Posted by: burusi | 16/06/2013

მარიკა ლაფაური-ბურკი – “პატარა პროექტი” – კულტურის პოლიტიკის საკითხებზე

მარიკა ლაფაური-ბურკი

მარიკა ლაფაური-ბურკი

მარიკა ლაფაური-ბურკი – “პატარა პროექტი” – კულტურის პოლიტიკის საკითხებზე

„პატარა“, – ასეთი ზედსართავი სახელით იქნა კულტურის მესვეურთაგან სახელდებული ერთი პროექტი, რომლის შესახებაც მსურს ცოტაოდენი გაგაცნოთ. ამ ზედსართავ სახელზე მაშინვე დიმიტრი უზნაძე გამახსენდა და გუგლის საშუალებით ისიც აღმოვაჩინე, რომ უზნაძის ამ ციტატას, – „პატარა საქმეებს ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს..“ – საკმაოდ დიდი ციტირების სიხშირისათვის მიუღწევია. მსგავსი დაკვირვებების სანდოობა,- შემიძლია დაგარწმუნოთ, – რომ საკმაოდ ზუსტია დისტანციიდან. ეს ის დისტანციაა რომელიც მუდმივად არსებობს საქართველოსთან მიმართებაში ჩემი გერმანიაში ცხოვრების გამო და გერმანიაში ცხოვრების 25 წლის შემდეგ, აქ კვლავ „უცხოელად“ ყოფნის გამო. არსებობის ასეთი მდგომარეობისას, თვით ისეთ დეტალებზეც კი, როგორიცაა უზნაძის ციტირების გახშირება, ან მაგ. ესპრესოს კულტურის გავრცელების პერიოდის ლოკალიზება გერმანიაში, ამ „სადღაც მდგომარეობიდანიდან“ ფოკუსირების კონტური საკმაოდ მკაფიოა. ამას წინანდელ (18.03.2013) ლევან ვასაძის „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუც გამოაჩინა გუგლმა, სადაც ის ასევე უზნაძეს ციტირებს და გამახსენა ის „პატარა საქმე“, რომ უზნაძის შემოქმედება ამდენი წელია გამოქვეყნებას ელოდება. ვერ მოიძებნა საქართველოში ვერავინ, ვინც უზნაძის სრულ გამოცემას დააფინანსებდა, მის დღევანდელობისათვის ესოდენ აქტუალურ და საჭირო ნააზრევს ადგილს დაუმკვიდრებდა, წინა ხელისუფლების მიერ (და არა მარტო) განადგურებულ ინსტიტუტს არსებობის ფორმას მოუძებნიდა. (როგორც ეს ხსენებულ სტატიაშიაც აღნიშნულია) ვერც ისეთი მასშტაბის კონფერენციისათვის შეგვძლებია დღეს თავის მობმა, როგორც ეს 1979 წელს თბილისში ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ჩვენს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელლბით გამუდმებით მოძრავ საზღვრებში, ვერც ჩვენს ერთმორწმუნე „დიდ მეზობელთან“ ვერაფერი ხელმოსაჭიდი და პროგრესული აღმოგვიჩენია, რომელიც მომავალ თანაარსებობისათვის რაიმე იმპულს გამონახავდა ორივე მხარის სასიკეთოთ, მაგალითისათვის თუ კვლავ რუსული ფსიქოლოგიური სკოლის საინტერესო მიღწევებს განვიხილავდით და იმავე დიმიტრი უზნაძის შემქმედების საერთაშორისო მასშტაბით გაცოცხლებას შევეცდებოდით. მსგავსი საინტერესო თემები „დიდ მეზობელთან“ ღირსეული ურთიერთობებისათვის საკმარისადაა, ვიდრე დამაკნინებელი, ახალ ნაომარზე კინოფესტივალების ჩატარება ან, კულტურულ ხიდად მავანი მეცენატის დაფინანსებით ახლახანს ერისიონი კრემლში „კომერციული კონცერტის“ გამართვა.

სხვათაშორის მის უწმინდესობა ილია მეორესთან პირადი საუბრიდან დანამდვილებით ვიცი, რომ ის უზნაძის შემოქმედებას კარგად იცნობს და აინტერესებს. ასე რომ ამ „პატარა საქმეს“ ამ წერილის ფარგლებში იმ იმედით გადავდებ, რომ უზნაძის ეს ციტატა – „… პატარა საქმეებს ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა…“ – მალე უზნაძის სრული კრებულის გამოცემებში გვერდის მითითებით გამხდარიყოს ცნობილი. ახლახანს ჩატარებული კონფერენცია იმედია ერთჯერადი ინიციატივა არ იქნება.

კისისხევი. ქობულაშვილების ნასახლარი. ამჟამად სოფლის ცენტრი და სკოლის ეზო

კისისხევი. ქობულაშვილების ნასახლარი. ამჟამად სოფლის ცენტრი და სკოლის ეზო

„…ყველა ეპოქაში და ნებისმიერ კულტურაში ადამიანის წინაშე ერთი და იგივე საკითხი დგას: ეს არის ადამიანსა და სამყაროს შორის არსებული დისჰარმინიის დაძლევა, ინდივიდუალური შემოსაზღვრულობის დამარცხება და უნივესუმთან ერთიანობის აღდგენა. სამყაროს ამ გამოწვევებზე ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ: აგრესიით, ასკეტიზმით, შემოქმედებით, სიყვარულით, რწმენით“. – წერს ერიხ ფრომი. დღევანდელ საქართველოში ვფიქრობ, ადამიანების ეს განსხვავებულობა არის მინიმუმამდე დაყვანილი. ე. ფრომის მიერ ჩამოთვლილი თვისებებიდან აგრესია ისე გაბატონებულა ჩვენში, რომ ცალკეული პიროვნებების ჰუმანური კატეგორიები საზოგადოებრივი ურთიერთობის ატმოსფეროს ვერ ქმნის.

თუ ჩვენ კულტურა არსებული ძალაუფლების პოლიტიკის გაგრძელებით და აქედან გამომდინარე კულტურის კომერციალიზაციით, ის უნივერსალურობის აზროვნებას ჩამოშორებული, ხელოვნების დარგებად წარმოდგენილი და ღონისძიებებად ქცეული გვინდა დავტოვოთ, – საქართველო საბოლოო ფრაგმენტირებისთვისაა განწურული. კულტურის პოლიტიკა სახელმწიფო კონცეფცია უნდა იყოს, რომლის გააზრებით საქართველოს არსებობისათვის საჭირო ტაქტიკური მანევრირება შესაძლებელი იქნება. კულტურის პოლიტიკა პირველ რიგში უნარია გლობალური ტექნოლოგიური რაციოს ადამიანის სპონტანურობასთან დაკავშირებისათვის. თანამედროვე დაგეგმარების მოთხოვნილებების შესაბამისად სწორედ ბევრი სხვადასხვა პატარა პროქტების ორგანიზირებული კოორდინაცია უნდა იყოს კულტურის პოლიტიკის საყრდენი. საქართველოში კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ეს დღეს სადმე არსებობს, კულტურის კონცეპტუალური გაფართოება ისე უნდა მოხდეს, რომ სამეცნიერო, სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური მიმართულებების ერთი მთლიანი კულტურის ხედვის ქვეშ მოექცეს. კულტურა და განსაკუთრებით, ყოველდღიურობის კულტურა პოლიტიკური მმართველობის ერთერთი ფორმაა, მისი კონცეპტუალური გადაწყვეტილებების სფერო.

სოფლის კრება

სოფლის კრება

ევროპის გამოცდილება სწორედ ამას გვეუბნება, რომ მისი ერთადერთი რეალური ძალა, სწორედ პატარა პროექტებზე და ყოველდღიური კომუნიკაციის კულტურაზეა დაყრდნობილი. ეკონომიკისა და კულტურის კრიზისი ევროპაშიც იმავე მიზეზებით არის გამოწვეული, როგორც საქართველოში, თუმცა ევროპაში ყოველდღიურობის სტანდარტი ასე თუ ისე შენარჩუნებულია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა გარეგნულ კომფორტს, არამედ საქმის წარმოების მსვლელობას, საჯარო სივრცეების ჰიგიენურობას. ევროპის ეს სახე საქართველოში სამწუხაროდ არასწორედ, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით არის აღქმული. საქართველო, რომელიც თავისი წინააღმდეგობებით და შეუთანხმებლობით თანამედროვე გლობალიზაციის სარკეა, იქნებ აქ საზოგადოება იმაზე მაინც თანხმდებოდეს, რომ საქართველო ის საინტერესო ადგილია დედამიწაზე, სადაც თანამედროვეობის შესაფერისი კულტურისა და კომუნიკაციის პოლიტიკის შემოქმედებითად გატარებასათვის გაბედული ექსპერიმენტისათვის ფანტაზიის მოშველიების არ უნდა გვეშინოდეს. ბოლოს და ბოლოს რაღა გვაქვს დასაკარგავი? კულტურა სწორედ ის ერთადერთი “ტერიტორიაა” რომლის გადარჩენასაც ყოველ წუთას უნდა ვემსახურებოდეთ. მაგრამ ვშიშობ სწორედ ფანტაზიაა, რაც დავთმეთ და აგრესიულად კონსტუირებული მოდელების მიმბაძველობით დაკავებულებს, შემოთავაზებულ შანსებს ისევ და ისევ ვერ ვამჩნევთ. საქართველოში არ მუშაობს ისეთი ქსელი, რომელიც შეძლებდა ინფორმაციების, „პატარა პროექტების“ თავმოყრას და მათ შედეგიანად გადაბმას. ეს დიდი ხარვეზი ხშირად სწორედ ყოველდღიურობის კულტურის დაბალი დონეა, რომელიც განმსაზღვრელია ყველა, დიდი თუ პატარა პროექტების წარმატებისათვის და მუშაობის სტილსაც მოიცავს. საჯარო სივრცის განმსაზღვრელი საქართველოში მხოლოდ მედიაა და მის მიღმა „კულუარული გარიგებები“. პლურალური სინამდვილეებისათვის კომუნიკაციით ადგილის მოძებნის მაგივრად, ჩვენი სამეტყველო ენით საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ატმოსფეროს თავადვე ვაზიანებთ. სიტყვის მოგება, დაცინვა, თავის დაცვა, პირადის ხელყოფა, არაესთეტური თავდაჭერა, ვულგარული მეტყველება, არაპროდუქტიული ირონიულობა და ემოციურობა, – არის, რაც ყოვედღიურად ტირაჟირებულია საქართველოში. ერთიანი კონცეფციის და სამოქმედო გეგმის უქონლობა საქართველოს გარეთაც აისახება, სადაც ასევე „პატარა პროექტების“ მხარდაჭერის მაგივრად, დაქირავებული აგენტურების ყველასათვის ადვილად საცნობი პრაქტიკა გამოიყენება. პასუხისმგებლობით ვიტყოდი, რომ საქართველოს თავისი მილიონ ნახევრიანი დიასპორით აგენტურის დაქირავება არ უნდა სჭირდებოდეს.

ქობულაშვილების კოშკი. მომავალი მუზეუმი კისისხევში

ქობულაშვილების კოშკი. მომავალი მუზეუმი კისისხევში

უბრალო მაგალითი: საქართველოში რომელიმე უწყებაში უფროსი ამოწმებს, (ან მას სთხოვენ შეამოწმოს) მისმა რომელიღაც თანამსრომელმა მავანს მეილი მისწერა თუ არა. საბოლოო შედეგი ასეთია, – ყველა არის და თან არ არის ე.წ. სამუშაო პარტნიორი, ეს ხსენებელი თუ სასურველი წერილი შეცდომით ან არასწორი შინაარსით გაიგზავნება. შემდეგ ყველანი შეწუხდებიან და ისევ თავიდან. თანამშრომელს ქმედების საშუალება არ აქვს. მას რომ ენდობოდნენ, ის თავის თავს არ ენდობა, თავად ვერაფერს ვერ წყვიტავს.

„სიფრთხილე ნდობაში საჭიროა, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო უნდობლობაში“, – ამბობს იოზიფ ბარონ ვონ ეოტვოს. ( József Eötvös უნგრელი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, რომელიც სხვათაშორის კულტურის მინისტრიც იყო და ნაციონალური სახელმწიფოს ლიბერალიზმის საკითხებისათვის საინტერესო ფიგურაა)

„პატარა საქმე“, „დიდი საქმეებით“ მუდმივად დაკავებულთაგან საქართველოში გულისყურის ღირსად არ ითვლება. ამ დიდი საქმისათვის საჭირო ქსელი და საფუძველი ვერ იქმნება. გერმანიაში „პატარა პროექტებისათვის“ მისი ინიციატორი იურიდიული პირი სახელმწიფო ბეგარისაგან გათავისუფლებულია. წარმოუდგენელია, მაგრამ სინამდვილეა, რომ შემოწირულობებით შეგროვებული თანხით ჰუმანუტარული მიზნის „პატარა პროექტი“ საქართველოში არ თავისუფლდება დაბეგვრისაგან.

ე.წ.„პატარა პროექტების“ იგნორირებით ვსპობთ სწორედ ჩვენს იმ დიდ ევროპულ კულტურას, რომელიც საქართველოს საუკუნეების მონაპოვარია.

ამ სტრიქონებს მიღმა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებაა და უამრავი „პატარა პროექტი“, რომელიც ჩემთვის ყოველი მათგანი მთლიანი კონცეფციის ნაწილი იყო. შესაძლოა კონცეფციის სიმყარე იმითაც იყო განპირობებული, რომ ის კომერციულ მიზნებს არ ემსახურებოდა. ამ პროექტების პოლიტიკური და ინტელექტუალური შედეგი საქართველოსათვის რთულია თანხით განსაზღვრო. თანხად შეფასება ადვილია იმ „პატარა პროექტებიდან“ განვითარებული პოტენციალისა და მათი იგნორირებით გამოწვეული დიდი დანაკარგების, რომლებიც საქართველოში განხორციელებას ამაოდ ელოდა.

კულტურის სახლი. გვსურს მიენიჭოს ძეგლის სტატუსი

კულტურის სახლი. გვსურს მიენიჭოს ძეგლის სტატუსი

დღევანდელ საქართველოს რთულ მდგომარეობაში მიამიტობაა „პრობლემის სათავეობაზე“ აპელირება. პრობლემას სათავე აქვს, მაგრამ ის ისეა ტერიტორიაზე და ყველა სივრცეში განფენილი, რომ ჩვენ მხოლოდ „პატარა პროექტების“ გულმოდგინედ დაგეგმვით და შესრულებით გვაქვს შანსი რომელიმე „დიდი საქმის“ აკომპანირებისათვის. კარგად შესრულებული პროექტი ვერსად ბოლომდე ხარისხიანად ვერ ბოლოვდება, პროცესუალური მიმდინარეობების, ინფორმაციების დაფანტულობის, ხელოსნის, შემსრულებლის დაბალი დონის გამო. ასეთი თანმიმდევრული საბაზისო სამუშაოს ვერ შესრულება მხოლოდ რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე გადაბრალება, თავის მართლება იქნებოდა.

სტატიის დასაწყისში შეპირებული „პატარა პროექტის“ არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიის სახელმწიფო ფონდის დახმარებით დაწყებულია რევიტალიზაციის პროექტი სოფელ კისისხევში. ეს პროექტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა სუსტ კვანძებს და საშუალება გვეძლევა საკუთარი ხედვების და შესაძლებლობების შეფასებისათვის. პირველ რიგში მოითხოვს ახალი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ რეგიონალური პროგრამების რეალურ განხორციელებას. ასეთი ე.წ. “პატარა პროექტის“ მასშტაბი და შინაარსობრივი დატვირთვა რელევანტურია არა მარტო საქართველოს მასშტაბით. წინამდებარე სტატიის ფორმატი პროექტის დეტალურ აღწერას არ ისახავს მიზნად, მაგრამ თემების მრავალფეროვნება პირველ რიგში სწორედ იმ საერო კულტურის ტრადიციების აღორძინებას და აქტუალურობის მინიჭებას ეხება, რომელიც საქართველოსთვის დღეს გადარჩენის ტოლფასია. პროექტის კონცეფციით სამეცნიერო, პედაგოგიური, საგანმანათლებლო, საარქოვო, პრაქტიკული საორგანიზაციო, სახელოსნო თუ სხვა სამუშაოები სინქრონულად არის თავმოყრილი.

სოფლის ცენტრის ისტორიული ნაგებობები, სადაც მე-6 საუკუნიდან საბჭოთა 20-საუკუნის ჩათვლით (განადგურებას გადარჩენილი საბჭოთა პერიოდის კულტურის სახლი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს) არის თავმოყრილი სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშების სახით, რომელიც კულტურილი და საგანმანათლებლო მიმართულების ერთიან კომპლექსად უნდა იქცეს. ერთერთ დასანგრევად განწირულ ისტორიულ კოშკში გათვალისწინებულია მუზეუმის დაარსება, რომელიც კულტურული და საგანმანათლებლო ტრადიციის ორგანული გამოძახილი იქნება, (ყოფილი მეფის მდივნების ქობულაშვილების კოშკი) ეს არეალი, ძეგლად დაცული და სხვადასხვა პროგრამებით კონცენტრირებულად ხელშეწყობილი საქართველოში ძლიერ რეგიონალურ ცენტრად განვითარების ყველა საფუძველს იძლევა.

ღვთიშობლის ეკლესია 6.ს

ღვთიშობლის ეკლესია 6.ს

მსგავს პროექტს აქვს რეალური შანსები, თუ მას „პატარა პროექტს“ კი არ დავარქმევთ, არამედ განვიხილავთ როგორც მოდელს, განვავითარებთ მის საერთაშორისო პოტენციალს და ვიზრუნებთ მის უწყებათსაშორისო პროექტად ქცევაზე. მსგავსი პროექტის პოტენციალის დანახვას კომუნიკაცია და მასალებისა თუ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი სჭირდება. ეს არის მოლოდინი საქართველოს კულტურული პოლიტიკისა და კულტურის პოლიტიკის მიმართ.

30.05.13


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: