Posted by: burusi | 07/06/2013

ანა ბეზარაშვილი – “ჭეშმარიტება და სიცრუე”

Masao Yamamoto

Masao Yamamoto

ანა ბეზარაშვილი – “ჭეშმარიტება და სიცრუე”

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე „ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ბევრი მოაზროვნე მსჯელობდა იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტება და როგორ, რა გზით შეუძლია ადამიანს მისწვდეს ამ ჭეშმარიტებას. იშვიათად თუ ვინმე განიხილავდა ჭეშმარიტებას ისე, როგორც ამას ფრიდრიხ ნიცშე. თავისი წარმოდგენები და აზრები ნიცშემ აღწერა თავის ერთ-ერთ ნამუშევარში „ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით“.

ჭეშმარიტება ვერ იარსებებს სიცრუის გარეშე, ისევე როგორც სიცრუე ვერ იარსებებს ჭეშმარიტების გარეშე. საერთოდ, ჭეშმარიტების საკითხი რთულია. შესაძლოა, ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია, მაგრამ ყოველ ადამიანს აქვს თავისებური წარმოდგენა მასზე. ნიცშეს აზრით, ადამიანი ისწრაფვის ჭეშმარიტებისაკენ იმიტომ რომ ის ნდობას იწვევს და ამშვიდებს სულს. ადამიანებს სოციალურად არსებობისათვის სჭირდებათ ჭეშმარიტება, რადგან სწორედ მას უკავშირებენ სასურველ შედეგებს. მაგრამ არსებობენ ჭეშმარიტებები, რომლებსაც განსაკუთრებული შედეგები არ მოჰყვება ან მოჰყვება, მაგრამ ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო და არანაირი ბედნიერების მომტანი.

განვიხილოთ ორი მაგალითი:

I. არსებობს მარტივი ჭეშმარიტება – სკამი ყავისფრად არის შეღებილი. სკამი მართლაც ამ ფერისაა, მაგრამ ამით რა? ეს ჭეშმარიტება რით ეხმარება ადამიანს? დაამშვიდებს, გაუმჯობესებს მის მდგომარეობას? რა თქმა უნდა არა და ამიტომაც ადამიანს დიდად არ აღელვებს ეს ჭეშმარიტება.

II. თამბაქო და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული გამოყენება კლავს – ეს ჭეშმარიტება ყველასათვის ცნობილია და ბევრისთვის სულაც არ არის სასიამოვნო და მიმზიდველი. ამიტომაც ამ ჭეშმარიტების მიმართ ადამიანს ნეიტრალური ან მტრული დამოკიდებულება აქვს. ეს ჭეშმარიტება ხომ გულისხმობს სიამოვნებაზე უარის თქმას. ადამიანისთვის კი ეს ყველაზე რთული დავალებაა. შეიძლება ამ ჭეშმარიტებაზე თვალი დახუჭო, იგნორირება გაუკეთო და გააგრძელო თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლური სასმელების გამოყენება. ზოგიერთი ასედაც იქცევა.

ადამიანები ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან, რადგან მიღებულია რომ ჭეშმარიტება ყოველთვის კარგია, ათავისუფლებს ცხოვრების სიძნელეებისგან, ხელს უწყობს მის კეთილდღეობას, და მცირედით მაინც აახლოვებს „ცასთან“, ანუ სულის სრულ სიმშვიდესთან.

და მაინც ადამიანები ძალიან ხშირად ტყუვდებიან. ტყუილი ხშირ შემთხვევებში ეხმარება ადამიანს ფეხზე დადგომაში, ხშირად მეტ ძალას აძლევს. როდესაც ჭეშმარიტება ვერ ეხმარება ადამიანს და ის მაინც წაიქცა, სიცრუე ეხმარება ისევ ადგომაში, სიცრუე ძალას უბრუნებს, აცოცხლებს ოცნებებსა და იმედებს, ამით კი ჩაბნელებულ, უფერო ცხოვრებას უბრუნებს ფერებს. ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი ხდება და ირგვლივ უკვე არ არის ამდენი მოწყენა და ერთფეროვნება.

სიმართლე ზოგჯერ ადამიანს ტეხს, სიცრუე კი მას ისევ „აწებებს“. სიცრუე ხშირად შველის, მაგრამ ამავე დროს ქმნის ახალ პრობლემებს, თუმცა ამ პრობლემების გარეშე ადამიანური არსებობა ძნელია წარმოსადგენად. სადაც არის პრობლემა, იქ არის ბრძოლა, აზრები,ფიქრები, ქმედება, მოძრაობა, ანუ ცხოვრება. როდესაც ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ არის შესაცვლელი და ამიტომაც არანაირი მოძრაობა არაა. რა გამოდის? სიცრუე ხელს უწყობს ცხოვრების სიმძვლავრეს? ეტყობა, ტყუილი და სიცრუე ჩვენი სამყაროს განუყრელი, აუცილებელი ნაწილია.

და მაინც რა არის სიცრუე? ჩემი აზრით, ყოველი სიცრუე შეიცავს ჭეშმარიტების რომელიღაც ნაწილს. ანუ ყოველი ტყუილი რაღაცით მიგვანიშნებს სიმართლეზე. უფრო ზუსტად კი, ყოველი სიცრუე, ფარულად გულისხმობს ჭეშმარიტების ცნებას. ადამიანს თუ არ აქვს რაიმე წარმოდგენა ჭეშმარიტებაზე, სიცრუე სიცრუედ ვერ გახდება. ამგვარად, არ შეიძლება იცხოვრო სიცრუის გარეშე, ისევე როგორც ჭეშმარიტების გარეშე. სიცრუეც საჭიროა და ჭეშმარიტებაც.

რამდენად მშვენიერი იქნება სამყარო სიცრუის გარეშე? მშვენიერი ნამდვილად ვერ იქნება, რადგანაც ზოგჯერ ჭეშმარიტება მტკივნეულია, ულამაზო და „მახინჯიც“ კი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბოს, ტყუილის თქმა ცუდია, ისინი მაინც იტყუებიან, ყოველთვის იტყუებოდნენ და მომავალშიც მოიტყუებენ. არავის არ აწყობს ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც ის არის სინამდვილეში. ადამიანები ერთი მხრივ, პატივს სცემენ ჭეშმარიტებას, მაგრამ მათ ხშირად უბრალოდ არ შეუძლიათ სიმართლეს თვალებში ჩაუხედონ, ეშინიათ რომ უცებ თვალები არ აეწვათ, რადგან შემდეგ ხომ დარჩება არასასიამოვნო კვალი, ნაიარევი. სიცრუეში ცხოვრება უფრო სასიამოვნოა და უფრო მარტივია.

სიცრუე – ეს არის ხელოვნება. ტყუილის თქმა უნდა იცოდე, თუ კი ეს იცით კარგად, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი შესაძლებლობა გეხსსნებათ. ეს შესაძლებლობლები ტვინს ავარჯიშებენ, ტვინი თან და თან იხვეწება და ლამის სრულყოფილებას აღწევს. აქ უკვე შენ მართავ ყველაფრით და არა ყველაფერი შენით. ასეთ დროს ჩნდება შეგრძნება, რომელიც ძალიან ჰგავს ძალაუფლებას… თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენ ლოგიკას, აზროვნებას, გაანალიზებას, გამოთვლას, გამოანგარიშებას, მოხერხებულობას, ტექნიკასა და ინტუიციას ფანტაზიასთან ერთად ითხოვს ტყუილის თქმის უნარი. როგორც ამბობდა ნიცშე, ზუსტად ტყუილის თქმაში, ფარისებლობაში, თვალთმაქცობაში ჩვენი გონება ვითარდება, ტვინი განავითარებს თავის ძალასა და შესაძლებლობლებს, და არ შეიძლება ამას არ დავეთანხმოთ.

სიცრუეს ზოგჯერ აქვს ჭეშმარიტებაზე მეტი ძალა.

თუ უსმენთ და აღიქვამთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს, ცხოვრება არც ისეთი იოლი აღმოჩნდება. სიმართლის თქმა ძალიან ხშირად უფრო ძნელია. გარდა იმისა, რომ სიცრუე რაღაცნაირად ჰგავს თავდაცვას, ის კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მარტივი ურთიერთობის ფორმა, მაგალითად თუ ჩვენ გვინდა კარგი შთაბეჭდილების დატოვება პირადი ინტერესებისთვის, ხშირად ვხმარობთ ტყუილს: ცრუ კომპლიმენტებს, ცრუ ღიმილს, ცრუ ქებას და ა.შ. და ეგრევე ირგვლივ ყველა პატივს გვცემს და ჩვენდამი კეთილგანწყობილებას გამოაჩენს და ეს სრული სიმართლეა, რომლისგანაც ჩვენ ვერსად გავიქცევით. ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე კარგი და ლამაზი სიტყვების მოსმენა და ზოგჯერ მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ ეს სიტყვები არ არიან გულწრფელნი. უცნაურია, მაგრამ ასეთი რამე მართლა ხდება. ეგეთია ალბათ ადამიანის ბუნება.

როდესაც ადამიანს ეშინია ან არ უნდა აწყენინოს ან ატკინოს სხვას გული, მაშინაც ირჩევს წყენის არიდების საშუალებას – ტყუილს – და ყველა ბედნიერია და ყველას უხარია. ამიტომ, ყველანაირი ეჭვის გარეშე, ჩვენ უფრო ხშირად ვხვდებით ტყიულთან, ვიდრე მტკივნეულ სიმართლესთან. მაგრამ ისიც არის უდავო, რომ სიმართლე, ჭეშმარიტება, ჩვენ, ადამიანებს, ძალიან გვჭირდება. ლამაზი და მიმზიდველი ტყუილის დროსაც ადამიანისთვის აუცილებელია ჭეშმარიტება. მაგრამ არა დიდი დოზით და არა ძალიან ხშირად. ისევე როგორც სიცრუე, სხვათა შორის…

ბოლოს მინდა დავამატო, რომ ნიცშე მართლა ძალიან საინტერესო და ყველაზე უცნაური, პარადოქსებით სავსე ადამიანი და ფილოსოფისია. ის ამაღლებდა ილუზიებსა და ტყუილს, მაგრამ ამავე დროს ამბობდა რომ ჭეშმარიტება, ყველაფერზე მაღლა დგას და ის უმთავრესია. ეს უცნაურიცაა, მაგრამ სადღაც გასაგებიც. ტყუილი და ჭეშმარიტება ხომ არ არიან ერთმანეთის საპირისპირო მხარეები… ეს არის ერთი მთლიანის ორი ნაწილი. ასე ფიქრობდა ნიცშე, და მეც ასე ვთვლი. მაშინ გასაგები ხდება, თუ რატომ ორივე – სიცრუეც და ჭეშმარიტებაც – არიან ასეთი მნიშვნელოვანნი ჩვენს რთულ ცხოვრებაში. ორივე გვჭირდება გადარჩენისათვის და როგორც უკვე ავღნიშნე, ჭეშმარიტება ვერ იარსებებს სიცრუის გარეშე, ისევე როგორც სიცრუე ვერ იარსებებს ჭეშმარიტების გარეშე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: