Posted by: burusi | 07/06/2013

თამარ კვეკვესქირი, ანა ლომაძე – ჭეშმარიტება და სიცრუე

ფრიდრიხ ნიცშე - Friedrich Nietzsche

ფრიდრიხ ნიცშე – Friedrich Nietzsche

თამარ კვეკვესქირი, ანა ლომაძე – ჭეშმარიტება და სიცრუე

ფრიდრიხ ნიცშეს „ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით“ მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრები

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. მის ნაშრომში „ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით“ საუბარია ჭეშმარიტებასა და სიცრუეზე, მათ დასაბამზე, მაგრამ ამ ჭეშმარიტებასა და სიცრუეში არ უნდა მოვიაზროთ მორალი. აქ ჭეშმარიტებასა და სიცრუეს განვიხილავთ როგორც მეცნიერულ ცნებებს და არა მორალურ კატეგორიებს. ნაშრომში მეტაფორულად გამოხატულია ადამიანის უსუსურობა სამყაროს მრავალფეროვნების წინაშე. საკმარისია ბუნებაში რაიმე მოხდეს, რომ ადამიანს უმალ უჩნდება მისი შემეცნების პრეტენზია.

ნიცშეს აზრით, საგნის შემეცნებას ადამიანი ინტელექტით ახდენს, რომლის ”საქმიანობა” ფაქტიურად მის თვალთმაქცობაში მდგომარეობს. რას ნიშნავს ინტელექტის თვალთმაქცობა? ესაა ტყუილი, ზურგს უკან ლაპარაკი, ყოველგვარი ნიღბის მორგება და რაც მთავარია მსახიობობა, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე. თვალთმაქცობას ისე შეეჩვია ადამიანი, რომ მის გარეშე არსებობა არც კი წარმოუდგენია. ამ თვალთმაქცობით იხალისებს ის ცხოვრებას და ჭეშმარიტების შემეცნებისაკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ მხოლოდ ნივთების ზედაპირზე ბორძიკობს (ანუ ადამიანი ნივთების ზედაპირზე ვერც კი დგას გამართულად, საუბარი არცაა ნივთების ნამდვილს არსს რომ ჩაწვდეს, ის ნივთების ზედაპირზე ბორძიკობს, მაგრამ თავს ისე აჩვენებს, თითქოს იმეცნებს მას). ამ ქვეტექსტით ნიცშე ხაზს უსვამს ადამიანის ინტელექტის სიმარტივეს, ირონიულადაც კი მოიხსენიებს იმ ბუნების წინაშე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. იგი ადამიანის ინტელექტს საბრალოს უწოდებს.

ნიცშე თითქოს გვეუბნება რომ ადამიანს საკუთარი თავის შემეცნება არ შეუძლია. იგი მიდრეკილია ჯოგურად არსებობისაკენ, ანუ სოციალური არსებაა და მარტო ყოფნა არ შეუძლია. ამ ჯოგურ არსებობაში მისი პირველი მიზანი სამშვიდობო გარანტიის მიღებაა. მას შემდეგ რაც ადამიანი მოიპოვებს (სახელმწიფოსგან) უსაფრთხოების გარანტიებს, მას უჩნდება მეორე მიზანი: დაადგინოს ჭეშმარიტებები მის ირგვლივ არსებულ საგანთა შესახებ, ანუ აღწეროს და განსაზღვრებები მისცეს ნივთებს. ადამიანი ჩიხში ექცევა, რადგან ამ დროს ჩნდება კონტრასტი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ნიცშეს აზრით, ადამიანს თავად ტყუილი და ჭეშმარიტება კი არ აწუხებს, არამედ მისით გამოწვეული შედეგები. მაგალითად, ლექციაზე ვინმემ თქვას, რომ გარეთ წვიმს. ჩვენთვის იგი სრულებით არ არის ზიანის მომტანი, თავად ბგერების ერთობლიობა წ ვ ი მ ს, ჩვენ არ გვაწუხებს, მაგრამ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ გაგვიფუჭდება ვარცხნილობა, რომელიც ამ დილით გავიკეთეთ და ქოლგაც სახლში დაგვრჩა, მაშინ ტყუილი ჩვენთვის საზიანოა. არის კი ენა რეალობის ადეკვატურად გამომხატველი? თუ რეალობა სხვა რამაა და ენა რომლითაც ამ რეალობაზე ვლაპარაკობთ, სხვა? ნიცშეს უნდა თქვას, რომ ჩვენ რეალობას აღვიქვამთ მხოლოდ ენის საშუალებით, სამყაროს მიზიდულობას აღვიქვამთ მიზიდულობის კანონის საფუძველზე, თუმცა ვიდრე ეს კანონი არ იყო ფიქსირებული, მანამ მიზიდულობა არ არსებობდა? ჩვენ ჩვენს ბუნებას ვიცნობთ ბუნების სახელმძღვანელოების საშუალებით და არა თავად ბუნებას.

ნიცშესათვის განსაკუთრებით დამაფიქრებელია ცნებების შექმნა. ერთი ცნების ქვეშ ხომ უამრავ ნივთს ვაერთიანებთ. მაგალითად, ყველა ფოთოლს იმ პირველად ხატს ვადარებთ, რომელთანაც გვქონდა შეხება თუ სპონტანურად ვაერთიანებთ ერთი ცნების ქვეშ. თუ ასეა, მაშინ თავად ჭეშმარიტების არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ცნებებით სწორედ რომ ჭეშმარიტება გამოითქმის. რა არის ჭეშმარიტება? ტექსტის მიხედვით ჭეშმარიტება იმ გაცვეთილ მონეტას გავს, რომელზეც ერთ დროს რაღაც იყო გამოხატული, მაგრამ დღეს ის ძველი გამოსახულება საერთოდ არ იკითხება და მონეტა ჩვენს მიერ უბრალო ლითონად აღიქმება. უფრო მეტიც, ეს არის ჩვენი ილუზია, საკუთარი თავის მოტყუება, რომ რაღაცეების შესახებ ჭეშმარიტებები ვიცით. აქ იბადება ლოგიკური კითხვა: მაშინ რატომ ვქმნით დღემდე ჭეშმარიტებებს, ამ უძლურ მეტაფორებს, რომელთაც მხოლოდამხოლოდ ჩვენი მოტყუება აქვს განზრახული? ნიცშეს აზრით ეს ადამიანური ჩვევაა, საუკუნოვანი და ადამიანური არაცნობიერიდან მომდინარე. ჭეშმარიტებების შექმნის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია და ასე აშენებს იგი კოლუმბარიუმს, რომელშიც ჭეშმარიტებები კი არა მოათავსა, არამედ საკუთარი თავიც ამ ჭეშმარიტებებთან ერთად.

იგი იმდენად შეეჩვია მის ირგვლივ ჭეშმარიტებებს, რომ ისინი მეტაფორები კი არა, ნამდვილი ნივთები ჰგონია. წარმოიდგინეთ დიდი სახლი, რომლის ყოველ ფიცარსა თუ ავეჯზე ჭეშმარიტებებია მიკრული, ამ სახლხს ბევრი ფანჯარაც აქვს, რომ გააღო და გარეთ გაიხედო, დაინახავ ბუნებას, ხეს, მდინარეს, მეგობრობას, სიყვარულს, ბოროტებას. მაგრამ ადამიანს არ სურს ამ ფანჯრის გამოღება და ამ სახლიდან გახედვა, პირიქით, ურჩევნია რომ სახლში შეიყუჟოს და მხოლოდ ის წარმოდგენები ჰქონდეს ბუნებაზე, მდინარეზე, ხეზე, სიყვარულსა და ა. შ. რაც თავადვე შექმნა.

ადამიანის ენა ჯერ აგებს ცნებებს, ცნებები – მეცნიერებას და მხოლოდ ამის შემდგომ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს! თუ ადამიანი ამას ყველაფერს იაზრებს, მაშინ რატომ აგრძელებს კოლუმბარიუმის მშენებლობას? იმიტომ რომ ეს ადამიანის ფუნდამენტური სწრაფვაა. თუ ამ მისწრაფებას გამოვტოვებთ, მაშინ თავად ადამიანი დაგვრჩება გამოტოვებული, რადგან ამ სწრაფვით ინარჩუნებს ადამიანი სიფხიზლეს ამ სამყაროში. ეს არის ადამიანური ინტელექტის თვათმაქცობა – შექმნას მეტაფორები, და თვალთმქცობის მიზანია რომ შეინარჩუნოს სიფხიზლე, თავი იგრძნოს ადამიანად, თუნდაც ისეთად რომ საკუთარ თავს ატყუებდეს. ეს არის ადამინის ბუნება: იყოს ხან ინტუიციური, მგრძნობიარე და ხანაც გაწონასწორებული, რაციონალური.

ნიცშეს მიხედვით კულტურა არის დიონისური და აპოლონური საწყისების ურთიერთობის შედეგი. დიონისურის, რომელიც თრობასთან, ზმანებასთან, ილუზიასთან არის გაიგივებული და აპოლონური, რომელიც გონებას, გაწონასწორებულობას, სიფხიზლეს განასახიერებს. გამოდის რომ მეცნიერებაშიც ასე ყოფილა: ვიღაცა ქმნის ჭეშმარიტებებს, მეტაფორებს, ილუზიებს და ამით ტკბება, ვიღაც კი, იცის რა რომ ეს ილუზიაა, მაინც აგრძელებს მათ გამოყენებას და მათი მეშვეობით რეალობაში ორიენტირებას.

ნიცშე იყო ღმერთის სიკვდილისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ღირებულებების გაუფასურების პირველი მაცნე. ნიცშეს ცხოვრება მისი საკუთარი აზროვნების დრამის განცდაა, იგი თვითონ არის თავისი სულიერი ტრაგედიის გმირი ჯალათი და მსხვერპლი. კონსტანტინე გამსახურდია წერს: „რაფაელს დახატული აქვს პლატონი ზეაპყრობილი ხელებით. უნდა მოვიდეს ახალი რაფაელი, რომელიც ახალი ევროპის ახალ პლატონს ზეაპყრობილი ხელებით დახატავს. ასე დარჩება ნიცშე ადამიანთა ხსოვნაში, რადგან იგი იყო როგორც ზვარაკი, ისე თვით ტანჯვაში პირგაბადრული ღმერთი.“


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: