Posted by: burusi | 05/06/2013

ანა გახარია, მარიამ ხურციძე – ”ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით”

ფრიდრიხ ნიცშე - Friedrich Nietzsche

ფრიდრიხ ნიცშე – Friedrich Nietzsche

ანა გახარია, მარიამ ხურციძე – ფრიდრის ნიცშეს ნაშრომის ”ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც აზროვნება შეუძლია. რის ძალას აძლევს ადამიანს აზროვნების უნარი? რა არის შემეცნება? რის საშუალებას წარმოადგენს ის გონიერი არსებობისთვის? ამ კითხვებზე პასუხს იძლევა გერმანელი ფილოსოფოსი ნიცშე.

ნიცშეს ფილოსოფია, რომელიც ყველა ღირებულების გადაფასების ცდაა, აფუძნებს შემეცნების გარკვეულ წესს, რაც გულისხმობს, რომ შეუძლებელია ადამიანმა ბოლომდე გაიაზროს ამა თუ იმ კულტურული ფენომენის ნამდვილი საზრისი, თუ არ მოხდა მისი ღირებულებების საფუძველთან მისვლა.

ნიცშეს აზრით, შემოქმედებას განსაზღვრავს დიონისური და აპოლონური საწყისი, ისევე როგორც სიცოცხლეს – საპირისპირო სქესთა ერთობა. დიონისური საწყისი წარმოადგენს ერთობას ადამიანსა და ბუნებას შორის, რომლის გამოხატულებად ნიცშეს მიაჩნია თრობა, რომელიც წარმოშობს მისტიკის არაპლასტიკურ ხელოვნებას. აპოლონური საწყისი ადამიანის წარმოსახვის უნარს მიიჩნევს შემოქმედებით ძალად, რომლის განუსაზღვრელობა გარდაქმნის მრავალფეროვან სახეებად და შესაბამისად წარმოშობს ხელოვნებას, რომელიც ადამიანური ყოფის სიმძიმეს მშვენიერების სამყაროდ გარდაქმნის.

ნიცშეს ”ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით” იწყება იგავით: ”მზის სისტემათა მოციმციმედ გადმოღვრილი კოსმოსის ერთ შორეულ კუთხეში, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს. ეს იყო “სამყაროს ისტორიის” ყველაზე ამპარტავანი და სიცრუით სავსე წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ წუთად დარჩა. ბუნებამ ორიოდეჯერ თუ მოასწრო ამოსუნთქვა, სანამ ვარსკვლავი გაშეშდებოდა და გონიერმა ცხოველებმაც სული დალიეს.”

იგავი ცხადყოფს, თუ როგორ უაზროდ და არაფრით გამორჩეულად გამოიყურება ადამიანის ინტელექტი ბუნებაში. საუკუნეებმა ჩაიარეს ინტელექტის გარეშე და თუ იგი არსებობას შეწყვეტს, ამით არაფერი დაშავდება. ინტელექტი ადამიანურია და მხოლოდ ადამიანი ეპყრობა მას ისეთი პათეტიკურობით, თითქოს სამყაროს ღერძი მასში ბრუნავს.

ნიცშე თვლის, რომ ადამიანის ინტელექტი ზოგადად არაფერს განსაზღვრავს ყოფიერებაში, ის მხოლოდ ადამიანისთვის წარმოადგენს განუსაზღვრელ ძალას, ფაქტორს. ნებისმიერ არსებას თავისი მიმართება აქვს სამყაროსთან. ნიცშე ამბობს: კოღოსთან საუბარი რომ შეგვეძლოს, მაშინ ის გვეტყოდა, რომ ჰაერში დიდი პათოსით დაცურავს და სამყაროს მფრინავ ცენტრს შეიგრძნობს. ასევე ამაყ ადამიანს სურს, რომ სამყაროს თვალი ყოველი მხრიდან ტელესკოპივით მისი ქებისა და აზროვნებისაკენ იყოს მიმართული.

ინტელექტი ადამიანის, როგორც წარმავალი არსების დამხმარე საშუალებაა, რათა ის ერთი წუთით მაინც შეაჩეროს ყოფიერებაში. ქედმაღლობა დამაბრმავებელი ბურუსივით აფენია ადამიანის თვალებს და ამიტომაც ცდება იგი ყოფიერების შეფასებაში. ინტელექტი ინდივიდის შენარჩუნების საშუალებაა, რომელიც თავის ძირითად უნარებს თვალთმაქცობაში ასახავს. ინდივიდმა, რომ სხვა უფრო ძლიერ ინდივიდთნ თავი შეინარჩუნოს,თვალთმაქცობის უმაღლეს მწვერვალზე ადის. ესაა: თავგზის აბნევა,მაამებლობა,სიცრუე,შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეტენზიულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, მსახიობობა – როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე, მოკლედ, ამაოების ალის ირგვლივ გაუთავებელი წრიალი, რაც იმდენადაა წესად და კანონად ქცეული, რომ შეუძლებელია გაჩენილიყო ადამიანებში გულწრფელი და წმინდა სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ.

ნიცშე თვლის,რომ ადამიანებს ისე ღრმად აქვთ შეტოპილი უზნეობებსა და ზმანებებში, რომ მათი თვალი მხოლოდ ნივთების ზედაპირზე ბორძიკობს და ”ფორმებს” ხედავს, მათი შეგრძნება ჭეშმარიტებისაკენ კი არ მიიწევს, არამედ ნივთების ზედაპირზე ერთგვარი თითების ფათურით კმაყოფილდება.

ნიცშე სვამს კითხვას: რა იცის ადამიანმა საკუთარი თავის შესახებ? ხელეწიფება კი მას საკუთარი თავის სრულყუფილად აღქმა? ხომ არ უმალავს ყველაზე მთავარს მისი სხეულის შესახებ, რათა ოინბაზურ ცნობიერებაში შეიტყუოს და გამოამწყვდიოს. ბუნებამ მოისროლა გასაღები, ადამიანი კი ცდილობს ის თავისი ინტელექტის შესაბამისად ცხოვრებას მოარგოს, თვალთმაქცობის საშუალებით.

შეუძლებელია არ დაეთანხმო ნიცშეს მოსაზრებას, რომ ”როგორც კი ინდივიდს სხვა ინდივიდებთან მიმართებაში საკუთარი თავის შენარჩუნების სურვილი უჩნდება, საგანთა ბუნებრივ წესრიგში, იგი ინტელექტს, როგორც წესი, მხოლოდ თვალთმაქცობისთვის იყენებს”.

ადამიანს, გასაჭირისა და მოწყენილობის გამოც საზოგადოებრივად და ჯოგურად არსებობა სურს, რისთვისაც მას სამშვიდობო შეთანხმება ესაჭიროება, რასაც თან მოჰყვება ისეთი რამ, რაც ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის პირველ ნაბიჯს წააგავს, ესაა კომუნიკაციის საშუალების, ენის გამოგონება. აქ ფიქსირდება პირველი ”ჭეშმარიტება”. ნივთებს თანაბრად მისადაგებულ და ხელმისაწვდომ განსაზღვრებებს გამოუგონებენ და ენის კანონმდებლობაც ჭეშმარიტების პირველ კანონს გამოსცემს.

ნიცშე თვლის, რომ ენა არის ჭეშმარიტებისა და სიცრუის პირველი კონტრასტი: მისადაგებელი განსაზღვრებები მატყუარაა და იგი არ არის რეალობის ადეკვატური გამოხატულება. ნიცშე სიტყვას უწოდებს: ”აღგზნებული ნერვების ანარეკლს ბგერებში.” იგი თვლის, რომ სრულიად გაუგებარი და არაფრად ღირებულია ენა შემოქმედისთვის, რადგან ის მხოლოდ ადამიანებთნ ნივთების ურთიერთკავშირს ასახავს და არა საგნების ნამდვილ არსს და ამიტომ ადამიანი მათ გამოსახატავად საკმაოდ გაბედულ მეტაფორებს იშველიებს. ხატად გარდაქმნილი ნერვული აღგზნება პირველი მეტაფორაა. ბგერაში ფორმირებული ხატი-მეორე.

ნიცშეს სიტყვის მნიშვნელობის სიმცდარის დამამტკიცებლად მოყავს ”ფოთლის” მაგალითი. ის თვლის რომ ეს სიტყვა საგანთან მიმართებით არაიგივეობრივია, რადგან ბუნებაში უამრავი ტიპის ფოთოლი არსებობს და სიტყვაც მათ არსს ზუსტად ვერ გამოხატავს ისევე, როგორც სიტყვა ”პატიოსანი”, ადამიანის ბუნებას, რადგან ჩვენ არაფერი ვიცით იმ არსობრივი ხარისხის შესახებ, რომელსაც ”პატიოსნება” დაერქმეოდა, და როცა ამ სიტყვით გამოვხატავთ ადამიანის თვისებას, გამოვტოვებთ მთავარს – ინდივიდუალურსა და ცხადს.

ნიცშე ასკვნის რომ ჭეშმარიტება არის მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზების მოძრავი ჯარი, რომლის პოეტურად და რიტორიკულად მოხაზვა მოხდა და ხალხის მიერ ხანგრძლივად ხმარების გამო თავს კანონიკურად და სავალდებულოდაც კი წარმოაჩენს: ჭეშმარიტება ილუზიებია, რომელთა რაობაც, არის ის, რომ ისინი გაცვეთილ და აზრობრივად უძლურ მეტაფორებადაა ქცეული.

საზოგადოება აწესებს სიტყვებს, მყარ კონვენციებს, ეჩვევა მათ საუკუნეების გამავლობაში და არაცნობიერად იტყუება და სწორედ ამ არაცნობიერებისა და დავიწყების მეშვეობით ეუფლება ჭეშმარიტების გრძნობა. ადამიანი თავის შთაბეჭდილებებს უფერულ ცნებებად განაზოგადებს, რათა მათ საკუთარი ცხოვრებისა და ქმედების ლოკომოტივი მიაბას. კასტებისა და ხარისხის მიხედვით პირამიდულ წესრიგს აგებს, კანონების პრივილეგიების, დაქვემდებარებულობის, საზღვრების ახალ სამყაროს ქმნის: რაც შეხედულებითი, პირველი შთაბეჭდილების სამყაროს უპირისპირდება.

ნიცშეს აზრით, ადამიანი, როგორც უზომოდ გენიალური მშენებელი, ნიცშეს გაოცებას იწვევს და შენებაში გენიალურობის მაშტაბებით ის ადამიანს ფუტკარს ადარებს და თვლის, რომ თვით ფუტკარსაც კი აღემატება, რადგან ფუტკარი აშენებს ცვილისაგან, რომელიც ბუნებაში მოიპოვება, ადამიანი კი ცნებათა ბევრად უფრო ნაზი მასალისაგან, რომლებსაც თავად ქმის.

ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია ბუნების ძალთა შეუცდომლობაში, ასეთი დასკვნა გამოაქვს: რაც უფრო მივიწევთ სამყაროს ტელესკოპური სიმაღლეებისა და მიკროსკოპული სიღრმეებისაკენ, ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი სანდოდ, უსასრულოდ და უნაკლოდაა აგებული. ნიცშე სვამს კითხავს: რაღაა ჩვენთვის ბუნების კანონი? და პასუხობს: იგი ჩვენთვის არაა თავისთავადობა, ესაა ჩვენი ურთიერთმიმართება ბუნებასთან, ეს რეკაცია კი ერთმანეთს ეყრდნობა და მათი არსი ჩვენთვის გაუგებარი რჩება.

შეუფერხებლად მუშაობენ მეცნიერები ცნებათა უზარმაზარ კოლიმბარიუმზე -მსოფლმხედველობის ამ სამარხზე. აგებენ უფრო მაღალ სართულებს, ასუფთავებენ, აახლებენ ძველ საკნებს და მოწადინებულნი არიან ერთ უშველებელ, ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოში მოათავსონ მთელი ემპირიული სამყარო, რომელიც მხოლოდ ანთროპომორფულია.

მეტაფორების შექმნისაკენ მიმართული ყოველი სწრაფვა ადამიანის ფუნდამეტური სწრაფვაა. ამით იგი თავისი ქმედების ახალ სფეროსა და კალაპოტს ეძებს და მას მითოსსა საზოგადოდ ხელოვნებაში პოულობს. იგი განუწყვეტლივ ურევს ცნებების რუბრიკებსა და ადგილს, რათა ახალი გადატანები, მეტაფორები, მეტონიმიები შემოიტანოს. საკუთარი თავის მოტყუებისაკენ თვითონ ადამიანია მიდრეკილი. ინტელექტი, თვალთმაქცობის ეს ოსტატი, იმდენადაა მონური სამსახურისაგან თავისუფალი, რამდენადაც შეუძლია უზიანოდ შეცდენა და მაშინ ზეიმობს, შემოქმედებითი კმაყოფილებით აფრქვევს იგი მეტაფორებს და თავდაყირა აყენებს აბსტრაქციის საზღვრებს.

ფრიდრიხ ნიცშეს წინამდებარე ნაშრომი ”ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით” ავტორს არასოდეს გამოუქვეყნებია. რატომ არ აცნობდა ფილოსოფოსი ნაშრომს საზოგადოებას? თუ ნიცშეს დავეყრდნობით, ცნებები და სიტყვები, ვერბალური ურთიერთობები ინტელექტუალური ადამიანის მიერ შექმნილი სიცრუეა და შორსაა ჭეშმარიტებისაგან. ამის გათვალისწინებით, თვით ნიცშეს ნაშრომიც მცდარია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: