Posted by: burusi | 06/06/2013

ეკატერინე კვანტალიანი – “გამოცდილება – განათლების საშუალება და მიზანი” (ჯონ დიუი)

ნიტა

ეკატერინე კვანტალიანი – “გამოცდილება – განათლების საშუალება და მიზანი” (ჯონ დიუი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

სოციალური პროგრესის მისაღწევად საზოგადოებას ესაჭიროება განათლება. ამ უკანასკნელის რეალიზება კი წლების განმავლობაში სხვადასხვა სწავლების მეთოდით ხორციელდებოდა. როგორც საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმება ჯონ დიუის, მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კაცობრიობას ხიბლავს უკიდურესი ოპოზიციებით საუბარი. წარსულში არსებობდა ტრადიციული, ახლა კი არსებობს პროგრესული განათლება, რომლის სწავლების მეთოდი აბსოლიტურად განსხვავდება წინა (ტრადიციული) განათლების მეთოდისაგან.

ტრადიციული განათლების შინაარსი წარსულში შემუშავებული ინფორმაციისა და უნარ-ჩვევებისგან შედგება, რომელიც უნდა გადაეცეს თაობებს ჩამოყალიბებული სტანდარტების უმკაცრესი დაცვით.

პროგრესული განათლების შინაარსი კი აბსოლიტური ოპოზიციაა ტრადიციული განათლებისა. პროგრესულ სკოლებში წარსულში შემუშავებულ სტანდარტებს უპირისპირდება ინდივიდუალურობის გამოხატვა, მკაცრ დისციპლინას – თავისუფალი მოქმედება, ტექსტებისა და მასწავლებლის დახმარებით სწავალას – გამოცდილების მეშვეობით სწავლა, სტატიკურ მიზნებსა და მასალას – ცვალებადი სამყაროს გაგება.

ტრადიციული განათლების სისტემაში ძალდატანებით, სტანდარტების გათვალისწინებით ასწავლიან მოზარდებს, რაც აკნინებს და გასაქანს არ აძლევს მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს: “ადამიანი ერევა მომავალი თაობის ცხოვრებაში და მას ისეთი ფორმის მიცემას უპირებს, როგორც მისი იდეალები მოითხოვს; ის კი ავიწყდება, რომ მას ნებით აღჭურვილ ადამიანთან აქვს საქმე და ამიტომ მას ისე ვერ მოექცევა, როგორც მკვდარი ბუნების ძალებს”. ვფიქრობ, ამ სიტყვებით უზნაძეს სურს დაგვანახოს, რომ “ადამიანს“, რომელიც ამ შემთხვევაში მასწავლებელია, ევალება იმაზე მეტი ვიდრე ინფორმაციის ზუსტად გადაცემაა მოსწავლისთვის. ის ყოველივე ამას დიდი სიფრთხილითა და დაკვირვებით უნდა აკეთებდეს, რათა მოსწავლე აღზარდოს თავისუფალ მოაზროვნედ.

ჯონ დიუიმ გაითვალისწინა ტრადიციული განათლების სისტემით “საზოგადოების მასობრივი უკმაყოფილება“ და მას შესთავაზა ახალი, პროგრესული განათლება, რომელიც ეფუძნება განათლების მიღებას შესაბამის გამოცდილებასთან ერთად.

დავიწყოთ იქედან, რომ არ არსებობს უფრო რთული დისციპლინა, ვიდრე გამოცდილების დისციპლინაა. ახალი განათლება, რასაც ავტორი გვთავაზობს, ბევრად რთულია ადრეული სწავლების მეთოდთან შედარებით, რადგან მასწავლებელს (განსხვავებით ტრადიციული განათლებისგან) უამრავი კრიტერიუმებისა და საშუალებების გათვალისწინება უწევს, რათა ინდივიდუალური მიდგომით სწორი აზროვნებისკენ წარმართოს მოზარდის გონება. კიდევ ერთხელ მოვიშველიებ დიმიტრი უზნაძის სიტყვებს: “ობიექტი პედაგოგიური მეცნიერების ყოველი დარგისა, არის აღზრდა“, რაც ვფიქრობ იმას გვაუწყებს, რომ მასწავლებლის ერთ-ერთი უდიდესი დანიშნულება მოსწავლის სწორად აღზრდაა შეზღუდვებისა და ძალდატანების გარეშე. მოსაზრებას, რომელიც გულისხმობს რომ “მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური თვითრეალიზებისა და შემეცნების საშუალებაა“, ემიჯნება ჯონ დიუი და თვლის, რომ ერთადერთი შემთხვევა, რაშიც გამართლებულია მაქსიმალური თავისუფლება, ეს არის აზროვნების ანუ დაკვირვებისა და განსჯის თავისუფლება (რასაც იმანუელ კანტიც გვამცნობს. თუკი გვსურს პიროვნებებს განვითარების საშუალება მივცეთ, გზა უნდა გავუხსნათ ინტელექტუალური თავისუფლებისკენ.

ჩვენ ვსაუბრობდით ახალი პროგრესული განათლების შესახებ,რომელიც მიზნად ისახავს სწავლის ფონზე შესაბამისი გამოცდილების მიღებას. გამოცდილებას გააჩნია ორი ასპექტი: გამოცდილების (ემპირიული) კონტინიუმი და ურთიერქმედება. რას ითვალისწინებს თითოეული?

გამოცდილების თანმომდევრული უწყვეტობა გულისხმობს იმას თუ როგორ უკავშირდება ერთი გამოცდილება მეორეს, უფრო ზუსტად კი, თითოეული გამოცდილება, რომელსაც შეიძენს ადამიანი, ცვლის ამ უკანასკნელს, როგორც გამოცდილებაში მონაწილეს, ხოლო ეს ცვლილება ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად გავლენას ახდენს მომდევნო გამოცდილებაზე. ამ გამოცდილებაში კი რაღაცით შეცვლილი გადადის ადამიანი. ამგვარად თითოეული გამოცდილება რაღაცას იღებს წინა გამოცდილებისგან, რაც ზეგავლენას ახდენს შემდგომ გამოცდილებაზე. ზრდა, როგორც ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური განვითარების პროცესი, ზემოთხსენებული კონტინიუმის სახეა. ის,რომ პატარა ბავშვისთვის ლაპარაკის სწავლა ქმნის მომდევნო პირობას ისწავლოს წერა-კითხვა ემპირიული კონტინიუმის თვალსაჩინო მაგალითია.

გამოცდილების მეორე ასპექტი, ურთიერთქმედება, გულისხმობს ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, სადაც მას უწევს გამოცდილების მიღება, ალბათ ყველასთვის თვალსაჩინოა ის, თუ რამდენად განსხვავდება ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბავშვის გამოცდილება კულტურულ, მდიდარ საზოგადოებაში აღზრდილი ბავშვისგან.

ახლა დროა ავხსნათ თავად ცნება გამოცდილებისა. განათლების წყაროდ გამოცდილების მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის გამოცდილებას ჭეშმარიტი და სათანადო საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. განათლებისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაიგივება წარმოუდგენელია, ვინაიდან შესაძლოა არასწორმა გამოცდილებამ პიროვნება არაადეკვატურ ადამიანად გარდაქმნას. ადამიანის გარემომცველ სამყაროში უამრავი წყაროა, რომელიც ბადებს გამოცდილებას, ამგვარად სწავლის პერიოდში მასწავლებელი იძულებულია შექმნას განათლებასთან ადაპტირებული გარემო, რომელიც წარმოშობს შესაბამის გამოცდილებას. ყოველივე ეს საჭიროა იმისათვის, რომ მოზარდმა დაისახოს მიზანი და მიაღწიოს კიდეც მას, ეს უკასკნელი მოქმედების ბოლო ფაზაა, რის გამოც უამრავი წინაღობის გადალახვა გვიწევს. ის არ ექვემდებარება უცაბედ გადაწყვეტილებებს (როგორც ამას დიუი წერს) და არც მხოლოდ დიდი სურვილია საკმარისი მის განსახორციელებლად. მაგალითად თუკი ადამიანს სურს ჰქონეს წარმატებული კარიერა ამისთვის მას სჭირდება დარწმუნდეს ჯერ საკუთარ შესაძლებლობებში, მიიღოს განათლება და ბოლოს იყოს მუყაითი. ეს ჩამონათვალი მთავარი მიზანის ქვემიზნებია რის განსახორციელებლად კედევ გიწევს რაღაცეების (ფინანსური და სოციალური მდგომარეობის და ა.შ) გათვალისწინება. ყოველივე ამის შემდეგ უნდა ვაღიაროთ რომ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო.

და ბოლოს, ჯონ დიუიმ შემოგვთავაზა ახალი პროგრესული განათლება, რომელიც შეესაბამება დემოკრატიულ მმართველობას, რომლის ლოზუნგია “სწავლა კეთებით“, თუმცა ისმის კითხვა: რა შემთხვევაში მივაღწევთ პროგრესს? პასუხი ამგვარია: თუკი გამოვიძიებთ თუ რა არის განათლება და რა მნიშვნნელობა ენიჭება მას ადამიანის ცხოვრებაში, მივხვდებით რომ პროგრესი ახლოსაა და განათლებაც არა თუ ცარიალი ლოზუნგი, არამედ რეალობაა.

1. დიმიტრი უზნაძეა (1886-1950) ,,პედაგიური თხუზულებანი“,თავი ,,პედაგოგიური პრაქტიკის უდიდესი ნაკლი“,გვ.31.
2. ჯონ დიუი (1859-1952) ,,გამოცდილება და განათლება“,თავი ,,ტრადიციული განათლება პროგრესული განათლების წინააღმდეგ“,გვ.258.
3. დიმიტრი უზნაძე ,,პედაგოგიური თხუზულებანი“
4. იმანუელ კანტი (1724-1804) ,,პასუხი კითხვაზე:რა არის განმანათებლობა?“

***
კურსის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: