Posted by: burusi | 05/06/2013

მარიამ ვასაძე – საყოველთაო ჭეშმარიტება და მრავალი აზრი (ფრიდრიხ ნიცშე)

ტალღა - Wave, ალექს ბერდიშევი

ტალღა – Wave, ალექს ბერდიშევი

მარიამ ვასაძე – საყოველთაო ჭეშმარიტება და მრავალი აზრი

ფრიდრიხ ნიცშეს “ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით” მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

კონსტანტინე გამსახურდია ფრიდრიხ ნიცშეზე, მე-19 საუკუნის უდიდეს გერმანელ ფილოსოფოსზე, წერს: “შენ ამ სამყაროს უდუელოდ ვერ შეეთვისე”. ნიცშემ მართლაც დუელში გამოიწვია მთელი სამყარო, დაამხო ძველი ფილოსოფოსების წარმოდგენები საყოველთაო ჭეშმარიტების შესახებ (რომელიც საყოველთაო წესრიგის დამყარებისკენ იყო გამიზნული) და მათი გადაფასება მოახდინა. მისი აზრები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მსოფლიო საზოგადოებაზე და დაამკვიდრა სამყაროს შესახებ სრულიად ახალი, განსხვავებული ხედვა.

თავის შრომებში ნიცშე განიხილავდა ადამიანის ბუნებასა და ზნეს, საზოგადოების განვითარების ეტაპებს, რელიაგიისა და კულტურის საკითხებს. მისი აზრით, ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს დოგმებით, რადგან ისინი არ აძლევენ მას განვითარების საშუალებას. ადამიანი, რომელიც დოგმებით, გაწერილი ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობს ხდება რობოტი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. ნიცშე თვლიდა, რომ ადამიანი ვერ შეძლებს საღად აზროვნებას სანამ ის ემორჩიელება საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ დოგმებს. ასეთი ადამიანი აზროვნების დონით ემსგავსება მაიმუნს და ხშირად უფრო მეტად არის მაიმუნი, ვიდრე მაიმუნი თავად.

ადამიანი განუწყვეტლივ ბრძოლაში უნდა იყოს, უპირველესად საკუთარ თავთან. ასეთი ბრძოლით ხდება ადამიანი უფრო უკეთესი ვიდრე არის. თუ ადამიანი არ ებრძვის საკუთარ თავს, არ ცდილობს დოგმებისაგან განთავისუფლებას, მისი ცხოვრება ხდება ყალბი, და მხოლოდ ნიღბებით თამაში. “ჩააბარო გამოცდა საკუთარ თავთან”, გამოფხიზლდე და იაზროვნო – ეს არის სწორედ ადამიანის მიზანი.

თავის ნაშრომში, “ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე”, ნიცშე გვესაუბრება ჭეშმარიტების შესახებ. იგი უპირისპირდება სხვა ფილოსოფოსებს და სრულიად ახალი, განსხვავებული აზრი შემოაქვს. არისტოტელე ამბობდა: “აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას”. ეს ჭეშმარიტება, არისტოტელეს ფილოსოფიის მიხედვით, ყველასათვის საერთო, ერთი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ადამიანები უნდა იზიარებდნენ. არისტოტელეს მსგავსად, ძველი ფილოსოფოსების ნააზრევი გამიზნული იყო საყოველთაო ჭეშმარიტებისკენ. საყოველთაო ჭეშმარიტება კი გულისხმობს ერთი, ყველასათვის საერთო ჭეშმარიტი აზრის სუფევას. მათი აზრით, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტების რწმენა დაამყარებდა საყოველთაო სიმშვიდეს და წესრიგს. ნიცშე ასეთ წესრიგს აღუდგა წინ. მისი აზრით, ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, საყოველთაო, არამედ არსებობენ მრავალი, სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი აზრები.

ნიცშეს ფილოსოფია ანგრევს დამკვიდრებულ საყოველთაო ჭეშმარიტებას. ნიცშეს მიხედვით, ყველა ინდივიდს საკუთარი მორალი და ჭეშმარიტება გააჩნია, ყველას თავისი ხედვა და აზრი აქვს და ადამიანს სრულიადაც არ სჭირდება საყოველთაოდ დაწესებული იდეებისადმი პატივისცემა და მიღება. ამით იგი ახდენს იმ ღირებულებების გადაფასებას, რასაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ. ასეთი ჭეშმარიტება იმდენად დამკვიდრდა, რომ ადამიანს მასში უკვე ვეღარ შეაქვს ეჭვი და არც ცდილობს გაიგოს რამდენად ჭეშმარიტია ეს აზრი.

ნიცშეს აზრით, ჭეშმარიტება ჰგავს მონეტას, რომელზეც გამოსახულება წაშლილია და იგი არა მონეტად, არამედ მხოლოდ ლითონადღა აღიქმება. წაშლილი გამოსახულება იგივეა რაც ცხოვრება სიყალბეში, რომლიდანაც საჭიროა გამოფხიზლება.

ნიცშე ასევე საუბრობს ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა: სიმხდალე და თავის მოტყუება. ადამიანები ჭეშმარიტების ცნებასა და ინტელექტსაც არასწორად იყენებენ. სიცრუეს ჭეშმარიტების სახელით ნიღბავენ და საკუთარი სარგებლობისათვის იყენებენ. ასეთი საქციელი კი სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების ბოროტად გამოყენება. ამით ადამიანი იტყუებს საკუთარ თავს და ატყუებს სხვასაც.

რისთვის ჭირდება ადამიანს ტყუილი? პასუხი მარტივია, საკუთარი თავის გადასარჩენად, რადგან ადამიანებს აქვთ მათზე ძლიერთან ბრძოლაში დამარცხების შიში. ადამიანს სურს გადარჩეს, დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, რისთვისაც იძულებულია, რომ აღიაროს საყოველთაო ჭეშმარიტება. ნიცშე ეწინააღმდეგება ასეთი ჭეშმარიტების აღიარებას, რადგან იგი მეტაფორული ხასიათისაა და არარეალურია. მზე ან ლურჯი ცა ჩვენ მიერ მოგონილი სახელია იმ ჭეშმარიტი ბუნების გამოსახატავად რაც სინამდვილეში მათ აქვთ. ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, რადან მეტაფორა სინამდვილე არ არის.

ნიცშე იგივე აზრს ავითარებს ცნებებთან მიმართებით. მისი აზრით, ენა არ გამოსახავს საგნების არსს. ცნებები მორგებულია უთვალავ მეტნაკლებად მსგავს შემთხვევებზე, მოვლენებზე, რომლებიც არასოდეს არიან ერთიდაიგივე. ყოველი ცნება წარმოშობს არაიგივეობრივი საგნების გაგებას. ნიცშეს მაგალითისთვის მოჰყავს ფოთოლი. ერთი ფოთოლი ზუსტად ისეთივე ვერ იქნება როგორც მეორე. ფოთოლის განზოგადებული ცნებით იკარგება ინდივიდუალური მრავალფეროვნება, რადგან ნეკერჩხლის ფოთოლსაც და ფიჭვის წიწვსაც ერთიდაიგივე ცნებით მოვიხსენიებთ და ვუწოდებთ ერთ სახელს – ფოთოლი. ნეკერჩხლის ფოთოლი და ფიჭვის წიწვი ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდება და ცნებით “ფოთოლი” ჩვენ ვერასოდეს მივხვდებით რომელ ფოთოლზე გვაქვს საუბარი. ადამიანებს გვგონია, რომ ნივთებს კარგად ვიცნობთ, როდესაც ხეებზე, თოვლსა და ყვავილებზე ვსაურობთ. რეალურად კი ამ ნივთების მხოლოდ მეტაფორები გვაქვს, რომლებიც მათ თავდაპირველ არსს არ შეესაბამება.

ნიცშე ეწინააღმდეგება ინტელექტზე ისეთი ავტორიტეტული მოაზროვნეების შეხედულებებს, როგორებიც იყვნენ პლატონი და დეკარტი.  მისი აზრით, ასწლეულებმა ჩაიარა ინტელექტის გარეშე და თუ იგი არსებობას შეწყვეტს, ამით არაფერი დაშავდება, რადგან არაფერია ბუნებაში იმაზე უბადრუკი და უმნიშვნელო როგორც ადამიანის ინტელექტი, ისიც ისეთივე ილუზორულია როგორც ჭეშმარიტება. ნიცშეს მიხედვით, ინტელექტი არის ადამიანის გადარჩენის საშუალება. ინტელექტის მეშვეობით უფრო სუსტი და დაკნინებული ადამიანები ცდილობენ შეინიღბონ ცრუ ინტელექტით და ძლიერ ადამიანებთან თანაარსებობისას საკუთარი თავი გადაარჩინონ. ადამიანები ინტელექტს თვალთმაქცობისთვის იყენებენ. “ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა – როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე“ – წერს ნიცშე.

მკვდარი მეტაფორების მონობისაგან განთავისუფლების გზაა ხელოვნება. ხელოვნება ილუზიას თვლის როგორც ილუზიას და ამით თავს არ იტყუებს. ხელოვნება ანთავისუფლებს ადამიანს, განთავისუფლებული ადამიანი კი არ ებღაუჭება ილუზორულ ცნებებს, და შესაბამისად არასოდეს ტყუის.

***
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: