Posted by: burusi | 06/06/2013

დიმიტრი წიფურია – “პროგრესი, რასა და ისტორია“ (კლოდ ლევი-სტროსი)

progress

დიმიტრი წიფურია – “პროგრესი, რასა და ისტორია“ (კლოდ ლევი-სტროსი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

კლოდ ლევი-სტროსი ფრანგი ფილოსოფოსი, ანთროპოლოგი, ეთნოლოგი, სტრუქტურალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, 1908 წელს ბელგიაში დაიბადა. თუმცა, გაიზარდა საფრანგეთში პაპასთან, რომელიც რაბინი იყო. მისი ბიოგრაფია კარგად არის ცნობილი მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან „სევდიანი ტროპანი“. პარიზის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და სამართლის შესწავლის შემდეგ იგი უერთდება ჟან პოლ სარტრის ინტელექტუალურ წრეს. ცხოვრობდა ბრაზილიაშიც, სადაც სან-პაულუს უნივერსიტეტში სოციოლოგიას ასწავლიდა. ამერიკაში მუშაობოსას მან განიცადა ლინგვისტ რომან იაკობსონის გავლენა და მოგვიანებით მასთან ერთად სტრუქტურალიზმის ფუძემდებელი გახდა. მისმა სტრუქტურალიზმმა დიდი გავლენა მოადინა მე-20-ე საუკუნის სოციალურ მეცნიერებებზე, ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე და სხვა. მის კალამს არა ერთი ნაშრომი ეკუთვნის, მათ შორის “რასა და ისტორია”.

თავდაპირველად კლოდ ლევი სტროსი ამბობს, რომ მეცნიერებას მოცემულ ეტაპზე არ შეუძლია დაამტკიცოს ერთი რომელიმე რასის ინტელექტუალური ჩამორჩენილობა ან უპირატესობა მეორესთან შედარებით. დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა სპეციფიკური წვლილი შეიტანეს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაში.

მისი აზრით, კაცობრიობა ვითარდება არა ერთგვაროვან, მონოტონურ რეჟიმში არამედ საზოგადოებებისა და ცივილიზაციების საოცრად განსხვავებული ფორმით. ამ ინტელექტუალურ ესთეტურ სოციოლოგიურ მრავალფეროვნებას არ აქვს არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმ მრავალფეროვნებასთან რომელიც ბიოლოგიურ პლანში ადამიანთა ჯგუფების ზოგიერთ დაკვირვებად ასპექტებს შორის არსებობს. ლევი სტროსი აღნიშნავს, რომ დედამიწაზე უფრო მეტია ადამიანთა კულტურები ვიდრე რასები. ორი კულტურა რომელიც შექმნილია ერთი და იმავე მოდგმის ადამიანების მიერ შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან როგორც რასობრივი თვალსაზრისით დაშორებული ადამიანები. სტროსი ცდილობს ახსნას ფაქტი,რომ თეთრკანიანი ადამიანის მიერ განვითარებულმა ცივილიზაციამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა და შავკანიანები უკან ჩამოიტოვა.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ეთნოგრაფი, წავიდეს და ადგილზე გაიაზროს გარკვეული ეთნიკური ჯგუფების არსებობა, მაგრამ თუ იგი არ შევიდა მათთან უშუალო კონტაქტში, ეს იქნება მხოლოდ ზედაპირული ხედვა. ადამიანთა საზოგადოებებში ერთდროულად მოქმედებს საპირისპირო მიმართულებით მომუშავე ძალები: ერთნი იხრებიან განსაკუთრებული თვისებების შენარჩუნებისა და მათზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებისაკენ, მეორენი კი ყურადღებას უფრო დამთხვევებსა და მსგავსებებს უთმობენ. ადამიანთა საზოგადოებები არასოდეს არიან მარტო. მაშინაც კი, როდესაც განცალკევებულნი მოჩანან მაინც წარმოდგენილნი არიან ჯგუფებისა და ერთობლიობის სახით. ცნობილია, რომ კაცობრიობის ცნება, განურჩევლად რასისა თუ ცივილიზაციისა, მოიცავს ადამიანის მოდგმის ყველა ფორმას, თავისი წარმოშობის დროიდან იმ დრომდე როდესაც უმაღლესი განვითარების დონეს მიაღწია. ზოგადად ადამიანი თავისი ბუნების რეალიზებას აბსტრაქტულ კაცობრიობაში კი არ ახდენს არამედ ტრადიციულ კულტურებში, სადაც ყველაზე რევოლუციური ცვლილებები არსებობის გაგრძელების საშუალებას აძლევენ ადამიანთა ჯგუფებს. ცვლილებების ახსნა ხდება ამ დროსა და სივრცეში განსაზღვრული სიტუაციებიდან გამომდინარე. თანამედროვე ადამიანი ცდილობს დაამყაროს კომპრომისი ურთიერთგამომრიცხავ პოპულაციებს შორის და ანგარიში გაუწიოს კულტურათა მრავალფეროვნებას. ამასთან ერთად, სურს ჩამოიშოროს ყოველივე ის, რაც მისთვის სკანდალური და შოკის მომგვრელია და გარემოს მოერგოს ისე, როგორც თვითონ აწყობს.

ევოლუციოლიზმი წარმოიშვა როგორც ჰიპოთეზა, რომელიც ეფუძნება დაკვირვებებს, სადაც ინტერპრეტაციას მცირე ადგილი ჰქონდა. ისევე როგორც ვსწავლობთ ცხოველების ევოლუციას გარკვეული მეთოდების გამოყენებით, ასეთივე მეთოდები შეიძლება მივუსადაგოთ ადამიანის მოდგმას და მის რასებს. დედამიწაში შეიძლება მოვიძიოთ მატერიალური საგნები და გეოლოგიური ფენების მიხედვით დავადგინოთ რომ მოცემული ტიპის საგნის წარმოების ფორმა ან ტექნიკა პროგრესულად იცვლება. ყველა ადამიანურ საზოგადოებას დაახლოებით ერთნაირი წარსული ჰქონდა, მაგრამ განსხვავებულად განვითარდნენ, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნების განვითარება. მაგალითად, აღმოსავლური კულტურა განსხვავდება დასავლეთისაგან. არსებობს ორი ტიპის ისტორია: პროგრესული ისტორია, რომელიც აერთიანებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს, შენაძენებს, რაც ქმნის დიდ ცივილიზაციას და ისტორია, რომელიც შეიძლება ასევე აქტიურია, მაგრამ აკლია სინთეზის ის უნარი, რომელიც პირველის პრივილეგიაა. ევოლუციისა და პროგრესის თვალსაზრისით, ერთნი უფრო მაღალ დონეზე არიან ვიდრე მეორენი. კაცობრიობის მიერ დასაბამიდან განხორციელებული პროგრესები იმდენად თვალსაჩინო და აშკარაა რომ მათი ეჭვქვეშ დაყენების ყოველი მცდელობა რიტორიკად შეიძლება ჩავთვალოთ. პროგრესი არ ნიშნავს ერთი და იმავე მიმართულებით უფრო შორს წასვლას. ხშირად ხალხი არ აღიარებას განვითარებას. ახალგაზრდებთან შედარებით ხანდაზმულებს უძნელდებათ თანამედროვეობასთან შეგუება. ნებისმიერი კულტურული პროგრესი კულტურებს შორის კოალიციის საქმეა, რაც გულისხმობს იმ შანსების გაერთიანებას რომელსაც ეს კულტურა თავისი ისტორიული განვითარებისას ხვდება. სტროსის აზრით, კაცობრიობის პროგრესის საფუძველი სხვადასხვა კულტურათა თანამშრომლობაა.

ამგვარად, ცივილიზებული და არაცივილიზებული ხალხების კულტურები არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან, ანუ, სხვანაირად რომ თქვათ, „სხვადასხვა კიბეზე თავ-თავისი საფეხურებით მოძრაობენ“. კლოდ ლევი-სტროსი წერს: “პროგრესი არც აუცილებელია და არც უწყვეტი; ის ხორციელდება ნახტომებით, მოულოდნელად… ნახტომები ყოველთვის არ ნიშნავს ერთი და იმავე მიმართულებით უფრო შორს წასვლას; მათ თან ახლავთ ორიენტაციის ცვლილებები, ცოტა არ იყოს, ჭადრაკის მხედრისებურად, რომელსაც მარაგში ყოველთვის აქვს მრავალი სვლა, მაგრამ არასოდეს იმავე მიმართულებით, კაცობრიობა, რომელიც განიცდის პროგრესს, არასოდეს ჰგავს კიბეზე ამავალ პიროვნებას, რომელიც ყოველ მოძრაობაზე ერთ ახალ საფეხურს უმატებს ყველა იმათ, რომლებიც მან უკვე დაიპყრო…”

ამასთან დაკავშირებით, ზურაბ კიკნაძე თავის წერილში „სიტყვითა და საქმითა“ აღნიშნავდა: “აქედან შეგვიძლია რადიკალური აზრი გამოვიტანოთ: არ არსებობს ერთიანი საკაცობრიო კულტურის (ცივილიზაციის) პროგრესი. მაგალითისთვის ეგვიპტური, შუამდინარული, დასავლური (ევროპული) და პრიმიტიული კულტურები თვისობრივად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან, ისინი შექმნილნი არიან “თავისი გვარისდა მიხედვით” და თითოეული მათგანი ამ “გვარში” აღწევს მწვერვალს“.

პროგრესი არის განვითარება, წინსვლა, განვითარების უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურებზე გადასვლა. მისი საწინააღმდეგო ცნებაა რეგრესი. ადამიანი და საზოგადოება, მიუხედავად რასისა, ყოველთვის განიცდის პროგრესს, ევოლუციას. ადამიანი ეტაპობრივად ვითარდება და ცდილობს საკუთარი ცხოვრება უფრო კარგი გახადოს ვიდრე ის ამჟამად არის. უძველესი დროიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა. თუ თავდაპირველად ადამიანი გამოქვაბულზე ხატავდა და წერდა, დღეს კომუნიკაციის უფრო განვითარებული საშუალებები გააჩნია. ირგვლივ ყველაფერი განიცდის მუტაციას და დროის შესაფერისად იცვლება. გამოქვაბული შეცვალა თანამედროვე საცხოვრებლებმა, ქვებზე და ეტრატებზე წერის ნაცვლად გამოიყენება საწერი ქაღალდი გვაქვს.

იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა საზოგადოება და რასა სხვადასხვავგარად ვითარდება, შეიძლება დღევანდელი ქვეყნების განვითარების დონე მოვიშველიოთ და ვთქვათ, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებთან შედარებით პროგრესისა და განვითარების შედარებით დაბალ დონეზე იმყოფება, მაგრამ არსებობენ უფრო დაბალ დონეზე მყოფი ქვეყნებიც. პროგრესი კიბის საფეხურეებივით არის, თუმცა ყოველი საფეხურის შემდეგ რაღაც მუტაციას განიცდის რასა და გარკვეულწილად იცვლება.

ასევე, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პირველი საბეჭდი აპარატი, რადიო, შავ-თეთრი ტელევიზორი, რადიოლა და ბევრი სხვა ჩვენი წინაპრებისთვის ღირებული ნივთი, რაც დღეს ახალმა ტექნიკამ ჩაანაცვლა, თუნდაც კომპიუტერმა, მოხერხებულმა ტელეფონებმა… ჩვენთვის უცნობია ეს ღირებული პროდუქტები მომავალში როგორ შეიცვლება, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ პროგრესი უწყვეტია და აუცილებლად გამოჩნდება მათი ჩამნაცვლებელიც.

დროთა განმავლობაში ჩვენი კულტურაც განიცდიდა განვითარებას, პროგრესს, წარსულს ჩაბარდა მიუღებელი ტრადიციები, ბევრი მათგანი დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი სახე მიიღო. ილია ჭავჭავაძემ ქართველთა პროგრესის მიზნით ჩამოაყალიბა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის შედეგი სახეზეა – თუ ადრე საქართველოში ქართულად საუბრის პრობლემა იყო და წერა-კითხვა ძალიან ცოტამ იცოდა, დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია და ქართველი ერი მაინც განვითარდა, შედარებით ამაღლდა განათლების დონე, გავითარდა კულტურა და ერი თანამედროვე აზროვნებას მიეჩვია.

მაგრამ პროგრესს ხშირად მრავალი სვლა აქვს, როგორც ეს ჭადრაკის დაფაზეა შესაძლებელი, და ერთხელ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან რთულია. თავად პროგრესსაც აქვს უარყოფითი მხარეები. ერთი მხრივ, კომპიუტერით სარგებლობა ძალიან კარგია, რადგან ინფორმაციის სწრაფად მიღების კომფორტული საშუალებაა, თუმცა გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, კომპიუტერის ხშირად გამოყენება იწვევს თვალის დაავადებებს, თავის ტკივილებს, ზოგჯერ სტრესსა და აგრესიას. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც არაფერია ქვეყნად იდეალური, პროგრესსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე.

კლოდ ლევი-სტროსი თავის ნაშრომში საუბრობს პროგრესის ორმაგი არსის შესახებ: “კოალიცია მით უფრო ნაყოფიერია, რაც უფრო მეტად განსხვავებულ კულტურებს შორის მყარდება. ამის მტკიცებამ გვაჩვენა რომ ჩვენ ურთიერთგამომრიცხავი პირობების წინაშე აღმოვჩნდით, ვინაიდან ამ თამაშს რომლიდანაც ნებისმიერი პროგრესი გამომდინარეობს, შედეგად მოჰყვება მეტ-ნაკლები ვადით თითოეული მოთამაშის რესურსების ჰომოგენეზაცია. თუ მრავალფეროვნება საწყისი პირობაა, უნდა ვაღიაროთ, რომ მოგების შანსები მით უფრო სუსტი ხდება, რაც უფრო დიდხანს გრძელდება თამაშის პარტია. ამ გარდაუვალი შედეგისთვის როგორც ჩანს მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულმა მოთამაშემ თავის თამაშში გამოიწვიოს დიფერენციალური განსხვავებები. ეს შესაძლებელია, ვინაიდან თითოეული საზოგადოება შედგება ჯგუფების კოალიციებისგან: ეკონომიკური, პროფესიული და სოცილური ფსონი ყველა მისი შემადგენელი ნაწილის ფსონებისგან შედგება. მეორე გამოსავალს დიდწილად პირველი განაპირობებს. ეს გახლავთ ახალი პარტნიორების, ამჯერად გარედან, ნებით თუ ძალით შეყვანა კოალიციაში, რომელთა ფსონები ძალზე განსხვავებული იქნება იმათგან, რომლებიც საწყის ასოციაციას ახასიათებს”.

რაც შეეხება შემთხვევით პროგრესს, შემთხვევითობაა ის ფაქტი რომ ადამიანმა იპოვნა მეხის შედეგად შემწვარი ხორცი და მიხვდა, რომ მისი გემო სჯობს უმი ხორცის გემოს. მათ შემთხვევით რომ არ აღმოეჩინათ შემწვარი ხორცი შეიძლება აზრადაც არ მოსვლოდათ მსგავსი რამ და მუდამ უმი ეჭამათ. შემთხვევითობაა ისიც რომ კერიის პირას დარჩენილი თიხის გუნდა გამოწვის შედეგად მყარი გახდა და შესაბამისად გაჩნდა იდეაც რომ გამომწვარი თიხით ჭურჭელი გაეკეთებინათ. მსგავსი შემთხვევითობა რომ არა, შეიძლება აზრადაც არავის მოსვლოდა თიხის გამოწვით საკმაოდ მყარი ჭურჭლის მიღება.

მსგავსი შემთხვევითობების შედეგად კაცობრიობამ განიცადა პროგრესი და დააგროვა ცოდნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ცოდნა მთლიანად შემთხვევითობაზე არაა დაფუძნებული. კაცობრიობის ცოდნის გარკვეული ნაწილი შემთხვევითობის შედეგად არის დაგროვილი, თუმცა, გაცილებით დიდი ნაწილი დაკვირვებისა და აზროვნების შედეგია.

ამგვარად, კლოდ ლევი-სტროსს კაცობრიობის პროგრესის საფუძვლად სხვადასხვა კულტურათა თანამშრომლობა მიაჩნია. იგი აღნიშნავს, რომ პროგრესი კაცობრიობის დასაბამიდან სრულიად აშკარაა და ამის ეჭვქვეშ დაყენება რიტორიკაში ვარჯიში იქნებოდა. ამასთან, კაცობრიობის პროგრესი კიბეზე ამავალ პიროვნებას არ ჰგავს. ადამიანთა საზოგადოებები, მთელი კაცობრიობა განიცდის გლობალურ პროგრესს. ადამიანებისთვის ცივილიზაცია იქცა წინსვლის ისტორიული პროგრესის სინონიმად. ბერნარდ შოუ წერდა: “პროგრესს არაფერი შეუძლია მაგრამ უკეთესს გვიქმნის ვიდრე უწინ ვიყავით”.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • კლოდ ლევი-სტროსი. “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”.
  • ზურაბ კიკნაძე. სიტყვითა და საქმით. 24 საათი 01.05.11. http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-05-01/16289

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: