Posted by: burusi | 05/06/2013

ფრიდრიხ ჰაიეკი – “თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანობის წარმოშობა”

Friedrich Hayek

Friedrich Hayek

ფრიდრიხ ჰაიეკი – “თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანობის წარმოშობა”

ნაწყვეტი ფრიდრიხ ჰაიეკის წიგნიდან “სოციალიზმი” თავი II

არავის აქვს უფლება კერძო საკუთრებას ესხმოდეს თავს და ამტკიცებდეს, რომ აფასებს ცივილიზაციას. ორივე მათგანის ისტორია განუყოფელია.

ჰენრი სამნერ მენი

საკუთრება… განუყოფელი ადამიანის ეკონომიკისაგან მის საზოგადოებრივ ფორმაში.

კარლ მენგერი

ადამიანებს ზუსტად იმ ზომით აქვთ უფლება მოქალაქეობრივ თავისუფლებებზე, რამდენადაც მზად არიან თავიანთ ლტოლვილებს მორალის ბორკილები დაადონ; იმ ზომით, რამდენადაც სამართლიანობისადმი მათი სიყვარული, მათ სიხარბეს აღემატება.

უდმუნდ ბერკი

თავისუფლება და გაფართოებული წესრიგი

თუკი ზნეობრივმა ნორმებმა და ტრადიციებმა და არა ინტელექტმა და ანგარიშიანმა გონებამ შეაძლებინა ადამიანს ველურის დონეზე ამაღლებული, მაშინ საკუთრივ თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველი სწორედ ანტიკური ხმელთაშუაზღვისპირეთი უნდა იყოს. სწორედ აქ გახდა შესაძლებელი ერთმანეთისაგან საკმაოდ მოშორებულ რეგიონებს შორის სავაჭრო კავშირების დამყარება და იმ სათვისტომოებმა, რომლებმაც თავიანთ წევრებს ინდივიდუალური ცოდნის გამოყენების უფლება მისცა უპირატესობა მოიპოვა იმ სათვისტომოებთან შედარებით, რომელშიც ყოველი წევრის საქმიანობა იქაური მცხოვრებლების, ან მმართველის ცოდნით განისაზღვრებოდა. როგორც ცნობილია ცალკეულმა პიროვნება პირველად სწორედ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოიპოვა პირადი ცხოვრების დაკანონებული სფეროს დამოუკიდებლად მართვის უფლება. ამ უფლების საშუალებით ინდივიდებმა ცალკეული სათვისტომოების ერთმანეთთან დამაკავშირებელი, კომერციული ურთიერთობების მჭიდრო ქსელის შექმნა მოახერხეს. მისი ფუნქციონირება არ იყო დამოკიდებული ადგილობრივი ბელადების შეხედულებებსა და სურვილებზე, რადგნა იმ დროს საზღვაო ვაჭრების გადაადგილება ვერ იმართებოდა ცენრალიზებულად. ამ ეპოქის ერთ-ერთი აღიარებული ავტორიტეტული მცოდნის მოსაზრების თანახმად (მოსაზერებისა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არაა დამახინჯებული საბაზრო წესრიგის სასარგებლოდ), “ბერძნულ-რომაული სამყარო იყო – იქნებოდა ეს საკუთრება მიწის რამდენიმე აკრისა, თუ სენატორების და იმპერატორების უზარმაზარი სამფლობელოებისა; ეს იყო კერძო ვაჭრობისა და ხელოსნობის სამყარო (Finley, 1973).

სხვადასხვა, მრავალფეროვანი კერძო მიზნების მისაღწევად გამოსადეგი ასეთი წესრიგი მხოლოდ ინდივიდუალიზებული (Several) საკუთრების საფუძველზე თუ ჩამოყალიბდებოდა, მე მირჩევნია ვიხმარო “ინდივიდუალიზებული საკუთრება”, გ. ს. მენის ეს უფრო ზუსტი ტერმინი იმის აღსანიშნავად, რასაც ჩვეულებრივ კერძო საკუთრებას უწოდებდნენ ხოლმე. ინდივიდუალიზებული საკუთრება ნებისმიერი განვითარებული ცივილიზაციის ზნეობრივი ნორმების ბირთვია. როგორც ჩანს ძველი ბერძნები პირველნი მიხვდნენ, რომ ის ინდივიდის თავისუფლების განუყოფელი ნაწილიცაა. ცნობილია, რომ ძველ კრეტაზე კანონმდებლებმა ყოველივეს საფუძვლად მიიღეს ისე გარემოება, რომ თავისუფლება სახელმწიფოსათვის უმთავრესი სიკეთეა, რადგან სწორედ ის ხდის საკუთრებას მის საკუთრებად ვინც ის შეიძინა, ხოლო მონობაში შეძენილი საკუთრება მმართველებს ეკუთვნით და არა მართულთ (Strabo).

თავისუფლების მნიშვნელოვანი ელემენტის, ინდივიდების და ჯგუფების მიერ მათი სხვადასხვაგვარი ცოდნისა და ჩვევებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიზნისკენ სწრაფვის თავისუფლების მიღწევა შესაძლებელი გახდა არა მარტო კონკრეტული პირების დანიშვნით მრავალფეროვანი საწარმოო საშუალებების მაკონტროლებლად, არამედ კიდევ ერთი, პირველისაგან პრაქტიკულად განუყოფელი ცვლილების გამო, კერძოდ, ამ კონტროლის გადაცემის ნაცადი საშუალების კანონიერების აღიარებით. ინდივიდის მიერ თავისი ცოდნისა და მოლოდინების მიხედვით (ან იმ ცოდნისა და მოლოდინების მიხედვით, რომელიც გააჩნია ნებისმიერ ჯგუფს, რომლის წევრიც ის ნებაყოფლობით შეიქმნა) ამა თუ იმ კონკრეტული ნივთის გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია როგორც პირადი ცხოვრები სფეროს, ანუ იმ სფეროს კანონიერების საყოველთაო აღიარებაზე, რომლის ფარგლებშიც ინდივიდი თვითონ არის განმგებელი, ასევე, გარკვეულ საგნებზე უფლებების ერთი პირიდან მეორეზე გადაცემის საშალებების საყოველთაო კანონიერების აღიარებაზეც. ასეთი საკუთრების, თავისუფლების და წესრიგის არსებობის წინაპირობა ძველი ბერძნებიდან დღემდე იგივე რჩება: ეს არის კანონი; გარკვეული აბსტრაქტული წესების ერთიანობა, რომელიც ყოველ ინდივიდს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ დროს დარწმუნდეს, ვის შეუძლია გარკვეული კონკრეტული ნივთის ფლობა.

ზოგიერთ ნივთთან მიმართებაში კერძო საკუთრების ცნება, ალბათ, ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა, ამის მაგალითად ადღეული შრომის იარაღებიც გამოდგება. უნიკალური და ძალზე საჭირო იარაღის მისი შემქმნელის მიმართ კუთვნებულობა ისეთი ძლიერი იყო, მისი გადაცემა კი ფსიქოლოგიურად ისეთი ძნელი, რომ ის თავის შემქმნელს სამარეშიც თან ახლდა – როგორც ეს თოლოსებში, ან მიკენის პერიოდის სამარხებშია აღმოჩენილი. ამ შემთხვევაში საქმე გამომგონებლისა და “კანონიერი მფლობელის” გაიგივებასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე ამ ძირითადი იდეის მრავალრიცხოვან, ზოგჯერ ლეგენდად გამოხატულ ვარიაციებს შეიძლება შევხვდეთ. ხელმწიფე არტურის და მისი ხმლის ექსკალიბურის შესახებ შედარებით გვიანდელ თქმულებაში ნათქვამია, რომ ხმალის გადაცემა მაგიის ან “ზეციური ძალების” უმაღლესი კანონების მიხედვით ხდება და არა ადამიანური კანონების შესაბამისად.

მოყვანილი მაგალითების მიხედვით შემუშავებული საკუთრების ცნების გაფართოება და დაზუსტება თანდათან ხდება და დღესდღეიბუთაც ვერ ჩაითვლება დასრულებულად, ამ მცნებას ჯერ კიდევ ვერ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა მონადირეებისა და შემგროვებლების მომთაბარე ტომების ხანაში. ასეთი ტომების ყოველი წევრი საკვების და თავშესაფრის აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებული იყო თავისი აღმოჩენა თანამეტომეთათვის გაეზიარებინა, როგორც ჩან პირველი, ინდივიდუალურად შექმნილი ხანგრძლივი სარგებლობის იარაღების მფლობელები, სწორედ მათი შემქმნელები იყვნენ და ეს იმიტომ, რომ ამ იარაღებით სარგებლობა სხვას არავის შეეძლო. აქ უადგილო არ იქნებოდა ისევ ხელმწიფე არტური და ექსკალიბური გაგვეხსენებინა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არტურს არ გამოუჭედავს ექსკალიბური, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მისი ხმარება შეეძლო, ამასთან, ხანმოკლე სარგებლობის ნივთებზე კერძო საკუთრების წარმოშობა შედარებით გვიან გახდა შესაძლებელი, ჯგუფური სოლიდარობის შემცირებისა და ინდივიდებზე, ან უფრო შეზღუდული მოცულობის ჯგუფებზე (მაგ. ოჯახზე) პასუხისმგებლობის დაწესებასთან ერთად. ასევე, სავარაუდოა, რომ მიწების ნაყოფიერი ნაკვეთების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობამ განაპირობა მიწაზე ჯგუფური საკუთრებიდა კერძოზე გადასვლა.

ამ მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობის შესახებ ვარაუდები ბევრს არაფერს გვაძლევს. როგორც ჩანს, მეჯოგეობის მიმდევარი მომთაბარე ხალხებისა და მიწათმოქმედი ტომების განვითარების გზები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. გადამწყვეტ მომენტად ის გარემოება შეიძება ჩაითვალოს, რომ ინდივიდუალური საკუთრების განვითარება ვაჭრობის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, აქედან გამომდინარე კი, უფრო დიდი, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და ისეთი სიგნალების წარმოშობის წინაპირობაც, როგორიცაა ფასები, კერძო პირების დიდი ოჯახების თუ ნებაყოფლობით შექმნილი ჯგუფების მიერ, კონკრეტული ობიექტების ფლობის უფლების აღიარების შესახებ საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის გარემოება, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს ნებადართული იყო ისეთი ვინმეს არჩევა, ვინც განსაზღვრავდა თუ როგორ ყოფილიყო საკუთრება გამოყენებული. უნდა განვითარებული ისეთი დადგენილებებიც (განსაკუთრებით მიწასთან დაკვაშირებით) როგორიცაა მაღალი და დაბალი დონის მფლობელებს ან თანაბარუფლებიან მესაკუთრეთა და მოიჯარეთა შორის საკუთრების უფლებების “ვერტიკალური” განაწილება; ამის გარეშე თანამედროვე მიწათმოქმედება წარმოუდგენელია და დღეს ის გაცილებით ფართოდ გამოიყენება ვიდრე ეს საკუთრების შესახებ ამა თუ იმ საკმაოდ პრიმიტიული წარმოდგენი მიხედვით იყო დაშვებული.

არც ის არის საფიქრებელი თითქოს ტომები იყოს ის საფუძველი, რომელმაც კულტური მთელ განვითარებას მისცა დასაბამი; ისინი ამ უკანასკნელის პირველ პროდუქტს წარმოადგენს ამ “უძველეს” შეკრულ ჯგუფებს საერთო წარმომავლობა და სხვა ჯგუფებთან და ინდივიდებთან საერთო გამოცდილება აკავშირებთ, ამასთან არ არის აუცილებელი მათ ერთმანეთის შესახებ სცოდნოდათ (ამაზე შემდეგ თავში ვისაუბრებთ). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვიტყვით თუ როდის გახდნენ ტომები საერთო ტრადიციების შემნახველნი და როდის დაიწყო კულტურული ევოლუცია. და მაინც, ასეა თუ ისე დაწესებული თანამშრომლობა თუმცა ნელა და ხშირი უკან დახევებით, მაგრამ მაინც ფართოვდებოდა და ყველასთვის საერთო კონკრეტული მიზნები, საყოველთაო, ინდივიდუალური მიზნებისგან დამოუკიდებელი ქცევის აბსტრაქტული წესებით იცვლებოდა.

ევროპული ცივილიზაციის კლასიკური მემკვიდრეობა

როგორც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ბერძნებმა და განსაკუთრებით სტოელმა ფილოსოფოსებმა, თავიანთი კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობით, პირველებმა ჩამოაყალიბეს ზნეობრივი ტრადიცია, რომელიც რომაელებმა შემდგომ მთელს თავიანთ იმპერიაში გაავრცელეს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ტრადიცია ძლიერ წინააღმდეგობას იწვევს და ისევ და ისევ დავრწმუნდებით ამაში. თვითნ საბერძნეთში, ვაჭრობაში რევოლუციის გააფთრებული მოწინააღმდეგე სპარტელები არ სცნობდნენ ინდივიდუალურ საკუთრებას; პირიქით, ქურდობა ნებადართული იყო და წახალისდებოდა კიდეც. ამიტომ, ისინი დღესაც ცივილიზაციის უარმყოფი, ველური ხალხის პროტოტიპად რჩებიან. შეადარეთ XVIII საუკუნისდროინდელი, დოქტორ სამუელ ჯონსონის შეხედულება მათზე, გადმოცემული ბოსულის წიგნში “ცხოვრება” ან ფრიდრიხ შილერის ესსეში “სოდონისა და ლიკურგეს კანონმდებლობა”. და მაინც პლატონთან და არისტოტელესთან სპარტანული ადათ-წესების ნოსტალგიურ სევდას ვხვდებით. ეს სევდა დღესაც კი არსებობს და მისი არსი ყოვლისმომცველი ძალაზე დამოკიდებული მიკროწესრიგისადმი მისწრაფებაში მდგომარეობს.

ხმელთაშუაზღვისპირეთის მოვაჭრეთა დიდი საკრებულოები ცუდად იყო დაცული გაცილებით ომისმოყვარე რომაელებისაგან და როგორც ციცერონი აღნიშნავს, რომაელებმა შეძლეს რეგიონში გაბატონება და დაიმორჩილეს ყველაზე განვითარებული სავაჭრო ცენტრები – კორინთო და კართაგენი, რომელთაც თავიანთი საბრძოლო ბრწყინვალება (“ვაჭრობისა და ნასნობისკენ ლტოლვას”). მაგრამ რესპუბლიკის არსებობის ბოლო წლებში და რომის იმპერიის პირველი ასწლეულების პერიოდში, კომერციულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ინტერესების მქონე სენატორების მიერ მართული რომის იმპერია მსოფლიოსათვის ინდივიდუალიზებული საკუთრების ხუთი ყველაზე აბსოლუტური ფორმის საფუძველზე ჩამოყალიბებული კერძო სამართალის (private law) სიმბოლოდ იქცა. მსოფლიოს ისტორიის მანძლზე არსებული პირველი გაფართოებული წესრიგი დაიშალა და საბოლოოდ დაემხო მაშნ, როცა რომში, ხელისუფლებამ თავისუფალი ინიციატივის შევიწროვება გააძლიერა. მოვლენათა ასეთი თანამიმდევრობა შემდეგ ისევ და ისევ მეორდებოდა: ცივილიზაცია შეიძლება ვრცელდებოდეს, მაგრამ არ შეიძლება მნიშვნელოვნად წაიწიოს წინ ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც მოქალაქეებს ყოველდღიური საქმეებით ხელმძღვანელობის უფლებას ჩამოართმევს და მას თავზე აიღებს. ჯერ არც ერთ განვითარებულ ცივილიზაციას არ მიუღწევია წარმატებისთვის ისეთი ხელისუფლებით, რომლის უმთავრეს მიზანს კერძო საკუთრებაზე ზრუნვა არ შეადგენდა. “ძლიერი” ხელისუფლება კი ისევ და ისევ ახერხებდა იმის ზრდასა და აყვავებას, რასაც ასე უწყობდა ხელს ეს მზრუნველობა. მზრუნველობა ხელისუფლებისა, რომელსაც ინდივიდების თავისივე მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვა შეუძლია. ასეთი ხელისუფლება სპონტანური, ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე დაფუძნებული გაცილებით, რთული წესრიგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ტენდენცია მაინც ჩნდება. ტენდენცია იმ თავისუფლების ჩახშოვისა, რომელსაც ადრე თითქოს თავისი სიბრძნის დასადასტურებლად და “საზოგადოებრივი ინსტიტუტების ქაოტური განვითარების აღსაკვეთად” იცავდა. (როგორც ეს აღნიშნულია Fantana Harper Dictionary of Modern Thought, 1977 ლექსიკონში, სტატიაში “სოციალური ინჟნერია”)

თუ რომის დაცემამ ვერ შეაჩერა ევოლუციის პროცესი ევროპაში, (მოგვიანებით კი აზიისგან დამოუკიდებლად ცენტრალურ ამერიკაში) ეს მძლავრმა ხელისუფლებამ მოახერხა, მათ არსებითად ევროპის შუასაუკუნეების დროინდელი სისტემების მსგავსი, მაგრამ გაცილებით მძლავრი ძალაუფლება გააჩნდათ და ისინი ასევე წარმატებით ახშობდნენ კერძო ინიციატივასაც, თუმცა სახელმწიფო ძირითადად აჯანყებებს ახშობდა, სწორი გზიდან გადახრებსაც რეგულარულად ასწორებდა და მზად იყო რადაც არ უნდა დასჯდომოდა ტრადიციული წესრიგის ხელშეუხებლობა შეენარჩუნებინა, ამ ქვეყნებიდან ყველაზე ღირსშესანიშნავ, იმპერატორის დროინდელ ჩინეთში, ცივილიზაციისა და რთული საწარმოო ტექნოლოგიების განვითარება, პერიოდულად განმეორებად “შფოთიანობის ეპოქებში” ხდებოდა. თუმცა, ასეთ შფოთიანობას და აჯანყებებს რეგულარულად ახშობდნენ ძლიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტრადიციული წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებით.

ამ უდიდესი ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესში ხელისუფლების როლის შესახებ ეგვიპტის ინსტიტუტებისა და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ კვლევაში, ჟაკ პირენი საუბრობს საკუთრებაზე, რომელიც მესამე დინასტიის მმართველობის ბოლოს “ინდივიდუალური და ხელშეუხებელი იყო და მთლიანად მფლობელზე იყო დამოკიდებული”, რაც არსებითად ჯერ კიდევ მეხუთე დინასტიის პერიოდში შერყეული საკანონმდებლო სისტემის ინდივიდუალურ ხასიათზე მიუთითებს. ამან მეთვრამეტე დინასტიის პერიოდში სახლმწიფო სოციალიზმის ჩამოყალიბება განაპირობა, რაც აღწერილია სხვა ფრანგი მკვლევრის მიერ იმავე წელს გამოცემულ წიგნში (Dairines, 1934). სახელმწიფო სოციალიზმი აქ შემდგომში ორი ათასი წლის მანძილზე ბატონობდა და უპირატესად ამით აიხსნება ამ პერიოდის ეგვიპტური ცივილიზაციის უძრავი ხასიათი.

ასევე შეიძლება ითქვას გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში ევროპული ცივილიზაციის აღორძინების ხანის შესახებაც. კაპიტალიცზმის გავრცელება და ევროპული ცივილიზაცია თავის წარმოშბას და raison d’eire-ს (არსებობის აზრს, მიზანს) სწორედ კერძო საკუთრების განვითარებას უნდა უმადლოდეს. თანამედროვე ინდუსტრიალიზმი განვითარდა არა იქ, სადაც ხელისუფლება უფრო ლიერი იყო, არამედ იტალიური აღორძინების ქალაქებში, სამხრეთ გერმანიაში, ჰოლანდიაში და ბოლოს ინგლისში, მმართველობის მისი ურბილესი სისტემით, ანუ იქ, სადაც მართავდნენ მოქალაქეები და არა მეომრები. მომსახურეობის გაცვლა-გამოცვლის მჭიდრო ქსელი, რომელიც გაფართოებულ წესრიგს გამოკვეთდა, საფუძვლიანად იზრდებოდა ინდივიდუალიზირებული საკუთრების დაცვის და არა ამ უკანასკნელის სახელმწიფოს მიერ მართვის შემთხვევაში.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ისტორიკოსების მიერ საყოველთაოდ მიღებული ფორმულა, რომელშიც ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება კულტურული ევოლუციის კულმინაციადააა დასახული არასწორია და ეს უკანასკნელი ხშირად სწორედ სახელმწიფოს აღსასრულს მოასწავებდა. ამ შემთხვევაში ისტორიკოსებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და შეცდომაშის შეყავს ისინი, პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელთა მიერ დატოვებულ წესრიგის ნამდვილ მშენებლებს, რომელთაც არსებითად შექმნეს ის სიმდიდრე, რომლის გარეშეც ეს ძეგლები არ იარსებებდა. არ დაუტოვებიათ თავიანთი მიღწევების საკმარისად ნათელი და მნიშვნელოვანი დასაბუთება.

“სადაც არ არის საკუთრება, იქ არ არის სამართლიანობა”

გაფართოებული წესრიგის აღმოცენების გამწრიახ თვითმხილველებს ეჭვი არ ეპარებოდათ იმაში, რომ მის საფუძველს ხელისუფლები მიერ გარანტირებული უსაფრთხოება წარმოადგენდა; ხელისუფლების იძულებითი ძალაუფლების ერთადერთი ამოცანა კი იმ აბსტრაქტული წესების დაცვით ამოიწურებოდა, რომელიც განსაზღვრავდა, თუ ვის რა უნდა მიკუთვნებოდა. ჯონ ლოკის “მესაკუთრეობრივი ინდივიდუალიზმი” არა მარტო პოლიტიკური თეორია, არამედ იმ პირობების ანალიზის შედეგიც იყო, რომელსაც ინგლისი და ჰოლანდია თავის აყვავებას უნდა უმადლოდეს. ლოკს კარგად ესმოდა, რომ სამართლიანობა, რომელსაც პოლიტიკური ხელისუფლება დაიცავს, თუკი სურს აყვავებისთვის საფუძველი ანუ ინდივიდების მშვიდობიანი თანამშრომლობა უზრუნველყოს, ვერ იარსებებს კერძო საკუთრების აღიარების გარეშე: “ის გარემოება, რომ “სადაც არ არის საკუთრება, იქ არა არის სამართლიანობა” – ისევე სარწმუნოა, როგორც ევკლიდეს ნებისმიერი მტკიცება; რამეთუ, თუ საკუთრების იდეა ეს არის უფლება გარკვეულ ნივთზე, ხოლო “უსამართლობის” იდეა სწორედ ამ უფლების ხელყოფა ან მისი დარღვევა. ცხადია, რადგანაც ეს იდეები ასეა დადგენილი და დაკავშირებულია ზემოხსენებულ დასახელებებთან, მე შემიძლია ისევე სარწმუნოდ შევიმეცნო ეს მდგომარეობა, როგორც ის, რომ სამკუთხედის სამი კუთხის ჯამი ორი მართი კუთხის ჯამის ტოლია” (John Locke). ამის შემდეგ სულ მალე მონტესკიემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ ვაჭრობამ შეუწყო ხელი ცივილიზაციის განვითარებას და ჩრდილო ევროპელებში წეს-ჩვეულებების შერბილებას.

დევიდ იუმის და XVIII საუკუნის სხვა შოტლანდიელი მორალისტებისა და თეორიტიკოსებისათვის ცხადი იყო, რომ ინდივიდუალიზირებული საკუთრების დამყარება, ცივილიზაციის დაწყებას მიანიშნებდა: საკუთრების მარეგულირებელი წესები იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობისა ჩანდა, ზნეობრივი ნორმების მთელი სისტემისათვის, რომ იუმმა მას “ადამიანის ბუნების შესახებ ტრაქტარის” დიდი ნაწილი მიუძღვნა. მოგვიანებით, “ინგლისის ისტორიაში” (თავი V) ამ ქვეყნის ძლევამოსილება მან სწორედ საკუთრების საქმეში ჩარევას დაუკავშირა; თვით ტრაქტატშიც მან ნათლად აჩვენა რომ თუკი კაცობრიობა დაიცავდა კანონს, რომელიც მფლობელობის უფლებებისა და საკუთრების გაცვლა-გამოცვლის მარეგულირებელი საყოველთაო წესების დადგენის ნაცვლად “უმეტესი მორალური ღირსების ბუნებრივი გაუგებრობითა და თითოეული ინდივიდის საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენით იქნებოდა გაპირობებული, გაურკვევლობა, კი იმდენად დიდი იქნებოდა, რომ ამ ღირსებიდან ვერ შევძლებდით ქცევის ვერც ერთი გარკვეული წესის გამოყვანას და ეს მოგვიანებით აუცილებლად მიგვიყვანდა საზოგადოების ნგრევასთან. აი რას ამბობს ის “კვლევაში”. “ფანატიკოსებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ძალაუფლება ღვთითაა ბოძებული და რომ მხოლოდ წმინდანები მბრძანებლობენ მიწიერ სამეფონიშ, მაგრამ სამოქალაქო ხელისუფალნი სამართლიანად აყენებენ ამ ნატიფ თეორიტიკოსებს ჩვეულებრივი ყაჩაღების გვერდით და უმკაცრესი სასჯელის გამოყენებით ასწავლიან მათ, რომ წესი რომელიც გონის მიხედვით საზოგადოებისათვის ძალზე მისაღები ჩანს, პრაქტიკაში შეიძლება სრულია დამღუპველი და გამანადგურებელი აღმოჩნდეს” (1777/1886).

იუმი კარგად ხედავდა რამდენად იყო ეს იდეები დაკავშირებული თავისუფლებასთან და რამდენად მოითხოვდა ყველასათვის მაქსიმალური თავისუფლება თითოეულის თავისუფლების თანაბარ შეზღუდვას. შეზღუდვის ამ საშუალებას ის სამ “ძირითად ბუნებრივ კანონს” უწოდებს. ესენია “საკუთრების სტაბილურობის, მისი შეთანხმების საშუალებით გადაცემისა და პირობის შესრულები” შესახებ კანონები (1739/1886). მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები აუცილლებლად განიცდიდა სამართლის ისეთი თეორიტიკოსებისა და შრომების გავლენას, როგორიცაა სერ მეთიუ ჰეილი, (1609-76) იუმი მაინც პირველი იყო ვინც მიხვდა, რომ საყოველთაო თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ თანშობილი ზნეობრივი ინსტინქტი “შეკავდება და შეიზღუდება მომდევნო დებულებებით” და “სამართლიანობა ან სხვა პიროვნების საკუთრებისადმი პატივისცემა, ერთგულება ან პირობის შენახვა აუცილებელი გახდება და ძალაუფლებას მოიპოვებს ადამიანებზე” (1741). იუმს არ დაუშვია შემდგომ პერიოდში ასე გავრცელებული შეცდომა და არ აურევია ერთმანეთში თავისუფლების ცნების ორი სხვადასხვა მნიშვნელობა. პირველი, რომელიც საკმაოდ კურიოზულია და გულისხმობს, რომ მხოლოდ მარტოდ მცხოვრებ ინდივიდს შეუძლია იყოს თავისუფალი და მეორე, რომლის მიხედვითაც ერთად მცხოვრები და ერთად მომუშავე ადამიანები შეიძლება იყვნენ თავისუფალნი და ამიტომაც თანამშრომლობის შედარებით განვითარებული ფორმებისათვის მხოლოდ საკუთრების აბსტრაქტული წესები, ანუ კანონის ძალის მქონე წესები შეიძლება იყოს თავისუფლების გარანტი.

ადამ ფერგიუნსონმა შეაჯამა ეს მოძღვრება და ველური ისეთი ადამიანად გამოაცხადა, რომელმაც ჯერ კიდევ არაფერი იცოდა საკუთრების შესახებ (1767/73). როგორც ადამ სმიტი აღნიშნავს, “ჯერ არავის უნახავს რომელიმე ცხოველს ჟესტებით ან ყვირილით ენიშნებინა მეორესათვის ეს ჩემია, ის შენიო” (1776/1976). ასე გამოხატეს მათ აზრი, რომელიც მშიერი და მძარცველი ბრბოების აჯანყებების მიუხედავად განათლებული ადამიანების თვალსაზრისს გამოხატავდა და ფერგიუსონის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ცხადი უნდა იყოს, რომ საკუთრება პროგრესის პირობაა” (ibid). ეს საკითხები, როგორც ჩვენ უკვე შევნიშნეთ, ენათმეცნიერებასა და იურისპუნდენციაშიც განიხილება. ისინი ღრმად იყო გააზრებული XIX საუკუნის კლასიკურს ლიბერალიზმში და, როგორც ჩანს ედმუნდ ბერკისა და შესაძლოა უფრო მეტად ისეთი გერმანელი ლინგვისტების და სამართალმცოდნეების გავლენით, როგორიცაა მაგალითად ფ.ჯ. ფონ სავინი, ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო გ. ს. მენე. სავინის შეხედულება რომელიც სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაციის წინააღმდეგ იყო ნამდვილად იმსახურებს რომ აქ სრულად წარმოვადგინოთ: “იმის მიღწევა, რომ კავშირის დამყარების შემდეგ თავისუფალმა აგენტებმა თანხმობაში ცხოვრება განაგრძონ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და არ ჩაერიონ სხვის საქმეებში, მხოლოდ იმ უხილავი საზღვრების აღიარებით შეიძლება, რომლის შიგნითაც ინდივიდის ცხოვრების და შემოქმედებისათვის გარკვეული თავისუფალი სივრცე იქნება უზრუნველყოფილი. ის წესები, რომელიც თითოეული ინდივიდის თავისუფლების ფარგლებს ადგენს, სამართლის სისტემას ქმნის” (Savigny, 1840).

საკუთრების სხვადასხვა ფორმები და ობიექტები და მათი სრულყოფა

საკუთრების ინსტიტუტის დღესდღეობით არსებული ფორმა არც თუ სრულყოფილია; ამასთან, ისიც კი ძნელი სათქმელია თუ რაში უნდა მდგომარეობდეს მისი სრულყოფა, იმისათვის, რომ ინდივიდუალიზირებული საკუთრების ინსტიტუტი რაც შეიძლება სასარგებლო გახდეს, კულტურისა და ზნეობის ევოლუციის შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მაგალითად, საკუთრების უფლების შელახვის აღსაკვეთად, კონკურენციის საყოველთაო გავრცელებაა საჭირო, ეს კი, თავის მხრივ მიკროწესრიგის ან მცირე ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გრძნობების შემდგომ შეკავებას მოითხოვს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. რამდენადაც ეს ინსტინქტური საკუთრების ინსტიტუტით – ხანდახან უფრო მეტად – კონკურენციითაც, – ეს აიძულებს ადამიანებს გაორკეცებული ძალით სურდეთ კონკურენციის გამომრიცხავი “სოლიდარობა”.

რადგანაც საკუთრების ინსტიტუტი ჩვეულებების პროდუქტია და სამართალი და კანონმდებლობა მხოლოდ და მხოლოდ ავითარებდა მას ათასწლეულების განმავლობაში, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ თანამედროვე სამყაროში მისი არსებობის კონკრეტული ფორმა საბოლოოდ ჩავთვალოთ. საკუთრების უფლებების ტრადიციული გაგება ამ ბოლო დროს იმ უფლებების ცვალებადი და საკმაოდ სათუთი ნაკრების სახით გაიაზრება, რომელთა ყველაზე ეფექტური კომბინაციები სხვადასხვა სფეროებისთვის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. სერ არნოლდ პლანტის მიერ დაწყებული, მაგრამ სამწუხაროდ დაუმთავრებელი თანამედროვე გამოკვლევები მისი ყოფილი მოწაფის რონალდ კოუზის (1937 და 1960) რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან სტატიაში იქნა გაგრძელებული და და სწორედ მათ უბიძგეს მძლავრი “საკუთრების უფლებების სკოლის” განვითარებისაკენ (Aleian, Becker, Cheung, Demset, Pejovich). ამ გამოკვლევების შედეგებმა, რომელსაც აქ არ შევეხებით საბაზრო წესრიგის საკანონმდებლო ჩარჩოს მომავალი დახვეწის ახალი შესაძლებლობები წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ ინდივიდუალიზირებული საკუთრების ინსტიტუტის აუცილებლობაში – ჩვენი უმეცრება ძალიან ღრმაა სხვადასხვა უფლებების ერთმანეთისგან განცალკევების ოპტიმალურ ფორმებთან დაკავშირებით და ამის საილუსტრაციოდ მინდა საკუთრების ერთი კონკრეტული ფორმის შესახებ რამდენიმე გარემოება აღვნიშნო.

სხვადასხვა რესურსებზე ინდივიდუალური კონტროლის განმსაზღვრელი წესების სისტემის თანდათანობით, ცდისა და შეცდომების მეთოდით შერჩევის გამო, ძალზე საინტერესო სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდით. სწორედ ეს ინტელექტუალები, რომლებიც პრინციპულად არჩევენ, ეჭვქვეშ დააყენონ ფიზიკურ ობიექტზე საკუთრების ისეთი ფორმები, რომლებიც წარმოების მატერიალური საშუალებების ეფექტური გამოყენების უცილობელ პირობას წარმოადგენს, – უსაგნო მფლობელობაზე უფლებების ხელშეუხებლობის ყველაზე ენერგიულ მომხრეებად გვევლინებიან, ანუ იმ უფლებების დამცველებად, რომელიც შედარებით ახლო წარსულში იქნა შემუშავებული და ძირითადად ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ტექნიკურ გამოგონებებს (საავტორო და საპატენტო უფლებებს) ეხება.

საკუთრების უფლების ამა თუ იმ ფორმა შორის განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: მატერიალური სიკეთის ფლობას იქამდე მივყავართ, რომ შეზღუდული რესურსების გამოყენება გაცილებით მნიშვნელოვანიი მიზნებისათვის ვიწყებთ, არამატერიალური სიკეთის, ვთქვათ ლიტერატურული ნაწარმოების, ან ტექნიკური გამოგონების შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ თვით ამ უკანასკნელთა შექმნის შესაძლებლობები შეზღუდულია, – თუკი ისინი ერთხელ შეიქმნება, მათი რეპტოდუქცია ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება. რეპროდუცირების შეზღუდვა შეუძლია მხოლოდ კანონს, რომელიც ასეთი იდეების წარმოქმნისათვის სტიმულების უზრუნველყოფას ცდილობს. ასეა თუ ისე, სულაც არ არის ნათელი, რომ ასე ხელოვნურად შექმნილი იშვიათობა შემოქმედებითი პროცესის სტიმულირების ყველაზე ეფექტური საშუალება იყოს. ეჭვი მეპარება თუნდაც ერთი ისეთი დიდი ლიტერატურული ნაწარმოები არსებობდეს, რომელიც არ შეიქმნებოდა, მის შემოქმედს მასზე საავტორო უფლებების მოპოვება, რომ არ შესძლებოდა. ვფიქრობ საავტორო უფლებების მხარდასაჭერი არგუმენტები მთლიანად ამოიწურება იმ გარემოებით, რომ ისეთი სასარგებლო შრომები, როგორიცაა ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სახელმძღვანელოები და სხვა მსგავსი ნამუშევრები ვერ შეიქმნებოდა თუკი მათი დაწერის შემდეგ მათი თავისუფლად წარმოება ნებადართული იქნებოდა.

სწორედ ასევე, უფლების პრობლემის მრავალჯერადი განხილვა არ ადასტურებს, რომ გამოგონებაზე პატენტის მიღების შესაძლებლობა მართლაც აძლიერებს ახალი ტექნიკური ცოდნის დინებას და არ მივყავართ კვლევების მფლანგველურ კონცენტრაციასთან იმ სფეროებში, რომელშიც პრობლემების გადაწყვეტა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი და რომელშიც კანონის შესაბამისად, ნებისმიერი ვინც წამით ადრე მიაგნებს გადაწყვეტას, ხანფრძლივი დროით მოიპოვებს განსაკუთრებულ უფლებას მის გამოყენებაზე (Machlup. 1962).

ორგანიზაციები, როგორც სპონტანური წესრიგის შემადგენელი ნაწილები

მე უკვე განვიხილე გონის პრეტენზიების და სპონტანური წესრიგის მოქმედებაში “რაციონალური” ჩარევის საშიშროება, მაგრამ მსურს რამდენიმე გაფრთხილება კიდევ დავამატო. ჩემი ძირითადი მიზნის მისაღწევად მე აუცილებლად უნდა გამესვა ხაზი თვითორგანიზებადი სტრუქტურების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ქცების წესების სპონტანური ევოლუციის მნიშვნელობისათვის. გაფართოებული წესრიგი, ანუ მაკროწესრიგის სპონტანურობაზე აქცენტმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მკითხველი, თუკი ამ უკანასკნელს ისეთი წარმოდგენა შეექმნება, თითქოს ცნობიერად შექმნილ და მართვად ორგანიზაციებს, მაკრო წესრიგში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.

სპონტანური მაკრო წესრიგის ელემენტებს, ინდივიდების და ცნობიერად მართვადი ორგანიზაციების ცალკეული მეურნეობები წარმოადგენს კერძო კანონმდებლობის განვითარება მართლაც მნიშვნელოვანწილად ისეთი ნებაყოფლობითი ასოციაციების შექმნის შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული, რომელთაც არ ექნებოდათ რაიმე სახის მაიძულებელი ძალაუფლება. თმცა კი სპონტანური წესრიგის გაფართოებასთან ერთად მისი შემადგენელი ერთეულების მასშტაბებიც იზრდება და მის შემადგენლობაში სულ უფრო მეტი ისეთი მეურნეობა შევა, რომელიც არა ერთ ინდივიდს, არამედ ფირმების, ასოციაციების ადმინისტრაციული ორგანოების კუთვნილებას წარმოადგენს. ქცევის ზოგიერთი წესი, რომელიც გამფართოებელი სპონტანური წესრიგის ჩამოყალიბების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ერთდროულად ცნობიერად მართებული, შედარებით მომცველი სისტემების შიგნით ფუნქიონირებას მორგებული ორგანიზაციების წარმოქმნასაც აადვილებს. თუმცა, ბევრი ასეთი სხვადასხვა ტიპის ცნობიერად მართული, ვრცელი ორგანიზაციის ადგილი უფრო მრავალისმომცველი სპონტანური წესრიგის ფარგლებშია – ისინი ვერ იმოქმედებდნენ ისეთი საერთო გაფართოებული წესრიგის შიგნით, რომელიც თვითონ იქნებოდა ცნობიერად შექმნილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა. ზემოთ ჩვენ ვახსენეთ სხვადასხვა სახის საკუთრებაზე უფლებების მზარდი დიფერენციაცია, როგორც ვერტიკალურ ისე ჰორიზონტალურ განზომილებაში, თუ ამ წიგნში ინდივიდუალიზირებული საკუთრების წესებზე ზოგჯერ ისე ვლაპარაკობთ თითქოს მათი შინაარსი ერთიანი და უცვლელი იყოს, ეს ერთგვარ გამარტივებად უნდა ჩავთვალოთ და აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული შენიშვნების გაუთვალისწინებულობის შემთხვევაში ამან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაშინ, როცა საქმე სპონტანური წესრიგის სახელმწიფოებრივი ჩარჩოს სრულყოფას ეხება, ჩვენ ნამდვილად გვაქვს უფლება ამ სფეროში უზარმაზარ წინსვლას მოველოდეთ, მაგრამ ახლა ამ საკითხზე დაწვრილებით ვერ შევჩერდებით.

ელექტრონული ფორმით მოამზადა ლევან შარმაიძემ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი. კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: