Posted by: burusi | 05/06/2013

მარიამ ბასილიძე, სოფიკო ბერინაშვილი – “პროგრესის ორმაგი არსი” (კლოდ ლევი-სტროსი)

progress

მარიამ ბასილიძე, სოფიკო ბერინაშვილი – “პროგრესის ორმაგი არსი”

კლოდ ლევი-სტროსის „რასა და ისტორია“ მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

უდიდესი ფრანგი ფილოსოფოსი, ანთროპოლოგი და ეთნოლოგი, კლოდ ლევი-სტროსი თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომში „რასა და ისტორია“, რომელიც ათი თავისაგან შედგება, ორ თავს უთმობს პროგრესსა და მის ორმაგ არსზე საუბარს. ლევი-სტროსის თქმით კაცობრიობამ დასაბამიდან დღემდე უამრავი პროგრესული სვლა განახორციელა. ამ ფაქტის უარყოფას არც ცდილობს, თუმცა მოგვიწოდებს, რომ პროგრესის არსს მეტი სიფრთხილით ჩავწვდეთ და გავიაზროთ.

და მაინც, რა არის პროგრესი? რას წარმოადგენს მისი არსი და რაში ვლინდება იგი?

ტერმინი პროგრესი ლათინური სიტყვიდან progressus მომდინარეობს და ითარგმნება, როგორც განვითარება, წინსვლა, წარმატება. თუმცა ლევი-სტროსის თქმით პროგრესი არ ნიშნავს ყოველთვის წინსვლას, რომ მან შეიძლება შეიცვალოს ორიენტაცია და იქცეს რეგრესად. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი ადამიანური ყოფის განუყოფელი ნაწილია და ისინი ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს. კაცობრიობა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მუდამ პროგრესისკენ ისწრაფვოდა – ქმნიდა ახალს, ცდილობდა გაეუმჯობესებინა წინამორბედი და უკეთესობისკენ შეეცვალა საკუთარი ცხოვრება. თუმცა, საკითხავია საით მიყავდა ამ ერთი შეხედვით პროგრესულ სვლებს საზოგადოება?

როგორც ყველაფერს, პროგრესსაც აქვს ორი მხარე, ზოგისთვის იგი სასიკეთოა, ზოგისთვის კი ბოროტების იარაღად იქცევა ხოლმე, იმისდა მიხედვით როგორ გამოიყენებ მას. გასათვალისწინებელია ისიც თუ რა კონტექსტში განვიხილავთ მას. თუ ჩვენ ამ უკანასკნელს მხოლოდ რომელიმე ერთი ადამიანის კონტექსტში განვიხილავთ დავინახავთ რომ მისთვის წინსვლას წარმოადგენს ყოველი ნაბიჯი, რომელიც მას საკუთარ მიზანთან აახლოვებს. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ეს ერთ ადამიანს კი არა მთელ მსოფლიოს ან თუნდაც საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანით და მისი მისწრაფებებით ვერ შემოვიფარგლებით, რადგან შეიძლება ის რაც ერთისთვის პროგრესია გლობალური უკუსვლის მიზეზი გახდეს. ბირთვული იარაღის მაგალითი კი ყოველივე ზემოთქმულს დამაჯერებლად გვიჩვენებს. მეცნიერებმა დიდი ხნის კვლევისა და ცდების შედეგად ატომი გახლიჩეს, ეს რასაკვირველია თვალსაჩინო პროფესიული წინსვლა იყო, თუმცა გავიდა დრო და ეს ყოველივე ატომური იარაღის შექმნას დაედო საფუძვლად, ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ დღესდღეობით არსებობს იარაღი, რომელსაც შესწევს უნარი მიწასთან გაასწოროს ყოველივე. ნუთუ შეგვიძლია ამას ვუწოდოთ წინსვლა? შეიძლება კი პროგრესად მივიჩნიოთ 214 000 უდანაშაულო მსხვერპლი და დაავადებული შთამომავლობა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში? რა თქმა უნდა არა! უდიდესმა მეცნიერულმა პროგრესმა განვითარების გზაზე ორიენტაცია შეიცვალა და რეგრესად იქცა.

აღსანიშნავია, რომ რეალური პროგრესი ცალმხრივი მიმართულებით არ ვითარდება, იგი სხვადასხვა სფეროში ერთდროულად იჩენს თავს. ამის მაგალითია XIV–XVI საუკუნეების რენესანსის, ანუ აღორძინების ხანა, ესაა პერიოდი როცა უამრავი სფერო განვითარდა, წინ წავიდა და რაღაც ახალი მოიტანა.

ახლა კი განვიხილოთ არსებობს თუ არა რაიმე კავშირი გამოცდილებასა და პროგრესს შორის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანი მყარ ურთიერთკავშირშია. ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ჯონ დიუი ამბობს: „თითოეული გამოცდილება მუდამ რაღაცას იღებს მისი წინამორბედი გამოცდილებისაგან…“ ეს პროცესი კი შეგვიძლია შევადაროთ ზრდას, წინსვლას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ყოველი მომდევნო დაცემა გამოცდილებაა, რომლის საბოლოო შედეგი გამართული სიარულია. ფაქტიურად, ალბათ, სწორედ გამოცდილება უდევს ნამდვილ პროგრესს საფუძვლად. ადამიანი გამოცდის ცუდს და ცდილობს აღარ გაიმეოროს იგი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არ გამოსდის. ადამიანს რომ ტირანია არ გამოეცადა ალბათ დემოკრატიაზე არც იფიქრებდა.

საბოლოოდ კი ალბათ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ყოველივე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ იმას რაც გვაქვს, სწორედ ჩვენ სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობას მივყავართ პროგრესამდე და ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯებია რეგრესის მიზეზი. გამოჩენილი ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი და მოაზროვნ, ჟან-ჟაკ რუსო ამბობს: „კარგად გამოყენება დროს კიდევ უფრო ძვირფასად აქცევს“, ფრანგი მწერლის, ემილ ზოლას თქმით კი: „ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში – ესაა განუწყვეტელი მისწრაფება წინ“. მართლაც, აუცილებელია, რომ ჩვენი დრო გამოვიყენოთ უკეთესის ძიებაში, ვისწრაფვოთ წინ და ნამდვილი პროგრესიც არ დააყოვნებს.

საინტერესოა ისიც, თუ საით მიდის თანამედროვე მსოფლიო, ნუთუ მისი სვლები ნამდვილად პროგრესულია? რთულია ყოველივე ასე მარტივად განჭვრიტო, როგორც ამბობენ, დრო საუკეთესო შემფასებელია, მხოლოდ მას შესწევს უნარი დაგვანახოს თუ საით მივდივართ რეალურად. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდოთ შედეგებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროგრესი პირობითი ცნებაა, რომლის მნიშვნელობის შეფასება მხოლოდ იმის მიხედვით შეიძლება, თუ საით და რასთან მივყავართ მას. პროგრესი შედეგში ვლინდება და არა მხოლოდ იდეაში, რომელიც ერთი შეხედვით წინსვლას ემსახურება, რამეთუ არავინ იცის, იდეა რომელიც პრაქტიკაში ხორციელდება განვითარების გზაზე რა ტრანსფორმაციას განიცდის და საბოლოოდ რა შედეგის მომტანი აღმოჩნდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

 კლოდ ლევი-სტროსი – „ რასა და ისტორია“ , შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II
 ჯონ დიუი – „ გამოცდილება და განათლება“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II
 „ სიბრძნის სიმფონია” – გამომცემლობა „ხელოვნება“, 1989 წწ. ( ჟან-ჟაკ რუსო, ემილ ზოლა)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: