ჩვენ ფქვილი ვართ, ყველა დანარჩენი ქატოა. ჭირი იქა (თქვენთან), ლხინი აქა (ჩვენთან). ეს ქვეყანა კი ჩვენი ფქვილისა და ჩვენი ლხინისთვის არის შექმნილი.

ეს უკვე ”საბჭოთა კავშირის ნარჩენები” კი არ არის, მთელი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ ამოცანას – ძალაუფლების შენაჩუნებას, რისთვისაც ხელისუფლების საბჭოური ტიპი ოპტიმალური გამოდგა. სულ მოკლე ხანში, ”რევოლუციის” მეორე დღესვე ხელისუფლებამ (იმ პირველის, სახელოვანი ’მრგვალი მაგიდის” კვალზე) მიიღო საბჭოური ნიშნები და შეფერილობა. ეს თავისთავად მოხდა თუ სჯა-ბაასის ან ”პიარ-მრჩეველთა ნაკარნახევი იყო? არც ერთი შესაძლებობა გამორიცხული არ არის. თუმცა, ვფიქრობ, დემოკრატიის ეს ანტიპოდური ტრანსფორმაცია მაინც თავის გადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა. ახალი ტიპის ავტოკრატულ-ავტორიტარული დემოკრატია თითოეული ამომრჩევლის ხმით არის გასუქებული და გაძლიერებული. დემოკრატიამ უფლება მისცა თავის რჩეულს, რომ სახელმწიფო მანქანა მისი ნებისაებრ გამოეყენებინა. და ლევიათანი, როგორც მრავალ ნებათა კონგლომერატი, რასაც სახელმწიფოს ვუწოდებთ, მთელი სიმძიმით, როგორც ურო, დაღირებულია მათ თავზე. ის სისასტიკე და შეუბრალებლობა მოსახლეობის მიმართ, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო მანქანის ცუდად ანუ ბოროტად მართვის და გამოყენების შედეგი. სახელმწიფოს ორგანოები ემსახურება არა ხალხს, არამედ იმათ, ვის ხელშიც არის აქტუალურად ისინი. სისასტიკით არის შეჯავშნული ლევიათანი, ის კანონს უწესებს ხალხს, თავად კი კანონგარეშეა. ძალაუფლების იმ ზომაზე მეტად გასაძლიერებლად, რისი მანდატიც ხალხმა მისცა, ამათ//ამგენმა მოსახლეობის სრული უგულებელყოფა უნდა მოახდინოს, უნდა თესოს სიცრუე, რომელსაც არარაობაში გამოძახილი არ ექნება. მაგრამ საბჭოთა წყობაში გამოწრთობილ ადამიანს განსაკუთრებულად გაფაქიზებული ყნოსვა აქვს და წვდება ნიუანსებს, თუმცა ნიუანსები რა მოსატანია, ”როცა სიტლანქე მოდის მგმობელი”. ტლანქია და პრიმიტიული და იმთავითვე ფარდაახდილია ტყუილი, სიცრუის პროპაგანდა, უსამართლობა, მტრის ხატით დაშინება, დანაშაულობის და შიშის განცდის ნერგვა საკუთარ ქვეყანაში, მშიერი სამართლის ხელოვნური გასუქება… საბჭოთა წყობილების მოძულე პროფანებს, გამოფიტულ სიმბოლოებს რომ ებრძვიან, ნეტავ, რა სძულთ საბჭოური, როცა სწორედ საბჭოური იარაღები აქვთ მომარჯვებული?

ადამიანი ლოგიკური არსებაა, ის დიდხანს ვერ აიტანს ტყუილს. ამათ ჰგონიათ, თუ ადამიანს პრიმიტიულ დონემდე დასცემენ, ლოგიკური აზროვნება წაერთმევა. მე-19 საუკუნეში ეგონათ, თითქოს ე. წ. ”პრიმიტიული” ადამიანები მოკლებული იყვნენ ლოგიკურ აზროვნებას. მაგრამ არ ყოფილა ასე. შესაძლოა, მათი წანამძღვრები მცდარია, მაგრამ დასკვნა ფორმალური ლოგიკით სწორია. მე-19 საუკუნის ახალგვინეელ პაპუასს ორი წანამძღვრიდან – ”ყველა თერკანიანი უკვდავია” და ”მიკლუხო-მაკლაი თეთრკანიანია”, სავსებით ლოგიკური დასკვნა გამოჰქონდა: ”მიკლუხო-მაკლაი უკვდავია”. და ეს მიკლუხო არც ცდილა გადაერწმუნებინა ისინი. ჩვენი ესენიც ლოგიკური არსებანი არიან, რადგან ამ ორი წანამძღვრის საფუძველზე – ”ყველა, ვისაც პუტინისთვის ხელი ჩამოურთმევია, სამშობლოს მოღალატეა” და ”მავანმა პუტინს ხელი ჩამოართვა” სავსებით ლოგიკურად ასკვნის: ” მავანი მოღალატეა”. თავად არ სჯერათ ამ ლოგიკის, მაგრამ სჯერათ, რომ სხვებს დააჯერებენ.

რა არის ჯოჯოხეთი? ალბათ ადგილი, სადაც ლოგიკურ არსებას მარადიულად აიძულებენ, შავზე თეთრი თქვას, თეთრზე – შავი. ასე ხდებოდა ჩვენი დღე და მოსწრება საბჭოეთში, ასე ხდება ახლაც.

დღესაც მიუყვება ტეხურის ნაპირებს ლუკა ჩიქოვანი და კვლავ და კვლავ იმეორებს: ”მატყურენჯები რენა ათენეფი, ერთ ნაბიჯზე ვერ ენდობი”. და იმედიანი სიტყვებიც ესმის ხმატკბილ ქართველურ დიალექტზე:
”ნუ გოშქურუ, ლუკა. გიჩქუდას, ქეგესკიდუნა ათენეფი ვერჩხის…”

26.09. 2012


Responses

  1. თქვენ და პუტინისტი!? მიკვირს!
    ”ნუ გოშქურუ, ზურა. გიჩქუდას, ქეგესკიდუ თქვანჯგუეფი ხოლო ვერჩხის…”


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: